DornachArt 030

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

შემეცნების გზა

ყოველ ადამიანს თავად ძალუძს სულისმეტყველების ამ წიგნში ნაგულისხმევი შემეცნების მოპოვება. ამ წიგნში მოცემული აღწერები გვიხატავენ აზრისმიერ სურათს ზენა სამყაროებისას. გარკვეული გაგებით ისინი წარმოადგენენ პირველ ნაბიჯს დამოუკიდებელი ჭვრეტისაკენ. ვინაიდან ადამიანი არის აზრისმიერი არსება. და მას ძალუძს პოვნა თავისი შემეცნებისმიერი გზისა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გამომდინარეობს აზროვნებიდან. როდესაც მის გონებას ეძლევა სურათი ზენა სამყაროებისა, ეს არ რჩება მისთვის უნაყოფო თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდაპირველად ეს წარმოადგენს მხოლოდ ნაამბობს ზენა ფაქტების შესახებ, რომელთა ჭვრეტა ჯერაც მიუღწეველია მისი ხედვისათვის. რამეთუ აზრები, რომელნიც მას ეძლევიან, თავად წარმოადგენენ ძალას, რომელიც განაგრძობს მოქმედებას მისი აზროვნების სამყაროში. ეს ძალა იმოქმედებს მასში; იგი გააღვიძებს მთვლემარე მონაცემებს. სცდება იგი, ვინც ფიქრობს, რომ სრულიად ზედმეტია მიეცე ჭვრეტას ამგვარი აზრისმიერი სურათისას. ასეთი ადამიანი უყურებს აზრს, როგორც აბსტრაქტულ რასმე, რომელსაც არ გააჩნია არსი. მაგრამ აზრს საფუძვლად უდევს ცოცხალი ძალა. ზეგრძნობადის შემეცნებას ნაზიარები ადამიანისათვის იგი წარმოადგენს სულით განჭვრეტილის უშუალო გამოვლინებას; ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ადამიანს ეუწყება, მასზე მოქმედებს როგორც ჩანასახი, შემეცნების ნაყოფის მომტანი. ვინც მოისურვებდა უმაღლესი შემეცნების მისაღწევად მიემართა ადამიანში არსებული სხვა ძალებისათვის და გვერდი აეარა აზროვნებისათვის, იგი ვერ დაინახავდა იმას, რომ სწორედ აზროვნება არის უმაღლესი იმ უნართა შორის, რომელთაც ჰფლობს ადამიანი გრძნობად სამყაროში. ასე რომ, შესაძლოა ვინმემ დასვას კითხვა: რარიგ მივაღწევ მე სულისმეტყველების უმაღლეს შემეცნებას? — აუცილებელი იქნება ამგვარი პასუხი: უწინარეს ყოვლისა ამ შემეცნებას სხვათა მონათიხრობიდან გაეცანი. შესაძლოა იგი შეგვედავოს: მე თავად მსურს ვიხილო ყოველივე, მე არ მსურს არაფრის გაგება იმის შესახებ, თუ რა ნახეს სხვებმა. მაგრამ ამაზე უნდა მივუგოთ მას: საკუთარი შემეცნების პირველი საფეხურია სწორედ სხვათა მონათხრობის ათვისება. ამაზე შეიძლება ითქვას: ჰო, მაგრამ თავდაპირველად მე ხომ იძულებული ვიქნები ბრმად ვირწმუნო ყოველივე. თუმცა ასეთ დროს საქმე ის როდია, ვირწმუნებთ თუ არ ვირწმუნებთ, არამედ, რამდენად მიუკერძოებელნი ვიქნებით იმის მიღებაში, რაც გვესმის. ჭეშმარიტი სულის მკვლევარი არასოდეს მოელის, რომ მის ნაუბარს ბრმად ირწმუნებენ. იგი მუდამ ასე აზროვნებს: მე განვიცადე ეს ყოველივე ყოფიერების სულიერ სფეროში, ახლა მე მოვუთხრობ სხვებს ჩემი განცდების გამო. მაგრამ მან უწყის აგრეთვე, რომ სხვა ადამიანისთვის მისი ამ განცდის აღქმა და ამით აზროვნების განაყოფიერება წარმოადგენს ცხოველმყოფელ ძალას სულიერი განვითარებისათვის.

ყოველივე ზემოთქმულს მხოლოდ იგი გაიგებს სწორად, ვინც გაითვალისწინებს, რომ ყოველგვარი ცოდნა მშვინვიერი და სულიერი სამყაროების შესახებ არსებობს ადამიანის სამშვინველის სიღრმისეულ საფუძვლებში. მისი გამოვლინება შესაძლოა „შემეცნების გზის“ მეშვეობით. ადამიანს ძალუძს „გაიგოს“ არამარტო ის, რასაც იგი თავად გამოავლენს, არამედ ისიც, რაც გამოავლინა სამშვინველის სიღრმისეული საფუძვლებიდან სხვა ადამიანმა; ეს შეუძლია ისეთ ადამიანსაც, რომელსაც ჯერ არ დაუწყია სამზადისი შემეცნების გზაზე დასადგომად. ჯეროვანი სულიერი დაფიქრება ცრურწმენებით დაუბნელებელ გონებაში აღვიძებს მიხვედრის უნარს; გაუცნობიერებელი ცოდნა ეხმიანება სხვის მიერ აღმოჩენილ ფაქტს. ეს შეხმიანება არ არის ბრმა რწმენა, ეს არის ჯანსაღი ადამიანური განსჯის ჯეროვანი გამოვლინება. ამ ჯანსაღ წვდომაში უნდა ვეძიოთ საუკეთესო ამოსავალი წერტილი სულიერი სამყაროს დამოუკიდებელი შემეცნებისათვის და არა საეჭვო მისტიურ „ჩაღრმავებებში“ და სხვა მსგავს ამბებში; თუმცა სწორედ ამ უკანასკნელში ცდილობენ ხოლმე უფრო მეტად რაიმე უკეთესის პოვნას, ვიდრე ჭეშმარიტი სულიერი კვლევის შედეგებში, რისი გაგებაც ძალუძს ადამიანურ განსჯას.

საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ადამიანს, რომელსაც სურს განივითაროს უმაღლესი შემეცნებითი უნარები, აუცილებლად მოუწევს უაღრესად დიდი და მკაცრი შემეცნებითი აზროვნებითი მუშაობა. ამას მკვეთრად უნდა გაესვას ხაზი, ვინაიდან მრავალი ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს „მხილველი“, არაფრად აგდებს ამ მკაცრ, თავგადადებულ აზროვნებით მუშაობას. ისინი ამბობენ: მე ხომ ვერ მიშველის „აზროვნება“; მთავარია „შეგრძნება“, „გრძნობა“ ან კიდევ რაღაც ამგვარი. ამაზე უნდა ითქვას, რომ ვერავინ გახდება „მხილველი“ უმაღლესი გაგებით (ე. ი. ნამდვილად), ვინც მანამდე არ ყოფილა ქმედითად ჩართული აზროვნებით ცხოვრებაში. მრავალ ადამიანში არახელსაყრელ როლს ასრულებს ასეთ შემთხვევაში გარკვეული შინაგანი კომფორტი. ისინი თავად ვერ აცნობიერებენ ამ მიდრეკილებას კომფორტისაკენ, ვინაიდან იგი გვევლინება „აბსტრაქტული აზროვნების“, „ცარიელი სპეკულაციის“ და ა. შ. უგუ– ლებელჰყოფის ნიღბით. მაგრამ სწორედ მაშინ ვერ აფასებენ აზროვნებას, როდესაც მას ურევენ ცარიელ, განყენებულ აზრთა ბლანდვაში. ამ „აბსტრაქტულმა აზროვნებამ“ შესაძლოა იოლად მოჰკლას ზეგრძნობადი შემეცნება; სიცოცხლით სავსე აზროვნება შეიძლება გახდეს ამგვარი ზეგრძნობადი შემეცნების საფუძველი. გაცილებით უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, რომ ყოფილიყო შესაძლებლობა ნათელხილვის უმაღლესი უნარის მიღწევისა აზროვნებითი მუშაობის გარეშე. ამას სწორედ რომ ბევრი ისურვებდა, მაგრამ აქ აუცილებელია შინაგანი სიმტკიცე, მშვინვიერი დაჯერებულობა, რომელთანაც მხოლოდ აზროვნება თუ მიგვიყვანს. სხვაგვარ შემთხვევაში იქნება მხოლოდ გაელვება და წამოტივტივება უარსო ხატებათა, უსაზმნო მშვინვიერი თამაში, რომელმაც შესაძლოა ვინმეს მოჰგვაროს სიამოვნება, მაგრამ ყოველივე ამას არაფერი აქვს საერთო ზენა სამყაროებში ნამდვილ შეღწევასთან. — დაფიქრებისას იმაზე, თუ რომელი წმინდად სულიერი განცდა ეუფლება ადამიანს ჭეშმარიტად ზენა სამყაროში შესვლისას, გასაგები გახდება ისიც, რომ ამ ყოველივეს აქვს თავისი მეორე მხარეც. „მხილველს“ უნდა ახასიათებდეს მშვინვიერ ცხოვრებაში აბსოლუტური სიჯანსაღე. და არ არსებობს უფრო კარგი გზა ამ სიჯანსაღის შენარჩუნებისა, ვიდრე ჭეშმარიტი აზროვნება. ეს სიჯანსაღე შესაძლოა სერიოზულად დაზიანდეს, თუ უმაღლესი განვითარების სავარჯიშოები არ იქნებიან დაფუძნებულნი აზროვნებაზე. რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელიც ჯანსაღად და სწორად აზროვნებს, ნათელხილვის უნარი კიდევ უფრო გააჯანსაღებს, უწინდელზე უკეთ შეაგუებს ცხოვრებას, მართებულია ისიც, რომ თუკი განვითარების სურვილს ახლავს ძალუმი აზროვნებისადმი შიში, აგრეთვე ყოველგვარი მეოცნებეობა ამ სფეროში, ხელი შეეწყობა მხოლოდ ფანტაზიორობას და ცხოვრებისადმი არასწორ მიდგომას. ხოლო ვინც მიელტვის უმაღლეს შემეცნებას ყოველივე აქ თქმულის დაცვით, მას არაფრის არ უნდა ეშინოდეს; მაგრამ ეს ლტოლვა დასაშვებია მხოლოდ ზემოხსენებული პირობის დაცვით. ეს პირობა ეხება მხოლოდ ადამიანის სამშვინველსა და სულს; აბსურდული იქნებოდა საუბარი სხეულებრივ ჯანმრთელობაზე რაიმე მავნე ზეგავლენების შესახებ, როდესაც ეს პირობა დაცულია.

უსაფუძვლო ურწმუნოება მავნებელია ყველა შემთხვევაში, ვინაიდან მიმღებ ადამიანში იგი მოქმედებს როგორც უკუგდების ძალა. იგი ხელს უშლის მას განაყოფიერებული აზრების მიღებაში. უმაღლეს გრძნობათა გახსნას ესაჭიროება არა ბრმა რწმენა, არამედ მიღება სულისმეტყველების აზროვნებითი სამყაროსი. სულის მეცნიერი შემდეგ მოთხოვნას უყენებს მოწაფეს: შენ ნუკი დაიჯერებ ჩემს ნათქვამს, არამედ გაიაზრე ყოველივე ეს, აქციე შენი საკუთარი აზროვნებითი სამყაროს შინაარსად და მაშინ ჩემი აზრები უკვე თავად - იმოქმედებენ შენში იმგვარად, რომ შენ შეიმეცნებ მათ თავიანთ ჭეშმარიტებაში. ასეთია სულისმეტყველის განწყობილება. იგი იძლევა ბიძგს; რაც შეეხება ძალას ჭეშმარიტების შემეცნებისას, იგი აღმოცენდება მიმღები ადამიანის შინაგანი არსებიდან. ამგვარადვე უნდა ვეძებოთ სულიერ-მეცნიერული თვალსაზრისები. ის, ვინც მტკიცედ გადაწყვიტა მათი ღრმად გააზრება, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ადრე თუ გვიან ისინი მიიყვანენ მას საკუთარ ჭვრეტამდის.

ზემოთქმულში უკვე იგულისხმება პირველი თვისება, რომელიც უნდა განავითაროს თავის თავში იმან, ვისაც სურს თავად სჭვრეტდეს ზენა ფაქტებს. ეს არის მიზანმიმართული, მიუკერძოებელი თავგადადება ყოველივე იმისთვის, რასაც ავლენს ადამიანის ცხოვრება ან ადამიანის გარეშე არსებული სამყარო. ის, ვინც სამყაროს რომელიმე ფაქტს განიხილავს ისეთი მსჯელობით, რომელიც აღებულია მისი წარსულიდან, ამგვარი მსჯელობით იკეტება საკუთარ თავში და ემიჯნება იმ მშვიდ, მრავალმხრივ გავლენას, რომელსაც მოახდენდა მასზე ეს ფაქტი. მოწაფე მუდამ მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ გადაიქცეს სრულიად დაცლილ ჭურჭლად, რომელშიაც იღვრება აქამდე უცხო, არნახული სამყარო. შემეცნების წუთები ისეთი წუთებია, როდესაც სდუმს ჩვენგან მომდინარე ყოველგვარი განსჯა, ყოველგვარი კრიტიკა. მაგალითად, როდესაც ვხვდებით ადამიანს, მთავარი ის როდია, ჩვენ უფრო ბრძენი ვართ მასზე თუ ის ჩვენზე. სრულიად უგუნურმა ბავშვმაც კი შეიძლება გაუხსნას რაღაც ბრძენთა შორის უდიდესს. და თუ ეს უკანასკნელი თავისი ბრძნული მსჯელობით დაუპირისპირდება ბავშვს, მაშინ მისი სიბრძნე ზრქელ მინასავით აღიმართება ყოველივე იმის წინაშე, რაც უნდა გაუხსნას ბავშვმა *). უცხო სამყაროს გამოცხადებათა მისაღებად აუცილებელია სრული შინაგანი თვითდათმობა. და როდესაც ადამიანი გამოიძიებს, თუ რამხელაა მასში ეს თვითდათმობის უნარი, იგი გასაოცარ აღმოჩენებს მოახდენს საკუთარ თავში. ვისაც სურს დაადგეს უმაღლესი შემეცნების გზას, მან უნდა ივარჯიშოს, რათა ყოველ წუთს შესძლოს გამოთიშვა საკუთარი თავისა მთელი თავისი აზრობრივი მიკერძოებებითურთ. და ვიდრე იგი თიშავს თავის თავს, მასში შემოდის სხვა რამ. მხოლოდ ამგვარი თვითდათმობის მაღალ საფეხურზე ძალგვიძს მივეახლოთ უზენაესი სულიერი ფაქტების ჭვრეტას, რომელნიც ყოველი მხრიდან ერტყმიან ადამიანს. შესაძლოა ცნობიერად აღვზარდოთ ჩვენში ეს უნარი. მაგალითად, უნდა ვეცადოთ თავი შევიკავოთ ჩვენს გარემომცველ ადამიანებზე ყოველგვარი მსჯელობისაგან; უნდა მოვსპოთ საზომი სიმპათიური და ანტიპათიურისა, სულელურის და ჭკვიანურისა, რომლითაც ვზომავდით სხვებს; და უნდა ვეცადოთ გავუგოთ ადამიანებს ამ საზომის გარეშე, მათგანვე გამომდინარე. საუკეთესო ვარჯიშების ჩატარება შეიძლება იმ ადამიანებზე, რომელთა მიმართაც ზიზღს განვიცდით. უნდა ვეცადოთ ძალით დავთრგუნოთ ეს ზიზღი და მიუკერძოებლად დავუთმოთ ჩვენი თავი ყოველივე იმის ზეგავლენას, რასაც ისინი სჩადიან. ან თუ ვიმყოფებით ისეთ გარემოცვაში, რომელიც იწვევს ამა თუ იმ მსჯელობას, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ მსჯელობისაგან და მიუკერძოებლად მივიღოთ შთაბეჭდილებები *). უმჯობესია ნება მივცეთ საგნებს და მოვლენებს უფრო მეტი ილაპარაკონ საკუთარი თავის შესახებ, ვიდრე ჩვენ ვილაპარაკოთ მათზე. ამასთან უნდა განვავრცოთ ეს ყოველივე ჩვენს აზროვნებით სამყაროზე. ჩვენს თავში უნდა დავთრგუნოთ ის, რაც წარმოჰქმნის ამა თუ იმ აზრს და საშუალება მივცეთ გარესამყაროში არსებულს, წარმოქმნას აზრები ჩვენში. — ამგვარ ვარჯიშებს მხოლოდ მაშინ მიჰყავთ ადამიანი შემეცნების უმაღლეს მიზანთან, როდესაც იგი ახორციელებს მათ საღვთო სერიოზულობით და გულმოდგინეობით. ვინც ამგვარ ვარჯიშებს უმნიშვნელოდ სთვლის, მან არაფერი იცის მათი ღირებულების შესახებ; ხოლო გამოცდილების მქონემ ამ ამბებში უწყის, რომ თვითდათმობა და მიუკერძოებლობა ძალის ნამდვილი წყაროებია. ისევე, როგორც ორთქლის ქვაბში შეგროვილი სითბო გარდაიქმნება ლოკომოტივის მამოძრავებელ ძალად, ასევე სულიერი თავგადადებით შესრულებული ვარჯიშები გარდაიქმნებიან ადამიანში სულიერ სამყაროთა ხედვის ძალად.

ამ ვარჯიშის მეოხებით ადამიანი ითვისებს ყოველივე იმის აღქმის უნარს, რაც მას გარს ერტყმის. მაგრამ აღქმის ამ უნარს უნდა დაემატოს სწორი შეფასებაც. ვიდრე ადამიანი აჭარბებს საკუთარი თავის შეფასებაში გარემომცველი სამყაროს ხარჯზე, იგი იღობავს უმაღლესი შემეცნებისაკენ მიმავალ გზას. ვინც ყოველ საგანს, გარესამყაროს ყოველ მოვლენას განიხილავს იმ სიხარულისა თუ მწუხარების თვალსაზრისით, რომელსაც ეს მოვლენები ან საგნები უმზადებენ მას, ამგვარი დამოკიდებულების წყალობით იგი ტყვეა თავისივე მიკერძოებისა. ვინაიდან თავისი სიხარულიდან და თავისი მწუხარებიდან იგი საგნების შესახებ კი არ გებულობს რაიმეს, არამედ მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ. როდესაც მე ვგრძნობ ადამიანისადმი სიმპათიას, მაშინ, უწინარეს ყოვლისა, მე ვგრძნობ მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებას მასთან. თუ ჩემს მსჯელობაში, ჩემს დამოკიდებულებაში მე მხოლოდ ამ სიხარულის, ამ სიმპათიის გრძნობაზე ვარ დამოკიდებული, მაშინ ამით წინა პლანზე გამომყავს ჩემი პიროვნული ბუნება; ამ უკანასკნელს თავს ვახვევ სამყაროს. მე მსურს ჩავერთო სამყაროში ისეთად, როგორიც ვარ, არ მსურს მივიღო სამყარო მიკერძოების გარეშე, ვაცხოვრო იგი ჩემში მასში მოქმედი ძალების შესაბამისად. სხვაგვარად რომ ვსთქვათ, მე შემწყნარებლობას ვიჩენ მხოლოდ იმის მიმართ, რაც შეესაბამება ჩემს პიროვნულ ბუნებას. ყოველივე დანარჩენისადმი მე ვამჟღავნებ უკუგდების ძალას. ვიდრე ადამიანი გრძნობადი სამყაროს ტყვეა, იგი განსაკუთრებული შეურიგებლობით უკუაგდებს ყოველივე არაგრძნობად გავლენებს. მოწაფემ უნდა განავითაროს თავის თავში შემდეგი თვისება: იგი უნდა ეპყრობოდეს ადამიანებსა და საგნებს მათი თავისებურების მიხედვით და ამოქმედოს ყოველი მათგანი თავისი ღირებულების, თავისი მნიშვნელობის მიხედვით. სიმპათიამ და ანტიპათიამ, სიხარულმა და მწუხარებამ უნდა შეიძინონ სრულიად ახალი როლები: ეს სრულებითაც არ ჰგულისხმობს იმას, თითქოს ადამიანმა უნდა აღმოფხვრას ისინი თავის თავში, გახდეს ყრუ სიმპათიისა და ანტიპათიის მიმართ. პირიქით, მან უნდა განავითაროს თავის თავში იმის უნარი, რომ მაშინვე არ უპასუხოს მსჯელობით ან ქცევით ყოველგვარ სიმპათიას და ანტიპათიას. ამით იგი განავითარებს თავის თავში კიდევ უფრო ფაქიზ მგრძნობელობას. ადამიანი გებულობს, რომ მასში იღვიძებენ სიმპათიებისა და ანტიპათიების უმაღლესი სახეობანი. ეს ხდება მაშინ, როდესაც იგი ალაგმავს იმ სიმპათიებს და ანტიპათიებს, რომელნიც უკვე არიან მასში. ყველაზე უფრო არასიმპათიური საგანი ატარებს თავის თავში დაფარულ თვისებებს; იგი გაამჟღავნებს ამ თვისებებს, თუ ადამიანი მასთან დამოკიდებულებაში არ აჰყვება თავკერძა გრძნობებს. ვისაც უმუშავია საკუთარ თავზე ამ მიმართულებით, იგი სხვებზე უფრო გამახვილებულად აღიქვამს ყოველივეს, ვინაიდან არ აძლევს თავს გრძნობიერად გაუხეშების უფლებას. ყოველი მიდრეკილება, რომელსაც იგი ბრმად მისდევს, აჩლუნგებს მის მზერას, რის გამოც არ შეუძლია სწორად დაინახოს გარემომცველი საგნები. მიდრეკილებას აყოლილნი, ჩვენ თითქოსდა ვიჭრებით ჩვენს გარემოში, ნაცვლად იმისა, რომ დავუთმოთ მას ჩვენი თავი და შევიგრძნოთ იგი თავისი ღირებულებებით.

და როდესაც ყოველ სიხარულსა და მწუხარებას, ყოველ სიმპათიასა და ანტიპათიას ადამიანი აღარ გასცემს თავკერძა პასუხს, აღარ გაამჟღავნებს თავის ეგოისტურ დამოკიდებულებას, იგი დამოუკიდებელი გახდება აგრეთვე გარესამყაროს ცვალებად შთაბეჭდილებათაგანაც. როდესაც რაიმე საგანი გვანიჭებს სიხარულს, ამით ჩვენ დამოკიდებულნი ვხდებით მასზე. საგანში ადამიანი ჰკარგავს თავის თავს. ადამიანი, რომელიც ცვალებადი შთაბეჭდილებების კვალობაზე ჰკარგავს თავის თავს სიხარულსა და მწუხარებაში, ვერ ივლის უმაღლესი შემეცნების გზით. სიხარული და მწუხარება მან უნდა მიიღოს სიმშვიდით. მაშინ იგი აღარ დაჰკარგავს თავის თავს მათში; სამაგიეროდ იგი იწყებს მათ გაგებას. როდესაც მე ვეძლევი სიხარულს, ის მაშინვე შთანთქავს ჩემს ყოფას. მაგრამ მე უნდა გამოვიყენო სიხარული იმისთვის, რათა მისი მეოხებით მივიდე იმ საგნის გაგებამდე, რომელიც მახარებს. ჩემთვის აღარ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა იმას, რომ საგანი მანიჭებს მე სიხარულს. მე უნდა შევიმეცნო სიხარული და მისი მეშვეობით საგნის არსი. ჩემთვის სიხარული უნდა იყოს მხოლოდ იმის მაცნე, რომ საგანში არის თვისება, რომელსაც ძალუძს ჩვენი გახარება. მე უნდა ვისწავლო ამ თვისების შემეცნება. თუ მე მთლიანად ვეძლევი სიხარულს, მაშინ მე არაფერი მემატება; თუ სიხარული ჩემთვის არის მხოლოდ საბაბი, რათა განვიცადო რაიმე თვისება საგნისა, მაშინ ამ განცდით მე ვამდიდრებ ჩემს შინაგან არსებას. მაძიებლისთვის სიხარული და მწუხარება, შვება და ტანჯვა უნდა იქცნენ ისეთ შემთხვევებად, რომელთა მეოხებითაც იგი ღებულობს ცოდნას საგნებისაგან. ამის შედეგად მაძიებელი როდი ჩლუნგდება სიხარულისა და მწუხარების მიმართ; იგი მაღლდება მათზე, რათა მათ გაუხსნან საგანთა ბუნება. ის, ვინც ვითარდება ამ მიმართულებით, დაინახავს, თუ როგორი მასწავლებლებია სიხარული და მწუხარება. იგი შეუერთდება თითოეულ არსებას გრძნობაში და ამის მეოხებით მიიღებს გამოცხადებას მისი შინაგანისას. მაძიებელი არასოდეს ეუბნება თავის თავს: ო, როგორ ვიტანჯები, ო, რარიგ ვხარობ, არამედ მუდამ ამბობს: როგორ საუბრობს ტანჯვა, როგორ საუბრობს სიხარული. იგი სთმობს საკუთარ თავს, რათა ამოქმედოს მასზე გარესამყაროსეული შვება და სიხარული. ამის შედეგად ადამიანში ხდება სრული ცვლილება. უწინ ამა თუ იმ შთაბეჭდილებას იგი პასუხობდა ამა თუ იმ ქცევით, ვინაიდან ეს, შთაბეჭდილებანი ახარებდნენ მას ან ჰგვრიდნენ მწუხარებას. ამჯერად კი მისთვის სიხარული და მწუხარება მხოლოდ ის ორგანოები არიან, რომელთა მეოხებითაც ეს საგნები თავის ენაზე მოუთხრობენ მას თავიანთ რაობას. სიხარული და მწუხარება უბრალო შეგრძნებებიდან გადაიქცევიან იმ გრძნობათა ორგანოებად, რომელთა მეოხებითაც იგი აღიქვამს გარესამყაროს. როდესაც თვალი რაიმეს ხედავს, თავად როდი მოქმედებს, არამედ ამოქმედებს ხელს; ასევე სიხარული და მწუხარება თავად როდი მოქმედებენ სულიერად მაძიებელ ადამიანში, არამედ ღებულობენ შთაბეჭდილებებს და ის, რასაც ჩვენ ვგებულობთ სიხარულისა და მწუხარების მეშვეობით, არის მიზეზი ჩვენი ქცევისა. როდესაც ადამიანი სიხარულსა და მწუხარებას გადააქცევს მხოლოდ და მხოლოდ გამტარ ორგანოებად, მაშინ მის სამშვინველში ისინი აგებენ იმ ნამდვილ ორგანოებს, რომელთა მეშვეობითაც მას ეხსნება მშვინვიერი სამყარო. თვალს ძალუძს ემსახუროს სხეულს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არის გრძნობად შთაბეჭდილებათა გამტარი ორგანო; სიხარული და მწუხარება გადაიქცევიან სამშვინველის თვალებად, როდესაც ისინი აღარ არიან თავისთავადნი და თანდათანობით გვიხსნიან სხვის სამშვინველს.

ზემოაღნიშნულ თვისებათა მეოხებით შემეცნების გზაზე მდგომს საშუალება ეძლევა მისი პიროვნებისეული ხელისშემშლელი გავლენების გარეშე მიეცეს იმის ზემოქმედებას, რაც ჭეშმარიტად არსებობს მის გარემომცველ სამყაროში. მაგრამ მან თავის თავსაც უნდა მიუჩინოს შესაფერისი ადგილი მის გარემომცველ სულიერ სამყაროში. როგორც მოაზროვნე არსება, იგი ხომ სულიერი სამყაროს მოქალაქეა. იგი მხოლოდ მაშინ გახდება ასეთი, როდესაც მისცემს თავის აზრებს მიმართულებას, რომელიც შეესაბამება ჭეშმარიტების მარადიულ კანონებს, სულეთის კანონებს. ვინაიდან მხოლოდ ამგვარად თუ შესძლებს სულეთი ზემოქმედება მოახდინოს მასზე და გაუმხილოს თავისი სინამდვილე. ადამიანი ვერ მიაღწევს ჭეშმარიტებას, ვიდრე იგი მხოლოდ თავის „მე“-ში გამუდმებით გამდინარე აზრებს ეძლევა; ვინაიდან მაშინ ეს აზრები ღებულობენ გარკვეულ მიმართულებას და იძულებულნი არიან იდინონ ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ისინი აღმოცენებულნი არიან სხეულებრივი ბუნების ფარგლებში. უწესრიგოა და ქაოტური იმ ადამიანის აზრთა სამყარო, ვინც მისცემია მისი სხეულებრივი ტვინით განპირობებულ აზროვნებისეულ ქმედებას. აღმოცენდება ერთი აზრი, შემდეგ წყდება, მას აძევებს მეორე აზრი. მას, ვინც გამომცდელად უგდებს ყურს ორი ადამიანის საუბარს, ვინც მიუკერძოებლად აკვირდება საკუთარ თავს, შეექმნება გარკვეული წარმოდგენა ნაპერწკლებივით მოხეტიალე აზრთა ამ მასსის შესახებ. ვიდრე ადამიანი დაკავებულია მარტოოდენ გრძნობადი ცხოვრების ამოცანებით, მის აზრთა აღრეულ მიმდინარეობას გამუდმებით აძლევენ სწორ გეზს სინამდვილეში მომხდარი ფაქტები. შესაძლოა მე ვაზროვნებდე ძალზე აღრეულად. ყოველდღიურობა მაიძულებს მე ჩემს ქცევაში შევიტანო სინამდვილის შესაბამისი კანონზომიერება; ის აზროვნებითი სურათი, რომელიც გამაჩნია ქალაქთან დაკავშირებით, შესაძლოა იყოს მეტად აღრეული. თუ მე მოვისურვებ ქალაქში გავლას, მე უნდა შევეგუო არსებულ ფაქტებს. მექანიკოსი შესაძლოა შევიდეს თავის სახელოსნოში უაღრესად ქაოტური წარმოდგენებით, მაგრამ მისი მანქანების კანონები აიძულებენ მას იმოქმედოს ჯეროვნად. გრძნობადი სამყაროს ფარგლებში ფაქტებს გამუდმებით შეაქვთ თავიანთი შესწორებები აზროვნებაში. თუ მე შევიქმნი ყალბ წარმოდგენას რომელიმე ფიზიკურ მოვლენაზე ან რომელიმე მცენარის იერ-სახეზე, სინამდვილე შემეწინააღმდეგება და გამოასწორებს ჩემს აზროვნებას. მაგრამ სხვაგვარადაა საქმე, როდესაც მე განვიხილავ ჩემს დამოკიდებულებას ყოფიერების ზენა სფეროებთნ. ისინი იხსნებიან ჩემთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე შევდივარ ამ სამყაროებში უკვე მკაცრად მოწესრიგებული აზროვნებით; იქ ჩემმა აზროვნებამ უნდა მომცეს სწორი და საიმედო ბიძგი; წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ ვიპოვი შესაბამის გზებს, ვინაიდან ამ სამყაროებში მოქმედი სულიერი კანონები ჯერაც არ გამკვრივებულან, ჯერაც არ მიუღიათ ფიზიკურ-გრძნობადი სახე და ამიტომ ისინი არ ახდენენ ჩემზე ზემოხსენებულ დაწოლას. მე შემიძლია მივსდიო ამ კანონებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ენათესავებიან ჩემი, როგორც მოაზროვნე არსების, საკუთარ კანონებს. აქ მე თავად უნდა ვიყო ჩემივე თავის საიმედო წინამძღოლი. ამრიგად, შემეცნების გზაზე მდგომმა მკაცრად უნდა მოაწესრიგოს თავისი აზროვნება. მისი აზრები თანდათან უნდა გადაეჩვიონ ჩვეულებრივი, ყოველდღიური მიმართულებით დინებას. თავიანთ მიმდინარეობაში მათ უნდა მიიღონ სულიერი სამყაროს შინაგანი ხასიათი. ის გამუდმებით უნდა ადევნებდეს თვალყურს და უნდა ჰფლობდეს თავის თავს; აზრები თვითნებურად როდი უნდა მისდევდნენ ურთიერთს, არამედ ისე, როგორც ეს შეესაბამება ზუსტად აზრისმიერი სამყაროს შინაარსს. ერთი წარმოდგენიდან მეორისაკენ გადასვლა უნდა შეესაბამებოდეს აზროვნების მკაცრ კანონებს. ადამიანი, როგორც მოაზროვნე, უნდა იყოს გარკვეულწილად ანარეკლი აზროვნების ამ კანონებისა. ყოველივე ის, რაც არ მომდინარეობს ამ კანონებიდან, უნდა აკრძალოს მან თავის წარმოდგენათა მსვლელობაში. ვთქვათ, გზად შეხვდა თავისი დაჩემებული აზრი. მან უნდა უკუაგდოს იგი, თუ იგი არღვევს სწორ მიმდინარეობას. მან უნდა ჩაახშოს პიროვნული გრძნობა, თუ ეს უკანასკნელი ცდილობს ნაძალადევად მისცეს მის აზრებს ისეთი მიმართულება, რომელიც არ გამომდინარეობს მათგანვე. – პლატონი მოითხოვდა იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სურდათ მის სკოლაში შესვლა, თავდაპირველად მათემატიკური კურსის გავლას. და ჭეშმარიტად, მათემატიკა თავისი მკაცრი კანონებით, რომელნიც არ მისდევენ გრძნობად მოვლენათა ყოველდღიურ დინებას, ძლიერ კარგი შემზადებაა შემეცნების მაძიებლისათვის. თუ მას სურს წინსვლა მათემატიკაში, მან უნდა უკუაგდოს ყოველგვარი პიროვნული თვითნებობა, სხვა დაბრკოლებანი. შემეცნების მაძიებელი ემზადება თავისი ამოცანის გადასაწყვეტად იმით, რომ ის საკუთარი ნებითვე სძლევს აზროვნების ყოველგვარ თვითნებობას. ის ეჩვევა უშუალოდ აზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე ცხოვრებას. ამრიგად უნდა ისწავლოს მან გაართვას თავი ყოველგვარ აზროვნებას, რაც სულიერ შემეცნებას ემსახურება. მისი აზრისმიერი ცხოვრება თავად უნდა იქცეს მყარი მათემატიკური მსჯელობებისა და დასკვნების ანარეკლად. სადაც არ უნდა წავიდეს, სადაც არ უნდა იდგეს. ის მუდამ უნდა ცდილობდეს სწორედ ამგვარად აზროვნებას. მაშინ მასში შთაიღვრებიან სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი, რომელნიც უკვალოდ ჰქრებიან მასში, თუ მისი აზროვნება ყოველდღიურ, უწესრიგო ხასიათს ატარებს. მოწესრიგებულ აზროვნებას საიმედო ამოსავალი წერტილებიდან მიჰყავს იგი უაღრესად ფარულ ჭეშმარიტებებთან. მსგავსი მითითებები, რა თქმა უნდა არ უნდა მივიღოთ ცალმხრივად. თუმც მათემატიკა კარგი წვრთნა არის აზროვნებისთვის, მაგრამ წმინდა, ჯანსაღ და სიცოცხლით სავსე აზროვნებასთან მისვლა შესაძლოა მათემატიკის გარეშეც
შემეცნების მაძიებელი თავის ქცევებშიც უნდა მიელტვოდეს იმის მიღწევას, რასაც მიელტვის აზროვნებაში. მიუხედავად მისივე პიროვნების ხელისშემშლელი გავლენებისა, იგი უნდა მისდევდეს ღვთაებრივი მშვენიერებისა და მარადიული ჭეშმარიტების კანონებს. ამ კანონებმა მუდამ მიმართულება უნდა მისცენ მას. თუ იგი იწყებს რამის კეთებას, რაც მას მიაჩნია სწორად, და თუ ამ მოქმედების დროს არ არის დაკმაყოფილებული მისი პიროვნული გრძნობა, მხოლოდ ამის გამო მან არ უნდა დააგდოს ის გზა, რომელსაც იგი დაადგა. მაგრამ ამავე დროს იგი არ უნდა გაჰყვეს მას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ანიჭებს სიხარულს, თუკი აღმოაჩენს, რომ ეს გზა არ შეესაბამება მარადიული მშვენიერებისა და ჭეშმარიტების კანონებს. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანები თავიანთ ქცევებში ხელმძღვანელობენ იმით, რაც მათ პირადად აკმაყოფილებთ და მოუტანს ნაყოფს. ამის გამო ისინი თავს ახვევენ მსოფლიო მოვლენების მიმდინარეობას თავიანთ პიროვნულ ტენდენციას. ისინი არ აღასრულებენ სიმართლეს, რომელიც წინასწარ აღბეჭდილია სულიერი სამყაროს კანონებში; ისინი აღასრულებენ საკუთარი თვითნებობიდან გამომდინარე მოთხოვნილებებს. ისინი მოქმედებენ სულიერი სამყაროს გაგებით მხოლოდ მაშინ, როდესაც მხოლოდ ამ უკანასკნელის კანონებს მისდევენ. შემეცნების მაძიებელმა არასოდეს არ უნდა დასვას ასეთი კითხვა: რა მომიტანს მე სარგებლობას, რით მივაღწევ მე წარმატებას? არამედ მას უნდა შეეძლოს შემდეგი კითხვის დასმა: რას ვაღიარებ მე სიკეთედ? ქმედების ნაყოფზე უარის თქმა, ყოველგვარ თვითნებობაზე უარის თქმა, – აი, ის მკაცრი კანონები, რომელნიც მან უნდა დაუსახოს თავის თავს. მაშინ იგი დაადგება სულიერი სამყაროს გზას, მაშინ მთელი მისი არსება განიმსჭვალება ამ კანონებით. იგი თავისუფლდება გრძნობადი სამყაროს ყოველგვარი დაწოლისაგან: მისი სული-ადამიანი აღზევდება გრძნობად გარსზე. ამრიგად შედის იგი განვითარებაში, რომელიც სულიერისაკენაა მიმართული; ამრიგად ასულიერებს იგი თავის თავს. არ შეიძლება თქმა: „რა სარგებლობა მოაქვს ჩემთვის ჭეშმარიტების კანონთა დაცვას, იქნებ მე ვცდები ამ ჭეშმარიტებასთან მიმართებაში?“ ამჯერად მთავარია ლტოლვა, მთავარია განწყობა აზრისა. თვით შეცდომილსაც ჭეშმარიტებისკენ ლტოლვაში გააჩნია ძალა, რომელიც იხსნის მას არასწორი გზისაგან. თუ ის ცდომილებაში აღმოჩნდება, ეს ძალა დაეუფლება მას და გამოიყვანს ჭეშმარიტ გზაზე. ასე რომ, გამოთქმა „მე ხომ შესაძლოა შევცდე“, უკვე წარმოადგენს ხელისშემშლელ ურწმუნოებას. იგი გვიჩვენებს, რომ ასეთ ადამიანს არ გააჩნია არავითარი ნდობა ჭეშმარიტების ძალისადმი. საქმე ხომ ისაა, რომ მან დაისახოს არა თავკერძა მიზნები, არამედ უანგაროდ დასთმოს თავი და ნება დართოს სულს, რათა წარუმართოს მას გზა. ადამიანის თავკერძა ნებამ კი არ უნდა მისცეს ჭეშმარიტებას მითითებები, არამედ თავად ეს ჭეშმარიტება უნდა გახდეს მეუფე ადამიანისა, მან უნდა განმსჭვალოს მთელი მისი არსება და გადააქციოს იგი სულეთის მარადიული კანონების ანარეკლად. იგი უნდა აღივსოს ამ მარადიული კანონებით, რათა შთაღაროს ისინი ცხოვრებაში. შემეცნების მაძიებელმა მკაცრად უნდა ადევნოს თვალყური არამარტო თავის აზროვნებას, არამედ ნებასაც. ამის მეოხებით ცხოვრებაში იგი გადაიქცევა მთელი თავმდაბლობით — მოკლებული ყოველგვარ ამპარტავნებას – ჭეშმარიტებისა და მშვენიერების სამყაროს მაცნედ. ამითვე აღზევდება იგი სულიერი სამყაროს მოქალაქეობამდე. ამის მეოხებით იგი გადადის განვითარების ერთი საფეხურიდან მეორეზე, ვინაიდან შეუძლებელია სულიერი ცხოვრების მიღწევა მარტოოდენ ჭვრეტით. მას უნდა მივაღწიოთ სულიერი ცხოვრების განცდითაც.

თუკი შემეცნების მაძიებელი იცავს ამ ზემოთაღწერილ კანონებს, მისი მშვინვიერი განცდები მიიღებენ სრულიად ახლებურ სახეს. იგი აღარ იცხოვრებს ამ განცდებში. მათ აღარ ექნებათ მნიშვნელობა მარტოოდენ მისი პირადი ცხოვრებისათვის. ისინი განვითარდებიან და გადაიქცევიან ზენა სამყაროს მშვინვიერ აღქმებად. სიხარულისა და მწუხარების შეგრძნებები, შვება და ტანჯვა გადაიქცევიან მის სამშვინველში მშვინვიერ ორგანოებად, ზუსტად ისევე, როგორც მის სხეულში თვალებსა და ყურებს აქვთ არამარტო თავიანთი საკუთარი ცხოვრება, არამედ ისინი წარმოადგენენ გარეგანი შთაბეჭდილებების უანგარო გამტარებსაც. და ამის მეოხებით შემეცნების მაძიებლის მშვინვიერ განწყობილებაში მკვიდრდება სიმშვიდე და რწმენა, სულიერი სამყაროს კვლევისთვის მეტად საჭირო. დიდი სიხარული უკვე აღარ აღიტაცებს მას, არამედ იქნება მისთვის სამყაროს ისეთი თვისებების მაცნე, რომელთაც იგი არ იცნობდა მანამდის. იგი ვეღარ წაართმევს მას სიმშვიდეს; ასე რომ, სიმშვიდის მეოხებით მისთვის გაიხსნება იმ არსებათა თავისებურებანი, რომელთაც მოაქვთ ეს სიხარული. მწუხარება უკვე აღარ აღავსებს მას ვაებით, არამედ მოუთხრობს, თუ რა თვისებები აქვს მწუხარების მომტან არსებას. ისევე, როგორც თვალს არაფერი სურს თავისთვის, არამედ მხოლოდ მიუთითებს ადამიანს გზის მიმართულებას, რომლითაც მან უნდა იაროს, ზუსტად ასევე სიხარული და მწუხარება წაიყვანენ სამშვინველს სწორი გზით. სწორედ ეს არის მშვინვიერი წონასწორობის მდგომარეობა, რომელთანაც უნდა მივიდეს შემეცნების მაძიებელი. რაც უფრო ნაკლები სიხარული და მწუხარება დაიხარჯება იმ ტალღებში, რომელთაც ისინი აღძრავენ შემეცნების მაძიებლის შინაგან ცხოვრებაში, მით უფრო მეტი წარმატებით ჩამოქნიან ისინი მხედველობის ორგანოებს ზეგრძნობადი სამყაროსათვის. ვიდრე ადამიანი სიხარულსა და მწუხარებაში ცხოვრობს, იგი ვერ შეიმეცნებს მათი მეოხებით. როდესაც მათი მეოხებით იგი სწავლობს ცხოვრებას, როდესაც მათგან ათავისუფლებს საკუთარ თვითშეგრძნებას, მაშინ ისინი გადაიქცევიან აღქმის ორგანოებად, მაშინ იგი ხედავს და შეიმეცნებს მათი მეშვეობით. არასწორია იმის ფიქრი, თითქოს შემეცნების მაძიებელი გადაიქცევა მშრალ, უგრძნობ ადამიანად, რომელიც ვერ განიცდის სიხარულსა და მწუხარებას. სიხარული და მწუხარება მკვიდრობენ მასში, მხოლოდ გარდაქმნილი სახით; ისინი გადაიქცნენ მის „თვალებად“ და „ყურებად“ *) .

ვიდრე ადამიანი პიროვნულად ცხოვრობს სამყაროში, საგნები მას უხსნიან მხოლოდ იმას, რაც მის პიროვნებასთანა დაკავშირებული. მაგრამ ეს წარმავალი რამ არის ადამიანში. თუ ჩვენ განვეშორებით ჩვენსავე წარმავალს და საკუთარი თვითშეგრძნებით ჩვენს „მე“-სთან ერთად ვმკვიდრდებით წარუვალში, მაშინ ჩვენი წარმავალი ნაწილები გადაიქცევიან შუამავლებად; და ის, რაც გვეხსნება მათი მეშვეობით, არის წარუვალი და მარადიული რამ ყოველ საგანში. შემეცნების მაძიებელმა უნდა დაადგინოს მიმართება მასში დავანებულ მარადიულსა და საგნებში არსებულ მარადიულს შორის, ვიდრე იგი დაიწყებდეს სხვა, ზემოაღნიშნულის მსგავს ვარჯიშებს; ამ ვარჯიშის დროსაც მან უნდა მიაპყროს თავისი გონება ამ წარუვალს. როდესაც მე ვაკვირდები ქვას, მცენარეს, ცხოველს, ადამიანს, მე უნდა მახსოვდეს, რომ ყოველ მათგანში ვლინდება მარადიული. მე უნდა შევეკითხო ჩემს თავს, რა მკვიდრობს როგორც წარუვალი წარმავალ ქვაში, წარმავალ ადამიანში? რა დარჩება წარმავალი გრძნობადი მოვლენიდან? არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს სულის ამგვარი მიპყრობა მარადიულისკენ ანადგურებს ჩვენში გულდასმით დაკვირვების უნარს, ყოველდღიურობის თვისებათა წვდომას და გვაუცხოვებს უშუალო სინამდვილისაგან. პირიქით, ყოველი ფოთოლი, ყოველი მწერი გაგვიხსნის აურაცხელ საიდუმლოებას, თუ მათ მივაპყრობთ არა მხოლოდ თვალს, არამედ თვალის მეშვეობით სულსაც. ყოველი გაელვება, ყოველი შეფერილობა, ყოველი ხმა შეინარჩუნებს სიცოცხლეს ჩვენი შეგრძნებებისა და აღქმისათვის; არაფერი არ დაიკარგება; მხოლოდ ყოველივე ამას დაემატება უსაზღვრო ახალი ცხოვრება და ვისაც არ ძალუძს თვალით დაკვირვება თვით ყველაზე უმნიშვნელო მოვლენისა, იგი მივა მხოლოდ უსიცოცხლო აზრებთან და არა სულიერ ჭვრეტასთან. — ყოველივე დამოკიდებულია აზრის წყობაზე, რომელსაც ჩვენ ამ მხრივ მოვიპოვებთ. თუ რაოდენ შორს წავალთ ჩვენ ამ გზაზე, ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს უნარზე. ჩვენზეა მხოლოდ სწორი მოქმედება, დანარჩენი კი უნდა მივანდოთ სამყაროს განვითარებას. თავდაპირველად საკმარისი იქნება ჩვენი გრძნობების მიმართვა წარუვალისკენ. თუკი მოვიმოქმედებთ ამას, სწორედ მისი მეოხებით გაგვეხსნება გზა წარუვალის შემეცნებისაკენ. ჩვენ მოგვიწევს ცდა, ვიდრე არ მოგვემადლება ეს. თავის დროზე კი იგი მიემადლება ყველას, ვინც მოთმინებით მოელის და მუშაობს. ამგვარი ვარჯიშების შესრულებისას ადამიანი მალე შეამჩნევს, თუ რაოდენ დიდი ცვლილება ხდება მასში. იგი სწავლობს საგნის მეტ-ნაკლები მნიშვნელობის განსაზღვრას იმისდა მიხედვით, რამდენადაც შეიმეცნა მან ამ საგნის მიმართება წარუვალთან, მარადისობასთან. იგი მიდის სამყაროს სხვაგვარ შეფასებასთან და სამყაროს წინაშე სხვაგვარ მოწიწებასთან, ვიდრე ეს გააჩნდა მანამდის. მისი გრძნობა სრულიად სხვაგვარ მიმართებას იძენს გარემომცველ სამყაროსთან. წარმავლობა უწინდელივით აღარ იზიდავს მას, როგორც თავისთავადი რამ. წარმავლობა გადაიქცევა მისთვის მარადიულის ნაწილად და სიმბოლოდ და იგი სწავლობს იმ მარადიულის სიყვარულს, რომელიც მკვიდრობს ყველა საგანში. მარადისობა ხდება მისთვის ახლობელი, ისევე როგორც უწინ მისთვის მახლობელი იყო წარმავლობა. მაგრამ ამის მეოხებით იგი როდი გაუცხოვდება ცხოვრებისგან, არამედ მხოლოდ სწავლობს ყოველი საგნის შეფასებას მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობის მიხედვით. თვით ცხოვრებისეული ამაო წვრილმანიც კი არ ჩაივლის მისთვის უკვალოდ. მხოლოდ ეგაა, რომ სულიერის ძიებისას ადამიანი თავს კი აღარ დაჰკარგავს მასში, არამედ შეიმეცნებს მას თავის შეზღუდულ ღირებულებაში. იგი ხედავს მას ჭეშმარიტების სინათლეში. ის, ვისაც მოუსურვებია მარტოოდენ ღრუბლებში ფრენა, ვერასოდეს გახდება კარგი შემმეცნებელი. ის, ვინც ჭეშმარიტად იმეცნებს სამყაროს ნათელი თვალსაწიერისა და ყველაფრის სწორი შეგრძნების მეოხებით, თავისი მწვერვალის სიმაღლიდან შესძლებს ადგილი მიუჩინოს ყველა საგანს.

ამრიგად, შემეცნების მაძიებლისთვის იხსნება შესაძლებლობა, აღარ მისდიოს გარეგანი გრძნობადი სამყაროს გაურკვეველ ზეგავლენებს, რომელიც მიმართავენ მის სურვილს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. შეკრების მეოხებით მან იხილა საგანთა მარადიული არსი. საკუთარი შინაგანი სამყაროს გარდაქმნის მეოხებით მასში აღმოცენდება უნარი ამ მარადიული არსის აღქმისა. შემეცნებელი ადამიანისათვის შემდეგ აზრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ამჯერად, როდესაც იგი მოქმედებს თავისი თავიდან გამომდინარე, მას შეგნებული აქვს ისიც, რომ მოქმედებს ამავე დროს საგანთა მარადიული არსიდან გამომდინარე. ვინაიდან თავად საგნები ცხადდებიან მასში თავიანთი არსით. ამრიგად, როდესაც მასში დამკვიდრებული მარადიულიდან გამომდინარე იგი აძლევს მიმართულებას მთელს თავის მოღვაწეობას, იგი მოქმედებს სამყაროს მარადიული წესრიგის მიხედვით. ამის მეოხებით მას უკვე აღარ მართავენ საგნები. იგი თავად მართავს საგნებს იმ კანონების მიხედვით, რომელნიც თავად ამ საგნებშია და რომელნიც გადაიქცნენ მისი საკუთარი არსების კანონებად. — ეს შიგნიდან მომდინარე ქმედება შესაძლოა იყოს მხოლოდ იდეალი, რომლისაკენაც უნდა მიილტვოდეს ადამიანი. მიზანი მეტად შორეულია. მაგრამ შემეცნების მაძიებელში უნდა იყოს სურვილი, ნათლად დაინახოს ეს გზა. ეს არის მისი ნება თავისუფლებისადმი. ვინაიდან თავისუფლება არის მოქმედება საკუთარი თავიდან გამომდინარე. ასე რომ, საკუთარი თავიდან მოქმედება უნდა გაბედოს მხოლოდ იმან, ვინც სამოქმედო იმპულსებს ღებულობს მარადისობიდან. ის, ვინც ამგვარად არ იქცევა, მისდევს იმპულსებს, რომელნიც განსხვავდებიან საგნებში ჩადებული იმპულსებისაგან. ასეთი ადამიანი უჯანყდება მსოფლიო განწესებას.ასეთ შემთხვევაში კი ამ უკანასკნელმა უნდა დაამარცხოს იგი, ე. ი. ვერ აღსრულდება ის, რასაც იგი განიზრახავს თავისი ნებით. იგი ვერ გახდება თავისუფალი. ცალკეული არსების თვითნებობა ანადგურებს საკუთარ თავს თავისივე ქცევათა შედეგებით.

* * *
ის, ვინც ამრიგად განაწყობს თავის შინაგან ცხოვრებას, მიჰყვება სულიერი შემეცნების აღმავალი გზის საფეხურებს. მისი ვარჯიშების ნაყოფი იქნება ის, რომ მისი სულიერი, აღქმისათვის საცნაურნი გახდებიან ზეგრძნობადი სამყაროს გარკვეული გამონათებები. იგი სწავლობს იმ ჭეშმარიტებათა გაგებას, რომელნიც ამ სამყაროს ეხება; და ის თავისი გამოცდილების მეოხებით მიიღებს კიდეც მათგან დადასტურებას. როდესაც ეს საფეხური მიღწეულია, მაშინ მას უახლოვდება ისეთი რამ, რაც შეიძლება განცდილ იქნეს მხოლოდ ამ გზაზე. იმ წესის და რიგის მიხედვით, რომლის მნიშვნელობაც მხოლოდ ახლა გაცხადდება მისთვის, იგი ღებულობს ეგრეთწოდებულ ხელდასხმას (ინიციაციას) „ადამიანთა მოდგმის წინამძღოლ, დიად სულიერ ხელმწიფებათაგან“. იგი ხდება „სიბრძნის მოწაფე“. რაც უფრო ნაკლებად დაინახავენ ამგვარ ხელდასხმაში ისეთ რასმე, რაც მდგომარეობს ადამიანთა გარეგნულ ურთიერთობებში, მით უფრო სწორ წარმოდგენას შეიქმნიან მასზე. აქ შესაძლოა მხოლოდ გაკვრით მივუთითოთ, თუ რას განიცდის ამ დროს შემმეცნებელი. იგი ჰპოვებს ახალ სამშობლოს. იგი ხდება შეგნებული მკვიდრი ზეგრძნობადი სამყაროსი. ამიერიდან სიბრძნის წყარო მოედინება მისთვის ზენა სფეროებიდან. ამჟამად შემეცნების ნათელი აღარ უნათებს მას გარედან, არამედ იგი თავად იმყოფება ამ ნათლის წყაროში. იმ გამოცანებს, რომელთაც იძლევა სამყარო, მისთვის სრულიად ახლებურად ეფინებათ ნათელი. ამიერიდან იგი აღარ ესაუბრება სულის მიერ შექმნილ საგნებს, არამედ ესაუბრება თავად ამ შემოქმედ სულს. სულიერი შემეცნების წუთებში პიროვნების საკუთარი ცხოვრება შენარჩუნებულია მხოლოდ იმიტომ, რომ გადაიქცეს მარადისობის ცნობიერ სიმბოლოდ. ეჭვები, უწინ კიდევ რომ კრთებოდნენ ხოლმე მასში, ახლა ჰქრებიან, ვინაიდან ეჭვი შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ მას, ვინც საგნებს ისევ შეჰყავთ შეცდომაში, მათში არსებულ სულთან დაკავშირებით. ხოლო რამდენადაც „სიბრძნის მოწაფეს“ ძალუძს საუბარი თავად სულთან, მის წინაშე ჰქრება აგრეთვე ყოველგვარი მცდარი სახე, როგორადაც უწინ წარმოედგინა მას სული. ის მცდარი სახე, როგორითაც წარმოიდგენენ ხოლმე სულს, ცრუმორწმუნეობაა მხოლოდ. ხელდასხმული ცრუმორწმუნეობაზე მაღლა დგას, ვინაიდან მან იცის, როგორია სულის ჭეშმარიტი სახე. თავისუფლება ყოველგვარი ეჭვისაგან და ცრუმორწმუნეობისაგან — აი, იმ ადამიანის ნიშანთვისება, რომელმაც შემეცნების გზაზე მიაღწია მოწაფეობას. თუმც უნდა გვახსოვდეს, რომ სულ სხვაა პიროვნების ეს ერთიანობა სულის ყოვლისმომცველ ცხოვრებასთან და სხვაა პიროვნების გაქრობა „საყოველთაო სულში“. ამგვარ „გაქრობას“ არა აქვს ადგილი პიროვნების ჭეშმარიტი განვითარებისას. ეს უკანასკნელი შენარჩუნებული იქნება აგრეთვე იმ მიმართებაში, რომელიც მას სულეთთან გააჩნია. ასე რომ, აქ პიროვნების დაძლევასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მის ჩამოყალიბებასთან უმაღლესი გაგებით. თუკი გვსურს მოვძებნოთ მაგალითი ცალკეული სულის შერწყმისა საყოველთაო სულთან, როდი უნდა ავიღოთ, თუნდაც, რამდენიმე წრე და მოვათავსოთ ერთ წრეში ისე, რომ ყველა მათგანი გაჰქრეს მასში; არამედ უნდა წარმოვიდგინოთ მრავალი წრე, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი შეფერილობა გააჩნია. ეს სხვადასხვაფერი წრეები თანხვდებიან ურთიერთს, მაგრამ თითოეული მათგანის შეფერილობა მთლიანობაშიც ინარჩუნებს თავის საკუთარ არსს. არც ერთი მათგანი არ ჰკარგავს სავსებას საკუთარი ძალისას.

შემდგომი აღწერა გზისა აქ აღარ იქნება გადმოცემული. რამდენადაც შესაძლებელია იგი აღწერილია ჩემს „იდუმალთმეტყველებაში“, რომელიც წარმოადგენს გაგრძელებას ამ წიგნისას. 
ყოველივე ზემოთქმულში სულიერი შემეცნების გზის შესახებ დიდია ცდუნება, მცდარი გაგების შედეგად დაინახონ რჩევა ისეთი სულიერი განწყობილებებისკენ სწრაფვისა, რომელთაც მოსდევს ყოფიერების ხალისიანი, ქმედითი განცდის უკუგდება. ამის უარსაყოფად უნდა ითქვას, რომ სამშვინველის ის განწყობილება, რომელიც მას შეაძლებინებს სულის სინამდვილის უშუალო განცდას, არ უნდა იქნას განვრცობილი მთელს ცხოვრებაზე, როგორც ზოგადი მოთხოვნა. სულიერი ყოფიერების მკვლევარმა შესაძლოა მიაღწიოს იმას, რომ ამ კვლევისათვის სამშვინველმა გარკვეული გაგებით დასთმოს გრძნობადი სინამდვილე. მაგრამ ამ დათმობამ იგი არ უნდა გააუცხოვოს ცხოვრებისადმი. — მეორეს მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ სულიერი სამყაროს შემეცნება არამარტო ამ გზაზე შედგომით, არამედ ცრურწმენებისგან თავისუფალი, ჯანსაღი კაცებრივი განსჯის მიერ სულიერ-მეცნიერულ ჭეშმარიტებათა წვდომითაც, ადამიანს გზას უხსნის უფრო მაღალზნეობრივი ცხოვრებისაკენ, გრძნობადი ყოფიერების ჭეშმარიტი შემეცნებისაკენ, ცხოვრებისეული სიმტკიცისაკენ და შინაგანი მშვინვიერი სიჯანსაღისაკენ.

შენიშვნები:

*) აქედან ცხადია, რომ „პირდაპირი თავგადადების“ მოთხოვნისას საქმე საკუთარი მსჯელობის გამოთიშვაში ან ბრმად რწმენაში როდია; ბავშვის მიმართ ამას ხომ არც ექნებოდა არავითარი აზრი.

*) ამ მიუკერძოებელ მიდგომას არაფერი აქვს საერთო „ბრმა რწმენასთან“. საქმე ბრმა რწმენაში როდია, არამედ იმაში, რომ ცოცხალი შთაბეჭდილების ადგილას არ დავსვათ „ბრმა მსჯელობა“.

*) აქვე შდრ. რუსთველისეული დახასიათება ბრძენისა: (რედაქტორის შენიშვნა))
ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,
არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა–ზედი;
ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,
სხვაგან არი, სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი.