ezoteria

ავტორი: მამუკა გურული

ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მომაკვდავს ჰგავს. იგი ან ფორმას იცვლის და ახალი სახით მოგვევლინება, ან საბოლოოდ მოკვდება. გეტყვით, რატომაც...

ეზოთერიის თანამედროვე ალტერნატივა მეცნიერებაა. მეცნიერების განვითარების გზა დამყარებულია ექსპერიმენტზე, კვლევებზე, სტატისტიკაზე, ჯანსაღ კამათსა და იდეათა შორის ბრძოლაზე. იმარჯვებენ ერთი იდეები (თეორიები), და კვდებიან მეორენი.

ახლა რა ხდება თანამედროვე ეზოთერიაში:

1. თანამედროვე ეზოთერია დაემსგავსა სასაფლაოს, სადაც უამრავი გარდაცვლილი იდეის (თეორიის) აჩრდილი დაჰქრის თავიანთი საფლავების თავზე.

2. თანამედროვე ეზოთერიაში მიუღებლად და არაეთიკურად ითვლება, რომ ვინმეს რაიმე იდეაში ან რწმენაში შეეკამათო. ამიტომაც უამრავი მიმართულება და ქვე-მიმართულება არსებობს, რომლებიც ხშირად ერთმანეთს გამორიცხავენ, მაგრამ ხალხსაც და ხშრად ეზოთერიკოსებსაც ხშირად ერთდროულად სჯერათ მათი. არადა, როგორც პირველ პუნქტში ავღნიშნე, ისინი მხოლოდ აჩრდილებია...

3. არ ხდება მთავარი ეზოთერული პოსტულატის გათვალისწინება: როცა რაღაც სისტემა პრაქტიკაში მუშაობს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სისტემა ჭეშმარიტია, ან სწორ პრინციპებზეა აგებული. ამ პრინციპებს ფარდას ხდის ეგრეგორების შესახებ ცოდნა.

4. ეზოთერული სისტემების დიდი ნაწილი მხოლოდ მრევლის ხარჯზე "ცოცხლობს" და რეალურად გამოცლილი აქვს "ცოცხალი გული".

5. ეზოთერიის დიდი ნაწილი რელიგიებისგან იღებს საზრდოს (არადა ადრე პირიქით იყო). რელიგიური ეგრეგორების ენერგიით იკვებება და მათ სიხშირეზე მუშაობს, ხშირად იმით, რომ პირიქით, ლანძღავს და აშავებს მას, სინამდვილეში კი ისინი დაახლოებით ერთი სიხშირის არიან და უერთმანეთოდ ვეღარც გაძლებენ დიდხანს.

თუ შევადარებთ თანამედროვე ეზოთერიას და თანაამედროვე მეცნიერებას, პირველი იქნება მომაკვდავი მოხუცი - ხანდაზმული, გამოცდილი, მაგრამ სიცოცხლისგან თითქმის დაცლილი, ხოლო მეორე იქნება თინეიჯერი ბავშვი - თავქარიანი, ჯერ არ-დაბრძენებული და ხშირად შეცდომების დამშვები (იხ. მეცნიერების მიერ ეკოსისტემის დაბინძურება)..

საუკეთესო გამოსავალია - მოხუცმა დაუჯეროს ბავშვს, და არა პირიქით, თუ უნდა, რომ სასიცოცხლო ძალები დაიბრუნოს. მეცნიერებას გააჩნია თავისი გზა, რომელიც ერთი შეხედვით დამიწებული და მატერიალისტურია, მაგრამ ძალიან სწორი და ჯანსაღი ბაზა აქვს და ამ ბაზით მიემართება "სულიერებისკენ", რომელსაც საკმაოდ მიუახლოვდა კიდეც (ამის მაგალითია კვანტური ფიზიკა).

მომავალი მეცნიერებისაა, ამიტომ თუ რეალური ცოდნა გინდათ, პირველ რიგში ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის წიგნები იკითხეთ, და არა "სოლომონის ბეჭდები". არაწიგნიერი ცოდნა კი საკუთარ თავში ეძიეთ... არ ვამბობ, რომ ძველი ეზოთერული ცოდნა უსარგებლოა, საქმე პრიორიტეტში და ამოსავალ წერტილებშია...