teza

ავტორი: მამუკა გურული

"ჩვენი შინაგანი რწმენა ქმნის ჩვენს გარშემო რეალობას, და რეალობა კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს რწმენას. გამოსავალი ამ ჩაკეტილი წრიდან - ტოტალური მინდობაა."

განმარტება: მოვიყვან ციტატას ბჰაგავად-გიტადან (7, 21-22):

"მე ყველას გულში ვიმყოფები ზესულის სახით. როგორც კი ვინმე მოისურვებს გარკვეული ნახევარღმერთის თაყვანისცემას, მე ვუმტკიცებ რწმენას, რათა ამ ღვთაებას მიუძღვნას თავი.

ასეთი რწმენით დაჯილდოებული, იგი ცდილობს თაყვანი სცეს გარკვეულ ნახევარღმერთს და აისრულოს სურვილები. მაგრამ სინამდვილეში ამ შედეგს ვიძლევი მხოლოდ მე."

ამ ტექსტში ჩანს, რომ ყველანაირი სურვილის შემსრულებელი სინამდვილეში ერთიანი ღმერთია (ამ შემთხვევაში მისი ის ასპექტი, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების "გულში" იმყოფება).

და ასევე კარგად ჩანს, რომ თუ ადამიანი ცდილობს გამყარდეს რწმენაში რომელიმე "ღვთაებრივი" (ან თუნდაც "დემონური") არსების მიმართ, რომელიმე ფილოსოფიის ან იდეის მიმართ, მისი ზესული უდასტურებს და უმტკიცებს მას ამ რწმენას, რადგანაც რწმენა კონკრეტულისადმი - ის საყრდენია, რომელიც რაღაც ეტაპამდე ყველასთვის გარდაუვალი მოცემულობაა (რწმენაში აქ იგულისხმება პარადიგმა, "სამყაროს აღწერის" კონკრეტული მეთოდი,როგორც კასტანედა ამბობს, და არა რწმენა - როგორც მინდობა).

რისი ხილვაც სურს მხედველს, სწორედ იმას ხედავს. რისი დამტკიცებაც სურს, სწორედ იმას ამტკიცებს.

თუ აქვს რწმენა, რომ "ღმერთი არ არსებობს", ან "ღმერთი არსებობს" სამყარო დაუმტკიცებს ამას...

თუ აქვს რწმენა, რომ სამყარო უსამართლოა, სამყარო დაუმტკიცებს ამას...

თუ აქვს რწმენა, რომ ყველაფერი მშვენიერია და ღვთაებრივია, სამყარო დაუმტკიცებს ამას...

თუ აქვს რწმენა, რომ ნამდვილი ჭეშმარიტება მხოლოდ ქრისტეშია, ან მხოლოდ ბუდაშია, ან მხოლოდ ალაჰშია, ან მხოლოდ კრიშნაშია - სამყარო ამასაც დაუმტკიცებს...

თუ აქვს რწმენა, რომ ყველა და ყველაფერი ერთიანი ღმერთის სხვადასხვა ფორმებია - სამყარო ამასაც დაუმტკიცებს...

და ძალიან ძნელია, პრაქტიკულაც შეუძლებელიც, რომ არ გქონდეს რაიმე სახის რწმენა და სამყაროს "სინგულარობის წერტილიდან" ახალშობილი ბავშვის თვალით შეხედო, ყოველგვარი რწმენის გარეშე - სრული მინდობით იმისადმი, რომელიც ყველა სახელის, ყველა ფორმის, ყველა მიზეზის პირვანდელი წყაროა, და რომელიც ყველას შეუძლია, რომ ყველაზე ახლოს - თავისივე გულში იპოვნოს...

რა გინდათ, რომ დაგიმტკიცოთ სამყარომ? აირჩიეთ საკუთარი რწმენა... ან აირჩიეთ ყველაზე უმაღლესი სურვილი სურვილთა შორის - ნამდვილი რეალობის ხედვა, ისეთის, როგორიც იგი სინამდვილეშია და ჩვენს რწმენაზე არაა დამოკიდებული... ესაა სურვილი - გახვიდეთ ყოველი რწმენის მიღმა, და მიენდოთ...

ამ საკითხის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ ტექსტი: მოფიქრალი და მამტკიცებელი