ავტორი: ნინო დიდებაშვილი

წლების წინ გავაცნობიერე, რომ ადამიანი 'მეორენახევარში' , საკუთარ დავიწყებულ ნახევარს ეძებს. ჩვენ ხომ ჩვენს შინაგან მამაკაცურ საწყისს დავეძებთ სხვა მამაკაცში(ან ქალში) რომ შინაგან გამთლიანებას მივაღწიოთ... ეს გრძელი და საკმაოდ მტკივნეული პროცესია. ამის გაცნობიერების შემდეგ დავიწყე ლექსების წერა 'ანიმა-ანიმუსის ციკლი' დავარქვი, იქ სადაც ჩემი ანიმა ანიმუსს, და ანიმუსი ანიმას ესაუბრებოდა.

ამ ლექსებში კარგად ჩანდა, ჩემს რომელ საწყისებს ერთმანეთისგან რისი მოსმენა სურდათ, რისი განცდა სურდათ. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ეს ლექსები ჩემთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე ზოგადად ლექსია ადამიანისთვის და პოეზია ზოგადად, მითქვამს რომ ჩემთვის სულის ამოყვირებაა, თვითთერაპიაა, მკურნალობაა და სიღრმეში შერწყმაა... სიტყვებით ვახერხებდი ნელ-ნელა გამოღვიძებას საკუთარი მიჩქმალული - ნაწილების და უფრო და უფრო მეტად შემოდიოდა ჩემში ერთიანობის განცდა. ( იმედი მაქვს მოვახერხებ ამ ლექსების ციკლის ცალკე წიგნდად შეკვრად ოდესმე, იმიტომ რომ მგონია სხვებსაც დაეხმარება ეს იმ შინაგან ძიებებში, რაშიც მე ასე მეხმარებოდა ). და რაც მთავარია - ამ ყველაფერს რეალურ ურთიერთობებში ვაკვირდებოდი, რამდენად მავსებდნენ, რამდენად მიღვიძებდნენ - შინაგან საიდუმლოებებს და რა თქმა უნდა, ურთიერთობაშიც გადამქონდა ეს ყველაფერი. რეალობაში რეალიზების გარეშე, ცარილ სიტყვებს არასოდეს აქვს დიდი ფასი.

 anima animusძირითადი სიყვარულები, მეორე ადამიანის მიმართ უმეტესად ნარცისულ ტკბობაზე გადის, რადგანაც კაცობრიობამ სიყვარულს დიდი ილუზიური იარლიყი მიანიჭა. მას ისეთი ფუნქციები, მოვალეობები და შინაარსი აჰკიდა, რომელიც ძალიან შორს არის რეალურად იმ სიღრმისგან, რასაც ეს განცდა იწვევს. ის თავისუფლების ფრთები დააჭრა, რომელიც ამ განცდას უნდა მოჰყოლოდა და გარდა იმისა,რომ ადამიანს ისედაც ადევს სიყვარულში თავისივე ეგოს ბორკილები, კოლექტიური ცნობიერების დონეზეც დააბორკილა და ურთიერთობა იქცა - უბრალოდ გამრავლების, შიშებისგან გაქცევის, რეალიზების - საშუალებად.

(ამ თემაზე საკმაოდ ბევრი სტატია დევს 'ასკეზა'-ს გვერდზე).

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ცნობიერება კიდევ დიდხანს გასტანს.. მე მგონია, რომ დღეს ადამიანს სრული საშუალება აქვს მოიშოროს საზოგადოების ბორკილები და ყველაფერი იმ შინაარსით დატვირთოს, რა სიღრმის მატარებელიც არის რეალურად , რადგანაც დღეს პირადი ცნობიერების კი არა, კოლექტიური ქვეცნობიერის ზემოთ ამოტანა და გაცნობიერება ხდება ..

ჩვენთვის ადამიანები გზაზე მიმავალი სინათლეები არიან, რომლებიც ჩვენში იმ ჩაბნელებულ ნაწილს ანათებენ, რომელიც განათებას , გაცნობიერებას საჭიროებს. ჩვენ ერთმანეთისთვის, მიმალული ნაწილების გამომღვიძებლებივართ და ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრებაში უცნაურ სიღრმისეულ განცდას გვიღვიძებს - სწორედ ეს სიგნალია, საკუთარ ანიმასთან, თუ ანიმუსთან რომ გვაახლოვებს. ( ამიტომაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა ვისთან ხარ, მთავარია რა განცდებს გიღვიძებს ის ადამიანი ამას აცნობიერებდე და ამ სიღრმეში ახერხებდე შეღწევას ).

მსგავს ურთიერთობაში ყველაზე დიდი ილუზიის შემომტანი გონებით მოქმედებაა, რომ თურმე ვგავართ, ვეწყობით, გამოვადგებით ერთმანეთს - დანარჩენზე ლაპარაკიც ზედმეტია, გარეგნობა, საერთო აზრები, გემოვნებები. ყველაზე მეტად ის ადამიანები არიან ჩვენი ანიმების, თუ ანიმუსების ანარეკლები, რომლებიც ჩვენზე ქვეცნობიერად მოქმედებენ - უცნაურ, იდუმალ, საიდუმლო განცდებს გვიღვიძებენ.. ამიტომაც ბოლომდე უნდა გაყვე ადამიანი იმას, რაც არ იცი, რატომ განიცდი, ან საიდან მოდის ეს განცდები?..

სიყვარულის რომანტიკით შეფუთვა კი მის მთავარ მოვალეობას ახშობს, გამოდის რომ ადამიანი უბრალოდ ეგოს იკვებავს, როცა სიყვარულს მისი სულიერი გამთლიანება უნდა მოეხდინა.

ადამიანი შეიძლება ახალგაზრდობის ასაკში იყოს შებყრობილი მსგავსი იდეებით, მაგრამ ყველა ხვდება ნელნელა, რომ სიკვდილის შიშს შეუცნობლის შიშს - ვერანაირი სატრფო და ვერანაირი შვილი, ვერანაირი კარიერა და რეალიზება ვერ გაგიყუჩებს.. ერთადერთი გზა შეუცნობლის გზაზე სიარულია და სიყვარული, ყველაზე ღრმა და ყველაზე მტკივნეული გზაცაა ამ მხრივ...ამიტომაც ამ გრძნობისგან და ურთიერთობებისგან ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას და რომანტიკულ ილუზიებს, ბედნიერებობანას , ოჯახობანას თამაშს არ უნდა მოველოდეთ და არც უნდა ვითხოვდეთ..

როცა შენ შენს ქვეცნობიერ ხმას მიყვები მეორე ადამიანიდან რომ მოდოს და გიხმობს, ნელნელა იწვის შენი ინდივიდუალიზმი განცდებში, შენი ეგო - ნაფლეთებად იქცევა სიყვარულის ალში, ეს იმაზე მტკივნეულია ვიდრე ფიქრობ, ეს სრული გარდაცვალებაა, დღეში რამოდენიმეჯერაც კვდები და რამოდენიმეჯერ გიწევს თავიდან დაბადება. თუ გულწრფელი ხარ ხვდები შენს ნარცისულ გამოხტომებს სიყვარულად რომ აფორმებდი, ხვდები შენს ეგოს კმაყოფილებებს და იმის მიღმა არსებულ მბჟუტავ სინათლეს ეჭიდები, ყველანაირ საყრდენს იმსხვრევ, ყველანაირ - საფუძველს და ჰაერში გიწევს გამოკიდება უსასრულო სივრცის წინაშე - რომელიც არც იცი რა არის.. უბრალოდ ის იცი, რომ ეს შენი ნამდვილი არსია.. უბრალოდ ხვდები რომ ეს მეორე ადამიანი, მხოლოდ ხიდი იყო საკუთარ უფრსკულში რომ ჩაგეხედა, ეს ყველაზე ტკბილი და ამავედროს ყველაზე მწარე ხიდი - რომელზეც მრავალჯერ მოკვდი და თავიდან იშვი მხოლოდ კარი იყო - საკუთარ თავში ნამდვილ ანიმასთან , თუ ნამდვილ ანიმუსთან შესახვედრად..

სულელი ადამიანები კი მეორე ადამიანის ილუზიურ კარიკატურად ვებღაუჭებით, ბედნიერების ილუზიით შებყრობილები - არგვინდა გაშვება იმის , რამაც ამდენად დიდი ტკბობა მოგვანიჭა... ამ დროს ხვდები, რომ ერთადერთი გულწრფელობაა ეს ადამიანი, რომელიც შენს ანიმასთან თუ ანიმუსთან შეხვედრაში გიშლის ხელს , მხოლოდ ის კერპია, რომელიც ერთ დღესაც უნდა მოამსხვრიო , თუკი გააკერპე...

თუ ჩვენ ერთმანეთის მიღმა არ ვიყურებით, ამ დროს სიყვარული ინფანტილურ პოზაში გამყოფებს, ემბრიობის პოზაში გსურს - მეორე ადამიანის წიაღში - ჩვილივით იარსებო, მასში გამოიკეტო და სამყაროს დაემალო.

მაგრამ თუკი თავიდანვე გვექნება ისეთი აღქმა, რომ ჩვენ უბრალოდ თანამგზავრები ვართ, უდიდეს გზაზე, რომლის გავლაც მარტო გიწევს რეალურად , მაშინ სიყვარულის ფრთებს გამოვიბამდით და როგორც ერთ ლექსში ვთქვი... მე რომ წავალ შენ შენი თავი გეჭირება ხელში - ამიტომაც ნუღარ იტირებ... მე კი ჩემი თავი, უფრო მეტად გაზრდილი და თავისუფალი სამყაროს უფსკრულებზე მფრინავი არსება, რომელსაც არც სიღრმე აშინებს , რადგანაც ყველაზე ქვემოთ ვინც ჩავა ის ყველაზე ზემოთაც აფრინდება...

ნუ დავაბორკილებთ ერთმანეთს სიყვარულის ილუზიით, მარტოობის შიშით, მომავლისთვის რომ ვიბევებთ ადამიანებს.. ნუ შეგვეშინდება მარტოობის, რადგანაც მარტოობა ყველაზე დიდი წყალობაა, რაც შეიძლება ადამიანს მიეცეს.. ეს სისასვეა, როცა შენი საწყისები სამუდამოდ გადაეჭდნენ ერთმანეთს და შენ , შენს გარეთ აღარაფერს დაეძებ....

და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ
მიყ - ვარ - ხარ -ს ,
მხოლოდ მაშინ აქვს ფასი,
თუკი შენ შენს 'ვარ'ს და სხვის 'ხარ'ს - ყოფიერებას განიცდი -
როცა შენს თავში აერთიანებ ყველაფერს და
აღარ ცდილობ რაიმე წაგლიჯო,
ან მისცე -
რადგანაც აქ მხოლოდ საკუთარ სიღრმეში,
არსში ხტომისთვის - ვიყურებით
ერთმანეთის თვალებში...

როცა არ იჯაჭვავ და არ ეჯაჭვები, არ ეყრდნობი და არ გეყრდნობა , როცა ერთმანეთს იმაში ვაძლიერებთ, რომ საკუთარ არსს გადავეხლართოთ და საკუთარ თავს დავეყრდნოთ, საკუთარი თავის ძლიერი ღერძები ვიყოთ.

ჩვენ არ ვიშვით იმისთვის, რომ ბედნიერების რომანტიული ილუზიით დავტკბეთ, ჩვენ უკიდურესი შეუცნობელი უდაბნოს უფსკრულებში დავხეტიალობთ და კოსმოსის სიცარიელეში დავფრინავთ, ფრთებით , რომელიც უფრო დიდია და უფრო მეტად ანათებს, თუკი შენი ყალბი პიროვნულობის დაწვა მოახერხე - შენი ანიმას, თუ ანიმუსის ანარეკლში... სიყვარული იმ ფრთებს გვაბამს შეცნობის უსასრულო სივრცეში რომ გვაძლევს ფრენის ძალას.. ადამიანი კი ის არსებაა , რომელმაც არსებობა უნდა შეიმეცნოს და არსს გადაეხლართოს.. ჩვენ იმაზე მეტნი ვართ , ვიდრე აქამდე გვეგონა, უბრალოდ ჯერ ვერ გავაღვივეთ ღმერთის თესლი ჩვენში, ჩვენს წინ კი უსასრულობაა - ადამიანის ნამდვილი არსით სავსე..( ჭილაძე ამბობს ერთ ლექსში 'ადამიანი უფრო მეტია , ვიდრე ჰგონია, მაგრამ არ იცის, ვერ უპოვნია საბრალოს თავი' ) . ამ გზაზე კი, ვინც , ან რაც გაბრკოლებს - ყველა კერპი მოსამსხვრევია და თუკი შენ არ მოამსხვრევ, ჩვენი არსის გამგებელი მოგინგრევს.. ამიტომაც, უფსკრულში თავით ხტომა ყველაზე სწორი გამოსავალია მაშინ, როდესაც უფსკრულში გადავარდები ბოლოს - თანაც ძალით როცა ვარდები, ბევრად მტკივნეულია...

საკმაოდ გამიჭირდა ამ ნახატის დასრულება, რადგანაც ის რაც პროცესია, რთულია დასრულებული სახით გადმოსცე, იმედია დაახლოებით მაინც გადმოვიტანე ჩემი -
ანიმა ანიმუსის - შინაგანი მდგომარეობა.

და მთავარი, რაც მინდა ვთქვა
ის არის,
რომ აქ არ არსებობს შემოქმედი, ნიჭი , ან გენია,
ეს მეთოდია, რომელიც სავარაუდოდ ჩემამდეც არსებობდა და მე უბრალოდ თავიდან აღმოვაჩინე..

ამიტომაც, გირჩევთ რომ შინაგანი საწყისების გამთლიანების ტექნიკაზე იმუშავოთ, წერეთ წერილები, ლექსები, თუ ნახატები თქვენს შინაგან - გაუმთლიანებელ, მიყრუებულ, ქვეცნობიერ ნაწილებს -
გამოსახეთ მათი შინაგანი მდგომარეობა და იკვლიეთ,
სად გაქვთ დანაკლისი, სად უნდა ეძიოთ, სად უნდა ამოივსოთ , სად გეხუთებათ ჰაერი და სად უნდა ამოისუნთქოთ ....

ჩვენ კი , ერთმანეთისთვის, უბრალოდ ანარეკლები ვართ.. და ამაში არაფერია 'მტკივნეული' - რადგანაც, ის სიყვარული რომელიც შინაგანი გაერთიანებით მიიღწევა - ცეცხლია, ჩვენ კი ნაპერწკლებს არ უნდა ჩამოვეკიდოთ