notrdame

ავტორი: მამუკა გურული

"რატომ ფინანსდება ნოტრდამის აღდგენა თითქმის მილიარდი ევროთი მაშინ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანი შიმშილობს?"

ეს კითხვა ხშირად შემხვდა ფეისბუქზე, ამიტომ ვეცდები ძალიან მოკლედ ავხსნა.

1. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს ეგრეგორების (ქანქარების) მოქმედების მექანიზმი იმისთვის, რომ ეს გავიგოთ. ნოტრდამი - ერთ-ერთი უდიდესი ეგრეგორის, კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ცენტრალური ტაძარია. საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ ამასთანავე იგი ხელოვნების ნიმუში და არქიტექტურული ძეგლია. მსგავსი და უკეთესი არქიტექტურული ძეგლებიც არსებობს, მაგრამ იგივე რომ შემთხვეოდა ასეთ ამბავს მაინც არ გამოიწვევდა. საქმე აქ ეგრეგორშია, და ყველა, ვინც აქტიურადაა ჩართული ამ ეგრეგორში, ბუნებრივია, რომ თუ საშუალება აქვს ეცდება, რომ დაეხმაროს ტაძარს. ამას ემატება ისიც, რომ იგი ასევე ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის - საფრანგეთის გულია.

2. არც კათოლიკური და არცერთი სხვა რელიგიის ეგრეგორს რეალურად არ აინტერესებს ზოგადად ადამიანები და მათი კეთილდღეობა (თავის მიმდევრებსაც კი უფრო მეტს ართმევს, ვიდრე იღებს). ყოველთვის, როცა დაღმასვლას განიცდიან და "მოშივდებათ" ხოლმე, ასეთი ეგრეგორები ახდენენ სხვადასხვა დაპირისპირებების, სკანდალების, სასწაულების და ა.შ. პროვოცირებას, ანუ ყველაფერი იმის, რაც ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ეს შემთხვევა კონკრეტულად კათოლიკური ეგრეგორის პროვოცირებულია, თუმცა არც ესაა გამორიცხული. და არც იმას ვამბობ, რომ ყველა ეგრეგორი დესტრუქციული და პარაზიტულია. 

3. ის, რომ გაცილებით უფრო მეტად აფინანსებენ მსგავს ტაძრებს, ვიდრე გაჭირვებულ ადამიანებს, ზოგადად განუვითარებელ ქვეყნებში განათლებას, და სხვა უფრო მტკივნეულ საკითხებს, საკმაოდ დიდი წილით ყოველი ჩვენგანის დამსახურებაცაა. სანამ ეს ამბავი არ მოხდებოდა, რამდენს გვახსოვდა იგივე მოშიმშილე ბავშვები კენიაში, სირიაში თუ სადმე სხვაგან? გასაგებია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც სულ იბრძვის მათთვის და ძალიან ხმამაღლაც, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან, და მასებზე ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ახდენენ დიდ გავლენას. 

4. ისიც ფაქტია, რომ არსებობს უამრავი ფონდი და ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც მსოფლიოში შიმშილობის დამარცხებას ცდილობენ, მაგრამ მდგომარეობა მაინც რთულია, რადგან ეს საკითხი კომპლექსურია და ბევრი მიმართულებითაა საჭირო განვითარება იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, განსაკუთრებით განუვითარებელ ქვეყნებში. 

5. რით დასრულდება ეს ყველაფერი? ნოტრდამი რა თქმა უნდა აღდგება (და უნდა აღდგეს კიდეც, როგორც ფრანგული და ქრისტიანული კულტურის უდიდესი ნიმუში). ადამიანებიც დამშვიდდებიან და დაივიწყებენ ამ ამბავს. ვიღაცეები ცოტა მეტ ფულს გადარიცხავენ ჰუმანიტარულ ფონდებში, მაგრამ ყველაზე დიდი ენერგია და სარგებელი ამ ყველაფრისგან ისევ ეგრეგორებმა (ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად კათოლიკურმა ეგრეგორმა) მიიღეს. 

6. ყველა ეგრეგორი ეცდება თავის სასარგებლოდ მოითბოს ხელი ამ ამბით: ნაციონალისტური ეგრეგორები ეცდებიან, რომ თავიანთი ზეგავლენა გააფართოვონ და მიგრანტების წინააღმდეგ აგრესია გაამძაფრონ... ლიბერალური ეგრეგორები ეცდებიან, რომ მშვიდობის და ურთიერთ-სიყვარულის მოწოდებებით მიიქციონ მეტი ყურადღება. ასევე უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ იგივე "მოშიმშილე ბავშვებზე"... რელიგიური ეგრეგორები ეცდებიან, რომ გაფრთხილება, "მეორედ მოსვლის", ან სხვა ნიშნები დაინახონ ამ ყველაფერში და ა.შ. ვისაც როგორ სჯერა და აწყობს. და ეს ყველაფერი ბუნებრივია, და ეგრეგორების თამაშია. 

7. რა უნდა ვქნათ ჩვენ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა? არ უნდა ავყვეთ მექანიკურ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, და რაც შეიძლება გაუცნობიერებლად ჩართონ თავიანთ თამაშებში, და პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, რომ ამ ყველაფრის უკან მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მაქსიმალურად ნათლად დავინახოთ.

უბრალოდ იყავით მეტად გაცნობიერებულნი და მექანიკურად ნუ აჰყვებით ემოციებს. ეს ყველაზე მეტი საკვებია ეგრეგორებისთვის... 

ეგრეგორების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გაეცანით ამ ლინკზე

p.s. ბუნებრივია, MAGMA-ს ეგრეგორიც  ცდილობს თქვენი ყურადღებას მიპყრობას, და ნურც მისი მიმდევრები გახდებით საღი აზრისა და გაცნობიერებულობის გარეშე...