the many faced man 

ავტორი: მრავალსახა კაცი

  ამ კითხვას ბევრი სხვადასხვა ტიპის პასუხი მოსდევს ხოლმე. ზოგი თავის პოლიტიკურ მიმდინარეობას გეუბნება, ზოგი რელიგიურ აღმსარებლობას ზოგიც სხვადასხვა სუბკულტურის ჩარჩოებში მოქცეულ პასუხს გაგცემს რომელიც იმ ვიწრო ქვეჯგუფის მიერაა ნაკარნახევი რომლის ნაწილადაც თავს თვლის. მოკლედ რომ ვთქვათ გაგვაცნობენ თავიანთ მსოფლმხედველობას რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დიდის მონდომებით დაიცავენ რაც უმეტეს შემთხვევაში სიტყვიერ დაპირისპირებას გულისხმობს, ზოგ შემთხვევაში კი ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ეს ხდება მათივე ჩაკეტილობის გამო. იმის გამო რომ სამყაროს მათთვის მიწოდებული და შესისხლხორცებული მსოფლმხედველობიდან ხედავენ და მათთვის სხვა განსხვავებული ხედვა რომელიც დაპირისპირებაში მოდის მათივე ხედვასთან, უბრალოდ მცდარია და არაჭეშმარიტი.

  არ გეგონოთ რომ ამ ტიპის ადამიანებს ვკიცხავ აქ მარტივი მექანიზმი მოქმედებს რომლის გაგებაც გვაძლევს მათი ამგვარი საქციელის მიზეზის გაგების საშუალებას. საქმე იმაშია რომ ადამიანები თავიანთ არსებობას პიროვნებას ვუწოდოთ რაც გენებოთ ასე ვთქვათ „აბამენ“ თავიანთვე ხედვებს მოკლედ რომ ვთქვათ მათი ხედვების ჩამონგრევა უდრის მათივე პიროვნების დანგრევას. როდესაც ისინი განსხვავებულ ხედვას აწყდებიან ამ შემთხვევაში დგებიან მარტივი არჩევნის წინაშე: ან მე ჩემი მეობა და ამ ცხოვრებაში პოზიციონირების საშუალება ან ის.

  ძნელი გამოსაცნობი არაა არჩევანი როგორი იქნება და ეს პრინციპში ბუნებრივია, ისევე ბუნებრივი როგორც ის რომ ჩასუნთქვას ამოსუნთქვა მოსდევს. წარსულში მეც მქონდა მსგავსი პრობლემა, მსგავსი და არა ანალოგიური. ჩემი პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში მქონდა გარკვეული ხედვები რომლებსაც ვუკავშირებდი ჩემს მეს თუმცა ასევე არ ვერიდებოდი ამ ხედვებზე უარის თქმას და ვიღებდი ახალს თუ ის „უკეთესად“ მომეჩვენებოდა და აქედან გამომდინარე მქონდა მუდმივცვალებადი მე რომელიც საზოგადოებრივ აზრს თუ დავუჯერებთ რბილად რომ ვთქვათ უცნაურია. და კი ეს მართლაც უცნაურია თუმცა არა უფრო უცნაური იმაზე რასაც მუდმივად ერთი ხედვის ქონა წარმოადგენს.

  ამ შემთხვევაში პრობლემა არის არა იმაში რომ ადამიანი ჩაკეტილია და ახალს არ იღებს ან იმაში რომ ახალ ხედვებს იღებს, არამედ ზოგადად ხედვასთან მეს დაკავშირებაში. მუდმივმონაცვლე „პიროვნების“ მქონე და ერთ ხედვაში ერთ „მეში“ ჩაკეტილი ადამიანები მონეტის ორი სხვადასხვა მხარეა. არ მოვერიდები თქმას (თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ ეს ჩემი აზრია) რომ ეს არის სიგიჟის ორი სახე რომელთაგან ერთი უფრო მეტს ახასიათებს ამიტომ ნორმადაა მიღებული მეორე კი უფრო ნაკლებს აქიდან გამომდინარე ის მინიმუმ უმრავლესობის მიმართ უარყოფილი და არ მოწონებული მდგომარეობაა, რაც არის კიდეც მისი „არანორმალურად“ მონათვლის საფუძველი. რაღაცასთან თავის დაკავშირება წარმოქმნის გარკვეულ ვალდებულებებს, წესებს რომლებიც უნდა დაიცვა ზოგჯერ ისინი მკაცრია ზოგჯერ კი შედარებით ლმობიერი და ასე ვთქვათ მარტივად შესასრულებელი თუმცა წესები წესებია.

  ადამიანები არ ჭამენ ღორის ხორცს არა იმიტომ რომ ამისთვის რეალურად არსებული რაიმე მიზეზი აქვთ არამედ იმიტომ რომ ამას ისლამი ეუბნება. ადამიანები იცავენ მარხვას, არ სჩადიან გარკვეულ ქმედებებს ქრისტიანობის და სხვა მსგავსი რელიგიების გამო. არ იფიქროთ რომ მხოლოდ რელიგიებია პრობლემა ეს აზრი აწ უკვე დღის სინათლეზე გამოსულმა და სულ უფრო მზარდმა ათეისტებმა დაამკვიდრეს. ასევე საკმაოდ პოპულარულია აზრი რომ განათლების დონე მსგავს ჩარჩოებს ანგრევს და ადამიანს ათავისუფლებს თუმცა ამ შემთხვევაში უარესადაა საქმე.

  მოგეხსენებათ დღესდღეისობით განათლება ერთ-ერთ ავტორიტეტს წარმოადგენს თუ შეიძლება რომ რელიგიაში ადამიანმა ეჭვი შეიტანოს „განათლებულ“ ადამიანს რომელსაც თავისი თეორიული მტკიცებები ძალიანაც ესიმპატიურება და მისი მსჯელობა ერთი შეხედვით საკმაოდ გამართულია, ვერასდიდებით დაუმტკიცებთ საპირისპიროს და რელიგიის ავტორიტეტის ქვეშ არსებული ადამიანისგან განსხვავებით „განათლებული“ ადამიანი გამოირჩევა ქედმაღლობით მას ხომ განათლება უმაგრებს ზურგს.

  ვფიქრობ საერთო სურათი მეტნაკლებად გამოიკვეთა. ადამიანები სხვადასხვა ავტორიტეტული მტკიცებების ქვეშ ერთიანდებიან და ამ გარკვეული აზრობრივი წარმონაქმნის სათვალეებიდან მათ მიერ ზურგგამაგრებულები მოქმედებენ. მე ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ის განმასხვავებდა რომ დროდადრო ახალ სათვალეებს ვირგებდი რაც პრინციპში გარკვეულ დისკომფორტს მიჩენდა რადგან საუბარსა და ქმედებებში ახალ სისტემაზე გადაწყობა და ამ სისტემის ენაზე საუბარი საკმაოდ დიდ ენერგიას და გონებრივ მოქნილობას მოითხოვდა. თუმცა ვინ ვარ დღეს? არავინ, არაფერი და ამავე დროს შემიძლია ვიყო ყველა და ყველაფერი.

ალბათ ჩემმა სიტყვებმა დაგაბნიათ ახლავე განვმარტავ რას ვგულისხმობ, არა ვფიქრობ დასაწისში პატარა ისტორიას მოგიყვებით რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე რას ვგულისხმობ.

  ეს ისტორია არის მეფის შვილზე რომელიც ჭკუიდან შეიშალა ერთ დღესაც გადაწყვიტა რომ იგი მამალი იყო, გაიხადა ტანსაცმელი შეძვრა მაგიდის ქვეშ და არაფრის დიდებით არ გამოდიოდა იქიდან, ჭამითაც მხოლოდ საკენკს ჭამდა და დილაობით ხმაურიც არ ავიწყდებოდა. მეფემ მრავალ სხვადასხვა დარგის სპეციალისტს მიმართა მათ შორის იყვნენ ექიმები, შამანები, მაგები, ბერები. ყველანაირი ხერხი ცადეს თუმცა ვერას გახდნენ. ბოლოს როდესაც მეფეს იმედი გადაწურული ჰქონდა მოვიდა ერთი სუფი მისტიკოსი რომელიც თვითონაც არ გავდა ნორმალურ ადამიანს მეტიც შეიძლება ითქვას უფლისწულზე უცნაურადაც კი გამოიყურებოდა თუმცა მისი სიტყვებით, სწორედ ამის გამო, მხოლოდ მას შეეძლო უფლისწულის განკურნნება რადგან მას ჰქონდა სიგიჟე თავის თავზე გამოცდილი და მხოლოდ მას შეეცნო მისი ბუნება სხვა „სპეციალისტებისგან“ განსხვავებით. ცდით არაფერი შავდებოდა უარესი რაღა უნდა მომხდარიყო? და მასაც დასთანხმდნენ. მისტიკოსმა როგორც კი თანხმობა მიიღო ტანთ გაიხადა და უფლისწულს შეუერთდა. უფლისწულს გაუკვირდა რას აკეთებდა ადამიანი მის გვერდით? მისტიკოსმა აუხსნა რომ მხოლოდ გარეგნობა ჰქონდა ადამიანის ხოლო სულით ისიც მამალი იყო. დამეგობრდნენ და ერთმანეტს შეჰფიცეს რომ ერთად დაუპირისპირდებოდნენ „ადამიანურ ყოფას“. ერთხელაც მისტიკოსმა ტანისამოსი ჩაიცვა უფლისწულის გაკვირვებულ შენიშვნას კი იმით უპასუხა რომ ის მაინც მამლად რჩება და ტანისამოსი არაფერს ცვლის, უფლისწულმა დაუჯერა და ცოტახანში თვითონაც ჩაიცვა სამოსი. ასევე მოხდა საჭმელზეც, ასევე ათქმევინა უარი მაგიდის ქვეშ ცხოვრებაზე და საბოლოოდ უფლისწული ნორმალურ ყოფას დაუბრუნდა.

  ადამიანები რომლებიც გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულები მოქმედებენ (ჩარჩო კი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ) არიან სწორედ იმ მდგომარეობაში რაშიც უფლისწული იყო. განსხვავება სახელშია ის თავს მამლად თვლიდა ზოგი მუსლიმად თვლის, ზოგი ქრისტიანად, ზოგი ათეისტად და ა.შ ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. ეს სიგიჟეა უბრალოდ უმრავლესობის მიერ მიღებული სიგიჟე. დიახ თქვენ ქრისტიანი ხართ აღიარებთ ქრისტეს არსებობას და მის ღვთიურობას და ამის გულით გწამთ, ამის შემდეგ რა მნიშვნელობა აქვს პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ გადაიწერთ თუ პირიქით? დიახ თქვენ ხართ მუსლიმი მაგრამ რატომ არ უნდა მიირთვათ ღორის ხორცი თუ სხვა სახის საკვები იმ დროისთვის არ გაქვთ? თქვენ შეიძლება იყოთ ათეისტი თუმცა რატომ არ შეიძლება შეასრულოთ გარკვეული მეტაფიზიკური პრაქტიკები თუ ეს სიამოვნებას განიჭებთ?

  არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ რელიგიით იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკურ შეხედულებებზე. ამის კარგი მაგალითია ჩინეთი სოციალისტური ქვეყანა მემარჯვენეული ელემენტებით. თუ გამოიცნობთ რომელია ის ერთადერთი სოციალისტური ქვეყანა რომელიც დღემდე არსებობს და არამარტო არსებობს საკმაოდ დიდ წარმატებებსაც აღწევს თავისი თანამოძმე სოციალისტური ქვეყნებისგან განსხვავებით რომლებიც ან განადგურდნენ ან სულს ღაფავენ. რატომ მოხდა ეს? რადგან ისინი არ მოექცნენ სოციალისტურ ჩარჩოებში და მიიღეს მემარჯვენე ელემენტებიც. თუ მათ კითხავთ როგორი მსოფლმოწყობა უნდათ მემარჯვენე თუ მემარცხენე? ისინი გიპასუხებენ არცერთი ჩვენ გვინდა გამდიდრება და კომფორტულად ცხოვრება და მათ ამას მიაღწიეს. ვინ არიან ისინი მემარჯვენეები თუ მემარცხენეები? არცერთი ისინი ბედნიერები არიან თავიანთ თავში.

  ვინ ვიყავი მე? ნაციონალისტი, მემარჯვენე, მემარცხენე, სოციალისტი, ლიბერალი, ქრისტიანი, მუსლიმი (საკმაოდ მცირე ხნით), წარმართი, ფილოსოფოსი, ადამიანი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, ბუდისტი, აგნოსტიკი და სხვა მრავალი რამ ვეცნობოდი მათ მსოფლმხედველობას და თუ მომეწონებოდა ვიღებდი ვუკავშირებდი (გარკვეული პერიოდი, როგორც მოგახსენეთ მახასიათებდა ცვალებადობა) მათ ჩემს მეს და აქიდან გამომდინარე ვიცავდი მათ მტკიცებებს თუმცა ეს ყველაფერი სიგიჟე იყო. მეც ისევე როგორც ადამიანთა უმეტესობა ვიყავი მაგიდის ქვეშ შემძვრალი და გავყვიროდი მე მამალი ვარ!!! ვინც არ მეთანხმებით ცდებით, მე შემიძლია დაგიმტკიცოთ რომ მამალი ვარ და აგიხსნათ თუ რატომ არის მამლად ყოფნა უკეთესი.

  თუმცა შემდეგ „შევჭამე საჭმელი საკენკის ნაცვლად“, „შევიმოსე ადამიანივით“. მე შემიძლია ვიყო ქრისტიანი რომელიც შეჭამს ხორცს მარხვაში, მუსლიმი რომელიც გეახლებათ ღორის ნეკნებს, იუდეველი რომელიც იმუშავებს წმინდა შაბათ დღეს, ათეისტი რომელიც დაიცავს სხვადასხვა მეტაფიზიკურ პრაქტიკებს, სოციალისტი რომელიც აღიარებს მემარჯვენე ელემენტების ქმედითუნარიანობას და მემარჯვენე რომელიც აღიარებს მემარცხენე ელემენტების საჭიროებას. რაშია პრობლემა? არც არაფერში. ვინ ვარ მე? არაფერი და ყველაფერი. და ვინ ხარ შენ?