sergo

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

ცნობიერების რა საფეხურზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, რომ ვინმეს გააზრების ჩვენეული საფეხური, ან ფორმა გავუზიაროთ, რეალურად ეს იქნება მხოლოდ უაზრო და უსუსური მცდელობა. მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ - არის ინფორმაციის გაზიარება.

მაშინაც კი თუ ადამიანი, ვისთვისაც საკუთარი გააზრების გაზიარება გვინდა - სრული მიმღებია - ის მაინც ვერ გაიგებს და ვერ შეითვისებს სრულყოფილად ჩვენი ცნობიერების ნაყოფს. მას საკუთარი გააზრება, საკუთარი აზროვნებისა თუ მსოფლმხედველობის მოდელი აქვს და როდესაც მისთვის ჩვენი გააზრების გაზიარებას ვიწყებთ, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ის ახალ ინფორმაციას საკუთარი მსოფლმხედველობის მოდელს არგებს, საკუთარი აზრების ჭრილში ატარებს. შედეგად კი ვიღებთ არა შეცვლილ აზრვნებას, არამედ ინფორმაცია დამატებულ აზროვნების იმავე მოდელს.

თუ მან რაღაც ეტაპამდე მაინც შეძლო ჩვენს მიერ მიწოდებული ცოდნის გააზრება, მასში იწყება კონფლიქტი: ,,მე ხომ სხვანაირად მასწავლეს", ,,ცნობილი ავტორიტეტები ხომ სხვანაირად ამბობენ" და ა.შ. ის ვერ იაზრებს, რომ ახალ ეპოქას, ახალი მოცემულობები აქვს, ვერ იაზრებს, რომ დღევანდელობა შემეცნების სრულიად სხვა საფეხურს მოითხოვს, რომ დღევანდელი პატარა ბავშვი შესაძლოა გააზრების ბევრად მაღალ საფეხურს ფლობდეს, ვიდრე წინა ეპოქის უდიდესი სწავლულები.

ამ შინაგანი კონფლიქტის შედეგი ორიდან ერთია: 1. ის გადახარშავს, რომ ყველაფერი, რაც მანამდე იცოდა, თავიდან აქვს გასააზრებელი და შედეგად შეძლებს სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას (თუმცა როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ეს ის არ იქნება რაც მას, ან თუნდაც ჩვენ წარმოგვედგინა). 2. ის დაბრუნდება განვითარების ზუსტად იმ ეტაპზე, სადაც მანამდე იყო, სანამ ჩვენ მისთვის ინფორმაციის, ან ცოდნის გაზიარებას შევეცდებოდით. შედეგად განაგდებს ჩვენს მიერ მიწოდებულ ცოდნას, ხოლო მიღებულ ინფორმაციას მოარგებს განვითარების საკუთარ საფეხურს, შეუცვლის ფორმას და ეცდება საკუთარი გააზრების ჩარჩოში მოაქციოს მიღებული ინფორმაცია.

მაგრამ მაშინაც კი, თუ მან შეძლო ყველაფრის ხელახლა გადააზრება და შემეცნების ახალ საფეხურზე გადასვლა. მისი გონება ამას საკუთარ მიღწევად ჩათვლის (პრინციპში ასეცაა) და მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფს იმ ადამიანების წვლილს, ვინც მას ამ საფეხურის მიღწევაში დაეხმარა.

სასაცილო პარადოქსი ისაა, რომ რეალურად მან მართლა თავისით მიაღწია შემეცნების იმ დონეს, რომელზეც დგას. თითოეული ადამიანი, რომელიც მას განვითარებაში დაეხმარა, მისმა სურვილმა, მისმა მოთხოვნილებამ გამოიხმო და როდესაც მიიღო, ის რაც უნდა მიეღო, ის ადამიანები უბრალოდ იქ გაუშვა, საიდანაც გამოიხმო.

მეტიც, როდესაც ვინმეს რამეს ასწავლით, აქედან სიამოვნებას თავადვე იღებთ, იმის მიუხედავად, აფასებს თუ არა მოსწავლე თქვენს ,,ღვაწლს".

მაშინ რატომ გვაწუხებს, რომ ვიღაცამ ჩვენი ღვაწლი არ დააფასა, ან არასაკმარისად დააფასა? სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვაწუხებს საკუთარი კომპლექსები, შიშები, სურვილი - გვაღიარონ, განგვადიდონ. სინამდვილეში ჩვენი უმეტესობა თვით საკუთარ მოსწავლეებსაც კი ეჯიბრება: ,,მე მასწავლებელი ვარ, შენზე მეტი ვიცი" და ა.შ. ჩვენ ვასწავლიდით არა ცოდნის გაზიარების, არამედ საკუთარი აღიარებისთვის.

სხვა შემთხვევაში მოსწავლის წარმატება ჩვენი წარმატება იქნებოდა. თუ მოსწავლე ჩვენზე მაღალ საფეხურს მიაღწევდა, ეს ჩვენთვის უდიდესი წარმატება იქნებოდა. და თუ მოსწავლე შეძლებდა მიეღწია განვითარების ჩვენზე მაღალი საფეურისათვის, სიამოვნებით მივიღებდით მას მასწავლებლად და ტავადვე მივებარებოდით ცოდნის ახალი საფეხურის მისაღწევად.

ჩვენ გვავიწყდება, რომ ადამიანები ჩვენ არ გვეკუთვნიან, გვავიწყდება, რომ მათთან ურთიერთობა ორმხრივია და ვიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ თავადაც გავცემთ. მაგრამ თუ ჩვენ იმას გავცემთ, რის მიღებაც კონკრეტულ ინდივიდს არ ჭირდება, ან უკვე აღარ ჭირდება - ჩვენი როლი მის ცხოვრებაში უკვე დასრულებულია. ამიტომ ამ დროს ურთიერთობა ან დასრულდება, ან ფორმას შეიცვლის.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე აქცენტირება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გული არ დაგვწყდება, ან არ გვეტკინება, მაგრამ სხვათა დადანაშაულების ნაცვლად უნდა შევძლოთ გააზრება, რომ მნიშვნელოვანი ჩვენ ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, დააფასა თუ არა ვინმემ ჩვენი შრომა, არც იმას, რომ გუშინდელი ჩვენით აღტაცებული ადამიანი დღეს შეიძლება ჩვენს დემონიზებას ახდენს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვტკბებოდით მაშინ, როდესაც გავცემდით. შეიძლება ეს ალტრუიზმი ეგოისტური იყო, მაგრამ ეს ჩვენ გვატკბობდა, გვავითარებდა.

ჩვენ უნდა შევძლოთ და სხვებიდან აქცენტი საკუთარ თავზე გადმოვიტანოთ. ეს არ ნიშნავს, რომ სხვათა ბედი არ გვაღელვებდეს, არც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი წარმატებისთვის ნებისმიერს გადავუაროთ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვისწავლოთ საკუთარ ტკბობაზე, პირად ბედნიერებაზე აქცენტი. რადგან თითოეული ბედნიერი, განვითარებული და რეალიზებული ჩვენგანი, არის კაცობრიობის განვიტარების და შემეცნების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის გარანტი.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...