15401

ავტორი: ნანა აბესაძე

რატომ ვხდებით ავად? მიზეზი ბევრია, საკმაოდ ბევრი. თუმცა ამ დაავადებების დიდი ნაწილი, ჩვენს ენერგეტიკასთან არის კავშირში, ამას ექიმი ალბათ არ გვეტყვის. ის დაგვინიშნავს გამოკვლევებს, ანალიზებს შეგვირჩევს მკურნალობის მეთოდს, თუმცა უმეტესად სიმპტომურს, პათოგენეზურს არა. (პათოგენეზი (ბერძ. pathos – ტანჯვა: თანამედროვე სამედიცინო და ბიოლოგიურ ტერმინოლოგიაში გამოიყენება, როგორც ავადმყოფობის განმსაზღვრელი ან – ორგანიზმის ნორმად მიღებული სასიცოცხლო მაჩვენებლების გადახრის აღმნიშვნელი ტერმინი და ...გენეზი — შეისწავლის პათოლოგიური პროცესისა და ავადმყოფობის აღმოცენების, განვითარების, მიმდინარეობისა და გამოსავალის მექანიზმებს, დაწყებული მოლეკულური დონიდან, დამთავრებული იმ ცვლილებებით, რომლებიც ვითარდება ორგანოებსა და მათ სისტემებში). დღეს თითქმის აღარავინ ადგენს პათოგენეზს, მრავალ მიზეზთა გამო და შესაბამისად არც მკურნალობს, რადგან მთავარია სიმპტომები, რომლებიც გვაწუხებს, ალაგდეს.

მე ვიტყოდი, რომ დაავადებებს იწვევენ არამარტო ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე პათობიოლოგიური პროცესები, არამედ გარემო, მაკრო და მიკრო სოციუმი, ადამიანები ვისთანაც იძულებით გვიწევს ურთიერთობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ტოქსიური გარემო. ჩვენ ვგრძნობთ რომ გარემო ცუდად მოქმედებს ჩვენზე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ან ადამიანი შეიცვლება, ვინც ჩვენზე ზემოქმედებს, ან სიტუაცია შეიცვლება და უნდა მოვითმინოთ და უმეტესად ასეც ვაკეთებთ. თუმცა, თავს ვიტყუებთ. ასეთ დროს იმისათვის რომ გადავრჩეთ, უნდა გავეცალოთ ან გარემოს, ან ადამიანს. ადამიანები არ იცვლებიან. სამაგიეროდ იცვლება ჩვენი ბიოენერგეტიკა და და ირღვევა ბალანსი. როდესაც ბალანსი დარღვეულია, ადამიანი ვერ იქნება კარგად. ყველამ კარგად ვიცით შავი ჭირი როგორ მძვინვარებდა წინა საუკუნეში. ადამიანები მიდიოდნენ ექიმებთან საშველად. საშველი კი ერთი იყო. ექიმი ეუბნებოდა რომ გაცლოდა იქაურობას. რათქმაუნდა ადამიანისთვის ძალიან ძნელია ასე, ხელაღებით ადგეს და წავიდეს, თუმცა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანის გაკეთება როცა გვიწევს, ვაკეთებთ ამას, იმისათვის რომ ფიზიკურად გადავრჩეთ.

რა ხდება, როცა ჩვენზე ზემოქმედებს ტოქსიური გარემო ან კონკრეტული ადამიანი? რადგან ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსი ირღვევა, ვკარგავთ სასიცოცხლო ძალებს, ქვეითდება იმუნიტეტი და ვსნეულდებით. რასაც ვერ ავცდებით, იმაც ვერც გავერიდებით, მაგრამ როდესაც არსებობს არჩევანი და ჩვენ იმ იმედით ვითმენთ, რომ რაღაც შეიცვლება, ვცდებით.

ტოქსიური ადამიანები, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებიც შეიძლება იყვნენ.

ზემოთაც ავღნიშნე და კიდევ ვიტყვი, ადამიანები არ იცვლებიან და არც ის გარემო გახდება უკეთესი, სადაც მუდმივი წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. სწორედ ასეთ სიტუაციაში უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მე არავის ვურჩევ არაფერს და არც არაფრისკენ ვუბიძგებ. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ, ფიზიკურად გადავრჩეთ, უნდა შევძლოთ არჩევანის გაკეთება, რომელიც სულაც არ არის ადვილი,მაგრამ როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ეს უკვე სერიოზული მოტივია.

ხშირად ასეთი სიტუაციაში მყოფ ადამიანს, თავი კომფორტის ზონაში ჰგონია.ან „მიჩვეული ჭირი“ ურჩევნია, ან იმ იმედით ცხოვრობს,რომ რაღაც აუცილებდად შეიცვლება და თანდათან კარგავს უნარს, არათუ რამე შეცვალოს, არამედ პირიქით, მოშლილი მექანიზმი იქცევა. საათს თუ არ დავქოქავთ, ან დავაზიანებთ, ის როგორ იმუშავებს? ასეა ადამიანიც.

როდის უნდა მივხვდეთ, რომ დროა რაღაც შევცვალოთ,თუნდაც ერთი შეხედვით მტკივნეული იყოს ეს ცვლილება? რადგან ჩვენი ბიოენერგეტიკა დარღვეულია, ხშირად ვუჩივით ამა თუ იმ ავადმყოფობას. ერთს მეორე ემატება ან ანაცვლებს. (თავის ტკივილები, ძილის დარღვევა, არტერიული წნევის ცვალებადობა, კუჭნაწლავის პრობლებები, გულის რითმის დარღვევა და სხვა. იხ. სტატია ფსიქოსომატიკაზე). გვემართება აპათია, ვხდებით განურჩევლები, აღარ გვიხარია არაფერი. სახლში ან სამსახურში მისვლა არ გვინდა და ქვეცნობიერად ვეძებთ მიზეზებს, იქ რომ არ მივიდეთ.

ვიღაც იკითხავს, როგორ, რანაირად უნდა შეძლოს და გაეცალოს ასეთ გარემოს? არ არსებობს ასეთი მეთოდი, რომელიც გაგვაკეთებინებს და გვასწავლის ამას. ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. არა ერთი ხელის მოსმით, არამედ დავსახოთ მიზანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის, რომელიც განადგურებისგან გადაგვარჩენს. რადგან, როცა საქმე ჯანმრთელობის პრობლემებს ეხება და ერთი პრობლემა მეორეს ენაცვლება, არჩევანია გასაკეთებელი. ყველა ადამიანს თავისი ხედვა აქვს და თავისი გზა. შესაბამისად არჩევანიც.

ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას გისურვებთ!