Chakras n etheric body

IV. სხეული, სამშვინველი და სული

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

ადამიანი მაშინ შეიცნობს სწორად საკუთარ თავს, როდესაც იგი გაარკვევს აზროვნების მნიშვნელობას მის საკუთარ არსებასთან მიმართებაში. ტვინი არის სხეულებრივი იარაღი აზროვნებისთვის. ისევე, როგორც ფერების დანახვა ძალუძს მხოლოდ საღი თვალების მქონდე ადამიანს, ასევე სჭირდება აზროვნებას საღი აგებულების ტვინი. ადამიანის მთელი სხეული იმგვარად არის მოწყობილი, რომ მისი დაგვირგვინებაა სულის ორგანო ­− ტვინი. ადამიანი მხოლოდ მაშინ გაიგებს ტვინის აგებულებას, თუ განიხილავს მას იმ ამოცანასთან მიმართებაში, რომელიც თავად ტვინს გააჩნია. ეს ამოცანა იმაში მდგომარეობას, რომ ტვინი არის სხეულბრივი საფუძველი მოაზროვნე სულისთვის. ამის ნათელჰყოფს ჩვენთვის ცხოველთა სამყაროს შედარებითი მიმოხილვაც. ამფიბიების ტვინი ჯერაც მცირეა მათსავე ზურგის ტვინთან შედარებით; ძუძუმწოვრებისა კი შედარებით უფრო დიდია. ადამიანის ტვინი კი უდიდესია მთელს დანარჩენ სხეულთან შეფარდებით.

მრავალი წინასწარ აღებული საწინააღმდეგო აზრი არსებობს იმ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გამოვთქვით აზროვნების შესახებ. ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე დამცირება აზროვნებისა, რათა უფრო მაღლა „შინაგანი გრძნობისმიერი ცხოვრება“, „განცდა“ დააყენონ. ხშირად ითქმის: ადამიანი მხურვალე გრძნობით, განცდის უშუალო ძალით აღწევსო უმაღლეს შემეცნებას და არა ფხიზელი აზროვნებით. ამგვარი ადამიანები ნიადაგ შიშობენ, რომ ნათელი აზროვნება გრძნობას დაუჩლუნგებს მათ. ყოველდღიური აზროვნების შემთხვევაში, როდესაც საქმე მხოლოდ ყოფითი მოხმარების საგნებს ეხება, ეს მართლაც რომ შესაძლებელია. მაგრამ სწორედ საწინააღმდეგო რამ ხდება ისეთი აზროვნებისას, რომელსაც მივყავართ ყოფიერების ზენა სფეროებისაკენ. არ არსებობს ისეთი გრძნობა და ენთუზიაზმი, რომელიც თავისი მგზნებარებით, სიმშვენიერითა და სიდიადით შეედრებოდეს იმ გრძნობებს, რომელნიც აღენთებიან ჩვენში იმ წმინდა, კრისტალურად გამჭვირვალე აზრთა მეოხებით, ზენა სამყაროებს რომ გვიცხადებენ. უზენაესი გრძნობაა არა ის, რომელიც „თავისთავად“ იშვის, არამედ ის, რომელსაც ვაღწევთ აზრის ენერგიული მუშაობით.

ადამიანის სხეულის აგებულება შეესატყვისება აზროვნებას. ის ნივთიერებანი და ძალნი, რომელნიც მოიპოვებიან მინერალურ სამყაროში, იმგვარად არიან განაწილებულნი ადამიანის სხეულში, რომ ამ განაწილებისა და შეკავშირების შედეგად შესაძლოა აღმოცენდეს აზროვნება. ამ მინერალურ აგებულებას, თავისი ამოცანის შესაბამისად მოწყობილს, შემდგომი განხილვისას ვუწოდებთ ადამიანის ფიზიკურ სხეულს.

ეს მინერალური ნაგებობა, რომლის ცენტრიც არის ტვინი აღმოცენდება გამრავლების გზით და ღებულობს თავის დასრულებულ სახეს ზრდის მეშვეობით. გამრავლება და ზრდა ადამიანს ანათესავებს მცენარეებთან და ცხოველებთან. გამრავლებითა და ზრდით განსხვავდება ცოცხალი საწყისი უსიცოცხლო მინერალისაგან. ცოცხალი ჰბადებს ცოცხალს ჩასახვის მეშვეობით. შთამომავალი ემატება წინაპარს ცოცხალითა რიგში. მინერალის წარმომქნელი ძალები იმ ნივთიერებებში მოქმედებენ, რომლებიც მას შეადგენენ. მთის კრისტალი იქმენაბ იმ ძალებისაგან, რომელთაც შეიცავენ სილიციუმი და ჟანგბადი. ეს ძალები ერთდებიან მასში. ის ძალები კი, რომელნიც ჰქმნიან მუხას, უნდა ვეძებოთ არაპირდაპირი გზით, თესლის მეშვეობით, დედა და მამა მუხებში. ასე რომ, ფორმა მუხისა შენარჩუნებულია. გამრავლების შემდეგ იგი გადადის წინაპრიდან შთამომავალზე. ყოველივე, რაც ცოცხალია, შეიცავს შინაგან, თანდაყოლილ პირობებს. არსებობდა ერთი უხეში საბუნებისმეტყველო შეხედულება, რომელიც სთვლიდა, რომ ზოგიერთი უმდაბლესი ცხოველი, მაგალითად, თევზი შესაძლოა წარმოშობილიყო შლამიდან. ცოცხალი ფორმები მრავლდებიან მემკვიდრეობით. ცოცხალი არსების განვითარება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი დედ-მამისაგან წარმოსდგება ის, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომელ სახეობას განეკუთვნება იგი. ნივთიერება, რომლისაგანაც იგი შედგება, გამუდმებით იცვლება. სახეობა კი იგივე რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე და გადაეცემა შთამომავლობას. სახეობა არის ის, რაც განსაზღვრავს ნივთიერებათა შენაერთს. ძალას, რომელიც წმნის სახეობას, უნდა ეწოდოს სასიცოცხლო ძალა. ისევე, როგორც კრისტალში ვლინდებიან მინერალური ძალები, ასევე ვლინდება წარმომქმნელი სასიცოცხლო ძალა მცენარეული და ცხოველური ყოფის სახეობებში და ფორმებში.

ადამიანი მინერალურ ძალებს სხეულებრივი შეგრძნებებით აღიქვამს და მას ძალუძს მხოლოდ ისეთი რამის აღქმა, რისთისაც მას გააჩნია შესაბამისი გრძნობათა ორგანოები. თვალის გარეშე არ არსებობს სინათლის შეგრძნება, ხოლო ყურის გარეშე − ბგერის შეგრძნება. უმდაბლეს ორგანიზმებს გააჩნიათ მხოლოდ გარკვეული უნარი შეხების შეგრძნებისა. მათთვის არსებობს მხოლოდ ერთგვარი სახეობა მინერალთა შეგრძნებისა, რომელთა აღქმაც ჩვენ შეხებისას გვეძლევა. რამდენადაც ვითარდებიან სხვა შეგრძნებები უფრო მაღალი განვითარების ცხოველებში, მათთვის მით უფრო მდიდრდება რა მრავალფეროვანი ხდება გარესამყარო, რომელსაც, თავის მხრივ, ადამიანიც აღიქვამს. ასე რომ, თავად არსების ორგანოებზეა დამოკიდებული, გადაიქცევა თუ არა მისთვის აღქმად დაშეგრძნებებად ყოველივეის, რაც მოცემულია გარესამყაროში. ის, რაც არსებობს ჰაერში, როგორც გარკვეული მოძრაობა, ადამიანისათვის გადაიქცევა ბგერის შეგრძნებად. სასიცოცხლოა ძალის გამოვლენას კი ადამიანი ვერ აღიქვამს ჩვეულებრივი შეგრძნებებით. იგი ხედავს ფერს მცენარისას, იყნოსავს მის სურნელს; ხოლო სასიცოცხლო ძალა დაფარულია ასეთი დაკვირვებისათვის. მაგრამ ისე როგორც ბრმადშობილს არა აქვს უფლება ფერთა უარყოფისა, ასევე ჩვეულებრივი შეგრძნებების მქონე ადამიანებს არა აქვთ უფლება სასიცოცხლო ძალის უარყოფისა. ბრმადშობილისათვის იარსებებნ ფერები, თუ იგი გაიკეთებს ოპერაციას. ასევე იარსებებენ ადამიანისათის შეგრძნებების სახით სასიცოცხლო ძალის მიერ წარმოშობილი ნაირგვარი სახეობანი და არა მხოლოდ მცენარეა და ცხოველთა ინდივიდები; ხოლო ეს მოხდება მაშინ, როდესაც მას გაეხსნება ორგანო მათი აღქმისათვის. − სრულიად ახალი სამყარო აღმოცენდება ადამიანის წინაშე ამ ორგანოთა გახსნის შედეგად. იგი აღიქვამს უკვე არამარტო ცოცხალ არსებათა ფერებს, სურნელებას და ა. შ., არამედ სიცოცხლეს თვით იმ არსებებში. ყოველ მცენარეში, ყოველ ცხოველში შეიგრძნობს იგი ფიზიკური სახის გარდა მეორე, სიცოცხლით აღსავსე სულიერ სახეს. იმისათვის რომ ვიქონიოთ ამის შესაფერისი გამოთქმა, დავარქვათ ამ სულიერ სახეს ეთერული სხეული, ანუ სასიცოცხლო სხეული. [1] სულიერი ცხოვრების მკვლევარისათვის ეს ყოველივე არსებობს შემდეგი სახით: მისთვის ეთერული სხეული არ არის უბრალოდ პროდუქტი ფიზიკური სხეულის ძალთა და ნივთიერებათა, არამედ იგი არის სრულიად თვითმყოფადი, ნამდვილი არსი, რომელიც იწვევს სიცოცხლეს ზემოხსენებულ ფიზიკურ ძალებში და ნივთიერებებში. როდესაც ამბობენ, რომ უბრალო ფიზიკური სხეული − მაგალითად, კრისტალი − ღებულობს თავის სახეს იმ ფორმადმქმნელ ძალთა მეშვეობით, რომელიც გააჩნია არაორგანულ ბუნებას, ეს ყოველივე ეთანხმება სულიერი მეცნიერების თვალსაზრისს. ცოცხალი სხეული კი ფორმას არ ღებულობს ამ ძალების მეშვეობით, ვინაიდან მაშინათვე, როგორც კი სიცოცხლე სტოვებს სხეულს და იგი რჩება ფიზიკური ძალების ანაბარა, სხეული იშლება. სასიცოცხლო სხეული არის არსი, რომელიც ყოველ წამს იცავს ცოცხალ ფიზიკურ სხეულს დაშლისაგან. ამ სასიცოცხლოს სხეულის დასანახად, სხვა არსებაში მის აღსაქმელად საჭიროა მღვიძარე სულიერი მხედველობა. შესაძლოა ამის გარეშეც დავუშვათ მისი არსებობა, ლოგიკის საფუძველზე. მისი ჭვრეტა კი შესაძლებელია სულიერი თვალით, ისევე როგორც ადამიანი ჭვრეტს ფერებს ფიზიკური თვალით. არ უნდა შეგვაცბუნოს გამოთქმამ „ეთერული სხეული“: „ეთერი“ ამ შემთხვევაში იმას როდი ნიშნავს, რაც იგულისხმება ფიზიკის ჰიპოთეტიური ეთერის გაგებაში. მივიღოთ ეს როგორც მხოლოდ აღნიშვნა იმისა, რაც აქ არის აღწერილი. ისევე როგორც ადამიანის ფიზიკური სხეული თავისი აგებულებით გამოხატავს ამოცანას ამ სხეულისას, ასევეა ადამიანის ეთერული სხეულიც. მისი გაგება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განვიხილავთ მას მოაზროვნე სულთან მიმართებაში. ადამიანის ეთერული სხეული იმით განსხვავდება მცენარეთა და ცხოველთა ეთერული სხეულებისგან, რომ იგი ექვემდებარება მოაზროვნე სულს. − ისევე როგორც ადამიანი თავისი ფიზიკური სხეულით ეკუთვნის მინერალურ სამყაროს, ასევე ეკუთვნის იგი თავისი ეთერული სხეულით სიცოცხლის სამყაროს. სიკვდილის შემდეგ ფიზიკური სხეული განზავდება მინერალურ სამყაროში, ხოლო ეთერული სხეული სიცოცხლის სამყაროში.[2] სიტყვა „სხეულით“ აღინიშნება ის, რაც წარმოადგენს ამა თუ იმ არსების „სახეს“, „ფორმას“. გამოთქმა „სხეული“ არ უნდა ავურიოთ გრძნობად, ფიზიკურ სხეულებრივ ფორმაში. ცნება „შხეული“, როგორც ამ წიგნშია ნაგულისხმევი, გამოყენებულია არა მხოლოდ ფიზიკურთან, არამედ მშვინვიერთან და სულიერთან დაკავშირებითაც.

სასიცოცხლო სხეული ჯერაც გარეგანი რამ არის ადამიანიანისათის. შეგრძნების პირველ გაღვიძებისთანავე ადამიანის შინაგანი მხარეს პასუხს იძლევა გარესამყაროს გამღიზიანებლებზე. რა შორსაც არ უნდა წავიდეს ადამიანი გარესამყაროს კვლევაში, იგი მაინც ვერ იპოვნის შეგრძნებას. სინათლის სხივები შემოდიან თვალში და ვრცელდებიან რქოვან გარსამდე. შემდეგ იწვევენ მანდ ქიმიურ პროცესებს (ე. წ. თვალის მეწამულ ნივთიერებაში); ამ გაღიზიანებათა მოქმედება გრძელდება მხედველობითი ნერვის მეშვეობით ტვინამდე; მანდ კი აღმოცენდებიან შემდგომი ფიზიკურ პროცესები. მათი დაკვირვება რომ შესძლებოდა ადამიანს, აღმოაჩენდა ისეთსავე ფიზიკურ პროცესებს, როგორსაც ყველგან ვხვდებით გარესამყაროში. მე რომ შემძლებოდა დაკვირვება სასიცოცხლო სხეულზე, აღვიქვამდი იმასაც, რომ ტვინში მიმდინარე ფიზიკური პროცესი სასიკვდილო პროცესია ამავე დროს. მაგრამ სინათლის სხივთა აღქმისას ცისფერი ფერის შეგრძნებებს, რომელნიც აღმოცენდებიან მხოლოდ და მხოლოდ მიმღები ადამიანის სამშვინველში.

ამრიგად, სინათლის მიმღები ადამიანის არსება მხოლოდ ფიზიკური და ეთერული სხეულებისგან რომ ყოფილიყო შემდგარი, შეგრძნება ვერ იარსებებდა. ის მოქმედება, რომლის მეშვეობითაც აღმოცენდება შეგრძნება, არსებითად განსხვავდება სასიცოცხლო ძალის მოქმედებისაგან. ასე რომ, სასიცოცხლო ძალის ამგვარი მოქმედებით აღმოცენდება შინაგანი განცდა. ეს ქმედება რომ არ ყოფილიყო, იარსებებდა მხოლოდ უბრალოდ სასიცოცხლო პროცესი, როგორსაც ვაკვირდებით მცენარეებში. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ყოველი მხრიდან ღებულობს შთაბეჭდილებებს. იგი უნდა წარმოვიდგინოთ ამავე დროს ზემოხსენებული მოქმედების წყაროდ, რომელიც მიმართულია იქით, საიდანაც იგი ღებულობს შთაბეჭდილებებს. ამ ყოველის მხრიდან მომდინარე შთაბეჭდილებებზე პასუხობენ შეგრძნებები. ამჯერად წყაროს ამგვარი მოქმედებისას დავარქმევთ შეგრძნებად სამშვინველს. ეს შეგრძნებადი სამშვინველი ისეთივე რეალობაა, როგორც ფიზიკურ სხეული. თუ ჩემს წინაშე მდგომა ადამიანში მე გამოვრიცხავ შეგრძნებად სამშვინველს და აღვიქვამ მას მხოლოდ ფიზიკურ სხეულად. ეს იგივე იქნება, რაც სურათში მხოლოდ ტილოს დანახვა.

ასე რომ, შეგრძნებადი სამშვინველის აღქმის შესახებ დაახლოებით იგივე უნდა ითქვას, რაც ეთერული სხეულის აღქმის შესახებ. იგი ფიზიკური ორგანოებით ვერ აღქიმება. ბრმაა მის მიმართ აგრეთვე ის ორგანო, რომლითაც აღვიქვამთ სიცოცხლეს, როგორც ასეთს. მაგრამ ისევე როგორც ამ ორგანოს მეშვეობით შესაძლოა აღქმა ეთერული სხეულისა, სხვა უფრო მაღალი ორგანოს მეშვეობით შესაძლოა აღქმა თვით შეგრძნებათა შინაგანი სამყაროსი. ამ დროს ადამიანი შეიგრძნობს არამარტო ფიზიკურ და სასიცოცხლო სამყაროთა შთაბეჭდილებებს, არამედ სჭვრეტს შეგრძნებებსაც. ამგვარი ორგანოს მქონდე ადამიანის წინაშე სხვა არსების შეგრძნებათა სამყარო გადაშლილია როგორც გარეგანი სინამდვილე. მაგრამ უნდა განვასხვაოთ ჩვენს საკუთარ შეგრძნებათა სამყარო სხვა არსების შეგრძნებათა სამყაროს ჭვრეტისაგან. თავის საკუთარ შეგრძნებათა სამყაროში ჩახედვა რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ძალუძს; ხოლო სხვა არსების შეგრძნებათა სამყაროს ჭვრეტა ძალუძს მხოლოდ მხილველს, რომელსაც აეხილა „სულიერი თვალი“. ადამიანი, რომელიც არ არის მხილველი, შეგრძნებათა სამყაროს შეიმეცნებს როგორც „შინაგანს“, როგორც საკუთარი სამშვინველის შინაგან განცდებს; ხოლო ახელილი „სულიერი თვალის“ შემწეობით გარეგანი სულიერი მზერის წინაშე აღმოცენდება ის, რაც მკვიდრობს სხვა არსებების „შინაგანში“.

* * *
გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად აქ გარკვევით უნდა ითქვას, რომ მხილველი როდი განიცდის თავის თავში ზუსტად იმასვე, რასაც სხვა არსება − თავის შეგრძნებათა სამყაროს შინაარსის სახით. ამ უკანასკნელს გააჩნია შეგრძნებები თავისი შინაგანი თვალთახედვის კუთხიდან; მხილველი კი აღიქვამს გამოცხადებას, რაც შეგრძნებათა სამყაროს გამოვილენაბაა.

შეგრძნებადი სამშვინველი თავის მოქმედებაში დამოკიდებულია ეთერულ სხეულზე. ვინაიდან იგი ეთერული სხეულიდან იღებს იმას, რაც მან შეგრძნების სახით უნდა აღმოაცენოს და რამდენადაც ეთერული სხეული არის სიცოცხლე ფიზიკურ სხეუილში, ამდენადვე შეგრძნებადი სამშვინველი არაპირდაპირაა დამოკიდებული ფიზიკურ სხეულზეც. მხოლოდ კარგად განვითარებული და სწორი ფუნქციის მქონე თვალის მეშვეობით შეიძლება ფერთა შეგრძნება. ამის მეშვეობით სხეულბრიობა ზეგავლენას ახდენს შეგრძნებად სამშვინველზე. ამრიგად თავის მოქმედებაში იგი განისაზღვრება და შემოიფარგლება სხეულით. ამიტომაც მკვიდრობს იგი იმ ფარგლებში, რომელსაც უქმნის მას სხეულბრიობა − ამრიგად სხეული იგება მინერალური ნივთიერებებისაგან, ცოცხლდება ეთერული სხეულის მეშვეობით და თავისთავად წარმოქმნის ფარგლებს შეგრძნებადი სამშვინველის „ჭვრეტისა“ , სჭვრეტს მას სხეულით შემოფარგლულს. მაგრამ შეგრძნებადი სამშვინველის საზღვრები როდი ემთხვევა ფიზიკური სხეულის საზღვრებს. ეს სამშვინველი სცილდება ფიზიკურ სხეულს. აქედან ჩანს, რომ იგი უფრო მძლავრია, ვიდრე ფიზიკური სხეული. მაგრამ ის ძალა, ფარგლებში რომ მოაქცევს მას, მოდის ფიზიკური სხეულიდან. ამის შედეგად, ერთის მხრივ ფიზიკური და ეთერული სხეულები წარმოგვიჩნდება, მეორეს მხრივ კი − შეგრძნებადი სამშვინველი; მათ შორის კი ჩართულია კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაწილი ადამიანის არსებისა. ეს არის მშვინვიერი სხეული, ანუ შეგრძნებადი სხეული. შეიძლება ითქვას აგრეთვე, რომ ეთერული სხეულის ერთი ნაწილი უფრო ფაქიზია, ვიდრე სხვა დანარჩენი ნაწილები და ეს უფრო ფაქიზი ნაწილი ეთერულ სხეულისა ერთიანობას ქმნის შეგრძნებად სამშვინველთან, ხოლო მისი უფრო უხეში ნაწილი ერთიანობას ქმნის ფიზიკურ სხეულთან. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, შეგრძნებადი სამშვინველი აჭარბებს მშვინვიერ სხეულს, აღმატებულია მასზე.
ის, რასაც აქ ვუწოდებთ შეგრძნებებს, არის მხოლოდ ნაწილი მშვინვიერი არსებისა (გამოთქმა „შეგრძნებადი სამშვინველი“ შერჩეულია აქ მეტი უბრალოებისათვის). შეგრძნებებს ზედ ერთვიან სიამოვნებისა და უსიამოვნების გრძბივევუმ ლტოლვები, ინსტიტქტები, ვნებები. ყოველივე ეს ატარებს პიროვნული ცხოვრების ისეთსავე ხასიათს, როგორც შეგრძნებები და მათ მსგავსად დამოკიდებულია სხეულებრიობაზე.

* * *
შეგრძნებადი სამშვინველი ისეთსავე ურთიერთქმედებაშია აზროვნებასთან, სულთან, როგორც სხეულთან. უწინარეს ყოვლისა მას ემსახურება აზროვნება. ადამიანი იქმნის აზრებს თავისივე შეგრძნებების შესახებ. ამის მეოხებით იგი არკვევს გარესამყაროს რაობას. ბავშვი, რომელმაც ხელი დაიწვა, იწყებს ფიქრს და მიდის შემდეგ დასკვნამდის: „ცეცხლი მწვავს.“ თავის ლტოლვებს, ინსტინქტებს და ვნებებსაც ბრმად როდის მისდევს ადამიანი; ფიქრის შედეგად მას ძალუძს მათი დაკმაყოფილება. ის, რასაც უწოდებენ მატერიალურ კულტურას, ვითარდება ამ მიმართულებით. იგი შედგება იმ მომსახურებათაგან, რომელთაც უწევს აზროვნება შეგრძნებად სამშვინველს. განუზომლად დიდი აზროვნებისმიერი ძალებია მიმართულია ამ მიზნისაკენ. ამ აზროვნებისმიერმა ძალამ ააგო გემები, რკინიგზები, ტელეგრაფები და ტელეფონები; ასე რომ, ეს ყოველივე, უმეტეს შემთხვევაში, ემსახურებოდა შეგრძნებადი სამშვინველის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ისევე, როგორ სასიცოცხლო ძალა უკავშირებს ფიზიკურ სხეულს, ასევე განმსჭვალავს აზროვნების ძალა შეგრძნებად სამშვინველს. სასიცოცხლო ძალა უკავშირებს ფიზიკურ სხეულს თავის წინაპრებს და შთამომავლობას და ამით შეაქვს მასში კანონზომიერება, რომელიც მხოლოდ მინერალურს როდი ეხება. ასევე აზროვნების ძალა იმგვარ კანონზომიერებაში მოაქცევს სამშვინველს, რომელსაც ეს უკანასკნელი მარტოოდენ შეგრძნებადი სამშვინველის სახით არ განეკუთვნება. შეგრძნებადი სამშვინველით ადამიანი ენათესავება ცხოველს. ცხოველშიაც ვამჩნევთ შეგრძნებებს, ლტოლვებს, ინსტიქტებს და ვნებებს. მაგრამ ცხოველი მათ უშუალოდ, პირდაპირ მისდევს. მასში ისინი როდი უკავშირდებიან დამოუკიდებელ აზრებს, რომელნიც სცილდებიან უშუალო განცდებს. განუვითარებელ ადამიანსაც გარკვეულწილად იგივე ემართება. ამიტომ უბრალოდ შეგრძნებადი სამშვინველი განსხვავდება სამშინველის უფრო მაღალგანვითარებული ნაწილისაგან, რომელსაც ემსახურება ეს აზროვნება. ამ სამშვინველს, რომელსაც ემსახურება აზროვნება, დავაქვათ განსჯითი სამშვინველი. მას შეიძლება ეწოდოს აგრეთვე გუნება-განწყობისმიერი სამსინველი, ანუ გუნება-განწყობა.
განსჯითი სამშვინველი განმსჭვალავს შეგრძნებად სამშვინველს, ამის გამო ის, ვისაც გააჩნია სამშვინველის „ჭვრეტის ორგანო, ხედავს განსჯით სამშვინველს, როგორც შეგრძნებადი სამშვინველისგან განცალკევებულ არსებას.

* * *
აზროვნებას გაჰყავს ადამიანი პიროვნული ცხოვრების ფარგლებს გარეთ. იგი იძენს ისეთ რასმე, რაც აღემატება მისსავე სამშვინველს. მისთვის თავისთავად იგულისხმება, რომ აზროვნების კანონები ეთანხმებიან მსოფლიო განწესებას. ის თავს შეიგრძნობს სამყაროში, როგორც საკუთარ სახლში, რადგნა ეს თანხმობა არსებობს. ამგვარი თანხმობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომლის მეშვეობითაც სწავლობს ადამიანი თავისი საკუთარი არსების შეცნობას. ადამიანი ეძიებს ჭეშმარიტებას თავის სამშვინველში; და ამ ჭეშმარიტებაში გამოხატულებას ჰპოვებს არა მხოლოდ სამშვინველი, არამედ სამყაროსეული საგნებიც. ის, რაც აზროვნებით ჭეშმარიტებად შეიმეცნება, დამოუკიდებელ მნიშვნელობას ატარებს, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს სამყაროსეული საგნებისადმი და არა მხოლოდ ადამიანის სამშვინველისადმი. ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ ჩემი აღტაცებითურთ მე ვმკვიდრობ ჩემშივე; ხოლო აზრები, რომელიც მე შევიქმენი ციურ სხეულთა ორბიტების შესახებ, სხვა ადამიანთათვისაც იმავე მნიშვნელობას ინარჩუნებენ, რასაც ჩემთვის; უაზრობა იქნებოდა ჩემს აღტაცებაზე საუბარი, თავად მე რომ არ ვარსებულიყავ; მაგრამ არც თუ ისეთი უაზრობა იქნებოდა ჩემს აზრებზე საუბარი, ჩემთან ყოველივე მიმართების გარეშე. ვინაიდან ჭეშმარიტება, რმოელსაც მე ვიაზრებ დღეს, გუშინაც იგივე ჭეშმარიტება იყო და ხვალაც იგივე ჭეშმარიტება იქნება, თუმცა მე ამით მხოლოდ დღესა ვარ დაკავებული. თუ მე რაიმე შემეცნება შვებას მანიჭებს, ამ შვებას მხოლოდ მანამდისა აქვს მნიშვნელობა, ვიდრე იგი მკვიდრობს ჩემში; ხოლო ჭეშმარიტებას შემეცნებისას გააჩნია თავისი მნიშვნელობა ამ სიხარულისაგან სრულიად დამოუკიდებლად. ჭეშმარიტების დაუფლებით სამშინველი ეზიარება ისეთ რასმე, რასაც გააჩნია თავისთავად ღირებულება. ეს ღირებულება არ ჰქრება მშვინვიერ შეგრძნებასთან ერთად, ისევე როგორც იგი არ აღმოცენებულა ამ შეგრძნებიდან. ის, რაც ჭეშმარიტებაა სინამდვილეში, არც იქმნება და არც ჰქრება. მას გააჩნია წარუვალი მნიშვნელობა, − თუმცა ამას როდი ეწინააღმდეგება ის გარემოება, რომ ზოგიერთი ადამიანურ „ჭეშმარიტებებს“ წარმავალი ხასიათი აქვთ, ვინაიდან ისინი გარკვეულ დროს შეიმეცნებიან, როგორც ნაწილობრივი ან მთლიანი შეცდომები. ადამიანმა უნდა უთხრას თავის თავს, რომ ჭეშმარიტება არსებობს თავისშთავად, თუნდაც მისი აზრები წარმოადგენდნენ მხოლოდ და მხოლოდ წარმავალ ფორმებს მარადიული ჭეშმარიტებისა. ასე რომ, ადამიანი, რომელიც ლესსინგის მსგავსად ამბობს, რომ იგი კმაყოფილდება მარტოოდენ ჭეშმარიტებისაკენ მარადიული ლტოლვით, ,რამდენადაც სრული, წმინდა ჭეშმარიტება მხოლოდ ღვთვისთვის არსებობს, ამით როდი უარყჰოფს ჭეშმარიტების მარადიულ ღირებულებას. პირუკუ, მსგვასი ნათქვამით იგი განამტკიცებს ამ ღირებულებას. ვინაიდან მხოლოდ ისეთ რაიმეს ძალუძს აღმოაცენოს თავისი თავისადმი მარადიული ლტოლვა, რასაც თავისთავად გააჩნია მარადიული მნიშვნელობა. ჭეშმარიტება რომა არ ყოფილიყო თავისთავად და დამოუკიდებელი, მისი ღირებულება და მნიშვნელობა ადამიანის მშვინვიერი შეგრძნებით რომ ყოფილიყო განპირობებული, მაშინ იგი ვეღარ იქნებოდა ერთიანი მიზანი მთელი კაცობრიობისა. ასე რომ, მისდამი ლტოლვით ჩვენ ვაღიარებთ მას დამოუკიდებელ არსებად.

ის, რაც ითქმის ჭეშმარიტებაზე, ითქმის ჭეშმარიტ სიკეთეზეც. ზნეობრივი სიკეთე არ არის დამოკიდებელი მიდრეკილებებსა და ვნებებზე, ვინაიდან იგი როდი აბატონებს მათ თავის თავზე, არამედ პირუკუ, თავად მბრძანებლობს ამ მიდრეკილებებსა და ვნებებზე. სიამოვნება და უსიამოვნება, სურვილი და ზიზღი ეკუთვნიან კერძოდ ადამიანის სამშვინველს;; მოვალეობა სიამოვნებაზე და უსიამოვნებაზე მაღლა დგას. ადამიანმა შესაძლოა იმდენად მაღლა დააყენოს მოვალეობა, რომ სიცოცხლეც კი შესწიროს მას. და რამდენადაც უფრო მაღლა დგას ადამიანი, მით უფრო მეტად აკეთილშობილებს იგი თავის მიდრეკილებებს, თავის სიამოვნებას და უსიამოვნებას, ასე რომ, იძულების გარეშე, დამონების გარეშე ისინი ემორჩილებიან აღიარებულ მოვალეობას. ზნეობრივ სიკეთეს, ისევე როგორც ჭეშმარიტებას, გააჩნია თავისთავად, მარადიული ღირებულება, რომელსაც იგი შეგრძნებად სამშვინველისგან როდი ღებულობს.

ადამიანი ამაღლდება უბრალო შეგრძნებად სამშვინველზე იმით, რომ აღმოაცენებს თავის თავში დამოუკიდებელ ჭეშმარიტებას და სიკეთეს. მას ნათლით განმსჭვალვას მარადიული სული. მასში აღმობრწყინდება წარუვალი ნათელი. სამშვინველი იმდენადაა წილნაყარი მარადიულთან, რამდენადაც ის მკვიდრობს ამ ნათელში. მარადიულ ყოფიერებას უკავშირებს იგი თავის ყოფიერებას. უკვდავია სამშვინველში ის, რასაც იგი ატარებს თავის თავში ჭეშმარიტებისა და სიკეთის სახით. − მარადიული რამ, გაბრწყინებული სამშვინველში ჩვენს მიერ განსაზღვული იქნება როგორც ცნობიერი სამშვინველი. სამშვინველში თვით უმდაბლესი ძვრებისასაც კი შესაძლოა ცნობიერებაზე ლაპარაკი. ყველაზე უბრალოდ შეგრძნებაც კი ობიექტია ცნობიერებისა. ამდენადვე გააჩნია ცნობიერება ცხოველს. ცნობიერი სამშვინველის გაგებაში ჩვენ ვგულისხმობთ აქ ადამიანური ცნობიერების ბირთვს, ე. ი. სამშვინველს სამშვინველში. ამრიგად, ცნობიერი სამშვინველი, როგორც განსაკუთრებული ნაწილი სამშვინველისა, განსხვავდება განსჯითი სამსინველისაგან. ეს უკანასკნელი ჯერაც გახვეულია ლტოლვებში, აფექტებში და ა. შ. ყოველი ადამიანისთვის ცნობილია, რომ მას ჭეშმარიტებად ეჩვენება ის, რასაც იგი ამჯობინებს თავისი შეგრძნებებიდან (და ა. შ.) გამომდინარე; მაგრამ მხოლოდ ის ჭეშმარიტებაა წარუვალი, რომელიც თავისუფალია სიმპათიებისა და ანტიპათიების შეგრძნებებისაგან და საერთოდ ყოველგვარი მინარევებისაგან. ჭეშმარიტება რჩება ჭეშმარიტებად, თუნდაც ყველა პირადი გრძნობა ამხედრდეს მის წინააღმდეგ. სამშვინველის იმ ნაწილს, სადაც მკვიდრობს ეს ჭეშმარიტება, უნდა ეწოდოს ცნობიერი სამშვინველი.

ამრიგად, როგორც სხეულში, ისევე სამშვინველში უნდა განვასხვაოთ სამი წევრი: შეგრძნებადი სამშვინველი, განსჯითი სამშვინველი და ცნობიერი სამშვინველი. და ისევე, როგორც სამშვინველს ქვევიდან ზევით საზღვრავს სხეული, ასევე ზევიდან ქვევით მას აფართოებს სული. ვინაუდან რაც უფრო მეტად აღივსება სამშვინველი ჭეშმარიტებითა და სიკეთით, მით უფრო ღრმად განმსჭვალავს მას მარადიული. მისთვის, ვისაც ძალუძს „ჭვრეტა“ სამშვინველისა, ადამიანის მიერ გამოცემული ნათება ისეთივე სინამდვილეა, როგორც გრძნობადი თვალისთვის ცეცხლის ალისმიერი ნათება. ეს იმიტომ ხდება, რომ მარადიულს განვრცობადობა ახასიათებს. „მხილველისათვის“ სხეულრბივი ადამიანი მხოლოდ ნაწილია მთლიანი ადამიანისა. სხეული, როგორც ყველაზე უხეში წარმონაქმნი, იმყოფება სხვა წარმონაქმნათა შორის, რომელნიც განმსჭვალავენ მასაც და ურთიერთსაც. როგორც სასიცოცხლო ფორმა, ფიზიკური სხეული აღვსილია ეთერული სხეულით; მას ფარგლებს გარეთ ყოველის მხრივ მოსჩანს მშვინვიერი სხეული(ასტრალური ხატება). ყოველივე ამის გარშემო აგრეთვე შეგრძნებადი სამშინველი, შემდეგ განსჯითი სამშვინველი, რომელიც მით უფრო იზრდება, რაც უფრო მეტად ღებულობს ადამიანი თავის თავში ჭეშმარიტებასა დასიკეთეს, ვინაიდან ჭეშმარიტება და სიკეთე აფართოებენ განსჯით სამსინველს. იმ ადამინის განსჯითი სამშვინველი, რომელიც მხოლოდ თავისი მიდრეკილებით, სიამოვნებით და უსიამოვნებით ცხოვრობს, ზუსტად ემთხვევა ფარგლებს მისი შეგრძნებადი სამშვინველისას. ამ წარმონაქმნს, რომელიც ღრუბელივით მოიცავენ ადამიანის ფიზიკურ სხეულს, ეწოდება ადამაიანის აურა. თუ ეს აურა იმ გაგებით იქნება დანახული, რისი წარმოჩნაც ამ წიგნის მიზანია, მაშინ იგი სწორედ ისაა, რაც „ადამიანის არსებას“ გაამდიდრებდა.

[1] ამ წიგნის ავტორი იმას, რასაც აქ ეწოდება ეთერული, ანუ სასიცოცხლო სხეული, უფრო მოგვიანებით უწოდებდა აგრეთვე „ფორმადმქმნელ ძალთა სხეულს“ ( შდრ. ჟურნალი „Das Reich”, წიგნი მე-4, გამოცემის პირველი წელი). იგი იძულებული იყო გამოეყენებინა ეს სახელწოდება, რათა თავიდან აეცდინა გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს აქ ნაგულისხმევი ეთერული სხეულისა და ძველებური ბუნებისმეტყველების „სასიცოცხლო ძალის“ ურთიერთაღრევისას. იქ, სადაც თანამედროვე ბუნებისმეტყველების თვალსაზრისით საქმე ეხება სასიცოცხლო ძალის ამ ძველებური წარმოდგენის უარყოფას, ავტორი გარკვეული გაგებით იზიარებს ამგვარი წარმოდგენის მოწინააღმდეგეთა შეხედულებას, რამდენადაც ამ ძალის არსებობით სურდათ აეხსნათ ორგანიზმში არაორგანული ძალების მოქმედების განსაკუთრებული სახეობა. ის, რაც ორგანიზმში მოქმედებს არაორგანულად, ისევე მოქმედებს მასში, როგორც არაორგანული სამყაროს სფეროში. არაორგანული ბუნების კანონები ორგანიზმში იგივენი არიან, რაც კრისტალში და ა. შ. მაგრამ ორგანიზმში არის ისეთი რამ, რაც არ არის არაორგანული. ეს არის ფორმადმქმნელი სიცოცხლე. სწორედ მის საფუძვლად გვევლინება ეთერეული სხეული, ანუ „ფორმადმქნელი ძალთა“ სხეული. ამ ეთერული სხეულის აღიარებით როდი ირღვევა ბუნებისმეტყველების კანონიერი ამოცანა: რასაც იგი აკვირდება არაორგანულ ბუნებაში ძალთა მოქმედებასთან დაკავშირებით, იგივეს დაკვირვება შეუძლია აგრეთვე ცოცხალი ორგანიზმების საუფლოშიც. ჭეშმარიტ სულიერ მეცნიერებას გამართლებულად მიაჩნია უარყოფა იმ შეხედულებისა, რომელიც ამგვარ მოქმედებას ორგანიზმში განსაკუთრებულ სასიცოცხლო ძალის მიერ სახეცვლილად მიიჩნევს. სულის მკვლევარი საუბრობს ეთერული სხეულის შესახებ, რამდენადაც ორგანიზმში ვლინდება კიდევ სხვა რამ, არაორგანულისაგან განსხვავებით. − მიუხედავად ყოველივე ამისა, ამ წიგნის ავტორი საჭიროდ არ თვლის აქ ხმარებული ცნება „ეთერული სხეული“ შეცვალოს „ფორმადქმნელ ძალთა სხეულით“. ვინაიდან მთელს აქ მოცემულ მიმართებებში გამორიცხულია გაუგებრობა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს ამის დანახვა. გაუგებრობა შესაძლოა აღმოცენდეს იმ შემთხვევაშო, თუ ვიხმართ სახელწოდებას იმგვარ ადგილას, სადაც შეუძლებელი იქნება ჩვენება ამგვარი კავშირისა ( შდრ. აქ ნათქვამი აგრეთვე წიგნის ბოლოში „ცალკეულ შენიშვნებსა და დამატებებს“).

[2] ე. ი. კოსმიურ ეთერში (მთარგმნელთა შენიშვნა)