ავტორი: იოანე შენგელია

5c0bfcee2400005c05583ce7

თუ არ გაქვს კალამი, ვერ დაწერ დავალებას.

თუ ვერ დაწერ დავალებას, ვერ მიიღებ ქულას.

თუ ვერ მიიღებ ქულას, ვერ ჩააბარებ საგანს.

თუ ვერ ჩააბარებ, არ მოგცემენ დიპლომს.

თუ დიპლომი არ გექნა, ვერ იმუშავებ სრულფასოვნად.

თუ ვერ იმუშავე, ვერ შეჭამ.

თუ ვერ შეჭამე, მოკვდები.

მორალი: იქონიე კალამი.

ეს ვითომდა სახუმარო იგავ-არაკი თავისებურად დასაფიქრებელია. კალმის ქონა - არ ქონა არ განსაზღვრავს ადამიანი მოკვდება თუ არა, თუმცა კარგი მაგალითია იმისთვის, რომ გავიგოთ, რომ ცხოვრება სავსეა პეპლის ეფექტებით.

ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივია. მოცემული მდგომარეობა მიზეზად იქცევა მომავალი მდგომარეობისთვის, რომელიც, თავის მხრივ, მიზეზად იქცევა შემდგომი მდგომარეობისთვის, და ა.შ. მაგრამ, ერთია მიზეზ-შედეგობრიობა, ხოლო მეორეა ის მასშტაბები, რაც შეიძლება შეიძინოს ამ მიზეზ-შედეგობრიობამ.

იმისათვის, რომ მასშტაბი განვმარტო, მარტივ მაგალითზე მოგახსენებთ.

წარმოიდგინეთ, რომ სწავლობთ საგზაო მოძრაობის წესებს. მეცადინეობთ პირობითად 20 საათი და დაიღალეთ. ყველაფერი არ გისწავლიათ, ძალიან ცოტა დაგრჩათ. სულ რაღაც 5 წუთის ამბავია, რომ ის ორი-სამი წესიც ისწავლოთ, მაგრამ იმდენად დაქანცული ხართ, რომ იტყვით: 20 საათთან შედარებით 5 წუთი არაფერია, ხოდა არაუშავს იმ 2-3 წესს რომ არ ვიცი, დანარჩენები ხომ ვიცი.

ამის შემდგომ გიბარებენ თქვენს საოცნებო სამსახურში და გეუბნებიან, რომ დღეს გაქვთ ერთადერთი შანსი, რათა თქვენი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ გასაუბრებაზე. თქვენც დიდის ამბით ემზადებით, აიღებთ მანქანის გასაღებს და მიდიხართ. გზაში შეგხვდებათ ის ერთადერთი ნიშანი, რომელიც არ გისწავლიათ („შესვლა აკრძალულია“), მაგრამ თქვენ არ იცით რას ნიშნავს ის. გარდა ამისა, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით წასვლა ყველაზე უფრო სასურველია თქვენთვის. თქვენ რისკავთ და მიდიხართ. უცებ არსაიდან სწრაფად გამოხტება მოტოციკლისტი და მოგივათ ავარია. მოტოციკლისტი მძიმედ დაშავდება.

მერე რა მოხდება? მერე მოვა პოლიცია, დაგაჯარიმებენ საგზაო წესების დარღვევის გამო, მოტოციკლისტის ოჯახი სასამართლოში გიჩივლებთ. თქვენ საოცნებო სამსახურისთვის აღარ გცალიათ (გასაუბრების ვადაც ამოიწურა). სასამართლო გაგრძელდება რამდენიმე კვირა, თქვენ დაკარგავთ დიდი რაოდენობით ქონებას, დროს, მართვის უფლებას და ა.შ. ჯარიმის დაფარვის გამო თანხას დაკარგავთ. ამის გამო ბანკში ვალებს აიკიდებთ და მთელი ცხოვრება მოგიწევთ მათი გადახდა.

ვფიქრობ, ეს ისტორიაც ისეთივე გაზვიადებულია, როგორც კალმის ამბავი, თუმცა, იმისათვის, რომ რაიმე კარგად გაიგო, საჭიროა სწორედ გაზვიადებული მაგალითები განიხილო, რათა ცოტათი მაინც ჩარჩეს ცნობიერებაში და იმოქმედოს.

მართლაც, ერთი შეხედვით პატარა აქტივობის ისეთ პატარა დიაპაზონი, როგორიცაა +/- 5 წუთის განმავლობაში რაღაცის სწავლა, შესაძლოა მომავალში შედეგების ისეთ გიგანტურ დიაპაზონს ქმნიდეს, როგორიცაა სრულიად აწყობილი და სრულიად აუწყობელი ცხოვრება (აწყობილი და აუწყობელი პირობითი ცნებებია, თუმცა ვფიქრობ ჩემი სათქმელი გასაგებია). ამაში მდგომარეობს პეპლის ეფექტი - „მოვლენათა მცირე დიაპაზონი დღეს, ხვალ ქმნის მოვლენათა ფართო დიაპაზონს“.

მოდი აბსტრაქტული მოდელი შევადგინოთ და გავარკვიოთ რატომ არსებობს პეპლის ეფექტი.

დაუშვათ მოცემული მდგომარეობა არის a და დაუშვათ თითოეულ მდგომარეობას შეუძლია პოტენციურად გამოიწვიოს ორი შესაძლო შედეგი. ანუ, a-ს შეუძლია გამოიწვიოს b1 ან b2. ვინაიდან b1 და b2 ასევე მდგომარეობებია, ისინიც გამოიწვევენ შესაბამისად ორ-ორ ვარიანტს, ანუ 4-ს, და ა.შ. ბოლო-ბოლო, რამდენიმე საფეხურის მერე მივდივართ უამრავ ვარიანტამდე. ანუ, გამოდის, რომ ერთი პატარა მდგომარეობა მომავალში ქმნის შესაძლო ვარიანტთა უზარმაზარ სპექტრს. ეს ყველაფერი კი იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ თითოეულ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს რამდენიმე შესაძლო შედეგი. ჩვეულებრივ ასე ხდება ხოლმე.

ამრიგად, ცხოვრება პეპლის ეფექტებით სავსეა. ამიტომ, იცოდეთ, რომ თქვენს მიერ თითოეული გადადგმული ნაბიჯი, მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც ის ძალიან უმნიშვნელო გეგონოთ, სინამდვილეში მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ყოველთვის დაფიქრდით შედეგებზე და გათვალეთ წინ და წინ. ცხოვრება ქარბორბალასავითაა (მითუმეტეს თანამედროვე ეპოქაში), და არ არის არაფერი არც გარანტირებული, და არც გამორიცხული.

წარმატებებს გისურვებთ!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ..