ავტორი: იოანე შენგელია

არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ინფორმაციის სისტემა. პირველი მათგანი გულისხმობს, უბრალოდ, ინფორმაციულ ქაოსს. ეს ჰგავს დაულაგებელ კარადას, სადაც ყველა ტანსაცმელი, დაწყებული ფეხსაცმელებით, დამთავრებული თავსაბურავებით, ერთმანეთში არის გარეული, დაუხარისხებლად და დაულაგებლად.

სწორედ ამის მსგავსად, მრავალ ადამიანს აქვს ცოდნა ასტროლოგიაში, მაგრამ ეს ცოდნა მეტად ქაოსურია, მოუწესრიგებელია და ალაგ-ალაგობით არსებობს. მაგალითად, ფლობს ვენერა ტყუპების შესახებ ინფორმაციას, აქვს იუპიტერი-ურანის ტრიგონის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ეს ყველაფერი იცის დაზეპირებულად, ყოველგვარი სისტემურობის - ანუ მიზეზ-შედეგობრიობის გარეშე.

მაგრამ, არსებობს კარადის სხვა ტიპებიც - რომელშიც ტანსაცმელი დახარისხებულია მაქსიმალური დეტალიზაციით. სწორედ ასეთნაირად, ინფორმაციასაც სჭირდება დახარისხება, და არა მარტო დახარისხება, არამედ ლოგიკური მიზეზ-შედეგობრიობის კანონზომიერებების კვლევა (რამდენადაც ეს შესაძლებელია), და სისტემად ჩამოყალიბება, რომელსაც უკვე მასშტაბურად შევხედავთ.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ ასტროლოგიაზე, არამედ ნებისმიერ, გინდაც ეზოთერულ და გინდაც მეცნიერულ დისციპლინაზე (განსაკუთრებით იდეალური კი ამ მხრივ მათემატიკაა, რადგან მთლიანად აბსტრაქტულია). ნებისმიერი დისციპლინათაგანი არის გარკვეული სისტემა, რომელიც ეფუძნება გარკვეულ საწყის კანონზომიერებებს, რომელთა კომბინაციები უკვე აშენებენ  სისტემის რაგინდ რთულ სილამაზეს. როდესაც იცნობ სისტემის საწყის "აქსიომატიკას", შემდგომ უკვე მის ყველა გამოვლენას უყურებ ამ საწყისი "აქსიომატიკის" ჭრილში, და ეს მეტად სახალისო პროცესია, როდესაც ინფორმაციას იმახსოვრებ არა უბრალოდ დაზეპირებით, არამედ "გამოგყავს" ის ლოგიკური მსჯელობიდან, საწყის პირობებზე დაყრდნობით.

ასე მაგალითად, რომელიმე თქვენგანი თუ დაფიქრებულა საიდან მოდის ამა თუ იმ ასტროლოგიური მდებარეობის ან ასპექტის ესა თუ ის თვისება? თქვენ შეიძლება ინფორმაცია ქაოსურად დაიმახსოვროთ, და ეს იქნება ინფორმაციის მხოლოდ სიმრავლე, მოკლებული ყოველგვარ აზრს. მაგრამ, თუ თქვენ ასტროლოგიის საფუძვლებში გაერკვევით, მაშინ მის ყოველ ინფორმაციას სისტემურად შეხედავთ, და თანდათან შეავსებთ სისტემის მთელს სურათს დეტალებით.

ცხადია, ეს მოდელი მუშაობს ნებისმიერ სისტემაზე (და არა მარტო ასტროლოგიაზე). თუ თქვენ განზრახული გაქვთ სისტემურად შეისწავლოთ რაიმე (მაგალითად ასტროლოგია), მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ და ვერ ხედავთ გზას, რომელიც ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა, არ იდარდოთ.. თუ თქვენ მართლა სერიოზულად გაქვთ განზრახული სისტემური შესწავლა, მაშინ ეძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, და თქვენი ტვინი იმუშავებს იმისთვის, რომ სისტემურად გაანაწილოს ინფორმაცია. თანდათან, თქვენი აზროვნება დაიწყებს ახლი საზღვრების მუდმივად გახსნას, და ეს პროცესი არ შეჩერდება მანამ, სანამ სისტემის სრულ სურათს არ დაინახავთ, და არ აღმოაჩენთ მის შინაგან კანონზომიერებებს.

მაგრამ, გზამკვლევი თუ არსებობს, ეს მაინც უკეთესია, ვიდრე ტანჯული გზით შეიმეცნოთ ყველაფერი და ასე მიხვიდეთ სისტემურობამდე. მოკლედ, ამ სტატიაში შევეცდები ზედაპირულად, მაგრამ არსობრივად ვისაუბრო ასტროლოგიის "აქსიომატურ" სტრუქტურაზე და იმ ოპტიმალურ გზაზე, რომლითაც ყველაზე ლამაზად შენდება ეს სისტემა, რომლის მრავალფეროვნებამაც შეუძლებელია არ მოხიბლოს მისი მიმდევარი.

1 li

დასავლური ასტროლოგიის "ჩონჩხი"

magma -ს მიზანია ყოველი ეზოთერული დისციპლინა წარმოადგინოს არსობრივად (რამდენადაც ეს შესაძლებელია) და სრული სურათის ხედვით. ამიტომაც, ამ სტატიაშიც შევეცდები წარმოგიდგინოთ ასტროლოგიის სრული "ჩონჩხი", რომელსაც უკვე ინფორმაციული "მასით" და დეტალებით თქვენვე შეავსებთ, თუ მისი სწავლა მოგწყურდებათ.

პირველი, ალბათ რაც უნდა ვიცოდეთ, არის სტიქიები და ჯვრები. გვაქვს ოთხი სტიქია და სამი ჯვარი. თითოეულ სტიქიას თავისებური მახასიათებლები აქვს და თითოეულ ჯვარსაც თავისებური მახასიათებელი აქვს. მაგალითად, ცეცხლი გამოხატავს აქტიურობას და ცხოვრების უნარიანობას, სასიცოცხლო ენერგიას, ასევე ნებელობას და წინამძღოლობას. მიწის სტიქია გამოხატავს რესურსებს და მათ განაწილებას, პრაქტიკულობას, პრაგმატულობას და სხვა. ჰაერის სტიქია გამოხატავს ინტელექტს, კომუნიკაციებს, თანამშრომლობას, ინფორმაციას და სხვა. წყლის სტიქია კი გამოხატავს ინტუციას, აღქმას, ტრანსფორმაციას, ქვეცნობიერს და სამყაროს სიღრმეებში წვდომას (არა ინტელექტუალური, არამედ გრძნობითი გაგებით).

რაც შეეხება ჯვრებს, ისინი ადვილი "გამოსაყვანია" რაიმე პროექტის განხორციელების გზიდან. პირველი ნაბიჯი არის ნებელობის გამომჟღავნება და მართვა, ფუნქციების განაწილება (კარდინალური ჯვარი). მეორე ნაბიჯია სტაბილურობა, როდესაც უკვე ფუნქციები განაწილებულია და ყველა თავის საქმე სტაბილურად და გულმოდგინედ აკეთებს (ფიქსირებული ჯვარი), ხოლო უკანასკნელი ნაბიჯია ცვლილებები (მუტაბელური ჯვარი). ესეიგი, პროექტი განხორციელდა და აწი საჭირა ცვლილებები, სიახლეები, ახალი პრექტების იდეები. რის შემდეგაც იწყება ყველაფერი თავიდან ახალი პროექტისთვის.

ესეიგი, გვაქვს ოთხი სტიქია და სამი ჯვარი. ახლა კი მარტივი მათემატიკურ-კომბინატორული ამოცანა: გვინდა ავაგოთ ზოდიაქოს ნიშნები ისეთნაირად, რომ თითოეულ ნიშანში იყოს წყვილი: ერთ-ერთი სტიქია და ერთ-ერთი ჯვარი. თანაც, მივიღოთ ყველა შესაძლო კომბინაცია და თითოეული კომბინაცია გამეორდეს ერთადერთხელ. რამდენი ასეთი წყვილი იქნება?

მართალია, ეს იქნება 3*4=4*3=12. ზოდიაქოს 12 ნიშანი, რომელთა თვისებების და მახასიათებლების გარკვეული ნაწილი განსაზღვრულია სწორედ ამ სტიქიებითა და ჯვრებით. თანმიმდევრულად რომ დავალაგოთ, 12 ნიშანში გვექნება 4 სტიქია სამჯერ, და 3 ჯვარი ოთხჯერ. სურათზე კარგად ჩანს ეს სტრუქტურა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს სხვა მახასიათებელიც: სტიქიის გამოვლენის რიგი. მაგალითად, პირველ ოთხ ნიშანში სტიქია ვლინდება პირველადად, ესეიგი ორიენტირებულია საკუთარ თავზე, მეორე ოთხ ნიშანში ორიენტირებულია გარშემომყოფებზე, ხოლო მესამე ოთხ ნიშანში უკვე კარგად აცნობიერებს საკუთარ თავს და მისიას, და ვრცელდება მისი გავლენა უკვე საზოგადოებაზე, მისი მასშტაბები ამ ნიშნებს (მესამე დეკადის ნიშნებს) აძლევს უნარებს უკვე გარკვეულ ჯგუფებზე და საუკეთესო შემთხვევაში - მთელს კაცობრიობაზე.

ესეიგი, ვიღებთ 12 უნიკალურ ტიპაჟს, რომელთა თვისებები ყალიბდება ჯვრებითა და სტიქიებით, აგრეთვე მათი გამოვლენის რიგითობით. მაგალითად, თუ ჩვენ გვსურს ქალწულის დახასიათება ამ მოდელით, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქალწული არის მეექვსე ნიშანი, ესეიგი წარმოადგენს მესამე ჯვარს - მუტაბელურს. გარდა ამისა, ის არის მიწის სტიქია, და თანაც მეორე გამოვლინებაში. ეს ყველაფერი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ქალწულზე წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რაღა თქმა უნდა კარგად ვერკვევით თავად სტიქიების და ჯვრების დახასიათებაში.

me 2

სტიქიებსა და ჯვრებზე, ასევე ზოდიაქოს ნიშნების მათი მეშვეობით დახასიათებაზე, და ზოგადად ასტროლოგიის არსზე იხილეთ ეს სტატია.

ახლა კი განვაგრძოთ.. ზოდიაქოს ნიშნების ხასიათს როდი აყალიბებენ მხოლოდ სტიქიები და ჯვრები. არანაკლები (და შეიძლება უფრო მეტიც) წილი მოდის პლანეტებზე. ეს პლანეტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ როგორც ზოდიაქოს ნიშნების უშუალოდ ხასიათის ჩამოყალიბებაზე, ასევე სხვა მრავალზე, თუმცა მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

დასაწყისისთვის უნდა ვიცოდეთ ცოტაოდენი. მაგალითად ის, რომ პლანეტები იყოფიან რამდენიმე დონედ. პირველი დონის პლანეტებია მზე და მთვარე. ისინი გამოხატავენ იმ პირველად თვისებებს, რითაც ადამიანის დახასიათება შეიძლება დაიწყო: მზე გამოხატავს ეგოს, ცნობიერ ნებას. ის ასევე სიმბოლოა ღმერთის, შემოქმედის. პირადი რუქის და პროგნოზირების ანალიზისას მზე ხანდახან მამის ან ქალის შემთხვევაში ქმრის/ვაჟის სიმბოლოც არის ხოლმე. ისე კი ზოგადად, მზე წარმოადგენს ცნობიერ ნებელობას და სიცოცხლისუნარიანობას, სასიცოცხლო ენერგიას. მზე მამაკაცური პლანეტაა.

მთვარეს რაც შეეხება, ის გამოხატავს მზის ანალოგიურად ქვეცნობიერს, ანუ იმას, რაც ნათელი არ არის, არამედ დაფარულია. ქვეცნობიერი მოტივები და სურვილები. თუ მზე არის ცნობიერი ნებელობა, მთვარე მაშინ არის ქვეცნობიერი ნებელობა, იმპულსები, ინსტინქტები, თვითგადარჩენის ინსტინქტი და სხვა. პირად რუქაში ანდა პროგნოზირებაში მთვარე შეიძლება გამოხატავდეს დედას, ზოგჯერ მეუღლეს (ცოლს). მთვარე ემოციებია და შინაგანი სამყარო.

ეს რაც შეეხება პირველი დონის პლანეტებს, რომლებიც უშუალოდ პიროვნული პლანეტებია. მათი მახასიათებლები ვრცელდება ძალიან პირად დონეზე. ხოლო მეორე დონის პლანეტები - მერკური, ვენერა, მარსი - არიან უფრო სოციალური პლანეტები, და მათი ფუნქციები დაკავშირებულია უკვე სხვა ადამიანებთან კომუნიკაციასთან. მაგალითად, მერკური პასუხისმგებელია გონებრივ სამუშაოზე, ასევე გარშემომყოფებთან საკომუნიკაციო უნარებზე, მეტყველებაზე, და სხვა.

ვენერა პასუხისმგებელია სოციალურ ურთიერთობებზე, კულტურაზე, ფასეულობებზე, ქცევის კოდექსზე. წარმოდგენა სიყვარულზე და მოქმედება ამ თემატიკაში, ხელოვნება, სილამაზე, ჰარმონია და სხვა. მარსი კი დაკავშირებულია ენერგიის მართვასთან, სექსუალურობასთან, აქტიურობასთან და მოქმედებასთან. ბრძოლა და საკუთარი ძალისხმევა - ესეც არის მარსის თემა. პირად რუქასა და პროგნოზირებაში ეს პლანეტები შეიძლება მიანიშნებდნენ სასიყვარულო პარტნიორებზე, მათთან ურთიერთობის სტილზე, და სხვა.

როგორც შეამჩნევდით, პლანეტების ფუნქციები იწყება ადამიანის პირადული მახასიათებლებიდან (მზე და მთვარე) და თანდათან იძენს მასშტაბებს. გრძელდება გარშემომყოფებთან ურთიერთობებით, შემდგომ კი უფრო მასშტაბური ხდება - საზოგადოებასთან ურთიერთობა, და ბოლოს გადადის ზოგადსაკაცობრიო მასშტაბებში. გარდა ამისა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პლანეტების გამომჟღავნების და დამუშავების რიგითობაც დაცულია ადამიანის დაბადებიდან მოყოლებული: პატარა ასაკში მნიშვნელოვანია მზის და მთვარის ფუნქციები, მოზრდილ ასაკში მნიშვნელოვანი ხდება სოციალური უნარებიც, ცოტა უფრო შემდგომ კი საზოგადოებრივი რეალიზაციის უნარები და სხვა. თუ ადამიანი სწრაფად განვითარდა (ან სხვა მიზეზების გამო), ის იწყებს ზოგადსაკაცობრიო მასშტაბების პროექტებზე მუშაობასაც, რაც უკვე სიმბოლურია მაღალი დონის პლანეტების.

ახლა კი განვაგრძოთ. პლანეტების შემდგომი დონე არის უკვე მარკოსოციალური: იუპიტერი და სატურნი. ეს პლანეტები, როგორც ხვდებით, პასუხისმგებელნი არიან არა იმდენად ადამიანის გარშემომყოფ სიტუაციაზე, არამედ უფრო დიდ მასშტაბებზე. მეორე დონის პლანეტები იყვნენ მიკროსოციალური (ახლო კონტაქტები, სამეგობრო და სასიყვარულო წრე და სხვა), ეს პლანეტები კი უფრო დიდი საზოგადოების თემატიკაშია. კერძოდ იუპიტერი არის კიდეც საზღვრების გაფართოება, საზოგადოებრივი ეთიკა, მოგზაურობა უცხო ქვეყნებში, ფილოსოფია, რელიგია, მსოფლმხედველობა, და სხვა. პირად რუქასა და პროგნოზირებაში ეს პლანეტა შეიძლება აჩვენებდეს სულიერ მასწავლებლებს, ასევე გამართლებასა და იღბალს, ცხოვრების აზრის ძიებას და სხვა.

რაც შეეხება სატურნს, ის არის ბოლო პლანეტა, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს ცაში. ამიტომაც, ის დაკავშირებულია საზღვრების დაწესებასთან და შეზღუდვებთან. ის არის უხუცესი და ბრძენი. სატურნის გამოვლენა დაკავშირებულია დისციპლინასთან, შესრულებასთან, პასუხისმგებლობასთან, შრომისმოყვარეობასთან. ის სიმბოლოა იმისა, რომ როდესაც ადამიანი იპოვნის თავისი ცხოვრების აზრს, და დაიწყებს მის მიდევნას და სიმაღლეების დაპყრობას, საჭირო გახდება დისციპლინის დაცვა და სიბრძნის გამომუშავება. ასევე, სატურნი დაკავშირებულია კარმასთან და კარმულ ვალებთან, რადგან ის არის პასუხისმგებლობის პლანეტა და ადამიანს ზრდის მკაცრი მეთოდებით.

როგორც ვთქვით, სატურნი ბოლო პლანეტაა, რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს ცაზე. ამიტომაც, ახალი პლანეტის აღმოჩენა დაკავშირებულია უკვე ტექნიკის განვითარებასთან. ეს ხდება მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსკენ, როდესაც ტელესკოპით აღმოაჩენენ ახალ პლანეტას - ურანს, და შემდგომ კიდევ სხვა პლანეტების აღმოჩენაც მოჰყვება ამას, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს კაცობრიობაზე. ეს უმაღლესი პლანეტებია.

ურანი დაკავშირებულია გარღვევებთან, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ნებისმიერ სფეროში, რომელთან კავშირიც აქვს პირად რუქასა თუ პროგნოზირებაში. ეს პლანეტა არის სატურნის შეუიარაღებელი თვალით დადგენილი საზღვრების გაფართოება ახალი მეთოდებით. იმისათვის, რომ ურანი დაინახო, ხედვის ჩვეული რეჟიმი ამის საშუალებას არ მოგცემს და საჭირო ხდება ტექნიკური გარღვევა - ტელესკოპი. ასევეა უარნის გავლენაც - იმისათვის, რომ ურანის ფუნქციები დაამუშავოს ადამიანმა, საჭიროა გარღვევა მოახდინოს, ჩვეული მეთოდებით ურანი არ გააქტიურდება. ურანი დაკავშირებულია გამონათებებთან, ოღოდ არა შეგრძნებით და ტელეპატიურ გამონათებებთან, არამედ უეცარ, ელვისებურ გამონათებებთან, როდესაც ინფორმაციას იღებ არა ბუნდოვნად, არამედ პირდაპირი გზით - გენიალურობა (ურანს უმაღლეს მერკურსაც უწოდებენ). ურანის აღმოჩენას მოჰყვა საფრანგეთის რევოლუცია, რომლის ძირითადი წინადადება იყო - ძმობა, ერთობა, მეგობრობა. ეს სრულიად ურანისეული ფილოსოფიაა. ურანის გააქტიურებას ასევე მოჰყვა მეცნიერული გარღვევები და კაცობრიობის გაერთიანება, გლობალიზაცია.

მისგან განსხვავებით ნეპტუნის გამონათება არის უფრო მეტად შეგრძნებითი და ტელეპატიური, და არა გენიალური და ელვისებური. ნეპტუნი არის ბუნდოვნება და საიდუმლოება. ის გაგხვევს ბურუსში და გაურკვევლობაში. საბოლოოდ, მისი უმაღლესი მიზანია კაცობრიობისადმი კოსმიური სიყვარულის გამომუშავება, მაგრამ აქამდე დიდი გზაა გასავლელი ბუნდოვნებისა და ტყუილების. ნეპტუნის გავლენა ძალიან ფაქიზია და ირიბი. საუკეთესო გამოვლინებაში კი ის იძლევა მეტაფიზიკური სამყაროს პირდაპირ ხედვას, სულების და ეგრეგორების ხედვას (ხედვას პირდაპირი გაგებით). შეგრძნება გადადის უშუალოდ ხედვაში, რომელიც არ არის გამომუშავებული ინტელექტუალურად, არამედ პირდაპირ ეძლევა ადამიანს უმაღლესისგან. პირად რუქასა და პროგნოზირებაში ნეპტუნი შეიძლება აჩვენებდეს ბუნდოვნებას და ტყუილებს, იმედგაცრუებებს, სიფაქიზეს და სხვა. ნეპტუნის აღმოჩენას საკაცობრიო მასშტაბებში მოჰყვა ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიის (და ამ სფეროსთან დაკავშირებული დისციპლინების) განვითარება, ბიოენერგეტიკის განვითარება და სხვა. ნეპტუნს უმაღლეს მთვარესა და ვენერასაც უწოდებენ.

პლუტონი კი დაკავშირებულია აბსოლუტურ ტრანსფორმაციასთან. მისი ფუნქციაა სიღრმისეული ხედვა, არცერთი დეტალის არ გამორჩენა და ყველაფრის აღმოფხვრა. ყველაფრის წაშლა. წარმოიდგინეთ, რომ მტვერსასრუტით გაასუფთავეთ ოთახი და ავეჯის ქვევითაც მოასუფთავეთ იატაკი. იქ თუ ერთი გრამი მტვერი მაინც დარჩება, პლუტონი ამას არ შეგარჩენთ, და ამ ერთი გრამითაც მოგწამლავთ, სანამ არ გააცნობიერებთ პრობლემის მიზეზების ამ ერთ გრამსაც კი, მანამ არ მოისვენებთ. ეს ჯოჯოხეთი უნდა გაიაროთ, რათა მერე თავიდან იშვათ. პლუტონი უმაღლესი მარსია, და ის დაკავშირებულია უკვე საზოგადოებრივ ენერგიასთან და აქტივობასთან, გარემოში არსებული ენერგიების საკუთარ თავში გატარებასთან. თუ მარსი პირადი ენერგიის მართვაა, პლუტონი უკვე სამყაროს ენერგიის ორომტრიალში ჩართვაა. პირად რუქაშიც ეს თემები იქნება წამოწეული პლუტონის გავლენისას.

არსებობს კიდევ უახლესი პლანეტები, მაგალითად: ქირონი, პროზერპინა, ცერერა, პალლადა, იუნონა და სხვანი. თუმცა, ისინი ნაკლებ განვლენას ახდენენ როგორც ზოდიაქოს ნიშნებზე, ასევე ადამიანებზე მათ პირად რუქასა თუ პროგნოზირებაში. ყველა ეს პლანეტა მნიშვნელოვანია, და ზოდიაქოს ნიშნები მათი გავლენითაც ყალიბდება (გარდა სტიქიებისა და ჯვრებისა). და რათა ამდენ ინფორმაციაში არ დაკვარგოთ ჩვენი ძირითადი მიზანი - ასტროლოგიის ჩონჩხის აგება - მივუბრუნდეთ ამ თემას.

როგორ გავლენას ახდენენ პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებზე? პასუხი მარტივია: პლანეტას აქვს ოთხი მდგომარეობა: მმართველობა და მისი საპირისპირო - ტყვეობა, კულმინაცია (ეგზალტაცია) და მისი საპირისპირო - დაცემა. არსებობს სხვა წყვილებიც, თუმცა ძირითადი მაინც ეს ორი წყვილია: მმართველობა-ტყვეობა, კულმინაცია-დაცემა. ნებისმიერ პლანეტას აქვს თავისი სამმართველო ზოდიაქოს ნიშანი (შეიძლება ორი ნიშანი ჰქონდეს, რომლებიდანაც ერთ-ერთის ძირითადი მმართველია, ხოლო მეორეს პასიური მმართველი). ხოლო მისი ტყვეობის ნიშანი განისაზღვრება სამმართველო ნიშნის საპირისპირო ნიშნით. ანუ, პლანეტა თუ მართავს მაგალითად ლომს, მაშინ იგივე პლანეტა ტყვეობაში იქნება ლომის საპირისპირო (ოპოზიციურ) ნიშანში - მერწყულში. ეგზალტაცია-დაცემაზეც იგივე პრინციპი მუშაობს. თუ პლანეტა ეგზალტირდება რომელიმე ნიშანში, მაშინ ის ეცემა ამ ნიშნის საპირისპირო ნიშანში. ხოლო, თითოეული ეს მდგომარეობა გაკრვეულ გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანზე. მაგალითად, კირჩხიბს მართავს მთვარე, ტყვეობაშია სატურნი, ეცემა მარსი და ეგზალტირდება იუპიტერი. ეს ყველაფერი (კარდინალურ ჯვართან და წყლის სტიქიასთან ერთად) თავისებურ გავლენას ახდენს ამ ნიშნის ფორმირებაზე.

და კონკრეტულად როგორ გავლენას ახდენს პლანეტის მმართველობა, ტყვეობა, ეგზალტაცია და დაცემა ნიშანზე?

ნიშანი, რომელსაც პლანეტა მართავს, ღიად ატარებს ამ პლანეტის თვისებებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პლანეტის თვისებები წარმოადგენს მის ძირითად არსს. ნიშანში, რომელშიც პლანეტა ტყვეობაშია, ამ პლანეტის თვისებები ვერ მჟღავნდება. ეს თვისებები იქცევიან პლანეტის კომპლექსად, და ამ თვისებების ქვეცნობიერიდან ცნობიერში გამოტანა რთულდება. ისინი დატყვევებულია, რადგან ნიშნის ძირითად და ღია არსს თითქოსდა არ შეესაბამებიან, მაგრამ ისინი არსებობენ, ამიტომ უნდა დამუშავდნენ.

ნიშანი, რომელშიც პლანეტა ეგზალტირდება, მკვეთრად ატარებს ამ პლანეტის თვისებებს, სავსეა ამ პლანეტის "ატმოსფეროთი". დემონსტრირებს ამ თვისებებს. ხოლო, ნიშანი, რომელშიც პლანეტა დაცემაშია, ხდება დაახლოებით ტყვეობის მსგავსი, ანუ პლანეტის თვისებები ვერ რეალიზდება ამ ნიშანში, რადგან არ შეესაბამება ნიშნის ნათელ თვისებებს. ეგზალტაცია-დაცემის მდგომარეობას გამოვლენის დიდი დიაპაზონი აქვს და პლანეტას შეუძლია გამომჟღავნდეს და დემონსტრირდეს როგორც ძალიან კარგი ან როგორც ძალიან ცუდი.

თუ პლანეტების ძირითად ფუნქციებს ვიცნობთ, და ვიცნობთ ამ ოთხი მდგომარეობის მოდელს, მაშინ ჩვენ უკვე შეგვეძლება თითოეული პლანეტისთვის განვსაზღვოთ რას ნიშნავს მმართველობა, დაცემა, ტყვეობა და ა.შ. რადგან, ამ მდგომარეობებში საქმე ეხება ამ ფუნქციების გამოვლენა-არგამოვლენის სტილს. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ გავანაწილოთ ეს პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში მმართველობა-ეგზალტაციის მიხედვით, და ტყვეობა-დაცემა ავტომატურად დალაგდება საპირისპირო ნიშნებში.

დავიწყოთ მზით. რომელ ნიშანს შეიძლება მართავდეს მზე? გასაგებია, რომ ამ ნიშნის სტიქია იქნება ცეცხლის. მაგრამ, რომელი მათგანი? მზე არის ჩვენი მარადიული სულის სიმბოლო - ცეცხლი, რომელიც მარადიულია. ეს ასოციაციას ბადებს მუდმივობასთან, ანუ ფიქსირებულ ჯვართან. ესეიგი, მზე უნდა მართავდეს ნიშანს, რომელიც არის ცეცხლის სტიქიის და თან ფიქსირებული ჯვარი - ეს არის ლომის ნიშანი. ავტომატურად, მის ოპოზიციურ ნიშანში - მერწყულში მზე ტყვეობაშია.

რაც შეეხება მთვარეს, ის დაკავშირებულია ქვეცნობიერთან და ინსტინქტებთან. ეს პირდაპირ მიანიშნებს წყლის სტიქიაზე. ხოლო, ვინაიდან ლომთან ყველაზე ახლოს მდგომი წყლის სტიქიის ნიშანი მისივე მეზობელი კირჩხიბია, და თანაც ამ ნიშანში წყლის სტიქია პირველად გამოვლენაშია, ამიტომაც ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ მთვარე ყოფილიყო კირჩხიბის მმართველი. ავტომატურად, მის ოპოზიციურად - თხის რქაში მთვარე დატყვევებულია.

რაც შეეხება დანარჩენ პლანეტებს, ისინი ამ ორი ნიშნის მეზობლად ნაწილდებიან თანმიმდევრულად, თანაც ორივე მხარეს. ანუ მაგალითად მერკური მართავს კირჩხიბის წინა - ტყუპებსაც და ლომის შემდგომ - ქალწულსაც. ვენერა მართავს ამ ორი ნიშნის გარშემო ნიშნებს - კუროს და სასწორს. მარსი მართავს მათ მეზობელ ნიშნებს - ვერძი და მორიელი. იუპიტერი მართავს მათ მეზობლებს - თევზებსა და მშვილდოსანს. სატურნი მართავს მერწყულსა და თხის რქას, და ურანიც მართავს ამ ორ ნიშანს, რადგან ერთმანეთის მეზობლები არიან, და ეს ციკლი ჩვეულებრივ გრძელდება საპირისპირო მიმართულებით. ანუ ნეპტუნი მართავს მშვილდოსანსა და თევზებს, პლუტონი მართავს მორიელსა და ვერძს, ქირონი მართავს სასწორსა და კუროს, და ა.შ. (თუმცა დანარჩენი პლანეტები, ჯერჯერობით, ბოლომდე შესავლილი არ არის).

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რადგან ყველა ეს პლანეტა (მზისა და მთვარის გარდა) მართავს ორ-ორ ნიშანს (პირობითად იმიტომ, რომ ამ პლანეტებს შეუძლიათ დირექტული და რეტროგრადული მოძრაობა, მზე და მთვარე კი მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობენ), ამიტომაც თითოეული ამ პლანეტისთვის არსებობს მისი ძირითადი სამმართველო ნიშანი (სადაც დღის მმართველია, იგივე დირექტული მმართველი) და ნიშანი, რომლის პასიური მმართველია (ღამის მმართველია, იგივე რეტროგრადული მმართველი). ამასთან, თითოეულ ამ ნიშანს ჰყავს დღის და ღამის მმართველები. ანუ სიმეტრიულად ნაწილდება. მაგალითად, ავიღოთ კურო და სასწორი. ორივე მათგანს მართავს ქირონიცა და ვენერაც. მაგრამ, კუროსთვის ქირონი ძირითადი მმართველია, ხოლო ვენერა მეორე მმართველია. ანალოგიურად, სასწორისთვის ვენერაა პირველი მმართველი, ხოლო ქირონი მეორე მმართველია.

რაც შეეხება ეგზალტაციის ცხრილს, ეს ცოტაოდენ უფრო რთული გასანაწილებელია, რადგან კანონზომიერება არ შეიმჩნევა განსხვავებით მმართველობების თანმიმდევრული განაწილებისგან, ამიტომაც მოგვიწევს უბრალოდ დავუჯეროთ ასტროლოგებს (თუმცა, შეიძლება აქაც არსებობდეს რაიმე კანონზომიერება, რომელიც მე ვერ აღმოვაჩინე, და თუ თქვენ აღმოაჩენთ, ან უკვე იცით, გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა). მზის ეგზალტაცია ხდება ასევე ცეცხლის ნიშანში, ზოდიაქოს პირველ ნიშანში - ვერძში (შესაბამისად, დაცემა ხდება სასწორში - ვერძის საპირისპირო ნიშანში). მთვარე კი ეგზალტირდება კუროში (ანუ ეცემა მორიელში - კუროს ოპოზიციურ ნიშანში). რაც შეეხება დანარჩენ პლანეტებს, აქაც, დირექტულ-რეტროგრადული მოძრაობების გამო ზოგიერთი პლანეტა ეგზალტირდება (და შესაბამისად დაცემაშია) ორ-ორ ნიშანში, ზოგიერთი კი თითო-თითო ნიშანში (ერთ-ერთი ვერსიით).

me 3

მერკური ცოტა უცნაური პლანეტაა. ის დირექტულად მართავს ქალწულს და დირექტულად ეგზალტირდება ტყუპებში. ხოლო რეტროგრადულად მართავს ტყუპებს რეტროგრადულად ეგზალტირდება ქალწულში. დანარჩენი პლანეტები კი განაწილებულნი არიან სხვა და სხვა ნიშნებში. მაგალითად, ვენერა ეგზალტირდება თევზებში, მარსი - თხის რქაში, იუპიტერი - კირჩხიბში, სატურნი - სასწორში. ხოლო უმაღლესი პლანეტები კი ორ-ორ ნიშანში ეგზალტირდებიან: ურანი დირექტულად ეგზალტირდება მორიელში, ხოლო რეტროგრადულად - სასწორში. ნეპტუნი დირექტულად ეგზალტირდება მერწყულში, ხოლო რეტროგრადულად - კირჩხიბში. პლუტონი დირექტულად ეგზალტირდება ლომში, ხოლო რეტროგრადულად - თხის რქაში. ქირონი ეგზალტირდება თევზებში, და სხვა.

სურათზე მოცემულია პლანეტების მმართველობისა და ეგზალტირების ცხრილი ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით. ამრიგად, თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ დაწვრილებით აღწეროთ თითოეული ზოდიაქოს ნიშანი, თუ კარგად იცნობთ პლანეტების ფუნქციებს და მათი გამოვლენის სტილს ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მდგომარეობაში. მაგალითისთვის, განვიხილოთ თხის რქა: ის არის კარდინალური ნიშანი და მიწის სტიქიის მესამე გამოვლენა. ხოლო პლანეტებით კი: სატურნი არის მისი ძირითადი მმართველი (ესეიგი, სატურნის ფუქნციები თხის რქაში დადებითად ვლინდება და მის ძირითად თვისებებს წარმოადგენს), ურანი არის მისი მეორე მმართველი (ესეიგი, ურანის თვისებები ასევე ვლინდებიან თხის რქაში, ოღონდ უფრო ფარულად და ქვეთვისებებად, რომლებიც "ავსებენ" სატურნის ბუნებას), მარსი და პლუტონი ეგზალტირდება მასში (ესეიგი, ამ პლანეტების თვისებებით სავსეა თხის რქა და ისინი თანადამხმარედ ევლინებიან მმართველი პლანეტების ფუნქციების შესრულებას), მთვარე ტყვეობაშია (ანუ მთვარის თვისებები ჩახშობილია თხის რქაში და ვერ ვლინდება. ეს უნდა დაამუშავოს თხის რქამ - თანამშრომლობა მთვარის თვისებებთან), იუპიტერი და ნეპტუნი ეცემიან (ესეიგი, ამ პლანეტათა ფუნქციები მინიმალურად ვლინდება, ან უფროსწორედ - საპირისპირო ფუნქციით ვლინდებიან). ეს ყველაფერი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ თხის რქა სრულყოფილად დავახასიათოთ, თუ რა თქმა უნდა იცნობთ ამ პლანეტების ფუნქციებს და მათი გამოვლენის სტილს ამ ოთხ მდგომარეობაში.

ასე და ამგვარად, სტიქიები, ჯვრები და პლანეტები წარმოადგენენ ასტროლოგიის სისტემის საბაზისო აგურებს. თუ მათ ფუნქციებს კარგად იცნობთ, მაშინ შეგიძლიათ "გამოიყვანოთ" თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ტიპაჟი, თვისებები, ფუნქციები და მისიები. მათი მეშვეობით "შენდებიან" ზოდიაქოს ნიშნები, შემდგომ ზოდიაქოს სახლები, შემდგომ ასპექტები და ა.შ. - ასტროლოგიის მთელი სისტემა. ზოდიაქოს ნიშნების ტიპაჟებს რაც შეეხება, ის შეიძლება შესაბამისი თანავარსკვლავედების მითოლოგიურ სცენარებშიც იდოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ამ სტატიაში არ წერია.

ძვირფასო მკითხველო! არ იფიქროთ, რომ ამით ასტროლოგია დასრულდა. არაფერიც! ამით ასტროლოგია მხოლოდ იწყება. ზოდიაქოს ნიშნების თვისებების "გამოყვანა" უკვე ვიცით ზემოთ მოცემული მოდელით, მაგრამ ეს მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნებია და სხვა არაფერი. ასტროლოგიის მთელი სილამაზე ახლა დაიწყება! მაშ ასე, განვაგრძოთ:

შემდგომი ნაბიჯია ზოდიაქოს სახლები. ნიშნები ცალსახად ატარებენ თვისებებს და ხასიათს, მაგრამ ასტროლოგიაში არსებობს სახლების სისტემაც, რომელიც არის არა თვისებები და ხასიათი, არამედ ცხოვრების შესაბამისი სფეროები. ზოდიაქოს 12 სახლი პირდაპირი ანასახია 12 ნიშნის, ოღონდ ნიშნის თვისებები გადაჰყავს ცხოვრების სფეროებში. მაგალითად, ვერძს ახასიათებს თვითდემონსტრირება და საკუთარი ნების გატანა, ამიტომ მისი შესაბამისი სახლი - პირველი სახლი - არის ადამიანის გარეგნული მხარე, თვითრეალიზაციის სტილი, ნებელობის გამოხატვა. ან კიდევ, კირჩხიბი მიმართულია წარსულისკენ და პატრიოტია, მეოთხე სახლის სფეროები კი იქნება წარსული, სახლი, ფესვები, და ა.შ. ან გნებავთ მშვილდოსანი ავიღოთ, რომელიც მიდრეკილია ფისოლოფოსობისკენ, მოგზაურობისკენ და ა.შ. მაშინ მეცხრე სახლის სფეროებია მოგზაურობა, უმაღლესი განათლება, უმაღლესი "მეს" ძიება და ა.შ. ასეთნაირად, თუ ნიშნების ძირითად და არსებით თვისებებს იცნობთ, მაშინ არ გაგიჭირდებათ შესაბამისი სახლების სფეროების ჩამოთვლა.

ამრიგად, ნიშნები არის უფრო ხასიათი, ხოლო სახლები არის სფეროები, ცხოვრების სფეროები. მაგრამ, სახლების სფეროები არ წარმოადგენს მხოლოდ ნიშნების თვისებების "ანარეკლს", არამედ აქ საინტერესო მექანიზმს ვაწყდებით: სახლები თავის თავშიც ატარებენ სახლების სისტემას ყოველი სახლისთვის. რას ნიშნავს ეს? ანუ მაგალითად მეცხრე სახლი არის თავისი ბუნებით მეცხრე, და შესაბამისად ის ატარებს მშვილდოსნის დამახასიათებელ სფეროებს საკუთარ თავში. მაგრამ, ეს მეცხრე სახლი არის მერვე სახლი მეორე სახლისთვის. ამიტომ, ის ატარებს მერვე სახლის სფეროებსაც მეორე სახლთან მიმართებაში. ის ასევე არის მეშვიდე სახლი მესამე სახლისთვის, ამიტომ ატარებს მეშვიდე სახლის მახასიათებლებსაც მესამე სახლთან მიმართებაში და ა.შ. ასე რომ, თითოეული სახლის სფეროები ირჩევა არა მხოლოდ თავისი ბუნებრივი რიგითობის მიხედვით, არამედ თითოეული სახლი ატარებს ყოველი სახლის სფეორებს, მხოლოდ სხვა და სხვა გადმოსახედიდან.

მაგალითად, მეხუთე სახლი თავისი თავდაპირველი სფეროებიდან შეიცავს "შვილის" სფეროს. ხოლო, მეცხრე სახლი არის მეხუთე სახლი მეხუთესთვის. ესეიგი, მეცხრე სახლი შეიძლება იყოს შვილის შვილი. ან გნებავთ მესამე სახლი ავიღოთ, რომლის ერთ-ერთი სფეროა და-ძმები. მეცხრე სახლი წარმოადგენს მეშვიდე სახლს მესამესთვის, ამიტომ ის შეიძლება აჩვენებდეს ადამიანის და-ძმების სასიყვარულო და საოჯახო პარტნიორს. და ა.შ.

თქვენ ალბათ გაგიჩნდებოდათ ასეთი შეკითხვა: თუ მეცხრე სახლი წარმოადგენს მაგალითად მეოთხე სახლს მეექვსე სახლისთვის, ესეიგი ის ატარებს მეექვსე სახლის გადმოსახედიდან მეოთხე სახლის სფეროებს. მაგრამ, ამ მეექვსე სახლში და მეოთხე სახლში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, იგულისხმება ამ სახლების თავდაპირველი ბუნებრივი სფეროები, თუ აქაც შეგვიძლია მათი დამატებითი სფეროები ვიგულისხმოთ? ანუ მეექვსე სახლი და მეოთხე სახლი თავისი ბუნებრივი სფეროებით, თუ ამავე პრინციპით დაშენებული სფეროებით?

რთული სათქმელია. თუ ჩვენ სახლის სფეროებში ვიგულისხმებთ დაშენებას, მაშინ მივიღებთ კიდევ უფრო დიდ მრავალფეროვნებას. ცხადია, მეექვსე და მეოთხე სახლების ბუნებრივი სფეროებით მეცხრე სახლზე დაშენებული სფეროები სხვა იქნება, და მეექვსე და მეოთხე სახლების დაშენებული სფეროებით მეცხრე სახლზე დაშენებული სფეროები კიდევ უფრო სხვა დონის დაშენება იქნება. ეს უკვე მეორე დონის დაშენებაა. შემდგომ, ეს მეცხრე სახლი შეიძლება გამოყენებულ იქმნას თავისი მეორე დონის დაშენებით, და დაშენდეს მესამე დონეები და ა.შ. ასე თუ გაგრძელდა, მივდივართ აბსურდამდე და თითოეული სახლისთვის სფეროების უსასრულობამდე. ასეთი რამ დასაშვები არ არის. სავარაუდოდ, პირველი და მეორე დაშენების შემდგომ უკვე აღარ შეიძლება დაშენება, და დანარჩენი უბრალოდ აღარ გამოიყენება, თორემ თქვენ შეგიძლიათ გართობის მიზნით ციკლურად რამდენჯერაც გნებავთ იმდენჯერ დააშენოთ და დააშენოთ სფეროები, მაგრამ რაც უფრო მაღალი დონის დაშენებაა, მით უფრო ნაკლებად ეფექტურია ეს სფერო ამ სახლისთვის. ყველაზე ძირითადი მაინც ბუნებრივი სფეროებია (12 ნიშნისგან აღებული) და პირველი ორი დონის დაშენება. დანარჩენები უკვე "ზედმეტია" და აღარ გამოიყენება.

(მესმის, რომ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ, რთული წარმოსადგენია, ითხოვს ყურადღების დაძაბვას და ფანტაზიის ამოქმედებას. მაგრამ მაინც შეეცადეთ წარმოიდგინოთ რა იგულისხმება ბუნებრივ სფეროებში და დაშენებულ სფეროებში, და იმასაც დაინახავთ, რომ ეს დაშენების ციკლური პროცესი შეიძლება უსასრულოდაც კი გაგრძელდეს)

ისე კი საინტერესო გასართობია. მაგალითად, სად ვეძებოთ პარტნიორის მეგობრის დის პარტნიორის და? მოდი გამოვთვალოთ: ზემოთ მოცემული წინადადება სახლების ენაზე ასე გადაიწერება: მე-7 სახლის (პარტნიორის) შესაბამისი მე-11 სახლის (მეგობრის) შესაბამისი მე-3 სახლის (დის) შესაბამისი მე-7 სახლის (პარტნიორის) შესაბამისი მე-3 სახლი (და). ეს გამოდის ჩვენი მე-3 სახლი. რატომ? იმიტომ, რომ მე-7 სახლისთვის მე-11 არის მე-5. მე-5 სახლისთვის მე-3 არის მე-7. მე-7 სახლისთვის მე-7 არის 1-ლი. 1-ლი სახლისთვის კი მე-3 არის მე-3. ანუ ის უნდა ვეძებოთ ჩვენს მესამე სახლში. გავხალისდით? კარგი, ახლა განვაგრძოთ.

ამრიგად, შევთანხმდეთ სახლების ბუნებრივ და პირველი-მეორე დონის დაშენებულ სფეროებზე. ესეიგი, თუ ჩვენ ვიცნობთ სტიქიებსა და ჯვრებს, და ასევე პლანეტების ფუნქციებსა და მათ გამოვლენას ოთხ მდგომარეობაში, მაშინ ჩვენ უკვე კარგად შეგვიძლია ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება და სახლების სფეროების ჩამოთვლა. რა არის შემდგომი ნაბიჯი? ასპექტების განსაზღვრა..

რა არის ასპექტი? ეს არის გეომეტრიული თავისებურება ასტროლგიურ რუქაზე. როგორც ვიცით, რუქაზე გვაქვს დიდი წრე, რომელიც იყოფა 360 გრადუსად (ზოდიაქოს 12 თანავარსკვლავედით შედგენილი შეკრული წრე). ამ წრეწირზე სხვა და სხვა წერტილებში დგანან პლანეტები, სახლის კუსპიდები, ფიქტიური წერტილები და სხვა. ისინი ერთმანეთთან გარკვეულ კუთხეებს ქმნიან. ეს კუთხეები შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მნიშვნელოვანია, და გარკვეულ ხასიათს ატარებს. არსებობს მაჟორული ასპექტები - 0, 60, 90, 120, 180 გრადუსებით, და არსებობს არამაჟორული ასპექტები. არსებობს ასევე შედგენილი ასპექები, როდესაც ორზე მეტი პლანეტა ქმნის წრეწირში ჩახაზულ გარკვეულ გეომეტრიულ ფიგურებს (შენიშვ: ორი პლანეტის ასპექტი ქმნის წრეწირის ქორდას).

me 4

ზოგიერთი ასპექტი, რაც მაჟორული არ არის, და არის მაგალითად კარმული და სხვა დატვირთვის,  ხასიათდება ცალკე, გამოყოფილად ამ სისტემისგან. ამ სტატიაში კი ვიტყვი ორიოდე სიტყვას მაჟორულ ასპექტებზე. თავად ასპექტი ნიშნავს ორი წერტილის (მაგალითად პლანეტის) კავშირს, ურთიერთდამოკიდებულების ხასიათს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ახლა კი უშუალოდ ასპექტების ხასიათზე ვთქვათ.

როგორც აღვნიშნე, არსებობს რამდენიმე მაჟორული ასპექტი, შესაბამისი კუთხეებით. ეს კუთხეები ისეთნაირია, რომ მთელს წრეს ჰყოფენ თანაბარ ნაწილებად. მაგალითად, 60 გრადუსი არის წრის მეექვსედი, 90 გრადუსი არის მეოთხედი და ა.შ. ასპექტების შინაარსი განისაზღვრება სახლების მიხედვით. მაგალითად, 60 გრადუსი წარმოადგენს რა მეექვსედს, ის წრეს ჰყოფს ორ ნაწილად, რომლიდანაც ერთი ნაწილი იტევს ორი ზოდიაქოს ნიშნის ზომას, მეორე ნაწილი კი ათისას. ამიტომაც კავშირი იმ ორ წერტილს შორის, რომლებიც 60 გრადუსით არიან ერთმანეთისგან დაშორებულნი, არის მე-3 და მე-11 სახლების შინაარსის. ანუ ერთი წერტილი მეორეს აღიქვამს მე-3 და მე-11 სახლის სფეროებით, და პირიქითაც. ასპექტი, ცხადია, ორმხრივია.

თუ საუბარია 90 გრადუსით დაშორებულ წერტილებზე, მაშინ, ცხადია, კავშირი იქნება მე-4 და მე-10 სახლების შინაარსის (რადგან წრეწირი იყოფა ორ ნაწილად, რომლიდანაც ერთი იტევს 3 ნიშნის ზომას, მეორე კი 9 ნიშნის ზომას). 120 გრადუსზე მე-5 და მე-9 სახლების შინაარსის. 180 გრადუსზე მე-7 სახლის შინაარსის, ხოლო 0 გრადუსზე (ეს შეერთებაა) 1-ლი სახლის შინაარსის. ამრიგად, ასპექტების შინაარსი და ხასიათი გამომდინარეობს შესაბამისი სახლების სფეროებიდან. ცხადია, ეს სახლები ატარებენ საკუთარ თავში ბუნებრივ სფეროებს, რომლებიც გამომდინარეობენ შესაბამისი რიგის ზოდიაქოს ნიშნებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, გამომდინარეობენ პლანეტების გავლენიდან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასპექტებისას ზოგჯერ მეტი დატვირთვა ეძლევა არა იმდენად სახლების სფეროებს, რამდენადაც იმ პლანეტებს, რომლებიდანაც თავის დროზე "აშენდნენ" შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნები, და შემდგომ ეს სახლები.

ცხადია, თქვენ შეგიძლიათ იგივე მეთოდით გამოთვალოთ არამაჟორული ასპექტის შინაარსი. მაგალითად, ორი წერტილი, რომელიც ერთმანეთისგან დაშორებულია 150 გრადუსით. ისინი რუქას ჰყოფენ 7 და 5 ნიშნის ზომად. ამიტომაც, მათი ურთიერთქმედება იქნება მე-8 და მე-6 სახლის სფეროებთან დაკავშირებული. და ასეთნაირად გააკეთოთ დანარჩენ ასპექტებზეც. უბრალოდ, მაჟორული ასპექტები ყველაზე უფრო აქტუალურია ხოლმე.

გარდა ამისა, არსებობს ეგრეთ წოდებული "ორბისი", რაც აჩვენებს იმას, თუ რამდენი გრადუსით გადაცდომაზე ნარჩუნდება ასპექტის ძალა. მაგალითად, 65 გრადუსზე გვაქვს 60 გრადუსის შესაბამისი ასპექტი (სექსტილი ჰქვია მას), მაგრამ უფრო სუსტი, ვიდრე 60 გრადუსზე. ყველა ასპექტს და ამ ასპექტებს თითოეული პლანეტისთვის აქვთ თავ-თავიანი ორბისები. საბოლოო ჯამში, ზოგადად რომ ვთქვათ, რაც უფრო ვშორდებით ზუსტ გრადუსს, მით უფრო სუსტდება ასპექტის ძალა. თუმცა, დასუსტების სიჩქარე გრადუსებთან შესაბამისობაში მეტად ინდივიდუალურია, და ამ დეტალებში აღარ წავიდეთ, რადგან ჩვენი მიზანია ზოგადი წარმოდგენის და "ჩონჩხის" შექმნა, და არა იმდენად დეტალები.

ამრიგად, ვფიქრობ ჩვენ უკვე შეგვიძლია ნიშნების, სახლების და ასპექტების დახასიათებაც კი. მხოლოდ ერთია, გაითვალისწინეთ, რომ ასპექტის დახასიათებისას მონაწილეობს ორივე სახლი სინთეზურად, და ყურადღება გამახვილებულია პლანეტებზეც. ეს თემა გაუგებარი რომ არ დარჩეს, მაგალითი განვიხილოთ: მაგალითად, ავიღოთ ტრინის ასპექტი - 120 გრადუსი. ეს ასპექტი იმართება მე-5 და მე-9 სახლების სფეროებით. თუმცა, ყურადღება გამახვილებულია უფრო პლანეტებზე. რომელ პლანეტებზე? მოდი გავიხსენოთ ამ სახლების შესაბამისი პლანეტები. მე-5 სახლი შეესაბამება ლომს, ხოლო მე-9 სახლი შეესაბამება მშვილდოსანს. ახლა ჩამოვთვალოთ ამ ნიშნების შესაბამისი მმართველი პლანეტები, მათში ეგზალტირებული, დაცემული და დატყვევებული პლანეტები, და ეს ყველაფერი შევუსაბამოთ ამ ასპექტს.

გამოდის, რომ ტრინის ასპექტს მართავს მზე (ლომიდან) და იუპიტერი (მშვილდოსნიდან). ტრინის ასპექტში დატყვევებულია ურანი და სატურნი (ლომიდან) და მერკური (მშვილდოსნიდან). ამ ასპექტში ეგზალტირებულია პლუტონი (ლომიდან) და ეცემა მერკური (ლომიდანაც და მშვილდოსნიდანაც). ამრიგად, ეს ყველაფერი აყალიბებს ამ ასპექტს. ესეიგი, ასპექტის ჩამოყალიბება რაღაცით ჰგავს ზოდიაქოს ნიშნის ჩამოყალიბებას (პლანეტების ფუნქციების ოთხი გამოვლენის მიხედვით), ოღონდ ასპექტში მონაწილეობას იღებს ზოდიაქოს ნიშანთა წყვილი, და ეს სულ სხვა სურათს იძლევა.

ამრიგად, ახლა ვიცით რა უკვე ასპექტების ხასიათი, შეგვიძლია უფრო რთული კონსტრუქციები ავაგოთ. შეგვიძლია შემოვიტანოთ პლანეტის ჰარმონიულობა-დაზიანებულობის ცნება, ასევე, სიძლიერე-სისუსტის ცნება. პლანეტა დაზიანებულია ან ჰარმონიულია იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ასპექტები აქვს მას.

როგორც წრიულ რუქებზე ვხედავთ ხოლმე, პლანეტებს შორის არსებობს გარკვეული კუთხეები, ანუ ასპექტები. ავიღოთ ნებისმიერი პლანეტა და შევხედოთ მის ასპექტებს. ის შეიძლება 60 გრადუსიან კავშირს ქმნიდეს სხვა პლანეტასთან (ან პლანეტებთან), შეიძლება 90 გრადუსიან კავშირს ქმნიდეს, და ა.შ. (ვგულისხმობთ, რომ აქ ორბისი გათვალისწინებულია, ესეიგი 90 და +/- 8-10 გრადუსი გულისხმობს ერთსა და იმავე ასპექტს, ოღონდ რაც უფრო გადაცდენილია 90-ს, მით უფრო სუსტია, და ყველა ასპექტსა თუ პლანეტას თავისი ორბისი აქვს). ჰარმონიულ ასპექტებად ითვლება 60 და 120 გრადუსიანი ასპექტები, ხოლო დაძაბულ ასპექტებად ითვლება 90 და 180 გრადუსიანი ასპექტები. 0 გრადუსს რაც შეეხება (შეერთებას), აქ ყველაფერი დამოკიდებულია თავად იმ პლანეტებზე, რომლებიც ქმნიან ასპექტს, და ცალსახად ვერ ვიტყვით ჰარმონიულია თუ დაძაბულია ასპექტი.

არსებობს სხვა პარამეტრიც: სიძლიერე და სისუსტე. პლანეტა მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტი ასპექტი გააჩნია, და მით უფრო სუსტია, რაც უფრო ნაკლები ასპექტი გააჩნია. რატომ? იმიტომ, რომ ასპექტი გულისხმობს კავშირს სხვა პლანეტებთან. რაც უფრო მეტი "მოკავშირე" ჰყავს პლანეტას, მით უფრო მრავალ სხვა სფეროსთან ასოცირდება (სხვა პლანეტების სფეროსთან), ამიტომ უფრო აქტიურია და ძლიერია. ხოლო, რაც უფრო ცოტა "მოკავშირე" ჰყავს, მით უფრო "მოწყვეტილია" სხვა სფეროების სისტემას და უფრო იშვიათად აქტიურდება. არსებობს ასევე "პლანეტა ორმოში", რომელსაც საერთოდ არ აქვს ასპექტები. ერთის მხრივ, ის არ იღებს მხარდაჭერას (ენერგიას) სხვა პლანეტებისგან, ამიტომაც არ მუშაობს სხვა პლანეტების სფეროების გააქტიურების დროს. მეორეს მხრივ კი, არც თვითონ გასცემს ენერგიას (ასპექტი ხომ ორმხრივია), ამიტომაც თუ ჩაირთო, მთელს თავის ენერგიას საკუთარ რეალიზაციას ახმარს, და შეიძლება მივიღოთ პლანეტის მაქსიმალური გამოვლინება.

ამრიგად, სიძლიერე-სისუსტე აჩვენებს პლანეტის ჩართულობას პირადი რუქის "საზოგადოებრივ ცხოვრებაში", ხოლო ჰარმონიულობა-დაზიანება კი აჩვენებს, რამდენად "უგებენ" პლანეტები ერთმანეთს. მაგალითად, ორ პლანეტას შორის დაძაბული ასპექტი მიანიშნებს იმაზე, რომ მათი სფეროები ერთმანეთთან იკვეთებიან და რეალიზებაში ერთმანეთს ხელს უშლიან. ხოლო ჰარმონიული ასპექტი კი ნიშნავს, რომ პლანეტების ენერგიები ერთმანეთთან ჰარმონიულად მიმოიქცევიან და შესაბამისად მათი სფეროებიც ერთმანეთთან დადებით კავშირში არიან და რეალიზაციაში ეხმარებიან ერთმანეთს.

ანუ შეიძლება პლანეტა ძლიერი იყოს და მას ჰქონდეს ჰარმონიული და დაძაბული ასპექტები, შეიძლება სუსტი იყოს და ამ შემთხვევაშიც ორივე ტიპის ასპექტები ჰქონდეს. შეიძლება მხოლოდ ჰარმონიული ან მხოლოდ დაძაბული ასპექტები ჰქონდეს. მოკლედ, ყველა ვარიანტი არის შესაძლებელი და ყველაფერი დამოკიდებულია შემთხვევით რუქაზე და კონკრეტულ პლანეტაზე.

მაშასადამე, ვიღებთ საინტერესო შედეგს: პლანეტების შინაარსები აყალიბებენ ნიშნებს, ნიშნები აყალიბებენ სახლებს, სახლები აყალიბებენ ასპექტებს, ხოლო ასპექტებით ხასიათდებიან ისევ და ისევ პლანეტები პირად რუქაში. ახლა კი უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რაში გამოიხატება პლანეტის დაზიანება ან ჰარმონიულობა: ამრიგად, ნებისმიერ პლანეტას აქვს თავისი ფუნქცია (რომლებიდანაც თავის დროზე ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი გამოვიყვანეთ). მაგრამ, როდესაც განიხილება პირადი რუქა (ან პროგნოზირების რუქები), აქაც პლანეტებს აქვთ იგივე ფუნქციები, მხოლოდ ერთია: ისინი ერთმანეთთან კავშირებს ქმნიან. მაგალითად, მზის ერთ-ერთი სფეროა "მამა", ხოლო მთვარის ერთ-ერთი სფეროა "დედა". თუ ადამიანის პირად რუქაში მათ შორის ჰარმონიული ასპექტია, მაშინ ადამიანის მშობლები ერთმანეთთან ჰარმონიულად ურთიერთობენ (მოცემული ადამიანის გადმოსახედიდან), ხოლო თუ დაძაბული ასპექტია, მაშინ ურთიერთობაც დაძაბულია. თუ არ არის ასპექტი, მაშინ შედარებით პასიურია მათი ურთერთობა მოცემული ადამიანისთვის (შენიშვ: მშობლების ურთიერთობაზე შეიძლება სხვა ელემენტებიც მიუთითებდნენ, უბრალოდ მზე-მთვარის ასპექტაცია ერთ-ერთია, რაც უნდა გავითვალისწინოთ (და თავად მზე-მთვარის ასპექტაციაც სხვა მრავალ სფეროზე მიუთითებს გარდა მშობლების ურთიერთობისა), თორემ ისე, ყველაფერი უნდა იქნეს გათვალისწინებული და საქმე უფრო ჯამურ და სისტემურ ეფექტთან გვექნება).

წინა აბზაცში ვთქვი, რომ პლანეტების ფუნქციები პირად რუქაშიც ისეთივეა, როგორც ბუნებრივად. ასეა, თუმცა პირად რუქაში თითოეული პლანეტა გარკვეულ შეფერილობას იღებს. რუქაში ვხედავთ ზოდიაქოს 12 ნიშნისგან შედგენილ წრეწირს, და ამ წრეწირზე სხვა და სხვა წერტილებში დგანან პლანეტები. გარდა ამისა, 12 სახლიც განაწილებულია ასევე წრიულად. თითეული პლანეტა, იმყოფება რა ამ წრეწირზე, აუცილებლად ხვდება რომელიმე ნიშანსა და რომელიმე სახლში, რადგან მთელს ამ წრეზე უწყვეტად განაწილებულია ნიშნებიც და სახლებიც. ამრიგად, თითოეული პლანეტა იმყოფება რომელიმე ნიშანსა და რომელიმე სახლში. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

მარტივია: პლანეტას აქვს გარკვეული ფუნქციები, ხოლო ზოდიაქოს ნიშანი არის გარკვეული ხასიათი. ამიტომაც, პლანეტა ნიშანში გვაძლევს ამ პლანეტის ფუნქციების გამოვლენას მოცემული ნიშნის შეფერილობით. ანუ პლანეტის ფუნქციები მჟღავნდება ნიშნის ხასიათით. რაც შეეხება სახლს, როგორც ვიცით სახლები აჩვენებენ ცხოვრებისეულ სფეროებს, ამიტომაც პლანეტის ფუნქციები, იღებენ რა შესაბამისი ნიშნის შეფერილობას (რომელშიც იმყოფებიან), მჟღავნდებიან და რეალიზდებიან ცხოვრების იმ სფეროებში, რომელშიც ეს პლანეტაა. ანუ პლანეტა ნიშანსა და სახლში ნიშნავს შემდეგს: პლანეტის ფუნქცია რეალიზდება ზოდიაქოს ნიშნის სტილით მოცემული სახლის სფეროებში.

კიდევ ერთი დეტალი: პლანეტის ფუნქციებს, რომლებიც შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნის შეფერილობას ღებულობენ, ემატება ის ფუნქციები და სფეროები, რომლებიც მას შეიძლება გადმოჰყვეს. თუ საიდან, ამას ახლავე ვიტყვი: მოცემული პლანეტა აუცილებლად იქნება რომელიმე ზოდიაქოს ნიშნის მმართველი, ხოლო თუ ამ ზოდიაქოს ნიშანში იწყება რომელიმე სახლი (ანუ სახლის დასაწყისი წერტილი (რომელსაც სახლის კუსპიდს უწოდებენ) ამ ნიშანში ხვდება), მაშინ ამ სახლის მმართველი ხდება ეს ნიშანი - და შესაბამისად ამ ნიშნის მმართველი პლანეტა ხდება ამ სახლის მმართველი. ანუ, მოცემული პლანეტა შეიძლება იყოს რომელიმე სახლის მმართველი. მაგალითად, მესამე სახლი იწყება სასწორში (ანუ მესამე სახლის კუსპიდი - საწყისი წერტილი ხვდება სასწორის რომელიმე გრადუსზე), მაშინ მესამე სახლის მმართველი იქნება იგივე სასწორის ძირითადი მმართველი - ანუ ვენერა).

კარგი, დაუშვათ პლანეტა რომელიმე სახლის მმართველია, მაშინ მას "გადმოჰყვება" ამ სახლის სფეროები. ესეიგი, სფეროები იმ სახლისა, რომელსაც მართავს მოცემული პლანეტა, რეალიზდებიან იმ სფეროებში, რომელ სახლშიც იმყოფება ეს პლანეტა. ანუ სახლის მმართველ პლანეტას "გადმოაქვს" სახლის სფეროები და "ათავსებს" სხვა სახლში. მაგალითად, ზემოთ მოცემულ მაგალითზე, თუ ვენერა იმყოფება თხის რქასა და მეექვსე სახლში. მაშინ, გარდა ვენერას ბუნებრივი ფუნქციებისა, რომლებიც "თხის რქულად" ვლინდებიან მეექვსე სახლის სფეროებში, ეს ასევე ნიშნავს, რომ მესამე სახლის სფეროებიც იღებენ თხის რქის შეფერილობას (იმიტომ, რომ ვენერა ატარებს მესამე სახლის სფეროებს თავის თავში და სწორედ ეს ვენერა იღებს თხის რქის შეფერილობას) და რეალიზდებიან მეექვსე სახლის სფეროებში. მარტივი მათემატიკაა ხომ?

ამრიგად, პლანეტების ბუნებრივ ფუნქციებს შეიძლება დაემატოს რომელიმე სახლის ფუნქციები (თუ ეს პლანეტა რომელიმე სახლის მმართველია). მაგრამ, გარდა ამისა, პლანეტებს სხვა ფუნქციებიც შეიძლება ჰქონდეს. ეს უკვე ასპექტების თემაა. მაგალითად, რომელიმე პლანეტა ქმნის ასპექტს სხვა პლანეტასთან, მაშინ ამ ორი პლანეტის ფუნქციები ერთმანეთთან თანამშრომლობენ (თუ როგორი სახისაა ეს თანამშრომლობა, ანუ მაგალითად დაძაბულია თუ ჰარმონიულია, ამას უკვე კონკრეტული ასპექტის ხასიათი აჩვენებს). ხოლო, ვინაიდან ერთი პლანეტაც და მეორე პლანეტაც იმყოფებიან რომელიმე სახლებში, მაშინ გამოდის, რომ ამ სახლების სფეროებს შორისაც არსებობს თანამშრომლობა შესაბამისი პლანეტების ჭრილში. ხოლო თუ ეს პლანეტები რომელიმე სახლის მმართველებიც არიან, მაშინ ის სახლებიც უკავშირდებიან ერთმანეთს. და ა.შ. ასეთი რთული და სავსე სისტემაა ასტროლოგია. (შენიშვ: შენიშნეთ, რომ პლანეტა არ არის აუცილებელი, რომ რომელიმე სახლის მმართველი იყოს რადგან იმ ნიშანში, რომელსაც მართავს ეს პლანეტა, შეიძლება არცერთი სახლი არ იწყებოდეს, თუმცა, თუ ამ ნიშანს სახლის დიდი ნაწილი უკავია, მაშინ მაინც ატარებს პლანეტა ამ სახლის სფეროებს, ოღონდ უფრო სუსტად).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ სახლებიც შეიძლება იყვნენ დაზიანებულნი და ჰარმონიულნი, ან ძლიერნი და სუსტნი. როგორ? მაგალითად, თუ სახლში ხვდება პლანეტა, რომელსაც დაძაბული ასპექტები აქვს, მაშინ ის ავტომატურად სახლსაც აზიანებს, რადგან ამ პლანეტის დაზიანებული ფუნქციები ხომ ამ სახლის სფეროებში რეალიზდება. ანალოგიურად, ჰარმონიულ ასპექტებიანი პლანეტა სახლს ჰარმონიულს ხდის. იგივე შეიძლება ითქვას სახლის მმართველ პლანეტაზე. თუ სახლის მმართველი პლანეტა დაზიანებულია (ან დაზიანებულ სახლში ხვდება), მაშინ იმ სახლზეც აქვს გავლენა, რომელსაც მართავს, რადგან შესაბამისი სფეროებს ატარებს თავის თავში. ანალოგიურად ვიტყვით სახლის ჰარმონიულ მმართველზეც. (შენიშვ: ითვლება, რომ მზე და უმაღლესი პლანეტები ისედაც აზიანებენ იმ სახლს, რომელშიც ხვდებიან)

ძლიერი და სუსტი სახლი კი ავტომატურად გულისხმობს იმას, თუ რამდენად ძლიერი ან სუსტი პლანეტა ხვდება ამ სახლში. თუ პლანეტა არ ხვდება სახლში, მაშინ ამ სახლის მმართველის სიძლიერე-სისუსტე გვეტყვის ამას, რადგან აქაც საუბარია იმაზე, თუ რამდენად ჩართულია "საზოგადოებრივ ცხოვრებაში" მოცემული სახლის სფეროები.

ვფიქრობ, თქვენ უკვე საკმარისად იცნობთ პირადი რუქის ჩონჩხს, და არ გაგიჭირდებათ მისი შევსება ინფორმაციული მასით, თუკი კარგად გაერკვევით სტიქიებსა და ჯვრებში, და რაც მთავარია - პლანეტების ფუნქციებში. რადგან, სწორედ ესენი წარმოადგენენ აგურებს, რომლებითაც ეს-ესაა ავაშენეთ მთელი პირადი რუქის ასტროლოგია. არსებობს კიდევ სხვა ელემენტებიც, მაგალითად სინთეთიკური ნიშანი (მისი გამოყვანა არ არის რთული), აღმავალი და დაღმავალი კვანძი, ფიქტიური წერტილები, თეთრი და შავი მთვარე, არაბული წერტილები და სხვა მრავალი. ეს ელემენტები არანაკლებ მნიშვნელოვანია (განსაკუთრებით კი კვანძები და შავ-თეთრი მთვარე), თუმცა, ძირითადი სისტემა მაინც ის არის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, და რაც "შენდება" სტიქიებისა და ჯვრებისგან, და ყველაზე მეტად კი - პლანეტებისგან.

shemajamebeli

შევაჯამოთ:

ასტროლოგიის ძირითადი სისტემის აგურებს შეადგენენ სტიქიები, ჯვრები და პლანეტები. მათი მეშვეობით ყალიბდებიან ზოდიაქოს ნიშნები, მათი მეშვეობით კი სახლები. სახლები თავიანთი მოდელითაც ერთმანეთს აყალიბებენ. პლანეტებით და სახლებით კი ყალიბდებიან ასპექტები. ასპექტები კი ინფორმაციას გვაძლევენ პირად რუქაში პლანეტათა შორის ფუნქციების ურთიერთკავშირზე, მათი ჰარმონიულობა-დაზიანებულობის შესახებ, სიძლიერე-სისუსტის შესახებ. მათი მეშვეობით თავად სახლებიც ხასიათდება იმავე პარამეტრებით.

ესეიგი, როდესაც პირადი რუქის ანალიზს შეუდგებით, გაითვალისწინეთ პლანეტები ნიშნებში (ფუნქციების შეფერილობა და ხასიათი), პლანეტები სახლებში (ამ ფუნქციების რეალიზაციის სფერო), პლანეტათა შორის ასპექტები (ფუნქციების თანამშრობლობის სტილი), სახლები ნიშნებში (სფეროების შეფერილობა და ხასიათი), სახლის მმართველები ნიშნებსა და სახლებში (ერთი სფეროს სხვა სფეროში რეალიზების ტიპი), და მათი ასპექტები. ასპექტები კი არსებობს სხვა ტიპისაც (არამაჟორული) და არსებობს შედგენილი ასპექტებიც, რომელთა ჩამოყალიბებაც არ არის რთული, თუ ისინი შედგებიან ჩვენთვის უკვე ცნობილი მაჟორული ასპექტებისგან. ამ ყველაფერთან ერთად კი რუქაში განიხილებიან კვანძები და სხვა ფიქტიური წერტილები, და მათი ასპექტებიც და ნიშან-სახლში მდებარეობებიც, პლანეტების მსგავსად.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ასტროლოგიურ მდებარეობას სჭირდება მეტ-ნაკლები დამუშავება და განვითარება მოცემული შინაარსის ფარგლებში. განვითარებისთვის ბიძგებსა და სხვა და სხვა სახის შესაძლებლობებს იძლევიან პროგნოზირების მეთოდები, განსაკუთრებით კი ტრანზიტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ ასტროლოგიური მდებარეობის დასამუშავებლად და მაქსიმალური რეალიზებისთვის. გახსოვდეთ! ასტროლოგია არსებობს იმისათვის, რომ ადამიანმა შეასრულოს თავისი ბუნებრივი მისია, რომელიც აბედნიერებს მას, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ჩვენი მიზანია ამ სისტემის კარგად გაცნობა და მისი ცნობიერად გამოყენება ისევ და ისევ ჩვენივე ევოლუციისათვის.

ძირითადი ეს არის, რაც პირად რუქაზე უნდა ვიცოდეთ. ხოლო, თუ თქვენ გადაწყვეტთ სინასტრიის ანდა პროგნოზირების ხელოვნების დაწაფებას, პირველ რიგში პირადი რუქის განხილვა ისწავლეთ, და როდესაც მიეჩვევით რუქის მთლიანობაში ხედვას და სისტემურ ანალიზს, შემდგომ უკვე შეგიძლიათ ორი რუქის ურთიერთქმედება (სინასტრია) გააანალიზოთ, ანდაც ტრანზიტები და პროგნოზირების სხვა სახის მეთოდები დაამუშავოთ. თუ პირადი რუქის სისტემას კარგად იცნობს ადამიანი, მას აღარ გაუჭირდება სინასტრიისა და პროგნოზირების სისტემების ჩამოყალიბება უკვე თავისითაც, რადგან გაწაფულია ასტროლოგიის სტილში.

არსებობს ასტროლოგიის სხვა სისტემებიც, რომლებიც ამ სისტემასთან „თანამშრომლობენ“ ან სულ სხვანაირად „შენდებიან“..

პ.ს. თუ რაიმე გაუგებარი იქნება, დასვით შეკითხვები კომენტარებში. ასევე, მივიღებ არგუმენტირებულ კრიტიკას, და თუ რაიმეს დამატებას ან შესწორებას მოისურვებთ - არ მოგერიდოთ! სხვა მხრივ კი, წარმატებებს გისურვებთ ასტროლოგიის სისტემურ შესწავლაში!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...