განვიხილოთ მეცნიერული ეგრეგორი:

დიდ ეგრეგორებს შორის, თავისი ასაკით, მეცნიერული ეგრეგორი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა. ესაა ეგრეგორი, რომელიც თავისი მიმართულებით და ხედვებით რელიგიურ ეგრეგორებს ყველაზე მეტად უპირისპირდება, და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც ყველაზე მეტად მეცნიერებას დასავლურ სამყაროში ქრისტიანობა დევნიდა. გავიხსენოთ ჯორდანო ბრუნო, რომელიც მეცნიერული ეგრეგორის წამებულთაგან ერთ-ერთი პირველი იყო. სწორედ რელიგიურ ეგრეგორთან დაპირისპირებამ განაპირობა მეცნიერების ის ფორმა, რომელიც დღემდე მოჰყვება მას. კერძოდ, პრაგმატული, მკაცრად ემპირიული, ექსპერიმენტებით დამტკიცებადი კვლევის მეთოდები და უნდობლობა ყოველგვარი „წმინდა წერილისადმი“, ტრადიციული ავტორიტეტებისადმი ან ადამიანური ფანტაზიებისადმი, რწმენებისადმი და ცრურწმენებისადმი. სწორედ მეცნიერული ეგრეგორია ის სისტემა, რომელიც თანდათანობით ანაცვლებს რელიგიურ ეგრეგორებს განვითარებულ ქვეყნებში (და ასეთ ქვეყნებში რელიგიები გარკვეულწილად აქეთ ცდილობენ, რომ მეცნიერებასთან ადაპტირდნენ).

თავისი ბუნებით ეს ეგრეგორი აღმავალ სისტემურ-პარაზიტულ ეგრეგორების ჯგუფს მიეკუთვნება. იგი კაცობრიობის ეგრეგორის ორგანული ნაწილია და მასთან ერთად აქვს შანსი, რომ სისტემურობის წილი გაზარდოს, ხოლო პარაზიტულობის -შეამციროს. მისი პარაზიტულობა ამჟამად ტექნოკრატიულობისკენ ზედმეტ გადახრაში და დედამიწის ეკოლოგიურ დაბინძურებაში მდგომარეობს, თუმცა მეცნიერებასვე აქვს შანსი, რომ ეს პრობლემები გადაჭრას. მისი პარაზიტულობის წილი განპირობებულია ასევე პოლიტიკურ-ფინანსური ეგრეგორის ძლიერი გავლენით და ამ ეგრეგორზე დამოკიდებულობით (დაფინანსების ძირითადი წყარო ამ ეგრეგორებიდან აქვს). ეს გავლენა თანდათანობით სუსტდება იმის ხარჯზე, რომ ასპარეზზე გამოჩნდნენ მდიდარი მეცნიერები, რომლებიც თვითონვე აფინანსებენ მეცნიერულ პროექტებს. ასევე მდიდარი ადამიანები კომპანიები და საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც მეცნიერებაზე გავლენის ფლობის სურვილის გარეშე აფინანსებენ მსგავს პროექტებს. თანდათანობით მეცნიერება მიდის იქითკენ, რომ დამოუკიდებელ და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ეგრეგორად ჩამოყალიბდეს, დღეს-დღეობით კი, სამწუხაროდ, შოუ-ბიზნესში და სპორტში უფრო მეტი ფული იდება, ვიდრე მეცნიერებაში.

 მეცნიერული ეგრეგორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ზედმეტი სიმშრალე, პრაგმატიზმი და უნდობლობა ყველაფრისადმი, რისი ექსპერიმენტით დამტკიცებაც შეუძლებელია, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ კვლევის ასეთი მიდგომა აძლევს საშუალებას, რომ სხვა რელიგიური, ეზოთერული და სხვა სახის ეგრეგორებისგან დამოუკიდებლად, თვითმყოფადი სახით განვითარდეს. ამ ეტაპზე და შორეულ პერსპექტივაშიც მეცნიერების მიზანი არაა მეტაფიზიკის და სულიერების კვლევა. მისი კვლევის საგანი მატერიაა, ჩვენთვის შედარებით ობიექტურად დაკვირვებადი სისტემაა, და სწორედ მატერიის და სისტემის ანბანის შემეცნების მეშვეობით შეძლებს იგი, რომ აღმავალი გზით ზე-სისტემაში (ე.წ. „სულიერ პლანზე“) გადავიდეს. ამ მხრივ, განსხვავებით სხვადასხვა რელიგიურ-ეზოთერული სწავლებებისგან, იგი დოგმატებს და ავტორიტეტებს (უმეტესწილად დრომოჭმულს) არ ეყრდნობა და ძალიან მყარი ფუნდამენტი აქვს განვითარებისთვის.

 დღეისათვის მეცნიერების და სხვადასხვა სულიერ სწავლებებთან გაერთიანების მცდელობა ხელოვნური და ცალმხრივია, და ეს „სულიერ სწავლებებს“ უფრო სჭირდებათ ხოლმე. თავად მეცნიერება კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ საკუთარ არეალში განიცდის გაერთიანებას და ინტეგრაციას. მაგალითად ადრე იყო მხოლოდ ბიოლოგია და მხოლოდ ფიზიკა. ახლა გვაქვს მეცნიერება - ბიო-ფიზიკა. ასეთი ინტეგრაციები ბევრია და თანდათან მეცნიერება მიდის იქამდე, რომ ერთ კომპლექსურ სისტემად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამ გაერთიანებების შედეგად მოხდება მასში თვისობრივად ახალი აღმოჩენების გამოვლინება. სხვა მეტაფიზიკურ სისტემებს მეცნიერების ეგრეგორი მაშინ დაუკავშირდება, როცა ამის ობიექტური საჭიროება დადგება.

 ბევრი მეტაფიზიკოსი ამბობს: ის, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, უკვე წერია ბიბლიაში, ვედებში, სხვადასხვა წმინდა წერილებში, ამას უკვე ამბობდნენ უძველესი ბრძენები, და საერთოდ, „ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია“, და ამით ისინი ხაზს უსვავენ მეტაფიზიკის „აღმატებულებას“ მეცნიერებაზე, მაგრამ მათ ავიწყდებათ 3 ფაქტორი:

 1. მეცნიერება, როგორც ეგრეგორი, აღმავალი გზით ვითარდება,  ძალიან ახალგაზრდაა, უკვე გასცდა „ბავშობის ასაკს“, მაგრამ ჯერ კიდევ შორსაა მოწიფულობის და თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის ასაკამდე. მეტაფიზიკური სწავლებების და რელიგიების საკმაოდ დიდი ნაწილი კი პირიქით, სიბერეშია და კვდომისკენ მიდის (თუ უკვე მკვდარი არაა).

 2. მისი მეთოდი - პრაგმატული ემპირიული კვლევა - ერთი შეხედვით ზედმეტად უხეში და დამიწებული, მაგრამ ერთადერთი ობიექტური კვლევის მეთოდია, და ამ ობიექტურობის საზღვრები თანდათანობით ინაცვლებს უხეშიდან ნატიფი მატერიისკენ. იგი ზედმეტად უხეშია ადამიანებისთვის, რომელთა ფანტაზიას და წარმოსახვასაც საზღვარი არ აქვს, მაგრამ სწორედ ეს მეთოდი გვიცავს იმ ფანტაზიებისგან და რწმენებისგან, რომლებიც შესაძლოა გარკვეულწილად ლოგიკური ან ადეკვატური იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ცრუ აღმოჩნდეს.

 3. დღევანდელ კაცობრიობას (ცივილიზაციას) განვითარების თავისი გზა აქვს. მან თავისით უნდა „აკრიფოს“ და მოიპოვოს ის ცოდნა, რაც გარკვეული ფორმით, ბუნებრივია, ჩვენს წინა ცივილიზაციებსაც ექნებოდათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ ცივილიზაციას თავისი დროისა და გარემოებების შესაბამისი ცოდნა ჰქონდა, რომელიც მეტწილად სწორედ ამ დროსა და გარემოებებში მუშაობდა ადამიანისა და კაცობრიობის განვითარების დონის შესაბამისად. და იგივე მეტაფიზიკური სწავლებები გვეუბნებიან, რომ წინა ცივილიზაციები განადგურებამდე მივიდნენ, შესაბამისად მათ ცოდნაზე „დაყრდნობა“ არც ისე საიმედოა.

 რა თქმა უნდა, კაცობრიობის განვითარებაში ყველა მიმართულება თავის როლს ასრულებს, და დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს როგორც მეტაფიზიკურ, ასევე მეცნიერულ სწავლებებს, მაგრამ ჩვენი ცივილიზაციის განვითარების გზა ძირითადად მეცნიერებაზე გადის. მაგია, რომელის უძველესი დროიდან მისტიური საბურველითაა შემოსილი, დღეისათვის ვეღარ უწევს კონკურენციას მეცნიერებას, და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მეცნიერებაა - თანამედროვე „მაგია“ (იხ. მხატვრული ფილმი „ჯადოქრის შეგირდი“ (The Sorcerer’s Apprentice), რომელშიც მთავარი გმირი სწორედ მეცნიერების წყალობით იმარჯვებს ბოროტებაზე).

ინტერნეტი, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი (რომელიც 200 წლის წინანდელი ადამიანის წარმოდგენით ფანტასტიკის ან მაგიის სფეროს ეკუთვნის), სწორედ მეცნიერების მონაპოვარია. მთლიანობაში, სწორედ ნიკოლა ტესლას მსგავსი მეცნიერებს მიჰყავთ კაცობრიობა რეალური პროგრესისკენ, და არა სულიერი ხილვების და „ჩენელინგების“ ნიადაგზე აღმოცენებულ სექტებს თუ ეზოთერულ სწავლებებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, თავისი გარკვეული როლი აქვთ. მეცნიერული პროგრესი მოიცავს რეალურ საფრთხეებსაც (ზედმეტი ტექნოკრატიულობის თვალსაზრისით), მაგრამ კაცობრიობა ყველა ცივილიზაციაში თავის შეცდომებზე სწავლის გზით ვითარდებოდა (ან/და ნადგურდებოდა) და არასოდეს აუღია განვითარების მთავარ საფუძვლად ძველი (წინა ცივილიზაციების) სწავლებები.

 თუ კაცობრიობის განვითარების ფაზების მიხედვით შევხედავთ (ვექტორული სისტემის ჭრილში), დღეს კაცობრიობა კან-ყნოსვურ ფაზაშია, და სწორედ ეს ფაზაა პრაგმატული და ლოგიკური მეცნიერების აღზევების ფაზა. და ძნელია წარმოვიდგინოთ, თუ რა მასშტაბებს მიაღწევს მეცნიერება ურეთრალ-სმენურ ფაზაში, როდესაც შემეცნება შოუ-ბიზნესზე და სპორტზე გაცილებით პრიორიტეტული გახდება, კაცობრიობაში ალტრუიზმის წილი მოიმატებს და სმენები რეალურ ძალაუფლებას მოიპოვებენ. მეცნიერება, როგორც ასეთი, კაცობრიობის სმენური ზომის მონაპოვარია.

 აქვე უნდა ავღნიშნოთ ნახევრად-მეცნიერული სისტემები, რომლებიც ბოლომდე მეცნიერულნი (თანამედროვე გაგებით) არ არიან, მაგრამ გარკვეულწილად მეცნიერული მიდგომები და მხარეები გააჩნიათ და თანდათან უახლოვდებიან მას. ასეთია, მაგალითად, ფსიქოლოგია, რომელიც განსხვავებით ფსიქიატრიისგან (რომელიც უფრო მეტად მეცნიერულია), კლასიკურ მეცნიერებად ვერ ჩაითვლება. ასეთი ნახევრად-მეცნიერებები უფრო მეტად დაფუძნებულნი არიან დაკვირვებებზე, სოციოლოგიურ კვლევებზე, სტატისტიკაზე და გარკვეულწილად პრაგმატულ ექსპერიმენტებზეც. ასეთ ეგრეგორებს მეცნიერებისადმი კუთვნილებაზე უფრო აქვთ პრეტენზია და ცდილობენ, რომ კვლევის მეთოდებით და მიდგომებით დაუახლოვდნენ მას, მაგრამ იგივე ფსიქოლოგია ჯერ-ჯერობით არაა ის სფერო, რომელშიც მხოლოდ მკაცრად მეცნიერული კვლევებით გავალთ ფონს, ამიტომაც არის, რომ ფსიქოლოგიაში უკვე მიღებულ თეორიებსაც კი ჯერ-ჯერობით არ აქვთ მყარი და ობიექტურად ბოლომდე დამტკიცებადი საფუძვლები. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ფსიქოლოგიაა ის სფერო, რომელიც გარკვეუწილად აკავშირებს მეცნიერებას და მეტაფიზიკას ერთმანეთთან და ზედმეტად მკაცრ ფორმებს და მეცნიერულ ჩარჩოებს არ აწესებს, და მეცნიერების უხეშიდან ნატიფისკენ ზრდასთან ერთად ფსიქოლოგიაც უფრო მეტად მეცნიერული გახდება. ასევე ნახევრად-მეცნიერულ დისციპლინებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ფილოსოფია, რომელიც მეცნიერების წინაპარია, და პირველი მეცნიერები ძირითადად ფილოსოფოსები იყვნენ. სწორედ ფილოსოფია ახდენს მეცნიერულ მიღწევათა ფილოსოფიურ ანალიზს, აჯამებს ეპოქის მიღწევებს და სახავს მომდევნო მიზნებს.