შემდეგი კითხვა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ: რა მთავარი მახასიათებლები და თვისებები აქვს ეგრეგორს?

 ყოველ შემდგარ (დიდ) ეგრეგორს გააჩნია რვა ასპექტი, რვა ზომა (დროში თუ შევხედავთ - ფაზა), რომელთაგანაც თვითოეულს უნდა აკმაყოფილებდეს. ის, თუ რომელი ასპექტი იქნება მეტად აქცენტირებული, დამოკიდებულია ეგრეგორის ტიპზე და მის ფუნქციაზე. ეს ასპექტებია:

1. თვითგადარჩენა, არსებობის შენარჩუნება; მოცულობაში და მასაში ზრდა (როგორც წესი, ეგრეგორის წევრების ხარჯზე).

2. წარსული გამოცდილების დაგროვება და ეგრეგორის შემდგომი თაობისთვის გადაცემა (ეგრეგორული მეხსიერება); სხვა ეგრეგორებთან ურთიერთქმედება (ენერგო-ინფორმაციული შემადგენელის თანაბრობის პრინციპით გაცვლით, კონკურენციის გარეშე).

3. მოცემულ სიტუაციასთან ადაპტაცია, სტანდარტიზაცია, თანამედროვეობასთან ადაპტირებული ფორმის ჩამოყალიბება; ეგრეგორის ფინანსური გაძლიერება; ტექნიკური და ტექნოლოგიური მხარის უზრუნველყოფა;  სხვა ეგრეგორებთან თანამშრომლობა და კონკურენცია. უნდა ითქვას, რომ განვითარების ამ ფაზიდან ეგრეგორთა უმეტესობა უფრო მეტს იღებს თავისი წევრებისგან, ვიდრე აძლევს მათ, განსხვავებით მეორე ფაზისგან, როდესაც გაცვლა თანაბრობის პრინციპით ხდება. ასე ვთქვათ, თავიდან ეგრეგორების უმეტესი ნაწილი „პატიოსანია“, შემდეგ კი პრაგმატული ხდება).

4. გარღვევა; ახალი ენერგო-ინფორმაციული და სივრცობრივი ტერიტორიების „დაპყრობა“; ეგრეგორის მომავლის უზრუნველყოფა. სხვა ეგრეგორების აგრესიული „გადაყლაპვა“ (აქაც გააჩნია ეგრეგორს).

5. ეგრეგორის შემადგენელი ნაწილების ვერბალური გაერთიანება; ლოზუნგების და ეგრეგორული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება და ეგრეგორის წევრთა არაცნობიერში „დამკვიდრება“; სხვადასხვა ლოზუნგები, ჰიმნები, ლოცვები, მანტრები, საგალობლები, სიმღერები და ა.შ. 

6. ეგრეგორის კულტურულ-ეთიკურ-ინტელექტუალური დონის ამაღლება; დემონსტრაციულობა; სიყვარულის, სიკეთის, ურთიერთგაგების ქადაგება (გააჩნია ეგრეგორსაც); ეგრეგორის წევრებში რწმენის და მრწამსის ჩამოყალიბება; ემოციური განცდები და ემოციური მანიპულაციები; ყურადღების აქტიურად (დემონსტრაციულად) მიპყრობა - სხვადასხვა კონსტრუქციული თუ დესტრუქციული ხერხებით; აქტიური პიარი მას-მედიაში;

7. ეგრეგორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (ქვეყნის ეგრეგორის დონეზე - ესაა უშიშროება, კონტრ-დაზვერვა და მსგავსი სტრუქტურები); ეგრეგორში მის წევრებს შორის ფუნქციური რანჟირება; ეგრეგორისთვის საჭირო წევრების „დაჭერა“ (აქაც გააჩნია ეგრეგორს); მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაცვა და საიდუმლოდ შენახვა (ეგრეგორის დაფარული მხარეები);   ეგრეგორის მიერ ძალაუფლების ზრდა და შენარჩუნება; თავისი ძალაუფლების ქვეშ სხვა (უფრო მცირე) ეგრეგორების მოქცევა; გადარჩენა ნებისმიერ ფასად, თვით ეგრეგორის წევრების სიცოცხლის ფასადაც კი (გარკვეული, ე.წ. პარაზიტულ-ვირუსული ეგრეგორების შემთხვევაში ეს ასპექტი - ბოლო და უმაღლესია ეგრეგორისთვის).

8. ეგრეგორის სწრაფვა - გაიზარდოს და შეერწყას უფრო მაღალი თანრიგის ეგრეგორს (ზე-სისტემას); კავშირების დანახვა სხვადასხვა ეგრეგორებს შორის; ეგრეგორის გადასვლა ფიზიკურიდან მეტა-ფიზიკურ დონეზე (უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე); იდეური გარღვევა; ეგრეგორის მიერ საკუთარი თავის - როგორც მთლიანობის ფუნქციური ნაწილის დანახვა, და არა იზოლირებულად აღქმა; შემეცნების დონის ამაღლება ეგრეგორის წევრებში (და შესაბამისად მთლიანად ეგრეგორში); იდეური გაერთიანება სხვა ეგრეგორებთან. (აქაც გააჩნია ეგრეგორს, რადგან არსებობს ეგრეგორთა კატეგორია, რომელიც ნაცვლად გაერთიანებისა და კავშირების დანახვისა, ზე-სისტემის ეგრეგორულ იერარქიისგან იზოლაციის გზას ირჩევს და პარაზიტულ (ვირუსულ) ეგრეგორად გარდაიქმნება. ასეთია ძველი ეზოთერული სწავლებების დიდი ნაწილი, სექტების უმეტესობა, რელიგიების ნაწილი („ვაჰაბიტური ისლამი“), სხვადასხვა ძველი ან თანამედროვე მიკრო-ეგრეგორები („ლურჯი ვეშაპი“), ნაციზმი, ნეო-ნაციზმი და ა.შ... ეგრეგორთა კონკრეტულ ტიპებს მოგვიანებით დავახასიათებთ)

p.s. თუ ეგრეგორი თავიდან სისტემური იყო და შემდეგ ვირუსული გახდა, მას თავიდან ექნებოდა მერვე ასპექტიც, შემდეგ კი მას მეშვიდე ასპექტის სამსახურში ჩააყენებდა.

ეგრეგორი შემდგარად ითვლება მაშინ, თუ მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს რვავე ამ ასპექტს (პარაზიტული (ვირუსული) ეგრეგორების შემთხვევაში მერვე ასპექტი არაა აუცილებელი). იმის მიხედვით, თუ რა ფუნქცია აქვს ეგრეგორს, მასში რომელიღაც ასპექტი განსაკუთრებულადაა გამოკვეთილი. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამ ასპექტების შესახებ იძლევა სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია  - ერთ-ერთი თანამედროვე ეგრეგორი. ასევე დაახლოებით მსგავს ფაზობრივ ტიპოლოგიას გვაძლევს მასლოუს პირამიდა. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებით, ზემოთაღწერილი დიფერენცირება (ვექტორულ ჭრილში) უფრო ვრცელი, ზუსტი, თანმიმდევრული და სისტემურია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია შევიმუშავოთ ალგორითმი, თუ როგორ იქმნება ეგრეგორი. ეს ძალიან რთული, მრავალმხრივი და კომპლექსური პროცესია და მოიცავს ყველა იმ ფაზას და ასპექტს, რაც ზემოთ ავღწერე. აქ იგულისხმება დიდი და მასშტაბური აგრეგორების შექმნა, და არა მიკრო-ეგრეგორების, რომლებიც შესაძლოა რომელიმე ასპექტების გარეშეც გავიდნენ ფონს - იმის ხარჯზე, რომ სხვა უფრო დიდი ეგრეგორის კონკრეტული ფუნქციურ ნაწილებად იქმნებიან. და მაინც, „ნამდვილი ეგრეგორი“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაღაც დოზით რვავე ასპექტს უნდა აკმაყოფილებდეს. ხოლო ადამიანები, ისევე როგორც სხვადასხვა მიკრო- და მინი-ეგრეგორები - ამ დიდი ეგრეგორების ფუნქციურ ნაწილებს წარმოადგენენ.