ავტორი: იოანე შენგელია

[მოგესალმებით მეგობრებო და დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ წინამდებარე ინფორმაციის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს, ანუ არ არის აუცილებელი დაბადების ზუსტი დროის ცოდნა იმისთვის, რომ გაარკვიოთ როდის აქვს ტრანზიტულ იუპიტერს ასპექტები თქვენს ნათალურ მზესთან.]

რამხელა სათაურია.. ჰმ.. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის, ვისაც ასტროლოგიასთან ღრმა შეხება არ გქონიათ, სათაურში ნათქვამი მრავალი სიტყვა გაუგებარია. კეთილი, განვმარტავ.

არსებობს პირადი (ნათალური) რუქა, რომელიც აიგება ადამიანის დაბადების მომენტში, და რომელიც საუბრობს ადამიანის ზოგად პოტენციალებზე, მისი ცხოვრების, მისი შინაგანი და გარეგანი სამყაროების ზოგად ფონზე. მაგრამ პირადი რუქა მხოლოდ დაუმუშავებელი ბრილიანტია, რომელიც მუშავდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ანუ ადამიანი თავის პოტენციალებს რეალიზებას უკეთებს სხვა და სხვა სფეროებში.

საქმე ის არის, რომ ასტროლოგიას შეუძლია ისაუბროს არა მარტო ადამიანში ჩადებულ პოტენციალებსა და ცხოვრების ზოგად ფონზე, არამედ ისაუბროს ცხოვრებაში კონკრეტულ თარიღებზეც, როდესაც "ესა და ეს" არის მოსალოდნელი, როდესაც ადამიანს კოსმოსი გამოცდას უწყობს, ან ჩუქნის რაიმეს და ა.შ. კონკრეტულ თარიღებზე საუბარი, როდესაც ხდება ადამიანის ამა თუ იმ პოტენციალის რეალიზება - ანუ "ბრილიანტის დამუშავება" - დაკავშირებულია პროგნოზირებასთან.

პროგნოზირების რამდენიმე მეთოდი არსებობს, და ერთ - ერთი მათგანია ტრანზიტული. მოდი მე არ მოვყვები ზუსტად ეს რა პროცესია (ეს უბრალოდ პლანეტების მოძრაობაა ცის კაბადონზე), მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ტრანზიტული რუქა ურთიერთქმედებს რა ნათალურ რუქასთან, ააქტიურებს ამა თუ იმ პოტენციალს, რომელიც ადამიანს იმთავითვე აქვს ნათალურ რუქაში განსაზღვრული.

ასე მაგალითად, ტრანზიტული იუპიტერი შეიძლება ასპექტებს ქმნიდეს ნათალურ მზესთან, ამით კი ააქტიურებს ადამიანის ნათალურ მზეს სხვა და სხვა სახით. ასპექტებს რაც შეეხება, ეს თავისებური გეომეტრიული პარამეტრია, რომელიც კუთხეებით იზომება, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მთავარი ის არის, რომ პლანეტები მოძრაობენ, და ერთ - ერთი პლანეტა არის იუპიტერი, რომელიც დაახლოებით 12 წელი უნდება თავის ორბიტაზე შემოვლას, და შესაბამისად ყოველ 12 წელიწადში ის ნათალურ მზესთან სხვა და სხვა ასპექტებს ქმნის.

რას შეიძლება ეს იწვევდეს? ცხადია, მექანიზმი მარტივია: იუპიტერს თავისი ფუნქციები აქვს და მზეს თავისი, ასევე ასპექტებსაც თავისი ფუნქციები აქვთ. რას მივიღებთ ყოველივე ამის ნაერთით? ცხოვრების რომელიმე კონკრეტული სფეროების რაღაცნაირ გააქტიურებას, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისთვის სასიკეთოდ.

უფრო დეტალურად კი: მზე არის ადამიანის ცნობიერი ნება, ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა, საციცოცხლო ენერგია, დრაივი, ქარიზმა, ნაპერწკლები თვალებში, პოპულარულობაც, გული და სული, რითაც ცოცხლობს ადამიანი. მზე არის ენთუზიაზმი და სიცოცხლისმოყვარეობაც.

სხვა მახასიათებლებით კი მზე შეიძლება წარმოადგენდეს მამას, მეუღლეს (ქმარს მხოლოდ), უფროსს, ზედამხედველს, ავტორიტეტს, რომელსაც უპირობოდ ვენდობით და სხვა.

ეს რაც შეეხება მზეს ჩვენს პირად რუქაში.. ხოლო იუპიტერი წარმოადგენს საზღვრების გაფართოებას, გამრავლებას, სიუხვეს, ბარაქას, წარმატებას, გამართლებას, წყალობას და ყველაფერ იმას, რითაც შეიძლება დაგლოცოთ კეთილშობილმა ადამიანმა. ცუდ ვარიანტში იუპიტერი შეიძლება ნიშნავდეს ამპარტავნებასაც და გადამეტებულ წარმოდგენას საკუთარ თავზე, ნუ ან ზოგადად - გადამეტებას რაიმეში.

ახლა ყველაფერი გასაგებია ხომ? ტრანზიტული იუპიტერი ასპექტს ქმნის ნათალურ მზესთან, ესეიგი ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი, რაც იუპიტეს ახასაითებს, დაუკავშირდება და ააქტიურებს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს, რაც მზეს ახასიათებს.

თითქოს რა ლამაზი სურათია. სცადეთ და შეადგინეთ კომბინაციები: გამართლება ქარიზმატულობაში, საციცოცხლო ენერგიის დიდი მარაგი, წარმატება პოპულარულობაში, და სხვა მრავალი. თუმცა არ დაგავიწყდეთ უარყოფითი ვარიანტებიც: ამპარტავნება და გადამეტებული ეგოიზმი.

მაშ როგორ გავარკვიოთ როდის გვექნება კარგი ვარიანტი, და როდის ცუდი? ალბათ ასპექტებით.

არსებობს "კარგი" ასპექტები და არსებობს "ცუდი" ასპექტები (საერთოდ "ცუდი" არაფერია ამ სამყაროში, და ყველაფერი უფრო მაღალ წესრიგს ეკუთვნის, რომელსაც სურს ჩვენი ევოლუციური გავითარება და წინსვლა, მაგრამ ჩვენი ვიწრო თვალსაწიერიდან პრობლემებს დავარქვით "ცუდი", თუმცა ისინი უბრალოდ მეტ ყურადღებას მოითხოვენ დამუშავებისთვის, და მეტი არაფერი).

ამრიგად, "კარგი" ასპექტებისას იუპიტერი მზეს აძლევს ბარაქას, გამართლებას, წარმატებას და სხვა მრავალს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ეს "კარგი" პერიოდებია, რაც უნდა გამოიყენოთ მაქსიმალურად სასიცოცხლო ძალების აღსადგენად, დეპრესიისგან განსაკურნებლად, საკუთარი თავის წარმოჩენისა და რეალიზაციისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად, შემოქმედებითი სამუშაოსთვის, ცხოვრების ხალისის შესაგრძნობლად. ამ პერიოდებში თავს იგრძნობთ ბედნიერად, ქარიზმატულად და ა.შ. მოკლედ, კარგი პერიოდია.

ყველაზე კარგი ასპექტია შეერთება, ანუ როცა იუპიტერი თქვენს მზეს უერთდება, და მასთან ერთად უნდა ვახსენოთ ტრინის ასპექტი, რაც არ ჩამოუვარდება შეერთებას თავისი დიდებულებით.

ასევე კარგი ასპექტია სექსტილი, თუმცა ამ პერიოდში შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეები სამყარომ პირდაპირ არ "გაჩუქოთ" და არ მოგართვათ მაგიდაზე, მაგრამ თუ თქვენ გადადგამთ სათანადო ნაბიჯებს, სამყარო მაინც გაგაოცებთ სასწაულებით.

რაც შეეხება უარყოფით ასპექტებს, ესენია კვადრატები და ოპოზიცია. ამ პერიოდში შეიძლება იუპიტერის უარყოფითმა ხასიათმა იჩინოს თავი, მაგალითად ზედმეტი თავდაჯერებულობა, რის გამოც შეიძლება სამყარომ ცოტაოდენ ცხვირი მიგარტყმევინოთ, თუმცა ცოტაოდენ, რადგან მაინც იუპიტერი გამართლების პლანეტაა.

ამ პერიოდში შეიძლება ცდუნდეთ გრანდიოზული და სადღესასწაულო ელფერის მქონე შემოთავაზებებით, მაგრამ რეალურად სიცარიელე იყოს შემოთავაზებების მიღმა. მოკლედ, უარყოფითი ასპექტების დროს არსებობს ამპარტავნების, ასევე გაზვიადების საფრთხეები.

ამრიგად, ყოველი დაახლოებით 12 წლის განმავლობაში იუპიტერი შემოივლის რა მთელს თქვენს პირად რუქას, ის შექმნის ერთხელ შეერთებას, ორჯერ სექსტილს, ორჯერ კვადრატს, ორჯერ ტრინს და ერთხელ ოპოზიციას თქვენს მზესთან (და პრინციპში ნებისმიერ პლანეტასთან).

რაც შეეხება ასპექტის ხანგრძლივობას, ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, შეიძლება მეტიც. ასევე, არსებობს იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობის ფაზები, როცა პლანეტა უკან სვლით მოძრაობს და ამ შემთხვევაში შეიძლება ცოტა ხნის წინ დასრულებული ასპექტი კვლავ განაახლოს, რა დროსაც შესაძლებლობა გაქვთ უწინ დაწყებული საქმე (თუ ეს კონსტრუქციული საქმეა) გააგრძელოთ და ახალი ნაბიჯები გადადგათ.

ამრიგად, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამ მეთოდის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თქვენგანს. თუმცა, თუ თქვენ იცით თქვენი დაბადების დრო (საათი), მაშინ არსებობს უფრო მეტი კონკრეტიკის შესაძლებლობა. ანუ, თუ დაბადების ზუსტი (მიახლოებითი მაინც) დრო ცნობილია, მაშინ შეიძლება ისეთ დეტალებზე საუბარი, როგორიცაა მაგალითად:

და ცხოვრების რომელ სფეროში მექნება სიცოცხლისუნარიანობა?

ცხოვრების რომელ სფეროში შემიძლია მოვიპოვო პოპულარულობა?

ცხოვრების რომელ სფეროში შეიძლება მომივიდეს უარყოფითი ტიპის გადაჭარბება?

ცხოვრების რა სფერო გაააქტიურებს ჩემს წარმატებას?

ეს და სხვა მრავალი დაკავშირებულია ნათალური რუქის დეტალურ ანალიზთან, უფრო კონკრეტულად კი - ნათალური მზისა და იუპიტერის მდგომარეობის განხილვასთან. ხოლო ზემოთ მოცემული ინფორმაცია არის ზოგადი სახის მზესა და იუპიტერზე, რომელიც ზოგადად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პრინციპში, ინტუიცია და ცხოვრების დადებითი ხაზები თვითონ გიკარნახებენ საით უნდა წახვიდეთ და სად უნდა გამოიყენოთ ეს "მადლი" რასაც იუპიტერი იძლევა.

საერთოდაც, იუპიტერის აღმოჩენა რთული არ არის. ეს რაღაცნაირი სხივის და სინათლის შეგრძნებაა სულში, როდესაც იუპიტერი მზესთან დადებითად ასპექტირებს. მე მაქვს ცხოვრებაში უამრავი მაგალითი, რომლებშიც ტრანზიტული იუპიტერი მუშაობს. შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სტატიას ამ თემაზე - იუპიტერის ტრანზიტი სახლებში - სადაც მიწერია მაგალითები პირადი ცხოვრებიდან.

იუპიტერისეულ წარმატებებს გისურვებთ!