goethianummmm

შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნების სფეროში

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

ამ წიგნის ახალი გამოცემის გამო

1918 წელს, ვიდრე გამოვიდოდა მეცხრე გამოცემა ამ წიგნისა, მე იგი საფუძვლიანად გადავამუშავე. მას აქეთ მნიშვნელოვნად გაიზარდა ლიტერატურა, რომელიც მიმართულია ამ წიგნში გადმოცემული ანთროპოსოფიული მსოფლხედველობის წინააღმდეგ. 1918 წელს ამ გადამუშავების შედეგად წარმოსდგა მრავალი დამატება და ზოგი რამ განვრცობილ იქნა. უწინდელი გამოცემის გადამუშავებას კი არ დასჭირვებია ეს. ვინც მოისურვებს ყურადღების მიპყრობას იმ ფაქტზე, რომ მე ჩემი შრომების სხვადასხვა ნაწილებში ხშირად მრავალგვარად ვეკამათები ხოლმე ჩემსავე თავს, რათა განვსაზღვრო ამგვარი საწინააღმედგო აზრების ძალა და დავაუძლურო ისინი, იგი დაინახავს, თუ რა მეთქმის ჩემი ოპონენტების შრომებზე. რაც შეეხება კვლავინდებურად შინაარსის შევსებას, განსხვავებით 1918 წლისგან, საამისოდ აღარ გამაჩნია ისეთივე შინაგანი საფუძვლები, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ანთროპოსოფიული მსოფლმხედველობა მრავალმხრივ გაფართოვდა და გაღრმავდა ჩემს სულში. თუმცა ასეთმა გაფართოებამ გაღრმავებამ როდი შეარყია ამ წიგნის დებულებანი, არამედ დამარწმუნა, რომ ამის შემდგომ გაწეული შრომის ნაყოფი სრულ უფლებას იძლევა არსებითად უცვლელი დარჩეს ამ წიგნის ძირეული შინაარსი.

რუდოლფ შტაინერი

შტუტგარტი, 24 ნოემბერი, 1922 წელი

Steiner um 1905

შ ე ს ა ვ ა ლ ი

როდესაც იოჰან გოტლიბ ფიხტემ 1813 წლის შემოდგომაზე გამოაქვეყნა თავისი „მოძღვრება“, რომელიც წარმოადგენდა ჭეშმარიტების სამსახურისადმი მიძღვნილი მთელი ცხოვრების ნაყოფს, დასაწყისშივე წაუმძღვარა მას შემდეგი სიტყვები: „ამ მოძღვრების ათვისებას სჭირდება სრულიად ახალი შინაგანი გრძნობის ორგანო, რომელიც აღიქვამს ახალ სამყაროს, ჩვეულებრივი ადამიანისათვის არარსებულს.“ შემდეგ ფიხტე მიგვითითებს მაგალითის მეშვეობით, თუ რაოდენ გაუგებარი უნდა იყოს ეს მოძღვრება იმ კაცისათვის, რომელსაც სურს მსჯელობა მის შესახებ ჩვეულბრივი შეგრძნებებით მიღებული წარმოდგენების საფუძველზე:

„წარმოიდგინეთ ბრმადშობილთა სამყარო, სადაც იცნობენ მხოლოდ ისეთ საგნებს და მათ შორის ისეთ ურთიერთმიმართებებს, რომელნიც არსებობენ მხოლოდ შეხების ორგანოთათვის. მიდით მათთან და ესაუბრეთ ფერებზე ან სხვა ურთიეთმიმართებებზე, რომელთა აღქმასაც სჭირდება სინათლე და მხედვლობა. თქვენი საუბარი მათთან იქნება საუბარი არარას შესახებ და უკეთეს შემთხვევაში ისინი პირდაპირ გეტყვიან ამას. ასე რომ, თუ ვერ აუხელთ მათ თვალს, მალე მიხვდებით თქვენს შეცდომას და მოეშვებით მათთან ამაო საუბარს.“

ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყოველი კაცი, რომელიც დაუწყებს ადამიანებს საუბარს ისეთ საგნებზე, რომელთაც ფიხტე გულისხმობს ამ შემთხვევაში, იგი დაემსგავსება თვალხილულს, რომელიც მოხვდა ბრმადშობილთა შორის. მაგრამ განა ეს საგნები არ ესაუბრებიან ადამიანს თავისი უზენაესი მიზნისა და ჭეშმარიტი რაობის შესახებ? რა თქმა უნდა, კაცობრიობაზე გულაყრილი კაცი უეჭველად გაიფიქრებს, უთუოდ უნდა შევწყვიტოთ „ამაო საუბარი“. თუმცა ერთი წუთითაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ ყველასათვის შესაძლოა „ახელა თვალისა“, ყველასათვის, ვინც გამოამჟღავნებს სათანადო სურვილს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარეობდა ყველა ის ადამიანი, ვინც სწერდა ან საუბრობდა ამ თემაზე, მას შემდეგ, რაც შეიგრძნობდა თავის თავში აღმოცენებულ „შინაგან ორგანოს გრძნობისას“. ამ ორგანოს მეოხებით შესაძლოა შემეცნება ადამიანის ჭეშმარიტი არსისა; რომელიც დაფარულია გარეგან შეგრძნებათათვის. ოდითგანვე ბევრი რამ ითქმოდა ამ „ფარული და იდუმალი სიბრძნის გამო. ის, ვინც ჩასწვდა მას რამდენადმე, ისევეა დარწმუნებული თავისი საუნჯის ფლობაში, როგორც ჯანსაღი თვალების მქონე ადამიანი ფერადი აღქმებისა თვალსაჩინოებაში. მისთვის ეს ფარული სიბრძნე არ მოითხოვს არავითარ „დასაბუთებას“/ მან აგრეთვე უწყის, რომ ის ადამიანი, ვისაც მის მსგავსად გაეხსნა „უმაღლესი შეგრძნება“, არ საჭიროებს აღარავითარ საბუთებს. მას შეუძლია ისევე ესაუბროს ამგვარ ადამიანს, როგორც მოგზაური ესაუბრება ამერიკის შესახებ ისეთ, ხალხს, რომელთაც, მართალია თავად არ უნახავთ ამერიკა, მაგრამ ძალუძთ წარმოდგენის შექმნა მის შესახებ, ვინაიდან პირველ ხელსაყრელ შემთხვევისთანავე ნახავდნენ ყოველივეს, მის მიერ ნახულს.

მაგრამ ზეგრძნობადის დამკვირვებელი მხოლოდ სულიერი სამყაროს მკვლევარს როდი უნდა ესაუბრებოდეს. მან უნდა მიმართოს ყველა ადამიანს. ვინაიდან მან უნდა იმსჯელოს ისეთი ამბებისათვის, რომელნიც ეხებიან ყველა ადამიანს; დიახ, მან უწყის რომ ამგვარი შემეცნების გარეშე ვერავინ იქნება „ადამიანი“ ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. ასე რომ, იგი მიმართავს ყველა ადამიანს, თუმც ამავე დროს უწყის, რომ არსებობენ განსხვავებული დონეები მისი ნათქვამის გაგებისა. მან იცის აგრეთვე, რომ ისეთ ადამიანებსაც ძალუძთ გარკვეული უნარის გამომჟღავნება, რომელნიც ჯერ ფრიად შორს არიან იმ წუთისგან, როდესაც მათ გაეხსნებათ საკუთარი სულიერი კვლევის შესაძლებლობა. ვინაიდან ჭეშმარიტების შეგრძნებისა და გაგების უნარი არსებობს ყოველ ადამიანში. და უპირველეს ყოვლისა იგი მიმართავს სწორედ ამ უნარს გაგებისას, რომელიც შესაძლოა აღმობრწყინდეს ყოველ ადამიანში, ვისაც გააჩნია ჯანსაღი სამშვინველი.

მან უწყის აგრეთვე, რომ ამ გაგებაში არის ძალა, რომელიც მიიყვანს ადამიანს შემეცნების უმაღლეს საფეხურამდე. ეს არის გრძნობა, რომელიც თავდაპირველად ვერაფერს ხედავს ყოველივე იმაში, რასაც მას ეუბნებიან, მაგრამ სწორედ ეს გრძნობაა ის ჯადოსანი, რომელსაც ძალუძს „სულიერი თვალის“ ახელა ადამიანისთვის. ბუნდოვნად აღიძვრის ეს გრძნობა. სამშვინველი ვერაფერს ხედავს თავიდან, მაგრამ ამ გრძნობის მეშვეობით მას მოიცავს ძალა ჭეშმარიტებისა; ამის გამო ჭეშმარიტება თანდათან უახლოვდება სამშვინველს და მასში იხსნება უმაღლესი შეგრძნება. ერთ ადამიანს შესაძლოა ნაკლები დრო დასჭირდეს, მეორეს –– მეტი; ვისაც აღმოაჩნდება მოთმინება და გამძლეობა –– მიაღწევს მიზანს. მართალია, შეუძლებელია ოპერირება ყოველი ბრმადშობილისა, მაგრამ სულიერი თვალის ახელა შეიძლება ყველასთვის; დროის საკითხია, თუ როდის მოხდება ეს.

სწავლულობა და მეცნიერული განათლება არ წარმოადგენენ წინაპირობებს ამ „უმაღლესი შეგრძნების“ გახსნისას. უბრალო ადამიანსაც შესაძლოა ისევე გაეხსნას ეს შეგრძნება, როგორც მეცნიერებაში წინწასულს. ის, რასაც ჩვენს დროში ხშირად „ერთადერთ“ მეცნიერებას უწოდებენ, შესაძლოა უფრო ხელისშემშლელი აღმოჩნდეს ამ მიზნის მისაღწევად, ვიდრე ხელისშემწყობი. ვინაიდან ეს მეცნიერება, როგორც წესი, მხოლოდ იმას მიიჩნევს „სინამდვილედ“, რაც მხოლოდ ჩვეულებრივი შეგძნებებისთვისაა მისაწვდომი. მართალია, დიდია მისი დამსახურება ამ სინამდვილის შემეცნების საქმეში; მხოლოდ როცა იგი შეირაცხება ყოველგვარი ადამიანური ცოდნის საზომად, რაც მისი მეცნიერულობის თვალსაზრისით აუცილებელი და სასიკეთოა, იგი იმავდროულად ქმნის უფრო მაღალი სინამდვილისკენ ადამიანის დამაბრკოლებელ ცრურწმენებს.

ყოველივე ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ ხშირად ამბობენ: ადამიანის შემეცნებას დასმული აქვს „გადაულახავი საზღვრები“. ადამიანს არ ძალუძს ამ საზღვრებზე გადაბიჯება; ამიტომ უნდა უკუვაგდოთ ყოველგვარი შემეცნება, რომელიც ანგარიშს არ უწევს ამ „საზღვრებს“. ამიტომ კადნიერს უწოდებენ ისეთ ადამიანს, რომელიც რაიმეს ამტკიცებს ისეთი ამბების გამო, რომელნიც მრავალთათვის ადამიანური შემეცნების ფარგლებს მიღმა იმყოფებიან. მათთვის ეს ყოველივე გადაწყვეტილად ითვლება. ამგვარი გამოდავებისას ისინი მთლად უყურადღებოდ სტოვებენ იმ ფაქტს, რომ უმაღლეს შემეცნებას წინ უნდა უძღოდეს განვითარება ადამიანის შემეცნებითი ძალებისა.

მას შემდეგ, რაც ადამიანში გაიღვიძებს მთველამარე უნარი, ამგვარი განვითარებამდე ყოველივე შემეცნების საზღვარს გადაღმა არსებული უკვე მთლიანად მოექცევა შემეცნების სფეროში. თუმც ერთ ამბავსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. შესაძლოა ვინმემ იკითხოს: რა სარგებლობა მოაქვს ადამიანთათვის ისეთ საგნებზე საუბარს, რომელთა შემეცნების უნარს ჯერ არ გაუღვიძნია მათში და რომელთაგანაც თავად გათიშულნი არიან? მაგრამ ამგვარი მსჯელობა არ იქნებოდა სწორი. ადამიანი ხსენებული საგნების აღმოსაჩენად იყენებს გარკვეულ უნარებს; ხოლო ამ აღმოჩენის შემდეგ, როდესაც ხდება სხვათათვის მათი გაზიარება, ყოველ ადამიანს ძალუძს მათი გაგება, ვისაც გააჩნია მიუდგომელი ლოგიკა და ჭეშმარიტების ჯანსაღი გრძნობა. ყოველ ადამიანზე, ვისაც გააჩნია მრავალმხრივი, ცრურწმენებით დაუბნელებელი აზროვნება და გულწრფელი, თავისუფალი შეგრძნება ჭეშმარიტებისა, ამ წიგნში თქმული მოახდენს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ მიღებული იქნება დამაკმაყოფიელებელი პასუხი ადამიანური ცხოვრებისა და მსოფლიო ყოფის გამოცანაზე. საკითხი ამგავრად უნდა დაისვას: შემოდის თუ არა დამაკმაყოფილებელი გარკვეულობა ცხოვრებაში, თუ დავუშვებთ, რომ მართლაც იმგვარია საგანთა წესი, როგორც ეს წიგნი გვიმტკიცებს? ჩვენ დავინახავთ, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გვიმოწმებს ამას.

ყოფიერების ამ უმაღლეს სფეროში „მასწავლებლობისათვის“ უბრალოდ როდი კმარა ადამიანში ამ ახალი შეგრძნების აღმოცენება. ამისთვის საჭიროა მეცნიერული განსწავლის მიღება ამ სფეროების შესახებ, ისევე როგორც ჩვეულებრივ სინამდვილეში მასწავლებლობას სჭორდება მეცნიერული ცოდნა. „უმაღლესი ხედვა“ როდი კმარა იმისთვის, რომ ადამიანი გახდეს „მეცნიერი“ სულიერი სფეროსი, ისევე როგორც საღი განსჯა არ კმარა იმისთვის, რომ კაცი სწავლული გახდეს გრძნობად სინამდვილეში. როგორც უმდაბლესი, ისე უმაღლესი სულიერი სინამდვილე მხოლოდ და მხოლოდ ორი მხარეა ერთი და იმავე ძირეული არსისა, უმეცარი უმდაბლესის შემეცნებაში, თითქმის ყოველთვის ასეთივე დარჩება უმაღლესი საგნების შემეცნებაშიც. ამიტომაც იმ ადამიანში, რომელიც გრძნობს სულიერი მოწოდებით, რომ მან უნდა ისაუბროს ყოფიერების სულიერი სფეროების შესახებ, იღვიძებს გრძნობა განუზომელი პასუხისმგელობისა. ეს გრძნობა მჟღავნდება მოკრძალებასა და თავშეკავებაში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყოველივე ზემოთქმულმა არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი უმაღლეს ჭეშმარიტებათა შემეცნების გზაზე, თვით ისეთი ადამიანიც კი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა ცხოვრებაში მოეკიდა ხელი ჩვეულებრივი მეცნიერებისათვის. ვინაიდან ადამიანს ძალუძს აღსრულება თავისი ადამიანური დანიშნულებისა ბოტანიკის, ზოოლოგიის, მათემატიკის და სხვა მეცნიერებათა გაგების გარეშეც; მაგრამ ვერ იქნები „ადამიანი“ ამ სიტყვის სრული გაგებით, თუ არ ჩასწვდი ნაწილობრივ მაინც ადამიანის რაობას და დანიშნულებას, რომელსაც გვაწვდის ზეგრძნობადი შემეცნება.

ადამიანი ღვთაებრივს უწოდებს იმ უზენაესს, რომლისკენაც ძალუძს მას მზერის მიპყრობა. მან უნდა გაიაზროს თავისი უზენაესი დანიშნულება ამ ღვთაებრივთან მიმართებაში. ამიტომ შესაძლოა გრძნობად საუფლოზე ამაღლებულ ამ სიბრძნეს, რომელშიც ადამიანს ეხსნება თავისი რაობა და დანიშნულება, ეწოდოს „ღვთაებრივი სიბრძნე“, ანუ თეოსოფია. ადამიანის ცხოვრებასა და სამყაროში მიმდინარე სულიერ ხდომილობათა შესახებ მსჯელობას შესაძლოა დაერქვას სულიერი მეცნიერება. ამ წიგნიდან გამომდინარე ადამიანის სულიერი არსების შესახებ გამოტანილი დასკვნების საფუძველზე შესაძლოა ვიხმაროთ ამ სფეროსათვის გამოთქმა „თეოსოფია“, რომელიც იხმარებოდა საუკუნეთა მანძილზე ამავე მნიშვნელობით.

ხსენებული თვალსაზრისის საფუძველზეა მოხაზული ამ წიგნში თეოსოფიური მსოფლმხედველობის ესკიზი. ამ წიგნის დამწერი ისეთს ვერაფერს ასახავს, რაც მისთვის არ არის ფაქტი იმგვარივე გაგებით, როგორც თვალისა და ყურისთვის, აგრეთვე ჩვეულებრივი განსჯისათვის ფაქტია გარე სამყაროს აღქმა. აქ ადამიანი შეხვდება ისეთ გამოცდილებას რომელიც ყველასთვის მისაწვოდმი გახდება, ვისაც გადაუწყვეტია დაადგეს ამ წიგნის საგანგებო თავში აღწერილ „შემეცნების გზას“. ადამიანი სწორ დამოკიდებულებაში იქნება ზენა სამყაროს მოვლენებთან, თუ იგი დაუშვებს, რომ ჯანსაღ აზრსა და შეგრძნებას ძალუძს ყოველივე იმის გაგება, რაც შეიძლება მომდინარეობდეს ზენა სამყაროს ჭეშმარიტი შემეცნებიდან, და რომ კაცი, რომელიც ამგვარ გაგებას გაიხდის ამოსავალ წერტილად და საფუძვლად დაუდებს ყოველივეს, გადადგამს დიდ ნაბიჯს საკუთარი ხედვის მიღწევის მხრივ. თუმც ამ ხედვის მისაღწევად უნდა მოხდეს სხვა რამეც. ის, ვინც გვერდს აუვლის ამ გზას და მოისურვებს ზენა სამყაროებში სხვაგავრად შეღწევას, უკეტავს თავის თავს ჭეშმარიტი საზეო შემეცნების კარიბჭეს. იმის მტკიცება, თითქოს მხოლოდ მაშინ შეიძლებოდეს ზენა სამყაროს აღიარება, როდესაც მას დაინახავ, წარმოადგენს დაბრკოლებას თავად ამ დანახვისთვის. ამგვარი ხედვის განვითარებისთვის ძალზე სასარგებლო იქნება, თუკი მოვინდომებთ ჯერ საღი აზროვნებით გავიგოთ ის, რაც შემდგომში უნდა დავინახოთ. ეს ყოველივე სამშვინველში ჰბადებს მნიშვნელოვან ძალას, რომელსაც მივყავართ ამგვარი „ნათელხილვისაკენ“.