Sadhguru J34

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

სადჰგურუ სტუდენტებს პასუხობს კითხვაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ სიხარული და ბედნიერება გარეგანი ფაქტორების მიუხედავად (IIT კამპუსი, ჩენნაი, ინდოეთი).

სტუდენტი: საღამო მშვიდობის. მე ერთხელ თქვენს ლექციას მოვუსმინე, რომელიც სიხარულს და ბედნიერებას ეხებოდა. თქვენ თქვით, რომ სიხარული შენზეა დამოკიდებული, ხოლო ბედნიერება სხვებზე. მე ვცადე, რომ ეს ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ სიხარულის პატარ-პატარა მომენტების შენარჩუნება არ გამომივიდა. მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი სიხარულს, როდესაც რაიმეში მთელი არსებით ვიყავი ჩართული, მაგრამ როგორც კი გარეშე პირი, ან რაიმე გარეგანი ფაქტორი ხვდებოდა რასაც ვაკეთებდი, სიხარული მტოვებდა. გვითხარით, როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიხარულის ეს მომენტები და არ ჩავიძიროთ ბედნიერების სიამოვნებაში? თუ შეძლებთ... კარგი იქნება, თუ აქ დამსწრე საზოგადოებასაც ეტყვით - რა განსხვავებაა სიხარულსა და ბედნიერებას შორის.

სადჰგურუ: შეხედეთ, ახლა მე რომ გადაგიწყვიტოთ თქვენ... არა, მე კი არა, თქვენმა დეკანმა რომ გადაგიწყვიტოთ როგორი ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ ხვალიდან, ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება პროტესტი კოლეჯში. თუ თქვენი დეკანი იმდენად შორს წავა, რომ გეტყვით „დილაობით ყველამ მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ცალი იდლი (ინდური საკვები) უნდა ჭამოს“, ან „ყველანი დილის ხუთ საათზე უნდა ადგეთ“. დავუშვათ ასეთი კიდევ ათი წესი დაგიწესათ, ფიზიკური დავალებები, თქვენ ხომ იფიქრებთ, რომ მან გადაწყვიტა მონებად გაქციოთ და თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას დაიწყებთ, ასე არ არის? მაგრამ შეხედეთ თქვენს თავს. თქვენ რომ ვინმემ გადაგიწყვიტოთ რა უნდა მოხდეს თქვენს გარშემო, თავს მონებად იგრძნობთ, მაგრამ თუ ვინმე გადაგიწყვეტთ როგორ უნდა იყოთ შინაგანად, ეს მონობა არ არის? თუ სხვა ადამიანები გადაწყვეტენ თქვენ ბედნიერები იქნებით თუ უბედურები, ეს მონობა არ არის? თუ სხვამ უნდა გადაწყვიტოს თქვენ რამდენად გახარებულები ან გულდაწყვეტილები იქნებით, ეს მონობა არ არის?

როდესაც სხვა გიწყვეტთ რა უნდა მოხდეს თქვენში – ეს ხომ ყველაზე უარესი მონობაა? ასე არ არის? მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ასეა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნორმალურია. ეს არ არის ნორმალური. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ამას ნორმალურს არ ხდის. 100 პროცენტით არასდროს მოხდება ის რაც ჩვენ გვინდა და ეს სწორია; იმიტომ, რომ თუ ყველაფერი ისე მოხდება როგორც შენ გინდა, მე რა უნდა ვქნა? ძალიან მიხარია, რომ ეს ასე არ ხდება. ახლა მგონია, რომ.. თქვენ სტუდენტები ხართ არა? მე მგონი ახლა თქვენი ცხოვრების სამოც-სამოცდაათ პროცენტს აკონტროლებთ. როდესაც დაქორწინდებით, ეს პროცენტული მაჩვენებელი საპირისპიროდ შეიცვლება (იცინის). ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით რა და როგორ იქნება. შესაბამისად, თუ ცხოვრებაში ყველაფერი ასი პროცენტით ისე არ ხდება როგორც შენ გინდა, ესეიგი ასეა საჭირო. თუ რა თქმა უნდა რობოტებთან ერთად არ ცხოვრობ, და ეს რობოტებიც კი გვაგიჟებენ. ასე არ არის? მოწყობილობები ხომ ყოველ დღე გვიქმნიან პრობლემებს? რა თქმა უნდა.

ასე რომ, გარშემო ყველაფერი ასი პროცენტით ისე ვერ მოხდება როგორც შენ გინდა, და თუ შენი ბედნიერება ან სიხარული, ან, მოდი ნუ გამოვიყენებთ ამდენ სიტყვებს – საბოლოოდ ეს სიამოვნებებისა და უსიამოვნებების წინააღმდეგობაა. სიამოვნებებისთვის უამრავი სახელი გვაქვს, ჩვენ მას ვეძახით მშვიდობას, ან ბედნიერებას, ან სიხარულს, ან წყალობას, ან აღტკინებას.

უსიამოვნებებისთვისაც ბევრი სახელი გვაქვს – სტრესი, აღელვება, შიში, დაძაბულობა, სიგიჟე, და ა.შ. სიამოვნება უსიამოვნების წინააღმდეგ – შენი სიამოვნება იმაზეა დამოკიდებული თუ რა ხდება შენს გარშემო, იმის შანსი, რომ ყოველთვის ნასიამოვნები დარჩე მწირია, ასე არ არის? ეს ბუნებრივია. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ რაღაცებს შორის დისტანციის დაჭერას შეძლებ. როდესაც რამე ისე არ გამოვა ადამიანებს ასეთი ჩვევა აქვთ – ისინი მაღლა იხედებიან, უპერვალა (ინდური სიტყვა). ასე არ არის? მთელი სამყარო მაღლა იყურება. თქვენ ხომ იცით, რომ პლანეტა მრგვალია? ეს იცით ხომ? კარგია (იცინის). პლანეტა მრგვალია და თქვენ ჩრდილოეთ პოლუსზე არ სხედხართ, ჩენაიში ხართ, აქ ტროპიკული კლიმატია და ეს წყეული პლანეტა ტრიალებს. ასე რომ ზევით ყურება ყოველთვის არასწორი მიმართულებაა. ასე არ არის? შეიძლება, რომელიღაც მომენტში, გრინვიჩის დროით, ნულ საათზე აიხედოთ მაღლა და შემთხვევით გაარტყათ სამოთხეს (იცინის). ასე არ არის? მითხარით, ამ სამყაროში არის ვინმე ვინც ზუსტად იცის რომელია მაღლა და რომელი დაბლა? იცის ვინმემ? სადმე დგას ნიშანი წარწერით „ეს მიმართულება არის ზევით“? არავინ იცის რომელია მაღლა და რომელი დაბლა, ეს ხომ უბრალოდ ვარაუდია? თქვენ მართლა იცით რომელია ჩრდილოეთი და რომელი სამხრეთი? რეალურად იცით რა არის ჩრდილოეთი და სამხრეთი? ეს ხომ მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ მოვიგონეთ? კი თუ არა? იცით რა არის აღმოსავლეთი და დასავლეთი? არ იცით. იცით რა არის წინ და უკან? არ იცით. თქვენ არაფერი იცით.

მხოლოდ ერთი რამაა რაშიც შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ – რა არის შიგნით და რა – გარეთ; მხოლოდ ეს იცით ზუსტად, არა? ეს არის შიგნით და ეს არის გარეთ – მხოლოდ ეს ერთადერთი პრივილეგია გაქვთ. რა არის გარეთ და რა შიგნით, მხოლოდ ეს იცით. და თუკი ერთ დღესაც გასხივოსნდებით ამასაც დაკარგავთ. დიახ. მე სწორედ ასე დამემართა – ახლა აღარ ვიცი რომელია შიგნით და რომელი გარეთ, რომელი ვარ მე და რომელი არ ვარ მე, სწორედ ამიტომ ვარ მთელს სამყაროში, რადგან მე უკვე აღარ ვიცი ეს ვარ მე, თუ ის ვარ მე. მაგრამ ახლა, თქვენ ამბობთ „მე ვიცი რა არის შიგნით და რა გარეთ“, მოდით უფრო ვრცლად განვიხილოთ ეს.

ახლა ხომ ყველანი მხედავთ? მხედავთ? შეგიძლიათ თითით მანიშნოთ სად ვარ? მიდით გამოიშვირეთ ხელი. ხომ ნამდვილად მხედავთ? არა, შეგეშალათ. ხომ იცით რომ მე მისტიკოსი ვარ? საერთოდ ვერ გამოიცანით. ეს სინათლე, რომელიც მე მეცემა, თქვენი ლინზების გავლით ამოტრიალებულ სურათს ირეკლავს თქვენს რეტინაში – ხომ იცით არა? სად მხედავთ ახლა? თქვენს შიგნით. სად გესმით ახლა ჩემი ხმა? თქვენს შიგნით. სად გინახავთ მთელი სამყარო? თქვენს შიგნით. განგიცდიათ რამე თქვენი თავის გარეთ? ყველაფერი, რაც თქვენ ოდესმე გადაგხდენიათ – სიბნელე და სინათლე, ტკივილი და სიამოვნება, სიხარული და უბედურება, თქვენს შიგნით ხდება. განგიცდიათ რამე თქვენს გარეთ? არა. ამიტომ გეკითხებით მე თქვენ – ვინ საზღვრავს იმას, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს თქვენში? რაც თქვენში ხდება, ვინ წყვეტს როგორ უნდა მოხდეს ეს? ვიღაც სხვა, თუ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა და როგორ უნდა მოხდეს თქვენს შიგნით? ასე რომ თუ თქვენ წყვეტთ რა ხდება თქვენს შიგნით, მთელ თქვენს ცხოვრებას თქვენ გადაწყვეტთ და არავინ სხვა, ასე არ არის?

შენ ვერ გადაწყვეტ მოვლენებს შენს გარშემო, მაგრამ შეგიძლია ასი პროცენტით გააკონტროლო თუ როგორ განიცდი ამ სამყაროს, თუ ამის გაკეთებას შენს თავზე აიღებ. ხოლო თუკი ამ ყველაფერს თავის ნებაზე მიუშვებ, სხვები გადაგიწყვეტენ ყველაფერს. ასე მოიქცევიან – გაუცნობიერებლად, რადგან ისინიც შენნაირები არიან.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...