rud10

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

V. ფიზიკური სამყარო და მისი კავშირი სამშვინველისა და სულის სამყაროებთან

მშვინვიერი სამყაროსა და სულეთის მოვლენები მიუწვდომელია გარეგანი გრძნობადი აღქმისათვის. ამ გრძნობადი აღქმისათვის მისაწვდომი საგნები უნდა დავაყენოთ ზემოთაღწერილი ორი სამყაროს გვერდით, როგორც მესამე სამყარო. თავისი სხეულებრივი არსებობის მანძილზე ადამიანი ერთდროულად ცხოვრობს სამ სამყაროში. იგი აღიქვამს გრძნობადი სამყაროს საგნებს და ზემოქმედებას ახდენს მათზე. მშვინვიერი სამყაროს ძალები მოქმედებენ მასზე სიმპათიისა და ანტიპათიის ძალებით; ხოლო მისი საკუთარი სამშვინველი თავისი დადებითი და უარყოფითი გრძნობებით, თავისი სურვილებით და ვნებებით აღძრავს ტალღებს მშვინვიერ სამყაროში; საგანთა სულიერი არსი კი აირეკლება მის აზრთა სამყაროში; თავად იგიც, როგორც მოაზროვნე სულიერი არსება, გვევლინება სულეთის მოქალაქედ და ყოველივე იმის თანაზიარად, რაც მკვიდრობს სამყაროს ამ სფეროში. — აქედან ცხადია, რომ გრძნობადი სამყარო არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც გარს ერტყმის ადამიანს. ადამიანის გარემომცველი სამყაროს ეს ნაწილი გვევლინება გარკვეულ ზომამდე დამოუკიდებლად, ვინაიდან შესაძლებელია მისი აღქმა იმ შეგრძნებებით, რომელნიც განზე ტოვებენ მშვინვიერსა და სულიერს, ამავე სამყაროს საკუთრებას. ისევე, როგორც ყინულის ნატეხი, რომელიც დაცურავს წყლის ზედაპირზე, არის იგივე ნივთიერება გარემომცველი წყლისა, ზოგიერთი თვისებებით მისგან განსხვავებული, ასევე გრძნობადი საგნები წარმოადგენენ მათ გარემომცველ მშვინვიერ და სულიერ სამყაროთა ნივთიერებას; ისინიც განსხვავდებიან ამ გარემოცვისაგან ზოგიერთი თვისებით, რომლებითაც ისინი ხდებიან მისაწვდომნი გრძნობადი აღქმისათვის. ისინი — ხატოვნად თუ ვიტყვით – არიან გამკვრივებული სულიერი და მშვინვიერი წარმონაქმნები; ეს გამკვრივება მოქმედებს ისე, რომ გრძნობებს ძალუძთ მათი აღქმა. დიახ, როგორც ყინული წარმოადგენს მხოლოდ წყლის არსებობის ფორმას, ასევე გრძნობადი საგნები წარმოადგენენ ფორმას მშვინვიერი და სულიერი არსებების ყოფიერებისას. ამის შემდეგ გასაგები გახდება, რომ სულის სამყარო შეიძლება გადაიქცეს სამშვინველის სამყაროდ, ხოლო ეს უკანასკნელი – გრძნობად სამყაროდ, ისევე როგორც წყალი გადაიქცევა ყინულად.

ამ თვალსაზრისით გასაგები ხდება, თუ რად ძალუძს ადამიანს შეიქმნას აზრები გრძნობადი საგნების შესახებ, ვინაიდან არსებობს კითხვა, რომელიც უნდა დაუსვას საკუთარ თავს ყოველმა მოაზროვნე ადამიანმა, სახელდობრ: რა მიმართებაში იმყოფება აზრი, რომელსაც ადამიანი იქმნის ქვის შესახებ, თავად ამ ქვასთან? გარესამყაროს ბუნებაზე ღრმად დამკვირვებელი ადამიანებისთვის მათი სულიერი მზერის წინაშე მთელი სიცხადით იბადება ეს კითხვა. შესანიშნავად. ამბობს, მაგალითად, ამ ჰარმონიის შესახებ დიდი ასტრონომი კეპლერი: „სამყაროში ჭეშმარიტად ღვთაებრივი მოწოდებაა შთაბეჭდილი, დაბეჯითებით რომ მოუწოდებს ადამიანს ასტრონომიის შესწავლისაკენ; სიტყვებისა და მარცვლებისაგან როდი შედგება ეს მოწოდება, არამედ შეესაბამება ადამიანურ ცნებებსა და გრძნობებს, რომელნიც მიმართულნი არიან ციური სხეულებისა და მათი მდგომარეობებისაკენ.“ რადგან გრძნობადი სამყაროს საგნები სხვა არაფერია, თუ არა გამკვრივებული სულიერი არსებები, ამდენად საკუთარ აზრთა მათზე მიმართვის შედეგად ადამიანს ძალუძს ამ საგანთა წვდომა. გრძნობადი საგნები სულის სამყაროდან მომდინარეობენ, ისინი წარმოადგენენ მხოლოდ სხვაგვარ ფორმას სულიერი არსებებისას; და როდესაც ადამიანი აზროვნებს საგანთა შესახებ, იგი უბრალოდ მიმართავს თავის შინაგან მზერას გრძნობადი ფორმის ნაცვლად ამ საგანთა სულიერი პირველხატებისკენ. საგნის წვდომა აზრით არის პროცესი, რომელიც შეიძლება შევადაროთ მყარი საგნის წინასწარ ცეცხლში გადადნობას, რათა ქიმიკოსმა შემდეგ გამოიკვლიოს ეს საგანი თხევად მდგომარეობაში.

სულეთის სხვადასხვა სფეროებში ვლინდებიან გრძნობადი სამყაროს სულიერი პირველხატები. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სფეროებში ეს პირველხატები გვხვდებიან როგორც ჯერ კიდევ ცოცხალი ჩანასახისეული მარცვლები; ოთხ ქვედა სფეროში კი ისინი გარდაიქმნებიან სულიერ წარმონაქმნად. ამ სულიერ წარმონაქმნს ადამიანის სული აჩრდილისებრი ანარეკლის სახით აღიქვამს, როდესაც სურს აზროვნებით შეიმუშაოს გაგება გრძნობადი საგნებისა. როგორ გამკვრივდნენ ეს სულიერი წარმონაქმნები გრძნობადი სამყაროს მდგომარეობამდე — აი, საკითხი ყველასთვის, ვინც მიელტვის სულიერ წვდომას თავისი გარემომცველი სამყაროსას. — უწინარეს ყოვლისა ადამიანის გრძნობადი ხედვისათვის ეს გარემომცველი სამყარო განიყოფება ოთხ აშკარად განსხვავებულ საფეხურად: მინერალურად, მცენარეულად, ცხოველურად და ადამიანურად. მინერალური სამყარო აღიქმება შეგრძნებებით, ხოლო აზროვნება სწვდება მას. რაიმე მინერალური სხეულის შესახებ აზრის შექმნისას ორგვარ მოვლენასთან გვაქვს საქმე: გრძნობად საგანთან და აზრთან. ამის შესაბამისად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს გრძნობადი საგანი არის გამკვრივებული აზრ-არსება. მაგრამ ერთი მინერალური არსება გარეგანი სახით მოქმედებს მეორეზე. იგი ეჯახება მას და მოძრაობაში მოჰყავს; იგი ახურებს მას, ანათებს, ადნობს და ა. შ. ეს გარეგანი საშუალება ზემოქმედებისა შეიძლება გამოვხატოთ აზრების სახით. ადამიანი იქმნის აზრებს იმის შესახებ, რომ მინერალური საგნები გარეგანი კანონზომიერების ძალით ზემოქმედებას ახდენენ ურთიერთზე. ამის მეოხებით მისი ცალკეული აზრები გადაიზრდებიან მთელი მინერალური სამყაროს აზრისმიერ სურათში. და ეს აზრისმიერი სურათი არის ანარეკლი მთელი მინერალური გრძნობადი სამყაროს პირველხატისა. სულიერ სამყაროში შეიძლება მისი პოვნა, როგორც მთლიანობისა. — მცენარეთა საუფლოში ერთი საგნის გარეგან ზემოქმედებას მეორეზე ემატება ზრდისა და გამრავლების მოვლენები. მცენარე იზრდება და წარმოქმნის თავის მსგავს არსებებს. იმას, რასაც ადამიანი ხვდება მინერალურ სამყაროში, ემატება სიცოცხლე. ამ ფაქტის შესახებ უბრალო დაფიქრებაც კი მიგვიყვანს დასკვნამდე, რომელიც ნათელს მოჰფენს ყოველივეს. მცენარეს გააჩნია ძალები, რათა მისცეს თავის თავს ცოცხალი სახე და შეჰქმნას ამავე სახის თავისი მსგავსი არსება. გაზების, სითხეების და ა. შ. არსებულ უფორმო მინერალურ ნივთიერებებსა და მცენარეულ სამყაროს ცოცხალ სახეს შორის არსებობენ კრისტალთა ფორმები. კრისტალებში ჩვენ გვაქვს გადასვლა უფორმო მინერალური სამყაროდან მცენარეული სამყაროს ცოცხალი წარმომქმნელი უნარისაკენ. — ამ გარეგან-გრძნობადი ქმნადობის პროცესში — როგორც მინერალურ, ისე მცენარეულ საუფლოში – თვალსაჩინოა გრძნობადი გამკვრივება წმინდა სულიერი პროცესებისა, რომელიც მიმდინარეობს მაშინ, როდესაც სულიერი ჩანასახები სულეთის სამი ზედა სფეროში გარდაიქმნებიან ქვედა სფეროების სულიერ სახეებად. კრისტალიზაციის პროცესის შესაბამისი პირველხატია სულიერ სამყაროში გადასვლა უფორმო სულიერი ჩანასახიდან სახედქმნილი წარმონაქმნისაკენ. თუ ეს გადასვლა იმდენად გამკვრივდება, რომ იგი მისაწვდომი გახდება შეგრძნებათათვის, მაშინ იგი გვევლინება გრძნობად სამყაროში კრისტალიზაციის მინერალურ პროცესად. – მაგრამ მცენარეულ სამყაროშიც. ხომ არის სახედქმნილი სულიერი ჩანასახი. მაგრამ აქ სახედქმნილ არსებაში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ცოცხალი უნარი ფორმის წარმოქმნისა. კრისტალში კი სულიერმა ჩანასახმა ჩამოყალიბებისას დაჰკარგა უნარი ფორმადქმნისა. მან ამოსწურა თავისი თავი უკვე წარმოქმნილ ფორმაში. მცენარესაც აქვს სახე, და გარდა ამისა – სახედქმნის უნარი. სულეთის ზედა სფეროებში არსებულ სულიერ ჩანასახთა თვისება შენარჩუნებულია მცენარეულ ყოფაში. ასე რომ, მცენარე არის სახე, ისევე როგორც კრისტალი, და უფრო მეტიც, იგი სახის წარმომქმნელი ძალაა. იმ ფორმის გარდა, რომელიც პირველარსებებმა მიიღეს მცენარეულ სახეში, მათზე მუშაობს კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ატარებს ანაბეჭდს ზედა სფეროების სულიერი არსებებისას. მაგრამ მცენარეში გრძნობადად აღიქმება მხოლოდ ის, რაც ავლენს თავის თავს დასრულებული სახით; სახემქმნელი არსებები, რომელნიც ანიჭებენ სიცოცხლეს ამ სახეს მცენარეულ საუფლოში, გრძნობადად არ აღიქმებიან. გრძნობადი თვალი ხედავს პატარა შროშანს და რამდენიმე დღის შემდეგ ჰხედავს მას გაზრდილს. სახედმქმნელ ძალას, რომელიც პირველიდან ამ უკანასკნელს წარმოქმნის, ეს თვალი ვერ ხედავს. ეს სახედმქმნელი, ძალისმიერი არსება არის გრძნობადად უხილავი ქმედითი ნაწილი მცენარეულ სამყაროში. სულიერი ჩანასახები ჩამოქვეითდნენ ერთი საფეხურით დაბლა, რათა ემოქმედათ სახეების საუფლოში. სულისმეტყველებაში შესაძლებელია საუბარი ელემენტარულ საუფლოებზე. თუ იმ პირველფორმებს, რომელთაც ჯერ არ გააჩნიათ არავითარი სახე, დავარქმევთ პირველ ელემენტარულ საუფლოს, მაშინ გრძნობადად უხილავი ძალისმიერი არსებები, რომელნიც მოქმედებენ როგორც მუშაკნი მცენარეთა ზრდაზე, მიეკუთვნებიან მეორე ელემენტარულ საუფლოს. – ცხოველთა სამყაროში ზრდასა და გამრავლების უნარს ემატება შეგრძნება და ლტოლვა. ესენი არიან მშვინვიერი სამყაროს გამოვლინებანი. არსება, რომელსაც გააჩნია შეგრძნება და ლტოლვა, ეკუთვნის ამ სამყაროს, ღებულობს მისგან შთაბეჭდილებებს და აწარმოებს მასზე ზემოქმედებას. ყოველი შეგრძნება, ყოველი ლტოლვა, წარმოქმნილი ცხოველურ არსებაში, მომდინარეობს ცხოველური სამშვინველის ქვენა ნაწილიდან. სახე უფრო მდგრადია, ვიდრე შეგრძნება ან ლტოლვა. შესაძლოა ითქვას, რომ მცენარის ცვლადი სახე ისეთსავე დამოკიდებულებაშია კრისტალის უძრავ ფორმასთან, როგორც შეგრძნებადი ცხოვრება – უფრო მდგრად ცოცხალ სახესთან. მცენარე გარკვეულ ზომამდე იზრდება სახედმქმნელი ძალის მეოხებით; თავისი ცხოვრების მანძილზე იგი გამუდმებით იძენს ახალ-ახალ სახეებს. თავდაპირველად იგი ფესვს იდგამს, შემდეგ ისხამს ფოთლებს, შემდეგ ყვავილებს და ა. შ. ცხოველი გვევლინება თვითდასრულებული სახით და ამ სახის შიგნით ანვითარებს ცვალებად ცხოვრებას შეგრძნებისა და ლტოლვებისას. ამ ცხოვრებასაც აქვს თავისი ყოფა მშვინვიერ სამყაროში. როგორც მცენარე არის ისეთი რამ, რაც იზრდება და მრავლდება, ასევე ცხოველი არის ისეთი რამ, რაც შეიგრძნობს და ავითარებს ლტოლვებს. ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ სხეულისათვის იმ უფორმო ელემენტს, რომელიც გამუდმებულად ვითარდება ახალ-ახალ ფორმებში. მათი პირველადი წარმომქმნელი პროცესები სულეთის ზედა სფეროებში იმყოფებიან. მაგრამ ისინი მოქმედებენ მშვინვიერ სამყაროში. ამრიგად, ცხოველთა საუფლოში იმ ძალისმიერ არსებებს, რომელნიც გრძნობადად უხილავნი არიან და წარმართავენ მცენარეების ზრდას და განვითარებას, უერთდებიან კიდევ სხვები, რომელნიც ერთი საფეხურით დაბლა ჩამოქვეითდნენ მშვინვიერ სამყაროში. ცხოველთა საუფლოში შეგრძნებებისა და ლტოლვების მამოძრავებელ მუშაკებად გვევლინებიან უფორმო არსებანი, რომელნიც იმოსებიან მშვინვიერი გარსებით. ისინი არიან ჭეშმარიტი მშენებლები ცხოველური ფორმებისა. ის სფერო, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, სულისმეტყველებაში იწოდება მესამე ელემენტარულ საუფლოდ. — ადამიანი ამ უნართა გარდა, რომელიც მცენარეებსაც და ცხოველებსაც გააჩნიათ, ჰფლობს კიდევ სხვა უნარებს, რათა გადაამუშაოს შეგრძნებები წარმოდგენებად და აზრებად და აზროვნებით წარმართოს თავისი მიდრეკილებები. აზრი, რომელიც მცენარეში გვევლინება სახედ, ცხოველში — მშვინვიერ ძალად, ადამიანში ვლინდება როგორც თავად აზრი თავისი საკუთარი ფორმით. ცხოველი არის სამშვინველი; ადამიანი არის სული. სულიერი არსება ჩამოქვეითდა კიდევ ერთი საფეხურით დაბლა. ცხოველთან იგი ჰქმნის სამშვინველს, ადამიანში კი იგი შემოვიდა თავად გრძნობად-ნივთიერ სამყაროში. სული იმყოფება ადამიანური გრძნობადი სხეულის წიაღში და ამიტომ, რამდენადაც იგი გვევლინება გრძნობად სამოსში, მას ძალუძს გამოვლინდეს როგორც მხოლოდ მკრთალი ანარეკლი, როგორიცაა აზრი სულიერ არსებასთან შედარებით. ადამიანში სული ვლინდება ფიზიკური ტვინის ორგანიზაციის მეშვეობით. – მაგრამ სამაგიეროდ სული გახდა აგრეთვე შინაგანი არსი ადამიანისა. აზრი არის ფორმა, რომელსაც ღებულობს ადამიანში უფორმო სულიერი არსება, ისევე როგორც მცენარეში იგი იძენს სახეს, ხოლო ცხოველში გადაიქცევა სამშვინველად. ამიტომ ადამიანისათვის, როგორც მოაზროვნე არსებისთვის, არ არსებობს მის გარეშე მყოფი მისი აღმშენებელი ელემენტარული საუფლო. მისი ელემენტარული საუფლო მუშაობს მის გრძნობად სხეულში. რამდენადაც ადამიანი არის არსება, რომელსაც გააჩნია სახე და შეგრძნება, მასზე მუშაობენ იგივენაირი ელემენტარული არსებანი, რომელნიც მუშაობენ მცენარეებსა და ცხოველებზე. ხოლო აზრისმიერი ორგანიზმი მუშავდება ადამიანში თავად მისი ფიზიკური სხეულის შიგნიდან. ადამიანის სულიერ ორგანიზმში, ნერვულ სისტემაში, რომლის სრულყოფის უმაღლესი საფეხურია ტვინი, ჩვენთვის გრძნობადად თვალსაჩინოა ის, რაც მუშაობს მცენარეებში და ცხოველებში, როგორც ზეგრძნობადი ძალისმიერი არსება. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ ცხოველში ვლინდება თვითშეგრძნება, ხოლო. ადამიანში – თვითშეგნება. ცხოველში სული შეიგრძნობს საკუთარ თავს სამშვინველად; იგი ჯერაც არ აღიქვამს თავს სულად. ადამიანში კი სული შეიმეცნებს საკუთარ თავს სულად და რამდენადაც ეს ხდება ფიზიკური პირობების მეშვეობით, იგი შეიმეცნებს მხოლოდ სულის აჩრდილისებრ ანარეკლს, მხოლოდ აზრს. – ამ გაგებით სამგვარი სამყარო განიყოფა შემდეგნაირად:

1. პირველქმნილი უფორმო არსებების საუფლო (პირველი ელემენტარული საუფლო);

2. სახედმქმნელ არსებათა საუფლო (მეორე ელემენტარული საუფლო);

3. მშვინვიერ არსებათა საუფლო (მესამე ელემენტარული საუფლო);

4. შექმნილ სახეთა საუფლო (კრისტალთა ფორმები);

5. საუფლო, რომელიც გრძნობადად თვალსაჩინოა სახეებში და რომელზედაც მუშაობენ სახედმქმნელი არსებები (მცენარეთა საუფლო);

6. საუფლო, რომელიც გრძნობადად თვალსაჩინოა სახეებში, მაგრამ რომელშიც გარდა ამისა სახედმქმნელი არსებები მოქმედებენ მშვინვიერად (ცხოველთა საუფლო);

7. საუფლო, რომელშიც გრძნობადად თვალსაჩინოა სახეები, რომელშიც მშვინვიერად მოქმედებენ სახედმქმნელი არსებები და რომელშიც თავად სული იქმნის აზრისმიერ ფორმას გრძნობად სამყაროში (ადამიანთა საუფლო)

ახლა თვალსაჩინოა, თუ როგორ უკავშირდებიან სულიერ სამყაროს სხეულში მცხოვრები ადამიანის შემადგენელი ნაწილები. ფიზიკურ სხეულს, ეთერულ სხეულს, შეგრძნებად-მშვინვიერ სხეულს და განსჯისმიერ სამშვინველს განიხილავენ როგორც გრძნობად სამყაროში გამკვრივებულ პირველხატებს სულეთისას. ფიზიკური სხეული აღმოცენდება იმის შედეგად, რომ ადამიანის პირველხატი მკვრივდება გრძნობად გამოვლინებამდე. ამის შესაბამისად ფიზიკურ სხეულს შესაძლოა ეწოდოს პირველი ელემენტარული საუფლოს არსება, რომე ლიც იმდენად გამკვრივდა, რომ მისაწვდომი გახდა გრძნობა დი აღქმისათვის. ეთერული სხეული აღმოცენდება იმის შედეგად, რომ ეს ზემოთაღნიშნული გზით წარმოქმნილი სახე ინარჩუნებს მოძრავ ხასიათს იმ არსების მეოხებით, რომელიც განავრცობს თავის მოქმედებას გრძნობად საუფლოზეც, მაგრამ მისი გრძნობადი აღქმა შეუძლებელია. თუ ჩვენ მოვისურვებდით სრულად განსაზღვრას ამ არსებისას, უნდა გვეთქვა, რომ უწინარეს ყოვლისა იგი იღებს საწყისს სულეთის უზენაეს სფეროებში და შემდეგ, მეორე სფეროში გარდაიქმნება სიცოცხლის პირველხატად. როგორც სიცოცხლის ამგვარი პირველხატი, იგი მოქმედებს გრძნობად სამყაროში. ასევე არსება, რომელიც აგებს შეგრძნებად მშვინვიერ სხეულს, იღებს საწყისს სულეთის ზენა სფეროებში. ხოლო სულეთის მესამე სფეროში იგი გარდაიქმნება მშვინვიერი სამყაროს პირველხატად და როგორც ასეთი მოქმედებს გრძნობად სამყაროში. განსჯისმიერი სამშვინველი კი იქმნება იმის მიხედვით, რომ მოაზროვნე ადამიანის პირველხატი სულეთის მეოთხე სფეროში გარდაიქმნება აზრად და ამ სახით, როგორც მოაზროვნე ადამიანური არსება, უშუალოდ მოქმედებს გრძნობად სამყაროში. – ასეთია ის ადგილი, რომელსაც იკავებს ადამიანი გრძნობად სამყაროში. ამგვარად მუშაობს სული მის ფიზიკურ სხეულზე, მის ეთერულ სხეულზე და მის შეგრძნებად მშვინვიერ სხეულზე. ამრიგად მჟღავნდება ეს სული განსჯისმიერ სამშვინველში. — ამრიგად, ადამიანის სამ ქვედა ნაწილზე მუშაობენ პირველხატები იმ არსებათა ფორმით, რომელნიც გარკვეულწილად გარედან მიუდგებიან მას; თავის განსჯისმიერ სამშვინველში იგი (ცნობიერად) მუშაობს საკუთარ თავზე. – ხოლო არსებანი, რომელნიც მოქმედებენ ფიზიკურ სხეულზე, იგივენი არიან, რომელნიც ჰქმნიან მინერალურ ბუნებას. მის ეთერულ სხეულზე მუშაობენ იმავე სახის არსებანი, რაც მცენარეთა საუფლოში. ხოლო მის შეგრძნებად მშვინვიერ სხეულზე მოქმედებენ იმათი მსგავსი არსებანი, როგორიც მკვიდრობენ ცხოველთა საუფლოში გარეგან გრძნობათათვის მიუწვდომელი სახით და რომელთა მოქმედებაც ვრცელდება ამ საუფლოებზე.

ამგვარ ურთიერთქმედებაში არიან სხვადასხვაგვარი სამყაროები. სამყარო, რომელშიც მკვიდრობს ადამიანი, არის გამოხატულება ამ ურთიერთშეთანხმებული ქმედებისა.

* * *

გრძნობადი სამყაროს ამგვარი გაგების შემდეგ იწყება გაგება სხვაგვარი არსებებისაც, რომელნიც განსხვავდებიან ბუნების ზემოხსენებულ ოთხ სფეროში დამკვიდრებულ არსებათაგან. ამგვარი არსებების მაგალითად ავიღოთ ის, რასაც უწოდებენ ერის სულს (ნაციონალურ სულს). იგი არ ვლინდება უშუალოდ გრძნობადი სახით. იგი მჟღავნდება შეგრძნებებში, გრძნობებში, მიდრეკილებებში და ა. შ., რომელნიც წარმოადგენენ ერთი გარკვეული ეროვნების კუთვნილებას. ეს არის არსება, რომელიც არ სხეულდება გრძნობადად, მაგრამ ისევე, როგორც ადამიანი იქმნის გრძნობად თვალსაჩინო სხეულს, ასევე ეს არსებაც იქმნის სხეულს მშვინვიერი სამყაროს ნივთიერებისგან. ეს მშვინვიერი სხეული ერის სულისა ჰგავს ღრუბელს, რომელშიაც მკვიდრობენ ერის წარმომადგენლები და რომლის გავლენები, თუმც საცნაურია მოცემულ ადამიანთა სამშვინველებში, მაგრამ ეს გავლენები არ მომდინარეობენ თავად ამ სამშვინველებიდან. ვისაც ამრიგად არ წარმოუდგენია ერის სული, მისთვის იგი რჩება სქემატურ აზრად ყოველგვარი სიცოცხლისა და შინაარსის გარეშე, ცარიელ აბსტრაქციად. იგივე შეიძლება ითქვას იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ დროის სულს. ამრიგად მოიცავს ჩვენი სულიერი მზერა სიმრავლეს სხვა ზენა და ქვენა არსებებისას, რომელნიც მკვიდრობენ ადამიანის გარემომცველ სამყაროში და რომელთა აღქმაც შეუძლებელია გრძნობათა საშუალებით. სულიერი მზერის მქონეს კი ძალუძს აღქმა და აღწერა ამგვარი არსებისა. ამგვარი არსებების უმდაბლეს სახეობას ეკუთვნიან ისინი, რომელთაც სულიერი სამყაროს მკვლევარნი უწოდებენ სალამანდრებს, სილფებს, უნდინებსა და გნომებს. საჭირო არ უნდა გახდეს თქმა იმისა, რომ ამგვარი აღწერები ვერ ჩაითვლება იმ სინამდვილის ანარეკლად, რომელიც მათ საფუძვლად უდევთ. ხოლო ასეთიც რომ ყოფილიყო, მაშინ მისი საშუალებით წარმოდგენილი სამყარო იქნებოდა არა სულიერი, არამედ უხეშ-გრძნობადი. ამგვარი აღწერანი მხოლოდ ათვალსაჩინოებს ისეთ სულიერ სინამდვილეს, რისი წარმოჩენაც შესაძლებელია მხოლოდ ამ სახით, ანუ სიმბოლოების მეოხებით. სრულიად გასაგებია, როდესაც მხოლოდ გრძნობად მხედველობას მინდობილი ადამიანი ამ არსებებს სთვლის ველური ფანტაზიისა და ცრურწმენის მონაჩმახად. რა თქმა უნდა, გრძნობადი თვალისთვის ისინი არასოდეს იქნებიან სახილველნი, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ გრძნობადი სხეული. ცრურწმენა ის კი არაა, რომ ამგვარი არსებებს თვლიან სინამდვილედ, არამედ ის, რომ ჰგონიათ, თითქოსდა ისინი გრძნობადი სახით ვლინდებოდნენ. — მსგავსი არსებები მონაწილეობენ სამყაროს აღმშენებლობაში და მათ ვხვდებით მაშინვე, როგორც კი შევდივართ ფიზიკურ შეგრძნებათათვის დახშულ სამყაროს ზენა სფეროებში. უნდა ვახსენოთ აგრეთვე ის არსებანიც, რომელნიც არ ჩამოდიან მშვინვიერ სამყარომდე და რომელთა გარსიც მოქსოვილია მხოლოდ სულეთის წარმონაქმნებისაგან. ადამიანი აღიქვამს მათ, ხდება მათი თანაზიარი, როდესაც მას გაეხსნება სულიერი მხედველობა და სულიერი სმენა. ამგვარი გახსნის შედეგად ადამიანისათვის გასაგები ხდება მრავალი რამ, რასაც იგი უამისოდ მხოლოდ სჭვრეტდა გაგების გარეშე. ირგვლივ ნათლდება ყოველივე; იგი ხედავს ყოველივე იმის მიზეზებს, რაც გრძნობად სამყაროში აირეკლება შედეგების სახით. იგი გებულობს იმას, რასაც ამ სულიერი მხედველობის გარეშე ან სავსებით უარჰყოფდა, ან იძულებული იქნებოდა ეთქვა: „ბევრი რამ ხდება ცაზე და დედამიწაზე ისეთი, რაც თქვენს შკოლარულ სიბრძნეს არც კი დასიზმრებია.“ ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ უფრო ფაქიზი სულიერი აღქმა, შეშფოთებას განიცდიან, როდესაც გრძნობენ თავიანთ გარშემო სხვა არაგრძნობად სამყაროს, ბუნდოვნად აღიქვამენ მას და იძულებულნი არიან იმოძრაონ მასში ხელების ფათურით, როგორც ბრმა მოძრაობს ხილულ საგნებს შორის. ყოფიერების ამ სფეროებში მხოლოდ ნათელ შემეცნებას ძალუძს ჩასწვდეს იმას, რაც მანდ ხდება, ძალუძს ნამდვილად განამტკიცოს ადამიანი და მიიყვანოს ის თავის ჭეშმარიტ დანიშნულებასთან. მხოლოდ გრძნობათაგან დაფარული სინამდვილის წვდომის შედეგად განავრცობს ადამიანი თავის არსებას იმგვარად, რომ შემდეგ ამგვარ განვრცობამდე მის მიერ განვლილი ცხოვრება მისთვის გადაიქცევა “სამყაროს შესახებ ოცნებად”.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...