ეგრეგორების კლასიფიკაცია

ეგრეგორები და სისტემები შეგვიძლია რამდენიმე კუთხით დავყოთ. მასშტაბურობის და სიდიდის მიხედვით თუ დავყოფთ, მივიღებთ დაახლოებით ასეთ იერარქიას:

1. ჩვენი სამყაროს (ქმნილების) ეგრეგორი;

 2. მეგა-გალაქტიკური ეგრეგორები;

 3. ჩვენი გალაქტიკის ეგრეგორი;

 4. მზის სისტემის ეგრეგორი;

 5. დედამიწის ეგრეგორი;

 ჩვენთვის რთულია დედამიწაზე, და მითუმეტეს მზის სისტემაზე დიდი ეგრეგორების (ზე-სისტემების) რეალური აღქმა და გააზრება, ამიტომ შევჩერდეთ კონკრეტულად დედამიწის ეგრეგორებზე. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ჩვენთვის უშუალო და რეალურ ზე-სისტემას დედამიწის ეგრეგორის შემდეგ მზის სისტემის ეგრეგორი წარმოადგენს და ჩვენი გალაქტიკის სხვა სისტემებთან, და მითუმეტეს სხვა გალაქტიკებთან ადამიანის პირდაპირი კავშირების განხილვა აზრს მოკლებულია. არსებები, რომლებიც თავს სხვა გალაქტიკების წარმომადგენლებად აცხადებენ, როგორც წესი ჩვენივე მზის სისტემის ან შესაძლოა დედამიწის სხვა სიმკვრივეების და განზომილებების წარმომადგენლები არიან (მათ მოგვიანებით განვიხილავთ), და უმეტესად პარაზიტულ ეეგრეგორებს წარმოადგენენ. მაგრამ აქვე ავღნიშნავ, რომ ეს მხოლოდ გარკვეულ არგუმენტებზე დაყრდნობილი მოსაზრებაა და ზე-სისტემის ფარგლებში რაიმეს დაზუსტებით მტკიცება შეუძლებელია. ამიტომაც დავუბრუნდეთ დედამიწის ეგრეგორებს. სიდიდის მიხედვით აქ ეგრეგორთა იერარქია დაახლოებით ასე ლაგდება:

 6. კაცობრიობის ეგრეგორი;

 7. ქრისტეს იმპულსის ეგრეგორი და მისგან ნაწარმოებ რელიგიათა ეგრეგორები (მათ მიეკუთვნება ისლამისტური ეგრეგორებიც);

 8. ბუდას იმპულსის ეგრეგორი და მისგან ნაწარმოებ რელიგიათა ეგრეგორები;

 9. ინდუიზმი და მასთან დაკავშირებული ეგრეგორები;

 10. იუდაიზმი და მასთან დაკავშირებული ეგრეგორები, მათ შორის კაბალა;

 11. მსოფლიოს ერთიანი პოლიტიკური ეგრეგორი (მასში შედის ფინანსური ეგრეგორი);

 12. მეცნიერება (კაცობრიობის ერთიანი მეცნიერული სისტემა) თავისი კონკრეტული მინი-ეგრეგორული მიმართულებებით;

 13. ინტერნეტი, რომელიც ძალიან დიდი ეგრეგორია, მაგრამ ჯერ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელ ეგრეგორად, და ამისკენ მიდის;

14. მასმედია, შოუ-ბიზნესი და კინო-ინდუსტრია და სპორტი (რომლებიც პოლიტიკური და ფინანსური ეგრეგორის კონტროლის ქვეშ არიან);

 15. საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მეცნიერული ეგრეგორისგან ნაწარმოები, მაგრამ პოლიტიკური ეგრეგორის დაქვემდებარებაში მყოფი მინი-ეგრეგორი);

 16. სხვადასხვა ახალი და ძველი ეზოთერული მიმართულების ეგრეგორები (მათ შორის ასტროლოგია, ტაროლოგია, ფენ-შუი, რეიკი, ვიკანიზმი, სხვადასხვა მაგიური ეგრეგორები, კასტანედას, გურჯიევის, შტაინერის, ოშოს ეგრეგორები, New-Age-ს სხვადასხვა ახალი მიმართულებები და ა.შ.); ესენი ე.წ. შუალედური ეგრეგორებია, რადგან წარმოებულია სხვადასხვა ეგრეგორთა სინთეზის, ტრანსფორმაციის და თანამედროვეობასთან ადაპტირების შედეგად. ზოგიერთი მათგანი მომაკვდავია, ზოგი - პარაზიტულად გარდაიქმნა (ან ამისკენ მიდის) ზოგი კი - ჯანსაღია და სისტემურობისკენ მიდის);

 17. ნაციონალური ეგრეგორები (აქ შეიძლება იყოს მინი- და მიკრო-ეგრეგორებიც, ქვეყნის სიდიდის და მსოფლიო პოლიტიკაში გავლენის მიხედვით);

 18. სხვადასხვა კომპანიები, კორპორაციები, ფინანსური პირამიდები და გაერთიანებები - როგორც მინი- ან მიკრო-ეგრეგორები. მათ რიცხვში შედის კაზინოების და ტოტალიზატორების ეგრეგორებიც (სათამაშო ბიზნესი);

 19. სხვადასხვა სექტები, ორდენები ან კონკრეტული რელიგიური ეგრეგორებისგან ნაწარმოები მიკრო-ეგრეგორები (მაგალითად, მმკ (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი)); ასევე სხვადასხვა მიზან-ჯგუფები და ინტერეს-ჯგუფები (კატების მოყვარულთა კლუბი, ძაღლების მოყვარულთა კლუბი, ადანიანთა უფლებების დამცველთა სხვადასხვა ჯგუფები, ქალთა უფლებების დამცველთა ორგანიზაცია და ა.შ);

 20. მომაკვდავი და უკვე გარდაცვლილი ეგრეგორები (ზევსის, ოსირისის, დიონისეს, არმაზის კულტები; პატარა ტომებში შემორჩენილი პირველყოფილი ეგრეგორები და უძველესი სისტემები, რომლებსაც სულ რამდენიმე მიმდევარი ყავს;

 21. ილუზორული ეგრეგორები, რომლებიც რეალურად არსად მიდიან, მაგრამ მაინც არსებობენ გაერთიანებების და ინტერეს-ჯგუფების ხარჯზე, მაგალითად, ვარსკვლავური ომებიდან გადმოტანილი „ჯედაების რელიგია“, რომელსაც 200 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, „პასტაფარიანიზმის“ (მფრინავი სპაგეტის მონსტრის) ეკლესია და ა.შ.

 

ეგრეგორების თვისობრივი დაყოფა შეგვიძლია სამ მთავარ ჯგუფად:

1. სისტემური ეგრეგორები:

ეგრეგორები, რომლებიც სამყაროს საერთო ეგრეგორს ექვემდებარებიან და რეზონანსში მოდიან მის კანონებთან. ქრისტეს იმპულსი დედამიწაზე სწორედ ამ კანონის შემოტანის მცდელობა იყო. ჩვენთვის უახლოესი მსგავსი ეგრეგორებია დედამიწის ეგრეგორი და მზის სისტემის ეგრეგორი (ასევე მზის სისტემაში შემავალი სხვა დიდი პლანეტარული ეგრეგორების ნაწილი, რომლებსაც ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ); ამ ეგრეგორებისთვის დამახასიათებელია ის, რომ მიღების და გაცემის ბალანსი მთლიანობაში ტოლფასია, ექემდებარებიან სამყაროს იერარქიულობის პრინციპს; აქცენტი აქვთ გაცემაზე (ალტრუიზმზე); ქადაგებენ სიყვარულს, გაერთიანებას, გამთლიანებას, ცნობიერების ამაღლებას, და თვითონვე წარმოადგენენ ამის მაგალითს; არ აქვთ აქცენტი ძალაუფლების მოპოვებაზე და განმტკიცებაზე (გარდა იმ ეგრეგორებისა, რომლებიც საერთო სისტემაში „უსაფრთხოების გარანტორის“ ფუნქციას ასრულებენ (მაგალითად, როგორც იმუნური სისტემა ადამიანის ორგანიზმში);

2. პარაზიტული ეგრეგორები:

ეგრეგორები, რომლებმაც ევოლუციის საერთო გზას გადაუხვიეს და სამყაროს, მზის სისტემის და დედამიწის ჰარმონიული სისტემის წინააღმდეგ მიდიან. ასევე ის ეგრეგორები, რომლებიც თავიდანვე პარაზიტული და დესტრუქციული მიზნებით შეიქმნენ. ამ ეგრეგორებისთვის დამახასიათებელია ის, რომ იღებენ მეტს, ვიდრე გასცემენ (და თუ გასცემენ, მხოლოდ იმისთვი, რომ მეტი მიიღონ, ეს დაახლოებით ბანკის კრედიტს ჰგავს), აქვთ მიდრეკილება საერთო სისტემისგან იზოლაციისკენ, არიან დესტრუქციულები, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შესაძლოა ქადაგებდნენ სიყვარულს და კაცთმოყვარეობას; მათთვის პირადი ეგრეგორული ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისტემის საერთო ინტერესები. აქცენტი აქვთ ძალაუფლების მოპოვებაზე და გაზრდაზე; ნაკლებად აღიქვამენ სხვა სისტემებთან და ეგრეგორებთან კავშირებს და დედამიწის (და მითუმეტეს სამყაროს) მთლიანობას; ისინი შეგვიძლია შევადაროთ კიბოს ქსოვილს, რომელიც ორგანიზმის საერთო სისტემის წინააღმდეგ წავიდა და პათოლოგიურად მრავლდება; მიჰყვებიან „ძალის გზას“ და არა „სიყვარულის გზას“ (აქ სიყვარულში ამ ცნების ადამიანური გაგება არ იგულისხმება);

3. სისტემურ-პარაზიტული ეგრეგორები;

თავად სახელი გვაჩვენებს, რომ ეს ეგრეგორები ორივე ზემოთჩამოთვლილი ეგრეგორის თვისებებს მოიცავენ, მაგრამ აქ უნდა დავაკონკრეტოთ: არიან ეგრეგორები, რომლებიც ამჟამად თავიანთი ბუნებით მეტ-ნაკლებად პარაზიტულნი არიან, მაგრამ ევოლუციას განიცდიან და მათში სისტემურობის დონე იმატებს. ასეთია თავად კაცობრიობის ეგრეგორი, რომლის ქმედებებიც დედამიწის ეგრეგორთან მიმართებაში დღეისათვის პარაზიტულია, მაგრამ გარკვეული მექანიზმების შედეგად კაცობრიობას აქვს შანსი, რომ იქცეს სისტემურ ეგრეგორად, ან როგორც მინიმუმ გაზარდოს სისტემურობის წილი.

ასევე არიან ეგრეგორები, რომლებიც ადრე სისტემურნი იყვნენ, რადგან დროისა და გარემოების შესაბამის ფუნქციას ასრულებდნენ, შემდეგ კი ნაცვლად იმისა, რომ „გარდაცვლილიყვნენ“, ტრანსფორმაცია განეცადათ და შერწყმოდნენ სხვა უფრო დიდ სისტემურ ეგრეგორს, წავიდნენ ძალაუფლების შენარჩუნების გზით და გახდნენ პარაზიტულები. ასეთი ეგრეგორების გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია იმ პარაზიტული ეგრეგორების „გამოსწორებაც“, რომლებიც თავიდანვე დესტრუქციული მოტივებით შეიქმნენ („ლურჯი ვეშაპი“, „ვაჰაბიზმი“, ფინანსური პირამიდები).

სამწუხაროდ დღეისათვის დედამიწის-შიგა ეგრეგორების დიდი უმრავლესობა პარაზიტული ან სისტემურ-პარაზიტულია. ამიტომაცაა შექმნილი წარმოდგენა, რომ ზოგადად სისტემა და ეგრეგორი „ცუდია“ და „ჩარჩოა“ ადამიანისთვის. რეალურად კი, ადამიანი ეგრეგორებისგან (სისტემებისგან) დამოუკიდებლად ვერ იარსებებს და ვერ განვითარდება. აქ მხოლოდ ის არჩევანია გასაკეთებელი, რომელ ეგრეგორებს დაუკავშირებს საკუთარ ბედს: სისტემურთან უფრო ახლოს მყოფს, თუ პარაზიტულთან უფრო ახლოს მყოფს.

ასევე უნდა გავაკეთოთ ეგრეგორების კლასიფიკაცია იმპულსის მიმართულების მიხედვით:

1. დაღმავალი (ჩამომავალი) იმპულსის ეგრეგორები, მაგალითად ქრისტეს იმპულსის ეგრეგორი, ბუდას იმპულსის ეგრეგორი, სხვადასხვა ეზოთერული და „ასტრალური“ ეგრეგორები; ამ ეგრეგორებისთვის დამახასიათებელია იმპულსის შემოსვლა ზე-სისტემიდან ან პარალელური სისტემებიდან (განზომილებებიდან) ჩვენს სისტემაში, განდობები, ხელდასმები და ა.შ. ამ დროს სისტემა შედარებით პასიურია და გარკვეული ქმედებების, რიტუალების ან მსახურების სანაცვლოდ ელოდება „მადლს“, ძალას ან განდობას ზემოდან;

2. აღმავალი იმპულსის ეგრეგორები, მაგალითად მეცნიერება, სხვადასხვა მთვარის კულტები, ვიკანიზმი და ა.შ. ამ ეგრეგორებისთვის დამახასიათებელია ევოლუცია ქემოდან ზემოთ - ევოლუციის გზით, პრინციპით - „მე თვითონ“, „ჩემი გზით და მეთოდით“; ამ დროს სისტემა შედარებით აქტიურია და არ ელოდება „მადლს“ ზემოდან, არამედ თვითონ მიიწევს ზესისტემისკენ რისკის და შეცდომების ფასად.

ამ ორივე ტიპის ეგრეგორში შეიძლება ვხვდებოდეთ როგორც სისტემურ, ასევე პარაზიტულ ეგრეგორებს (უმეტესად კი სისტემურ-პარაზიტულ ეგრეგორებს). უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის ეგრეგორი დღეისათვის მთლიანობაში მეორე ტიპს განეკუთვნება (კაცობრიობის განვითარების კონკრეტული ფაზიდან გამომდინარე).

ეგრეგორები, რომლებშიც მიმართულების იმპულსი გაჩერებულია (არც დაღმავალია და არც აღმავალი) და რომლებშიც იმპულსი მხოლოდ ეგრეგორის შიგნით ტრიალებს - კვდომისთვის არიან განწირულნი; ასეთებს მიეკუთვნებიან ის ძველი სწავლებები, რომლებიც რეალურად აღარ ვითარდებიან და მხოლოდ ზედაპურულ (კოსმეტიკურ) ცვლილებებს განიცდიან. ასეთი ტიპის ეგრეგორები ზოგჯერ მიდრეკილებას განიცდიან გაერთიანებისკენ, რადგანაც ეს მათ სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ეგრეგორის მრევლში განვითარების და მრავალფეროვნების ილუზიას ქმნის. ესენი არიან ე.წ. გვამური ეგრეგორები, რომლებიც რეალურად ღრმა კომაში არიან და მრევლის სიმრავლისა და რწმენის ხარჯზე სუნთქავენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემები მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ეგრეგორის წევრთა ენერგიის ხარჯზე. მათი ერთადერთი შანსი თანამედროვე ცოცხალ ეგრეგორებთან (თუნდაც პარაზიტულთან) ფუნქციური შერწყმა და გარკვეული სახის ტრანსფორმაციაა (რისი ტენდენციებიც უკვე შეინიშნება).

განვიხილოთ დედამიწის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ეგრეგორები.