phoenix33

ავტორი: მამუკა გურული

ამ მცირე სტატიაში ვეცდები ვუპასუხო კითხვას: რა არის ყველაზე მთავარი სულიერი განვითარებისთვის?

ამისთვის ჯერ უნდა გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს განვითარება (ევოლუცია) ზოგადად. განვითარება შესაძლებელია უამრავი მიმართულებით. განვითარებაა ინტელექტის გაზრდაც, მატერიალური კეთილდღეობის გაზრდაც, კარიერული ზრდაც, ავტორიტეტის ზრდაც, ძალის დაგროვება ნებისმიერი სახით და ა.შ.

ეგოიზმი ყველა შემთხვევაში განვითარებას გადის, და თავიდან იგი ამას მიღების გზით აკეთებს, შემდეგ ეგოიზმს მიღება აღარ აკმაყოფილებს და გაცემას იწყებს. ესაა ალტრუიზმის პირველი გამოვლინება. და ალტრუიზმია სწორედ ის მთავარი პირველი პირობა, რომელიც სულიერი განვითარებისთვისაა საჭირო.

თავიდან ალტრუიზმი როგორც წესი არაჯანსაღი ფორმისაა, ან არასწორი მიმართულების, შემდეგ კი ფორმა და მიმართულება სწორი და ადეკვატური ხდება. 

მაგალითად, თუ ადამიანმა მიაღწია გარკვეულ წარმატებას თავის სფეროში, შემდეგ უნდა, რომ თავისი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს და სხვებსაც მისცეს მოტივაცია წარმატებისთვის, იმიტომ რომ ერთი რეალიზებული ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, როცა მის გარშემო ბევრი არარეალიზებულია, ამიტომ იგი ცდილობს, რომ მის გარშემო რაც შეიძლება მეტი იყოს წარმატებულიც და რეალიზებულიც. 

მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხშირად, თავიდან, ადამიანი ალტრუიზმს არაადეკვატურად გამოხატავს. როგორც წესი იგი თავისი ხედვის მოდელით უდგება ყველას და თვლის, რომ ყველა მისნაირად (მისი საზომით) უნდა იყოს წარმატებული, და ყველა მისი მსგავსი მეთოდით უნდა აღწევდეს წარმატებას. იგი ვერ აღიქვამს ადამიანების ფუნქციურ და თვისობრივ განსხვავებულობას და აღიქვამს უფრო ნაწილიდან მთელისკენ, ვიდრე მთელიდან ნაწილისკენ. 

ასეთ შემთხვევებში გაცემის (ალტრუიზმის) სურვილი ფანატურ და ხშირად აგრესიულ ქადაგებად იქცევა ხოლმე. იგი ემსგავსება სავსე ჭას, რომელსაც სურს გასცეს, რადგან თუ არ გასცემს, დაჭაობდება. ამიტომაც აგრესიულად, ან უბრალოდ არასწორი მიმართულებით გასცემს, რომ "ოღონდ როგორმე გასცეს", რადგან სხვანაირად არ შეუძლია. გასცემს მათზეც, ვისაც არ უნდა მიღება, და მითუმეტეს მისგან. 

თუ ადამიანი სწორად აივსო, და სწორი წყაროსგან მიიღო ინფორმაცია, იგი გაცემასაც თავიდანვე სწორად სწავლობს და რა თქმა უნდა ფანატურობაც ნაკლებად აქვს ხოლმე, მაგრამ დღეისათვის კაცობრიობა ადრინდელისგან განსხვავებული გზით ვითარდება. დღეისათვის მასწავლებელი-მოსწავლის გზა, რომელიც მორჩილებაზე იდგა, შეცვალა "მე თვითონის"ან "ჩვენ თვითონის" გზამ, როდესაც განვითარება ხდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ოღონდ აგრესიული და ნაკლებად მორჩილი ეგოიზმის ძალით. ამიტომ ბუნებრივია, ამ გზაზე შეცდომებიც მეტია, და ალტრუიზმის ფაზაზეც კი, თავდაპირველად ადამიან ი ყოველთვის შეცდომებით იწყებს.

შემდეგ იგი (კარგ შემთხვევაში) აკეთებს დასკვნებს, იწყებს განრჩევას, დიფერენცირებას, თუ ვის უნდა გადასცეს ცოდნა, რა სიტუაციაში, რა დოზით. 

მეორე მთავარი პირობა, რომელიც ალტრუიზმთან ერთად სულიერი განვითარებისთვისაა საჭირო - ესაა ძალის გზიდან თანდათანობით მსახურების გზაზე გადასვლა. ვეცდები განვმარტო:

ძალის გზაზე ეგო ან იღებს, იმისთვის, რომ მეტი მიიღოს, ან გასცემს, იმიტომ, რომ მეტი მიიღოს. ანუ რაღაც დონეზე ეგო ხვდება, რომ რეალურად გაცემით უფრო მეტს იღებს, ვიდრე მიღებით (თუ რა თქმა უნდა სწორად გასცემს). მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანი ერთია - ძალის დაგროვება. აქ იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალა: მატერიალურიც და ნატიფიც. მაგალითად, ადამიანს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებს "ამქვეყნიური" ძალაუფლება, მაგრამ ისწრაფვის, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეს ნატიფ მატერიებში (ასტრალურ, მენტალურ და სხვა უფრო მაღალ პლანებზე). ძალის გზაზე (გარკვეულ საფეხურამდე) მისი მოტივი საბოლოო ჯამში მაინც არაჯანსაღად ეგოისტურია, რადგან ყველაფერს საბოლოო ჯამში უმაღლესი ძალაუფლების და უმაღლესი ნეტარების მისაღწევად აკეთებს. და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან საბოლოოდ ყოველი ცოცხალი არსება ნეტარებისკენ და მეტი ძალის მოპოვებისკენ მიილტვის. 

მსახურების (მინდობის) გზაზე ეგო არაცნობიერად ასევე ძალაუფლების და ნეტარების მიღწევის მოტივით მოქმედებს, მაგრამ მასში შემოდის დაქვემდებარებულობის პრინციპი. იგი ემსახურება რაღაც უფრო მაღალს (იქნება ეს მისივე "უმაღლესი მე", რომელიმე ღვთაება, "გასხივოსნებული ოსტატი", "წმინდანი" თუ უბრალოდ ხელმძღვანელი კონკრეტულ საკითხში. აქ შემოდის იერარქია, რომელშიც ცენტრს თვითონ აღარ წარმოადგენს, ანუ აღარ აქვს ეგოცენტრული მიდგომა. ის, თუ როგორ არ უნდა გახდეს ამ დროს ადამიანი სხვადასხვა ეგრეგორების მსხვერპლი და როგორ უნდა მივიდეს რეალურად თავის "უმაღლეს მე"-მდე, ეს ცალკე და რთული საკითხია, ამ შემთხვევაში ვცდილობ მხოლოდ ზოგადი პრინციპი ავხსნა. 

სულიერ განვითარებაში, და ზოგადად ნებისმიერი სახის ევოლუციაში ყველაფერს თავისი ფაზები და ეტაპები აქვს, და ის, რაც სწორია ერთ ეტაპზე, შესაძლოა არასწორი იყოს სხვა ეტაპზე, ან პირიქით. 

ადამიანები შეიძლება მიჰყვებოდნენ ძალის (მეომრის) გზას, ან მსახურების (მინდობის) გზას, მაგრამ ისე, რომ რეალურად არ გააჩნდეთ თავიანთი პიროვნული ღერძი, ანუ მათი ეგო შეიძლება არ იყოს კრისტალიზებული. აქ სწორედ იმაზე მაქვს საუბარი, რაზეც გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანთა დიდ უმრავლესობას ნამდვილი "მე" არ გააჩნიათ, რადგან ნამდვილ მეს, პიროვნულ ღერძს, მოპოვება ჭირდება. სანამ ნამდვილ მეს, საკუთარ ნამდვილ ეგოს არ მოიპოვებს, ადამიანი რეალურად ვერ დადგება ვერც ძალის გზაზე და ვერც მსახურების გზაზე, და ეს იქნება მხოლოდ ილუზია, ციყვივით ბორბალზე ტრიალი. შეუძლებელია მთელს ემსახურო, სანამ საკუთარ თავში არ ხარ გამთლიანებული. შეუძლებელია დიდი ძალა მოიპოვო, და თუ მაინც მოიპოვე, დიდხანს შეინარჩუნო, სანამ არ გააცნობიერებ, თუ საიდან მოდის შენში ძალაუფლების სურვილი - რეალური პასუხისმგებლობის გრძნობიდან, ბუნებრივი ფუნქციიდან, თუ ბავშვობის კომპლექსებიდან. 

"იყავნ ნება შენი" - ამის თქმა ბევრს შეგვიძლია ადვილად, იმიტომ, რომ რეალურად საკუთარი ნამდვილი ნება არ გაგვაჩნია, და შესაბამისად შეგვიძლია ადვილად გადავულოცოთ ნებისმიერს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნამდვილი ნება კრისტალიზდება, შესაძლებელია, რომ იგი რაღაც (ან ვიღაც) ჩვენზე აღმატებულს გადავულოცოთ.

ნათქვამია: "სანამ არ მოკვდები, ვერ დაიბადები ხელახლა". მაგრამ სანამ არ დაიბადები, მანამდე შეუძლებელია მოკვდე. "მე" ვერ იქცევა უმაღლეს "მე"-დ, სანამ იგი არ დაიბადება.

მე არ გთავაზობთ სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურებს. მე გთავაზობთ სულიერი განვითარების მხოლოდ საწყისებს, რომელიც იწყება პიროვნული განვითარებით (ჯანსაღი ეგოიზმიდან ჯანსაღ ალტრუიზმამდე) და პიროვნული ღერძის კრისტალიზებით. შეუძლებელია რეალურად დადგე მეომრის გზაზე ან მსახურების გზაზე (და რაღაც ეტაპზე ეს ორი გზა ერთმანეთს უკვე აღარ ეწინააღმდეგება), სანამ პიროვნული ფუნდამენტი არ შედგება და არ გაჩნდება გაცნობიერებულობისკენ და ცნობიერების ზრდისკენ მიმავალი მწველი სურვილი. ვერ გადახვალთ პარა-ფსიქოლოგიაზე, სანამ არ დაიწყებთ ელემენტარული ფსიქოლოგიით. ხოლო ელემენტარული ფსიქოლოგია, ესაა პირველ რიგში საკუთარ თავში, საკუთარ არაცნობიერ მექანიზმებში გარკვევა, და საკუთარი ბუნებრივი სურვილების გარჩევა ხელოვნური და თავსმოხვეული სურვილებისგან.  

სწორედ ამ საწყის ფუნდამენტს გთავაზობთ მაგმას პრაქტიკუმების სერიაში. რაღაც გრადუსების შემდეგ, მას შემდეგ, რაც თქვენი რეალური "მე", რეალური ცენტრი კრისტალიზდება, უკვე რეალურად აირჩევთ თქვენს გზას, მანამდე კი გთავაზობთ, რომ მყარ საფუძველზე ააგოთ თქვენი პიროვნული ფუნდამენტი. 

0 გრადუსის მიზანი - ესაა რეალური გაცნობიერება იმისა, რომ ნამდვილი და ჯანსაღი პიროვნული ღერძი არ გაგვაჩნია.

1 გრადუსის მიზანი - ესაა პირველი ნაბიჯები თავის-უფლების რეალური მოპოვებისთვის. 1 გრადუსზე გაუცნობიერებლობის ყინული დნობას იწყებს...

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რა ეტაპზე ვარ თავად მე, პრაქტიკუმის ხელმძღვანელი? საკუთარ თავს ბოლომდე ობიექტურად ვერ შევაფასებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვიცი მეთოდი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეალური "მე"-ს კრისტალიზება. ასევე არ მაქვს ერთი კონკრეტული შაბლონი, და ინდივიდუალური მიდგომა მაქვს ადამიანებისადმი (რაც უფრო გაიზრდება გრადუსები, მით უფრო მეტად ჩაერთვება ჩემი ინდივიდუალური მიდგომაც) და რა თქმა უნდა ამ პროცესს თქვენთან ერთად გავივლი. მე არ ვარ ოსტატი, მე უბრალოდ მინდა გავცე ცოდნა და მოტივაცია. რამდენად სწორად გავცემ, ეს უკვე თქვენ შეაფასეთ მას შემდეგ, რაც რეალურად და თქვენი აქტიური ძალისხმევით გაივლით პრაქტიკუმს... 

14 აპრილიდან ვიწყებთ 1 გრადუსს. შემოგვიერთდით...

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ამ ლინკზე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...