budda

ავტორი: მამუკა გურული

მოცემული ტექსტის კარგად გასააზრებლად, გირჩევთ პირველ რიგში გაეცნოთ ჩემს სტატიას - „ერთიდან მრავლამდე და მრავლიდან ერთამდე - ანუ ამბავი მრავლად დაფანტული ღმერთისა“:

მოცემული ტექსტი წარმოადგენს პირადად ჩემს ხედვას და არ არის რომელიმე კონკრეტული სისტემის ან მიმართულების მსოფლმხედველობა.

როგორია სიტყვა „კარმას“ ყველაზე გავრცელებული გაგება? მოვიძიოთ ვიკიპედიაში:

k1

„კარმა (სანსკ. कर्म karma “ქმედება“) - ცენტრალური ცნება ინდუიზმსა და ინდოეთის სხვა რელიგიებში, ცოცხალი არსების ქმედება, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების პირობებს განაპირობებს.

ინდუიზმი ქადაგებს სულის (ატმანი) უკვდავებას და სხეულის სიკვდილის შემდეგ მის ახალ სხეულში დაბადებას. სხეულის შერჩევა, არსების ხელახალი დაბადების ადგილი, მშობელი, ცხოვრების ხანგრძლივობა და მისი პირობები განპირობებულია წინა ცხოვრების ქმედების შესაბამისად, ანუ კეთილი ქმედების - კეთილი კარმის - „ანაზღაურებაა“ მომდევნო ცხოვრების უკეთესი პირობები, ბოროტი ქმედებით - ბოროტი კარმით - ატმანი (სული) იმკის ცხოვრების არახელსაყრელ პირობებს.

მცენარეთა და ცხოველთა კარმა (ქმედება) ბუნებრივია, ატმანი 8 400 000 ფორმას ერთი მეორის მიყოლებით იცვლის, ხოლო ადამიანის სხეულის მიღწევისას მის კარმას გააზრებული მნიშვნელობა ეძლევა და იგი თავისი ქმედებისთვის პასუხისმგებელი ხდება.

ადამიანის სხეულში მყოფი სულის დანიშნულება არა კეთილი კარმის დაგროვებაა, არამედ კეთილი და ბოროტი ქმედებების არარსებულამდე დაყვანა, კარმისა და დაბადებათა ბორკილებისგან განთავისუფლება და ღმერთთან (პიროვნულ ან უპიროვნო ბრაჰმანთან) შერწყმა.“

უფრო გასაგები რომ იყოს, განვიხილოთ კონკრეტული შემთხვევა: 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში, დანგრეული ტყუპი ცათამჯენები და უდანაშაულო მსხვერპლი. ჩნდება კითხვები: რატომ დაიღუპა ეს ხალხი? რა იყო ამის კარმული მიზეზი? რატომ არ მივიდა ვიღაც ამ დღეს სამსახურში რაღაც ცუდი წინათგრძნობის გამო, და რატომ მივიდა სხვა? თუ კარმის კანონით ყველაფერი დამსახურებისამებრ გვეძლევა - რა დააშავეს აქ დაღუპულმა ადამიანებმა 

k2

პასუხი ამ კითხვებზე შეიძლება ბევრნაირი იყოს. ერთი ამ ყველაფრის მიზეზების ძებნას წინა ცხოვრებებში დაიწყებს, მეორე ღმერთის განგებას მიაწერს, მესამე შემთხვევითობად ჩათვლის, მეოთხე იტყვის, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ნეგატიური კარმა დაგროვდა და ეს ფაქტი კოლექტიური კარმული სასჯელი იყო. ყველა ეს პასუხი შეიცავს სიმართლის ნაწილს, მაგრამ ზუსტ და ამომწურავ პასუხი არცერთი არ იძლევა.

ვეცადოთ, რომ ამ კითხვებს სისტემურად გავცეთ პასუხი. პირველ რიგში ავღნიშნოთ, რომ სისტემური აზროვნება ნიშნავს მთელი სურათის მთლიანობაში დანახვას და მთელიდან ნაწილისკენ სვლას. მაგრამ რა არის ჩვენთვის მთელი? ესაა სისტემა, რომელიც ჩვენი შემეცნების ფარგლებში ჯდება. და რა თქმა უნდა არსებობს უფრო მაღალი თანრიგის მთლიანობა - ზე-სისტემა, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენთვის მიუწვდომელია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევიგრძნოთ ზე-სისტემის გავლენა, მაგრამ არ შეგვიძლია მისი შემეცნება, ისევე, როგორც ცხოველს არ შეუძლია შეიმეცნოს ადამიანი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ანალოგიის და ფრაქტალურობის პრინციპებზე დაყრდნობით ვივარაუდოთ, რომ ზესისტემა დაახლოებით იგივე პრინციპებით და კანონებითაა მოწყობილი, რითაც სისტემა და ქვე-სისტემები. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვთქვათ ვარაუდები ზე-სისტემასთან მიმართებაში, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდები იქნება, რადგანაც ზე-სისტემის დონიდან მოვლენების მთელი სიზუსტით დანახვა და 11 სექტემბრის ტერაქტის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ზე-სისტემის დონეზეა.

ანალოგიის მაგალითად კვლავაც ავიღოთ კაცობრიობის, როგორც მთელი სისტემის შემადგენელი ქვესისტემა - ადამიანი, როგორც ცალკე ორგანიზმი.

k3

მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული, როგორც სისტემა, ძალიან რთულია თავისი ფუნქციური და ფიზიოლოგიური მოწყობით, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს არის მოწესრიგებული მექანიზმი, რომელიც ფუნციონირებს მკაცრად განსაზღვრული კანონებით. ყოველ უჯრედს, ორგანოს თუ ორგანოთა სისტემას გააჩნია თავისი ფუნქცია, და როგორც კი ორგანიზმის რომელიმე ნაწილი თავის ფუნქციას გადაუხვევს, იგი იქცევა პათოლოგიურ უჯრედად ან ქსოვილად, მაგალითად კიბოს ქსოვილად. შედეგად მთელი - ანუ მთლიანი ორგანიზმი ბრძოლას იწყებს მის წინააღმდეგ იმუნიტეტის და სხვა მექანიზმების საშუალებით. და ეს ბრძოლა ძალზე მრავალფეროვანია. მაგალითად, არსებობენ „ქილერი“ უჯრედები, რომლებიც ებრძვიან ამ კიბოს უჯრედებს, და თავადაც ეწირებიან ამ ბრძოლას. ან თუ ორგანიზმი უძლურია, ადამიანი თავისივე ცნობიერი ჩარევით (მაგალითად მედიკამენტური მკურნალობით ან ქირურგიული ოპერაციით) ებრძვის კიბოს ქსოვილს. და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ნაწილობრივ ჯანმრთელი ქსოვილებიც ეწირებიან. მაგრამ მთავარი ამ ყველაფერში ისაა, რომ ადამიანის დონეზე შედარებით ადვილია მთლიანობის დანახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენაც, თუ რატომ გაჩნდნენ კიბოს უჯრედები, რატომ და რა მექანიზმებით ებრძვის სხეული ამ უჯრედებს და ბოლოს და ბოლოს - რატომ ეწირებიან ამ ყველაფერს ჯანსაღი უჯრედები.

k4

ამ ყველაფრის დანახვა უფრო ადვილია, იმიტომ, რომ ადამიანი კაცობრიობასთან და მითუმეტეს მთელ სამყაროსთან შედარებით დაბალი თანრიგის ქვე-სისტემაა და ჩვენი ხედვის სპექტრში ზის მიკრო-კოსმოსულ და მაკრო-კოსმოსულ უსასრულობებს შორის.

ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა: კი, მაგრამ ადამიანი ხომ არაა უჯრედი, ქსოვილი ან ორგანო, რომელიც ავტომატურად და გაუცნობიერებლად მოქმედებს? და უჯრედიც გარე ფაქტორების გამო იქცევა კიბოს უჯრედად. ეს ხომ არაა მისი არჩევანი? ადამიანს კი არჩევანი გააჩნია და იგი არაავტომატური, თავისუფალი არსებაა, რომელსაც შეუძლია მეტ-ნაკლებად ყველა ის ფუნქცია შეასრულობს, რასაც მოისურვებს. ანუ იგი არაა უჯრედივით, ან ცხოველივით დეტერმინირებული. და შესაბამისად, ალბათ გაგიჩნდებოდათ პასუხიც თქვენს კითხვაზე: ოთხ „სამეფოს“ შორის: მინერალური, მცენარეული, ცხოველური და ადამიანური - ადამიანი ერთადერთია, რომელსაც გააჩნია თვით-ცნობიერება, ნების თავისუფლება და იგი „ღმერთივითაა“ დედამიწაზე - რასაც უნდა იმას გააკეთებს. ასევე იტყვით, რომ სწორედ ეს ნების თავისუფლება აძლევს მას მეტ პასუხისმგებლობას, და თუკი არასწორ არჩევანს გააკეთებს, შედეგებსაც შესაბამისად მოიმკის. არსობრივად ხომ სწორედ ესაა კარმული რეაქცია: პასუხისგება ჩადენილი გაცნობიერებული ქმედებებისთვის. მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც დანაშაულს სჩადის, ნაკლებ პასუხს აგებს სამართლებრივად, რადგანაც იგი არ ითვლება მომწიფებულ და საკმარისად თვითცნობიერ არსებად. და მითუმეტეს არ აგროვებს „პოზიტიურ ან ნეგატიურ კარმას“ ცხოველი, მცენარე და მინერალი. ცნება „კარმა“ შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ გაცნობიერებულ არჩევანთან.

მაგრამ რა ხდება რეალურად? ნამდვილად თვითცნობიერი არსებაა თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ადამიანი? ნამდვილად არ არის განპირობებული და რეალური თავისუფლება გააჩნია? ნამდვილად შეუძლია ყველანაირი ფუნქციის და როლის შესრულება, რასაც მოინდომებს?

k5

გიორგი გურჯიევი თვლიდა, რომ ადამიანი ავტომატია, ბიო-რობოტია და ნაკლებად გააჩნია საკუთარი ერთიანი „მე“. იგი ადამიანს ჰყოფდა სწორედ თვითგაცნობიერების ხარისხის მიხედვით: ადამიანი #1, ადამიანი #2, ადამიანი #3 და ა.შ. იგი ამბობდა, რომ ნამდვილ „მე“-ს მოპოვება სჭირდება, და იგი მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ, უმეტესობა კი გაუცნობიერებელი ავტომატია, რომელიც ვერ აცნობიერებს და მითუმეტეს ვერ მართავს თავის ფსიქიკურ მექანიზმებს.

უძველესი ვედური სისტემა ადამიანს ოთხ კასტად ჰყოფს: შუდრები (მუშები), ვაიშიები (ვაჭრები), ქშატრიები (მმართველები და მეომრები) და ბრაჰმანები (ქურუმები და მღვდელმსახურები). ძველად ეს დაყოფა ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ხდებოდა, ახლა კი ინდოეთში (და არამარტო) კასტას გვარის მიხედვით აკუთვნებენ ადამიანს, რაც რა თქმა უნდა ხელოვნურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაყოფა ძალიან უხეშია (არადეტალურია), მთავარი აქ ისაა, რომ ეს ოთხი კასტაც რეალურად ადამიანში სხვადასხვა ფუნქციის, თვითგაცნობიერებულობის და პასუხისმგებლობის გამოვლინებაა.

k6

ბჰაგავად-გიტაში კრიშნა მიმართავს არჯუნას (რომელიც თანდაყოლილი ბუნებით - ქშატრია, ანუ მეომარია):

ვერვინ დარჩება ქვეყნად უსაქმოდ, წამითაც თავს მას ვერ მიანებებს,

ყველა იქმს, რადგან სდევს უნებურად ზნეს ბუნებისა და მის ბრძანებებს...

...სჯობს შენი საქმე აკეთო ცუდად, ვიდრე კარგად ვლო სხვისი სავალი;

საკუთარ ბედში სიკვდილი გიჯობს, სახიფათოა სხვა კაცთა ვალი.

(ბჰაგავად-გიტა 3.5, 3.35 - ლევან რამიშვილის თარგმანი)

არჯუნას რომ არ ებრძოლა და განდეგილად წასულიყო (როგორც მას ეს მოცემული დიალოგის დასაწყისში სურდა) - ეს იქნებოდა მისთვის თავისი თანდაყოლილი ბუნებრივი ფუნქციისგან გადახვევა, და შესაბამისად ტანჯვაც.

არის ასევე გავრცელებული შეხედულება (განსაკუთრებით ბუდიზმის მიმდევრებში), რომ ყოველგვარი ტანჯვის მიზეზი სურვილებია, და ადამიანის მთავარი მიზანი სურვილებისგან განთავისუფლება უნდა იყოს. ბევრს ბუდიზმის, ან დაოსიზმის „უმოქმედობის“ კონცეფცია პირდაპირ ესმით და ცდილობენ ყოველგვარი ქმედება შეწყვიტონ, სინამდვილეში კი ვინც დაოსურ და ბუდისტურ ფილოსოფიას ღრმად ჩაწვდა, ხვდება, რომ რეალურად უმოქმედობა - ესაა საკუთარი თანდაყოლილი ბუნებით მოქმედება, როცა ქმედება ძალისხმევის გარეშე, ბუნებრივად და ბუნებრივი სურვილების ავსების შედეგად, ბედნიერების შეგრძნებით ხდება. და ეს თანდაყოლილი ბუნებრივობა ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვაა - ერთისთვის ეს დურგლობაა, მეორესთვის - ვაჭრობა, მესამესთვის - მმართველობა და ა.შ... და სხვისი ფუნქციის კარგად შესრულებას უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს ადამიანისთვის, ვიდრე საკუთარი ფუნქციის ცუდად შესრულებას.

რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანი თავის ბუნებრივ სურვილებს და ფუნქციას არ მიჰყვება? ამას პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ „ცრუ ეგო“ (გამრუდებული ეგოიზმი), რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მენტალური (პიროვნული, ოჯახური, ეროვნული, საზოგადოებრივი და ა.შ.) დაშენებებით. საზოგადოება და მთლიანად კაცობრიობა ჯერ არაა მზად იმისთვის, რომ ყველას თავისი ფუნქციური როლი აჩვენოს და დაეხმაროს მის აღსრულებაში. სინამდვილეში ის „ეგო“, რომელსაც მრავალ ტრადიციულ თუ არატრადიციულ მიმართულებაში ებრძვიან - ესაა „ცრუ ეგო“, ხელოვნური „ეგო“, რომელიც განსხვავდება ნამდვილი და ბუნებრივი ეგოსგან.

k7

დააკვირდით ახალშობილს. მას აქვს ნამდვილი ეგოიზმი, ბუნებრივი, ხელოვნური დაშენებების გარეშე. როცა სურს ტირის, როცა სურს - იცინის. არ აქვს საზოგადოებრივი აკრძალვები, დოგმები, შეზღუდვები. მისი ყოველი მოქმედება „უმოქმედოა“, რადგან ბუნებრივია და ძალისხმევას არ ითხოვს (ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბუნებრივ, ძალდაუტანებელ ძალისხმევას ითხოვს). მაგრამ იგი იზრდება და ჯერ ოჯახი, შემდეგ კი საზოგადოება მას სვავს რაღაც სტანდარტებში, საყოველთაოდ მიღებულ ჩარჩოებში. ზოგჯერ ეს სტანდარტები მიესადაგება მის ბუნებას, და ეს ადამიანი იზრდება შედარებით ბედნიერად, რეალიზებულად, უმეტეს შემთხვევებში კი ეს სტანდარტი შეუსაბამოა კონკრეტული ინდივიდისთვის და თუ გარე ან შიგა ფაქტორების შედეგად ხელახლა არ მიაგნო თავის ბუნებრივ ფუნქციას და სურვილებს, განწირული ხდება სტრესებისთვის და ტანჯვისთვის.

და ბუნებრივია, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია ეძებს პასუხს კითხვებზე: რატომ ვიტანჯები? რა დავაშავე? რატომ არ ვარ ბედნიერი? და ამაზე ხშირი და სტანდარტული პასუხია: “Bad Karma!” (ცუდი კარმა). მიდიან მღვდელთან, მკითხავთან, ექსტრასენსთან, ასტროლოგთან, და ა.შ. და თუ ჩამოთვლილთაგან არაკომპეტენტური შეხვდება (რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე), პასუხი იქნება: „იმიტომ იტანჯები, რომ ეკლესიურად არ ცხოვრობ... ნათესავმა ჯადო გაგიკეთა... წინა ცხოვრებაში მოძალადე იყავი... კარმულ მისიას არ ასრულებ... სარკე არასწორ მხარეს გიკიდია...“ და ა.შ.

k8

შესაძლოა რომელიმე ეს კონკრეტული მიზეზი ნამდვილიც იყოს, ან უფრო ღრმა მიზეზის ზედაპირული ფორმალური გამოვლინება იყოს, მაგრამ როგორც წესი, ეს პასუხები შაბლონური ან ზედაპირულია და რეალურად მათ პასუხი არ აქვთ, და როგორც წესი ვერც ექნებათ, რადგანაც სრული და ზუსტი მიზეზ-შედეგობრივი ხედვა მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს, ვინც ზე-სისტემის დონიდან ხედავს ადამიანს, ასეთები უკიდურესად დიდი იშვიათობაა, და მათ ინტერესებში სავარაუდოდ ნაკლებად შედის ყოველი კონკრეტული ადამიანისთვის ამ ყველაფრის „ახსნა“.

დავუბრუნდეთ ეგოს და ბუნებრივი სურვილების თემას. სტატიაში - „ერთიდან მრავლამდე...“ მე ვისაუბრე ქმნილების არსზე, ეგოიზმზე და მისი განვითარების ოთხ დონეზე: არაცოცხალი (მინერალური), მცენარეული, ცხოველური და ადამიანური. ასევე განვიხილე სისტემურ-ვექტორი ფსიქოლოგია, როგორც ერთ ერთი საუკეთესო თანამედროვე სისტემა ეგოიზმის დიფერენცირებისა და განვითარების აღწერილობაში. იგი საშუალებას გვაძლევს, რომ შეძლებისდაგვარად მთლიანობაში დავინახოთ სისტემა და მისი კანონზომიერებების საფუძველზე ვივარაუდოთ ზე-სისტემის მოწყობის მექანიზმები. შეგახსენებთ, რომ ვექტორები - ესაა სურვილის (თანდაყოლილი ბუნებრივი ეგოიზმის) მიმართულებები ადამიანში, და ისინი გამოხატულია ეროგენული ზონებით სხეულზე.

თუ გავაკეთებთ ანალოგიას და კაცობრიობას შევადარებთ ერთ დიდ სხეულს. იგი გამოხატული იქნება რვა ვექტორით, და თვითოეული ვექტორი კი გამოვლენილი იქნება ადამიანთა, როგორც ფსიქიკა-სხეულის დუალობათა სიმრავლით, სწორედ ისევე, როგორც სხეულში გარკვეული ფუნქციაა გამოვლენილი უჯრედთა სიმრავლით, რომლებიც ფუნქციურად დიფერენცირდებიან და ქსოვილებს, ორგანოებს და ორგანოთა სისტემების სახით. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ვექტორები - ესაა საერთო დიდი ჭურჭლის (ქმნილების ეგოიზმის) დიფერენცირება რვა ზომად (კუნთის, ანალური, კანის, ურეთრალური, ორალური, ვიზუალური, ყნოსვის და სმენის). კაცობრიობა ამ დიდ სისტემაში ერთ-ერთ ქვე-სისტემას წარმოადგენს და ფრაქტალურად ისიც რვა ზომად იყოფა. და ყოველ კონკრეტულ ინდივიდს თავისი თანდაყოლილი სურვილის (ეგოიზმის) მიმართულებები აქვს, რომლებიც გამოხატულია ვექტორთა სხვადასხვა კომბინაციებით.

k9

მთავარი სხვაობა, რაც სისტემურ ხედვასა და ჩვეულებრივ ადამიანურ ხედვას შორისაა, მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ადამიანი სამყაროს და მის კანონზომიერებებს თავისი ფსიქოტიპის შესაბამისად, თავისი თვალთახედვით უყურებს, და ვერ ითვალისწინებს ფუნქციათა იმ მრავალფეროვნებას და ერთიანობას, რაც მთელ სისტემას აერთიანებს, და სისტემური აზროვნება ესაა მოცულობითი (ე.წ. „8D“) ხედვა, რომლის მეშვეობითაც ყველაფერს რვა ზომის თვალთახედვიდან განვიხილავთ. თავად სისტემური (მოცულობითი) აზროვნება კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე სმენის ვექტორის უნარია, და ეს სტატიაც პირველ რიგში სწორედ სმენური ფსიქოტიპის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მაშ ასე, ძალიან მოკლედ განვიხილოთ რვა ზომა, რვა ვექტორი და მათი თვალთახედვა სტატიის მთავარ თემასთან - კარმასთან მიმართებაში.

k10

1. კუნთის ვექტორი - არაცოცხალი დონე ადამიანში. მათი ფუძეა მატერია. ესაა თავად მატერიის ბაზა და ადამიანში ეგოიზმის ყველაზე საწყისი გამოვლინება. ერთვექტორიან კუნთებს თავისი ინდივიდუალური „მე“, როგორც ასეთი არ გააჩნიათ. მათ აქვთ მხოლოდ კოლექტიური „ჩვენ“ – „სადაც ყველა, იქაც მე“, „როგორც ყველა მოიქცევა, მეც ისე მოვიქცევი“. ისინი უბრალოდ მიჰყვებიან სხვა ვექტორებს და აკეთებენ იმას, რასაც დაავალებენ, მთავარია დაკმაყოფილდეს მათი სხეულებრივი მოთხოვნილებები: ჭამა, სმა, სუნთქვა და ძილი. კუნთის ვექტორიანები წარმოადგენენ კაცობრიობის, როგორც ცოცხალი მატერიის ბაზას.

კუნთური ფსიქოტიპი ყველაზე ახლოსაა ადამიანის წინა - ცხოველურ დონესთან. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მათ თავისი საკუთარი „მე“ არ გააჩნიათ, თვით-ცნობიერების ხარისხი ყველაზე დაბალი აქვთ (თუ შევადარებთ - ჩვილი ბავშვებივით არიან), ამიტომაც მათ შემთხვევაში რაიმე გაცნობიერებულ ქმედებაზე საუბარიც კი ზედმეტია. თუ სიმბოლურად შევადარებთ, ესაა ადამის და ევას მდგომარეობა სამოთხიდან განდევნამდე. ნეგატიურ კარმას ვერ დააგროვებენ (ისევე, როგორც ცხოველები და მცენარეები ვერ აგროვებენ), რადგანაც ყველაზე ბუნებრივები არიან და მათთვის სხვადასხვა მენტალური დაშენებების „მიწეპება“ პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც რიგითი ჯარისკაცს აქვს ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ჯარში, ასევე ყველაზე ნაკლები „პასუხისმგებლობა“ აქვს კარმის კუთხით იმ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ კუნთის ვექტორი აქვს. საერთოდ, კარმასთან, ან სხვა ფილოსოფიურ საკითხებთან მათ არანაირი დამოკიდებულება არა აქვთ, რადგანაც ეს საკითხი საერთოდ არ შედის მათი ინტერესის სფეროებში. თუ კუნთის ვექტორიანი ვინმეს კლავს ბრძოლაში, ეს მისი მეთაურის პასუხისმგებლობაა, რადგანაც მას უბრალოდ არ გააჩნია ფსიქიკური მექანიზმი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. იგი იქცევა „ისე, როგორც ყველა“, და „ისე, როგორც უბრძანებენ“.

k11

2. ანალური ვექტორი - მცენარეული დონე ადამიანში. ფუძე - წარსული. ესაა ინდივიდუალური ეგოს პირველი და ძალიან უძრავი (სტაბილური) გამოვლინება ადამიანში. ანალური ფსიქოტიპის ადამიანი აზროვნებს ხარისხობრივად, მისი „ეგო“ ხარისხობრივია და ადამიანებსაც ხარისხების მიხედვით ჰყოფს. მისი „მე“, როგორც წესი საკუთარ ოჯახზე და ახლო წრეზე ვრცელდება და მაქსიმალური ზღვარი ამ „მე“-სთვის - მთელი სამშობლოა („სა-მშობლო“ სწორედ ანალური ფსიქოტიპის საყვარელი სიტყვაა, რადგანაც წარსულთან, ტრადიციებთან და მამა-პაპასთან აკავშირებს მას).

მთავარი თვისებები, რომლებითაც ანალური ვექტორი გარესამყაროსთან ურთიერთობს - ესაა სიმეტრია და თანაბრობა. ამიტომ კარმის კანონების ისეთი ფორმულირებები, როგორებიცაა: „რასაც დასთეს იმას მოიმკი“, „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“, და საერთოდ ყველაფერი, რაც ეხება ქმედება-უკუქმედების პრინციპს, სადაც ზუსტად შენი ქმედებისამებრ მოგეზღვება, სწორედ ანალური ზომის „მონაპოვარია“. მათთვის ეს კანონები ყველაზე გასაგები, მისაღები და „სამართლიანია“. ანალური ფსიქოტიპი ბუნებრივადაა მოწყობილი ისე, რომ რამდენსაც გასცემს, ზუსტად იმდენივე უნდა მიიღოს, ამიტომაც კარმის და მიზეზ-შედეგობრივ კანონებს სწორედ ანალური თანაბრობის პრინციპით უდგება. არათანაბრობის შემთხვევაში მათ დისკომფორტი აქვთ, მაგალითად, თუ აჩუქებთ 100 ლარს, სანამ თვითონაც 100 ლარს ან ამ თანხის შესაბამის საჩუქარს არ დაგიბრუნებენ, მუდმივი დისკომფორტი ექნებათ (რა თქმა უნდა კანის ვექტორიანს ასეთი დამოკიდებულება არ ექნება), ან პირიქით, თუ თვითონ გასცემენ რაიმეს, მათი ფსიქიკა ზუსტად იმდენივეს უკან მიღებას მოითხოვს, ან მინიმუმ უამრავ მადლობას მაინც. შესაძლოა ამას არ აღიარებდნენ და ვერ აცნობიერებდნენ, მაგრამ მუდმივი მოლოდინი ექნებათ და „დამსახურებულის“ მიღების გარეშე სტრესსა და დისკომფორტში იქნებიან.

k12

განსაკუთრებით ღრმად არიან დარწმუნებულნი კარმის კანონების ასეთ გაგებაში ის ანალის ვექტორიანები, რომლებიც ცხოვრობენ ინდოეთში, იაპონიაში, ჩინეთში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კარმის ფილოსოფია ეროვნული ტრადიციის და რელიგიების ნაწილია. იმ ქვეყნებში, სადაც ტრადიციულად (რელიგიის შესაბამისად) კარმის და რეინკარნაციის თეორია არ განიხილება (მათ შორის საქართველოში), ანალური ფსიქოტიპი (ზედა ვექტორების გარეშე) ამ თეორიებს საერთოდ არ სცნობს და ეწინააღმდეგება, როგორც ხარისხობრივად უცხოს და განსხვავებულს („ჩვენი მამა-პაპები ასე არ ფიქრობდნენ“). და პირიქით - ინდოეთში ან იაპონიაში ასეთ ფსიქოტიპს გაუჭირდება ქრისტიანული ან სხვა კონცეფციების მიღება (იხ. მარტინ სკორსეზეს ფილმი “Silence”).

კარმული ქმედება-უკუქმედების შესახებ კონცეფციები კაცობრიობის განვითარების სწორედ ანალურ ფაზაში გავრცელდა (მოკლე ინფორმაცია კაცობრიობის განვითარების ფაზების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:

საქმე იმაშია, რომ ის იდეოლოგები და სულიერი ბელადები, რომლებიც ამ კონცეფციებს ნერგავდნენ, საუბრობდნენ ხალხისთვის გასაგებ ენაზე, და შესაბამისად მაშინ მოწოდებული დროისა და გარემოების შესაბამისი ინფორმაცია მომავალში ანალური (და ვიზუალური) ფსიქოტიპისთვის დოგმად და ურყევ მოცემულობად იქცა. ახლა სხვა დროა, და გააზრებისა და შემეცნების სხვა დონეა, ამიტომ კაცობრიობა მზადაა, მიიღოს შემეცნების უფრო მაღალი დონის მქონე სისტემები, მაგრამ სწორედ ანალური (და რიგ შემთხვევებში ვიზუალური) ვექტორია ის ზომა, რომელიც ყველანაირად ეწინააღმდეგება ახლის მიღებას, რადგანაც მისი ბუნებრივი ფუნქცია წარსულის შენარჩუნებაა. სწორედ ანალურმა ზომამ აქცია უძველესი კასტური სისტემა ხარისხობრივ ღირებულებად და კონკრეტული კასტის „ხარისხი“ საკუთარ გვარს და ოჯახს მიანიჭა. ანალური ვექტორისთვის ხომ მისი „მე“ პირდაპირ კავშირშია თავის გვართან, ოჯახთან, სამშობლოსთან, რასასთან და ყველაფერ იმასთან, რაც მასთან ხარისხობრივად ახლოს დგას.

ანალური ზომის ეს თავისებურება კარგად უნდა გავიაზროთ, რადგანაც სწორედ ეს მიდგომა უდევს საფუძვლად უამრავ იდეოლოგიურ თუ ტრადიციულ მიმართულებას, რომლებშიც რაღაც კონკრეტული ანალური ზომის ფასეულობები სმენის ვექტორს იდეებამდე აქვს აყვანილი. ამის მაგალითია ჰიტლერი, რომელმაც თავისი რასის გამორჩეულობის და სხვებზე აღმატებულობის ანალური მიდგომა სმენური იდეის მასშტაბებამდე აიტანა და ნაციონალურ იდეად დაამკვიდრა.
თუ ანალური ფსიქოტიპის ადამიანს, რომელსაც კარმის კანონების სჯერა, ჰკითხავთ, თუ რატომ დაიღუპა უდანაშაულო ხალხი (მითუმეტეს ბავშვები) 11 სექტემბრის ტერაქტში, იგი გიპასუხებთ, რომ ალბათ რაღაც მსგავსი მან წინა ცხოვრებაში ჩაიდინა და ამისთვის მიეზღო. ხოლო თუ იგი ქრისტიანული რელიგიის მიმდევარია, გეტყვით, რომ სამაგიეროდ ღმერთი ამ ბავშვებს თავისთან - სამოთხეში წაიყვანს, ხოლო ტერორისტებს ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვავს (რატომღაც სამუდამოდ?). ასეთია ანალური მიდგომა - სიმეტრიის მოყვარე და გამთანაბრებელი. ანალური ვექტორისთვის „ღმერთიც“ ასეთია - ასაკოვანი, წვერებიანი, შურისმაძიებელი და კეეთილისმიმგებელი - ზუსტად ისეთი, როგორიცაა ანალური ხარისხი.

k13

3. კანის ვექტორი - ცხოველური დონე ადამიანში. ფუძე - ფორმა. ეს ვექტორი ცოცხალ მატერიას (კუნთის ვექტორს) ფორმას აძლევს. ამჟამად კაცობრიობის დიდი ნაწილი (განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები) განვითარების კანურ ფაზაში არიან და ასეთ ქვეყნებში განსაკუთრებითაა დამკვიდრებული კანური ფასეულობები. კანური „მე“ აზროვნებს რაოდენობრივი და რაციონალური კატეგორიებით, აქ და ახლას პრინციპით, სარგებელის პრინციპით, ამიტომ კარმის კანონებისადმი მისი მიდგომა პრაგმატულია: „რა მნიშვნელობა აქვს, რას ვაკეთებდი ადრე, ან წინა ცხოვრებაში? მთავარია ვიმოქმედო აქ და ახლა, ვკონცენტრირდე ყველაფერზე აქ და ახლა, და მივიღო სარგებელი აქ და ახლა...“. ანალური ფსიქოტიპისგან განსხვავებით, ისინი არ თვლიან, რომ „ადამის და ევას ცოდვები“ უნდა გამოისყიდონ, რადგანაც წარსულს მათთვის არ აქვს მნიშვნელობა. არც ძალიან შორეული მომავალი, და მითუმეტეს „მომავალი ცხოვრება“, ან „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ აინტერესებთ. მათთვის ყველაფერი აწმყოშია, ამ ცხოვრებაშია. საერთოდ არ აინტერესებთ (თუ სმენა ან ვიზუალი არ ერთვის) სიკვდილის შემდეგ სად, როგორ, ვისთან ერთად დამარხავენ.

კანური ზომა არ უდგება მოვლენებს ანალური თანაბრობის პრინციპით, არ თვლის, რომ თუ რაიმე სარგებელი მიიღო, ამისთვის კარმულად სანაცვლოდ ზუსტად იგივე უნდა გასცეს. მისთვის კომფორტი და ბუნებრიობა - მეტი სარგებელია (როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე თავისი ჯგუფისთვის): „მეტი სარგებელი, აქ და ახლა, რაც შეიძლება სწრაფად“. და „ნეგატიურ კარმას“ კანი სწორედ მაშინ აგროვებს, როდესაც მაგალითად ანალური მენტალიტეტის ქვეყანაში საზოგადოებრივი ან ოჯახური დაშენებების გამო ანალური ფსიქოტიპივით იქცევა, ანუ არ ასრულებს თავის ბუნებრივ ფუნქციას. კანური პასუხისმგებლობა პირდაპირპროპორციულია მის მიერ მართული ჯგუფის და რესურსების ზომისა, ანუ მისი კანური რანგისა. „ჯოჯოხეთიც და სასჯელიც“ კანისთვის „აქ და ახლაა“ - ესაა მდგომარეობა, როდესაც ვიღაცას მასზე მეტი რესურსი და რანგი აქვს, თვითონ კი ვერ ეწევა, თავისი ტემპერამენტის შესაბამის სტატუსს ვერ აღწევს და ამის გამო შური და უკმარისობის შეგრძნება ტანჯავს.

k14

კანური სასჯელი არ ჰგავს ანალურ გათანაბრებას. მაგალითად, მანიაკისადმი ანალური ზომას ძალიან სასტიკი დამოკიდებულება აქვს, და სასჯელსაც შესაბამისს მოუფიქრებს: ზუსტად ისევე აწამებს, როგორც მან აწამა თავისი მსხვერპლი. დასჯის სადისტური მეთოდებიც სწორედ ანალური ფაზის დროს იყო გავრცელებული.

k15

კანური მიდგომა სხვაგვარია: იგი სამოქმედო სივრცეს უზღუდავს დამნაშავეს. ციხე, ან გამოსასწორებელი სამუშაოები - ესაა კანური გადაწყვეტილება დამნაშავის დასასჯელად. კანი არ ათანაბრებს. კანი ზღუდავს მომავალში დანაშაულის განმეორების საშუალებას. ლინჩის წესით გასამართლება - ანალური მოვლენაა, ხოლო კანონის სრული დაცვით, სასამართლოთი და ა.შ. - კანური. და საერთოდ, კანონი - კანური მონაპოვარია, და კარმის კანონების ცნებასაც კანის ვექტორიანი რელიგიური ლიდერები მრევლის კონტროლისთვის უფრო იყენებენ, ვიდრე დასჯისთვის. ისეთი რელიგიური აკრძალვები, როგორიცაა: არა ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო და ა.შ. პირველ რიგში სწორედ კანებმა აიტაცეს და დაამკვიდრეს, როგორც იურიდიული და მორალურ-ეთიკური კანონები.

k16

არის კანის ვექტორიანების გარკვეული კატეგორია - მაზოხისტურ მდგომარეობაში (როგორც წესი სმენის, ან ვიზუალურ ვექტორებთან კომბინაციაში), რომლებიც თვლიან, რომ „ცხოვრება ტანჯვაა“ და „მთელი ცხოვრება ჯვარი უნდა ზიდონ“, მაგრამ ეს კანური ფსიქოტიპისთვის არაჯანსაღი მდგომარეობაა. სწორედ ასეთი კანებისთვისაა „კარმა“ განსაკუთრებით აქტუალური, და თუ რამეში არ უმართლებთ, ან ვერ რეალიზდებიან, კარმის ცნებაც მათთვის უფრო პესიმისტური ხდება. მათი ფილოსოფია ტანჯვის ფილოსოფიაა, რომელიც მომავალ ცხოვრებაში, ან სამოთხეშიც კი არ პირდება გამოსავალს.

როგორც კანური, ასევე ანალური ეგოიზმი შიგნითაა მიმართული და საკუთარ თავში მიღებაზეა კონცენტრირებული, ამიტომ ორივე ეს ფსიქოტიპი კარმის კანონებს სათავისოდ იყენებს. მაგალითად, ანალურმა ფსიქოტიპს სჯერა, რომ თუ სიკეთეს გააკეთებს, ილოცებს და ა.შ., მაშინ „ღმერთი მიუზღავს“ თავისი ქმედებისამებრ, ამიტომ მორწმუნე ანალის ვექტორიანი (განსაკუთრებით თუ ვიზუალი ან სმენაც ერთვის) ყოველთვის ეცდება სწორად იცხოვროს, კანებივით „უნამუსო და მომხვეჭელი“ არ იყოს და ამ ცხოვრებაში თუ არა სამოთხეში, ან მომავალ ცხოვრებაში მაინც დაუფასდება, მათ კი, ვინც რამე უსამართლოდ დაუშავა, „ღმერთი გადაუხდის“.

k17

კანის ვექტორიანს არ აქვს ნებისყოფა, რომ მომავალს ელოდოს. მას აქ და ახლა სურს რეალური სარგებელი, ამიტომ პოულობს „ღმერთისგან“ სარგებელის დათრევის უფრო სწრაფ და ეფექტურ საშუალებებს. კანის ვექტორიანი სმენასთან ან ვიზუალთან კომბინაციაში ეძებს ისეთ ტექნიკებს, ლოცვებს, მანტრებს და ა.შ., რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. გამოიყენებს კანური თვითკონტროლის უნარს, წაიკითხავს პოლ ბრეგს, იშიმშილებს 3 დღე, ან შესაძლოა 1 კვირაც, იმის იმედით, რომ ამ შიმშილობის შემდეგ სხვა თუ არაფერი ჯანმრთელობას მაინც გაიუმჯობესებს (თანაც სწრაფად). ჩაატარებს რამდენიმე დღიან რიტუალს, ყოველდღიური რეჟიმის დაცვით. ამასთან ანალური ფსიქოტიპივით ჩვევის მონა არაა, და თუ რაღაც მეთოდმა ერთხელ არ იმუშავა, იგივეს აღარ გაიმეორებს და სხვას გამოცდის.

აქ ისევ ავღნიშნავ, რომ ამ შემთხვევაში არ მაქვს საუბარი, თუ რეალურად რამდენად ეფექტური ან არაეფექტურია ეს ყველაფერი. აქ მთავარია, დავინახოთ თავად დამოკიდებულება ყოველი ვექტორისა კონკრეტული მოვლენის მიმართ. და ყოველი ვექტორის როლი კაცობრიობის ერთიან ევოლუციაში.

k18

4. ურეთრალური ვექტორი - ადამიანური დონე ადამიანში. ფუძე - მომავალი. ურეთრალი - ესაა ბელადი, რომელიც ჯგუფს წინ მიუძღვის და მომავალი მოჰყავს. ურეთრალს გააჩნია თანდაყოლილი ცხოველური ალტრუიზმი, ანუ მისი ეგოიზმი გაარეთაა მიმართული და მთელ მის ჯგუფზე ვრცელდება. შემდგარი და რეალიზებული ურეთრალური ფსიქოტიპის ადამიანი - ესაა ბელადი, რომელიც პასუხისმგებელია მთელ თავის ჯგუფზე, ხედავს ჯგუფის ყოველი წევრის პოტენციალს და მზადაა გასცეს ყველა რესურსი, თავად სიცოცხლეც კი - ჯგუფის უკეთესი მომავლისთვის. იგი არ სცნობს არანაირ შეზღუდვებს, ჩარჩოებს, სტანდარტებს, ტრადიციებს, თავისუფალია შინაგანადაც და ქმედებებშიც. ვერანაირი კარმის კანონი ვერ დააკავებს, თუ საქმე მის ჯგუფს ეხება. ან გამარჯვება, ან სიკვდილი - ასეთია მისი დევიზი.

ურეთრალური ვექტორით ადამიანთა დაახლოებით 5% იბადება. აქედან მესამედი ზედმეტად რისკიანია და ადრევე კვდება ისე, რომ ნამდვილ ბელადად რეალიზებას ვერ ასწრებს. მესამედი - პირიქით, გაურბის პასუხისმგებლობას (ბავშვობაში გარემოს ზედმეტი ზეწოლის და სხვა მიზეზთა გამო) და შესაძლოა პათოლოგიური მშიშარაც კი გახდეს, ან მარტოხელა მგლის სცენარი ჩამოუყალიბდეს. მხოლოდ 1-2% შედგება ნამდვილ ბელადად, როდესაც მას გვერდით ყნოსვის ვექტორიანი მრჩეველი ჰყავს (ან თავად აქვს ყნოსვის ვექტორი) და ბუნების ამ მექანიზმში უკვე თავისთავად დევს კანონზომიერება, რომელიც ჯგუფს მეტისმეტად აწყვეტილი ან მშიშარა ბელადისგან იცავს.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ურეთრალი იძულებულია საკუთარი და სხვების სიცოცხლე გასწიროს მთელი ჯგუფის (მაგალითად მთელი ერის) გადასარჩენად. იგი არ იფიქრებს იმაზე, თუ რა ელით მას და მის თანამებრძოლებს სიკვდილის შემდეგ. შესაძლოა მოტივაციისთვის თანამებრძოლებს მოუწოდოს, რომ თუ გმირულად დაიღუპებიან, ამით სამუდამოდ დაიმკვიდრებენ გმირის სახელს, სამოთხეს ან სხვა ჯილდოს, მაგრამ რეალურად ის საკითხები, თუ რა ელის სიკვდილის შემდეგ, რა კარმულ შედეგებს გამოიწვევს ეს ყველაფერი და ა.შ., მას საერთოდ არ აღელვებს. ანალური და კანური ფსიქოტიპივით არც მოლოდინი აქვს და არც ანგარიშობს, მისი ვნება და ცხოველური ალტრუიზმი შეუჩერებელ, ენერგიით აღსავსე მებრძოლ მანქანად აქცევს მას. და მასში უკვე დევს პასუხისმგებლობაც, მომავლის ხედვის ნიჭიც და გამარჯვების უნარიც, სხვაგვარად იგი ბელადად ვერ შედგებოდა.

ურეთრალური ფსიქოტიპს არ ახასიათებს წყენა, ბოღმა, ან რაიმე მსგავსი თვისება. ერთადერთი, რას მას ერთი-ერთზე ურთიერთობაში წყობილებიდან გამოიყვანს, ესაა მისი, როგორც ბელადის რანგის შელახვა. ამას იგი აღიქვამს არა პირად, არამედ ჯგუფის შეურაცხყოფად, და ამ შემთხვევაში თქვენ ნამდვილი „Bad Karma” დაგატყდებათ - ურეთრალური მრისხანება, რომელიც ელვისებურია, სწრაფად გადაივლის, მაგრამ იმ მომენტში შესაძლოა გაგანადგუროთ. სხვა მხრივ იგი ტოლერანტულია, გულმოწყალეა, სამართლიანია და კანური ან ანალური ფსიქოტიპივით არ ეძებს პირად სარგებელს ან გათანაბრებას.

k19

 აქ მცირე გადახვევას გავაკეთებ. ბევრს ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა: იქნებ ყველა ადამიანს რვავე ვექტორი აქვს, და აღზრდისა და სხვა ფაქტორების გამო ყალიბდება კონკრეტულ ვექტორულ წყობად? იქნებ ჩემში ბელადს ძინავს, და ერთხელაც გაიღვიძებს - თავისით, ან თუ მე ძალიან მოვინდომებ?

ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია (ყოველ შემთხვევაში ამჟამად არსებული ფაქტების და დაკვირვებების საფუძველზე). ჯგუფს არ სჭირდება ბევრი ბელადი, და თუ რაღაც ვექტორი გაქვს, და ვერ ავსებ, ეს ნიშნავს, რომ მუდმივად დაუკმაყოფილებელი ხარ, სტრესში ხარ და იტანჯები. არშემდგარი ურეთრალი მთელი თავისი არსით ურეთრალია, ბავშვობიდან ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ თუ ბელადად ვერ შედგა, მთელი ცხოვრება რაღაც „სტკივა“, რაღაც აკლია, იტანჯება და სხვებსაც ტანჯავს. იგი მაინც ახდენს თავისი ურეთრალობის დემონსტრირებას, მაგრამ არ შეუძლია, რომ გაუძღვეს ჯგუფს, ამიტომ უარეს შემთხვევაში პროტესტის სცენარში რჩება, ხოლო შედარებით უკეთეს შემთხვევაში საყრდენი სხვა ვექტორზე (მაგალითად კანზე) გადადის, და კანის ვექტორიანად რეალიზდება. ორგანიზმს არ სჭირდება, რომ მისი ყოველი უჯრედი ერთნაირი იყოს, და მერე მათ თვითონ გადაწყვიტონ, როგორ უჯრედებად ჩამოყალიბდებიან: ნერვულ, კუნთოვან, კანის, ღვიძლის, ფრჩხილის თუ სისხლის უჯრედად. ყოველ უჯრედს, ისევე როგორც ადამიანს, დაბადებიდანვე თანდაყოლილად აქვს განსაზღვრული თავისი ფუნქციური ინსტრუმენტები. რომელ ინსტრუმენტებს როგორ გამოიყენებს, ეს უკვე მეტ-ნაკლებად (!!!) ადამიანის არჩევანია (განსხვავებით უჯრედებისგან), მაგრამ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, ადამიანმა ცალსახად ბუნების მიერ მინიჭებული ეგოიზმის ჭურჭლები (ვექტორები) უნდა აავსოს. და სამყარო არაა ისე მოწყობილი, რომ ყველა ადამიანს ერთდროულად ყველა ჭურჭელი მიანიჭოს და ამით სამუდამო ტანჯვისთვის გაწიროს.

და კვლავაც კითხვა: რამ, როგორ და რა მექანიზმით განსაზღვრა, თუ რომელი ადამიანი რა ვექტორებით (ფუნქციური როლებით) იბადება?

უნდა გაგაწბილოთ: პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის), და იმისთვის, რომ ეს მიზეზ-შედეგობრიობა დავინახოთ, ზე-სისტემის დონემდე უნდა ავიდეთ. ამის გარკვევა სმენის ვექტორიანების ფუნქციაა, მაგრამ იმისთვის, რომ პასუხი მიიღოს, სმენის ვექტორმა ჯერ არსებული სისტემური მოცემულობა უნდა დაინახოს მაქსიმალურად კარგად და შემდეგ სწორი კითხვები დასვას.

განვაგრძოთ ვექტორების განხილვა კარმასთან მიმართებაში 

k20

5. ორალური ვექტორი - არაცოცხალი დონე ადამიანის ინტელექტში. ფუძე - გაერთიანება. ფუნქცია - გაერთიანება საერთო ცხოველური სურვილების გამოხატვით. ამ ვექტორის კარმასთან კავშირი დამოკიდებულია იმ ვექტორებზე, რომლებთანაც ეს ვექტორი კომბინაციაშია. ცალკე, როგორც ასეთი, ორალურ ვექტორს არ აინტერესებს მსგავსი თემები და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლია მოიტყუოს, იჭორაოს, დასცინოს სხვებს, თუ ამით თავის პირვანდელ ფუნქციას ასრულებს - იჭერს მსმენელთა ყურებს და აერთიანებს ჯგუფს ვერბალური ძაფებით. „დუმილი ოქროა“ - ორალურ ფსიქოტიპს არ ეხება, რადგანაც დუმილით იგი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ამიტომ ორალური ფსიქოტიპის როლია, იყოს კარგი ორატორი, მომღერალი, მზარეული, გურმანი, იუმორისტი, თამადა და ა.შ. თუ ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ორალურ ფსიქოტიპთან (სხვა ზედა ვექტორების გარეშე) სიტყვა „კარმას“ ახსენებთ, ამ თემაზე რაიმე თეთრი ან შავი იუმორი გარანტირებულია. და საერთოდ, გირჩევთ, რომ ასეთ ფსიქოტიპს გულისნადებს ნუ გაანდობთ, თუ არ გინდათ, რომ ამის შესახებ ყველამ გაიგოს. ორალურ ფსიქოტიპს (სცენარში წამყვანი ორალური ვექტორით) სხვისი საიდუმლოს შენახვა პრაქტიკულად არ შეუძლია (და ამისთვის კარმულად არც „მოეთხოვება“).

k21

6. ვიზუალური ვექტორი - მცენარეული დონე ადამიანის ინტელექტში. ფუძე - ნაწილობრივი ინფორმაცია. სამყარო შედგება მრავალი ელემენტისგან, ნაწილებისგან, რომლის მოზაიკისგანაც ეწყობა უნიკალური, მრავალფეროვანი, ფერებით გამდიდრებული სურათი. ვიზუალური ფსიქოტიპის ადამიანი მიესწრაფვის - შეიგრძნოს მსოფლიოს საერთო სურათი წვრილმანი დეტალების აღქმაში შეღწევით. მას გააჩნია ემპათიის დიდი უნარი, და სურვილი - შეიგრძნოს სხვების განსაკუთრებულობა საკუთარი უნიკალურობის მეშვეობით. ვიზუალები უყურებენ სამყაროს, და უზარმაზარ სამყაროში კი არ ხედავენ ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანში ხედავენ უზარმაზარ სამყაროს.

ვიზუალურ ფსიქოტიპს აქვს ასევე კიდევ ერთი განსაკუთრებულობა - ყველაფერი, რაც იმყოფება აღქმისა და დაკვირვების მიღმა, ვიზუალი ადამიანისთვის არ არსებობს. მისთვის „მე“ სამყაროს ნაწილია. „მე“ ვარსებობ, სანამ მხედავენ. იმისთვის, რომ გამოააშკარავოს საკუთარი არსებობა, ვიზუალი ადამიანი იწყებს თვითდემონსტრირებას. „თუ მამჩნევენ, ე.ი. ვარსებობ“, ხოლო თუ ვერ ამჩნევენ, იგი ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება 

k22

თუ წარმოვიდგენთ ტყეს, ვიზუალისთვის ტყეში ყოველი ხე (ცალ-ცალკე) მნიშვნელოვანი და უნიკალურია, განსხვავებით სმენის ვექტორიანის ხედვისგან, რომელიც ტყეს ხედავს მთლიანობაში და აქცენტს არ აკეთებს ცალკეულ დეტალებზე. და რა თქმა უნდა ყველაზე უნიკალურად, როგორც წესი, საკუთარ თავს აღიქვამს.
ამ, და კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ვიზუალური ფსიქოტიპის დამოკიდებულება კარმასთან და მსგავს საკითხებთან განსაკუთრებულია. პირველ რიგში, სწორედ ვიზუალები იცავენ სიცოცხლეს, როგორც უმაღლეს ფასეულობას, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ადამიანის სიცოცხლე, თუ ცხოველის. როგორც წესი, სწორედ ვიზუალები არიან ვეგეტარიანელები და ვეგანები, რადგანაც თვლიან, რომ ცოცხალი არსების (ცხოველის) ხელყოფა დაუშვებელია.

ერთი მხრივ სწორედ ვიზუალები აკისრებენ ყველას თითქმის ერთნაირ კარმულ პასუხისმგებლობას - ჯარისკაცსაც, რომელიც მეთაურის ბრძანებით კლავს, სერიულ მკვლელსაც, და რიგ შემთხვევებში მასაც, ვინც უბრალოდ ცხოველი მოკლა და შეჭამა, იმიტომ რომ შიოდა, რადგანაც დიდია მათი ემპათია ყოველი მსხვერპლისადმი, და ვიზუალებსვე შეუძლიათ ყველაზე იოლად მიუტევონ სამივე ზემოხსენებულს - იგივე ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის გამო (თუ რა თქმა უნდა კონკრეტულ შემთხვევაში ვიზუალური ვექტორი ადამიანს საკმაო დონეზე აქვს განვითარებული). მაგრამ ხშირად ეს მიტევება ეფუძნება იგივე თანაგრძნობისა და ემპათიის დიდ არაცნობიერ სურვილს, და არა იმ მიზეზ-შედეგობრიობის ხედვას, რაც ამ ყველაფრის უკან დგას.

k23

 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ისევ ადამიანის ორგანიზმის ანალოგიას მოვიყვანთ, ვიზუალურ ზომას, ერთი მხრივ ევალება დაიცვას ყოველი ცოცხალი უჯრედის სიცოცხლე და დაინახოს ყოველი მათგანის უნიკალურობა, ხოლო მეორე მხრივ ეწინააღმდეგება იმუნიტეტის „ქილერ“ უჯრედებს იმაში, რომ მათ პათოლოგიური უჯრედები გაანადგურონ ან გააუვნებელჰყონ, და ამით მთელი ორგანიზმი დაიცვან.

ვიზუალური ფსიქოტიპის დამოკიდებულებებზე დიდ გავლენას ახდენს ასევე ისიც, თუ რომელ ვექტორებთანაა კომბინაციაში და რა სცენარშია ვიზუალური ვექტორი, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა, ისევე როგორც ანალური, ვიზუალური ვექტორიც ერთი-ერთზე ურთიერთობის ვექტორია და მთავარ აქცენტს დეტალებზე და ინდივიდებზე აკეთებს, და არა მთლიანობის ხედვაზე. თავად სმენური იდეებისადმიც კი, მათ ინდივიდუალური და უნიკალური მიდგომა აქვთ, და თავიანთი ფუნდამენტური შეხედულებების შეცვლა ძალიან უჭირთ. ამიტომაც სწორედ ისინი იცავენ სხვადასხვა რელიგიურ თუ ეზოთერულ სწავლებებში დამკვიდრებულ წარმოდგენებს. მათი დამოკიდებულება კარგად გამოიხატება სიტყვით - „რწმენა“, „მრწამსი“. ისინი ხედავენ მოზაიკის ნაწილს, ხოლო დარჩენილ ნაწილს თავისი შეხედულებით და რწმენებით ავსებენ 

k24

ეს ყველაფერი გვაძლევს ერთ საინტერესო და პარადოქსულ ფაქტს: ერთი მხრივ, სწორედ ვიზუალები (სმენებთან ერთად) არიან პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც ინტერესდებიან რელიგიებით, სხვადასხვა ეზოთერული მიმართულებებით, ასტროლოგიით, მაგიით და ა.შ. და მეორე მხრივ, სწორედ მათ ემუქრებათ საშიშროება, რომ ეზოთერიის, მეტაფიზიკის და ზოგადად სამყაროს საერთო კანონზომიერებების აღწერისას ილუზიებში მოექცნენ, რადგანაც მათი ხედვა უფრო მეტად დეტალებზეა აქცენტირებული და უფრო მეტად გამომდინარეობს მათი „მრწამსიდან“. და თუ სისტემურად შევხედავთ, ვიზუალების ხედვა მიმართულია ნაწილისკენ, და არა მთელისკენ. მათი ფუნქციაც ხომ სწორედ ესაა - დეტალების ინტელექტუალურ-ემოციური გააზრება.

მაგრამ კარმის კანონზომიერებების აღწერა მით უფრო ახლოსაა რეალობასთან, რაც უფრო მასშტაბურ ხედვას მოიცავს და რაც უფრო მეტ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს განიხილავს. შესაბამისად ვიზუალურ ვექტორს - ცალკე აღებულს, არ შეუძლია კარმული კანონზომიერებების სისტემურად შემეცნება. მას შეუძლია მხოლოდ მრწამსის სახით მიიღოს რომელიმე უკვე არსებული სწავლების შეხედულება ამ საკითხზე, იქნება ეს ბუდისტური, ინდუისტური, ქრისტიანული, ასტროლოგიური თუ სხვა მიდგომა. თუნდაც ამ ტექსტში შემოთავაზებული მსფოლმხედველობა... და ასევე ვიზუალის ფუნქციაა - კულტურულ ფასეულობად და დონედ დაამკვიდროს მოცემული (თავისთვის მისაღები) შეხედულება. თავის შინაგან ფასეულობებში რაღაც ასაკის შემდეგ ვიზუალური ვექტორი ანალური ვექტორივით „ურყევია“, და ისევე, როგორც ანალური ფსიქოტიპი ეჭიდება წარსულს, სწორედ ასევე იცავს ვიზუალი მასში გამჯდარ კულტურულ-მორალურ-მეცნიერულ შეხედულებებს. და უმაღლეს დონეზე განვითარებული ვიზუალისთვის მთავარი ფასეულობა - სიყვარულია. მას ნაკლებად აინტერესებს კარმის კანონზომიერებები, მას უყვარს ყველა და ყველაფერი (ცალ-ცალკე, ყველა ერთად აღებული, და არა როგორც ერთიანი აბსტრაქტული მთლიანობა).

k25 

და რაც ყველაზე აღსანიშნავია - ვიზუალური ფსიქოტიპი ყველაზე მეტადაა მიჯაჭვული თავის ინდივიდუალურ და უნიკალურ ხატ-სახეზე, და სწორედაც ამიტომ აშინებს ყველაზე მეტად სიკვდილი - როგორც არსებული ფიქსირებული ხატ-სახის ნგრევა. თუ შევადარებთ სმენურ ფსიქოტიპს - მისი „მე“ აბსტრაქტულია და მას ვერცერთი ფორმა ვერ დაიტევს, შესაბამისად მისი დამოკიდებულებაც სიკვდილთან სრულიად სხვაგვარია, მაგრამ ვიზუალისთვის ფორმა (როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი), საკუთარი ინდივიდუალობის ანაბეჭდი - ყველაზე ღრმა და ნატიფი ღირებულებაა. და ბუნებრივია ყველას მიმართ მიდგომაც შესაბამისი აქვს.

k26

ხიდან ჩამოვარდნილ ყვითელ ფოთოლს სმენის ვექტორიანი აღიქვავს, როგორც ინდივიდუალური ან საერთო არსის მიერ მორიგი ფიზიკური ფორმის ბუნებრივ მოცილებას, რადგან ამ ფორმამ თავისი ფუნქცია ამოწურა და არსი კი ისევ ხეში დარჩა (ანუ რეალურად არც მომკვდარა), მაგრამ ვიზუალისთვის ჩამოვარდნილი ფოთოლი - ესაა ინდივიდუალური და უნიკალური ხატ-სახე, რომელსაც გააჩნია თავისი ფერი, ფორმა, წარსული, და რა თქმა უნდა ემოციები (საკუთარი ემოციური „მე“-ს ამ ფოთოლთან გაიგივებიდან გამომდინარე). მისთვის ეს ფოთოლი მარადიულად ცოცხალია, ამიტომაც დახატავს, ან ფოტოზე აღბეჭდავს, და ამით „შეაჩერებს“ სიკვდილს, როგორც ნებისმიერი ფორმის დამშლელ ძალას.

ზოგადად, ვიზუალების ინტერესი ეზოთერიისადმი, ოკულტიზმისადმი, მაგიისადმი, და სხვა მისტიური და იდუმალებით მოცული ცოდნისადმი, სწორედ მათი პირვანდელი შიშითაა განპირობებული - სიკვდილის შიშით. და ამ ცოდნაში ისინი უკვდავების, მარადიული ახალგაზრდობის გასაღებს ეძებენ. განსხვავებით სმენებისგან, რომელთა მთავარი მოტივიც შემეცნების წყურვილია, ვიზუალებს ამ ცოდნისკენ, და შესაბამისად ამ ცოდნის მქონე ხალხისკენ, ზემოთნახსენები მოტივი ამოძრავებთ. მათთვის მთავარია იპოვონ „უკვდავების ელექსირი“, თუმცა ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ელექსირი მათ ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე აქვთ - ესაა სიყვარულის უსაზღვრო უნარი, რომელსაც გაღვივება და განვითარება სჭირდება. სწორედ სიყვარულის და თანაგრძნობის წყალობით ამარცხებს ვიზუალი სიკვდილის შიშს.

k27

ვიზუალები ყველაზე ადვილად ექვემდებარებიან ჰიპნოზს და თვითჰიპნოზს, ეს ერთი მხრივ კარგია, რადგანაც შთაგონების ან თვითშთაგონების მეშვეობით, მათ მრავალი ფსიქოლოგიური, ჯანმრთელობის თუ სხვა პრობლემის გადალახვა შეუძლიათ. მეორე მხრივ, სწორედ ამის გამო ხდებიან ისინი უამრავი შარლატანის მსხვერპლი, სრულიად სხვადასხვა სფეროში - დაწყებული ფსიქოლოგებით, დამთავრებული „მკითხავებით“. მათ ყველაზე იოლად შეუძლიათ - დაიჯერონ, რომ წინა ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული დააშავეს, და ამჟამად ისჯებიან, და ამ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული, მაგალითად ასტროლოგის მიერ დანახული მისიით მოვიდნენ. ძალიან ადვილად შეიძლება, რომ დაიჯერონ ნებისმიერი ტყუილი, ან ნახევრად-სიმართლე, და ცხოვრებისეულ პროგრამად აქციონ შარლატანებისგან ან უმეცრებისგან ნაკარნახევი ეს შთაგონებები (ბუნებრივია არ ვგულისხმობ, რომ ყველა ფსიქოლოგი, ასტროლოგი და ა.შ. უმეცარი და შარლატანია).

k28

 7. ყნოსვის ვექტორი - ცხოველური დონე ადამიანის ინტელექტში. ფუძე - სისტემის ანტივირუსობა. იგი შეიგრძნობს ადამიანთა ეგოიზმის კონკრეტულ მდგომარეობებს, მათ ფარულ სურვილებს, და აძლევს მათ ჯგუფისთვის საჭირო ფორმას და მიმართულებას. ასევე შეიგრძნობს სხვადასხვა დონის საფრთხეებს და სხვადასხვა ბერკეტების, განსაკუთრებით კი ძალაუფლების მეშვეობით ცდილობს აღმოფხვრას ისინი. ამ ფუნქციას იგი განსაკუთრებული ინტუიტიური და სტრატეგიული აზროვნების მეშვეობით ასრულებს. ყნოსვის ვექტორის როლია - „გადარჩეს ნებისმიერ ფასად“, და ბუნებრივია, მარტო, ჯგუფის გარეშე იგი ვერ გადარჩება, ამიტომ განვითარებული ყნოსვის ვექტორის ფუნქცია ჯგუფის სიცოცხლის გადარჩენაა. არა კულტურის, არა ეთიკის, არამედ თავად სიცოცხლის. და არა ყოველი ცალკეული ადამიანის, არამედ ადამიანთა მთლიანობის სიცოცხლის. ამიტომაც მას არ ეკისრება არანაირი კულტურულ-მორალური შეზღუდვა. იქ, სადაც ყნოსვა შეზღუდული იქნება, მთელი ცოცხალი განადგურდება.

ყნოსვის ვექტორი ასევე ვერ არჩევს ტყუილს და მართალს. ისინი არასოდეს ცრუობენ, რადგანაც თავად სიმართლის და ტყუილის გარჩევის უნარი არ გააჩნიათ თავის თავში. განვითარებულ მდგომარეობაში ისინი ელემენტარულად არიან ადაპტირებულნი სიმართლის და ტყუილის, სიკეთის და ბოროტების ცნებებთან, მაგრამ თავის შიგნით ამას ვერ შეიგრძნობენ, შესაბამისად, თავის სახეობრივ როლს ამ კატეგორიების გარეთ ასრულებენ. მუშაობენ სფეროებში, სადაც მორალის, სიმართლის და ტყუილის ცნებები არაა საჭირო, სადაც უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ - ჯგუფის გადარჩენის უზრუნველყოფა. ესაა ჯაშუშობა, სპეც-სამსახურები, პოლიტიკა, ფინანსები, მეცნიერება, ფსიქიატრია. ისინი ცდილობენ, რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ყველაფერი, რაც გადარჩენას საფრთხეს უქმნის, და საბოლოოდ ეს მათი პროფესია ხდება. მაგალითად, ფსიქიატრის ფუნქციაა, ამოიცნოს ადამიანში ფსიქიკის რღვევები და მოახდინოს მისი იზოლირება, რათა სხვა ადამიანებს საფრთხე არ შეუქმნას.

k29

ყველა ამ თვისების გამო ყნოსვის ვექტორი ერთგვარად დემონიზებულია. განსაკუთრებით ვიზუალები ამ ადამიანებზე ამბობენ, რომ ისინი ცუდები, ბოროტები, მანიპულატორები და ძალაუფლების მოყვარულნი არიან, ყოველი ჩადენილი ბოროტებისთვის „მოეკითხებათ“ და ა.შ. მაგრამ როგორც განუვითარებელი, ასევე განვითარებული ყნოსვა არ სცნობს კარმის კანონებს. განუვითარებელი არქეტიპული ყნოსვაც კი, რომელიც პირდაპირ ასრულებს თავის არქეტიპულ ფუნქციას - ადამიანთა პირდაპირი გზით მოცილებით - მოკვლით, ამას ავტომატურ რეჟიმში, გაუცნობიერებლად აკეთებს (სერიული მკვლელების დიდი უმრავლესობა განუვითარებელი (არქეტიპული) ყნოსვის ვექტორის მატარებელია), და რაც მთავარია, ეს განპირობებულია მათი არასწორი აღზრდით და განვითარებით.

k30

ჯონ როკფელერი

დღეს კაცობრიობა კან-ყნოსვურ ფაზაშია, და ძალაუფლების მთავარი ბერკეტები (ფინანსური ბერკეტების სახით) სწორედ ყნოსვებს აქვთ. თითქმის ყოველი ომი, რევოლუცია, ფინანსური კრიზისი თუ ტერორისტული აქტი საბოლოოდ ფარულად მათ მიერ იმართება ან კონტროლდება. და რა თქმა უნდა, კაცობრიობა, როგორც ეგოიზმი, არ არის მომწიფებული იმ დონემდე, რომ ძალაუფლების სათავეში მყოფი ყნოსვის ვექტორიანები უმაღლეს დონეზე განვითარებულნი იყვნენ, მაგრამ ისინი ისე ასრულებენ თავის ფუნქციურ როლს, როგორც მათი განვითარების დონეს შეესაბამება. და აქ საუბარიც ზედმეტია სენტიმენტებზე, მორალზე ცალკეულ ადამიანთა სიცოცხლეზე. 11 სექტემბრის ტერაქტიც, სმენური ფანატიკოსების მიერ განხორციელებული, მაგრამ ყნოსვების მიერ მართული იყო. მთავარი მოტივი, რაც მათ ამოძრავებთ - ესაა ძალაუფლება, ჩვენს დროში კი ძალაუფლების მთავარი ბერკეტი - ფინანსებია. ძველად (და ბევრ ქვეყანაში ახლაც) ძალაუფლების მთავარი ბერკეტი რელიგია იყო, და შესაბამისად მღვდელმთავრებად და „მორალისტებად“ სწორედ ყნოსვის ვექტორიანები გვევლინებოდნენ. აქ საუბარი არ გვაქვს იმაზე, რომ ეს „ცუდია“, ან „კარგია“, უბრალოდ არსებობს სახეობრივი როლი: ჯგუფის რანჟირება და საფრთხეებისგან დაცვა, როლის შესასრულებლად ყნოსვის ვექტორიანს სჭირდება მაქსიმალური ძალაუფლება, და ამ ძალაუფლების მოპოვებას იგი ყველაფრის ფასად ცდილობს. მოვა დრო (ურეთრალ-ყნოსვური და ურეთრალ-სმენური ფაზები), როცა კაცობრიობის ყნოსვურ ზომას თავისი დონის აწევა მოუწევს, და როცა საბოლოოდ ძალაუფლება სმენური ზომის (ყნოსვურ ზომასთან ერთად) გაცნობიერებული „ზედამხედველობის“ ქვეშ გადავა, მაგრამ მანამდე, როგორც წინა სტატიაში ავღნიშნე, ადამიანი (კაცობრიობა) ჯერ არ გაზრდილა, იგი ჯერ ბავშვია და შეცდომებზე სწავლობს.

k31

იენს სტოლტენბერგი

თუ ისევ ანალოგიას მოვიყვანთ, ყნოსვის ვექტორი ორგანიზმში იმუნიტეტის ფუნქციას ასრულებს. მისი როლია გააუვნებელჰყოს, ან თუ საჭიროა გაანადგუროს საფრთხის შემცველი უჯრედები და ქსოვილები. ვიზუალური ზომა, რომლის როლიც ყოველი ცოცხალი უჯრედისადმი სიყვარული და თანაგრძნობაა, ბუნებრივია, ხშირ შემთხვევებში მონსტრად აღიქვამს ყნოსვურ ზომას. მეორე მხრივ სწორედ ვიზუალური ზომა აიძულებს ყნოსვურს, რომ გაითვალისწინოს თვითოეული უჯრედის სიცოცხლე და არ გააანადგუროს იმაზე მეტი, ვიდრე აუცილებელია. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და სისტემა მხოლოდ რვა ვექტორის ურთიერთკავშირით და სიმბიოზით ვითარდება. აქ მთავარია, რომ დავინახოთ თვითოეულის როლი და დავინახოთ სხვაობა, თუნდაც კარმულ პასუხისმგებლობებში, რათა მიდგომა არ იყოს ცალსახა და მხოლოდ საკუთარი სუბიექტური თვალთახედვიდან გამომდინარე.

მაგალითად, ავიღოთ ერთ-ერთი ყნოსვის ვექტორიანი მდიდარი ოლიგარქი (გვარს არ დავასახელებ). მასზე იტყვიან, რომ უკანონო გზებით მიაღწია სიმდიდრეს და ძალაუფლებას. ერთნი წმინდანად შერაცხავენ, რადგან მისმა ქველმოქმედებამ მათ წისქვილზე დაასხა წყალი. მეორენი ჯოჯოხეთის ცეცხლში გაუშვებენ იმის გამო, რომ „ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელია“, „უტიფრად იტყუება“ და ა.შ. მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს ყველაფერი გამომდინარეობს მისი ფუნქციური როლიდან, თვისებებიდან. რამდენად კარგად ასრულებს ამ როლს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, „საკუთარი როლის ცუდად შესრულება ჯობია სხვისი როლის კარგად შესრულებას“. და ამ ოლიგარქს კარმულად მხოლოდ ის „მოეთხოვება“, რაც თავის ფუნქციას „დააკლო“ და ვერ განავითარა. და ეს კარმული „საზღაური“ კი სწორედ ის დაუკმაყოფილებლობაა, აუვსებლობაა, რაც ყოველ ვექტორს აქვს თავისი ფუნქციის არასაკმარისად ან საერთოდ ვერ-შესრულების დროს. სწორედ ეს წყურვილი და უკმარისობაა მათი „ჯოჯოხეთი“. და „ტანჯვაც“ მით მეტია, რაც უფრო მეტია გაცნობიერებულობა და აუვსებელი ჭურჭლის (ვექტორის) „ზომა“. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ, და ფაქტიურად ამქვეყნიური ძალაუფლების სათავეებში არიან, ყნოსვის ვექტორიანებს არ აქვთ საკმარისი გაცნობიერებულობა იმისთვის, რომ კარმულად თავიანთი მაღალი რანგის შესაბამისად „მოეთხოვოთ“. ისინი კაცობრიობის, როგორც ერთიანი ჯოგის კანონებით მოქმედებენ, მისი ევოლუციის საერთო გაუცნობიერებელ გზას მიჰყვებიან და „თავისუფალი ნება“, როგორც ასეთი, უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ვთქვათ ქვედა ვექტორებს, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე სმენის ვექტორს. ხოლო გაცნობიერების და მთლიანობის დანახვის ფუნქცია - ესაა რიგით მერევე, სმენის ვექტორის, პოტენციური „იდეური ბელადის“ ფუნქცია. შემეცნების ყველაზე მეტი უნარიც, და შესაბამისად ყველაზე მეტი „კარმული პასუხისმგებლობაც“ სწორედ მათ გააჩნიათ.

k32

ნიკოლა ტესლა

8. სმენის ვექტორი - ადამიანური დონე ადამიანის ინტელექტში. ფუძე - საერთო (აბსოლუტური) ინფორმაცია. სმენის ვექტორის ფუნქცია - სულიერი ბელადობაა. თუ ურეთრალური პოტენციური ბელადებიდან (კაცობრიობის 5%-დან) მხოლოდ 1-2% შედგება ბელადად, პოტენციური სმენური (იდეური) ბელადებიდან (რომელიც ასევე დაახლოებით 5%-ს შეადგენს) სულიერ ბელადად 0,01%-ზე ნაკლები თუ შედგება ხოლმე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ განსხვავებით ურეთრალური ვექტორისგან, რომელიც თანდაყოლილი ალტრუიზმია, სმენური ალტრუიზმი ძალისხმევის შედეგად მოიპოვება და არა მხოლოდ თავის ჯგუფს, არამედ მთელ კაცობრიობას და სამყაროს მოიცავს.

k33

საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნება, პირველ-მიზეზის ძიება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა და სამყაროს მთლიანობის დანახვა - ესაა სმენური ფსიქოტიპის არაცნობიერი სურვილები, და მათი გაცნობიერებისა და ავსების გარეშე სმენის ვექტორიან ადამიანს ყოველთვის რაღაც აკლია, ყოველთვის უკმარისობის გრძნობა აქვს. შემეცნება, როგორც ასეთი, მხოლოდ სმენის ვექტორიანს შეუძლია, და ამისთვის აქვს კიდეც ინსტრუმენტი - აბსტრაქტული ინტელექტი.
ბუნებრივია, რომ კარმის კანონების მიზეზ-შედეგობრივი შემეცნება პირველ რიგში სწორედ სმენის ვექტორიანების ინტერესის სფეროა. სწორედ ისინი ქმნიან აღმოჩენებს სულიერ სფეროებში და გადასცემენ ხალხს იმ ენით, როგორც მათ ამის გაგება შეუძლიათ. მაგრამ პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ:

1. სმენის ვექტორს შეუძლია ნებისმიერი სხვა ვექტორის მდგომარეობაში „ჩავიდეს“ ან მათი თვისებები და არსი იდეურ დონეზე აიტანოს. შესაბამისად სმენის ვექტორს შეუძლია აბსტრაქციამდე და იდეამდე აიტანოს ყველა ის ჩამოთვლილი მიდგომა კარმასთან მიმათებაში, რომელიც აქამდე ყველა ვექტორისთვის ჩამოვთვალეთ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სმენურ მდგომარეობაში მყოფ განვითარებულ სმენას შეუძლია მაქსიმალურად შესაძლებელი (სისტემის დონიდან) ობიექტური სურათის დანახვა.

2. კაცობრიობის განვითარების ყოველ ფაზაში სმენები იმ ფაზისთვის შესაბამის იდეებს გვაწვდიდნენ, და იმ ენით, რომელიც მოცემულ ფაზას და მენტალიტეტს შეესაბამებოდა. მაგალითად, ანალ-ვიზუალურ ფაზაში, ანალური მენტალიტეტის ქვეყნებში და მითუმეტეს ანალური ფსიქოტიპის ხალხისთვის შეუძლებელი იყო იმ გაგების მიწოდება, რაც ანალურ თანაბრობას, პატრიარქალურ წყობას და ანალურ „მე“-ს, მის ხარისხობრივ „ინდივიდუალობას“ არ შეესაბამებოდა. როგორც უკვე ავღნიშნე - ანალური და ვიზუალური ფსიქოტიპი ფიქსირებულ „მე“-ს ეფუძნება. მათი აზრით ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია ინდივიდუალური სული, და რეინკარნირდება სხვადასხვა სხეულებში. მაგალითად ჭიანჭველა შემდეგ ინკარნაციაში ფუტკრად მოვა, შენდეგ თევზად, შემდეგ ძაღლად, შემდეგ ადამიანად და ა.შ. (სხვადასხვა კონფესიებში სხვადასხვანაირი გრადაციით და თანმიმდევრობით). ძირითად ქრისტიანულ მიმართულებებში საერთოდ არ არსებობს რეინკარნაციის ცნება. ადამიანი „ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება“. და ინდივიდუალური სული მხოლოდ ადამიანს აქვს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით მხოლოდ მამაკაცს, და არა ქალს. ისლამის ზოგიერთ მიმართულებაში (სადაც ისევ ანალური ფაზაა) ახლაც კი არ აღიარებენ, რომ ქალს სული გააჩნია, და მას ცხოველს უტოლებენ (ანალური ფსიქოტიპისთვის მამაკაცი ქალზე აღმატებულია). მოკლედ, კარმის და რეინკარნაციის გაგების მხრივ დიდი მრავალფეროვნება გვაქვს.

3. ამჟამად მსოფლიოში კან-ყნოსვის ფაზაა, და ფაქტობრივი ძალაუფლება ყნოსვების ხელშია. კანურ ფაზაში მყოფ ქვეყნებს ისინი მართავენ ძირითადად ფინანსური ბერკეტით, ხოლო ანალურ ფაზაში მყოფ ქვეყნებს რელიგიური და იდეოლოგიური ბერკეტებით. იმ სმენური აღოჩენების ფართოდ პროპაგანდა და დანერგვა, რომლებიც სმენის ვექტორიანების ძირითად მასას უფრო შემეცნებულს და თავისუფლად მოაზროვნედ გახდის, მათ ამ ეტაპზე ყნოსვურ ზომას არ აწყობს. ამიტომაც დაბლოკეს თავის დროზე ნიკოლა ტესლას აღმოჩენები, და ბლოკავენ ამჟამადაც მრავალ აღმოჩენას. და განსაკუთრებით ანალურ ფაზაში მყოფ ქვეყნებში, მათ ხელს არ აძლევთ ძველი სწავლებების, იდეოლოგიების და რელიგიების საფუძვლების შერყევა, რადგანაც ეს იდეოლოგიები მათ მიერ ხალხის სამართავად ასწლეულების მანძილზე შემუშავებულ მექანიზმებად აქციეს. კაცობრიობის ყნოსვური ზომა (და არც სმენური) ჯერ არ განვითარებულა იმ დონემდე, რომ მასობრივი იდეოლოგიების ბერკეტები სმენის ვექტორიანებს ანდოს.

k34

ეს ყველაფერი განაპირობებს, რომ სმენების უმეტესობა დღესაც ძველი სწავლებებისა და შეხედულებების გავლენის ქვეშაა, მაგრამ დღეს, კანურ ფაზაში, უკვე შესაძლებელია საუბარი არა მხოლოდ „მე“-ს, არამედ „ჯგუფური“ კატეგორიებით. უფრო მეტად გამოიკვეთა ეგრეგორის ცნება, როგორც ერთიანი ენერგო-ინფორმაციული ველის, რომელიც გარკვეული თანრიგის ერთიანობას ქმნის. სმენური აბსტრაქციაც უკვე გასცდა ძველ წარმოდგენებს და სისტემას განიხილავს არა ნაწილიდან მთელისკენ, არამედ მაქსიმალურად დიდი მთელიდან ნაწილისკენ. მაგალითად, ხის არსის გაგება იწყება არა მისი დეტალებით, ფოთლებით, ღეროებით და ა.შ., არამედ მთელი ხის ერთიანობაში და მისი დეტალების ფუნქციურად დანახვით. განვითარებული სმენის ვექტორიანი არ თვლის, რომ ჰიტლერი „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება“, რადგანაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იგი აცნობიერებს იმ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და იმ საერთო შედეგს, რაც ჰიტლერის ქმედებებმა გამოიწვია.

თუ კარმულ პასუხისმგებლობას შევეხებით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა სწორედ სმენებს აქვთ იმ ინსტრუმენტის გამო, რომელიც ბუნებამ ფუნქციურად მიანიჭათ. ესაა ყველაზე მძლავრი აბსტრაქტული ინტელექტი და შემეცნების უნარი. ესაა ყველაზე უსასრულო და „აუვსებელი ვექტორი“, მისი არსი თავად უსასრულობაა, და შესაბამისად მისი ბოლომდე ავსებაც შეუძლებელია, და ერთი მხრივ ყველაზე დიდ ტკბობასაც სმენის ვექტორიანი იღებს, თუკი კაცობრიობა თავისი იდეით განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს, ან უბრალოდ თავის არჩეულ გზაზე თანმიმდევრულად ვითარდება, მეორე მხრივ კი ყველაზე მეტადაც იტანჯება, თუკი აუვსებელია და საკუთარ ფუნქციას და დანიშნულებას ვერ აცნობიერებს. დეპრესია, სუიციდისადმი მიდრეკილება, შიზოფრენია, უზარმაზარ მასშტაბებამდე აყვანილი ფობიები - სწორედ სმენის ვექტორის „ჯოჯოხეთია“ იმ ფუნქციის ვერ-შესრულებისთვის, რაც ბუნებამ „დააკისრა“. სმენის ვექტორის ფუნქციაა თუნდაც ამ სტატიის გაგება, და ვეჭვობ, რომ მისით ყველაზე მეტად სწორედ სმენის ვექტორიანები დაინტერესდებიან და ყველაზე კარგადაც ისინი გაიგებენ (შეიმეცნებენ). არა იმიტომ, რომ სმენის ვექტორიანები „ყველაზე უკეთესები არიან“, არამედ იმიტომ, რომ შემეცნება ეს მათი ბუნებრივი ფუნქციაა.

k35

აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც კავშირშია კარმის და რეინკარნაციის ცნებასთან. „კრისტალიზებული სულის“ პოტენციალი, დაახლოებით ის, რასაც კაბალაში „გულის წერტილს“ უწოდებენ, მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას (სავარაუდოდ სმენის და ყნოსვის ვექტორიანებს) გააჩნიათ. ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენები „უსულოები“ არიან, უბრალოდ მათში „ინდივიდუალური სული“, როგორც ასეთი, კრისტალიზებული არაა, „მოპოვებული“ არაა და თუ შევადარებთ თესლს, ესაა გაუღვივებელი თესლი, ხოლო „კრისტალიზებული სული“ გაღვივებულ თესლს ჰგავს. ჩემი დაკვირვებით, ადამიანში დაბადებიდანვე განსაზღვრულია ვექტორული კონფიგურაცია, და შესაბამისად ისიც - იქნება თუ არა „სულის თესლი“ გაღვივებული, და შეუძლებელია დაბადების შემდგომ, ცხოვრების განმავლობაში ამ თესლის გაღვივება, რადგანაც გაღვივებული თესლი - ეს უკვე ნიშნავს თვითშემეცნების სურვილის მიმართულებას (სმენის ვექტორს), რომელიც ადამიანს ან აქვს, ან არ აქვს (ცხოვრების განმავლობაში ვერც შეიძენს, და თუ უკვე აქვს - ვერც მოიშორებს).

k36

თუ შევხედავთ აღმოსავლურ ფილოსოფიებს, მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ემხრობა თეორიას, რომ ადამიანი წვეთია, რომელიც დროებით გამოეყოფა ოკეანეს (საერთო არსს), როგორც „პატარა ინდივიდუალობა“, სიკვდილის შემდეგ კი ისევ ერწყმის მას და ინდივიდუალობაც ქრება. ასევე დიდი ნაწილი ემხრობა აზრს, რომ ყოველი ცოცხალი არსება - დაწყებული ჭიანჭველებით და დამთავრებული ადამიანებით - ესაა ინდივიდუალური სული (ატმა), რომელიც სხვადასხვა ჭურჭელში (სხეულში) განსხეულდება და არასოდეს კარგავს თავის ინდივიდუალობას. ჩემი აზრით, სიმართლე ორივე ამ პოსტულატშია, მხოლოდ საჭიროა ამ ყველაფრის სისტემურად დანახვა და გასაგები გახდება, რომ ცოცხალი არსებების გარკვეული ნაწილი ერთ პოსტულატს შეესაბამება, გარკვეული ნაწილი კი - მეორეს. შესაბამისად ძალიან დიდი ეჭვის ქვეშ დგება საკითხი: აქვს თუ არა წინა ცხოვრება ყველა ადამიანს? არის თუ არა ის გამოცდილება, რომლის „გახსენებაც“ მაგალითად რეგრესიული ჰიპნოზის ან სხვა გზებით ხდება, რეალურად ამ ადამიანის გამოცდილება, და არა საერთო ინფორმაციულ ველში გასვლა და ინფორმაციის იქიდან ამოღება.

როდესაც ანალურ და ვიზუალურ ფსიქოტიპებს განვიხილავდით (და მათ შესასწავლად გირჩევთ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ მათ არსს) უკვე ავღნიშნეთ, რომ მათი „მე“ ყველაზე სტაბილური და ფორმაზე (ხატ-სახეზე) ფიქსირებულია. ამიტომ მათთვის შეუძლებელი იქნებოდა, მითუმეტეს ძველ დროში იმის ახსნა, რომ მათი ინდივიდუალობა დროებითია. მათი ფსიქიკა სწორედ ინდივიდუალურ „მე“-ზე და ამ ინდივიდუალობის ყოველ ცოცხალ არსებაში დანახვაზეა აგებული. ვიზუალური ფსიქოტიპისთვის ყველას და ყველაფერს ინდივიდუალური სული აქვს - ფოთოლსაც და სათამაშო დათუნიასაც. მათ არ შეუძლიათ, რომ ვაშლის ყოველ კონკრეტულ ფორმაზე მაღლა ვაშლის იდეა, როგორც ერთიანი აბსტრაქტული არსი დააყენონ. მათთვის ფორმა არსზე მაღლა დგას. და „კრისტალიზებულ სულში“ კი მე სწორედ არსთან გაცნობიერებულ (ან გაცნობიერების პოტენციალის მქონე) კავშირს ვგულისხმობ. საბოლოო ჯამში კი „კრისტალიზებული სულიც“ უფრო ხანგრძლივი, მაგრამ მაინც დროებითი გამოვლინებაა ერთი არსისა, და ოდესმე ისიც საერთო არსს შეუერთდება.

მაშ ასე გავაკეთოთ რამდენიმე დასკვნა:

k37

1. ზესისტემის დონეზე მთელი სამყარო, ხოლო ჩვენი სისტემის დონეზე კაცობრიობა - ერთიანი ორგანიზმია.

2. მთელი ქმნილების ეგოიზმი, და შესაბამისად კაცობრიობის ეგოიზმიც დიფერენცირდება ავსების ჭურჭლის 8 მიმართულებად (ვექტორად).

3. თვითოეული ვექტორი ვლინდება უამრავ ფორმად, და არსი მათ საერთო აქვთ - კონკრეტული ვექტორი, რომელიც თავის მხრივ ქმნილების საერთო არსიდან გამომდინარეობს.

4. არსებობს გარკვეული იერარქია (გრადაცია) ვექტორების გაცნობიერებულობისა და თვითშემეცნების უნარებში. ყველაზე ნაკლები „თავისუფალი ნება“ და შესაბამისად პასუხისმგებლობაც - კუნთის ვექტორს აქვს, ხოლო ყველაზე მეტი - სმენის ვექტორს (პოტენციალში, და არა თანდაყოლილად). (აქვე უნდა ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელობის მხრივ ყველა ვექტორი თანაბარია, და სისტემის განვითარებას მხოლოდ რვა ვექტორის ერთიანობა ქმნის).

5. ადამიანს აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი: შეასრულოს ბუნების მიერ მინიჭებული ფუნქციური როლი (როლები) და მიიღოს „ტკბობა“, ან არ შეასრულოს და მიიღოს „ტანჯვა“. ხოლო კარმის ცნობილი პრინციპი - „ქმედება იწვევს უკუქმედებას“ - ყოველ ვექტორს სხვადასხვაგვარად მიესადაგება. „სწორი“ ქმედება ერთი ვექტორისთვის ხშირად შესაძლოა „არასწორი“ იყოს სხვა ვექტორისთვის, ან პირიქით.

6. „ნეგატიურ კარმას“ წარმოშობს არ-შესრულებული, ან არასწორად შესრულებული საკუთარი ფუნქცია. და ყველაზე მეტ „ნეგატიურ“ კარმას სწორედ ისინი წარმოშობენ, ვისაც ყველაზე მეტად შეუძლია კარმის კანონების შემეცნება (სმენის ვექტორიანები) ამიტომ, სანამ განვითარების სულიერ დონეს მიაღწევენ, ყველაზე მკაცრ გაფილტვრას და გადარჩევას სწორედ ისინი გადიან. „პოზიტიურ კარმას“ კი ქმნის საკუთარი ფუნქციის გაცნობიერებულად და მაქსიმალურად სწორად შესრულება. კაცობრიობის დიდ ნაწილს, ისევე როგორც ცხოველებს და მცენარეებს, კარმის კანონები საერთოდ არ ეხებათ, რადგან მათ არ გააჩნიათ საკმარისი გაცნობიერებულობა და შესაბამისად არჩევანის თავისუფლებაც. ისინი კაცობრიობის საერთო კარმის დადებით და უარყოფით შედეგებს „იმკიან“.

7. როდესაც განვიხილავთ კარმული უკუქმედების კანონებს, ეს უნდა გავაკეთოთ მთელიდან ნაწილისკენ, და არა პირიქით. მაგალითად, 11 სექტემბრის ტერაქტი უნდა განვიხილოთ პირველ რიგში როგორც კაცობრიობის მოუმწიფებლობის და ბუნებრივი ფუნქციისგან გადახვევის შედეგი, და არა როგორც იქ მოყოლილი მსხვერპლის „ინდივიდუალური კარმების“ სუმარული ჯამი, ან ამერიკელი ხალხის „დამძიმებული კარმის“ შედეგი. მაგალითად, თუ ხეს ავადმყოფობა გაუჩნდა, რომელიმე ტოტი და ფოთლები გახმა და „მოკვდა“, ეს მთლიანი ხის პოზიციიდან უნდა შევაფასოთ, და არა ლოკალურად ტოტის პოზიციიდან (თუმცა ბუნებრივია, მეორადად ეს პოზიციაც გასათვალისწინებელია). წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არასწორ სურათს და რწმენის დონეზე დაყვანილ ნაწილობრივ ხედვას.

8. კაცობრიობის უმეტესი ნაწილი პირველ რიგში ერთიანი არსის, შემდეგ კი უკვე დიფერენცირებული ფრაქტალური არსების (მონადების) გამოვლინებაა, და მათ არ გააჩნიათ ინდივიდუალური „კრისტალიზებული სული“, რომელიც ცხოვრებიდან ცხოვრებაში გადადის და გამოცდილებას იღებს. რეალურად გამოცდილებას იღებს მთლიანი სისტემა, ხოლო მისი გამოხატულებები, მცენარეების, ცხოველების და თუნდაც ადამიანების სახით დაახლოებით ისეთივეა, როგორც ფოთლები და ტოტები ხეზე, ან უჯრედები და ორგანოები ადამიანის ორგანიზმში.

9. „ინდივიდუალური სული“, რომელიც გამოცდილებას იღებს და ცხოვრებიდან ცხოვრებაში „ინდივიდუალობას“ არ კარგავს, გააჩნია ადამიანთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას. მაგრამ მრავალი ინკარნაციის განმავლობაში, და უმაღლესი განვითარების შემდეგ ისინიც თავიანთ „ეგოს“ იმდენად აფართოებენ, რომ მთელი ქმნილების არსს ერწყმიან და „ინდივიდუალობას“ ისინიც კარგავენ (თავიანთივე არჩევანით). სხვა ადამიანები, ისევე როგორც ოკეანიდან წვეთები, არსიდან ვლინდებიან და სიკვდილის შემდეგ ისევ არსს ერწყმიან. იმ დაკვირვებების უმეტესობა, რომელიც „წინა ცხოვრებების“ გახსენების ფაქტებს უკავშირდება, უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია საერთო ინფორმაციულ ველში გასვლასთან და იქიდან ინფორმაციის მიღებასთან, და ეს ინფორმაცია სრულიად თავისუფლად შეიძლება უკავშირდებოდეს არა ამ კონკრეტული ადამიანის, არამედ ვინმე სხვა ადამიანის, ან თუნდაც ცხოველის გამოცდილებას. ან შესაძლოა ეს იყოს უბრალოდ წარმოსახვა, რომელსაც ქვეცნობიერი თავისი სურვილების და გაგების შესაბამისად აწვდის ადამიანს.

10. მთლიანობაში არსებობს მხოლოდ ერთი „არსება“ - უმაღლესი თანრიგის „ზე-სისტემა“, რომლის შემეცნება და წვდომა ამ ეტაპზე არც კაცობრიობას, და მითუმეტეს არც რომელიმე კონკრეტულ ადამიანს არ ძალუძს. ობიექტური მიზეზი, თუ რატომ გამოვლინდა ქმნილება, როგორც მიღების ჭურჭელი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვიცით ის, რომ იგი მიისწრაფვის აივსოს და ისევ შეერწყას ჯერ უფრო მაღლა მდგომ ზესისტემებს, და ბოლოს „შემოქმედ არსს“, ანუ უმაღლესი თანრიგის ზესისტემას.

k38

ბუნებრივია, მოცემული ტექსტი არ წარმოადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და დოგმას, იგი მხოლოდ მცდელობაა - გარკვეული კუთხით და თვალთახედვით, შეძლებისდაგვარად მასშტაბურად გადმოგცეთ ჩემს მიერ გამოტანილი ის დასკვნები, რომლებიც ჯანსაღ კამათს, განხილვას და დახვეწას გამოიწვევს და უფრო ფართო და ობიექტურ ხედვამდე, და რა თქმა უნდა ახლა კითხვებამდე მიგვიყვანს. ერთი შეხედვით, ეს სტატია ბევრ სწავლებასთან და მიმართულებასთან მოდის წინააღმდეგობაში, მაგრამ გარისკეთ და ახლებური თვალთახედვით, ახალი კუთხით და დიალექტიკურად გადახედეთ თქვენში არსებულ მსოფლმხედველობას.
მზად ვარ, მივიღო ჯანსაღი კრიტიკა და გიპასუხოთ კითხვებზე...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...