ავტორი: თიკა ბერძენიშვილი

ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ და დღესაც აინტერესებთ შეუცნობელის შეცნობა. (სულიერი სამყარო).
ძიების პროცესი საკმაოდ რთულია და ღრმა გაცნობიერებას მოითხოვს. რთულია, იმიტომ რომ მასზე საკუთარი წარმოდგენა ძირითადად ფანტაზიის ფარგლებში გვაქვს ან შემოვიფარგლებით იმ ადამიანთა შეგონებებით და შთაგონებით, რომლებმაც სულიერი სამყაროს კარი შეაღეს... მათი მიღწევები რა თქმა უნდა საინტერესოა და ბევრიც წაგვიკითხავს, მაგრამ როდესაც ადამიანი მაძიებელი ხდება, მან თავისი საკუთარი გზა თვითონ უნდა იპოვოს და მიჰყვეს.

“რამდენი სულიც არის დედამიწაზე, იმდენივე გზაა ღმერთამდე მისასვლელიო"... დიახ, ვიზიარებ ამ სიტყვებს. თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანები აღწევენ სულიერი განვითარებით მეტაფიზიკურ სამყაროებს, მათ მატერიალური სამყაროსადმი ინტერესი ეკარგებათ. ანდა პირიქით, ძალიან მატერიალური ტიპის ადამიანებს სულ არ აინტერესებთ სულიერი სამყარო და ცდილობენ ყოველთვის თავი აარიდონ მსგავსი თემებით დაინტერესებას. ერთგვარად ტაბუ აქვთ დადებული. არადა ადამიანი არის როგორც სხეული, ასევე სული და ეს ერთი მთლიანობაა. სხეული სულის გარეშე ვერ იარსებებს და ეს ხშირად გვავიწყდება. მანამ სანამ სხეულში ვართ ერთი მეორესგან არ უნდა გავაცალკევოთ. აქ მაგალითისთვის მედლის ორი მხარე გამოდგება, რომელიც მთლიანობაში ერთი მთელს წარმოადგენს.

unity


სულიერი ცხოვრების გზაზე შედგომა ბევრ არასწორ ნაბიჯებს ადგმევინებს ხოლმე ადამიანებს (თუმცა ესეც საჭიროა ჩვენი სულიერი წრთვნისთვის). ზოგიერთი ფიქრობს, რომ მხოლოდ პირჯვრის წერა, სანთლის დანთება და სიტყვების თქმა ,,ღმერთო დაგვიფარე" საკმარისია სულიერი ცხოვრებისთვის.ზოგიერთი ათასგვარი მიმდინარეობიდან რამოდენიმეს გამოსცდის და მაინც ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ზოგი რელიგიურ ფანატიზმშია გადავარდნილი და ეკლესიაში სიარული, წირვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება ჰგონია მხოლოდ სწორი, მაგრამ ვერც ეს ადამიანები ჰპოვებენ სულიერ ჰარმონიას, რადგან დაპროგრამებული ქცევების მსხვერპლნი ხდებიან. ეკლესიაში ყოფნით თუ დროებით ავიწყდებათ რა ,,ვარამი" უტრიალებთ გულში, გამოვლენ იქიდან და ისევ ვარდებიან,, ბოროტებაში: შურში, მრისხანებაში, მოწყენილობაში და ა. შ...

იმ მრავალ ცოდვაში, რომელიც ეკლესიის კანონებში მრავლადაა, მათ შორისაა ცეკვა და მხიარულება.

ვარდებიან ცოდვაში, თან იმედი აქვთ აღსარებაში მოინანიებს და ესე გრძელდება უსაშველოდ უსასრულოდ. მას ღვთიურ სიყვარულთან კავშირი არ აქვს. ქრისტიანები ვართო ვიძახით და არათუ ,, მოყვასი" არ გვიყვარს, არც საკუთარი თავის სიყვარული გაგვაჩნია, მტრის სიყვარულზე ხომ სრულიად ზედმეტია საუბარი. ქრისტემ კი რა დაგვიბარა:,, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”

გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით", ,, გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს"... მან ის უპირობო სიყვარული იქადაგა, რომელსაც ანგარებასთან და პირობებთან კავშირი არ აქვს. ჩვენ კი ერთმანეთი როგორ გვიყვარს? მიყვარხარ იმიტომ, რომ ამიტომ... ეს „ამიტომ სიყვარული“ და მასზე დაშენებული ურთიერთობები ყალბია და არაა ნამდვილი. ასეთი ურთიერთობები დროს ვერ უძლებს და მალე ინგრევა.

უპირობო სიყვარული, პატიება და მადლიერება აი რა არის ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული. ჩვენ კი ლოცვის დილა-საღამოს კითხვა გვგონია ქრისტიანობა. უპირობო სიყვარული, პატიება და მადლიერების გამოხატვა ყველაზე მეტად უჭირს ადამიანს, მაგრამ მერწმუნეთ (ან ნუ დამიჯერებთ სანამ არ გამოსცდით) თუ სამივეს შეძლებთ მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს და ჰარმონიას, რომელსაც ყველა ვეძებთ მეტნაკლებად. აი მაშინ ექნება ლოცვას და პირჯვრის წერას აზრი. მანამდე კი წყლის ნაყვაა ყოველი რელიგიური, თუ სხვა სულიერი რიტუალი. ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები თუ ვამბობთ რომ ვართ, თუ არადა ნუღარ ვიჩემებთ ქრისტიანობას. ქრისტე სიყვარულია. ჩვენ კი სიყვარული არ გაგვაჩნია ან გაგვაჩნია მცირედი.

ჰარმონიას მაშინ აღწევს ადამიანი, თუ ბალანსში მოჰყავს ფიზიკური და სულიერი გაგება. ანუ როცა ღრმად აცნობიერებს რომ ორივეა და არა ნახევარ - ნახევარი. რადგან ნახევარი ადამიანი არასოდეს იქნება თვითკმარი, მას მეორე ნახევარიც სჭირდება. გამთლიანება, აი რა არის საჭირო, რომ ვიცხოვროთ ჭეშმარიტად. ძალიან მდიდარი ადამიანი მიისწრაფის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ და ეს მისწრაფება უსასრულოა. უსასრულოა, იმიტომ რომ მას სურს მიაღწიოს საბოლოო კმაყოფილებას, ჰარმონიას და სჯერა, რომ ბევრის მოხვეჭით ეს დღეც დაუდგება, თუმცა ამაოდ.

ეს ნახევარი ადამიანის გაგებაა, რომელსაც სულიერი გაგება არ აინტერესებს. ასეთი ადამიანის სიცოცხლე ზოგ შემთხვევაში (ვიცით ჩვენ ამის მაგალითები, არაერთი ყოფილა ისტორიაში) სიუციდითაც კი მთავრდება, რადგან ხვდება რომ მისაღწევი აღარაფერია. ვერც ჰარმონიას მიაგნო, აზრს კარგავს ცხოვრებისას და იღებს გადაწყვეტილებას, რომ სიმდიდრე აღარ იზიდავს და სიცოცხლე აღარ სურს.

ძალიან სულიერი ადამიანები კიდევ იკეტებიან თავის შინაგან სამყაროში და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ ხიდს ამტვრევენ. ესეც მეორე უკიდურესობა. აქაც ნახევართან გვაქვს საქმე. აქაც არ ვცხოვრობთ ნამდვილად. მაშ რა არის საჭირო? თუ კი ადამიანი გააცნობიერებს, რომ იგი ერთი მთლიანია, იგი ნახევრებად აღარ დაიყოფა და იცხოვრებს ბალანსში. ბალანსში ცხოვრება კი ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობა გაქვს დაეხმარო ნახევარი გაგების ადამიანებს გამთლიანებაში.

იყავით თავისუფალნი, ნუ მოექცევით სტანდარტული ცხოვრების ჩარჩოებში, განთავისუფლდით სტერეოტიპული აზროვნებისგან, თავი დაიხსენით რელიგიური ფანატიზმიდან, რომელსაც რობოტულ არსებამდე დაჰყავს ადამიანი და უკეტავს სწორი აზროვნების უნარს. განთავისუფლდით ,,რას იტყვიან შენზე" ჩაციკლული შიშებისგან. მხოლოდ შინაგან ჭვრეტაში მყოფო საყვარელო სულებო გამოიხედეთ გარეთაც ლამაზია სიცოცხლის არსი და ბუნება. მხოლოდ მატერიალურ ფასეულებებზე ჩაბღაუჭებულო ადამიანებო გაითავისეთ თქვენი სულიერი არსიც, რადგან თქვენ არ ხართ მხოლოდ მატერია (სხეული). გაიღვიძეთ მძინარენო და გააცნობიერეთ მთლიანობა.

მიყვარხართ ყველა. მე ვარ თქვენ. გისურვებთ გამთლიანებას და ნამდვილ, ჭეშმარიტ სიცოცხლეს!...

პატივისცემით და დიდი სიყვარულით თიკა ბერძენიშვილი