flight sky earth space111

(პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მეოთხე გზა")

ადამიანის ყოველი ცენტრი შექმნილია გარკვეული სახის ენერგიით მუშაობისთვის და სწორედ იმას იღებს, რაც ჭირდება. მაგრამ ყველა ცენტრი ერთმანეთს პარავს, და ამგვარად ცენტრი, რომელსაც უფრო მაღალი ენერგია ჭირდება, იძულებულია უფრო დაბალ ენერგიაზე იმუშაოს, ხოლო ცენტრი, რომელიც შედარებით ნაკლებად მძლავრი ენერგიით მუშაობს, უფრო მძლავრს იყენებს. სწორედ ასე მუშაობს მანქანა ამჟამად. წარმოიდგინეთ რამდენიმე ღუმელი: ერთი ნავთზე მუშაობს, მეორე შეშაზე, მესამე ბენზინზე. დავუშვათ, რომ იმ ნაწილს, რომელიც შეშისთვისაა შექმნილი, ბენზინი მიეწოდა - ჩვენ არაფერს არ უნდა ველოდოთ გარდა აფეთქებისა. შემდეგ კი წარმოიდგინეთ ღუმელი, რომელიც ბენზინისთვისაა განკუთვნილი, და დაინახავთ, რომ მას არ შეუძლია ნორმალურად იმუშაოს შეშაზე ან ნახშირზე.

ჩვენ უნდა გავარჩიოთ ჩვენში მომუშავე ოთხი ენერგია: ფიზიკური (მექანიკური) ენერგია - იგი გვეხმარება, მაგალითად გადავდგათ ეს მაგიდა; სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საშუალებას აძლევს სხეულს - მოინელოს საჭმელი, აღიდგინოს ქსოვილები და ა.შ. ფსიქიკური (მენტალური) ენერგია, რომლებითაც ცენტრები მუშაობენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი - ცნობიერების ენერგია.

ცნობიერების ენერგია არაა აღიარებული ფსიქოლოგიის და მეცნიერული სკოლების მიერ. ცნობიერება განიხილება, როგორც ფსიქიკური ფუნქციის ნაწილი. სხვა სკოლები ბოლომდე უარყოფენ ცნობიერებას და ყველაფერს განიხილავენ, როგორც მექანიკურს. ზოგიერთი სკოლა სასიცოცხლო ენერგიის არსებობა უარყოფს, მაგრამ სასიცოცხლო ენერგია განსხვავდება მექანიკურისგან, და ცოცხალი მატერია შესაძლებელია მხოლოდ ცოცხალი მატერიისგან შეიქმნას, ყოველგვარი ზრდა სასიცოცხლო ენერგიის მეშვეობით ხორციელდება. ფსიქიკური ენერგია - ესაა ენერგია, რომლითაც ცენტრები მუშაობენ. მათ შეუძლიათ იმუშაონ ცნობიერებით, ან ცნობიერების გარეშე, მაგრამ მათი მუშაობის შედეგები განსხვავებული იქნება, თუმცა არა იმდენად, რომ ადვილად შეამჩნიოთ ეს სხვაობა სხვა ადამიანებში. ცნობიერება შეგვიძლია მხოლოდ საკუთარ თავში ვიცოდეთ.

ყოველი აზრისთვის, გრძნობისთვის ან ქმედებისთვის (ან საკუთარი თავის გაცნობიერებისთვის) ჩვენ შესაბამისი ენერგია უნდა გვქონდეს. თუ იგი არ გაგვაჩნია, დაბლა ვეშვებით და დაბალ ენერგიაზე ვმუშაობთ - მხოლოდ ცხოველური ან მცენარეული ცხოვრებით ვცხოვრობთ. შემდეგ კვლავ ვაგროვდებთ ენერგიას, კვლავ გვებადება აზრები, კვლავ შეგვიძლია მოკლე დროით გავაცნობიეროთ თავი.

ფიზიკური ენერგიის დიდ რაოდენობასაც კი არ შეუძლია წარმოქმნას აზრები. აზრებისთვის განსაკუთრებული, უფრო მძლავრი ენერგიაა საჭირო. ცნობიერება კი კიდევ უფრო სწრაფ, უფრო ფეთქებად ნერგიას მოითხოვს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...