svarupa

ავტორი: მამუკა გურული

მეგობრებო, მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე, რაც დღევანდელ ეზოთერიაში პრობლემატურია და ხშირად შეცდომების მიზეზი ხდება.

ხშირად გსმენიათ ალბათ ფრაზები: "შენ ხარ წმინდა ცნობიერება", "შენ ხარ არა-გონება", "გასცდი ფორმებს", "შენ ყოველ ფორმათა წყარო ხარ", "შენ ღმერთი ხარ" და ა.შ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რეალობაა, თანაც ძალიან მაღალი რეალობა, და ამ რეალობის რაღაც ნაპერწკალი ახლავე შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენში და ეს აუცილებელიცაა, მაგრამ გვავიწყდება, რომ რეალობი ამ დონემდე გასავლელია სხვა დონეები, ე.წ. ფორმათა დონეები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპზე კაცობრიობის 99,9999%-ზე მეტი საკუთარი დაბალი "მე"-ს (პიროვნების) ტყვეობაში იმყოფება და არ აქვს მოპოვებული თავისი ნამდვილი "მე". ესაა ის სულიერი ფორმა, რომელიც განსხვავებით მატერიალური ფორმისგან უკვდავია (ვერ ვიტყოდი რომ მარადიული). სანსკრიტზე მას "სვარუპას" უწოდებენ. ესაა ის ინდივიდუალობა, რომელიც ცხოვრებათა მანძილზე იწრთობა და მხოლოდ მისი ფორმის საბოლოო ჩამო-ყალიბების შემდეგ შეგვიძლია ვუწოდოთ სულს (უფრო სწორად სამშვინველს) განთავისუფლებული.

იმისთვის, რომ ფორმებს მიღმა გავიდეთ და "დაოს შევერწყათ", ჯერ უნდა მოვიპივოთ ჩვენი ნამდვილი ფორმა "სვარუპა", ეს კი ძალიან რთული, შრომატევადი, ხშირად, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე, მტკივნეული და ფრიად არაკომფორტული პროცესია გრძობებისთვის და დაბალი მე-სთვის. ამიტომ ჩვენი გონება საბაბად იყენებს ზემოთმოყვანილ კონცეფციას, სოციუმის დინებას მიჰყვება, "ზომიერების" კომფორტულ ჩარჩოებს არ გადადის და შინაგანად, გონებაში ყველაფერი "სინგულარობის წერტილამდე", ანუ სიცარიელემდე დაჰყავს.

სინამდვილეში საკუთარი "სვარუპათი", ანუ საკუთარი ნამდვილი ბუნებით მოქმედება ბედნიერების მომტანია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საწყის მტკივნეულ ეტაპს გადავლახავთ. მაგრამ იმას, თუ რა არის თქვენი ნამდვილი ბუნება, სხვა ვერავინ გეტყვით, ვერც ასტროლოგიურ რუკაში ამოიკითხავთ და ვერც ე.წ. "გურუ" გაგიმხელთ. თქვენი ნამდვილი ფორმა მხოლოდ "გულის გზაზე" სიარულით მოიპოვება და მისი აწყობა ნამცეც-ნამცეც ხდება, საკუთარი პასუხისმგებლობისა და რისკის ფასად.

ეს იდეაც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, უბრალოდ გონების ორგაზმული კონცეფცია არ უნდა გახდეს და ქმედითი იმპულსი უნდა იყოს საკუთარი თავის შემეცნებისთვის. ძენის ოსტატები ბამბუკს რომ ურტყამენ თავში მოსწავლეებს, ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ზედმეტი და უსარგებლო კონცეფციები გადააყრევინონ გონებიდან, და არა იმისთვის, რომ აზროვნება აუკრძალონ.

იმისთვის, რომ ყველა ფორმას გავცდეთ, ჯერ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ნამდვილი ფორმა, როგორც იარაღი ერთი მთელის (ღმერთის) ხელში - საკუთარი ბუნებრივი ფუნქციის აღსასრულებლად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ფუნქცია უკვე "დაგვიდგინეს ზემოდან" და მას ვერ შევცვლით, და არცაა საჭირო მისი შეცვლა, რადგან მისი შესრულებით ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვხდებით ამქვეყნად. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ვერ ვპოულობთ (ვერ მოვიპოვებთ) ჩვენში ამ ფორმას და ვერ ვახდენთ მის რეალიზაციას.

ყველა ჯანსაღი იდეა და ყველა კონცეფცია მართალია, ოღონდ თავის დონეზე და თავის ადგილზე. თუ სწორად დავინახავთ სად ვართ, მაშინ მეტი შანსი გვექნება მივიდეთ იქ, სადაც გვსურს. ჩვენი მოტივაციების უმეტესობაც კი თავსმოხვეულია და არაბუნებრივია, ან უბრალოდ დაბალი "მე"-თია ნაკარნახევი. რაც ბავშობაში გვსურდა (როგორც ცხოვრების მთავარი მიზანი), როგორც წესი, დღეს აღარ გვსურს. და ნუთუ დიდად გავიზარდეთ?

MAGMA-ს უპირველესი და მთავარი მიზანი სწორედ ესაა, რომ დაგვეხმაროს ჩვენი ნამდვილი ფორმის გამოჭედვაში. და ჯგუფის ყოველმა წევრმა ეს დამოუკიდებლად, საკუთარი ძალისხმევებით უნდა აკეთოს. მე მხოლოდ შემიძლია მოგაწოდოთ მასალები (ხშირად ურთიერთ-საწინააღმდეგოც კი) და მოგცეთ გარკვეული მოტივაცია (ტემპერატურა). საკუთარი "სვარუპა" თავადაც არ მაქვს ბოლომდე ნაპოვნი და ჩამოყალიბებული, და შესაბამისად თქვენც ვერ გეტყვით თქვენსას. ეს თავად უნდა გააკეთოთ. იყავით პირველ რიგში საკუთარი ნამდვილი "მე"-ს (და არა გონების) იმედზე და აქტიურად შეიცანით საკუთარი თავი. დრო არც ისე ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ წინ მთელი მარადისობაა...