Ouspensky sitting

მონაკვეთი გიორგი გურჯიევის მოსწავლის, პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ეს სისტემა სისტემათა იმ კლასს ეკუთვნის, რომლებიც ადამიანს განიხილავენ, როგორც დაუსრულებელ არსებას და მას განვითარების შესაძლებლობის თვალსაზრისით შეისწავლის. ჩვეულებრივი ფსიქოლოგია რეალობისგან ფრიად შორსაა. ადამიანი, რომელსაც ის შეისწავლის, - წარმოსახვითი ერთეულია. ადამიანი არ არის ის, ვინც უნდა იყოს. ჩვენ საკუთარ თავს მრავალ ისეთ თვისებას ვაწერთ, რომლებიც არ გაგვაჩნია. ჩვენ არ ვართ ცნობიერნი. თუ ცნობიერნი არ ვართ, ვერ გვექნება მთლიანობა, ვერ გვექნება ინდივიდუალობა, ვერ გვექნება ეგო ანუ "მე". ყველა ეს ცნება შექმნილია ადამიანის მიერ, რათა შეინარჩუნოს გაცნობიერებულობის ილუზია. ადამიანს შეუძლია იყოს ცნობიერი, მაგრამ თავის ამჟამინდელ მდგომარეობაში იგი ასეთი არაა. აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ადამიანი თავისი კანონიერი საფეხურის ქვემოთ ცხოვრობს. არსებობს ასევე მრავალი სხვა რამ, რაც ადამიანს შეუძლია მოიპოვოს, მაგრამ ახლა იმაზე ვსაუბრობ, რაც მას კანონიერად ეკუთვნის, მაგრამ არ გააჩნია. 

ეს სისტემა თავდაყირა აყენებს ყველაფერს, რაც ვიცით, ან რაზეც ოდესმე გვიფიქრია. შეუძლებელია მისი შეთავსება ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ იდეებთან. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ განვიხილავთ ადამიანს - როგორც კვერცხს თუ როგორც ფრინველს. თუ მას განვიხილავთ, როგორც კვერცხს, მაშინ არ უნდა მივაწეროთ ფრინველის თვისებები. თუ მას განვიხილავთ, როგორც კვერცხს, მაშინ მთელი ფსიქოლოგია სხვანაირი ხდება: მთელი ადამიანური ცხოვრება ემრიონების, ჩანასახების, დაუსრულებელი არსებების ცხოვრებად იქცევა. და ზოგიერთი მათგანისთვის ცხოვრების აზრი სწორედ შემდეგი მდგომარეობისკენ გადასვლა ხდება...

...პირველი ნაბიჯი ცნობიერების მოპოვებისკენ - ესაა იმის გაგება, რომ არ ვართ ცნობიერნი. მაგრამ ამ ილუზიის შეცვლა ერთბაშად რთულია, რადგან არსებობს მრავალი სხვა ილუზია. ყველაზე უარესი მათ შორის - ესაა ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია "ვაკეთოთ". მთელი ჩვენი ცხოვრება ამ ილუზიას ეფუძნება. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ვაკეთებთ, მაშინ, როცა სინამდვილეში არაფერს არ ვაკეთებთ, - ყველაფერი უბრალოდ ხდება.

მეორე ილუზია - ესაა ის, რომ გაღვიძებულნი ვართ. როცა მივხვდებით, რომ გვძინავს, დავინახავთ, რომ მთელი ისტორია მძინარე ადამიანების მიერ იქმნება. ისინი ომობენ და ქმნიან კანონებს, სხვა მძინარე ადამიანები კი ემორჩილებიან ან არ ემორჩილებიან მათ. ყველაზე უარესები ილუზიებიდან - ესაა ის ცრუ იდეები, რომელთა შორისაც ვცხოვრობთ და რომლებიც ჩვენს ცხოვრებას მართავენ. რომ შეგვეძლოს ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა ამ იდეებისადმი და იმის გაგება, თუ რას წარმოადგენენ ისინი, ეს თავისთავად დიდი ცვლილება გახდებოდა და მაშინვე შეცვლიდა ბევრ რამეს.