black hole

ავტორი: მამუკა გურული

მედიტაცია კეთდება დღეში ორჯერ: დილით 30-40 წუთი, საღამოს - 20-30 წუთი. 

დილით მედიტაცია კეთდება 6:00-ზე. საღამოს - 16:00-ის შემდეგ. პრაქტიკა სრულდება გამართული ზურგით, ლოტოსის, ნახევარლოტოსის, თურქულ პოზაში, ალმასის პოზაში, ან უბრალოდ მაგარ სკამზე მჯდომარე (ფარაონის პოზაში). სასურველია იყოს სიჩუმე და არავინ შეგაწუხოთ (მუსიკის ჩართვა არ შეიძლება).

მედიტაციის ტექნიკა:

გამართული ხერხემლით შეძლებისდაგვარად მოდუნდით და დახუჭეთ თვალები. რამდენჯერმე ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ...

გონებაში გაიმეორეთ ასო „ა“... იმეორეთ რიტმულად (გონებაში, და არა ხმამაღლა), თქვენთვის კომფორტული რიტმით... შემდეგ დაუწიეთ „ა“-ს, გაანატიფეთ იგი, და ამავდროულად მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მასზე კონცენტრაცია. მთავარი განზრახვა უნდა იყოს ბგერა „ა“-ს შენარჩუნება. თუ ფიქრები წაგიღებენ არაუშავს, როგორც კი გაგახსენდებათ, დაუბრუნდით „ა“-ს. შესაძლოა მის ფონზე აზრები, ხატ-სახეები და ემოციებიც იყვნენ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ მათ და მთავარი აქცენტი „ა“-ზე შეინარჩუნეთ...

5-10 წუთის შემდეგ (როცა მიეჩვევით, თავიდანვე) კიდევ უფრო გაანატიფეთ (გააჩუმეთ) „ა“ და მაქსიმალურად მიიყვანეთ იმ ზღვრამდე, როცა ბგერა თან არის და თან არ არის. თითქოს აღარ არის ბგერა, მაგრამ არის ბგერის გაჟღერების განზრახვა, საწყისი იმპულსი... ძალდაუტანებელი, კომფორტული, რიტმული... ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ყურადღება „ა“-ს არსებობა არ-არსებობის ზღვარზე და არ დაკარგოთ იგი...
გახსოვდეთ, რომ ამ 30 წუთის განმავლობაში დაკვირვების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი „ა“ ბგერაა. თუ ამ დროს მნიშვნელოვანი აზრი ან იდეა დაგებადათ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ იგი და მომავლისთვის გადადეთ მისი გააზრება.

მედიტაციის მექანიზმი:

ამ მექანიზმის ვიზუალიზაცი პრაქტიკის დროს არაა საჭირო, მაგრამ მენტალური გაგებისთვის დაგჭირდებათ. „ა“-ს (ან ნებისმიერი სხვა ბგერის ან მანტრის) განატიფება წარმოქმნის ერთგვარ პორტალს, „შავ ხვრელს“ ქვეცნობიერში. ეს შავი ხვრელი ცნობიერიდან ქვეცნობიერის უფრო და უფრო ღრმა დონეებში ჩადის და ისრუტავს ყოველგვარ გაუცნობიერებელ (გადაუხარშავ) შთაბეჭდილებას (სამსკარას) - როგორც ნეგატიურს, ასევე პოზიტიურს, და სანამ ჩაყლაპვდეს ცნობიერების შუქზე გამოაქვს ისინი.

ყოველთვის, როცა სამსკარა დაიძრება, იგი ყურადღებას წაგართმევთ (მედიტაციისგან მოგაცდენთ) და ეს ბუნებრივია, მაგრამ ეცადეთ, რომ არ მოეჭიდოთ მას და საშუალება მისცეთ, რომ შავმა ხვრელმა იგი შთანთქას... განაგრძეთ მედიტაცია და დაელოდეთ, სანამ შემდეგი სამსკარა არ ამოტივტივდება. რაც უფრო მეტად შეხვალთ სიღრმეში, მით უფრო ძლიერი განცდები და ემოციები წამოვა. ნუ შეეწინააღმდეგებით მათ, და ნურც მოეჭიდებით, უბრალოდ გაატარეთ დამკვირვებელი და მიუკერძოებელი ცნობიერების შუქზე და გააცილეთ შავ ხვრელში. რა თქმა უნდა „გააცილეთ შავ ხვრელში“ არ ნიშნავს, რომ ამის ვიზუალიზაცია უნდა მოახდინოთ, როგორც გითხარით ეს თავისთავად მოხდება, თუ ყურადღებას მუდმივად შეიბარჩუნებთ ბგერა „ა“-ზე და მედიტაციის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იქნება. რაც არ უნდა სასიამოვნო, ან უსიამოვნო აზრი ან ემოცია ამოტივტივდეს, გახსოვდეთ, რომ იგი ვერ იქნება „ა“-ზე მნიშვნელოვანი, რადგანაც მოცემულ მომენტში ესაა თქვენი განზრახვა, და „ა“ არის დაკვირვების ყველაზე რეალური ობიექტი.

თუ სხეული რაიმე მოძრაობას მოითხოვს, მიეცით მს ამის საშუალება და შემდეგ კვლავ მოდუნდით. თუ მედიტაციის შემდეგ ძილი მოგერიათ, შეგიძლიათ დაიძინოთ.

რეგულარული პრაქტიკის შემთხვევაში ეს მედიტაცია მოგცემთ მეტ ნერგიას, სიმშვიდეს, ამოიტანს ქვეცნობიერ სტრესებს, კვლავ შეგახვედრებთ დათრგუნულ სურვილებთან და ემოციებთან, და ნუ ეცდებით, რომ ხელმეორედ დათრგუნოთ ისინი, ნუ ეცდებით ენერგიის ჩახშობას სიგარეტით, ალკოჰოლით. პირისპირ, საღი ცნობიერებით შეხვდით თქვენს ქვეცნობიერს და ნუ შეგეშინდებათ ემოციების გამოხატვის.
„შავი ხვრელი“ წაიღებს ყველაფერს უსარგებლოს, ხოლო რაც რეალურად გჭირდებათ, ის სურვილები (მანამდე დაფარული და ჩახშობილი სურვილები) თქვენთან დარჩებიან და მეტ ძალას და ენერგიას მოგცემენ მოქმედებისთვის. მაგრამ ეცადეთ, რომ 2 კვირის განმავლობაში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ იჩქაროთ სურვილების განხორციელება, აცადეთ, „შავ ხვრელს“ ქვეცნობიერის უფრო ღრმა ფენებში ჩასვლა.

თუ უენერგიოდ, უმოტივაციოდ და „დეპრესიულად“ იქნებით, არც ამან შეგაშინოთ. განაგრძეთ პრაქტიკა მანამ, სანამ მნიშვნელოვანი და ძლიერი სამსკარა არ „ამოხეთქავს“.

სასურველია დილის პრაქტიკა გააკეთოთ 6:00-ზე, მაგრამ თუ ვერანაირად ვერ ახერხებთ გაღვიძებას, შეგიძლიათ თქვენთვის უფრო კომფორტული დრო შეარჩიოთ. დილით - 30 წუთი, საღამოს - 20 წუთი.

მედიტაციის მსგავს პრინციპს იყენებს მაჰარიშ მაჰეშ იოგი - „ტრანსცენდენტულ მედიტაციაში“, მაგრამ იქ იმეორებთ მანტრებს ურთიერთობა გაქვთ კონკრეტულ ეგრეგორთან, ამ შემთხვევაში კი „ა“ ბგერა უნივერსალურია, ბუნებრივია და ინიციაცია არ სჭირდება.

გისურვებთ წარმატებებს!