ავტორი: იოანე შენგელია

სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის ფუნდამენტალური ნაწილაკი, რომელთაც შეგვიძლია სამყაროს აგურები ვუწოდოთ და რომლებითაც შენდება ყველა დანარჩენი (მატერიის სხვა და სხვა ფორმები, ძალების სხვა და სხვა სახეები, და ა.შ.) წარმოადგენენ სხვა და სხვა სიხშირეზე ვიბრირებად ენერგიის სიმებს.

მაშასადამე, ყველა ის ელემენტარული ნაწილაკი, რომლებისგანაც შევდგებით ჩვენ, მთელი მატერია, და ასევე სამყაროს ძალები და ურთიერთქმედებები, ანუ ყველა ის სისტემა, რაც არსებობს სამყაროში, აიგება სხვა და სხვა სიხშირეზე ვიბრირებადი ენერგიის სიმებისგან.

ენერგიის სიმის სხვა და სხვა სიხშირეზე ვიბრირება ქმნის სხვა და სხვა ნაწილაკებს, რომლებიც, თავის მხრივ აგებენ მატერიის და ძალების სხვა და სხვა ფორმებს. გამოდის, რომ სამყარო და რეალობა წარმოადგენს ენერგიის სიმებზე დაკრულ ერთ დიდ სიმფონიას.

ფიზიკის განვითარება დაიწყო ნიუტონით, მაკრო სხეულების მექანიკური მოძრაობების შესწავლით, შემდგომ აღმოაჩინეს ელექტროობა და მაგნეტიზმი, შემდგომ ატომები, ბირთვები, და ა.შ. მივიდნენ ელემენტარულ ნაწილაკებამდე, და დღესდღეობით არსებობს რამდენიმე წამყვანი თეორია, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს "ყველაფრის თეორია" და ახსნას ყველაზე ფუნდამენტალური ფიზიკის მოვლენები, როგორიცაა ელემენტარული ნაწილაკების თვისებები.

სიმების თეორია "ყველაფრის თეორიის" ერთ-ერთი კანდიდატია. მაგრამ, ის არ ექვემდებარება ექსპერიმენტულ დამტკიცებას და არსებობს მხოლოდ იმათთვის, ვისაც რთულ მათემატიკურ ამოცანებთან უყვარს თამაში. თუმცა, მივუდგეთ ამას არა მეცნიერულად, და მაშინ უფლება გვაქვს დავუკავშიროთ ის სხვა და სხვა ეზოთერულ ჰიპოთეზებს, და ჩამოვაყალიბოთ მისი მეშვეობით რეალობის სურათი.

12 ways to raise your vibration

სიმების თეორია მეცნიერებისთვის არის შედარებით ახალი, თორემ ეზოთერიკოსებმა და პრაქტიკოსმა მაგებმა კარგად უწყიან, რომ სამყაროში ყველა პროცესი თუ ყველა ობიექტი წარმოადგენს ენერგიის გარკვეულ სახეს. მეტიც, ისინი საუბრობენ სიხშირეებსა და ვიბრაციებზე. თუ რა მექანიზმით იქმნება მატერიის და/ან ძალის ნაწილაკი ენერგიის სიმის გარკვეულ სიხშირეზე ხრევით, ეს გაუგებარია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს თეორია არ ექვემდებარება ექსპერიმენტულ გადამოწმებას და, მაშასადამე, არ ღირს ამაზე ფიქრი (ჯერჯერობით მაინც).

თუ ბუნებაში არსებობს ისეთი პროცესი, როგორიცაა ენერგიის ცნობიერი მართვა, მაშინ, მაგები ყოფილან ის ადამიანები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ სამყაროს სიმფონიის დირიჟორობაში, და ენერგიას აძლევენ თავიანთთვის სასურველ სახეს. ვინ არის სამყაროს სიმფონიის თავდაპირველი კომპოზიტორი და დირიჟორი? ღმერთი? ამაზე პასუხი უცნობია..

შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: შეგვიძლია თუ არა რეალობის მართვა? შეგვიძლია თუ არა კარმული ველის ცვლილება? და ა.შ.

კარმა, თავისი არსით, ფიზიკურად რომ შევხედოთ, წარმოადგენს ძალას, რომელიც გარკვეულ ობიექტზე (ადამიანის სამშვინველზე) მოქმედებს და ამოძრავებს მას. ვინაიდან, ნებისმიერი ფიზიკური პროცესი წარმოადგენს ენერგიის სიმების რხევას, მაშასადამე, თუ თქვენ შეცვლით სამშვინველის და/ან კარმული ველის „პარტიტურას“, შეიცვლება რეალობაც.

საქმე ის არის, რომ ადამიანების უმეტესობის ცნობიერება ჩაკეტილია „მუსიკალურად“ ერთ მელოდიაზე, რომელზეც მოქმედებენ შესაბამისი კარმული ველები. თუ მელოდია იცვლება, ველიც იცვლება. უბრალოდ, ეს ცვლილება იმდენად იშვიათია, რომ, ფაქტობრივად, შეუძლებელი ჰგონიათ.

უფრო კარგად რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ეს, წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი სხეული, რომელიც სიმძიმის ძალის გავლენით ძირს ეშვება. სიმების თეორიის ენაზე, ალბათ, გრავიტაციული ველი და სხეულის მოლეკულები აღიწერებიან შესაბამისი ენერგეტიკული ვიბრაციებით.

სხეულს არ აქვს უნარი თავად მიიღოს მონაწილეობა გრავიტაციის ფორმირებაში. ის მექანიკურად ემორჩილება „სიმფონიას“ და ჩართულია მასში. მისი მოძრაობის ტრაექტორია სრულიად განსაზღვრულია გარემო პირობების მიერ. მაგრამ, სხეულს რომ შეეძლოს რაიმე სახის ცვლილების შეტანა ამ „მუსიკაში“, მაშინ ის გავლენას მოახდენდა გრავიტაციულ ძალაზე, და შესაბამისად მისი მოძრაობის ტრაექტორიაზეც.

ადამიანს, განსხვავებით სხეულებისგან, აქვს ცნობიერი. თუმცა, თუ ვისაუბრებთ მექანიკური ცნობიერების მქონე ადამიანზე, მაშინ ის ისეთივე მექანიკურ მოძრაობას ასრულებს ცხოვრებაში კარმული ველების გავლენით, როგორსაც სხეული გრავიტაციის გავლენით. მაგრამ, თუ ის ცნობიერად ჩაერევა „კოსმიურ სიმფონიაში“, მაშინ შეძლებს წვლილი შეიტანოს კომპოზიციაში.

რეალობა წარმოადგენს ენერგიის სიმფონიას, ხოლო რეალობის შექმნა კი კომპოზიცირებას. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ საკუთარი რეალობის კომპიზიტორი. ამის მრავალი პრაქტიკა არსებობს, მაგალითად ტრანსერფინგი (რასაც მე ვიცნობ). ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემა, მათ შორის „ჩაკეტილი წრეები“ კარმული გაგებით, წარმოადგენს ერთ მელოდიაზე აწყობილ მუსიკას. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, აქედან გამოსვლისთვის საჭიროა მელოდიის, ანუ სიხშირეების ცვლილება, მაგალითად, აზრობრივი (ან განწყობის სხვა ფორმების) გამოსხივების სიხშირეების.

თქვენი „კარმული“ წარსული შეიძლება საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე მელოდიას აჟღერებდეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიუხედავად ასეთი „ისტორიული სტაჟიანობისა“, მელოდიის ცვლილება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თანაც უბრალოდ და მარტივად, დაძაბულობის გარეშე.

არ შემიძლია არ აღვნიშნო სამყაროს ეგრეგორული მოდელი, და მასთან ერთად ვადიმ ზელანდის ქანქარის განმარტება, რომელიც იგივე ეგრეგორია, და რომელიც წარმოადგენს ენერგიის გარკვეულ სიხშირეზე ვიბრირებად ობიექტს. თუ ამ ორ მოდელს ვასინთეზირებთ, მივიღებთ სიმების თეორიის რაღაცნაირ ანალოგს ეზოთერიკაში.

და უკანასკნელად აუცილებლად უნდა ვახსენო ვექტორული ფსიქოლოგია, უფრო ზუსტად კი - სმენის ვექტორი, რომლის იდეალს, ჩემი აზრით, წარმოადგენს სიმების თეორია, და ახლავე ვიტყვი რატომაც:

სმენის ვექტორი პირველყოფილ ჯოგში ღამ-ღამობით სიბნელეში იჯდა და ინფორმაციას გარე სამყაროზე სმენით იღებდა. ამ ფუნქციამ მასში განავითარა ორი ძირითადი ნიჭი: ფაქიზი მუსიკალური სმენა და დაფარული ინფორმაციების წვდომის უნარი. დღესდღეობით ეს ვლინდება როგორც გენიალური მუსიკოს-კომპოზიტორები, და სამყაროს ფუნდამენტალური მოწყობის მკვლევარები.

სიმების თეორია კი წარმოადგენს ამ ორი მიმართულების გაერთიანებას, რადგან ის სამყაროს ფუნდამენტალურად აღწერს სწორედ ენერგეტიკული სიმების სხვა და სხვა სიხშირეზე ვიბრირების მიხედვით, რაც ასოცირდება მუსიკალურ ბგერებთან. სწორედ ამ მუსიკალურ-მეცნიერულ სინთეზს წარმოადგენს სიმების თეორია, მუსიკით რეალობის აღქმას და აღწერას, რასაც ჯერ კიდევ პირველყოფილ ჯოგში აკეთებდა სმენა, და ვინ იფიქრებდა, რომ დღეს ასეთ მოდელს შექმნიდა.

თუ ეს თეორია მართალია, მაშინ აღმოჩნდება, რომ მეცნიერები მთელი ამ ხნის განმავლობაში იკვლევდნენ ე.წ. სამყაროს სიმფონიის სტრუქტურას. ხოლო ეზოთერიკოსები კი ცდილობდნენ კომპოზიტორები გამხდარიყვნენ, ლოკალურად მაინც.

პ.ს. ეს ჩემი მოსაზრებაა, და თუ მკითხველს ექნება კომენტარები და/ან შენიშვნები, შეგიძლიათ დატოვოთ სტატიის ან პოსტის ქვეშ.

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..