teos 7

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

II. სამშვინველი მშვინვიერ სამყაროში სიკვდილის შემდეგ

სამშვინველი არის დამაკავშირებელი წევრი ადამიანის სულსა და სხეულს შორის. მისი სიმპათიისა და ანტიპათიის ძალები, რომელნიც თავიანთი ურთიერთქმედებით განაპირობებენ მშვინვიერ გამოვლინებებს, როგორც, მაგალითად: ლტოლვას. აღგზნებას, სურვილს, სიხარულს, მწუხარებას და ა. შ. — მოქმედებენ არამარტო სხვადასხვა მშვინვიერ წარმონაქმნთა შორის, არამედ ვლინდებიან აგრეთვე სხვა სამყაროთა არსებებთან მიმართებაში, ფიზიკურ და სულიერ სამყაროებში. ვიდრე სამშვინველი ცხოვრობს სხეულში, იგი გარკვეულ ზომამდე ღებულობს მონაწილეობას ყოველივე იმაში, რაც ხდება ამ სხეულში. თუ ფიზიკური სხეულის ფუნქციები მოქმედებენ, სამშვინველში აღმოცენდება შვება და კმაყოფილება, და თუ ეს ფუნქციები დარღვეულია, იწყება უსიამოვნება და ტკივილი. – ასეთსავე მონაწილეობას ღებულობს სამშვინველი სულის მოქმედებაში: ერთი აზრი აღავსებს მას შვებით, ხოლო მეორე – ზიზღით; სწორი მსჯელობა იწვევს სამშვინველის მხრივ მოწონებას, მცდარი მსჯელობა – არმოწონებას. ადამიანის განვითარების საფეხურიც დამოკიდებულია იმაზე, თუ საითაა მიმართული უფრო მეტად მისი მშვინვიერი მიდრეკილება. რაც უფრო მეტ სიმპათიას იჩენს სამშვინველი სულის გამოვლინებებისადმი, მით უფრო სრულყოფილია ადამიანი, მით უფრო არასრულყოფილია იგი, რაც უფრო მეტად კმაყოფილდებიან მისი მიდრეკილებები სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.

სული არის ადამიანის უშინაგნესი არსი, სხეული იარაღია, რომლის საშუალებითაც სული განიხილავს და შეიმეცნებს ფიზიკურ სამყაროს და რომლის საშუალებითაც იგი მოქმედებს ამ სამყაროში. სამშვინველი კი არის ორივეს შემაერთებელი. იმ ფიზიკურ შთაბეჭდილებას, რომელიც მოჰყვება ჰაერის რხევას და რომელსაც აღიქვამს ყური, სამშვინველი გარდაჰქმნის ხმის შეგრძნებად. იგი განიცდის ამ ხმით გამოწვეულ შვებას. ყოველივე ამას იგი აცნობებს სულს, რომელიც ამის მეოხებით აღწევს ფიზიკური სამყაროს გაგებას; სულში აღმოცენებული აზრი სამშვინველის მეოხებით გარდაიქმნება სურვილად, რათა იგი განხორციელდეს სხეულის მეშვეობით და იქცეს საქციელად. – ადამიანმა შეიძლება შეასრულოს თავისი დანიშნულება მხოლოდ მაშინ, თუ იგი მისცემს მთელს თავის მოქმედებას სულიდან განსაზღვრულ მიმართულებას. სამშვინველს თავისთავად შეუძლია ჰქონდეს მიდრეკილება როგორც ფიზიკურისაკენ, ისე სულიერისაკენ. იგი თითქოსდა განაპყრობს გრძნობათა საცეცებს როგორც ქვევით, ფიზიკურისკენ, ისე ზევით, სულიერისკენ. ფიზიკურ სამყაროში ჩაფლვის შედეგად მისი საკუთარი არსება განიმსჭვალება ფიზიკურით და ღებულობს მის ელფერს. რამდენადაც სულს შეუძლია იმოქმედოს ფიზიკურ სამყაროში მხოლოდ მისი საშუალებით, ამით ფიზიკურისკენ წარიმართება თავად. მისი წარმონაქმნები სამშვინველის ძალებით მიიქცევიან ფიზიკურისკენ. დავუკვირდეთ განუვითარებელ ადამიანს. მისი სამშვინველის მიდრეკილებანი დამოკიდებულნი არიან სხეულის მოთხოვნილებებზე. იგი სიამოვნებას ღებულობს მხოლოდ იმ შთაბეჭდილებებიდან, რომელთაც ახდენს მის შეგრძნებებზე ფიზიკური სამყარო. მისი სულიერი ცხოვრება ამით მთლიანად ჩათრეულია ამ სფეროში. მისი აზრებიც ემსახურებიან მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რამდენადაც სულიერი „მე“ განიცდის გარდასხეულებას გარდასხეულებაზე, იგი სულ უფრო და უფრო სულიერი სფეროდან უნდა წარიმართებოდეს. მის შემეცნებას უნდა განაპირობებდეს მარადიული ჭეშმარიტების სული. ხოლო მის საქციელს — მარადიული სიკეთე.

სიკვდილი, როგორც ფიზიკური სამყაროს ფაქტი. ნიშნავს სხეულის ფუნქციების შეცვლას. სიკვდილის შემდეგ სხეული თავისი ორგანიზაციით აღარ არის იარაღი სამშვინველისა და სულისა. შემდეგში, თავისი პროცესებით იგი მთლიანად ექვემდებარება ფიზიკურ სამყაროს და მის კანონებს; იგი გადადის ამ სამყაროში, რათა გაზავდეს მასში. სიკვდილის შემდეგ ფიზიკური სხეულის მხოლოდ ამ პროცესების დაკვირვება შეიძლება ფიზიკური შეგრძნებებით. ის, რაც მაშინ ემართება სამშვინველსა და სულს, ამ შეგრძნებათათვის მიუწვდომელია. ვინაიდან სიცოცხლის განმავლობაში სამშვინელის და სულის გრძნობადი დაკვირვება შეიძლება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი აღწევენ გარეგან გამოხატულებას ფიზიკურ გამოვლინებებში. სიკვდილის შემდეგ ასეთი გამოვლინება შეუძლებელია. ამიტომ ფიზიკური შეგრძნებებით წარმოებული დაკვირვებანი და მათზე დაფუძნებული მეცნიერება ვერ იქნება მიღებული მხედველობაში, როდესაც საუბარია სამშვინველისა და სულის ბედზე სიკვდილის შემდეგ. ასეთ დროს შედის ძალაში უმაღლესი შემეცნება, რომელიც დაფუძნებულია სამშვინველისა და სულის სამყაროს მოვლენათა დაკვირვებაზე.

როგორც კი სული თავისუფლდება სხეულისაგან, იგი ჯერაც დაკავშირებულია სამშვინველთან. და როგორც ფიზიკური ცხოვრების მანძილზე სხეულს მიჯაჭვული ჰყავდა იგი ფიზიკურ სამყაროზე. ასევე სამშვინველი აჯაჭვავს მას ამჯერად მშვინვიერ სამყაროზე. – მაგრამ ამ მშვინვიერ სამყაროში შეუძლებელია პოვნა მისი პირველარსისა. ეს სამყარო უნდა შეუერთოს მან თავისი მოქმედების ასპარეზს, ფიზიკურ სამყაროს. იმისათვის, რომ ახალ განსხეულებაში იგი გამოვლინდეს უფრო სრულყოფილი სახით, მან უნდა აიღოს ძალა და სიმტკიცე სულიერი სამყაროდან. მაგრამ სამშვინველის მეოხებით იგი ჩახლართულია ფიზიკურ სამყაროში. იგი დაკავშირებულია მშვინვიერ არსებასთან, რომელიც მთლიანად განმსჭვალულია და შეფერილია ფიზიკური ბუნებით და რომლის მეოხებითაც თავად სული იძენს ამ მიმართულებას. სიკვდილის შემდეგ სამშვინველი უკვე აღარ არის დაკავშირებული სხეულთან, არამედ მხოლოდ სულთან. იგი ამჟამად მკვიდრობს მშვინვიერ გარემოცვაში. მხოლოდ ამ სამყაროს ძალებს შეუძლიათ ჯერაც იქონიონ მასზე ზეგავლენა. სულიც აგრეთვე დაკავშირებულია სამშვინველის ამ ცხოვრებასთან მშვინვიერ სამყაროში. იგი ისევეა დაკავშირებული მასთან, როგორც ფიზიკური განსხეულებისას იყო დაკავშირებული სხეულთან. როდესაც სხეული კვდება, ამას განაპირობებენ მისი კანონები. საერთოდ უნდა ითქვას: სამშვინველი და სული კი არ სტოვებენ სხეულს, არამედ ეს უკანასკნელი განუტევებს მათ, როდესაც მისი ძალები უკვე ვეღარ მოქმედებენ ადამიანური ორგანიზაციის გაგებით. ასეთივეა მიმართება სამშვინველსა და სულს შორის. სამშვინველი განუტევებს სულს უმაღლეს სამყაროში, როდესაც მისი ძალები ვეღარ იმოქმედებენ უკვე ადამიანური მშვინვიერი ორგანიზაციის გაგებით. სული თავისუფლდება იმ წამსვე, როგორც კი სამშვინველი მოიშორებს ყოველივე იმას, რისი განცდაც მას ძალუძს მხოლოდ სხეულში და შეინარჩუნებს მხოლოდ იმას, რამაც შესაძლოა იცხოვროს შემდგომშიც სულთან ერთად. ეს შენარჩუნებული რამ, რაც სხეულში იქნა განცდილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაყოფის სახით შეიძლება აღიბეჭდოს სულში, — აი, რა აკავშირებს სამშვინველს სულთან წმინდა სულიერ სამყაროში. — ამრიგად, იმისთვის, რომ შევიცნოთ სამშვინველის სიკვდილისშემდგომი ბედი, უნდა განვიხილოთ მისი გაზავების პროცესი. მისი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მიეცა სულისათვის მიმართულება ფიზიკურისაკენ. ხოლო იმ მომენტიდან, როდესაც მან შეასრულა ეს ამოცანა, იგი ღებულობს მიმართულებას სულიერისაკენ. თავისი ამოცანის ამგვარი ბუნების მეოხებით მას საკუთრივ უნდა ემოქმედა მხოლოდ და მხოლოდ სულიერად მაშინვე, როგორც კი მას მოშორდებოდა - სხეული, ვინაიდან ამის შემდეგ სამშვინველი ვეღარ იქნებოდა დამაკავშირებელი წევრი. და იგი ასეც მოიქცეოდა, სხეულში ცხოვრების შედეგად რომ არ დაქვემდებარებოდა მის გავლენებს და თავის მიდრეკილებებში რომ არ ჰქონოდა ლტოლვა სხეულისაკენ. ამ შეფერილობის გარეშე, რომელიც მან მიიღო სხეულებრიობასთან შეერთების შედეგად, იგი სხეულიდან გასვლის შემდეგ მაშინვე გაჰყვებოდა მხოლოდ და მხოლოდ სულიერ-მშვინვიერი სამყაროს კანონებს და აღარ განივითარებდა მეტად მიდრეკილებას გრძნობადისაკენ. ასე იქნებოდა, სიკვდილთან ერთად ადამიანს მთლიანად რომ დაეკარგა ყოველგვარი ინტერესი მიწიერი სამყაროსადმი, ყველა სურვილები, ლტოლვები და ა. შ., მის მიერ მიტოვებულ ყოფასთან დაკავშირებულნი, რომ დაკმაყოფილებულიყვნენ. მაგრამ რამდენადაც ეს ასე არ არის, სამშვინველს სჭირდება - ყოველივე ის, რაც ჯერ არ ამოწურულა ამ მიმართულებით.

აქ შეცდომის თავიდან ასაცილებლად მკვეთრად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან, თუ რა მიაჯაჭვავს ადამიანს ამ სოფელს იმგვარად, რომ ამის გამოსწორება მხოლოდ ერთერთ შემდგომ განსხეულებაში გახდება შესაძლებელი და, თუ რა მიაჯაჭვავს მას რომელიმე ერთ გარკვეულ განსხეულებას, სახელდობრ, უკანასკნელს. პირველის გასწორება ხდება ბედისწერის კანონით, კარმით; მეორე კი უნდა გასწორდეს სამშვინველის მიერ სიკვდილის შემდეგ.

სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულისთვის დგება ჟამი, როდესაც სამშვინველი იწყებს გამოსყიდვას თავის მიდრეკი– ლებებისას ფიზიკური ყოფისადმი, რათა კვლავ მისდიოს მხოლოდ სულიერ-მშვინვიერი სამყაროს კანონებს და გაათავისუფლოს სული. ბუნებრივია, რომ ეს დრო მით უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც უფრო მეტად იყო მიჯაჭვული სამშვინველი ფიზიკურზე. იგი ხანმოკლე იქნება ადამიანისათვის, რომელიც ნაკლებად იყო მიჯაჭვული ფიზიკურ ცხოვრებაზე; და პირიქით, ხანგრძლივი იქნება მათთვის, ვინც მთლიანად დაუკავშირა თავისი ინტერესები ამ ცხოვრებას, ასე რომ, სიკვდილის წუთში მის სამშვინველში ჯერაც მკვიდრობენ ბევრი სურვილები, ვნებები და ა. შ.

იმ მდგომარეობის შესახებ წარმოდგენის შექმნა, რომელშიაც სამშვინველი იმყოფება უშუალოდ სიკვდილის შემდეგ, ყველაზე უფრო იოლია შემდეგი მსჯელობის საფუძველზე. ავიღოთ ოდნავ უხეში მაგალითი: გემოთმოყვარე კაცის. სიამენი. რარიგ დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას გემრიელი საჭმლით პირის ჩატკბარუნება. ეს სიამოვნება, რაღა თქმა უნდა, აღარ არის რაღაც სხეულებრივი რამ. ეს არის მშვინვიერი მოვლენა. სამშვინველში მკვიდრობს სიამოვნება და აგრეთვე ლტოლვა სიამოვნებისაკენ, ხოლო ამ სიამოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია შესაბამისი სხეულებრივი ორგანო, სასა და ა. შ. სიკვდილის შემდეგ სამშვინველი მაშინათვე როდი კარგავს ამ ლტოლვას, თუმცა მას აღარ აქვს ის სხეულებრივი ორგანო, რომელიც საჭიროა ამ ლტოლვის დასაკმაყოფილებლად. და აი, ამჟამად, თუმც სულ სხვა მიზეზით, მაგრამ ამის მსგავსით და კიდევ უფრო მძლავრად მოქმედით, ადამიანი განიცდის იმასვე, რასაც განიცდის მწყურვალი ისეთ ადგილას, სადაც არ არის წვეთი წყალი. ამრიგად განიცდის სამშვინველი მძიმე ტანჯვას სიამოვნების დაკარგვით, რამდენადაც მას აღარ აქვს სხეულებრივი ორგანო, რომელიც მოჰგვრიდა მას სიამოვნებას. ეს ასე ხდება ყველაფერთან მიმართებაში, რასაც მოითხოვს სამშვინველი და რის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია სხეულებრივი ორგანოების მეოხებით. ეს მწველი დაუკმაყოფილებლობა გრძელდება მანამ, სანამ სამშვინველი არ შეიგნებს, რომ აღარ უნდა აღეძრას ისეთი ლტოლვა, რომლის დაკმაყოფი– ლებაც მხოლოდ სხეულითაა შესაძლებელი. დროის იმ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიაც ეს ხდება, შეიძლება დავარქვათ სურვილთა ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, არავითარ „ადგილთან“ არა გვაქვს საქმე.

სიკვდილის შემდეგ მშვინვიერ სამყაროში შესვლისას სამშვინველი ექვემდებარება მის კანონებს. ეს კანონები მოქმედებენ მასზე და ამ ზემოქმედებაზეა დამოკიდებული თუ რარიგ გამოიდევნება მისგან ფიზიკურისაკენ მიდრეკილება. ზეგავლენები სხვადასხვაგვარი უნდა იყოს იმისდა მიხედვით, თუ როგორი მშვინვიერი ძალებისა და მშვინვიერი ნივთიერებების სფეროში შედის იგი. ამ სახეობათაგან თითოეული გამოავლენს თავის განმწმენდ, განმანათლებელ ზეგავლენას. აქ მიმდინარე პროცესი იმგვარად წარიმართება, რომ სამშვინველში ყოველგვარ ანტიპათიურ საწყისს თანდათანობით ამარცხებენ სიმპათიის ძალები. და თვით ეს სიმპათიაც აღწევს თავის უმაღლეს მწვერვალს. ვინაიდან სიმპათიის ამ უმაღლესი ხარისხის მეშვეობით, რომელიც აქვს სამშვინველს დანარჩენი მშვინვიერი სამყაროსადმი, იგი თითქოსდა ზავდება ამ სამყაროში, უერთდება მას; მაშინ მისი თავკერძოობა მთლიანად ამოწურულია, იგი აღარ არის არსება, რომელიც მიელტვის ფიზიკურ გრძნობად ყოფას. სული გათავისუფლებულია მის მიერ. ამიტომ სამშვინველი ნათლდება მშვინვიერი სამყაროს ზემოაღნიშნულ სფეროებში, ვიდრე იგი არ შეუერთდება მთლიანად საერთო მშვინვიერ სამყაროს, სრულყოფილი სიმპათიის სფეროში. ის გარემოება, რომ სამშვინველის გათავისუფლების ამ უკანასკნელ წუთამდის თავად სულიც მიჯაჭვულია სამშვინველზე, განპირობებულია იმით, რომ იგი სრულიად დაუნათესავდა მას თავისი ცხოვრების მანძილზე. ეს ნათესაობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე სხეულთან ნათესაობა, ვინაიდან ამ უკანასკნელთან იგი დაკავშირებულია სამშვინველის მეოხებით, სამშვინველთან კი იგი დაკავშირებულია უშუალოდ. სამშვინველი ხომ მისი საკუთარი ცხოვრებაა, ამიტომ სული ხრწნად სხეულთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ სამშვინველთან, რომელიც თანდათან თავისუფლდება. — სულისა და სამშვინველის ამ უშუალო კავშირის მეოხებით სულს მხოლოდ მაშინ ძალუძს იგრძნოს თავი სამშვინველისაგან თავისუფლად, როდესაც ეს უკანასკნელი თავად შეერწყმის მშვინვიერ სამყაროს.

რამდენადაც მშვინვიერი სამყარო ხდება ადამიანის ადგილსამყოფელი უშუალოდ სიკვდილის შემდგომ, მას ეწოდება „გულისთქმათა ადგილი“. სხვადასხვა რელიგიური სისტემები. რომელთა მოძღვრებებშიც გაცნობიერებულია ეს მიმართებანი. უწოდებენ ამ გულისთქმათა ადგილს „სალხინებელს“, „განმწმენდ ცეცხლს“, „ლხენის ცეცხლს“ და ა. შ .*)

მშვინვიერი სამყაროს უმდაბლესი სფერო არის სფერო გულისთქმათა ცეცხლისა. მისი მეოხებით სიკვდილის შემდეგ სამშვინველიდან გამოიდევნება ყოველივე ის, რაც არის მასში უკიდურესად უხეში, მდაბალ, სხეულებრივ ცხოვრებასთან და თავკერძა ვნებებთან დაკავშირებული. ვინაიდან ასეთი ვნებების მეოხებით მას შეუძლია ამ მშვინვიერი სფეროს ძალთა ზემოქმედების განცდა. დაუკმაყოფილებელი ვნებები და სურვილები, რომელნიც წარმოადგენენ ფიზიკური ცხოვრების გადმონაშთებს, შეტევის ობიექტებია. ასეთ სამშვინველთა სიმპათია მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რამაც შეიძლება მისცეს საკვები მათ თავკერძა არსებას; მას გაცილებით აჭარბებს ანტიპათია, რომელიც ყოველივე დანარჩენს ფარავს. ეს ლტოლვები მიმართულია ფიზიკური სიამოვნებებისაკენ, რომელთა დაკმაყოფილებაც შეუძლებელია მშვინვიერ სამყაროში. ამ შეუძლებლობის შედეგად სიხარბე იზრდება უმაღლეს ხარისხამდე, მაგრამ ამავე დროს ისევ ამ დაკმაყოფილების შეუძლებლობის გამო სიხარბე თანდათან უნდა დაცხრეს. მგზნებარე ვნებები თანდათანობით იღველფებიან; სამშვინველმა შეიმეცნა, რომ ამგვარი ვნებების თავიდან მოშორება ერთადერთი საშუალებაა მათგან მომდინარე ტანჯვათათვის თავის არიდებისა. ფიზიკური ცხოვრების მანძილზე ხომ კვლავ და კვლავ შესაძლებელია დაკმაყოფილება. ამის მეოხებით ამ მგზნებარე სიხარბის მიერ მოყენებული ტკივილი შეფარვულია ერთგვარი ილუზიით. სიკვდილის შემდეგ „განმწმენდ ცეცხლში“ ეს ტკივილი გვევლინება ყოველგვარი საფარველის გარეშე. ნაკლულობის შესაბამისი განცდები იჩენენ თავს. შემზარავია და სასოწამგვრელი ის მდგომარეობა, რომელშიაც იმყოფებიან სამშვინველნი ამის გამო. რასაკვირველია, ამ მდგომარეობაში შესაძლოა ჩავარდნენ ის ადამიანები, რომელთა გულისთქმანი ფიზიკურ ცხოვრებაში მიმართულნი იყვნენ უაღრესად უხეში საგნებისაკენ. იმგვარი ბუნების ადამიანები, რომელთაც მცირე ვნებები გააჩნიათ, შეუუმჩნევლად გაივლიან ამ მდგომარეობას, რამდენადაც ისინი არ ენათესავებიან მას. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამშვინველნი მით უფრო დიდხანს დარჩებიან გულისთქმათა ცეცხლის გავლენის ქვეშ, რაც უფრო მეტად დაუნათესავდნენ თავიანთ ფიზიკურ ცხოვრებაში ამ ცეცხლს, ვინაიდან. სწორედ ამიტომ არის მათთვის აუცილებელი მასში განწმენდა. არ შეიძლება ამგვარ განწმენდას ტანჯვა დავარქვათ იმავე გაგებით, როგორც გრძნობად სამყაროში განცდილ სატანჯველს მხოლოდ, ვინაიდან სამშვინველი სიკვდილის შემდეგ მოითხოვს განწმენდას, რადგან სწორედ ამ გზით თუ შეიძლება გამოიდევნოს მასში არსებული არასრულყოფილება.

მშვინვიერი სამყაროს პროცესთა მეორე სახეობა იმგვარია, რომ სიმპათია და ანტიპათია იმყოფებიან აქ წონასწორობაში. რამდენადაც სიკვდილის შემდეგ ადამიანის სამშვინველი იმყოფება ასეთ მდგომარეობაში, იგი გარკვეული დროის მანძილზე მოექცევა ამგვარი ამბების ზეგავლენის ქვეშ. შვება, რომელსაც იძლევიან გრძნობათა წარმავალი შთაბეჭდილებანი, გარეგანი ცხოვრების ამაო შფოთვაში ჩაძირვა, განაპირობებს ამ მდგომარეობას. ადამიანები მკვიდრობენ მასში. ისინი თავისივე ნებით ეძლევიან ყოველდღიური წვრილმანი ამბების ზემოქმედებას. მაგრამ რამდენადაც მათი სიმპათია განსაკუთრებით არაფრისკენ არ არის მიმართული, ეს შთაბეჭდილებები მალე ჰქრებიან. ყოველივე ის, რაც არ ეკუთვნის ამ არარაობის საუფლოს, ანტიპათიურია ასეთი ადამიანებისათვის. როდესაც სიკვდილის შემდეგ სამშვინველი განიცდის ასეთ მდგომარეობას, აღარ გააჩნია რა გრძნობადფიზიკური საგნები თავის დასაკმაყოფილებლად, ეს მდგომარეობაც უნდა გაჰქრეს. რასაკვირველია, ამ სრული გაქრობის წინ სამშვინველში აღმოცენებული გრძნობა დანაკარგისა ტკივილის მომგვრელია. ეს მტკივნეული მდგომარეობა არის სკოლა ილუზიათა მსხვრევისა, რომლებშიც ადამიანი მთლიანად ჩაფლულია ფიზიკური ცხოვრების მანძილზე.

მესამე ამბავია ის, რომ სამშვინველთა სამყაროში ვხვდებით მოვლენებს, რომლებშიაც სჭარბობს სიმპათია, სჭარბობს სურვილთა ბუნება. მათ ზემოქმედებას შეიმეცნებენ სამშვინველნი ყოველივე იმით, რასაც ინარჩუნებს სიკვდილის შემდგომაც სურვილთა ატმოსფერო. ეს სურვილებიც თანდათან ჰქრებიან მათი დაკმაყოფილების შეუძლებლობის გამო.

ზემოაღნიშნული მეოთხე სფერო, სიხარულის და მწუხარებისა სამშვინველთა სამყაროში, წარმოადგენს სამშვინველისათვის განსაკუთრებული გამოცდის ადგილს. ვიდრე იგი მკვიდრობს სხეულში, ღებულობს მონაწილეობას ყოველივე იმაში, რაც ეხება ამ სხეულს. სიხარულისა და მწუხარების მოძრაობა დაკავშირებულია მასთან. იგი იწვევს სამშვინველში სიამოვნებასა და განცხრომას, უსიამოვნებას და ზიზღს. თავისი ფიზიკური ცხოვრების მანძილზე ადამიანი შეიგრძნობს თავის სხეულს, როგორც თავის თავს. ამ ფაქტს ემყარება ის ამბავი, რასაც ეწოდება საკუთარი თავის შეგრძნება. და რაც უფრო გრძნობადია ადამიანი, მით უფრო ღებულობს ამგვარ ხასიათს მის მიერ თავის თავის შეგრძნება. – სიკვდილის შემდეგ აღარა გვაქვს სხეული, როგორც საგანი საკუთარი თავის ამგვარი შეგრძნებისა. ამიტომ სამშვინველი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩა ეს გრძნობა, თითქოსდა დაცლილად გრძნობს თავს. მას ეუფლება გრძნობა, თითქოს მან დაჰკარგა თავისი თავი. ეს გრძნობა დარჩება, ვიდრე იგი არ შეიგნებს, რომ ნამდვილი ადამიანი ფიზიკურში როდი იმყოფება. ამიტომ ამ მეოთხე სფეროს გავლენები ანადგურებენ ილუზიას სხეულებრივი თავისთავადობისას. სამშვინველი შეიმეცნებს ამ სხეულებრიობას, როგორც არაარსებით რასმე. იგი განიკურნება, განიწმინდება სხეულებრიობისადმი მიდრეკილე· ბისაგან. ამით იგი სძლევს იმას, რაც კიდევ უფრო მაგრად აჯაჭვავდა მას ფიზიკურ სამყაროზე, და მას უკვე ძალუძს მთლიანად გაშალოს გარემსწრაფი ძალა სიმპათიისა. იგი, ასე ვთქვათ, განუდგა თავის თავს, თანაგრძნობით აღსავსეა და მზად არის გაზავდეს საერთო მშვინვიერ სამყაროში. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროს განცდებს განსაკუთრებით განიცდიან თვითმკვლელნი. ისინი ხელოვნური გზით ტოვებენ თავიანთ ფიზიკურ სხეულს, მაშინ როდესაც მასთან და შირებული ყველა შეგრძნება უცვლელი რჩება. ბუნებრივი სიკვდილის შემთხვევაში სხეულის დაშლასთან ერთად ხდება აგრეთვე ნაწილობრივი კვდომა მასთან დაკავშირებული შეგრძნებებისა; თვითმკვლელთათვის კი იმ ტანჯვას, რომელსაც იწვევს მათში უეცარი სიცარიელის განცდა, ემატება კიდევ დაუკმაყოფილებელი ლტოლვები და სურვილები, რომელთათვისაც მან მოიკლა თავი.

მეხუთე საფეხური მშვინვიერი სამყაროსი არის საფეხური მშვინვიერი ნათლისა. სხვისადმი სიმპათიას ამ სფეროში აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. მას ენათესავებიან სამშვინველნი, რომელნიც ფიზიკური ცხოვრების მანძილზე არ კმაყოფილდებოდნენ ქვენა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებით, არამედ ჰპოვებდნენ შვებას და სიამოვნებას მათ გარემომცველ სამყაროში. აქ უნდა განიწმინდოს, მაგალითად, მეოცნებე კაცის დამოკიდებულება ბუნებასთან, რამდენადაც იგი ატარებს გრძნობად ხასიათს. მაგრამ მეოცნებეობის ეს გაგება უნდა გავარჩიოთ იმ უზენაესი ცხოვრებისაგან ბუნებაში, რომელიც სულიერია თავისი არსით და რომელიც ეძიებს სულს, ბუნების საგნებსა და მოვლენებში განცხადებულს. ბუნების ამგვარი შეგრძნება ეკუთვნის ისეთ საგნებს, რომელნიც ავითარებენ თავად სულს და შთაბეჭდავენ ამ სულში რაღაც მარადიულს. მაგრამ ბუნების ამგვარი შეგრძნებებისაგან უნდა განვასხვაოთ ბუნებით ტკბობა, რომელსაც საფუძველი აქვს ადამიანის შეგრძნებებში. ამასთან დაკავშირებით სამშვინველს ესაჭიროება განწმენდა, ისევე როგორც სხვა მიდრეკილებებთან დაკავშირებით, რომელნიც მხოლოდ ფიზიკურ ყოფაზე არიან დაფუძნებულნი. მრავალი ადამიანი ხედავს ერთგვარ იდეალს ისეთ დაწესებულებებში, რომელნიც ემსახურებიან გრძნობად კეთილდღეობას, აღზრდის ისეთ სისტემებში, რომელნიც უწინარეს ყოვლისა ზრუნავენ გრძნობად განცხრომაზე: მათზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი ემსახურებიან მხოლოდ თავიანთ თავკერძა მიდრეკილებებს. მაგრამ მათი სამშვინველი მაინც მიმართულია გრძნობადი სამყაროსაკენ და უნდა განიკურნოს მშვინვიერი სამყაროს მეხუთე სფეროში გაბატონებული სიმპათიის ძალებით, რომელსაც აღარ აქვს ეს გარეგანი საშუალებები დაკმაყოფილებისა. აქ სამშვინველი თანდათან გებულობს, რომ ამ სიმპათიამ სხვაგვარი გზები უნდა ამოირჩიოს. და ამ გზებს იგი პოულობს იმით, რომ სამშვინველი იღვრება მშვინვიერ სამყაროში, რაც ხდება სამშვინველთა გარემოცვისადმი მისი სიმპათიის შედეგად. – აქ განიწმინდებიან აგრეთვე ის სამშვინველნი, რომელნიც რელიგიური მოვალეობებისაგან უწინარეს ყოვლისა მოითხოვენ თავიანთი გრძნობადი კეთილდღეობის ამაღლებას. ეს ხდება იმისაგან განურჩევლად, თუ საითაა მათი მიდრეკილება მიმართული, მიწიერი სამოთხისკენ, თუ ზეციური სამოთხისკენ. „მშვინვიერ სამყაროში“ ისინი ჰპოვებენ ამ სამოთხეს; ოღონდ იმიტომ, რომ დარწმუნდნენ მის უსარგებლობაში და უმიზნობაში. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ერთეული მაგალითებია განწმენდის შემთხვევებისა, რომელთაც ადგილი აქვთ აქ, მეხუთე სფეროში. სურვილებისდა მიხედვით შეიძლება მათი გამრავლება.

მეექვსე სფეროში, ქმედითი მშვინვიერი ძალის სფეროში, ხდება საქმეს მოწყურებულ სამშვინველთა განწმენდა, რომელთა მოქმედებაც არ ატარებს ეგოისტურ ხასიათს, მაგრამ მაინც მოტივირებულია იმ გრძნობადი დაკმაყოფილებით, რომელსაც ისინი ამ საქმიანობით იღებენ. ამგვარი ბუნების მქონენი გარეგნულად სტოვებენ შთაბეჭდილებას სრულყოფილი იდეალისტებისას; ისინი ამჟღავნებენ მზადყოფნას ყოველგვარი მსხვერპლისადმი. მაგრამ უფრო ღრმა გაგებით ეს ყოველივე მათთვის დაიყვანება ერთგვარი გრძნობადი სიამოვნების მომატებაზე. ამ კატეგორიას ეკუთვნიან ხელოვანნი და ისინიც, ვინც ეძლევა მეცნიერულ მოღვაწეობას მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწონს ეს. ის, რითაც ისინი მიჯაჭვულნი არიან ფიზიკურ სამყაროზე, არის იმის რწმენა, რომ ხელოვნება და მეცნიერება არსებობენ ამ სამყაროში მხოლოდ ამ გვარი სიამოვნებებისათვის.

მეშვიდე სფერო, ჭეშმარიტი მშვინვიერი ცხოვრების სფერო, ათავისუფლებს ადამიანს ფიზიკურ-გრძნობადი სამყაროსადმი მისი უკანასკნელი მიდრეკილებებისაგან. თითოეული სფერო ღებულობს სამშვინველისაგან იმას, რაც მისი მონათესავეა. ის, რაც ჯერაც გარემოიცავს სულს, ეს არის შეხედულება, რომ მისი მოქმედება მთლიანად უნდა მიეძღვნას გრძნობად სამყაროს. არსებობენ მაღალნიჭიერი ადამიანები, რომელნიც არაფერზე ფიქრობენ, გარდა ფიზიკური სამყაროს მოვლენებისა. ამგვარ მრწამსს შეიძლება ეწოდოს მატერიალისტური. ეს მრწამსი უნდა განადგურდეს და სწორედ ეს ხდება მეშვიდე სფეროში. აქ ეს სამშვინველნი ხედავენ, რომ მათ აღარ გააჩნიათ საგნები მატერიალისტური შეხედულებებისთვის. როგორც ყინული მზის გულზე, ისე დნება აქ სამშვინველის ამგვარი მრწამსი. ამის შემდეგ მშვინვიერი არსება თავის სამყაროში გაზავდება, ხოლო სული თავისუფლდება ყოველგვარი ბორკილებისაგან. იგი მიემართება იმ სფეროსკენ, სადაც იგი ცხოვრობს მხოლოდ საკუთარ გარემოცვაში. — სამშვინველმა შეასრულა თავის უწინდელი მიწიერი ამოცანა. სიკვდილის შემდეგ განადგურდა ის, რაც კიდევ რჩებოდა იმ ამოცანისაგან, როგორც ბორკილი სულისათვის. დაამარცხა თუ არა სამშვინველმა მიწიერი ყოფის ნარჩენები, იგი თავად დაუბრუნდა საკუთარ სტიქიას.

ამ აღწერიდან ცხადია, რომ მშვინვიერი სამყაროს განცდები და მასთან ერთად სიკვდილის შემდგომი მშვინვიერი ცხოვრების მდგომარეობანი უფრო და უფრო ნათელ იერს ღებულობენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სთმობს ადამიანი ყოველივე მდაბალს, რაც ჯერ კიდევ დარჩენილა მასში ფიზიკურ სხეულებრიობასთან კავშირის შედეგად. – ფიზიკურ ცხოვრებაში წარმოქმნილი წინაპირობების შესაბამისად ცხოვრობს სამშვინველი მეტ-ნაკლები ხანგრძლივობით ამა თუ იმ სფეროში. სადაც გრძნობს ნათესაობას, იგი რჩება იქ მანამდე, ვიდრე ეს ნათესაობა არ მოისპობა. იქ კი, სადაც არ არის ნათესაობა, იგი შეუმჩნევლად გაივლის, შესაძლო შედეგების გვერდის ავლით. აქ ჩვენ უნდა აგვესახა მშვინვიერი სამყაროს ძირეული თავისებურებანი, რათა ზოგადად წარმოგვეჩინა სამშვინველის ცხოვრების ხასიათი ამ სამყაროში. იგივე ითქმის სულეთის აღწერის შესახებ, რომელიც ამას მოჰყვება. ამ ზენა სამყაროთა თვისებების შესახებ შემდგომი განვრცობა საუბრისა ნიშნავს იმ საზღვრების გადალახვას, რომელნიც ამ წიგნში უნდა იქნენ დაცულნი. ამადაც გასაგები საუბარი სივრცული ურთიერთმიმართებების და დროის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც აქ სულსხვაგვარია, ვიდრე ფიზიკურ სამყაროში, შესაძლებელი გახდებოდა უფრო დაწვრილებითი აღწერის პირობებში. ზოგიერთი მნიშვნელოვანი მითითება ამ ამბებზე შეიძლება მოძიებულ . იქნეს ჩემს „იდუმალთმეტყველებაში“.

შენიშვნები: 

* ძველ ქართულ სასულიერო ტექსტებში სამყაროს იმ საუფლოებს, რომელთაც მიცვალების შემდგომ განვლის სული კაცისა, ეწოდებათ „საზუერეები” (რედაქტორის შენიშვნა).

წინა თავები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე