lenin copy

ავტორი: აკაკი სხულუხია

საქართველოს ისტორიაში ვხვდებით ერთ საინტერესო ფაქტს, რომელიც ქართველი ხალხის ხასიათის ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილზე მიუთითებს. ეს ფაქტი არის ის რომ ჩვენ მმართველობის მონარქიულ სისტემაზე უარი არ გვითქვამს, ჩვენი ნებით. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს სამეფო და მაშასადამე ბაგრატიონთა ძველი უფლებები, თუმცა კი მონარქია როგორც მმართველობის სისტემა დარჩა, რადგან ბაგრატიონები ჩანაცვლებულ იქნენ რუსეთის იმპერიით, იმპერატორით სათავეში. მართალია 118 წლის შემდეგ ჩვენ დავაარსეთ საქართველოს რესპუბლიკა (პირველ რესპუბლიკად წოდებული), თუმცა ესეც არ მომხდარა ჩვენი ინიციატივით, მოგეხსენებათ იმ დროისთვის ყველაზე ძლიერი პარტია არ აპირებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და საუკეთესო პერსპექტივაში საქართველო უნდა ყოფილიყო ავტონომიური ერთეული რუსეთის შემადგენლობაში. თუმცა რუსეთის იმპერია დაიშალა და დამოუკიდებლობის გამოცხადების გარეშე ვკარგავდით უფლებებს გარკვეულ ტერიტორიებზე რამაც შეიძლება ითქვას გვაიძულა დამოუკიდებლობის გამოცხადება.

უნდა აღინიშნოს რომ ეს ქმედება იყო ნაკარნახევი გერმანიის იმპერიის მიერ, რომლის უფლისწულის მოწვევა და ჩვენს სამეფო ოჯახის წევრთან დაქორწინება იგეგმებოდა, რითაც საქართველო იქცეოდა გერმანიის იმპერიაზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ. თუმცა გერმანია მალევე დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში რამაც ჩაშალა მაშინდელი ქართული „ინტელიგენციის“ გეგმები, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ მფარველად ერთა ლიგა მიიჩნია რომელშიც საბოლოოდ ვერ გავწევრიანდით და მოხდა ის რაც მოხდა, ანუ საქართველოს პირველი „რესპუბლიკა“ ჩათრეულ იქნა „წითელ მორევში“ რომელმაც შემდეგაც მრავალი სახელმწიფო ჩაითრია.

მეოცე საუკუნის დასასრულს საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს მეორეჯერ მიეცა შანსი რომ მსოფლიო სარბიელზე გამოჩენილიყო როგორც დამოუკიდებელი ერთეული და ქართველმა ხალხმა ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან, თუმცა უნდა ითქვას რომ ხასიათის ის ნიშანი რომელზეც მალევე მოგახსენებთ თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით არ დაგვიკარგავს. ზვიად გამსახურდიასა და მისი თანამოაზრეების თაოსნობით მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება და ქვეყნის პრეზიდენტად თითქმის აბსოლუტური უმრავლესობით არჩეულ იქნა ზვიად გამსახურდია, მას ხალხი როგორც გადამრჩენელ გმირს ისე უყურებდა რომელსაც ისინი უნდა წაეყვანა ნათელი მომავლისკენ. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს რომ გაბატონებული აზრი იყო ის, რომ გამოჩნდა გმირი რომელიც ქართველ ერს გაუძღვებოდა ნათელი მომავლისკენ და არა ის რომ ქართველები თავად გაივლიდნენ ამ გზას. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხალხის ცნობიერებაში არასდროს არ ყოფილა მსგავსი აზრი რომ ჩვენ გავაკეთებთ საქმეს, არამედ ვიღაც ვინც ძლიერია ვინც ქარიზმატულია, ჩვენზე აღმატებულია ის წაგვიყვანს და შემდეგ ჩვენ ყველანი კარგად ვიცხოვრებთ. თუ დააკვირდებით თანამედროვე ეპოქაშიც კი სწორედ ეს აზრი ფიგურირებს, სწორედ ამიტომ არ ვუთხარით სამეფო ოჯახს უარი გაძღოლაზე, ამიტომ არ მოხდა ჩვენთან ის რაც მოხდა საფრანგეთში, თურქეთშიც კი სადაც დიახ თურქმა ხალხმა სულთანს უთხრა რომ კიბატონო საუკუნეები მიგვიძღოდი და ჩვენც მოგყვებოდით მაგრამ ახლა ჩვენ გვაცალე, ახლა ჩვენ თვითონ გავიკვლევთ გზას, ათათურქის მოწოდებები სწორედ ამ აზრის მატარებელი იყო და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს იმ დროს „ჩამორჩენილმა“ თურქმა ხალხმა გზა გაიკვლია და ვერავინ უარყოფს რომ დღეს ის საკმაო კალიბრის მქონე ერთეულია მსოფლიო არენაზე.

დავუბრუნდეთ საქართველოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ქართველ ერს გააჩნდა და შეიძლება ითქვას დღესაც ნაწილობრივ (იმედია ამ სიტყვას ზედმეტად ოპტიმისტურობაში არ ჩამითვლით) გააჩნია ესეთი ხასიათი. ამ ხასიათს მოსდევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება რაც შეინიშნება ოჯახში უმცროს ბავშვებში როდესაც უფროს დასთან ან ძმასთან გასამკლავებლად მშობლებს მიმართავენ დახმარების თხოვნით. ასეთი ხასიათის მქონე ადამიანები ეგოცენტრულები არიან და თავიანთი პრეტენზიების გატარებას „მფარველის“ ხარჯზე ცდილობენ თუმცა რამდენადაც ეს ბუნებრივია მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, იმდენად საშინელებაა ეს, როდესაც საუბარი გვაქვს ერზე.

სწორედ ეს მოხდა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი რომ აფხაზი და ოსი ხალხი (და ასევე ჩვენი მეზობელი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები) არაფერს წარმოადგენენ საქართველოში, რომ საქართველო მხოლოდ ეთნიკურად ქართველებისაა და ა.შ. მოგეხსენებათ ქვეყნის პირველი პრეზიდენტიც იზიარებდა ამ აზრს, ის უნდა ყოფილიყო ერის მამა რომელიც განდევნიდა საქართველოდან სხვა ეთნიკურ ჯგუფებს. მაპატიეთ მაგრამ ერთი შეიძლება ზოგიერთისთვის შემზარავი რამ მინდა გაგიზიაროთ: აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ისეთივე ადამიანები არიან როგორც ქართველები. ისინიც განიცდიან ტკივილს, ისინიც სუნთქავენ, გაგიკვირდებათ და ემოციებიც აქვთ და უნდათ რომ იცხოვრონ ისევე როგორც სხვა ადამიანებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მათ შორის საქართველოშიც. როდესაც მათ იგრძნეს რომ ამ ფაქტს ვიღაც არ ეთანხმება და მათ შორის იმ ქვეყნის ლიდერი რომლის მოქალაქეებიც არიან მათ ისევე იგრძნეს საფრთხე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი იგრძნობდა და ამას მოჰყვა გარკვეული რეაქცია, რომლის სისწორეზე საუბარს აზრი არ აქვს რადგან ქვეყნის საშინაო ომში ისევე არ არსებობს მტყუან-მართალი როგორც გამარჯვებული. დიახ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ თაობები და ვინ იცის რამდენი ათწლეული გავა სანამ ომისგან მიყენებულ იარებს ბოლომდე მოვიშუშებთ, თუმცა თუ ვინმე ფიქრობს რომ აფხაზები და ოსები ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში დალხენილები ცხოვრობდნენ და ასევე დალხენილად იცხოვრებენ, მინდა ვთქვა რომ ეს აზრი ძალიან შორსაა ჭეშმარიტებისგან.

მოგეხსენებათ, ეს ორი რეგიონი იზოლაციაშია მთელი მსოფლიოსგან, თუ არ ჩავთლით რუსეთს და სხვა რამოდენიმე ქვეყანას. მათ არ აქვთ სასწავლებლები და თუ აქვთ, ფაქტია, რომ ამ სასწავლებლების გაცემული დიპლომი მაკულატურაა თითქმის მთელ მსოფლიოში გარდა რუსეთისა, სადაც იმედია არ ფიქრობთ რომ აფხაზებსა და ოსებს გაშლილი ხელით ელიან, მობრძანდით ბატონო რახან ამ რეგიონიდან ხართ ვის ანაღვლებს სხვები თქვენ დასაქმდითო. სასწავლებლის გარდა მათ არ აქვთ ნორმალური სამედიცინო დაწესებულებები, მოკლედ რომ ვთქვა მათ არ აქვთ ცხოვრება და თუ დანარჩენ მსოფლიოში არის 2019 წელი ერთი წამითაც ნუ დაუშვებთ რომ იგივე მდგომარეობაა ამ ორ რეგიონშიც.

ამ კონფლიქტის შედეგად რომელიც გამოწვეული იყო რეალურად შოვინისტური მიზეზებით, კერძოდ კი ქართველები მიიჩნევდნენ რომ ახალი დამოუკიდებელი მთავრობა მათ შეუქმნიდა საქართველოს მხოლოდ ქართველებისთვის რაზეც აფხაზებისა და ოსების საპასუხო რეაქცია იყო, რომ რუსეთი შეუქმნიდა მათ აფაზეთსა და შიდა ქართლის გარკვეულ ტერიტორიას მხოლოდ აფხაზებისა და ოსებისთვის. დღესავით ნათელია რომ ორმა არაჯანსაღმა აზრმა შვა დაღუპული თაობები და დაკარგული სიცოცხლეები რაც ჯერაც არ გამოსწორებულა ქართველებისთვის და ალბათ არც არასდროს გამოსწორდება აფხაზებისა და ოსებისთვის სანამ არ მოხდება ამ პრობლემის სწორი კუთხით დანახვა. არავინ კამათობს იმაზე, რომ მოცემული სიტუაციით ბოროტად ისარგებლა სახელმწიფომ რომელიც პრინციპში დაარსების დღიდან ექსპანსიური ხასიათის მატარებელი იყო და იმ მოვლენით რასაც აფხაზეთისა და ოსეთის ომი ეწოდება რაიმე ახალი ჩვენ მასზე არ გაგვიგია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად შემიძლია შეგეკამათოთ იმაზე, თუ რამდენად სწორად იქცევა საქართველო დღემდე. სამწუხაროდ, ჩვენ იმ ხასიათის გამო (რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ) თავს დამტყდარ უბედურებებმა ვერაფერი გვასწავლა და დღემდე ვეძებთ გმირს, მფარველს არ აქვს მნიშვნელობა რას დავუძახებთ, მოკლედ რომ ვთქვათ ვიღაცას ვინც „იბერიას გააბრწყინებს“, დღესდღეისობით ასეთ მესიად დასავლური სამყარო გვევლინება თუმცა უნდა აღინიშნოს რომ დასავლური სამყარო არ შექმნილა კიდევ სხვა ძლიერი სამყაროს მეშვეობით, ეს ქვეყნები ალიანსები და ასე შემდეგ შექმნეს ადამიანებმა რომლებმაც გაბედეს მოქმედება, გაბედეს ყოფილიყვნენ ბედნიერები, გაბედეს და თავიანთ ფეხებზე დადგნენ. გარკვეული შედეგების მისაღწევად საჭიროა გაბედო ქმედება, გაბედო და თქვა რომ ზოგჯერ ის რაც მართებულად მიაჩნია უმრავლესობას წინააღმდეგობაში მოდის ჭეშმარიტებასთან, რომ ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას ვიდრე ის რასაც ზოგიერთი ადამიანი „ეროვნულ ღირებულებებს“ უწოდებს.

გავბედავ და გეტყვით, რომ ეროვნული ღირებულება, რომელიც ადამიანზე და მის უფლებაზე, რომ იცხოვროს, როგორც ადამიანმ,ა უფრო მაღლა აყენებს რაიმეს და მზად არის გადაუაროს ამ ადამიანს რათა დაიკმაყოფილოს გარკვეული მისწრაფებები - არის ბოროტება, სწორედ ბოროტება იყო ის რაც მოხდა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში და სწორედ ამ ბოროტებას ჩაეჭიდა ბოროტების იმპერია. დღევანდელი „გადავადების რეჟიმი“ რომელშიც იმყოფება ჩვენი სახელმწიფო, ასევე არის ბოროტება, რადგან ყოველი დღე არის უპერსპექტივო მომავალი ათასობით აფხაზისა და ოსისთვის და, სახლის მონატრებისგან გამოწვეული ტანჯვა ათასობით ქართველისთვის. და ამ ბოროტებაზე თვალის დახუჭვა არის დანაშაული სამი ეთნოჯგუფის, ანუ ჯერჯერობით სამად გაყოფილი ერთი ხალხის წინაშე. სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ, ამ კონფლიქტის მომავალი თაობებისთვის ისე ჩვენება, რომ ჩვენ ვართ ანგელოზები ხოლო აფხაზები და ოსები რუსებთან ერთად არიან დემონები არის ბოროტება, ასევე იმის თქმა, რომ ჩვენ, აფხაზები და ოსები ვართ ანგელოზები და ყველაფრის თავი და მიზეზი მხოლოდ რუსეთია არის ბოროტება, ბოროტება რომელიც არ მიიჩნევს ადამიანს, როგორც ღირებულს და თუ თქვენ თავს ადამიანად თვლით უნდა იცოდეთ რომ ეს ბოროტება შეიძლება ოდესღაც თქვენც შეგეხოთ, რადგან ის არ აყენებს გარკვეულ მისწრაფებებს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფზე მაღლა, არამედ ზოგადად ყველა ადამიანზე მაღლა, ასეთი იდეოლოგიები, რომლებიც ადამიანზე მაღლა რაიმე მისწრაფებებს აყენებენ, მრავლად გვხვდება მსოფლიოს ისტორიაში და უკვე მრავალჯერ გამოჩნდა სადამდე მივყავართ მათ.

როდესაც ვლაპარაკობთ ოკუპირებულ რეგიონებზე და მათი დაბრუნების გზაზე, უნდა დავსვათ რამოდენიმე კითხვა: რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიწა თუ ადამიანი? გვიღირს ღირსების გრძნობით გამართლებული უგუნურება ათასობით ადამიანის უბედურებად? უფრო მშვიდათ დაგვეძინება თუ გვეცოდინება, რომ ფურცელზე ამ ორი რეგიონის ჩვენად მოხსენიება ასიათასობით ადამიანის ტანჯვის პარალელურად ხდება? თუ ფიქრობთ, რომ ომით დაკარგულის დაბრუნება ისევ ომის გზით უნდა მოხდეს? სამწუხაროდ ამ აზრს ჰყავს მომხრეები რომლებიც მინდა მჯეროდეს, რომ ამას დაუფიქრებლად გამოთქვამენ და შეგნებულად არ უჭერენ მხარს იმ საშინელებას რაც ომს მოაქვს.

ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ვფიქრობ იმაზე მეტი მწარე გაკვეთილი მივიღეთ ვიდრე საჭიროა იმის გასაგებად რომ კონფლიქტი და ჯიუტად საკუთარი პოზიციის დაცვას და საპირისპირო მხარის არაფრად ჩაგდებას არ მივყავართ კარგ შედეგამდე. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ქვეყნის საშინაო ომში არ არსებობს გამარჯვებული და იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ ორი რეგიონის დაბრუნება მოხდება სამხედრო გზით, რამდენად კარგი იქნებოდა იმის გაცნობიერება, რომ სისხლით და ბოროტებით გაჟღენთილ მიწაზე ვიცხოვრებდით, რომელიც ასიათასობით ადამიანის უბედურების მოწმე იქნებოდა?

ვფიქრობ სწორად დასმულ კითხვებს მივყავართ საჭირო პასუხებამდე რომლებიც ჩვენს ქმედებებს უფრო ჰუმანურს ხდიან, როგორ ფიქრობთ, აღარ დადგა დრო საქართველო იყოს ნამდვილად საქართველო და არა ბაგრატიონთა, შევარდნაძეთა, სააკაშვილთა ან ივანიშვილთა მამული, რომლის საზღვრების გაზრდასაც ხალხი შეეწირება. ვფიქრობ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას: მიწა თუ ადამიანი?!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...