guuuur

ავტორი: მამუკა გურული

(სტატია განკუთვნილია მათთვის, ვისაც ზოგადი წარმოდგენა მაინც აქვს ვექტორულ ფსიქოლოგიაზე)

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გადავწყვიტე დეტალურად გავცნობოდი გურჯიევის სისტემას, რომლის თეორიაზეც ზოგადი წარმოდგენა მქონდა და რატომღაც ხშირად გადავდე ხოლმე უფრო მეტად ჩაღრმავება. და რა თქმა უნდა, დავიწყე გურჯიევის მოსწავლის, პიოტრ უსპენსკის წიგნით - „მეოთხე გზა“. გურჯიევის სისტემა პირველ რიგში იმით გახდა ჩემთვის საინტერესო, რომ ჩემთვის ცნობილი შემდგარი და ფართოდ გავრცელებული ეზოთერული სისტემებიდან ყველაზე პირველი აღმავალი სისტემა გახლდათ. აღმავალში ვგულისხმობ ისეთ სისტემას, რომელშიც ადამიანის განვითარება პირველ რიგში საკუთარ თავზე და საკუთარ ქმედებებზეა დამოკიდებული და არ ელოდება „ზემოდან წყალობას“ (თუნდაც განხორციელებული ქმედებების სანაცვლოდ). ესაა აღმოსავლური სისტემების ერთგვარი სინთეზი, რომელიც კონკრეტულ დროსთან მიმართებაში ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო და იძლეოდა როგორც თეორიულ, ასევე პირველ რიგში პრაქტიკულ გზას „ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის“ (როგორც თავად გურჯიევი უწოდებდა).

პირველი, რაც თვალში მომხვდა უსპენსკის „მეოთხე გზა“-ში, იყო ის, რომ აქცენტი კეთდება ფსიქოლოგიის შესწავლის აუცილებლობაზე, და იმაზე, რომ სანამ პარა-ფსიქოლოგიაზე და ზე-უნარების გამომუშავებაზე გადავა, ადამიანმა ჯერ საკუთარი ფსიქოლოგიის შესწავლით უნდა დაიწყოს. აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ როცა იბადებოდა გურჯიევის „მეოთხე გზა“, სწორედ მის პარალელურად იბადებოდა ფროიდის ფსიქოანალიზიც, და ზოგადად, სწორედ მაშინ იწყებოდა ფუნდამენტური ცვლილებები ფსიქოლოგიაში. ის, რასაც „ფსიქოანალიზი“ ფსიქოანალიტიკური მეთოდებით ცდილობდა, გურჯიევის სისტემაში პირველ რიგში თვითდაკვირვებით, თვითგახსენებით და თვითცნობიერების გაღვიძებით მიიღწეოდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ცნობილი ავტორი, რომელმაც გურჯიევის (და ზოგადად ეზოთერული სისტემების) იმჟამინდელ ფსიქოლოგიასთან გაერთიანება მოახერხა - გახლდათ იტალიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი რობერტო ასაჯოლი. მან შექმნა ფსიქოლოგიის ახალი მიმართულება –„ფსიქოსინთეზი“, სადაც აქტიურად იყენებდა პიოტრ უსპენსკის და ასევე ცნობილი თეოსოფის - ელის ბეილის იდეებს.

ამ პერიოდის შემდეგ ფსიქოლოგია კიდევ უფრო განვითარდა და მოგვცა ბევრი სახის ტიპოლოგიური სისტემა, მათ შორის ვექტორული ფსიქოლოგია, რომლის საფუძველს და საწყის იმპულსს ფროიდის ფსიქოანალიზი წარმოადგენდა. სწორედ ვექტორულ ფსიქოლოგიასთან ბევრი პარალელის და კავშირების დანახვა გახდა ჩემთვის იმპულსი, რომ უფრო ღრმად გავცნობოდი გურჯიევის სისტემას და ვექტორული სისტემის თვალთახედვით შემეხედა ამ სისტემისთვის, და პირიქით, გურჯიევის სისტემის თვალთახედვით შემეხედა ვექტორული სისტემისთვის. ჯერ, მოკლედ მოვყვები ამ პარალელების და კავშირების შესახებ:

ისევე როგორც ვექტორული სისტემა, გურჯიევის სისტემაც ახდენს ადამიანების დიფერენცირებას მათი ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით. ამ სისტემის მიხედვით, არსებობს ადამიანი #1, ადამიანი #2, ადამიანი #3 და ა.შ. (იხ. ტექსტი: „ცნობიერების ტიპები და ადამიანთა კატეგორიები“). ეს დაყოფა ეფუძნება ადამიანში აქტიურ ცენტრებს, ანუ ფუნქციებს. გურჯიევი გამოჰყოფდა ოთხ ფუნქციას: ინსტინქტურს, მამოძრავებელს, ემოციურს და ინტელექტუალურს, რომლებიც ჩემი ამჟამინდელი დაკვირვებით ვექტორებს ამ რიგით შეესაბამებიან:

ინსტინქტური ფუნქცია - კუნთის ვექტორი (ცხოველურ დონეში) და ორალური ვექტორი (ადამიანურ დონეში);

მამოძრავებელი ფუნქცია - კანის ვექტორი (ცხოველურ დონეში) და ყნოსვის ვექტორი (ადამიანურ დონეში)

ემოციური ფუნქცია - ანალური ვექტორი (ცხოველურ დონეში) და ვიზუალური ვექტორი (ადამიანურ დონეში)

ინტელექტუალური ფუნქცია - ურეთრალური ვექტორი (ცხოველურ დონეში) და სმენის ვექტორი (ადამიანურ დონეში).

გურჯიევის სისტემის მიხედვით, ყოველ ფუნქციას (ინსტინქტურს, მამოძრავებელს, ემოციურს და ინტელექტუალურს) გააჩნია თავის მხრივ თავისივე ინსტინქტური, მამოძრავებელი, ემოციური და ინტელექტუალური ნაწილები. სწორედ ისევე, როგორც ვექტორულ ფსიქოლოგიაში თვითოეულ ვექტორს აქვს თავისი ინტელექტუალური, ემოციური, მამოძრავებელი და ინსტინქტური მხარეები (სხვა ტერმინოლოგიით).

gurdjieff

ითვლება, რომ დასავლურ სამყაროს ენეაგრამა პირველად გურჯიევმა გააცნო, თუმცა გურჯიევს არ შეუმუშავებია ენეაგრამასთან დაკავშირებული პიროვნების ცხრა ტიპის აღწერა. თანამედროვე ენეატიპების შემქმნელებად ითვლებიან ოსკარ იჩაზო და კლაუდიო ნარანხო. თუ ვექტორული სისტემის თვალსაზრისით შევხედავთ, ენეაგრამული ტიპოლოგია საკმაოდ კარგად აღწერს კონკრეტული ხასიათების არქეტიპულ მოდელებს, მაგრამ ეს უფრო ყნოსვურ-ინტუიტიური მიგნებაა და არ არის კარგად ახსნილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, თუ საიდან იქმნება ეს ტიპები, რა ფუნქცია აქვთ მათ და ა.შ. თუმცა მსგავსება გარკვეულ ვექტორებთან ან მათ კომბინაციებთან (და მდგომარეობებთან) სახეზეა. თვალსაჩინოებისთვის ჩამოვთვალოთ ცხრავე ენეატიპი:

 

1. პერფექციონისტი
2. დამხმარე
3. მებრძოლი
4. ინდივიდუალისტი
5. დამკვირვებელი
6. სკეპტიკოსი/ერთგული
7. ენთუზიასტი
8. ბოსი
9. მშვიდობისმყოფელი

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ძველი ეზოთერული თუ რელიგიური სისტემების (განსაკუთრებით მათი ფსიქოლოგიური ნაწილის) უმეტესობა, პირველ რიგში ყნოსვური სისტემებია. ისინი წარმოადგენენ მუშა სისტემებს, მაგრამ არ არიან ახსნილნი მიზეზ-შედეგობრივად (სმენურად). სწორედ მსგავსი აღმოსავლური (განსაკუთრებით სუფიური) სისტემები გააერთიანა გურჯიევმა სმენურად და წარმოგვიდგინა, როგორც თვითმყოფადი და იმ დროისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა („მეოთხე გზა“). თავად გურჯიევს 7 ვექტორი ჰქონდა (ყველა ვექტორი გარდა ვიზუალურისა) სცენარით კი ურეთრალ-სმენა იყო. გარკვეულწილად მისი დამოკიდებულებები და აქცენტები სწორედ მისივე საკუთარი ფსიქოტიპიდან და ფუნქციებიდან გამომდინარეობს (ყველა ფსიქოტიპს მეტ-ნაკლებად ჰგონია, რომ ყველა ადამიანი პერსპექტივაში მაინც მის ფსიქოტიპს უნდა ჰგავდეს). „მეოთხე გზის“ მთავარი ღერძი გადის ცნობიერება-მექანიკურობის შკალაზე. ამ სისტემის მიხედვით ითვლება, რომ ადამიანები მეტწილად მექანიკური არსებები არიან, და რომ ადამიანის მთავარი მიზანი და დანიშნულება უნდა იყოს გამოღვიძება და თვითცნობიერ არსებად ქცევა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ერთი ზომის ხედვაა (ამ შემთხვევაში სმენის ვექტორის) და სინამდვილეში ყველა ვექტორს აქვს თავისი „გაცნობიერებულობის შკალა“.

ასევე გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანის ძალიან დიდ უმრავლესობას „არ შეუძლია კეთება“, და რომ „კეთების“ უნარს გამომუშავება სჭირდება. ვექტორული კუთხით ეს ურეთრალური ხედვაა. აგიხსნით, რატომ. როგორც ვიცით, ყველა ქვედა ვექტორი გარდა ურეთრალურისა, ლანდშაფტზეა დამოკიდებული. კუნთის ვექტორი ემორჩილება ლანდშაფტს, კანი და ანალი ლანდშაფტთან თანასწორნი არიან (კანი ერგება, ანალი - ირგებს), და სწორედ ურეთრალური ვექტორია ის ვექტორი, რომელიც ახალ მოცემულობას (მომავალს) განსაზღვრავს მატერიაში (იგივეს აკეთებს სმენა - იდეურ-აბსტრაქტულ სამყაროში). სწორედ ამას სთავაზობდა გურჯიევი თავის მოსწავლეებს, რომ არ ყოფილიყვნენ ლანდშაფტის გავლენებზე დამოკიდებულნი და თავისი თამაშის წესები შეეთავაზებინათ ლანდშაფტისთვის. სწორედ ეს იყო მისთვის „კეთება“ - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, - როცა სრულიად თავისუფალი ხარ (ურეთრალური გაგებით) და მოცემულობას და გარემო პირობებს კი არ ერგები, ეგუები ან ემორჩილები, არამედ ცვლი. მაგრამ იგი ვერ ითვალისწინებდა, რომ ურეთრალური ვექტორი, როგორც ფუნქცია, ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. ასევე ვერ ითვალისწინებდა, რომ მაღალ-ინტელექტუალური და მაღალ-კულტურული ღირებულებები როგორც წესი სმენებს და ვიზუალებს აქვთ, და ეს ვექტორებიც ადამიანთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილს გააჩნია.

სხვათაშორის ის, რასაც გურჯიევი უმაღლეს ემოციურ ფუნქციას უწოდებს, და რაც მოპოვებადი მოცემულობაა - ვიზუალური ვექტორის უმაღლეს განვითარებას გულისხმობს, ხოლო ის, რასაც იგი უმაღლეს ინტელექტუალურ ფუნქციას და ობიექტურ ცნობიერებას უწოდებს - ესაა სმენის ვექტორის უმაღლესი, ანუ „სულიერი“ დონე (რომელსაც პრინციპში ზღვარი არ გააჩნია და უსასრულოდ შეუძლია განვითარდეს).

გურჯიევი აკვირდებოდა, და ინტუიტიურადაც ხვდებოდა, რომ რეალური „გამოღვიძება“ და „გაადამიანურება“ (სმენური და ვიზუალური თვალსაზრისით) მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას შეუძლია. და რომ უმეტესობა ისეთივე "მექანიკურ" არსებად დარჩება და პოტენციალშიც კი არ აქვს ევოლუციის უნარი, ხოლო მათ შორის, ვისაც ეს უნარი აქვს - ცოტა თუ იყენებს მას. სინამდვილეში, ნებისმიერი ფსიქოტიპი ერთიანი კაცობრიობის ნაწილია და საერთო ევოლუციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, და რა თქმა უნდა თვითონაც ევოლუციას განიცდის (თავისი ვექტორების ფუნქციების ფარგლებში), მაგრამ ბუნებრივია, ზედა ვექტორების თვალით - ისინი მძინარე და მექანიკური ადამიანები არიან (შეუძლებელია სმენის ვექტორიანმა დააფასოს, მაგალითად, ერთვექტორიანი კუნთის როლი და ფუნქცია, თუ სისტემურად ვერ ხედავს ამ ყველაფერს).

ის, რასაც გურჯიევი „ნამდვილი მე“-ს, ანუ ცენტრის მოპოვებას უწოდებს, ვექტორულ ფსიქოლოგიაში - ესაა პიროვნული ღერძი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ დომინანტურ სცენარს ადამიანში - მძიმე სტრესების და ნევროზების გარეშე, საკმარისი სიმყარით და სცენარულ ვექტორებში საკმარისი განვითარებით, ასევე არასცენარული ვექტორების ამ სცენართან საკმარისი ინტეგრაციით და მთლიანობაში მონოლითური ერთიანი სტრუქტურის შექმნით (ე.წ. ვექტორული ფსიქოსინთეზი). ასეთი ღერძი (ანუ განვითარებული სცენარული წყობა) ადამიანთა უმეტესობას რეალურად არ გააჩნია, და მას გამომუშავება (მოპოვება) სჭირდება.

ვექტორულ სისტემასთან პარალელისთვის მოვიყვან მონაკვეთს პიოტრ უსპენსკის "მეოთხე გზიდან":

"კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე სპეციალური დაკვირვებები, რომლებიც პიროვნების დანახვაში დაგვეხმარებიან?

პასუხი: ამაში თქვენს პირად სიმპათიებზე დაკვირვება დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ პოულობთ რაღაცას, რაც ცალსახად მოგწონდათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბავშვობიდან, დაინახავთ, რომ თქვენ გაქვთ ერთგვარი განსაკუთრებული პიროვნება, რომელიც ამაზეა აშენებული. ჩვენ სიმპათიის ქმნილებები ვართ. ჩვენ განსხვავებული რაღაცეები მოგწონს, მაგრამ სიმპათიების მხოლოდ გარკვეული რიცხვი გაგვაჩნია, რომლებიც ნამდვილია. მათი შესწავლის გზით შესაძლებელია პიროვნების პოვნა. 

კითხვა: ყველა პიროვნება სიმპათიებთანაა დაკავშირებული? ნუთუ არცერთი არ უკავშირდება ანტიპათიას?

პასუხი: მე არ ვფიქრობ, რომ ნორმალურ ადამიანებს ამდენად ძლიერი ანტიპათიები გააჩნიათ. ანტიპათიები, როგორც წესი, შემთხვევითია, ამიტომ არ უნდა ვენდოთ მათ. მაგრამ არსებობს ის, რაც თქვენ ყოველთვის მოგწონდათ, და ის, რაზეც მხოლოდ წარმოგიდგენიათ, რომ მოგწონთ. პიროვნებები სხვადასხვაა. ზოგიერთი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, გემოვნებებზე და მიდრეკილებებზე მაშინ, როცა სხვები დაფუძნებულია წარმოსახვებზე და საკუთარი თავის შესახებ ცრუ იდეებზე. ამიტომ აუცილებელია განვაცალკევოთ პიროვნებები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, მათგან, რომლებიც თვითგანვითარებისთვის უსარგებლოა, ამიტომ დაშლილი, ან უკიდურეს შემთხვევაში დამორჩილებული უნდა იქნეს."

ვექტორული თვალთახედვით, აქ საუბარია სწორედ სურვილის იმ ბუნებრივ მიმართულებებზე, და არაბუნებრივი (დაშენებული) სურვილების მოშორების აუცილებლობაზე, რომლებსაც უსპენსკი ადამიანში ნამდვილ და ცრუ პიროვნებებს ("მე"-ებს) უწოდებს. სწორედ ბუნებრივი მისწრაფებების და სურვილების აღმოჩენაა გურჯიევის სისტემაში თვითგანვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პროცესი.

piano 307653 960 720

ასევე კარგად ჯდება ვექტორების სისტემა გურჯიევის ოქტავების სისტემაში. ძალიან მოკლედ, ოქტავების სისტემიდან გამომდინარეობს, რომ იმისთვის, რომ რაღაც ძალამ მიმართულება არ შეიცვალოს და განვითარდეს, მას სჭირდება იმპულსი (ბიძგი). გარკვეულ შემთხვევებში ეს იმპულსი გარედან მოდის, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში სისტემის შიგნით გარკვეულმა ელემენტმა თავისი ძალისხმევით უნდა წარმოქნას იმპულსი. ვექტორების შემთხვევაში ესენი არიან ურეთრალური და სმენის ვექტორები, რომლებიც გარღვევას ახდენენ მატერიალურ და აბსტრაქტულ სივრცეებში. თუ ამას ნოტების მუსიკალურ ოქტავას შევადარებთ. ყველა ნოტს შორის არის ნახევარტონები (შავი კლავიშები), მაგრამ "მი"-ს და "ფა"-ს, ასევე "სი"-ს და "დო"-ს შორის შავი კლავიში არაა. ეს ნიშნავს, რომ ფა-ს და დო-ს სჭირდებათ, რომ თვითონ "უბიძგონ" საკუთარ თავს, და შესაბამისად ჯგუფს, და ამით მოახდინონ სისტემის ერთი მიმართულებით განვითარება. ანუ, ოქტავაში ვიღებთ შემდეგ შესაბამისობებს:

დო - კუნთის ვექტორი

რე - ანალური ვექტორი

მი - კანის ვექტორი

ფა - ურეთრალური ვექტორი

სოლ - ორალური ვექტორი

ლა - ვიზუალური ვექტორი

სი - ყნოსვის ვექტორი

დო - სმენის ვექტორი

კუნთის და სმენის ვექტორები "დო"ები გამოდიან სხვადასხვა ოქტავებისთვის. და ეს ნამდვილად ასეა, სმენა წარმოადგენს გარდამავალ ვექტორს, და ერთდროულად მიეკუთვნება ორ ოქტავას (სისტემას). ჩვენი სისტემისთვის იგი სმენას წარმოადგენს, ხოლო მომდევნო სისტემისთვის (ზე-სისტემისთვის) კუნთს. ანუ სმენა იგივე კუნთია, ოღონდ ახალ დონეში. 

ასევე ვიღებთ, რომ ყველაზე დიდ დაჭიმულობას ("დამაბალანსებელი ფაქტორის", ანუ შავი კლავიშის არარსებობას) ვხედავთ "მი"-ს და "ფა"-ს, ასევე "სი"-ს და "დო"-ს შორის. ანუ ესაა დაჭიმულობა კანსა და ურეთრალს, ასევე ყნოსვასა და სმენას შორის. და სწორედ ამ ვექტორებს შორის ვხედავთ კიდეც სინამდვილეში ყველაზე მეტ დაჭიმულობას. ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ურეთრალი მატერიალიაში მომავლისკენ "მიუძღვის" კუნთს, ანალს და კანს (ანუ "ფა" "მიუძღვის" "დო"-ს "რე"-ს და "მი"-ს), ხოლო სმენა იდეური მომავლისკენ "მიუძღვის" ორალს, ვიზუალს და ყნოსვას (ანუ "დო" "მიუძღვის" "სოლ"-ს, "ლა"-ს და "სი"-ს). 

შესაძლოა ოქტავებთან ვექტორულის დაკავშირება ერთი შეხედვით ხელოვნურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ კარგად გაეცნობით როგორც ერთ, ისე მეორე სისტემას, დაინახავთ, რომ კავშირი თვალნათლივია. 

უდიდეს პატივისცემას და აღტაცებას იმსახურებს გიორგი გურჯიევის ეს გენიალური აღმოჩენები, განსაკუთრებით მაშინდელი დროის ფონზე, როცა ფსიქოლოგია რეალურად მხოლოდ იბადებოდა.

სწორედ გურჯიევის სისტემამ მომცა იმპულსი, რომ ხაზი გამესვა იმისთვის, რაც მაშინდელ ფსიქოლოგებსაც ყურადღების მიღმა რჩებოდათ (უსპენსკის სიტყვებით) და ახლაც არაა სათანადოდ აქცენტირებული. ესაა თვითდაკვირვების, თვითგახსენების, თვითანალიზის, თვითგაცნობიერების ფუნქციები, რომლებიც პოტენციალში რეალურად მხოლოდ სმენებს, ვიზუალებს და ყნოსვებს აქვთ, და რომლებიც ძლიერ ცნობიერ ინსტრუმენტს წარმოადგენენ ადამიანის თვითგანვითარებისთვის. და რომ ამ ფუნქციების "გაღვიძებისთვის" და "გააქტიურებისთვის" დიდი ძალისხმევაა საჭირო. სწორედ ამ ძალისხმევის აუცილებლობაზე აკეთებდნენ აქცენტს გურჯიევი და მისი მოსწავლეები.

innovation

ასევე სხვა გააზრებებთან ერთად გურჯიევის სისტემამ მოგვცა იმპულსი ვექტორული ფსიქოლოგიის ქართულ ჯგუფს, რომ ცვლილებები შეგვეტანა ვექტორულ სისტემაში და უფრო დაგვეხვეწა იგი წინანდელთან შედარებით. მოკლედ გაგაცნობთ ამ ცვლილებებს.

1) ვიაჩესლავ იუნევის მიერ შექმნილ 5 ფენას (ფუძე, აზროვნება, ურთიერთობა, მოძრაობა, განვითარება) გადავარქვით სახელები და ვუწოდეთ:

1. ფუძე
2. აღქმა
3. ურთიერთობა
4. მოძრაობა-ქმედება
5. განვითარება-რეალიზაცია

2) ვიაჩესლავ იუნევის 40 თვისება თითოეულ ვექტორში - დავიყვანეთ 17 (1+16) თვისებამდე. მოკლედ ავხსნი, თუ როგორ მიიღება ეს 17 თვისება. თვითოეული ვექტორის ფუძე, ანუ მთავარი ფუნქცია - გატარებული 5 ზემოთ ჩამოთვლილ ფენაში და 4 ზომაში (სივრცე, დრო, ენერგია და ინფორმაცია) გვაძლევს სწორედ 17 თვისებას (ფუძის ფუნქცია + 16 თვისება) . ხოლო ამ თვისებების სიჭარბე, ნაკლებობა, ზომიერება, გადახრები და ა.შ. გვაძლევენ თვისებათა ძალიან დიდ მრავალფეროვნებას. იუნევი თვითოეულ ამ თვისებას ყოფდა მის შიგა და გარე ნაწილებად, რაც არასწორია და სწორედ ეს შევცალეთ. თვისება თვითოეულ მეოთხედში მხოლოდ ერთია, ხოლო მისი შიგა ან გარე გამოხატულება - ეს მხოლოდ გამოვლინების ფორმებია და არა თვისებები.

ასევე შევცვალეთ ფუძისეული ფუნქციის საბაზისო სხეულებრივი მოთხოვნილებები: ნაცვლად ჭამის (დრო), სმის (სივრცე), სუნთქვის (ენერგია) და ძილისა (ინფორმაცია), მივიღეთ:

კვება (ჭამა-სმა ერთად) - სივრცის მეოთხედი
გამრავლება - დროის მეოთხედი
სუნთქვა - ენერგიის მეოთხედი
ძილი - ინფორმაციის მეოთხედი

თვალსაჩინოების სახით წარმოგიდგენთ კანის ვექტორის ყველა თვისებას - ფენების და მეოთხედების მიხედვით:

ფუძე - ფორმა

აღქმა:

1. სივრცე - რაოდენობრივი (რანგობრივი)
2. დრო - დათვლით (გათვლით)
3. ენერგია - პრაგმატული
4. ინფორმაცია - ლოგიკურ-რაციონალური

ურთიერთობა:

5. სივრცე - სარგებელი
6. დრო - ადაპტაცია
7. ენერგია - ეფექტურობა
8. ინფორმაცია - მოხერხებულობა

მოძრაობა-ქმედება:

9. სივრცე - ეკონომიურობა
10. დრო - სისწრაფე
11. ენერგია- მულტიფუნქციონალურობა (მრავალმხრივობა)
12. ინფორმაცია - მახვილგონიერება

განვითარება-რეალიზაცია:

13. სივრცე - კონტროლი (თვითკონტროლი და სხვათა კონტროლი)
14. დრო - დისციპლინა
15. ენერგია - მობილურობა (მოძრავობა)
16. ინფორმაცია - მენეჯმენტი (ორგანიზება)

ვექტორული ფსიქოლოგიის ქართული ჯგუფი (www.svp.ge) განაგრძობს კვლევებს და დაკვირვებებს, და ასევე მუშაობს ყოველი კონკრეტული ფსიქოტიპისთვის კონკრეტული პრაქტიკული სისტემების შემუშავებაზე.

P.S. სწორედ ამ ახალ გააზრებებს და ვექტორული სისტემის სინთეზს გურჯიევის სისტემასთან და ასევე სხვა სისტემებთან ერთად ვიყენებ MAGMA-ს პრაქტიკუმების სერიაში.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...