akaki

ავტორი: აკაკი სხულუხია

ის რაზეც მე უნდა გესაუბროთ, შეიძლება ითქვას გარკვეული გაგებით გამოუთქმელია, ანუ მას ვერ აღვწერთ ყველასთვის გასაგები ენით, ასე ვთქვათ, არ ექვემდებარება უნივერსალურ სიმბოლოთა სისტემას, იმას რასაც ენას ვეძახით. თუმცა შესაძლებელია ამ ფენომენის თანაგანცდა. ერთადერთი რასაც მე ამ თემაზე წერისას მიველტვი, არის თქვენში თანაგანცდის გამოწვევა, რაზეც თავიდანვე გეტყვით რომ ვერ იქნება იმის გარანტი რომ ეს თქვენ მიერ საგნის არსის ბოლომდე გაგებას გამოიწვევს. თუმცა თანაგანცდამ შეიძლება ბიძგი მისცეს თქვენი ინდივიდუალური გამოცდილების დაბადებას რომელიც არის კიდევაც შემეცნებისაკენ გადადგმული პირველი და უმთავრესი ნაბიჯი.


რა არის შემეცნება? ვგონებ ამ კითხვაზე მრავალი სხვადასხვა ტიპის პასუხი შეიძლება მივიღოთ, ისევე როგორც სხვა მრავალ კითხვაზე, რადგან ადამიანის აღქმა არის სუბიექტური, ანუ ის საგნის არსს სწვდება იმ ზომით რა ზომის აღქმის უნარიც მას აქვს. დავით გურამიშვილმა შესანიშნავად აგვიხსნა ეს ყველაფერი: „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების; არც ცხადის ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების; ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!“ ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ანუ ადამიანი შეიძლება ვერ ხედავდეს ვერ სწვდებოდეს გარკვეული საგნის არსს რადგან მისი აღქმის უნარი ვერ სწვდება მოცემული საგნის სიდიადეს. ის იმდენად ელვარეა რომ მას ვერ ვხედავთ. თუ დაინტერესდით ამ მოვლენით და გნებავთ საკუთარ თავზე გამოცდა შედარებით იოლი ხერხით, სცადეთ და შეხედეთ მზეს. ის თქვენ თვალთ დაგიბნელებთ და იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ გარკვეული მაღალი ინტენსივობის შუქს თვალს გაუსწორებთ თქვენ მას ვერ აღიქვამთ ბოლომდე ისეთად, როგორიც ის არის. თუმცა როდესაც ადამიანი საგნის არსს სწვდება და ის მასში ბადებს გარკვეული მაღალი ინტენსივობის ემოციებს (მოგეხსენებათ რაღაც ახალს და სასიამოვნოს ყოველთვის მოჰყვება თან მცირე ეიფორიის გრძნობა მაინც) სწორედ მაშინ დგება ის მომენტი რასაც შემეცნებას ვუწოდებთ.

როდესაც შემეცნებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ მნიშვნელოვანია განისაზღვროს რა არის შემეცნების საგანი? ამ კითხვაზე უამრავი და საკმაოდ გრძელი პასუხი შეიძლება დაიბადოს თუმცა ყველა ეს პასუხი ასევე შეიძლება დაყვანილ იქნეს ორ რამეზე: სამყარო ჩვენს ირგვლივ და სამყარო ჩვენს შიგნით. თუმცა აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ ფაქტორზე. რამდენად შესაძლებელია ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ობიექტურად აღქმა? პასუხი ამ კითხვაზეც საკმაოდ მოკლეა: შეუძლებელია. რატომ? ამის მიზეზი არის ის რომ სამყაროს რომელსაც თქვენ აღიქვამთ არის თქვენი გონების მიერ პროეცირებული სურათი. აღმქმელ ინსტრუმენტებს მიეწოდებათ გარკვეული სიგნალები რასაც ისინი თქვენს გონებაში უყრიან თავს და შედეგად ვიღებთ იმას რასაც ჩვენ ყველა სამყაროს ვუწოდებთ. შეიძლება ითქვას ყველაფერი რითაც თქვენი აზრით შემოსაზღვრული ხართ თქვენს გონებაშია. თქვენი აღქმა კი თავის მხრივ ყალიბდება იმ მოვლენების წყალობით რომელმაც თქვენზე ღრმა კვალი დატოვა. ასეთ მოვლენებს შეიძლება ფილტრებიც კი ვუწოდოთ. წარმოიდგინეთ რომ არსებობს დაფა რომელიც იჭერს სიგნალებს და გარდაქმნის მათ ინფორმაციად ასე ვთქვათ ობიექტური აღმქმელი. ჩამოვაფაროთ მას დაფა რომელიც გარდატეხს ამ სიგნალს და პირველ დაფამდე ის უკვე სხვა სახით მიდის. ჩამოვაფაროთ მას კიდევ ერთი, კიდევ ერთი, ისევ და ისევ დაუსრულებლად. სწორედ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაშიც. გარკვეული მოვლენები რომლებიც ღრმა პოზიტიურ თუ ნეგატიურ განცდებს იწვევენ ჩვენში არიან სწორედ ის დაფები რომლებიც სიგნალს გარდატეხენ და შედეგად ჩვენ ვიღებთ ასობით ან თუნდაც ათასობით ფილტრში გატარებულ ინფორმაციას რომელიც გონებაზე აღიბეჭდება. შეიძლება ვიფიქროთ რომ ჩვენი პიროვნება ყალიბდება იმ მნიშვნელოვანი მოვლენებით რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა და სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენს აღქმას და მაშასადამე ყველაფერს ჩვენს შიგნით თუმცა არა! ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა თავად მოვლენა არამედ ჩვენი რეაქცია ამ მოვლენაზე. ჩვენს თვალწინ შეიძლება მოხდეს უამრავი რამ, თუმცა ის თუ რა რეაქცია გვექნება ჩვენ იწვევს საგნის იმგვარად შემეცნებას როგორადაც ვიმეცნებთ. აი მაგალითად რა გამოარჩევთ ადამიანებს რომლებმაც რაღაც ღირებული შექმნეს? მათი რეაქცია. მოვლენა რამაც მათში გარკვეული ფიქრების დაბადება გამოიწვია შეიძლება ათასობით ადამიანს შემთხვევია მაგრამ მხოლოდ მათ ქონდათ საჭირო რეაქცია ამ მოვლენაზე, რაც შემდეგში უამრავი გამოგონების და ქმნილების მიზეზი გახდა. მათ სხვანაირად დაინახეს შეიძლება ითქვას განიცადეს რაღაც მოვლენა, რასაც სხვები შეიძლება ყურადღებასაც არ აქცევდნენ, ან იქნებ სულაც აქცევდნენ მაგრამ მაინც ამ ადამიანებმა რაღაც ახალი რაღაც სხვა დაინახეს რამაც მათში გარკვეულ პროცესებს დაუდო საფუძველი. თუ დავაკვირდებით მწერლობა სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული მოვლენის მიერ მწერალში განცდების გამოწვევა, შემდეგ ამ განცდების ფურცლებზე გადმოტანის მცდელობა იმგვარად, რომ მან ჩვენში თანაგანცდა გამოიწვიოს, ანუ ჩაგვაყენოს დაახლოებით იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იყო მწერალი.

მაგალითად: ყველა ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს ვეფხისტყაოსანზე იცის რომ ეს მსოფლიო შედევრი დაწერილია იმ განცდით რომელსაც ქვია სიყვარული და შოთა რუსთაველის გრძნობები თამარის მიმართ არის ცნობილი ფაქტი, თუმცა პირადად მე როდესაც ვაწყდები ისეთ ქმნილებებს როგორიცაა: „ვეფხისტყაოსანი“, „ღვთაებრივი კომედია“, „ლეილი და მაჯნუნი“ ამ დროს მე ვხვდები არამარტო იმას რომ პოეტი შეყვარებულია არამედ იმასაც (დაახლოებით რათქმაუნდა, რადგან თანაგანცდა ვერ შეედრება განცდას) თუ ვინ უყვარს მას, რადგან ასეთ პოემას ვერ დაწერ ვიღაც ერთ-ერთი რიგითი ლამაზი ქალის მიმართ ხორციელი ლტოლვის შედეგად. მსგავსი დიადი ქმნილებები დიად მუზას მოითხოვენ. ვეფხისტყაოსანს ვერ დაწერ, ღვთაებრივ კომედიას ვერ დაწერ, ღამით სავსე მთვარის ხილვისას ვერ გაიფიქრებ რომ ეს არის შეყვარებული ადამიანი რომელიც განათებულია სიყვარულის სხივებით - თამარის, ბეატრიჩეს და მარიამის გარეშე, მოგეხსენებათ მარიამ ღვთისმშობელი ხშირად ფიგურირებდა რენესანსის ეპოქის ხელოვნებაში.

მსგავსი აზრი გამოთქმულია არისტოტელეს პოეტიკაშიც კერძოდ: რა არის თეატრისა და თეატრალური წარმოდგენების დანიშნულება? გამოიწვიოს თანაგანცდა ადამიანებში და დააფიქროს ისინი ისეთ საკითხებზე რასაც ყოველდღიურ ყოფაში ყურადღებას არ მიაქცევდნენ, რადგან ასე ვთქვათ მიწიერ ფუსფუსში იქნებოდნენ გართულნი. სწორედ მიწიერი ფუსფუსიდან გამორკვევა და ფიქრში ჩავარდნა იწვევს ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხის იმდაგვარად დანახვას, რასაც მივყავართ საკუთარი თავიდან აზრის დაბადებამდე.

ფრაზა Sapere aude, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „გაბედე იყო ბრძენი“, დაახლოებით იგივე აზრის მატარებელია. ნუ მიენდობი მხოლოდ სხვის ნააზრევს, ნუ გაიხდი კერპად რაიმეს. არამედ შენ თვითონ დამოუკიდებლად დაბადე შენი თავისგან მშვენიერება . სხვა ვერ აღგიწერს რა არის ის რაც მხოლოდ მას ეკუთვნის და სხვას არავის, მას აქვს გარკვეულ განცდებთან წვდომა იმასთან რისი მონაწილეც მხოლოდ თვითონ იყო. საკუთარ თავში აზრის დაბადებითა და შემეცნებით შენ წვდები საგნის არსს და ხდები იმ განცდის თანამონაწილე რაც თითოეულ ადამიანს განუცდია რომლებსაც დღეს დიდი მოაზროვნეების და მეცნიერების სახელით ვიცნობთ.

„ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა რაზომსაც დაეტარების“ ამბობს დავით გურამიშვილი. ეს ფრაზა შეიძლება გავიგოთ ასე: ადამიანი იმ დონემდე აღიქვამს საგნის მშვენიერებას, რაოდენ მშვენიერიცაა იგი შიგნიდან რადგან ადამიანის სუბიექტური აღქმა არის ის ფილტრი რომელის გავლის შემდეგ სამყაროდან წამოსული სტიმულები აღიქმებიან ადამიანის მიერ, რომელთა აღქმის უნარი ყალიბდება გარკვეული გამოცდილების, განსაცდელის შედეგად. მოგეხსენებათ ყოველი ადამიანის ცხოვრების გზა არის უნიკალური მათ შორის არის მცირედი ცვლილება მაინც. რათქმაუნდა, ეს გამოცდილება, რაც ადამიანს აქვს ვერ იქნება სრულიად უნიკალური, ამიტომაც არსებობენ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები, თუმცა მათ შორისაც კი არის განსხვავება, შეიძლება სულაც ძალიან მცირე მაგრამ განსხვავება. განსაცდელი ან გამოცდილება, ვუწოდოთ მას რომელიც გნებავთ, არის მკვეთრად ინდივიდუალური, ამიტომ თქვენ ვერ შეძლებთ იპოვოთ ორი ადამიანი, რომელთა აღქმის უნარი არის აბსოლუტურად იდენტური. ადამიანები დაობენ მრავალ საკითხზე, რაც სინამდვილეში მკვეთრად ინდივიდუალრია ეს შეიძლება იყოს რელიგიური მრწამსი, მსოფლმხედველობა, იდეოლოგია და სხვა მრავალი. ადამიანები ვერ აცნობიერებენ რომ რამდენიც არ უნდა ეცადონ, რაოდენ მაღალფარდოვანი სიტყვებიც არ უნდა გამოიყენონ ისინი ვერ ჩაუდებენ სხვა ადამიანს თავიანთ ცოდნას ასე ხელაღებით. მეტიც, რაც უფრო ჯიუტად ეცდებიან დაამტკიცონ რომ მათი ხედვაა „ყველაზე სწორი“ მით უფრო მათთვის უარეს შედეგს მიიღებენ.

ასეთი დამოკიდებულების მაგალითად შეიძლება გამოდგეს ის რასაც კომუნისტები აკეთებდნენ. ვგულისხმობ „ლამაზი ფრაზების“ კედლებზე დაწერას. საბჭოთა კავშირში არსებობდა რწმენა რომ რაც უფრო მეტად მოვახვევდით ბავშვს თავს ლამაზ ფრაზებს ის მით უფრო „კარგი“ გაიზრდებოდა. ამიტომ ისინი წერდნენ სხვადასხვა სოციალისტურ სიბრძნეებს ყველგან სადაც კი შესაძლებელი იყო. მგონი ყველამ ვიცით ამ მხეცურმა ქმედებამ ასე ვთქვათ ძალადობამ შემეცნებაზე რა შედეგიც გამოიღო. სოციალისტური ბანაკი დაიშალა მის ნანგრევებზე კი მკვეთრად განსხვავებული გეზის მქონე ქვეყნები აღმოცენდნენ, სადაც დღემდე ვაწყდებით მკვეთრად ანტიკომუნისტურ ხედვებს და ეს მოხდა იმის მიუხედავად რომ სახელმწიფო დიდი მონდომებით ცდილობდა ახალი თაობები სხვადასხვა სოციალისტური „სიბრძნეების“ გარემოცვაში აღეზარდა, რათა მათგან კარგი ამხანაგები გამოეყვანა. ეს „სიბრძნეები იყო დაახლოებით ამ ტიპის: იარე მარჯვნივ, ადექი ფეხზე, დაჯექი სკამზე და ა.შ. რატომ ხდებოდა ასე? არცისე ძნელი მისახვედრია. მოგეხსენებათ ტოტალიტარული სახელმწიფო და თავისუფალი, მოაზროვნე ადამიანები ცოტათი მწყრალად არიან ერთმანეთთან. თქვენ თუ ხართ ტოტალიტარულ ტიპის სახელმწიფოს მმართველი და გინდათ რომ ადამიანები იყვნენ „იოლი სამართავნი“ ამის მისაღწევად არსებობს ორი გზა: პირველი მათ ან არაფერი არ უნდა იცოდნენ რაც ძნელი მისაღწევია რადგან მაინც წავლენ ბიბლიოთეკებში და რაღაცებს მაინც წაიკითხავენ ეს „დამპლები“ და მეორე მათი გონება უნდა გამოვტენოთ აუარება უსარგებლო ფაქტებით რაც მათ ფიქრის საშუალებას არ მისცემს. ამიტომ საბჭოთა ერთ-ერთი ლოზუნგი ჟღერდა ასე: სწავლა! სწავლა! და სწავლა!

ვიღაცეებს შეიძლება დღემდე ჰგონიათ, რომ თუ ბავშვს აუარება ზოგად ცოდნას ჩავუტენით თავში ეს მასზე დადებითად იმოქმედებს. ასეთი ადამიანების სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ თქვენ ადამიანს თავში ცოდნას ვერ ჩაუდებთ, არათუ ბავშვს არამედ მოზრდილ ადამიანსაც ვერ, ხელოვნურად ვერ მისცემთ იმას რის მისაღებადაც თანამონაწილეობა აუცილებელია, მან ის თვითონ უნდა განიცადოს. ამიტომაც ჰქვია მას განსაცდელი ანუ ის რაც უნდა განიცადო თვითონ, ინდივიდუალურად. უნდა იყო ამ პროცესის მონაწილე რათა შეუერთდე იმ ადამიანთა რიცხვს რომლებიც შემეცნების პროცესით და სამყაროს დიდებულებით ტკბებიან. განცდა და თანაგანცდა სწორედ ეს არის ის რითაც შესაძლებელია უბრალოდ ბიძგი მისცე ადამიანის მიერ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას.