barfly

(ფოტოზე: კადრი ფილმიდან Barfly)

ხშირად გინახავთ ალბათ ჰოლივუდურ ფილმებში ასეთი სიუჟეტი: გარკვეულ ადამიანებს, ქალაქს, სახელმწიფოს, მთელ დედამიწას, ან სულაც - მთელ სამყაროს განადგურება ემუქრება, და ერთადერთი ხსნა და იმედი სწორედ იმ გმირში, ან გმირთა ჯგუფშია, რომლებზეც ვერავინ წარმოიდგენს, რომ მათგან გმირი კი არა, ნორმალური ადამიანი მაინც დადგება. და ფილმებში ხატავენ ხოლმე "პოხუისტი"ადამიანის სახეს, რომელსაც ყველაფერზე ჩაქნეული აქვს ხელი, აღარ სჯერა არც ადამიანების, და აღარც საკუთარი თავის.

peradze

ქართული ფილმებიდან ასეთი გმირის საუკეთესო მაგალითად "არასერიოზული კაცი" მახსენდება - გია ფერაძის ბრწყინვალე შესრულებით... თუმცა ქართულ ფილმებში იშვიათადაა ნაჩვენები სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა იხსნას გმირმა, ან როგორ უნდა იხსნას... და მოკლედ, ქართული კინოც ასეთ გმირს დაემსგავსა...

თუ ასეთ გმირებს რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, რას მივიღებთ? არაფერს განსაკუთრებულს, ბანალურად, რასაც საკმაოდ ხშირად ვხედავთ გარშემოც:

ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები, ყოველდღიურად "დაბოლილობა", უთავბოლო სექსი, ან პირიქით, ინტერესის სრული დაკარგვა ყველანაირი ტკბობისადმი ან თრობისადმი... დეპრესიები, ცხოვრების აზრის არ-ქონა, ან აზრის ძიება წვრილმანებში; ბედნიერების ძიება იმ ყველაფერში, რითაც ადამიანების უმეტესობაა ბედნიერი, პერიოდული გამონათებები და ისევ ჩაქრობები... და ამ აზრის ვერ-პოვნა... პერიოდული მოტივატორები გარედან, და ისევ დე-მოტივაცია შიგნიდან... იმიტომ რომ, "რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?" "აზრი მითხარი, აზრი!" "ჯანდაბაშიც წასულა მთელი სამყარო!" "დაე, მეტეორი დაგვეცეს! საინტერესო მაინც იქნება!.." - ესაა მათი განწყობა, რომელსაც შესაძლოა არც აჟღერებენ, მაგრამ სადღაც, ცნობიერის ღრუბლების ქვეშ ეს ფიქრები ლივლივებენ...

არადა... სწორედ მათ შეუძლიათ ყველაზე მეტად თავგანწირვა, თუ აზრს იპოვიან... მათ შეუძლიათ ყველაზე მეტად რეალობის შეცვლა - თუ იმოქმედებენ... მათ შეუძლიათ ყველაზე დიდი სასწაულების მოხდენა - თუ გაერთიანდებიან. ისინი არიან პოტენციური იდეური ბელადები. მათ შეუძლიათ ყველას გაუძღვენ ახალი რეალობისკენ, არა იმიტომ, რომ ამას დიდი აზრი აქვს, ან ეს მათთვის შედეგის მიღწევის შემდეგ რეალურად მნიშვნელოვანი იქნება, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ გრანდიოზული თამაშები მოსწონთ, და ვერ აღელვებთ ადამიანური ფუსფუსი და მღელვარება - წვრილმანი ბედნიერებების დევნაში...

ხოლო ისინი, და მათი მსგავსნი ვისთვისაც ბედნიერება რაოდენობრივი ცნებაა და არა ხარისხობრივი, და რომლებისთვისაც ძალაუფლებაა პირველადი და არა უფრო ბედნიერი და თავისუფალი რეალობის მოტანა - აქეთ-იქეთ დაატარებენ ხეებს, და ამ ხეებივით ძირკვავენ ნამდვილი ევოლუციის ხავს-მოჭიდებულ იმედებს... და ეს იმიტომ, რომ "გიჟებს" ჯერ აზრი ვერ უპოვნიათ ცხოვრებაში, პოლიტიკა ან რეალური მასშტაბური ქმედებები კი - არათუ უაზრობად, არამედ ბინძურ უაზრობად მიაჩნიათ, და აზრს ისევ ალკოჰოლში, მარიხუანაში და უთავბოლო სექსში ეძებენ... ან უბრალოდ დეპრესიაში არიან... ან "პოხუიზმში"...

გამგები გაიგებს, ვისაც გაღვიძება სურს გაიღვიძებს, და ჩვენი ჯგუფი - MAGMA, გთავაზობთ ასეთ "პოხუისტებს", რომ ერთად ვიმოქმედოთ, და დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო თემით: თვითგანათლებით და სხვების განათლებით... და ზოგადად განათლებით - განსაკუთრებით ახალი თაობის...

ერთად ვიბრძოლოთ! არა იმიტომ, რომ აზრი აქვს... არამედ იმიტომ, რომ ძალიან რთული და გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ალკოჰოლი, მარიხუანა და უთავბოლო სექსი... ან მითუმეტეს უსექსობა...

შემოუერთდით MAGMA-ს მხარდამჭერთა ჯგუფს, თუ ჯერ თქვენი მასშტაბური პროექტი არ გაქვთ, ხოლო თუ გაქვთ ჯანსაღი პროექტი, MAGMA ეცდება ითანამშრომლოს თქვენთან.

ჩემი საწყისი აზრი და იდეა განათლება და ადამიანებში შემეცნების დონის ამაღლებაა, და შესაბამისად MAGMA-ს საწყისი იმპულსიც ესაა. ჰოდა წავიდეთ წინ! ერთად ვიპოვოთ მომდევნო აზრი და იდეა! ერთად გავარკვიოთ - რა, ან ვინ არის გადასარჩენი! ერთად გადავარჩინოთ! და ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშით, რადგან ვერავინ გახდება გმირი, თუ ამ ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს! 

პატივისცემით: მამუკა გურული

გთხოვთ, გააზიაროთ ეს ტექსტი, რომ რაც შეიძლება მეტი "პოხუისტი" გმირი ვიპოვოთ...

sherek