პარადოქსია, მაგრამ იმისთვის, რომ გასაგებად მოვყვეთ რთულის შესახებ, ზოგჯერ საჭიროა მარტივი დეტალების რთული, ადამიანისთვის გასაგები ენით ახსნა და შემდეგ ამ ყველაფრის ერთ მთლიან სურათად შეკვრა. ანუ მარტივიდან რთულისკენ, და რთულიდან - მარტივისკენ. პირველ რიგში შემოვიტანოთ გარკვეული ცნებები და სიმბოლოები - აბსტრაქტული, მაგრამ რეალობის ამსახველი, და მარტივი ანალოგიებით ახსნილი. გთხოვთ, ბრმად ნუ მიიღებთ აქ მოყვანილ პოსტულატებს და ბოლომდე გაიაზრეთ.
 
სისტემა - (ძვ.ბერძნ. σύστημα — „შესატყვისობა“) — გარკვეული წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია რისამე ნაწილების გეგმაზომიერ განლაგებასა და ურთიერთკავშირზე... სტრუქტურა, მთლიანობა, რომელიც შედგება ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებული ნაწილაკებისაგან.
 
თუკი ათვლის წერტილად ავიღებთ ერთ კონკრეტულ ადამიანს, იმ უზარმაზარ სისტემაში, რომელსაც სამყაროს ვუწოდებთ, იგი წარმოადგენს ერთ პაწაწინა ქვესისტემას. მაგრამ თავის მხრივ ადამიანი, როგორც სისტემა, შედგება უფრო დაბალი თანრიგის ქვესისტემებისგან: ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა... ორგანოები, ქსოვილები, უჯრედები, უჯრედის შემადგენელი ნაწილები, ბირთვი, დნმ და ა.შ. მაქსიმალურად მცირემდე...
 
aaa1 
 
ადამიანისთვის ზესისტემას წარმოადგენს ის წესრიგი (სისტემა), რომლის შემეცნებაც არ შეუძლია და მისთვის ქაოსურ, უხილავ ძალას წარმოადგენს, მაგრამ შეუძლია ამ ზესისტემის ზემოქმედების შეგრძნება. ანალოგიისთვის მოვიყვანოთ ადამიანის და ბუზის მაგალითი. ადამიანს შეუძლია ბუზის, როგორც მცირე ქვესისტემის აღწერა, დანაწევრება (როგორც აბსტრაქტულად, ასევე ფიზიკურად), მასზე ექსპერიმენტების ჩატარება, და ბოლოს და ბოლოს მოკვლა (უკვე რაღაც დონეზე მისი ხელოვნურად შექმნაც კი, - კლონირების გზით). ბუზს კი არ შეუძლია შეიმეცნოს ადამიანი, მას შეუძლია მხოლოდ შეიგრძნოს მისი ზემოქმედება, მისგან მომავალი საფრთხე, როგორც სტიქიური უბედურება, რომელიც უახლოვდება, მაგრამ ადამიანის შემეცნებაზე და აღწერაზე (როგორც მაგალითად, ადამიანი აღწერს ტორნადოს), ლაპარაკიც ზედმეტია. მას შეუძლია მხოლოდ რეაგირება მოახდინოს, გაფრინდეს და გადარჩეს, ან ვერ მოასწროს და მოკვდეს.
 
aaa2
 
ადამიანი, როგორც სახეობა, ერთიანდება ერთ დიდ სისტემაში, რომელსაც ეწოდება კაცობრიობა. კონკრეტული ადამიანები, ერები, ქვეყნები, სხვადასხვა გაერთიანებები - კაცობრიობის ქვესისტემებს წარმოადგენენ. კაცობრიობა - ერთი მთლიანი სხეულია და მისი შემადგენელი ნაწილები (ადამიანები) მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი (თუ რატომ და როგორ, ეს მოგვიანებით გახდება გასაგები) მიუხედავად იმისა, რომ მის თვითოეულ წევრს თითქოს დამოუკიდებელი არსებობა შეუძლია. ანალოგიისთვის მოვიყვანოთ ვოლვოქსი - სიცოცხლის ერთგვარი შუალედური ფორმა ერთუჯრედიან და მრავალუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ესაა კოლონია, წყალმცენარე, რომელიც თან ერთი სხეულია, და თან მის ყოველ შემადგენელ უჯრედს დამოუკიდებლად არსებობაც შეუძლია. მსგავსი მოწესრიგებული დაჯგუფება ფლორას და ფაუნას სხვა სახეობებშიც ბევრი გვხვდება და ამაზე აღარ შევჩერდეთ.
 
აქ დავსვათ ერთი კითხვა, რომელსაც შემდეგ ვუპასუხებთ, მაგრამ მანამდე ეცადეთ თავადვე გასცეთ პასუხი: რატომაა ჩვენთვის ცნობილი ყველა მცენარეული და ცხოველური სისტემა ბუნებასთან ჰარმონიაში და რატომ ქმნის კონფლიქტს ბუნებასთან მხოლოდ ადამიანი (კაცობრიობა)?
 
 innnn
 
დუალიზმი— იგივე პოლარობა. სამყაროში ყველაფერი ორ პოლარობად იყოფა (რომელიც შემდეგ თავის მხრივ კვლავ იყოფა და ა.შ.) მთავარი პოლარობებია: ინი და იანი, არსი და ფორმა, წესრიგი და ქაოსი, გაცემა და მიღება, დაბადება და სიკვდილი, ცა და მიწა, სული და მატერია, ქალი და მამაკაცი, დღე და ღამე, ყინული და ცეცხლი, ცხელი და ცივი, ტალღა და ნაწილაკი, «კარგი» და «ცუდი», თეთრი და შავი, პლუსი და მინუსი... სამყარო დუალური კონტრასტებისგან შედგება და სწორედ ეს პოლარობები ამოძრავებენ მას. დუალიზმი გვხვდება ყველა სფეროში: მეცნიერებაში, რელიგიებში, ხელოვნებაში, დრამატურგიაში და ა.შ.
aaa5
 
უფრო დაწვრილებით შევეხოთ წესრიგისა და ქაოსის დუალობას. ამ შემთხვევაში სიტყვა «ქაოსს» ვიყენებთ ჭეშმარიტი მათემატიკური მნიშვნელობით. მათემატიკაში ქაოსს უწოდებენ დინამიური სისტემის აპერიოდულ დეტერმინირებულ ქცევას, რომელიც უკიდურესად მგრძნობიარეა საწყისი პირობებისადმი. მარტივად რომ ვთქვათ, ქაოსი — ესაა სისტემის არაპროგნოზირებადობა. სამყაროს შემეცნების გზაზე მეცნიერებას რადიკალური პოზიცია ეკავა და ვარაუდობდა, რომ მთელი ეს მოჩვენებითი უწესრიგობა მხოლოდ ზუსტად მომუშავე მექანიზმია, რომელიც უბრალოდ ჯერ არაა შესწავლილი, მაგრამ რაც უფრო წინ მიდის მეცნიერება, მით უფრო ვგებულობთ, რომ ყველაფერი არც ისეთი სწორხაზოვანი და მოწესრიგებულია, როგორც მანამდე თვლიდნენ. თანდათანობით მივდივართ იმ გაგებამდე, რომ ბუნებაში ჩადებულია ერთგვარი „თავისუფლება“, ანუ ქაოსი.
 
aaa6
 
შემდეგი დუალობა, რომელსაც მინდა შევეხო, ესაა —არსი და ფორმა, რომელიც მჭიდრო კავშირშია წესრიგთან და ქაოსთანმაგალითისთვის ავიღოთ ვაშლი. სიტყვა ვაშლი — ესაა სიმბოლო, არსი, რომელიც გამოხატავს ყველა იმ ვაშლის იდეას, რომელიც არსებულა და იარსებებს დედამიწაზე. ეს ერთი იდეა იშლება უთვალავ ფორმად: მწვანე ვაშლი, მჟავე ვაშლი, მიჩურინის ვაშლი, Apple-ს „ჩაკბეჩილი ვაშლი“, ვაშლ-ატამა (რომელიც სხვა იდეასთან შერევის შედეგად მიიღება), მსხვილი ვაშლი, დამპალი ვაშლი და ა.შ. მაგრამ რაც არ უნდა განსხვავებულნი იყვნენ ეს ვაშლები, მათ შორის არის რაღაც საერთო სტრუქტურა, რაც მას არსთან აერთიანებს, და რაც უფრო მეტია ვაშლის მსგავსება თავის საწყის იდეასთან, მით უფრო „იდეალურია“ ეს ვაშლი. ანუ ვაშლში არის ორივე ასპექტი: ქაოსიც და მოწესრიგებულობაც. წესრიგი აახლოებს ვაშლს თავის საწყის იდეასთან, ხოლო ქაოსი განაპირობებს მის უამრავ განსხვავებულ და მრავალფეროვან ფორმას. შესაბამისად ქაოსის, ანუ გამოვლენილ ფორმათა სამყაროში ვაშლი უამრავ ინდივიდუალობად იშლება, ხოლო არსთა მოწესრიგებულ სამყაროში — ვაშლი მხოლოდ ერთია.
 
თუ ამ ყველაფერს სისტემებზე გადმოვიტანთ, რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო რთულია მისი გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაც და მეტია არახაზობრივი კავშირები. თუ ქვა მთელი «ცხოვრების» განმავლობაში თითქმის არ ურთიერთქმედებს გარემოსთან და არ იცვლება, ადამიანი, როგორც გაცილებით უფრო რთული სისტემა იმდენად ექვემდებარება ქაოსურ ცვლილებებს, რომ მისი ქცევა გაცილებით მეტად «არაპროგნოზირებადია», და სწორედ ეს აძლევს ადამიანს და მთელ კაცობრიობას გაცილებით უფრო სწრაფი ევოლუციის საშუალებას, ვიდრე მცენარეს, ან იგივე ქვას.
 
aaa7
 
ფრაქტალურობა — სამყარო არა მხოლოდ დუალურია, არამედ ფრაქტალურიცაა. ფრაქტალი, ესაა გეომეტრიული ცნება, რომელიც შემოიღო მათემატიკოსმა ბენუა მანდელბროტმა. მან კომპიუტერისა და მარტივი მათემატიკური ფორმულის (Z=Z^2+C) მეშვეობით შექმნა ფიგურა, რომელიც მანამდეც იყო ცნობილი „მონსტრების“ სახით („მონსტრის“ ერთ-ერთი მაგალითი იყო ჩვეულებრივი ხე, რომელიც უსასრულოდ იტოტება). ამ ფორმულის მიხედვით ყოველი შედეგი არის მოცემულობისა (Z) და შედეგის უკუკავშირი, და შემდეგი შედეგი მსგავსებასთან ერთად წინაზე რთულია. მანდელბროტმა შექმნა უსასრულო სირთულის გამოსახულება, რომელიც უსასრულოდ რთულდება. ფრაქტალებისგან შემდგარ გამოსახულებას მანდელბროტის სიმრავლეს, ან «ღმერთის თითის ანაბეჭდს» უწოდებენ. იტერაციის პროცესი ამ ფიგურას მრავალ საინტერესო თვისებას ანიჭებს, მათ შორის აღსანიშნავია თვით - მსგავსებადობა და უსასრულო დეტალურობა.
 
მანდელბროტმა და სხვა მეცნიერებმა (ფაიჟენბაუმმა, ბერნსლიმ, სმეილიმ და ა.შ.) აღმოაჩინეს, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების კონფლიქტის საზღვარზე იქნება არა ქაოსური, უწესრიგო სტრუქტურები, როგორც ადრე თვლიდნენ, არამედ უფრო მაღალი დონის თვითორგანიზაციის გამოვლენა. იგი არ ექვემდებარება ევკლიდე-ნიუტონის სქემებს, არაა სტატიური და მოძრაობისა და ზრდის პროცესში იმყოფება. ფრაქციული განზომილება — ესაა სისტემის არასწორობის (არამოწესრიგებულობის) დონე. მანდელბროტმა აღმოაჩინა, რომ არსებობს რეგულარულობა (სისწორე, მოწესრიგებულობა) ნებისმიერი არარეგულარულობისთვის. ანუ როდესაც ჩვენ ვუყურებთ რაღაცას, როგორც შემთხვევითს და ქაოსურს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ უფრო მაღალი თანრიგის სისტემას, ანუ ზესისტემას.
 
თუ შევაჯამებთ უკვე ჩამოთვლილ ცნებებს და პოსტულატებს, მივიღებთ, რომ სამყარო არც ისეთი მარტივია, რომ მხოლოდ დუალისტურ კატეგორიებად დავყოთ და ის, რაც ერთი შეხედვით გარესამყაროს ქაოსურობად (მოუწესრიგებელ და ბნელ გარემოდ) ჩანს ცალკე აღებული ერთი სისტემისთვის, სინამდვილეში ის ზღვარია, რომელიც მას ზესისტემისგან ჰყოფს და სინამდვილეში უფრო მაღალი თანრიგის სისტემის ქვესისტემად აქცევს. მარტივად: თუ „შემთხვევით“ თავში აგური დაგეცათ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მოვლენა შემთხვევითია, არამედ ნიშნავს, რომ ასეთი იყო ზესისტემის „ნება“. სწორედ ადამიანის ზესისტემასთან, როგორც შეუცნობელ ძალასთან ურთიერთობის შედეგად დაიბადა რელიგიები, ფილოსოფია, ეზოთერია, პარაფსიქოლოგია და სხვა მეტაფიზიკური დისციპლინები. რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ სისტემაზე და ქვესისტემებზე, ზესისტემასთან დაკავშირებით კი შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ, ფრაქტალური და სხვა ანალოგიების საფუძველზე. და რაც უფრო კარგად შევიცნობთ კაცობრიობას, როგორც სისტემას, და ადამიანს, როგორც ქვესისტემას, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ მივუახლოვდეთ ზესისტემის არსის წვდომას. მითუმეტეს, რომ ადამიანს გაცილებით უფრო ადვილად შეუძლია შეიცნოს ზესისტემა (პირობითად ვუწოდოთ მას „ღმერთი“), ვიდრე ბუზს — ადამიანი, რადგანაც ფრაქტალურობის კანონიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალი თანრიგისაა ფრაქტალური სისტემა, მით უფრო რთულია იგი და მეტი მსგავსება აქვს მთელთან, ანუ „ღმერთთან“.
 
ცოტა რამ კვანტური ფიზიკის შესახებ. კლასიკური ფიზიკისგან განსხვავებით, რომელიც ობიექტების უშუალო ფიზიკურ მახასიათებლებს აღწერს, კვანტური ფიზიკა უფრო ღრმად განიხილავს სისტემის მდგომარეობას. კლასიკური მიდგომა გულისხმობს, რომ სისტემის თვითოეული ნაწილის სტრუქტურისა და ქცევის ცოდნით შეგვიძლია გამოვიყვანოთ ობიექტთა ერთობლიობის, როგორც მთლიანის ქცევის კანონები, მაგრამ კვანტური თეორიის მიხედვით ასე არაა. სინამდვილეში ნაწილების სრულყოფილი გაგებაც კი ვერ მოგვცემს მთლიანის გაგებას. და ურთიერთქმედება ნაწილსა და მთელს შორის კვანტურ ფიზიკაში გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კლასიკურში. რაც უფრო დიდია სისტემა, მით უფრო მეტი ურთიერთკავშირში მყოფი ქვესისტემისგან შედგება იგი, და ამ კავშირების სრულყოფილად დასანახად საჭიროა ამ სისტემაზე გარედან დაკვირვება და მისი მთლიანად მოცვა.
 
კვანტურ ფიზიკაში ყველაზე დიდი სისტემა — ესაა სამყარო. სამყაროში ყველაფერი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: ლოკალურში (გამოვლენილში) და არალოკალურში (გამოუვლენელში).ლოკალურში ჩვენ მას ვხედავთ და იგი კლასიკური ფიზიკის კანონებს ემორჩილება. ესაა როგორც მყარი სხეულები, ასევე ძალები (სივრცე, დრო, გრავიტაცია, ელექტრო-მაგნიტური ველი, სხვადასხვა გამოსხივებები და ა.შ.). არალოკალურში— ჩვენ მათ ვერც ვხედავთ და ვერც ავღწერთ. იგი კლასიკური ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. იქ არაა სივრცე, დრო და ჩვენთვის ცნობილი სხვა სიდიდეები. და სწორედ მთლიანის ეს ყველაზე«მისტიური» მდგომარეობაა პირველადი. ჩვენი სამყარო სწორედ ამ არალოკალური მდგომარეობის გამოვლენის შედეგია. კვანტურ ფიზიკაში ამ პროცეს დეკოგერენცია ეწოდება, ხოლო რეკოგერენცია — ესაა საპირისპირო პროცესი ხილულიდან უხილავისკენ. ისევე როგორც ლოკალურ, ასევე არალოკალურ მდგომარეობაშიც თავისი კანონები მოქმედებენ.
 
კვანტური ჩახლათულობა (Quantum entanglement) — კვანტურ-მექანიკური მოვლენა, რომლის დროსაც ორი ან მეტი ობიექტის კვანტური მდგომარეობები ურთიერთდაკავშირებულია. ეს ურთიერთკავშირი შენარუნებულია მაშინაც კი, თუ ეს ობიექტები სივრცეში დაშორებულია ნებისმიერ ცნობილი კავშირების საზღვრებს მიღმა, რაც ლოგიკურ წინააღმდეგობაში მოდის ლოკალურობის პრინციპთან. ეს ეფექტი დიდი ხნის წინ აღმოაჩინა აინშტაინმა პოდოლსკისთან და როზენთან ერთად.
 
aaa8
 
ნაწილაკებს გააჩნიათ სპინები — მაგნიტური მახასიათებლები პროექციით ზემოთ/ქვემოთ. ცდისთვის იღებდნენ ნაწილაკს ორი სპინით: ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ. ისინი იღებდნენ ამორ სპინს და აშორებდნენ მათ სივრცეში (თეორიაში უსასრულობამდე), შემდეგ კი ზემოქმედებდნენ ერთ-ერთ მათგანზე, ანუ ცვლიდნენ მის პროექციას. აღმოჩნდა, რომ მორე სპინი, მიუხედავად მანძილისა, ნულოვან დროში, ანუ მყისიერად იცვლიდა თავის პროექციას საწინააღმდეგოზე. ეს აინშტაინის რეალობის ყველა კანონს ეწინააღმდეგებოდა. კვანტური ჩახლართულობა —უბრალოდ აბსტრაქცია არაა. იგი ბუნებაში არსებული ობიექტური რეალობაა და მას კვანტურ კომპიუტერებსა და კვანტურ-კრიპტოგრაფიულ სისტემებშიც იყენებენ.
 
ჩახლართულობა — ესაა ურთიერთობის განსაკუთრებული სახე სისტემის შემადგენელ ნაწილებს შორის, და მას ანალოგი არ გააჩნია კლასიკურ ფიზიკაში. იგი ჩნდება სისტემაში, რომელიც შედგება ორი ან მეტი ურთიერთმოქმედი ქვესისტემისგან (ან ადრე ურთიერთქმედებაში მყოფი და მერე დაშორებულისგან). მსგავს სისტემებში ცალკეული ნაწილების ქცევა ურთიერთკავშირშია, მაგრამ არა ჩვეული კლასიკური ურთიერთქმედებების, მაგალითად სინათლის სიჩქარის, არამედ არალოკალური კვანტური კავშირების (კვანტური კორელაციების) მეშვეობით. აქ სისტემის ერთი ნაწილის ცვლილება დროის იმავე მომენტში ახდენს გავლენას მის დანარჩენ ნაწილებზეც (მაშინაც კი, თუ ისინი უსასრულო მანძილზე არიან დაშორებულნი). ესაა სისტემის შემადგენელის მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელია დავყოთ ცალკეულ, სრულიად დამოუკიდებელ და თვითმყოფად ნაწილებად. იგი წარმოადგენს განუყოფელს (არასეპარაბელურს). ჩახლართულობა და არასეპარაბელურობა — ფაქტიურად, ერთი და იგივეა.
 
დავუბრუნდეთ ფრაქტალებს. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ფრაქტალის მცირე ნაწილი შეიცავს ინფორმაციას მთელი ფრაქტალის შესახებ, ანუ ქვესისტემა აგებულია სისტემის ერთიანი კანონების მიხედვით. ამ კანონის თანახმად ყველაფერი სამყაროს მიკრო-მოდელს უნდა წარმოადგენდეს. თუ განვიხილავთ ადამიანს, როგორც ცალკე სისტემას, დავინახავთ, რომ მასაც მთელი სამყაროს მსგავსად ორი მდგომარეობა გააჩნია: ლოკალური (გამოვლენილი) და არალოკალური (გამოუვლენელი). ლოკალური — ესაა ჩვენი ფიზიკური სხეული, ხოლო არალოკალური — ჩვენი ფსიქიკა, და ისინი მუდმივ კავშირში არიან ერთმანეთთან, ანუ «ჩახლართულ მდგომარეობაში» იმყოფებიან. ეს ორმაგობა ყველა სხვა სისტემაზეც ვრცელება, ცხოველებზე, მცენარეებზე და ა.შ. რაც უფრო მარტივია სისტემა, მით უფრო ნაკლებად ჩანს მისი ორმაგობა, მაგრამ ისეთი მიკროსკოპული სისტემაც კი, როგორიცაა ნაწილაკი, ამ ორმაგობას ატარებს.სწორედ მცირე «ნაწილაკებთან» (და უფრო პატარებთანაც) მუშაობენ კვანტური ფიზიკოსები. რას აღარ აკეთებენ იქ, და რაღაც კუთხით პროცესების მართვაც კი ისწავლეს. შეძლეს, მაგალითად, ტელეპორტაციის გაკეთება - ნულოვან დროში გადაადგილება. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ შემთხვევაში — თუ სისტემა იზოლირებულია სხვა სისტემებთან ურთიერთქმედებისგან. ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია, რადგანაც სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ყველაფერი ურიცხვ ჩახლართულ მდგომარეობებში იმყოფება.
 
არსებობს ასეთი ცნება: ჩახლართულობის სიდიდე (0-დან 1-მდე). იგი დამოკიდებულია სისტემის შემადგენელ ნაწილთა შორის ურთიერთქმედების ინტენსივობაზე. მაგალითად, ჩაკეტილი სისტემა შეიძლება იყოს მაქსიმალურად ჩახლართულ მდგომარეობაში (1) და მას არ ექნება შემადგენელი ლოკალური ნაწილები (ქვესისტემები), მაგრამ როგორც კი იგი ურთიერთქმედებაში მოდის გარემოცვასთან, მაშინ ჩახლართულობის სიდიდე მის ქვესისტემებს შორის თანდათანობით შემცირდება 0-მდე და ისინი გამოვლინდებიან ქვესისტემების (ლოკალური ობიექტების) სახით. მოვიყვან მცირე მონაკვეთს ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის, ს.ი. დორონინის წიგნიდან «კვანტური მაგია»:
 
«დავუშვათ, რომ გვაქვს ფოტოქაღალდი გამოუვლენელი (გასამჟღავნებელი) გამოსახულებით — ეს ერთგვარი არალოკალური მდგომარეობაა. ობიექტთა ხილულ ფორმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ გამოვლინება, თუკი ფოტო-ქაღალდს სპეციალურ გასამჟღავნებელ სითხეში ჩავდებთ (გარემოსთან ურთიერთქმედება). ჩახლართულობის სიტუაცია მხოლოდ ოდნავ უფრო რთულია — იქ არაა მანამდე გამოსახული „სურათი“ ნეგატივიდან. პოტენციური გამოსახულება (და ის მხოლოდ ერთი არაა!) თითქოს თანაბარზომიერადაა „გაშლილი“ ფოტოქაღალდზე და ამიტომაც უჩინარია. ყველა შესაძლო ელემენტი სუპერპოზიციურ მდგომარეობაში იმყოფება. მათ არ გააჩნიათ ლოკალური ფორმები. გარემოსთან ურთიერთქმედების შემთხვევაში სუპერპოზიცია ირღვევა და ვლინდება ესა თუ ის კლასიკური მდგომარეობა ურთიერთქმედების ტიპის შესაბამისად. ამ ფიზიკურ პროცესს ეწოდება დეკოგერენცია. ამ პროცესის მეორე მხარეს წარმოადგენს სისტემის ჩახლართულობის ზომის გაზრდა გარემოცვასთან მიმართებაში. იგი თითქოს სხვადასხვა მხარეს ანაწილებს იმის ნაწილებს, რაც მანამდე ერთი მთლიანი იყო, გარკვეულ ფორმას აძლევს მას, და ისინი ხილულნი, გარჩევადნი ხდებიან ჩვენი ჩვეული, კლასიკური თვალთახედვით. არსებობს უკუპროცესიც — შეგვიძლია მოვახდინოთ ჩახლართულობის „კონცენტრირება“, გადიდება. ამ პროცესს ეწოდება რეკოგერენცია, ანუ ჩახლართულობის დისტილირება. ჩვენს მაგალითში ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით ეს იმას ჰგავს, რომ რაღაც ეშმაკური ოპერაციების შედეგად მიღებული ფოტოთი და გამოყენებული გასამჟღავნებელი სითხით ჩვენ კვლავ შევძლებთ ფოტოქაღალდის გასუფთავებას, ანუ შევძლებთ გამოვლენილი გამოსახულებების საწყისი სუპერპოზიციის მდგომარეობამდე დაბრუნებას».
 
ჩახლართულობა — ეს არაა უბრალოდ ურთიერთქმედება, არამედ ესაა ერთგვარი «ტელეპატია», როდესაც ერთი ობიექტი უშუალოდ «შეიგრძნობს» თავის ერთიანობას სხვა სხეულებთან, როდესაც ყველა გარე ცვლილება მყისვე აისახება თავად მასზეც, და პირიქით, ცვლილებები ობიექტში მყისვე აისახება გარემოცვაზე. თუკი წარმოვიდგენთ მთელ სამყაროს, რომელშიც თვითოეული ქვესისტემა რაღაც არხებით დაკავშირებულია სხვა ქვესისტემებთან, გამოდის, რომ სამყაროში ყველაფერი მჭიდრო ურთიერთკავშირშია და ნებისმიერი ცვლილება ერთ კონკრეტულ ობიექტში მყისიერად (ნულოვან დროში) იწვევს ცვლილებას მთელ სისტემაზე, და შესაბამისად ყველა ობიექტზე, რომელთანაც ოდესღაც ეს ობიექტი ჩახლართულობის კავშირში იყო. და მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, რომ ეს ობიექტები ამჟამად სხვადასხვა ქვესისტემებში იმყოფებიან.
 
აი, აქ მოვითხოვ თქვენს ძალიან დიდ ყურადღებას: მაქსიმალურად ჩახლართულ მდგომარეობაში (სიდიდით - 1) ქვესისტემებს სრულიად დაკარგული აქვთ დამოუკიდებლობა. მათ პრაქტიკულად არ გააჩნიათ«ნების თავისუფლება», არ შეუძლიათ, რომ სხვა ქვესისტემებისგან დამოუკიდებლად შეიცვალონ. ქვესისტემებს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი დინამიკა. შეუძლებელია ობიექტმა ზღვარი გაავლოს საკუთარ თავსა და გარემოცვას შორის და თქვას, რომ „მე აქ ვარ, აქ კი მე არ ვარ“. მას არ შეუძლია თავისი ინდივიდუალურობის «შეგრძნება» და არ შეუძლია ევოლუცია განცალკევებული დამოუკიდებელი «პიროვნების» სახით. ამაზე დროებით შევჩერდეთ. ჩახლართულობის ცნებას კვლავ დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც განვიხილავთ კიდევ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან ცნებას.
 
დავუბრუნდეთ სისტემის და ზე-სისტემის ცნებებს. თუ ფართო მასშტაბით შევხედავთ, - სად გადის ზღვარი მათ შორის? ამ ზღვარს ვეჯახებით იქ, სადაც უკვე ვეღარ ვხედავთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.
 
aaa9
 
მაგალითად, ვხედავთ ავტომობილს—Ferrari F80. ახალთახალი მარკაა, ლამაზია, ზოგისთვის „ღმერთივითაა“, (ანუ ზე-სისტემას ჰგავს) და ისიც კი შეუძლია, რომ ეთაყვანოს მას. მაგრამ თუ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს გავყვებით ვნახავთ, რომ ეს ავტომობილი დამზადდა Ferrari-ს რომელიღაც კონკრეტულ ქარხანაში და მასზე მუშაობდნენ რომელიღაც კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ხელსაწყოების მეშვეობით. ამ ავტომობილის იდეა, დიზაინი და ა.შ. ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს. ანუ ამ „ღმერთივით“ ავტომობილს ჰყავს თავისი ზესისტემა, ანუ ღმერთები, რომლებმაც იგი შექმნეს. თავის მხრივ ამ ავტომობილის შემოქმედებს ჰყავთ მშობლები, რომლებსაც ასევე ჰყავთ მშობლები... და მივდივართ კითხვამდე - როგორ გაჩნდა ადამიანი? აქ უკვე ვაწყდებით ზე-სისტემას ადამიანთან მიმართებაში და მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ვეღარ ვხედავთ. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, გვჯეროდეს, დავუჯეროთ სხვადასხვა თეორიებს, მაგრამ რეალური კონკრეტული და ექსპერიმენტალურად დამტკიცებადი ცოდნა ამის შესახებ არ გაგვაჩნია.
 
აქ უნდა შემოვიტანოთ დუალიზმის ახალი კატეგორია — შემოქმედი-ქმნილება. ეს იგივე სისტემა-ზესისტემის დუალიზმია, ოღონდ ძალიან მასშტაბურ დონეზე. როგორ გაჩნდა სამყარო? როგორ გაჩნდა ქმნილება? ესაა უკიდურესი ზღვარი იმ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში, რომლის შეცნობაც ჩვენ შეგვიძლია. უფრო უკიდურესი, ვიდრე კითხვა: ვინ შექმნა ადამიანი?
 
aaa10
 
კვანტური ფიზიკის ძირითადი თეორია სამყაროს შექმნის შესახებ გვეუბნება, რომ დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ სადღაც რაღაც აფეთქდა, შემდეგ გაფართოვდა და მივიღეთ დღევანდელი სამყარო. მაგრამ საიდან გაჩნდა ის სინგულარობის წერტილი, რომელიც აფეთქდა? ამაზე უკვე პასუხი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ზესისტემამ, რომელსაც პირობითად ვუწოდებთ შემოქმედს, შექმნა ქმნილება. ქმნილებას არჩევანი არ ჰქონია. იგი გამოვლინდა შემოქმედის მიერ, როგორც მიღების სურვილი.
 
თუ აბსტრაქციის დონეზე შევადარებთ, შემოქმედი — ესაა გაცემის სურვილი, ხოლო ქმნილება — ესაა მიღების სურვილი. ქმნილებას სურს აივსოს, მიიღოს შემოქმედისგან, განვითარდეს, და თანდათანობით დაემსგავსოს შემოქმედს, ანუ შეერწყას მას. ქმნილების არსი — ესაა ეგოიზმი, რომელიც იზრდება, ფართოვდება და გარდაიქმნება ალტრუიზმად — ანუ გაცემის თვისებად.
 
aaa11
 
ზესისტემა სისტემასთან (ქმნილებასთან) მიმართებაში გამცემია, ხოლო ქმნილება ბავშვს ჰგავს, იგი ვერ იცოცხლებს მიღების გარეშე. ფაქტიურად ჩანასახი, ესაა არსი, რომელიც იკვებება დედით, „ჭამს“ მას ჯერ საშვილოსნოში ყოფნისას, შემდეგ კი გარეთაც. და რაც მთავარია ეს კვება არ გამოიხატება მხოლოდ ფიზიკურ კვებაში (ქიმიური ელემენტებით), არამედ იმ სითბოში, მზრუნველობაში, ყურადღებაშიც, რომელიც ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება სრულყოფილად განვითარებისთვის, ანუ ავსებისთვის. ბავშვი — ესაა ერთგვარი ჭურჭელი, რომელიც უნდა აივსოს,ხოლო დედა — მასთან მიმართებაშ გამცემია. ბავშვს შეუძია მხოლოდ შეიგრძნოს დედა, როგორც ზე-სისტემა, რომელიც კვებავს მას და ამ შემთხვევაშ ის ბედნიერია, ან არ კვებავს — და მაშინ ის ტირის და ამით გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, მაგრამ დედის შემეცნება მას არანაირად არ შეუძლია, სანამ გარკვეულ დონემდე არ აივსება (ანუ სანამ მისი ეგო გარკვეულ დონემდე არ განვითარდება).
 
aaa12
 
როგორც ვიცით, ჩანასახი გადის განვითარების გარკვეულ სტადიებს. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იყოფა, წარმოიქმნება ზიგოტა, რომლის უჯრედები თანდათან დიფერენცირდებიან და გვაძლევენ უფრო რთულ ფორმებს და ქსოვილებს. რაღაც დონეზე ჩანასახი ჰგავს თევზს, ამფიბიას, და თანდათანობით ემგვანება ადამიანს. თუ შევადარებთ, ესაა მიკრო-მოდელი იმისა, რაც სიცოცხლემ გაიარა დედამიწაზე. ყველაფრის მსგავსებიდან და ფრაქტალურობის პრინციპიდან გამომდინარე — ქმნილებას, როგორც მაკრო-სისტემას, უნდა გაევლო დაახლოებით იგივე ეტაპები, რასაც გადის ადამიანი, როგორც მიკრო-სისტემა.
 
თავად ქმნილებას, გააჩნია თავისი არსი, რომელიც პირველადია. როგორც უკვე ავღნიშნეთ, არსთა სამყაროში არსი, ანუ იდეა ერთია, რომელიც ფორმათა სამყაროში ურიცხვ ფორმებად იყოფა (გაიხსენეთ ვაშლის მაგალითი). შესაბამისად მთელს ქმნილებას გააჩნია ერთიანი არსი, რომელიც შემდეგ იტოტება და სხვადასხვა ქვე-არსებად, ანუ ქვე-იდეებად იყოფა. ადამიანიც, ცხოველებიც, მცენარეებიც, უკვე ნახსენები ვაშლიც და Ferrari-ც ამ ერთიანი არსის განტოტვის შედეგად მიღებული ქვე-იდეებია, რომლებიც მატერიალურ ურიცხვ ფორმებად ვლინდებიან.
მაგრამ! ისევე, როგორც ადამიანის ჩანასახი გადის გარკვეულ სტადიებს, ქმნილებაც ასევე ვითარდება და თანმიმდევრულად ავლენს თავის სხვადასხვა ფორმებს. ესაა კანონზომიერი და მოწესრიგებული პროცესი და ფორმათა ურიცხვი სიმრავლე სულაც არ გამოვლენილა ქაოსურად. ქმნილების განვითარებას თავისი დონეები აქვს და ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. ჯერ-ჯერობით კი გავაკეთოთ მოკლე რეზიუმე:
 
„სადღაც“, „ოდესღაც“, „რატომღაც“ შემოქმედი არსის მიერ გამოვლინდა ქმნილების არსი, როგორც მიღების სურვილი და ამ არსმა დაიწყო სწრაფვა თავისი შემოქმედი არსისკენ. და ჩვენ არ ვეხებით შემოქმედი არსის, როგორც ზე-სისტემის აღწერას (ეს საქმე რელიგიებსა და სხვადასხვა ფილოსოფიურ-ეზოთერულ სწავლებებს მივანდოთ), ჩვენი ყურადღება მიმართულია ქმნილების არსის შესწავლაზე იმ დონემდე, რა დონემდეც შესაძლებელია. ესაა შემეცნების აღმავალი —გზა, და ეს გზა ოდესმე აუცილებლად მიგვაახლოვებს ზე-სისტემის გარკვეული დონის შემეცნებამდეც, ისევე როგორც პატარა ბავშვი იზრდება და გარკვეული დონის შემდეგ აღარაა მხოლოდ მიმღები მშობლებთან მიმართებაში და იძენს გაცემის თვისებასაც, და შესაბამისად შეუძლია არა მხოლოდ შეიგრძნოს, არამედ შეიმეცნოს კიდეც თავისი მშობლები.
 
მოდით, შევხედოთ ამ ყველაფერს უძველესი ვედური ცოდნის კუთით, რომელსაც სანსკრიტზე ჯიოტიში ეწოდება. ესაა ცოდნა ყველაფრის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ნაწილებად და სფეროებად იყოფა, მაგრამ მისი მთავარი ნაწილია ცოდნა სამყაროს ძალთა შესახებ. ესაა უძველესი ფუნდამენტური ცოდნა, რომელზეც აგებულია ყველაფერი დანარჩენი. ვეცდები ძალიან მოკლედ და გასაგებად წარმოგიდგინოთ იგი და დავაკავშირო ზემოთმოყვანილ ცნებებთან. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ ახალი ხედვის კუთხე შემოვიტანო სამყაროს ამ ისედაც რთულ სისტემაში.
 
aaa13
 
ერთი (შეგვიძლია მას ვუწოდოთ „ღმერთი“) იყოფა ორ ყველაზე ფუნდამენტალურ ძალად, ორ პრინციპად. სანსკრიტზე მათ ეწოდებათ „სურია“ და „ჩანდრა“. ესაა ცენტრის პრინციპი და პერიფერიის (თანამგზავრის) პრინციპი. ქართულად შეგვიძლია ვთარგმნოთ, როგორც მზე და მთვარე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს პრინციპები პირველ რიგში სამყაროს მთავარი ძალებია, და მზე, მთვარე და სხვა პლანეტები ამ ძალთა მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინებაა. ასტროლოგია განიხილავს ამ ძალებთან კავშირს პლანეტარული განლაგების (ნატალური რუქის) მეშვეობით, მაგრამ ხშირად თანამედროვე ასტროლოგებს ავიწყდებათ, რომ პირველადი და მთავარი სწორედ ძალებია და არა ჩვენს მზის სისტემაში არსებული ციური სხეულები. სინამდვილეში ჯიოტიში ამ ძალების შესახებ ცოდნაა და არა მზის სისტემის პლანეტების. უძველეს ჯიოტიშის ოსტატს შეეძლო ადამიანის ხელისგულზე დაენახა იგივე (პალმისტრი [სანსკრ], ანუ ქირომანტია) რასაც დღეს თანამედროვე ვედური ან დასავლური ასტროლოგიის მიმდევრები ნატალურ რუკაში ხედავენ. მაშ ასე, სამყაროს მთავარი ძალები:
 
aaa14
 
სურია (მზე) — ესაა არსებობის ძალა, რომელიც ყოველივეს ცენტრია. იგი ვლინდება ყველა მაკრო- და მიკრო-სისტემაში. იგია გალაქტიკის ცენტრი — გალაქტიკაში, იგია მზე — მზის სისტემაში, იგია ბირთვი — ატომში. იგია ის ძალა, რომელიც ნებისმიერი სისტემისარსია, სულია, ცენტრია და ინარჩუნებს მას, შესაბამისად მის გარეშე ნებისმიერი სისტემა დაიშლება. ადამიანში — ესაა ის ყველაზე ნატიფი ძალა, რომელიც სიცოცხლეს აძლევს მას და რომლის გარეშეც სხეული უძრავ გვამად იქცევა. თუ შეგრძნებებით განვიხილავთ, სურია ადამიანში — ესაა შეგრძნება „მე ვარ“, მე ვარსებობ“, „მე გავცემ“. ესაა “ერთიანი”, საიდანაც წარმოიშობა ყველა დანარჩენი ციფრი.
 
aaa15
 
ჩანდრა — (მთვარე) ესაა პერიფერიის პრინციპი, თანამგზავრის პრინციპი. ადამიანში ვლინდება, როგორც ძალა — „მე ვგრძნობ“, „მე შევიგრძნობ“, „მე ვიღებ“. პლანეტა მთვარე ასტროლოგიურად გამოხატავს ამ ძალას, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს, ჩანდრას წარმოადგენს მზის მიმართ. სწორედ ჩანდრაა ყველაზე ნატიფი ძალა მზის შემდეგ. ჩანდრა არსობრივად შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ქმნილების არსი. ესაა მზის “ნათელის” ის “ბნელი” პოლარობა, რომელიც შთანთქავს ამ ნათელს და ცდილობს აღივსოს მისით, და ამგვარად შეერწყას მის არსს. სწორედ ჩანდრა ვლინდება ამის შემდეგ მატერიაში 5 მატერიალურ ძალად, რომლებიც მატერიის 5 ელემენტს (სტიქიას) შეესაბამება:
 
aaa16
 
გურუ — სტიქია - ეთერი. ესაა სივრცის არსი, მატერიის ყველაზე ნატიფი “მატრიცა”, რომელზეც ყველაფერი დანარჩენი ლაგდება. ინფორმაციული ველი, რომელიც ყველაფერს ინახავს. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა იუპიტერი.
 
aaa17
 
მანგალა — სტიქია - ცეცხლი. განსხვავებით მზისგან, ანუ სულიერი ცეცხლისგან (სულიერი იან-ისგან) ესაა მატერიალური ცეცხლი, პირველადი მატერიალური სინათლე, პირველი აფეთქება (Big Bang), შეღწევის, გაფართოების, დაწვის, დაშლის, აქტიური ქმედების იმპულსი. ასტროლოგიურად მას წარმომადგენს პლანეტა მარსი.
 
aaa18
 
შუკრა — სტიქია - წყალი. ცეცხლის საპირისპირო პოლარობა. განსხვავებით ჩანდრასგან, ანუ სულიერი წყლისგან (ინ-ისგან), ესაა მატერიალური წყალი. მიზიდვის, შეკუმშვის, ჩაქრობის, გაყინვის იმპულსი. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა ვენერა.
 
aaa19
 
შანი — სტიქია - ჰაერი. სტიქია, რომელიც აწონასწორებს ცეცხლისა და წყლის პოლარობებს. ასევე შემოსაზღვრავს ნებისმიერ სისტემას და გვევლინება, როგორც წონასწორობის შემანარჩუნებელი და “დამსჯელი” ძალა. “სასჯელი” სწორედ მაშინ მოდის, როდესაც წონასწორობა ირღვევა და ცეცხლის ან წყლის მიმართულებით მეტისმეტად გადაიხრება. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა სატურნი
 
aaa20
 
ბუდჰა — სტიქია - მიწა. ძალა, რომელიც კრავს და საბოლოო ფორმას აძლევს ყველა დანარჩენ სტიქიას. ესაა საბოლოო ფორმის მიცემის ძალა. მეტყველება, როგორც აზრის სიტყვად საბოლოოდ ფორმირების პროცესი, ასევე წერის პროცესი. კომუნიკაციის პროცესი. მიწის სტიქია, ერთი მხრივ ყველაზე “ფორმირებული” და “გაუხეშებულია”, მეორე მხრივ იგი საკუთარ თავში შეიცავს ყველა დანარჩენ სტიქიას. ასტროლოგიურად მას წარმოადგენს პლანეტა მერკური. 
ეს ხუთი მატერიალური ძალა + ორი მთავარი პრინციპი (სურია და ჩანდრა) გვაძლევს სამყაროს შვიდ მთავარ ძალას, რომელიც აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. მატერიაში არის კიდევ ორი ძალა (უფრო სწორად ერთი ძალის ორი პოლუსი) რომელსაც ეწოდება რაჰუ-კეტუ, მაგრამ ამ ძალების დაწვრილებით აღწერილობაზე არ შევჩერდები. ვეცდები ზემოთ მოყვანილ ცნებებთან დავაკავშირო მთავარი ძალები: სურია და ჩანდრა.
  • სურია — არსია, ჩანდრა — ფორმაა, ჭურჭელია;
  • სურია — იდეაა, ჩანდრა — იდეის მრავალრიცხოვანი გამოვლინებაა;
  • სურია — წესრიგია, ჩანდრა — ქაოსია;
  • სურია — ზე-სისტემაა, ჩანდრა — სისტემა და ქვე-სისტემებია;
  • სურია — შემოქმედია, ჩანდრა — ქმნილებაა;
  • სურია — გამცემია, ჩანდრა — მიმღებია;
  • სურია — იანია, ჩანდრა — ინია;
  • სურია — სინათლეა, ჩანდრა — სიბნელეა;
  • სურია — გამცემი, დაღმავალი ძალაა, რომელიც თავისი სინათლით ცდილობს შეაღწიოს და გავრცელდეს ჩანდრაში, შეერწყას მას; ჩანდრა — მიმღები, აღმავალი ძალაა, რომელიც შთანთქავს სურიას სინათლეს და ცდილობს თავისი სიბნელით გარს მოეფინოს, შთანთქოს იგი, შეერწყას მას;
ნებისმიერი სისტემა მთლიანია მხოლოდ მაშინ, როცა ეს ორი ძალა მასში ჰარმონიულადაა, როცა ისინი კონფლიქტში არ არიან ერთმანეთთან. მესამე ძალას, რომელიც ამ ორს ათანხმებს, უწოდებენ ჰარმონიას, სიყვარულს, დიალექტიკას, სიმბიოზს, სინთეზს. მესამე ძალის გარეშე ეს ორი ძალა მუდმივ კონფლიქტში იქნებოდა თავიანთი ურთიერთ-საწინააღმდეგო ბუნების გამო. ადამიანიც სწორედ ამ ორი ძალის ურთიერთ-ბალანსის შედეგად არსებობს. აქედან ვღებულობთ სამების პრინციპს სამყაროში.
 
  • სული, სურია, შემოქმედი არსი, ცეცხლის სტიქია, მამა...
  • მატერია, ჩანდრა, მიმღები არსი, წყლის სტიქია, დედა...
  • ადამიანი, ბავშვი, სიყვარული, თანხმობა, ჰარმონია, დიალექტიკა.
 
არსებობენ სწავლებები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მზის გზაზე (ე.წ. ჩამომავალ, ზემოდან დაშვებულ ცოდნაზე), არსებობენ სწავლებები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ მთვარის გზაზე (ე.წ. აღმავალ ცოდნაზე). პირველს უმეტესწილად განეკუთვნებიან რელიგიები (თავისი პირვანდელი იმპულსით) და სხვადასხვა სულიერი და ეზოთერული სწავლებები. მეორეს უმეტესწილად განეკუთვნება მეცნიერება და სხვადასხვა ტანტრულ-ოკულტური ეზოთერული სწავლებები. და სამწუხაროდ ამ ორ გზას შორის ხშირად კონფლიქტია, რადგან ადამიანის ცნობიერება ჯერ არ განვითარებულა იმ დონემდე, რომ ჰარმონია დაამყაროს და სინთეზი მოახდინოს ამ ორ მიმართულებას შორის. მეცნიერება ხშირად უარყოფს უძველესი დროიდან დატოვებულ „ზემოდან შთაგონებულ“, დაღმავალ ცოდნას, ან იმ ცოდნას, რომელსაც რაღაც გზებით ახლაც ყოველ წამს გვაძლევს სურია, ანუ ზე-სისტემა. და მეორე მხრივ „ზემოდან“ მიღებული ცოდნის მიმდევრებიც ძალიან ხშირად უარყოფენ აღმავალ, მეცნიერულ ცოდნას, არასერიოზულად თვლიან მას, ხშირად „დემონურსაც“ უწოდებენ, და ვერ აცნობიერებენ, რომ სინამდვილეში ესაა ქმნილების, ანუ ჭურჭლის ევოლუცია, და რაც უფრო მეტად ვითარდება ჭურჭელი, მით უფრო მეტ სინათლეს იტევს იგი. სინამდვილეში ეს ორი პროცესი ძალიან მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და ეს დაყოფაც მხოლოდ პირობითია. იანი გადადის ინში, და ინი გადადის იანში...
 
ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია უფრო მეტი აქცენტი გავაკეთო აღმავალ გზაზე, ანუ ქმნილების განვითარების გზაზე, რადგანაც ეს გზა უფრო ახსნადია, ექსპერიმენტულად დამტკიცებადია, ადამიანთა უმრავლესობისთვის გასაგები და მისაღებია. ამიტომაც ნაკლებად ვეხები ზე-სისტემის (შემოქმედის) აღწერას და ვცდილობ სისტემის, ანუ ქმნილების შესახებ უფრო მეტი ვისაუბრო, და ამ ორი მიმართულების კიდევ ერთი საინტერესო კუთხით საჩვენებლად სწორედ უძველესი — ჯიოტიშის ცოდნა მოვიშველიე, რომელიც სწორედ მზის გზითაა მიღებული, და არა მეცნიერული კვლევების და ექსპერიმენტების შედეგად, და თან ვეცადე ამომევსო ცოდნის ამ ორ მხარეს შორის არსებული ნაპრალი.
 
მაშ, ასე, განვაგრძოთ ჩვენი მოგზაურობა ქმნილების განვითარების კვალდაკვალ...
 
თუ გარშემო მიმოვიხედავთ, დავინახავთ, რომ ქმნილება ვლინდება ოთხ დონედ: არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. სიცოცხლის გამოვლინების ყველა ფორმა, დაწყებული მინერალით და დამთავრებული ადამიანით, მხოლოდ ამ ოთხი დონის ფარგლებშია. არსებობს გარდამავალი ფორმებიც, მაგალითად სოკო, როგორც გარდამავალი ფორმაა მცენარეულსა და ცხოველურს შორის, მაგრამ სხვა დონეს გარდა ამ ოთხისა ჩვენ ვერ ვხედავთ. შეგახსენებთ, რომ საუბარია სისტემაზე, და არა ზე-სისტემაზე (ანუ ზე-ადამიანურ დონეზე). მოვიყვან ცნობილი სუფი პოეტის — ჯალალ-ედ-დინ რუმის ციტატას:
 
«გარდავიცვალე მე, როგორც ქვა და მცენარედ ვიქეც, გარდავიცვალე მცენარე და ამ ქვეყანას მოვევლინე ვით მხეცთაგანი. გარდავიცვალე მხეცთაგანი და კაცად ვიქეც, და სიკვდილის აღარ მეშინის, განა შეწყვეტს ჩემ აღზევებას გარდაცვალება? მოვა ჟამი და მომერღვევა კაცური სახე და რადგან ქვეყნად ყოველივე აღიგვება თვინიერ მისა, მე აღზევებით ანგელოზთაც აღვემატები, რომ გონებისთვის მიუწვდომელ არსად გადვიქცე».
 
aaa21
 
როგორც ნიცშე ამბობდა, სწორედ ადამიანია ხიდი ცხოველსა და «ანგელოზს» შორის. და ზე-ადამიანური დონეები, ეს უკვე სისტემას სცდება და ზე-სისტემაში გადადის. და რადგანაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ სტატიაში სისტემის ფარგლებს არ გავცდებით, დავუბრუნდეთ მას.
 
მაშ ასე. ოთხი დონე, რომელიც ბევრ სისტემასა და კლასიფიკაციაში გვხვდება. ამ ოთხ დონეზე საუბრობდნენ სუფიებიც, კაბალისტებიც, მას აღწერდა რუდოლფ შტაინერი და სხვა მრავალი ეზოთერიკოსი. მაგრამ დღეისათვის ამ ოთხი დონის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და მეცნიერული აღწერილობა, მისი ფრაქტალური განმეორებადობა და ზუსტი სტრუქტურული მატრიცა როგორც მაკრო, ასევე მიკროკოსმოსში, და რაც მთავარია ადამიანის ფსიქიკაში, შეგვიძლია სისტემურ-ვექტორულ მატრიცაში ვიხილოთ.
 
aaa22
 
ფიზიკოსმა და ფსიქოლოგმა ვლადიმირ განზენმა ფსიქოლოგიაში შემოიტანა სრულიად ახალი მიდგომა — ობიექტებისა და მოვლენების სისტემური აღწერა. განზენის თეორიის თანახმად, ნებისმიერი დაკვირვებადი რეალობის ასაღწერად აუცილებელია და საკმარისია ოთხი პარამეტრი: დრო, სივრცე, ენერგია და ინფორმაცია. გრაფიკულ ვარიანტში ეს გამოისახება, როგორც კვადრატი, რომელიც ოთხი კვადრატისგან (ოთხი მეოთხედისგან) შედგება. ე.წ. განზენის მატრიცამ საფუძელი ჩაუყარა მისი მოსწავლის, ვიქტორ ტალკაჩოვის შრომას, რომელმაც ეს მატრიცა აქცია განზენ-ტალკაჩოვის მატრიცად. თვითოეული მეოთხედი დაიყო ორად — ინტრავერტულ და ექსტრავერტულ ნაწილებად. დროის მეოთხედი დაიყო წარსულად და მომავლად სივრცის ნაწილი დაიყო შიგა და გარე სივრცედ და ა.შ. მთლიანობაშ მივიღეთ 8 ვექტორი, 8 ეროგენული ზონა, 8 ფსიქოტიპი, რომელიც ქმნის მთლიან და დასრულებულ სისტემას. ამ ვექტორების ჩამონათვალია: კუნთის, ანალური, კანის, ურეთრალური, ორალური, ვიზუალური, ყნოსვის (ნაზალური) და სმენის (აკუსტიკური).
 
ვექტორული სისტემის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ვექტორული ფსიქოლოგიის განყოფილებაში, ამ სტატიაში კი ხაზს გავუსვამ მხოლოდ იმას, რომ ქმნილების განვითარების ოთხი დონე ფრაქტალურად მეორდება სამყაროს ყველა დონეზე (მათ შორის ვექტორულ სისტემაშიც), და სისტემურ-ვექტორული აზროვნება სრულიად ახალი სიტყვაა და პირველია მეცნიერებაში, რომელიც სისტემურად და ერთიანობაში, დღეისათვის ყველაზე კარგად და გასაგებად განიხილავს მოვლენათა ურთიერთკავშირს და ადამიანის ფსიქოტიპებს (სისტემის ფარგლებში და აღმავალი გზის თვალსაზრისით).
 
ქმნილების არსი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არ არის რაღაც ერთფეროვანი და მონომორფული, არამედ იყოფა 8 ვექტორად, სურვილის ავსების 8 მიმართულებად. თუ გავავლებთ პარალელს ქმნილების განვითარების ოთხ დონესთან, გამოდის, რომ ადამიანმაც და მთელმა კაცობრიობამაც უნდა გაიაროს ჯერ არაცოცხალი, შემდეგ მცენარეული, შემდეგ ცხოველური და ბოლოს ადამიანური დონეები. სისტემურ-ვექტორული მატრიცის მიხედვით აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა თავისი განვითარების ფაზით ჯერ მხოლოდ ცხოველურ დონეზე იმყოფება. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი (ეს ეხება კაცობრიობას, და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს, სადაც ასევე არსებობს გრადაცია არაცოცხალიდან ადამიანურ დონემდე).
 
აღმოჩნდა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული ვექტორული ნაკრები (ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ვექტორთა ნებისმიერი რაოდენობა 1-დან 8-მდე). და სწორედ ეს ნაკრები განსაზღვრავს ადამიანის სურვილთა, შესაბამისად ძალისხმევათა და მოქმედებათა მიმართულებებს. აქედან გამომდინარე, ადამიანში დაბადებიდან ჩადებულია მისი ფუნქციური როლი, და იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბედნიერი და რეალიზებული, თუკი ამ როლს ასრულებს. და ადამიანთა ტანჯვის მიზეზებია: ამ როლების ვერ-გაცნობიერება, ამ როლებში არარეალიზებულობა და რაც ჩვენი დღევანდელი ცივილიზაციისთვისაა დამახასიათებელი როლების (ფუნქციების) თავსმოხვევა საზოგადოების მხრიდან.
 
ვექტორების დაწვრილებით განხილვას ამ სტატიაში ვერ მოვახერხებ, მაგრამ მინდა გავავლო პარალელი ზემოთ ნათქვამთან და შესადარებლად ავიღო ორი ვექტორი: კუნთის ვექტორი და სმენის ვექტორი (ამ სტატიის სრულყოფილად გასაგებად კარგი იქნება, თუ გაეცნობით ამ ვექტორების მოკლე მიმოხილვებს). სხვა დანარჩენი ვექტორები, რაღაც კუთხით წარმოადგენენ გრადაციებს ამ ორ ვექტორს შორის. და თუ დონეების მიხედვით შევაფასებთ, კუნთის ვექტორი - ესაა არაცოცხალი დონე, ეგოიზმის ყველაზე პრიმიტიული ფორმა ადამიანში, ხოლო სმენის ვექტორი — ადამიანური დონის ყველაზე მაღალი გამოვლინება, ესაა ამობრუნებული ეგოიზმი, რომელიც სრული განვითარების შემთხვევაში იქცევა აბსოლუტურ ალტრუიზმად. კუნთის ვექტორი — ესაა მატერიის ბაზა, ფუნდამენტი, ხოლო სმენის ვექტორი — ესაა ქმნილების არსის სურვილი — სრულად შეიმეცნოს მატერია და გასცდეს მის საზღვრებს (პირობითად რომ ვთქვათ, ამაღლდეს სისტემის დონიდან ზესისტემის დონემდე).
 
თუკი ავიღებთ კაცობრიობას, როგორც სისტემას, მასში კუნთის ვექტორი წარმოადგენს ერთიან ცნობიერებას —«ჩვენ». ესაა კვანტური არალოკალური ჩახლართულობის ყველაზე მაღალი ხარისხი კაცობრიობის სისტემის შიგნით. ხოლო სმენის ვექტორი — ესაა ჩახლართულობის ყველაზე დაბალი ხარისხი. ესაა შესაძლებლობა, რომ პიროვნულმა «მე»-მ განიცადოს დამოუკიდებელი ევოლუცია.
 
კუნთის ვექტორი არ სვავს კითხვებს. აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან. აზროვნებს პრინციპით —«სადაც ყველა, იქაც მე». ხოლო სმენის ვექტორი, ესაა ვექტორი, რომელმაც პირველად დასვა ფილოსოფიური კითხვები: რისთვის არსებობს, რა მიზანი აქვს ადამიანს, საერთოდ სიცოცხლეს და ა.შ. და მისი ფუნდამენტური კითხვაა: «ვინ ვარ მე?». მისი ფუნქციაა პირველ-არსთან, პირველ-მიზეზთან დაბრუნება.
 
ახლა კი გავცეთ პასუხი კითხვას, რომელიც დასაწყისში დავსვი: «რატომაა ჩვენთვის ცნობილი ყველა მცენარეული და ცხოველური სისტემა ბუნებასთან ჰარმონიაში და რატომ ქმნის კონფლიქტს ბუნებასთან მხოლოდ ადამიანი (კაცობრიობა)?»
 
მიზეზი მარტივია: ადამიანში სმენის ვექტორი პირველად გამოვლინდა სრული სახით, პირველად სწორედ ადამიანში გაჩნდა შემეცნების სურვილი, მაგრამ შემეცნებისთვის საჭირო იყო განზე გადგომა, სისტემის ჩახლართულობიდან გამოსვლა, საკუთარი თავის პიროვნულ «მე»-დ შეგრძნება. ადამიანმა პირველად იგემა «აკრძალული ნაყოფი». მან აირჩია განვითარების გზა: «მე თვითონ». და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანი (კაცობრიობა) თითქმის ყოველთვის თავის შეცდომებზე სწავლობდა.
 
დღეს ადამიანის ფუნქციაა, რომ მთლიანად კაცობრიობამ (და არა მხოლოდ რომელიღაც გამორჩეულმა ინდივიდებმა) დაინახოს სამყაროს კანონზომიერებები, დაინახოს, რომ არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ მთელ სამყაროში, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და «ჩახლართულ» მდგომარეობაში იმყოფება. დაინახოს, რომ ჩვენ ყველანი ერთი საერთო სისტემის, ერთი საერთო ორგანიზმის უჯრედები ვართ, უჯრედებს, რომლებიც მთელის წინააღმდეგ მიდიან — კიბოს უჯრედები ეწოდებათ და თუ გაჯანსაღება ვერ შეძლო, «მთელი» მათ აუცილებლად გაანადგურებს. დღეს კაცობრიობა უახლოვდება იმ ზღვარს, როცა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ ყველანი, მთელი მსოფლიო, ყოველი ერი ერთ ნავში ვსხედვართ და ნებისმიერი დაპირისპირება და კონფლიქტი დიალექტიკის (სიყვარულის) გარეშე, ესაა სამყაროს მთავარი კანონზომიერების წინააღმდეგ წასვლა.
 
ნებისმიერ დუალიზმში ორი უპირისპირდება ერთმანეთს, და მხოლოდ მესამე ძალას შეუძლია მათი შერიგება, დაბალანსება, შეთანხმება. საყოველთაოდ ცნობილ ენაზე ამ ძალას სიყვარული ეწოდება. შეგვიძლია ამას დავარქვათ ერთიანობა, დიალექტიკა, ჰარმონია. ესაა ის, რასაც დაპირისპირებულობა, კონფლიქტი, თეზა და ანტითეზა გადაჰყავს ერთიანობაში, ურთი-ერთობაში, სინთეზში.
 
aaa23
 
ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ბუნებრივ ჰარმონიას. მაგრამ ეს აღარ იქნება «იძულებითი», განპირობებული, გაუცნობიერებელი ჰარმონია, როგორც ეს აქვთ ცხოველებს, მცენარეებს. არამედ იქნება გაცნობიერებული, შემეცნებული და «მე თვითონ»-ის გზით მიღწეული ერთიანობა. ე.წ. გაცნობიერებული «ჩახლართულობა», როცა «მე» წარმოადგენს «ჩვენ»-ის ნაწილს და ამავდროულად ინდივიდუალობასაც არ კარგავს. კაცობრიობა ჯერ ვერ სწვდება ზე-სისტემას, იმიტომ რომ ადამიანი ჯერ არ გამხდარა ადამიანი. ადამიანი ჯერ ისევ ბავშვია, რომელიც «სათამაშოს» კანონზომიერებას მისი დამტვრევით და დაშლით სწავლობს.
 
ოდესღაც იყო ერთი. ერთი მრავლად დაიფანტა. მრავალი ისევ ცდილობს ერთამდე მისვლას... ეს თამაში დროსა და სივრცეში მიმდინარეობს... დროსა და სივრცის მიღმა კი — ყველაფერი ისევ ერთია! და ამ რეალობაში ჩვენ ვართ დაფანტული «მე»-ები, რომლებსაც დაგვავიწყდა ჩვენი (ღმ)ერთობა!
 
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...
 
გაგრძელება იხილეთ ამ ლინკზე...