sphere

ავტორი: მამუკა გურული

ამ სტატიაში მინდა მოკლედ და არსობრივად შევეხო ცნობიერების ევოლუციის თემას. ბევრი ფიქრობს, რომ ცნობიერების ევოლუცია და ზოგადად პიროვნული განვითარება რაღაც ხაზობრივი პროცესია. მაგალითად, როგორც ვიდეო-თამაშებშია: გყავს გმირი, რომელსაც ანვითარებ, ძალას და უნარებს უზრდი, ფულს უგროვებ და ა.შ. ესაა ხაზობრივი განვითარება, და განვითარების მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. 

ასევე არასწორია დაყოფა "მატერიალურ" და "სულიერ" განვითარებად, რადგან არ არსებობს რეალური ზღვარი მატერიალურს და სულიერს შორის. შეიძლება ერთმანეთისგან გამოვარჩიოთ "უხეში" მატერიალური და "ნატიფი" მატერიალური სფეროები, მაგრამ ორივე სამყაროს, როგორც მატერიის სხვადასხვა დონეებია, და ამავდროულდ ორივე განსულიერებულია. მატერიალურსა და სულიერს შორის ფარდობითობაზე აღარ შევჩერდები. ვფიქრობ ეს მარტივად გასაგებია. 

ცნობიერების ნამდვილი ევოლუცია პირველ რიგში ცნობიერების გაფართოებას გულისხმობს. მაგრამ სანამ გაფართოვდება, მან გარკვეული ეტაპები უნდა გაიაროს. ძალიან ზოგადად და არსობრივად ეს ეტაპები შეგვიძლია სამად დავყოთ: 

პირველი ეტაპი - ცენტრის დაბადება

ადამიანების უმეტესობას თავისი ნამდვილი "მე" არ გააჩნია. მას უამრავი "მე" აქვს - ბევრი ბუნებრივი, ბევრიც ხელოვნური, და თუ წარმოვიდგენთ ქვეცნობიერს, როგორც ამ "მე" - ების ნაკრებს, ეს "მე"-ები ნათურებივით ციმციმებენ. ხან ერთი მე აინთება, ხან მეორე, ხან მესამე. მაგალითად, დღეს ერთმა "მე"-მ გადაწყვიტა აღარ მოწიოს. ცოტა ხანში აქტიურდება "მე", რომელსაც მოწევა უყვარს, და ადამიანი ეწევა. შემდეგ აქტიურდება "მე", რომელიც ნანობს, რომ მოწია, შემდეგ საერთოდ სხვა "მე"-ები აქტიურდებიან, რომლებიც საერთოდ არ არიან კავშირში ამ თემასთან. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი მექანიკური და მრავლობითი არსებაა და მასში საჭიროა პიროვნული ღერძის შექმნა, მისი დაბადება. 

მეორე ეტაპი - ცენტრის ჩამოყალიბება (კრისტალიზაცია)

მეორე ეტაპზე ადამიანი ცნობიერად მყარდება თავის ფასეულობებში, პრინციპებში. მისი ნება დისციპლინის, თვითკონტროლის და რეგულარულობის შედეგად იწრთობა და ყალიბდება. მასში ძლიერდება განზრახვის ძალა. როცა რაღაცას გადაწყვეტს, "მე"-ების ის ჯგუფი, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, უფრო და უფრო ხშირად არიან ანთებულნი. და რაც მთავარია, აქ გადაწყვეტილებებს იღებს არა რომელიღაც კონკრეტული "მე", არამედ "მე"-ების ჯგუფი, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან და ერთდროულად არიან ანთებულნი. აქ უკვე მოხდა სხვადასხვა "მე"-ების, ფუნქციების, თვისებების ინტეგრაცია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა პიროვნული ღერძი. 

მესამე ეტაპი - გაფართოება (ტრანსცენდენცია)

მესამე ეტაპზე უკვე იწყება ჩამოყალიბებული პიროვნების ცნობიერი ურთიერთქმედება გარესამყაროსთან. მას აქვს ორი არჩევანი: ჩაიკეტოს და დაიცვას თავი, და ამით შეინარჩუნოს თავისი პიროვნულობა, რომლის წესრიგის დარღვევასაც "ქაოსური" გარემო მუდმივად ცდილობს, ან მიიღოს სამყარო თავისი "კარგი" და "ცუდი" მხარეებით, სიამოვნებით და ტკივილით,და გააფართოვოს თავისი ცნობიერების საზღვრები. ამ საზღვრების გაფართოება მეტ-ნაკლებად მანამდე უკვე ჩამოყალიბებული პიროვნული სტრუქტურის ნგრევას გულისხმობს. ძველი პიროვნება კვდება, და იბადება ახალი - უფრო ფართო, უფრო დიდი... შემდეგ იწყება ისევ პირველი ეტაპი, ამ ახალ დონეში, და ასე დაუსრულებლად...

ხშირად სწორედ აქ ურევენ ხოლმე ერთმანეთში და ძალის ევოლუციას ცნობიერების ევოლუციასთან აიგივებენ. ადამიანმა შეიძლება უკიდურესად გაიზარდოს თავისი ძალა, თავისი მანიპულაციის უნარები, თავდაცვის უნარები. მყარად დაიცვას თავისი პიროვნული სტრუქტურა და ამისთვის სამყაროსთანაც კი მოუწიოს ბრძოლა. სინამდვილეში ამ დროს მისი გარკვეული ასპექტების, გარკვეული სტრუქტურების გამყარება ხდება (რაც მეორე ეტაპზე საჭიროც კია), მაგრამ არ ხდება ტრანსცენდენცია. სტრუქტურა, რომლითაც ადამიანი გარესამყაროსთან ურთიერთობს, ყოველთვის ცდილობს თავის შენარჩუნებას. მას სხვაგვარად "ეგოსაც" უწოდებენ.

თავისთავად, სტრუქტურის, ანუ "ეგოს" არსებობა არც კარგია და არც ცუდი. მას თავისი ფუნცია აქვს, იგი პიროვნული ღერძის ფუნქციას ასრულებს, და მის გარეშე ადამიანი ვერც მივა მესამე ეტაპამდე (ტრანსცენდენციამდე). მაგრამ ადამიანის არსი ადრე თუ გვიან ყოველთვის მეტს მიესწრაფვის, მას ყოველთვის სურს უფრო მეტად გაფართოება, ეს მისი ფუნდამენტური სურვილია, და აქ უკვე წარმოიშობა ხახუნი ამ სურვილსა და ეგოს შენარჩუნების სურვილს შორის, და ოდესმე გაფართოების სურვილი ყოველთვის გადაწონის...

ბევრი ფიქრობს, რომ ეგო "მტერია", და ის ხელს გვიშლის გაფართოებაში, სამყაროსთან შერწყმაში. სინამდვილეში ეგო უბრალოდ ჭურჭელია, რომელიც უნდა აივსოს, და სანამ არ აივსება, ვერც გადმოიღვრება. ეგო უბრალოდ ეტაპია. სტრუქტურა, ყინულის სფერო (იხ. ფოტო სტატიის დასაწყისში), რომელიც უნდა გასკდეს იმისთვის, რომ ცნობიერებამ ახალი, უფრო დიდი სფერო მოინიშნოს და იქ დაიწყოს სტრუქტურიზება (გამყარება). ეს ციკლური და უსასრულო პროცესია. სიკვდილი მხოლოდ ერთ-ერთი სკდომაა ამ სფეროსი (გამოხატული ფიზიკური პიროვნების "სკდომით"), მაგრამ ადამიანს შეუძლია ბევრჯერ მოკვდეს ფსიქიკური სტრუქტურით. მოკვდეს იმისთვის, რომ ხელახლა დაიბადოს. 

მაგრამ იმისთვის, რომ მოკვდეს, პიროვნული ღერძი ჯერ უნდა დაიბადოს და ჩამოყალიბდეს, ანუ უნდა გაიაროს პირველი და მეორე ფაზები. და სამწუხაროდ დღეს ბევრი, ვინც უსმენს გურუებს, კითხულობს ოკულტურ და ეზოთერულ ლიტერატურას, ფიქრობს, რომ მესამე ეტაპისთვის მზადაა. სინამდვილეში ეს ილუზიაა, რადგან მათ (ადამიანთა დიდ უმრავლესობას) ჯერ არ აქვთ გავლილი პირველი, და მითუმეტეს მეორე ფაზები. 

ამ ყველაფრის ახსნა ბევრნაირად და ბევრ ენაზე შეიძლება. მაგმას პრაქტიკუმების სერია სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ადამიანის თანმიმდევრულ და ეტაპობრივ განვითარებას. 0 და 1 გრადუსები - ესაა პირველი მცდელობები ცენტრის (მზის) წარმოშობისა და ჩამოყალიბებისა. 2 გრადუსიდან იწყება სამყაროსთან გახსნის მცდელობა, მიმღებლობის უნარის გაძლიერება (მთვარე). 

ასევე შეგიძლიათ ჩემთან გაიაროთ პირადი კონსულტაცია და დაადგინოთ, რა ეტაპზეა თქვენი პიროვნული ღერძის ჩამოყალიბება, რა გჭირდებათ კონკრეტულად აქ და ახლა, რა მიმართულებით უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და ა.შ. 

ცნობიერების ევოლუცია სცდება ადამიანურ დონეს, მაგრამ ადამიანურ დონეშიც კი - მას უზარმაზარი ამპლიტუდა და შესაძლებლობები აქვს. გამოიყენეთ ისინი... ამოწურეთ ისინი... გადალახეთ ისინი... და ოდესმე მზისხელა გახდებით...

ts space sun and solar viewing facts versus fiction