raven

ავტორი: მამუკა გურული

რომ კითხოთ ყველას, რა არის ბედნიერებაო? ყველა თავისას გიპასუხებთ, და ბედნიერება მართლაც ინდივიდუალური ცნებაა. მაგრამ მაინც, თუ გადავალთ განზოგადების და აბსტრაქციის სამყაროში და ვეცდებით პასუხი გავცეთ ამ მარადიულ კითხვას, მივალთ რამდენიმე მარტივ დასკვნამდე:

1. ბედნიერი მაშინ ხარ, როცა დროის შეგრძნება ქრება. შესაბამისად ბედნიერების მთავარი "მტერი" დროა. ბუნებრივია, დრო ხომ სიკვდილს გვაახლოვებს, ადამიანთა არაცნობიერში კი სიკვდილი თითქოს ბედნიერების და სიცოცხლის ანტიპოდია.

2. დრო - მატერიის ყველაზე მთავარი ძალა და სიმბოლოა. და მას ჰყავს მცველი, რომელსაც ჰქვია "ეგო". ეგოს გარეშე კი დროსა და სივრცეში არსებობა და ბედნიერების შეგრძნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია... და ეს პირველი პარადოქსია.

3. დროის გადალახვის ერთადერთი გზა ტოტალურობაა. რაღაც პროცესში ტოტალურად შესვლა, როდესაც ეგო ქრება, "მე" ქრება, და დროის შეგრძნებაც ქრება.

4. მთავარი პრობლემა არა ეგოში, არამედ მის გახლეჩილობაშია. გაიხსენეთ, რამდენჯერ გიფიქრიათ სხვა რამეზე სექსის დროს, საყვარელ ადამიანთან ჩახუტების დროს, გემრიელობების ჭამის დროს, სულისშემძვრელი ფილმის ყურების დროს, ლოცვის დროს, მედიტაციის დროს, ცისარტყელას ყურებისას, გაზაფხულის წვიმის ქვეშ... და რაც ნაკლებად გაქცეულან თქვენი აზრები ამ პროცესებისგან, მით უფრო მეტად შეგიგრძვნიათ ბედნიერება...

ან პირიქით, რამდენჯერ დაურღვევია თქვენი აზრებში ტოტალური ჩაფლულობა შიმშილს, ქავილს, უხერხულ პოზას, სიცივეს, ქარს, რაიმე ემოციას - ყველაფერს, რასაც აზრების სიღრმიდან გამოჰყავხართ.

ზოგნი ამბობენ - ტანჯვას სურვილები იწვევენ.
ზოგნი ამბობენ - ტანჯვას ემოციები იწვევენ.
ზოგნი ამბობენ - ტანჯვას გონება იწვევს, რომელსაც ვერ აჩერებ.

სინამდვილეში არცერთი არ იწვევს ტანჯვას, და ამავდროულად ყველა იწვევს, თუკი პროცესში ბოლომდე არ ხარ, ტოტალურად არ ხარ.

ბედნიერების გასაღებს შენივე უდიდესი "მტერი" - ეგო გაწვდის, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთს გთხოვს - ტოტალურობას... მაგრამ სადაც ტოტალურობაა - იქ ეგო არაა... და ეს მეორე პარადოქსია.

ჭეშმარიტება პარადოქსებშია...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...