მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. ამ სტატიაში მსურს ძალიან ზოგადად ვისაუბრო ასტროლოგიაზე, პირადი რუკის და პროგნოზირების ზოგად დანიშნულებებსა და ფუნქციებზე.

"ზოგადობაში" ვგულისხმობ იმას, რომ აქ არ იქნება საუბარი რომელიმე კონკრეტული ასტროლოგიური მდებარეობის განხილვაზე, არამედ საუბარი იქნება ზოგადად - ასტროლოგიის არსსა და დანიშნულებაზე.

ჰოლოგრამა

იცით რა არის ჰოლოგრამა?

მაგალითისთვის: თქვენ ახლა უყურებთ სამ განზომილებიან სივრცეს (მეტი განზომილების აღქმა არ შეგვიძლია) და ხედავთ ნივთებს "3D" -ში. თქვენ შეგიძლიათ შემოუაროთ რაიმე ნივთს და დაინახოთ მისი "უკანა" მხარე, ის, რაც არ ჩანს "ერთი შეხედვით".

ახლა კი ფოტო გადაუღეთ იმას, რასაც ხედავთ. რა მოხდა? თქვენ ორ განზომილებიან სიბრტყეზე გადმოიტანეთ სამ განზომილებიანი სურათი. ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ ნივთების "უკანა" მხარის დანახვა?

არა. არ შეგიძლიათ. თქვენ ხედავთ სრული ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს, სამ განზომილებიანი ინფორმაციის "გეგმილს", "ჩრდილს" ორ განზომილებაში. ეს დიდი ინფორმაციაა, მაგრამ არა სრულყოფილი. თქვენ იცით როგორ გამოიყურება რაიმე ნივთი მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ მის შიდა სტრუქუტურას და უკანა მხარეს ვერ აღადგენთ მხოლოდ სურათიდან.

აქედან დასკვნა: როდესაც თქვენ სურათს შეხედავთ, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ივარაუდოდ რა ხდება იმის მიღმა, რასაც ეს ორ განზომილებიან ინფორმაცია გვიჩვენებს.. მე შემიძლია მეტად და ნაკლებად ალბათური ვარიანტები ვთქვა თავად სურათის შინაარსიდან გამომდინარე.

მაგალითად, თუ მე ფოტოზე ვხედავ ოთახში მდგომარე პატარა გოგონას, მე არ მომივა თავში ის აზრი, რომ მის უკან შეიძლება პატარა ვეფხვი იდგას, რომელიც უბრალოდ არ ჩანს, რადგან გოგონამ დაფარა.

მაგრამ, მე შემიძლია ვივარაუდო, რომ გოგონას უკან არის მაგალითად თოჯინა, ან სხვა რაიმე ნივთი. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის ჰოლოგრაფიული მოდელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ინფორმაცია სრულიად აღვადგინოთ. ის ტოვებს გარკვეულ "თავისუფლებას" და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ, თუ რა იმალება იმ "მესამე" განზომილებაში, რაც არ ჩანს.

თუ პირიქით დავსვამთ ამოცანას, ანუ შევხედავთ სამგანზომილებიან სივრცეს, და ვიკითხავთ: რა იქნება ამის ჰოლოგრაფიული მოდელი? ამაზე პასუხი არსებობს. ჩვენ ფოტოს გადავუღებთ და დავინახავთ. მაგრამ ფოტოდან "მესამე" განზომილების აღდგენა მხოლოდ ალბათობის საკითხია და სხვა არაფერი.

მოკლედ შევაჯამოთ: ინფორმაციის ჰოლოგრაფიული მოდელი გვესაუბრება ინფორმაციის მხოლოდ ნაწილზე, დანარჩენი ნაწილისთვის კი ჩვენ "პოტენციალურ ალბათობებს" ვწერთ. ანუ ვიტყვით, რა არის იმის ალბათობა, რომ გოგონას უკან ვეფხვი იდგას, ანუ აქვს თუ არა პოტენციალი ამ მოვლენას, და რა პოტენციალი აქვს. ეს "პოტენციალი" კი დამოკიდებულია თავად ფოტოსურათის შინაარსზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინფორმაციის ჰოლოგრაფიული მოდელი - ეს არის ინფორმაციის "დატკეპვნა", ანუ "პოტენციალის შექმნა", რომლის რეალიზაცია უკვე დამოკიდებულია გარემო პირობებთან ურთიერთქმედებაზე.

ზამბარა ხომ იცით რაც არის? ზამბარა რომ შეკუმშოთ ("დატკეპნოთ"), მასში იზრდება პოტენციალური ენერგია, რაც უზრუნველჰყოფს მის გაშლას, მაგრამ მისი გაშლის ხასიათი დამოკიდებულია გარემოს ზემოქმედებაზეც. სწორედ ასე - ჰოლოგრამა - ეს არის შეკუმშული ინფორმაცია, რომლის რეალიზაცია სხვა და სხვა სახის შეიძლება იყოს.

გენეტიკური კოდი

გსმენიათ გენეტიკური კოდის შესახებ?

ეს ასეთი რამეა, ბუნებისგან "თავის" ენაზე დაწერილი, ადამიანის ყველაზე ფუნდამენტალურ "აგურებზე". გენეტიკური კოდი - ეს არის, გარკვეული აზრით, ადამიანის ცხოვრების ჰოლოგრაფიული მოდელი.

2

რატომ? განვმარტავ..

გენეტიკურ კოდში "წერია" ინფორმაცია იმის შესახებ, ატარებს თუ არა ადამიანი რომელიმე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ავადმყოფობის (და არა მარტო ავადმყოფობის) გენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გენეტიკური კოდი გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, რა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებს შეიძლება ველოდოთ ადამიანისგან.

ნიშნავს თუ არა გენეტიკურ კოდში რომელიმე ელემენტის არსებობა იმას, რომ ეს ელემენტი აუცილებლად განხორციელდება ცხოვრებაში? ცხადია, არა. ეს დამოკიდებულია იმაზე, შესაბამის სიტუაციაში მოხვდება თუ არა ადამიანი.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ: ვთქვათ, ადამიანი ატარებს რაიმე A ავადმყოფობის გენს. ისმის კითხვა: აუცილებლად დაავადდება ადამიანი A -თი ცხოვრებაში თუ არა? ამაზე პასუხი არ არსებობს. ადამიანი დაავადდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის გარემოში მოხვდება. ანუ, მაგალითად ავადმყოფობის ეპიცენტრში.

ანუ აუცილებელია, რომ გარემოში ავადმყოფობას ჰქონდეს რაიმე "ხელმოსაჭიდი" ადამიანში. ანუ გენეტიკურ კოდში უნდა არსებობდეს შესაბამისი A ელემენტი, რათა მასთან იურთიერთქმედოს და "გაააქტიუროს". თუ ადამიანში A ავადმყოფობის ხელმოსაჭიდი არ არსებობს, მაშინ ის ვერც ვერაფერს "მოეჭიდება" და ადამიანი არასდროს დაავადდება ამით, თუ მის გენეტიკურ კოდში ეს არ "წერია".

ამრიგად, გენეტიკური კოდი - ეს გამოდის ადამიანის ცხოვრების "ჰოლოგრაფიული მოდელი", ანუ გარკვეული დატკეპვნა იმისა, რაც მთელს ცხოვრებაში შეიძლება განხორციელდეს. კოდი საუბრობს ამა თუ იმ ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავისებურების პოტენციალის არსებობაზე. მაგრამ ის არ საუბრობს იმაზე, გამომჟღავნდება თუ არა რომელიმე გენი, ანუ რეალიზდება თუ არა მისი პოტენციალი.

რაზეა ეს დამოკიდებული? იმაზე, მოხვდება თუ არა ადამიანი ისეთ გარემოში, სადაც აქტიურდება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური თავისებურება. თუ არ მოხვდება, მაშინ არც არასდროს გააქტიურდება, მაგრამ თუ მოხვდება, მაშინ ამის ალბათობა არსებობს.

შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, მოხვდება თუ არა ადამიანი შესაბამის გარემოში, სადაც A ელემენტის გააქტიურების ალბათობა არსებობს? ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ცხოვრებისეულ შემთხვევებზე და ცხოვრების "ქაოსურობაზე", რომლის აღწერაც ჩვენ ჯერჯერობით სრულყოფილად არ შეგვიძლია.

მაგრამ, თუ A ელემენტი საერთოდ არ "წერია" გენეტიკურ კოდში, მაშინ ეს არ იარსებებს არც ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომაც, არსებობენ ისეთი სადაზღვეო კომპანიები, რომლებიც, იკვლევენ რა ადამიანის გენეტიკურ კოდს, ეუბნებიან ადამიანს: "ჩვენ თქვენ დაგაზღვევთ ამა თუ იმ ფიზიკური/ფსიქოლოგიური ავადმყოფობისგან". ან პირიქით: "ჩვენ ვერ დაგაზღვევთ ამა თუ იმ ავადმყოფობისგან". რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან რომელი "ელემენტი" არსებობს ადამიანში და რომელი არ არსებობს, ანუ რომლის გააქტიურების ალბათობა არსებობს, და რომლის არა.

ვგონებ ახლა უკვე საკმარისი წარმოდგენა გაქვთ "ჰოლოგრაფიულ პოტენციალზე" და "კოდის მუშაობის პრინციპზე", რათა საუბარი დავიწყოთ ასტროლოგიაზე. აქამდე შესავალივით გავაკეთე ჰოლოგრაფიულ მოდელსა და გენეტიკურ კოდზე, რადგან ასეთი წარმოდგენით უფრო კარგად გაერკვევით პირადი რუკისა და პროგნოზირების დანიშნულებებში. მაშ ასე, ვიწყებთ ასტროლოგიაზე საუბარს:

კოსმიური კოდი

მოკლედ ვიტყვი ამ სტატიის ძირითად სათქმელს: თითოეულ ადამიანს აქვს თავისი კოსმიური კოდი (მსგავსად გენეტიკური კოდისა), რომელშიც "დაწერილია" ამა თუ იმ ცხოვრებისეული "ელემენტების" პოტენციალები, რომლებიც ვლინდება და მუშავდვება ცხოვრების განმავლობაში შესაბამის გარემოებებთან ("პროგნოზირების ელემენტები") ურთიერთქმედებისას. ანუ, კოსმიური კოდი წარმოადგენს დინამიკური ცხოვრების ერთგვარ ჰოლოგრაფიულ "სურათს".

ახლა ხვდებით, რა საჭირო იყო ამხელა შესავალი ჰოლოგრამასა და გენეტიკურ კოდზე? რადგან, ასტროლოგია ერთგვარ განზოგადებას და კერძო შემთხვევას წარმოადგენს ამ მოდელებისა.

Untitled

ახლა კი უფრო დეტალურად განვმარტოთ ზემოთ ნათქვამი: "თითოეულ ადამიანს აქვს თავისი კოსმიური კოდი (მსგავსად გენეტიკური კოდისა)" - არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური თუ ეზოთერული დისციპლინა, რომელიც "თვლის", რომ თითოეულ ადამიანს აქვს გარკვეული მისია, პროგრამა, რომელიც მან უნდა აღასრულოს. სხვა საქმეა, რამდენად ასრულებს ან არ ასრულებს, მაგრამ მის პროგრამაში შედის ცხოვრების გარკვეული გარემოებების და სფეროების გავითარება.

ასეთი დისციპლინაა მაგალითად ფსიქოლოგიის სრულიად ახალი მიმართულება - ვექტორული ფსიქოლოგია, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს აქვს იმთავითვე განსაზღვრული ვექტორები, როგორც პირველადი იმპულსები, რომელთა პოტენციალების გავითარება და "ჯანმრთელი" რეალიზება მას მისცემს ბედნიერებას.

ამავე "აზრზეა" ასტროლოგიაც, რომელიც ასევე თვლის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი პროგრამა, რომელზეც უნდა იმუშავოს ცხოვრების განმავლობაში. მხოლოდ ერთია, ასტროლოგია მოიცავს არა მარტო ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს (როგორც გენეტიკური კოდი), არამედ ცხოვრებისეულ მახასიათებლებსაც. ანუ ადამიანის "განცდის" მთლიან ველს. ანუ, არა მარტო სხეულის და ფსიქიკურ თავისებურებებს, არამედ მისი ცხოვრების ელემენტებს, სტილს, და სხვა მრავალი.

"კოსმიურ კოდში "დაწერილია" ამა თუ იმ ცხოვრებისეული "ელემენტების" პოტენციალები" - მსგავსად გენეტიკური კოდისა, ასტროლოგიურ პირად რუკაში "დაწერილია" ადამიანის შინაგანი და გარეგანი სამყაროს ზოგადი თავისებურებები, როგორც დასამუშავებელი "ბრილიანტები".

გახსოვთ სახარებიდან იგავი "ტალანტებზე"? ასტროლოგია გვეუბნება იმის შესახებ, თუ რა ნიჭები გვაქვს და რისი რეალიზება უნდა მოვახდინოთ.

ასტროლოგიის "გავლენა" ვრცელდება იმაზე ბევრად მეტ მასშტაბებში, ვიდრე გენეტიკური კოდისა. ეს უნაკასკნელი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, ხოლო ასტროლოგია ვრცელდება ცხოვრებაზე, ანუ მაგალითად მეგობრების ტიპაჟები და მათთან ურთიერთობა, მშობლების ხასიათი და წვლილი პიროვნებად ჩამოყალიბებაში, პატრნიორის ტიპაჟი და ურთიერთობის ტიპი, სამსახურის ტიპაჟი და სხვა მრავალი.

თუმცა, განსხვავებით გენეტიკური კოდისა, ასტროლოგია რამდენადმე უზუსტოა და 100 პროცენტიან გარანტიას ვერ იძლევა, და ესეც მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობს სხვა "თავისუფლების ხარისხი", რომელსაც არ ვიცნობთ. ანუ ნებისმიერ ასტროლოგიურ მდებარეობას აქვს გამოვლინების სპექტრი, რომელიც განაწილებულია ევოუციური დონეების და პიროვნების სუბიექტური წყობის მიხედვით. ეს უკანასკნელი "თავისუფლების ხარისხები" ჩვენთვის უცნობია, რადგან ძალიან ინდივიდუალური და სუბიექტურია. ამიტომაც, ასტროლოგია ზუსტი არ არის, მაგრამ ის მაინც გვაოცებს თავისი "გამართლებებით".

ცხოვრებისეული "პოტენციალები" ჩაწერილია პირად რუკაში, რომელიც უკვე გვეუბნება იმას, თუ როგორი სამსახური ჯობს რომ გვქონდეს, როგორი პარტნიორი არის ჩვენთვის რეკომენდირებული, როგორ უნდა გამოვიყენო შემოქმედებითი უნარები, სად და რა სიტუაციებში ჯობს გადავდგა ესა თუ ის ნაბიჯები და სხვა.

ასტროლოგია პასუხობს კითხვაზე "როგორ". მაგრამ, პასუხი კითხვაზე "რატომ", ანუ "რისთვის არსებობს ასტროლოგია", ეს უკვე სხვა თემაა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩემს სტატიაში - ასტროლოგიური ანბანი. ასტროლოგია - ეს არის ევოლუციის მექანიზმის აღმწერი, ანუ კარმული პროგრამების დეტალური ანალიზი და სხვა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ადამიანის რეალიზაციას, ანუ გაბედნიერებას ემსახურება.

შორს რომ აღარ წავიდეთ, მოკლედ ვიტყვი, რომ პირადი რუკა წარმოადგენს პოტენციალებს, რომელთაც აქვთ შანსი ცხოვრებაში რეალიზდნენ და დამუშავდნენ. ხოლო, დამუშავება ხდება ნაბიჯ - ნაბიჯ და სხვა და სხვა დროს, რაც უკვე დაკავშირებულია პროგნოზირებასთან, რომელზეც მალევე მოგახსენებთ.

"პოტენციალები ვლინდება და მუშავდვება ცხოვრების განმავლობაში შესაბამის გარემოებებთან ("პროგნოზირების ელემენტები") ურთიერთქმედებისას".

ამრიგად, პირადი რუკა წარმოადგენს პოტენციალთა ნაკრებს, ხოლო როგორ უნდა გავააქტიუროთ პოტენციალები? მსგავსად გენეტიკური კოდისა, ამა თუ იმ ფიზიკური/ფსიქოლოგიური "ელემენტის: გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი შესაბამის გარემოში მოხვდება, ანუ იქ, სადაც არსებობს "ელემენტის" "ველი", რომელსაც ხელმოსაჭიდი აქვს ადამიანში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს "ელემენტი", ანუ დაიწყოს მისი რეალიზაცია, ანუ დამუშავდეს. სხვა ამბავია, ესა თუ ის ავადმყოფობა რამდენად "კარგია" ადამიანური გაგებით, მაგრამ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ პროცესზე, და არა მის შეფასებაზე.

ამრიგად, "ელემენტის" რეალიზაცია, ანუ იგივე დამუშავება ხდება შესაბამის გარემოში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ წინასწარ, რამდენად და როგორ გამოვლინდება ესა თუ ის გენი? არა. ეს დამოკიდებულია ერთის მხრივ იმაზე, როგორი სიხშირით მოხვდება ადამიანი ამ გენის გამააქტიურებელ გარემოში, მეორეს მხრივ იმაზე, თავად ადამიანი რას მოიმოქმედებს ავადმყოფობის მკურნალობისთვის.

ასტროლოგიური მექანიზმიც ამ პროცესის ანალოგიურია. გვაქვს კოსმიური "გენი" (პირადი რუკიდან რაიმე ელემენტი, ანუ პოტენციალი) და თუ შესაბამის სიტუაციაში მოვხვდით, მაშინ იწყება ამ ასტროლოგიური მდებარეობის დამუშავება. მაგრამ, ისმის შეკითხვა: რა არის ის სიტუაცია თუ გარემო, სადაც აქტიურდება ესა თუ ის ელემენტი პირადი რუკიდან?

პასუხი ცალსახაა: ეს არის პროგნოზირებები.

ასტროლოგიაში არსებობს პროგნოზირების მეთოდები, მათ შორის ყველაზე უფრო მძლავრი და საიმედო არის ტრანზიტები (ჩემი ერთ-ერთი სტატია ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ამ ლინკზე).

პროგნოზირება უფრო მეტადაც მრავალფეროვანია თავისი სტრუქტურით, ვიდრე პირადი რუკა. პროგნოზირება - ეს არის კიდეც ის გარემო, რომელიც ააქტიურებს ამა თუ იმ "გენს". მაგრამ, გაიხსენეთ გენეტიკური კოდის ისტორია: თქვენ შეიძლება მოხვდეთ ისეთ გარემოებებში, რომლებიც ააქტიურებენ მრავალ გენს, მაგრამ თუ თქვენ არ შეიცავთ ამ გენს, მაშინ არაფერი "გემუქრებათ".

ასევეა ასტროლოგიურადაც.. პროგნოზირებაში მრავალი რამ ჩანს, მაგრამ აქტუალურია მხოლოდ ისინი, რაც პირად რუკაში პოტენციალის სახით არსებობს. თუ პირად რუკაში არ არსებობს რაიმე ელემენტი, მაშინ ამ ელემენტის შესაბამის "პროგნოზირებული გარემოს" არ ექნება "ხელმოსაჭიდი" არსად პირად რუკაში, ამიტომაც ვერ იურთიერთქმედებს.

მაგრამ, თუ პირად რუკაშიც არსებობს შესაბამისი ელემენტი, მაშინ პროგნოზირება ააქტიურებს მას, და იწყება მისი დამუშავება. ალბათ ხვდებით, რომ არაა აუცილებელი პირადი რუკის მთლიანი პოტენციალი (ყველა ელემენტი) რეალიზდეს და დამუშავდეს. როგორც წესი, ადამიანი თავისი პოტენციალის მხოლოდ მწირ ნაწილს ამუშავებს, და ამ უკანასკნელსაც ნელა და რუტინულად (უმეტესად ძალდატანებით და აბსოლუტის მკაცრი ჩარევით) აკეთებს. არადა, ადამიანმა რომ იცოდეს, თუ რა საოცარ პოტენციალებს ფლობს.. მაგრამ, ადამიანი ამუშავებს მხოლოდ მცირე ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებაში აქტიურდება პირადი რუკის მრავალი ელემენტი, ადამიანი მაინც თავად ირჩევს რა და რამდენად დაამუშავოს. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებითაც მოგახსენებთ, როდესაც "ბედისწერის" და "თავისუფლების" თემას შევეხებით.

ამრიგად, პროგნოზირება არის ერთგვარი გარემო, რომელიც ააქტიურებს კოსმიური კოდის რაიმე ნაწილს, და ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დაამუშავოს ესა თუ ის პოტენციალი, რომელიც მას იმთავითვე მიეცა, როგორც მისი პირადი "სულიერი გენეტიკური კოდი".

ცხადია, რომ პროგნოზირებას შეუძლია გაააქტიუროს მოცემული ადამიანისთვის მხოლოდ ის ელემენტები, რაც მოცემულია მის პირად რუკაში. ამასთან არის დაკავშირებული პროგნოზირების ერთ-ერთი მთავარი კანონი: პროგნოზირებაში ნებისმიერი პლანეტის ფუნქცია არის სწორედ ის, რაც ამ პლანეტას აქვს მიცემული პირად რუკაში, რადგან აზრი არ აქვს პროგნოზირებას (ანუ "გარემოს", "ველს"), თუკი საუბარი არ იქნება იმაზე, თუ რასთან ურთიერთქმედებს ეს ველი, ანუ რომელი პირადი რუკისთვის ვადგენთ პროგნოზირებას.

ამრიგად, ვგონებ გაერკვიეთ ზოგადად იმაში, რომ პირადი რუკა წარმოადგენს პოტენციალებს, ხოლო პროგნოზირება გვესაუბრება იმაზე, თუ როდის და როგორ დავიწყოთ და გავაგრძელოთ ამა თუ იმ პოტენციალის დამუშავება.

ცხადია, დამუშავებას მთელი ისტორია აქვს, და ეს ისტორია ნაბიჯ - ნაბიჯ უნდა გავიაროთ. როგორც წესი, ამა თუ იმ ასტროლოგიური მდებარეობის სრულყოფილ დამუშავებას (პოტენციალის იდეალურ რეალიზაციას) ერთი ცხოვრება არ ჰყოფნის.

ამიტომ, როდესაც პირად რუკაში ვხედავთ რაიმე ელემენტს, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება შეიძლება უკვე დაგროვილი გვაქვს (გაუცნობიერებლად, რადგან წინა ცხოვრებების მეხსიერებაში ინახება). ამრიგად, როდესაც პროგნოზირებით აქტიურდება ეს ელემენტი, მაშინ ჩვენ ვაგრძელებთ დამუშავებას იმ დონიდან, რაზეც, პირობითად რომ ვთქვათ, "წინა ცხოვრებაში შევჩერდით". ამ ცხოვრებაშიც ვამუშავებთ და ელემენტის გააქტიურება შეიძლება ძალიან ხშირადაც მოხდეს ცხოვრების განმავლობაში სხვა და სხვა სიძლიერით (რადგან პროგნოზირება რთული და მრავალფეროვანი სტრუქტურისაა), მაშინ ჩვენ ნაბიჯ - ნაბიჯ მივიწევით კიდევ უფრო წინ, და ცოტას წავამატებთ ამ ჩვენს გამოცდილებას. შემდგომ კი ეს ელემენტი დამუშავებას გააგრძელებს სხვა ადამიანთან სხვა ცხოვრებაში. და ა.შ. სანამ სრულყოფილად არ დამუშავდება და მაშინღა გათავისუფლდება ჩვენი "სამშვინელი" ამ ელემენტისგან.

რასთან არის დაკავშირებული გააქტიურების სიხშირე და სიძლიერე? პირველ რიგში იმასთან, რომ ასტროლოგია მათემატიკურად რთული სტრუქტურაა, და მხოლოდ ტრანზიტებმაც კი შეიძლება არაერთხელ და დროის სხვა და სხვა შუალედებით გაააქტიუროს ესა თუ ის ელემენტი. ამას დავუმატოთ პროგნოზირების სხვა მეთოდები. გარდა ამისა, შეიძლება ესა თუ ის ელემენტი პროგნოზირების სხვა და სხვა მეთოდებში გამოვლინდეს ერთდროულად. ამ შემთხვევაში გააქტიურების და დამუშავების ალბათობა მატულობს.

მაგალითად, არსებობენ ასტროლოგები, რომლებიც იკვლევენ ამა თუ იმ ავადმყოფობის ელემენტებს, და დადგენილია ზოგიერთი მათგანისთვის, რომ შესაბამისი ელემენტი ერთდროულად სამჯერ მაინც უნდა გამოვლინდეს პროგნოზირებაში, რათა გააქტიურდეს ესა თუ ის ავადმყოფობა. მაგრამ, ის ვერ გააქტიურდება, თუ პირად რუკაში არ არსებობს შესაბამისი პოტენციალი. მაშინ ადამიანს ეს არ ემუქრება.

მიხვდით ხომ ანალოგიას გენეტიკურ კოდსა და პირად რუკას შორის, ასევე, ცხოვრების გარემოებებსა და პროგნოზირებას შორის? მექანიზმი ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ასტროლოგია ნაკლებად ზუსტია, სამაგიეროდ, მას "ცხვირი აქვს ჩაყოფილი" ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

"ბედისწერის" და "თავისუფლების" თანამშრომლობა

მრავალ ადამიანს უფიქრია იმის შესახებ არსებობს თუ არა ბედისწერა, ან რა არის თავისუფლება, და ა.შ. ზოგიერთი თვლის, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი გათვლილია წინასწარ, ანუ მას აქვს აბსოლუტური ბედისწერა. ზოგიერთი კი თვლის ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალია, და რომ მან უნდა დაძლიოს თავისი შეზღუდვები, და ის გახდება მთელი სამყაროს მბრძანებელი და დაიპყრობს ყველაფერს.

მე კი ვიტყოდი, რომ არც ერთია მართალი და არც მეორე. ვფიქრობ, ბედისწერაცა და თავისუფლებაც არსებობს, და ისინი "თანამშრომლობენ" ადამიანის ცხოვრების გზის ჩამოყალიბებაში.

4

რას ნიშნავს "თანამშრომლობა"? აი ამ შეკითხვაში არის ცხოვრების დინამიკის ძირითადი ამოცანა დამალული. რას ნიშნავს "თანამშრომლობა", ანუ როგორ თანამშრომლობს ბედისწერა ადამიანის ნებასთან?

წარმოიდგინეთ ვარიანტთა სივრცე, სადაც არსებობს ცხოვრების ყველა შესაძლო სცენარი. თქვენ აუცილებლად იმყოფებით ამ სივრცის მხოლოდ გარკვეულ სექტორში და შეგიძლიათ მოქმედება ცხოვრების მხოლოდ გარკვეულ ძაფებზე. ამიტომაც, ნუ ეცდებით დაამტვრიოთ კედელი, რომელიც შემოგისაზღვრავთ ვარიანტთა სივრცეში გარკვეულ სექტორს. თქვენ გაქვთ ენერგია და პოტენციალი მოცემული მხოლოდ იმისთვის, რომ რეალიზება ჰპოვოთ ცხოვრების გარკვეულ სფეროებში, რომელიც მოცემულ ცხოვრებაში გჭირდებათ (რისთვის გჭირდებათ და ევოლუციურად გავითარებისთვის).

[აქვე აღვნიშნავ, რომ ტრანსერფინგის თანახმად თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ ვარიანტთა სივრცის ნებისმიერ სექტორში და არ გაქვთ შეზღუდვა. მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას ეს შესაძლებელია თუ არა. საქმე სხვა რაღაცაშია - რა გსურთ? რა სურს თქვენ სულს? ანუ მოუსმინეთ "დილის ვარსკვლავთა შრიალს". ამის მოსმენაში, ანუ საკუთარ თავში გარკვევაში კი ასტროლოგია და ეზოთერიკა/ფსიქოლოგიის სხვა და სხვა დისციპლინები დაგეხმარებათ.]

ამრიგად, დავუბრუნდეთ თემას. თქვენ მოგეცათ პოტენციალი ცხოვრების მხოლოდ რამდენიმე სფეროში. თავისუფლების მოყვარული ადამიანისგან ავტომატურად ჩნდება შეკითხვა: რატომ სხვებში არა? - მათ მინდა მივმართო: როდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, რომ შეიძლება ამ ბედისწერაში იყოს თქვენი ბედნიერების გასაღები?

იქნება და ცხოვრების სხვა სფეროებში რეალიზებამ არც მოგცეთ ბედნიერება. ზოგიერთი თვლის, რომ ბედისწერა - ეს არის რაღაც მის წინააღმდეგ შემქნილი მექანიზმი, რომელსაც უნდა ებრძოლოს და როდესაც დაძლევს, ესეიგი მაშინ გასხივოსნდება, ანუ როდესაც სამყაროს შეეწინააღმდეგება.

სამყაროს რატომ უნდა შევეწინააღმდეგო? მან ხომ მე შემქნა და ფუნქცია დამაკისრა. სხვა ამბავია, რომ ასტროლოგიის გამართლება ხდება იმიტომ, რომ ადამიანს შინაგანად ამის სჯერა, ანუ შეიძლება ამ ეგრეგორზე კარმულად იყოს გადაჯაჭვული. ზოგიერთი ადამიანი მთლიანად თავისუფალიც კი შეიძლება იყოს ასტროლოგიისგან, მაგრამ ამ სტატიას ვწერ მათთვის, ვინც თავისი ცხოვრების "წესრიგად" ასტროლოგია აქცია (ან იმთავითვე აქვს ქცეული წინა ცხოვრებების გავლენით, როგორც კარმული ეგრეგორი).

ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობდით ბედისწერის ასტროლოგიურ გაგებაზე. რამდენადაც ადრე გითხარით, პირადი რუკა აჩვენებს პოტენციალებს, ხოლო მათი რეალიზება და დამუშავება შეიძლება მოხდეს შესაბამისი პროგნოზირების დროს. მაგრამ, არ არის აუცილებელი, რომ ისინი დამუშავდეს.

მაშ, რაში გამოიხატება ბედისწერა და რაში გამოიხატება თავისუფლება? ეს უკანასკნელი იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უარი ვთქვათ რაიმე ასტროლოგიური მდებარეობის დამუშავებაზე. ხოლო თუ დავამუშავებთ, მაშინ წინ წავიწევით ევოლუციურ კიბეზე.

[მაგალითად, მრავალი წელია ადამიანს აქვს რაიმე ავადმყოფობა, რას იმას ანიშნებს, რომ რაიმე უნდა შეცვალოს ცხოვრებაში (მაგალითად სამსახური), მაგრამ ის არ ცვლის ამას. ბოლო - ბოლო ავადმყოფობა მას შეეშვება, და ადამიანმა შეიძლება ჩვეულებრივად გააგრძელოს და დაასრულოს ცხოვრება]

რა მოხდა ამ შემთხვევაში? არც არაფერი. ადამიანს ჰქონდა აბსოლუტისგან გაფრთხილება, მაგრამ მან არ შეისმინა მისი, და ბოლო - ბოლო აბსოლუტმა თავი დაანება. ეს არის კიდეც თავისუფლების გამოხატულების ერთ - ერთი მაგალითი. მაგრამ, ამ მოვლენას თავისი შედეგი აქვს. კერძოდ ის, რომ ადამიანი ევოლუციურად წინ არ წასულა, ამიტომაც შემდგომ ცხოვრებაში კვლავ იმავე დონეზე იდგება.

აქედან დასკვნა: ბედისწერა - სხვა არაფერია, თუ არა აბსოლუტის მექანიზმები, რათა ადამიანს გაუკვალოს გზა ევოლუციურ კიბეზე, მაგრამ ადამიანს ყოველთვის შეუძლია თქვას უარი ამ გზაზე. ხანდახან აბსოლუტი იმპერატიულად ირთვება, და ადამიანს აიძულებს (ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მრავალი ცხოვრებაა კატეგორიულ უარს აცხადებს წინ სვლაზე) წინსვლას. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ღმერთი და ადამიანი თანამშრომლობენ. სწორედ ამაში მდგომარეობს ბედისწერისა და თავისუფლების თანამშრომლობის იდეა: ადამიანს შეუძლია ღმერთთან ურთერთობა და თხოვოს მას, რათა ის დაემხაროს გავითარებაში და წინ სვლაში.

ალბათ, მაინც რთული დასანახია სად გადის ზღვარი ადამიანის თავისუფლებასა და ბედისწერას შორის. ეს იმდენად სუბიექტური და ინდივიდუალური პროცესია, რომ მხოლოდ პროფესიონალი ასტროლოგი გეტყვით, და ისიც ნაწილობრივ და მიახლოებით. სინამდვილეში კი, ადამიანს და ღმერთს შორის გაუცნობიერებელ დონეზე ხდება ურთიერთობა და "თანამშრომლობა". და რაც უფრო "დიდია" ადამიანი ევოლუციურად, მით უფრო კარგად ხედავს ამ მექანიზმებს, და სხვებსაც ეხმარება.

ამრიგად, შევაჯამოთ: თქვენ გაქვთ პოტენციალები მოცემული აბსოლუტისგან (კარმულად, ან სხვა მიზეზებით, ღმერთმა უწყის). მაგრამ გაქვთ და ეს თქვენი ცხოვრების წესია. როგორ მოვიქცეთ? თქვენ გაქვთ თავისუფლება, მაგრამ მხოლოდ ამ პოტენციალებში. თქვენ გაქვთ უფლება რეალიზება გაუკეთოთ (ანუ დაამუშავოთ) პოტენციალები, რომლებიც მოგეცათ პირად რუკაში. თქვენ ყველაფრის გაკეთება ალბათ არ შეგიძლიათ ცხოვრებაში, მაგრამ პირადი რუკის პოტენციალი, დამიჯერეთ, იმდენად დიდი მასშტაბებისაა, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

ადამიანის ამოცანაა ისწავლოს დამუშავების ხელოვნება, ანუ პოტენციალების რეალიზაცია. ამ ამოცანის გადასაწყვეტად კი აუცილებელია პროგნოზირების ხელოვნება.

პოტენციალების რეალიზება

როგორც ვთქვით, ადამიანს აქვს "უფლება" დაიწყოს თუ არა ამა თუ იმ ელემენტის დამუშავება. მოდი ახლა დავუშვათ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ რომელიმე ელემენტის დამუშავება (მაშინ ბედნიერების გზას ადგახართ). მაშინ უნდა იცოდეთ, როდის გადადგათ სათანადო ნაბიჯები.

მრავალ ადამიანს წარმატების გზა წარმოუდგენია, როგორც კამათლის გაგორება. ანუ ადამიანი ყოველთვის უნდა იბრძოდეს წარმატებისთვის, და როდესაც შანსი გამოჩნდება, მაშინ მას ექნება "აღიარება".

5

თუმცა ასტროლოგია გვეუბნება, რომ აუცილებელი არ არის ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად იზრუნოთ რაიმეს გასაკეთებლად იმ იმედით, რომ ხუთი წლის მერე დაგიფასდებათ. არამედ იზრუნეთ ამაზე მხოლოდ "რომელიღაც" მომენტებში, და ეს მაინც დაგიფასდებათ თავის დროზე.

რას ნიშნავს "რომელიღაც" მომენტები? ეს ის მომენტებია, როდესაც პროგნოზირება ააქტიურებს იმ ელემენტს, რომლის დამუშავებაც გსურთ. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ პირადი რუკიდან რომელიმე ელემენტი და დაიწყოთ მისი დამუშავება ახლავე, მაგრამ ამის პოტენციალი ძალიან მცირე გექნებათ, თუ ახლა პროგნოზირება ამ ელემენტს არ ააქტიურებს.

სამაგიეროდ, თუ თქვენ სათანადო ნაბიჯებს გადადგამთ იმ მომენტში, როდესაც პროგნოზირება "რთავს" ამ ელემენტს, მაშინ დამუშავება სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ, ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად რაღაცაზე ჩაძიება არ ღირს, თუ ეს "რაღაცა" არ აქტიურდება ამ პერიოდში. ეს დრო დაუთმეთ იმ ელემენტების რეალიზებას, რომლებიც აქტიურდებიან ამ პერიოდში, ხოლო იმ ელემენტის დროც მოვა, და ნუ ნერვიულობთ იმაზე, რომ ვერ მოასწრებთ ცხოვრებაში რეალიზებას! თუ თქვენ სწორად ივლით, ანუ შეასრულებთ მისიას, ანუ დაამუშავებთ იმ მდებარეობებს, რომლებიც აქტიურდება მოცემულ მომენტში, მაშინ ღმერთი არ გაგწირავთ იმისთვის, რომ ვერ რეალიზდეთ, თუკი ეს თქვენს პროგრამაში შედის.

ნებისმიერი პოტენციალი რომელიც გვაქვს, მოგვწონს თუ არა ზედაპირული თვალთახედვიდან, არის ჩვენი "კარმა", რომელიც უნდა დამუშავდეს. შეიძლება ზოგიერთი რამ გვაბედნიერებდეს, ზოგიერთი კი უსიამოვნო იყოს ჩვენთვის. და მაინც, ეს ჩვენი ფუნქციაა და მისი შესრულება ერთადერთია, რაც გვიქმნის აბსოლუტური კმაყოფილების შეგრძნებას (თვით სისრულის შეგრძნებას), რაც არ უნდა უსიამოვნო ჩანდეს ერთი შეხედვით. ადამიანი ხომ ევოლუციური გაზრდისთვის არის შექმნილი, გაზრდა კი უსიამოვნებებთან არის დაკავშირებული, ასე რომ, ეს არ არის გასაკვირი. მაგრამ, გაზრდის კმაყოფილებას არაფერი შეედრება.

ამრიგად, პროგნოზირება გვეხმარება იმაში, რომ დრო სწორად გავანაწილოთ. თქვენ ალბათ შეხვედრიხართ მრავალ სტატიას დროის მართვის და წარმატების ფორმულების შესახებ. მაგრამ, თუ თქვენ ასტროლოგიის კარმულ ეგრეგორს ეკუთვნით, მაშინ უნდა იხელმძღვანელოთ მისი წესებით.

ასტროლოგიურად კი დროის მენეჯმენტი პროგნოზირების მეთოდებით ლაგდება. ანუ, პროგნოზირება გვეუბნება, რომ მაგალითად 2035 წლის 7 სექტემბრიდან 2037 წლის 18 მაისამდე ამა და ამ ადამიანისთვის სასურველია უცხო ენის შესწავლა, ან შემოქმედებით დაკავება.

თითქოს რა აბსურდულია იმათთვის, ვინც ასტროლოგიას არ ენდობა. მაგრამ მათთვის ვამბობ: თუ თქვენ უცხო ენის შესწავლას სხვა დროს ეცდებით, მაშინაც შეისწავლით მას, მაგრამ ამ პერიოდში თუ შეისწავლით, მაშინ ყველაფერი ბევრად მარტივად დალაგდება, ან უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებთ, ან სხვა.
ან შემოქმედებაზე რომ ვთქვათ. შეიძლება სხვა პერიოდშიც დაკავდეთ შემოქმედებით, მაგრამ ამ პერიოდში შემქნილი ნაწარმოებებით მომავალში აღიარებას მოიპოვებთ.

გესმით პროგნოზირების დროის მენეჯმენტი? თქვენ შეგიძლიათ თქვენებურად დაალაგოთ გეგმები ცხოვრებაში, და ათი წელი დაახარჯოთ რაიმე პროექტს, რომელიც ბოლო - ბოლო რეალიზდება, მაშინ, როდესაც ორი წელიც საკმარისი იქნებოდა ამისთვის, თუ საჭირო დროს გადადგამდით ნაბიჯებს. ეს ის პერიოდებია, როდესაც "დადებითად" აქტიურდება კოსმიური კოდის "გენი" (ანუ პირადი რუკის ელემენტი). "დადებითი/უარყოფითი" გააქტიურება კიდევ სხვა თემაა, რაც დაკავშირებულია ასპექტებთან, პლანეტების ფუნქციებთან და სხვა მრავალ დეტალთან, რაც უკვე ასტროლოგიური კონსულტაციის დროს უნდა იქნეს განხილული.

ამრიგად, პროგნოზირების მიხედვით დროის მენეჯმენტი სულაც არ ჰგავს ტიპურ წარმატების ფორმულებს და შეიძლება მრავალმა ადამიანმა არ გარისკოს ამ საეჭვო მეთოდის მისდევა, და არ დახარჯოს დრო ისეთნაირად, როგორც ამას ასტროლოგია ეუბნება.
მაგრამ, თუ თქვენ გჯერათ ასტროლოგიის, მაშინ ის აუცილებლად გაგიმართლებთ. ამიტომაც, თუ გჯერათ მისი, უმჯობესია გამოიყენოთ თქვენთვის სასიკეთოდ.

კიდევ ერთი მაგალითისთვის რომ ვთქვათ: ვთქვათ იუპიტერი შევიდა თქვენს მეექვსე სახლში. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ ახალ თქვენთვის სასურველ სამსახურს მოძებნით. იცით რა მოხდება დაახლოებით 4 წლის შემდგომ, როდესაც იუპიტერი შემოვა თქვენს მეათე სახლში? შეიძლება გქონდეთ კარიეული წარმატება და აღიარება, ნამდვილი ტრიუმფი. კიდევ 4 წლის მერე, როდესაც მეორე სახლში შემოვა, შეიძლება ფინანსურად დიდი მარაგი დააგროვოთ.

ეს მაგალითისთვის, თორემ ასტროლოგია ისეთი მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველია, რომ ამ სტატიაში არც ღირს არაფრის კონკრეტულად განხილვა. ვფიქრობ, ძირითადი იდეა გესმით: თქვენ არ ხართ მთლიანად თავისუფალი და სამყაროს ვერ დაიპრყობთ, მაგრამ თქვენ გაქვთ გარკვეული "კარმა", რომელიც უნდა დაამუშავოთ და როდის რა გააკეთოთ - ამას პროგნოზირება გეტყვით. და დამიჯერეთ, თუ თქვენ ელემენტის დამუშავებას დაიწყებთ პროგნოზირების ამ ელემენტის გააქტიურებისას, მაშინ დამუშავება სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს, ამიტომაც ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ასტროლოგიური დროის მენეჯმენტი სულაც არ არის მოწესრიგებული, რადგან ხარისხიანი დამუშავება ხარისხიან შედეგებსაც იძლევა, ამიტომაც ნუ შეგაშინებთ დროის უცნაური მენეჯმენტი, რადგან პროგნოზების გამოყენების შედეგად თქვენდა გასაკვირად აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი კარგად ლაგდება.

ისეც ნუ წარმოიდგენთ, რომ ასტროლოგია წარმატების ფორმულაა და იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანს რაც შეიძლება მეტი მოგება მისცეს. სულაც არა. ეს წარმატებები მხოლოდ ნაწილია ჩვენი ევოლუციური გავითარების პროგრამის, თორემ ამ პროგრამაში სხვა ელემენტებიც შედის, მათ შორის ჩვენი ურთიერთობები პარტიორებთან და მეგობრებთან, და სხვა მრავალი. ამავე პროგრამაში შედის ჩვენი პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც ასევე პირადი რუკის (ანუ კარმული) პოტენციალებია და აუცილებლად უნდა რეალიზდნენ.

მოკლედ: პროგნოზირება გეტყვით იმ პერიოდებს, როდის არის სასურველი ამა თუ იმ პოტენციალის დამუშავება.

ცხოვრების ჰოლოგრამა

უკანასკნელად კი გავიხსენოთ ზემოთ მოყვანილი ძირითადი "სათქმელის" საბოლოო წინადადება: "კოსმიური კოდი წარმოადგენს დინამიკური ცხოვრების ერთგვარ ჰოლოგრაფიულ "სურათს"".

რაში გამოგვადგება ჰოლოგრაფიული მოდელი? ვინაიდან პროგნოზირება ააქტიურებს იმ ელემენტებს, რომლებიც პირად რუკაშია, ხოლო ელემენტების დამუშავება კი რამდენადმე ადამიანზეა დამოკიდებული და მის "თავისუფლებაზე", ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირადი რუკა წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების ჰოლოგრაფიულ მოდელს, ანუ ერთგვარ დატკეპვნას.

6

გახსოვთ სურათის მაგალითი? როდესაც მე სურათს ვუყურებ, მე მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იმყოფებოდეს იმ არეებში, რაც სურათში არ ჩანს. მე მაქვს ერთგვარი თავისუფლება ვივარაუდო რაც მინდა ის, თუმცა სურათის შინაარსის ფარგლებში.

სწორედ ასე, ადამიანს აქვს "თავისუფლება" დაამუშავოს პოტენციალები (შეკუმშული ინფორმაცია) მრავალი სახით, მხოლოდ - ეს დამუშავებაც ხდება პირადი რუკის ფარგლებში.

არსებობს შებრუნებული ამოცანაც, ანუ სამ განზომილებიან სივრცისთვის ფოტოს გადაღება. ასტროლოგიაში შებრუნებული ამოცანა არანაკლებ რთულია, ვიდრე პირდაპირი. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების მოვლენების და მათი თარიღების მიხედვით უნდა აღდგეს პირადი რუკა - ამას რეკტიფიკაცია ეწოდება. პირადი რუკა ერთგვარი ფოტოსურათია ადამიანის დინამიკური ცხოვრების.

ასე რომ: საუბარი ჩვენ დავიწყეთ ჰოლოგრამით, და ვასრულებთ ჰოლოგრამით. ალბათ ჰოლოგრაფიულ მოდელში ბედისწერა-თავისუფლების მექანიზმიც კარგად ჯდება, რადგან ჰოლოგრამა არის პოტენციალის რეალიზაცია გარკვეული "თავისუფლებით".

მოკლედ აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. ვფიქრობ გასაგებია რაზეც ვსაუბრობ. მთავარი ის არის, რომ ნებისმიერ ჩვენგანს აქვს მრავალი პოტენციალი, და ჩვენი ამოცანაა მათი რეალიზაცია მოვახდინოთ და ავაშენოთ ჩვენი პირადი კოსმიური კოდიდან ლამაზი და რაც შეიძლება სრულყოფილი ჰოლოგრამა - ანუ შემოვიმოქმედოთ ცხოვრება, რაშიც პირველ რიგში პროგნოზირება, ანუ ჰოლოგრამის "აგურები" დაგვეხმარება.

იმედი მაქვს გასაგებ ენაზე ვისაუბრე. წარმატებებს გისურვებთ!