Soft vision

ავტორი: მამუკა გურული

"რბილი მზერა", ანუ იგივე "რბილი ხედვა" - ესაა უძველესი შამანური ტექნიკა, რომელიც გამოიყენებოდა შინაგანი დიალოგის გასაჩერებლად და სათანადო პრაქტიკის შემდეგ საოცარ შედეგებს იძლევა. იგი ძალიან მარტივია და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას: ქუჩაში, სახლში, ტრანსპორტში, მოძრაობის დროს, დგომის, ჯდომის ან წოლის დროს (გარდა ორი შემთხვევისა: როცა საჭესთან ხართ ან გზაზე გადადიხართ).

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც თვალი გეღლებათ, ან როდესაც გონებრივად ან ემოციურად იღლებით, მზერა ავტომატურად კარგავს ფოკუსს და თვალი „გიშტერდებათ“ ესაა ავტომატური მექანიზმი იმისთვის, რომ გონებამ ენერგია აღიდგინოს, რადგანაც ყველანაირი კონკრეტული (ფოკუსირებული) მზერისას ენერგია გარეთ გაედინება და იხარჯება, ხოლო რბილი მზერისას ენერგიის ხარჯვა გაცილებით უფრო ნაკლებია (გამომდინარე იქიდანაც, რომ შინაგანი დიალოგი შედარებით შენელებულია).

თვალდახუჭული მდგომარეობის დროსაც კი, მზერა ცდილობს, რომ რაღაც ობიექტი იპოვოს და დააფიქსიროს - იქნება ეს რაიმე ხატ-სახე, თუ უბრალოდ შავი ეკრანი თვალწინ, ან „თეთრი ბურთი“... რბილი მზერისას კი კონკრეტული ობიექტი არ არსებობს და გონების ეს ჩვეული ფოკუსირების მექანიზმიც გამორთულია.

სმენის ვექტორიანები ამას ხშირად ბუნებრივად აკეთებენ, როცა საკუთარ თავში არიან ჩაღრმავებულები (ამიტომაც იქმნება შეგრძნება, თითქოს მზერა გაშტერებული აქვთ), მაგრამ ამ დროს გონება აქტიურად მუშაობს, და თუ იგივე სმენის ვექტორიანები ამ ტექნიკას გაცნობიერებულად გააკეთებთ, მოხდება საკუთარ თავში ჩაღრმავებაც და შინაგანი დიალოგის შენელებაც.

აქვე დავამატებ, რომ შინაგანი დიალოგიოს შეჩერება არ უნდა გახდეს თვით-მიზანი - განსაკუთრებით სმენის ვექტორიანებისთვის (სინამდვილეში ყველაზე ხშირად სწორედ მათ აქვთ შინაგანი დიალოგის გაჩერების მოტივაცია). არამედ ეს უნდა გახდეს ენერგიის აღდგენის და გონების სწრაფი დასვენების საშუალება. ასევე წარმოადგენს პრაქტიკას თვით-კონცენტრაციისთვის, და შესაბამისად მომავალში ეს უნარი დაგეხმარებათ რაღაც კონკრეტულ საკითხზე ან იდეაზე მიზანმიმართულად კონცენტრირებაში. 

P.S. ეს ტექნიკა განსაკუთრებით ეფექტურია ყნოსვის ვექტორიანებისთვის

მაშ ასე, ტექნიკა:

ეცადეთ ერთდროული ფოკუსირება მოახდინოთ მთელს პერიმეტრზე თქვენი თვალთახედვის არეში: პირდაპირ, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ - ეცადეთ რომ მაქსიმალურად ყველა ობიექტი ერთნაირად დააფიქსიროთ. ამ დროს თითქოს ფოკუსი იკარგება და „გადღაბნილ გამოსახულებას ხედავთ“. ეცადეთ დააფიქსიროთ ყველაზე უკიდურესი წერტილები მარჯვნივაც და მარცხნივაც, და ეს ველი განზრახვის ძალით თანდათან გააფართოვოთ (საბოლოოდ ამას მივყავართ გონების უნარამდე - შეიგრძნოს ჩვენს უკან არსებული ობიექტებიც).

ამ პროცესში გონების შინაგანი დიალოგი დროებით გამოირთვება, მაგრამ მალევე გონება ეცდება დაგაბრუნოთ ჩვეულ რეჟიმში. განზრახვის და ნების ძალით ეცადეთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს და ხშირად შეინარჩუნოთ რბილი ხედვის მდგომარეობა. და რა თქმა უნდა ამავდროულად შეინარჩუნეთ შინაგანი დამკვირვებლის მდგომარეობაც, რომელიც იოლად დააფიქსირებს გონების „წრიალს“.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...