tomash222

ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი

ვერგაგებული(?) სიტყვების ლექსიკონი

სექსი-სიყვარული

ტომაშის მოგონებების ერთ კუთხეში, ყოველი დეტალი დაცულადაა შენახული, მისი თითოეული პარტნიორის განმასხვავებელ დეტალზე და მათ სექსზე. მეორე კუთხე კი, მთლიანად ტერეზას აქვს დასაკუთრებული და ყველა ქალს მკაცრად უღობავს გზას. ამ კუთხეში მოგონებებია ტერეზას მიერ მიწიდან ამოთხრილ მტრედზე და მისი მუცლის ბუყბუყზე. კუნდერა აქაც ორ რადიკალურ მხარეს გვაჩვენებს - სექსსა და სიყვარულს, არცერთია მისთვის მეორეს კომპონენტი, მისთვის სიყვარული ერთად ძილთან ასოცირდება და არა სექსთან, სექსი კი ყველაფერთან, გარდა სიყვარულისა.

სიყვარული, როგორც სიმძიმე

ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის ფონზეც კი, კუნდერასთვის, სიყვარული, სიმძიმეა. ტომაშის მიერ ოჯახის მიტოვებას, გათავისუფლებასა და სიმძიმის მოშორებას უწოდებს. როგორც ჩანს, შეგრძნებები არ გვაძლევენ საშუალებას, ყოფიერება მთელი მისი სიმსუბუქით შევიგრძნოთ და ირაციონალურად, შეგრძნებების წყალობით, სიმძიმე არ ავიკიდოთ. სიყვარულზე არ ვრცელდება წესი, - „რაც ერთხელ მოხდა, ჩათვალე, რომ არ მომხდარა“. ამას რაციონალური გონება ამბობს, ხოლო, სიყვარულის შემთხვევაში, ირაციონალურობა ერთვება საქმეში.

სიმსუბუქე-სიმძიმე, ნეგატიური-პოზიტიური

წიგნის მთავარი კითხვა სწორედ ესაა. კუნდერა წიგნს ნიცშეს გამეორების თეორიაზე საუბრით იწყებს, მას სიმძიმეს უწოდებს, ხოლო თეორიას, რომელიც მას უარყოფს - სიმსუბუქეს. შემდეგ გვიყვება პარმენიდეზე, რომელიც ყოველივეს პოზიტიურ-ნეგატიურ წყვილებად ჰყოფდა. ის სიმსუბუქეს პოზიტიურს, ხოლო სიმძიმეს ნეგატიურს უწოდებდა. კუნდერა ამ მსჯელობას ეჭვქვეშ აყენებს, კითხვაზე პასუხის ძიებას იწყებს და მას პოულობს. ჩანს, რომ არ ეთანხმება პარმენიდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სიმძიმე მისთვის ნეგატიურია, მაგალითად, ტომაშის მშობლები და მისი ცოლ-შვილი მისთვის ნეგატიური სიმძიმეა. ანუ, სიმძიმე ყოველთვის და ყველგან ვერ იქნება პოზიტიური, ჩვენ სწორად უნდა ავირჩიოთ ირაციონალური სიმძიმეები, რათა ისინი პოზიტიური იყვნენ, მაგრამ გრძნობის ირაციონალურობა გამორიცხავს სწორ არჩევანს, ხოლო კუნდერასთვის, სიმძიმე მხოლოდ შეგრძნებებია და არაფერი სხვა (Ess muss sein, სიყვარული). ანუ, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის ძიება დროის კარგვაა, ის ვერ იქნება მუდმივი და საყოველთაო.
ტერეზას სხეულის უმნიშვნელობა

ტერეზასთვის სხეული ამდენად მნიშვნელოვანი მაშინ გახდა, როდესაც მეტ-ნაკლებად მას საკუთარ თავთან აასოცირებდა, როდესაც ის მისი ''მეს'' ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ იყო ამდენად ტრავმული, მისთვის მისი ერთადერთობის შეგრძნების გაქრობა, მაგრამ, ნიშნავს რაიმეს, უკვე სხეულის სიმსუბუქეს შეგუებული ტერეზასთვის, მისი ერთადერთობის შეგრძნების დაკარგვა? ალბათ, არა, სიმსუბუქე ყოველთვის არის უმნიშვნელობაც. მისი სხეულის სიმსუბუქეს ჩვეული ტერეზასთვის, მისი სხეული უმნიშვნელოა, ის მას ''მეს'' ნაწილად არ თვლის და ამიტომაა უმნიშვნელო მისი ერთადერთობა.

სხეულისა და სულის სიმსუბუქე

სხეულის ერთადერთობის გაქრობა სიმსუბუქით ხდება. ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული ცხვირი, ტუჩი და წარბები აქვთ. იმდენი ვარიაცია იქმნება, რომ თითქოს ყოველი ერთადერთია, მაგრამ აქ სიმსუბუქე შემოდის თამაშში, ყოველ ცხვირს ადამიანის ცხვირის ხატს უქვემდებარებს და ხდება ყოველივე ერთი, ქრება მისი ერთადერთობა. რატომ არ ხდება იგივე სულის შემთხვევაში? მიუხედავად სულთა ამ მრავალფეროვნებისა. ადამიანები მსგავსი პრინციპებით ვიმართებით და ერთი და იგივე მექანიზმი ვართ, თითქოს, უნდა გაქრეს სულთა ერთადერთობა, მაგრამ თითქმის შეუძლებელია, სიმსუბუქემ სულამდე მიაღწიოს, შეგრძნებათა სიმძიმე არ გვაძლევს ამის საშუალებას.

ადამიანთა სიყვარულის სიბინძურეები

წიგნის დასარულს, ტერეზა ფიქრობს, რომ სიყვარული, რომელიც კარენინთან (ძაღლთან) აკავშირებს, უკეთესია, ვიდრე მისი და ტომაშის სიყვარული. მისი აზრით, ეს მათი ბრალია არაა, ფიქრობს, ქალისა და კაცის წყვილი ისეა შექმნილი, რომ აპრიორი უფრო მდარეა, ვიდრე ძაღლისა და ადამიანს შორის გამოვლენილი სიყვარულის საუკეთესო ვერსია.
ადამიანის ძაღლისადმი სიყვარულს ის უანგაროს უწოდებს. შემდეგ საუბარს იწყებს მის ისეთად მიღებაზე, როგორიცაა, და არა საკუთარ სურვილებზე მის მორგებაზე, როგორც ეს ქალსა და კაცს შორის ხდება. ამბობს, რომ ძაღლის გაწვრთვნა მხოლოდ მასთან ნორმალური ურთიერთობისათვის ხდება, ''ნორმალური ურთიერთობა,'' ცხადია, ტერეზას სურვილია, ეგოიზმი, და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა დატვირთვას ატარებს. თუნდაც ამ მაგალითის გარეშე, რთულად დასაჯერებელია წმინდად არაეგოისტური სიყვარულის წარმოდგენა, მაქსიმუმ შედეგებში გამოვლინდეს არაეგოიზმი და თუ ჩავუღრმავდებით, აუცილებლად ეგოიზმი იქნება საწყისი წერტილი. ამიტომ, სიყვარულის ეგოიზმზე და არაეგოიზმზე საუბარი სისულელეა, როდესაც თუნდაც ერთ მხარეს ადამიანია.

შემდეგი სიბინძურე ქალისა და კაცის სიყვარულის არაიდილიურობაა. ასეთ სიყვარულში არის კონფლიქტები, სულისშემძვრელი სცენები და განვითარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ურთიერთობის კომპლექსურობა. ტერეზა ამბობს, რომ ქალისა და კაცის წყვილი ა პ რ ი ო რ ი უფრო მდარეა, ანუ, ყოველი მისი მსჯელობა შეგვიძლია განვაზოგადოთ. ურთიერთობები კი, კომპლექსური ყოველთვის არ არის, ზოგჯერ ძალიან პრიმიტიულია, ყოველგვარი დრამისა და პროგრესის გარეშე, ძაღლისა და ადამიანის სიყვარულზე უფრო მარტივი.
ბოლო სიბინძურე დროის სწორხაზოვანი დინებაა ქალისა და კაცის სიყვარულში. ისინი ვერ კმაყოფილდებიან გამეორებადი, ბრუნვადი ბედნიერებით. ძაღლისა და ადამიანის სიყვარული ერთფეროვანი და რუტინულია, პროგრესის გარეშე, ისევ კომპლექსურობის გარეშე, მაგრამ ამის განზოგადება შესაძლებელია. დრო ქალთან და კაცთან ყოველთვის სწორხაზოვნად მიედინება, მაგრამ ეს აუცილებლად სიბინძურე არ არის, ტერეზა ამ აზრამდე ტომაშისა და მისი ურთიერთობის დაკვირვებით მივიდა. გამეორების არსურვილი კი, ალბათ, მისთვის ტომაშის ღალატია. ამიტომ ქალისა და კაცის სიყვარულს აპრიორი უფრო მდარეს ვერ ვუწოდებდი, ყოველშემთხვევაში, ამ სამი მიზეზის გამო.
პერსონაჟი

ფილმებში თუ წიგნებში, ვხედავთ პერსონაჟებს, რომლებიც კლავენ და შემდეგ მკვლელებად იწოდებიან. ასეთ შემთხვევაში, პერსონაჟი საშუალებაა სიუჟეტის ასეთი განვითარების - მკვლელობის, ხოლო თავად იგი მეორეხარისხოვანია, ის ასეთ დროს საკუთარ ქმედებათა კრებულია, ხშირ შემთხვევაში პარადოქსულ ქმედებათა, რაც ძალიან არარეალისტურს ხდის მას. კუნდერასთან კი, პერსონაჟი მიზანია და არა საშუალება. კუნდერასთვის მთავარი ადამიანია, მიზეზები და არა ქმედებები, ამიტომ, მასთან ყოველთვის მყარად შედგენილი პერსონაჟებს ვიღებთ, ღრმასა და რეალისტურს.
ვერგაგებული სიტყვები

''მათი სიტყვები მორცხვი შეყვარებულებივით მიუახლოვდებოდნენ ერთმანეთს და ერთის მუსიკა მეორისას შეერწყმებოდა'' - კუნდერა ამ ფრაზაში საუბრობს სასიყვარულო ურთიერთობაში ვერგაგებულ სიტყვებზე. ამ თემას იგი ფრანცისა და საბინას ურთიერთობის მაგალითზე ეხება. მათთვის სიტყვებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ, რაც საბინაში ფრანცის მიმართ გაუცხოებასა და გულგრილობას იწვევს პერიოდულად. როგორც ამ საუკუნეში გადაღებულ ნებისმიერ თინეიჯერ მელოდრამაში იტყოდნენ, მათ ერთმანეთის არ ესმით. ერთისთვის მუსიკა შემაწუხებელი ხმაურია, მეორესთვის კი, ანტისიტყვა, თრობისა და გათავისუფლების საშუალება. კუნდერა ამას დროს აბრალებს და ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებადაც დრო ესახება. მისი თქმით, საბინამ და ფრანცმა, უკვე მისცეს მნიშვნელობა სიტყვებს, ისინი არ არიან ჩამოყალიბების პროცესში და მათში ცვლილებები ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამის გამო, რთულია, მათი სიტყვები ერთმანეთს მიუხლოვდნენ და მეტ-ნაკლებად ერთნაირი მნიშვნელობები მიიღონ, მაგრამ კუნდერა ამ შემთხვევაში ოპტიმისტია და მათი მუსიკის ერთმანეთთან შერწყმის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...