mrevli

ავტორი: "ყოფილი მრევლი"

რიგით გამვლელს რომ ჰკითხოთ, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, დიდი ალბათობით გიპასუხებთ, რომ „იყო ქრისტიანი - ნიშნავს ცხოვრობდე ეკლესიურად“. ასეა კი? ჩემი აზრით, იყო ქრისტიანი ნიშნავს ცხოვრობდე სახარებისეულად. ქრისტიანობის ამაზე უფრო ბუნებრივი და ადექვატური განმარტება არ არსებობს. „განა ეკლესია სახარებისეულად ცხოვრებას არ გვასწავლის?“. შეიძლება ფორმალურად გვასწავლის კიდეც, თუმცა პირველ ადგილზე ეკლესიურ წესებს აყენებს, და არა სახარებისეულ მოძღვრებას.

სასულიერო პირთა შესახებ

განვიხილოთ მათეს სახარების 23-ე თავი. „მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისევლენი სხედან“ (მთ. 23.2). მოსეს სავარძელი არის ეკლესიის სიმბოლო, ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები კი ის ხალხია, რომელთაც იესო ჯვარს აცვეს. არიან თუ არა დღევანდელი სასულიერო პირები ამ ჯვარმცმელთა სულიერი შთამომავლები? თქვენ განსაჯეთ..

„მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითნ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად“ (მთ. 23.4). ცხადია, აქ საუბარი არ არის ერთეულ სასულიერო პირებზე, არამედ ეკლესიური სისტემის ზოგად სახეზე, რომელიც ზოგჯერ მეტად ამაზრზენ სახეს იღებს ხოლმე ასეთი სასულიერო პირების ხელში.

კიდევ რა ახასიათებთ მათ? „მთელს თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს“ (მთ. 23.5). რამე ხომ არ გეცნოთ? ხანგრძლივი ფორმალური ლოცვები და მეფური შესამოსლები, რომლითაც სავსეა ეკლესიები. ქრისტე ამხელს ასეთ სისტემას! ქრისტეს არ სჭირდება ხანგრძლივი რიტუალები. ხოლო ბრწყინვალე შესამოსლები კი სასულიერო პირებს თავიანთი განდიდებისთვის სჭირდებათ.

განვიხილოთ სხვა მონაკვეთი სახარებიდან, მათეს მე-6 თავიდან, რომელშიც საუბარია ხანგრძლივ ლოცვაზე: „შენ კი როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოუხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ, და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის რა გჭირდებათ“ (მთ. 6.6-8).

კიდევ რა უყვართ სასულიერო პირებს? „უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში. და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი! (რომელიც ნიშნავს „მოძღვარს“)“ (მთ. 23.6-7).

რას გვეუბნება ქრისტე, უნდა გვყვადეს თუ არა ქრისტიანებს მოძღვრები?

„თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე! ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მთ. 23.8).

ჰოი საოცრება.. ქრისტე პირდაპირ გვეუბნება, რომ ქრისტიანობაში ერთადერთი იერარქია არსებობს - ქრისტე და დანარჩენები. მხოლოდ ქრისტეა მოძღვარი, ხოლო დანარჩენი ადამიანები (ერისკაცები თუ სასულიერო პირები) ძმები არიან, ანუ თანასწორნი ქრისტეს წინაშე. ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი იერარქია. მარტივია ხომ?

„ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი“ (მთ. 23.9)

ჩვენ კი დავდივართ ეკლესიებში და წამდაუწუმ ვიმეორებთ: მამაო, მოძღვარო, მამაო, მოძღვარო, და ასე დაუსრულებლად.. ქრისტემ გარკვევით გვითხრა, რომ ერთია ჩვენი მოძღვარი - ქრისტე, და ერთია მამა ჩვენი - მამა ღმერთი! ერთია იერარქია - ღმერთი და დანარჩენი ადამიანები, რომლებიც თანასწორები (ძმები) არიან. ხოლო მოძღვრება კი, რასაც ჩვენი მოძღვარი (ანუ ქრისტე) გვასწავლის, წერია სახარებაში.

„და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე“ (მთ. 23.10)

ასე რომ, ეს რთული ეკლესიური სისტემები სულაც არ არის საჭირო. ქრისტე უშუალოდ გვესაუბრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიური სისტემა საერთოდ უნდა გავაქროთ. ცხადია, ეკლესიის სისტემის არსებობა აუცილებელია, რათა ქრისტიანს ჰქონდეს თავისი ეგრეგორი. მაგრამ, ის უნდა გადახალისდეს (გაიფილტროს) და არ უნდა ჰქონდეს ისეთი სახე, როგორზეც ქრისტე ამბობს: „სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქვენ იგი გიყოფიეს ქვაბ ავაზაკთა“.

შემდეგ უკვე მიდის მხილება:

13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.
15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.
16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.
17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?
18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა.
19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?
20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა.
21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.
22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
24. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.
25. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.
26. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.
27. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.
29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;
30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.
32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების.
33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;
35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.
36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე.

სანამ ეკლესიაში ასეთი სასულიერო პირები არსებობენ, მანამ ეკლესიას ქრისტიანულს ვერ ვუწოდებთ..