ავტორი: მამუკა გურული

მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული და მოკლე ინტერპრეტაცია სხვადასხვა ეზოთერული თუ მხატვრული ლიტერატურიდან მიღებული ინფორმაციისა, რომელიც ძალიან არსობრივ და მნიშვნელოვან თემებს ეხება. სანამ დავიწყებ, გაეცანით უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს ჯ.რ.რ. ტოლკინის წიგნიდან "სილმარილიონი":

eru iluvatar by elveo d9auh16 fullview

იყო ერუ, ერთიანი, რომელსაც არდაში ილუვატარს უწოდებდნენ. პირველად შექმნა აინურნი, წმიდანნი, ნაყოფნი თავის განზრახვათა; ისინი მასთან იყვნენ, ვიდრე რამე შეიქმნებოდა. დაელაპარაკა მათ და მისცა მრავალი თემა მუსიკის შესათხზავად; ამღერდნენ აინურნი და სიხარულით აღივსო ილუვატარი. თუმცა, დიდხანს ოდენ თითო-თითოდ ან ცოტანი მღეროდნენ აინურნი, სხვანი კი უსმენდნენ. რამეთუ თითოეული მხოლოდ იმ ნაწილს ხედავდა ილუვატარის განზრახვისა, რომლისგანაც თავად იშვა. და ამგვარად, საკუთარი ძმების ყურისგდებით, ყოველი მათგანი ნელ-ნელა იზრდებოდა. თანდათან, რაც უფრო მეტს იგებდნენ აინურნი, მით უფრო ხმაშეწყობილად და ჰარმონიულად მღეროდნენ.

და, აჰა, უხმო ილუვატარმა ყოველ აინუს და მისცა მათ დიდებული თემა; უჩვენა იმაზე უფრო საოცარი და უჩვეულო რამეები, ვიდრე მანამდე გაემხილა მათთვის. თემის დიდებულმა დასაწყისმა და ბრწყინვალე დასასრულმა განაცვიფრა აინურნი; ილუვატარს მდაბლად დაუკრეს თავი და დადუმდნენ.

და უთხრა მათ ილუვატარმა: "მოგეცით თემა, რათა იმღეროთ ხმაშეწყობილად და შექმნათ მუსიკა დიდი. და ვინაიდან აღგანთეთ ცეცხლით ჩაუქრობელით, წარმოაჩენთ ძალასა თქვენსა და უკეთუ ისურვებთ, განავრცობთ თემას, ყველა თქვენებურად, ვითარცა ძალგიძთ. ხოლო მე დავჯდები და გისმენთ და ვიხარებ, რამეთუ თქვენის მეშვეობით, სიმღერასა შინა უდიდესი სილამაზე აღმოცენდება".

და ვითარცა ურიცხვი ქორო, ამღერდნენ აინურნი, არფისა თუ ბარბითის, სტვირისა თუ საყვირის, ვიოლინოსა თუ ორგანის ხმაზე და განავრცეს ილუვატარის თემა. გაისმა დაუსრულებელი მუსიკა, ჰარმონიულად გადაქსოვილი მელოდიები ერთმანეთს ენაცვლებოდა და სცდებოდა სმენაუწვდომელ სიღრმეებსა და სიმაღლეებსა და ილუვატარის სამყოფლებს. სიმღერის ექო სიცარიელეს მისწვდა და უმალ არაცარიელ იქმნა იგი. მას შემდეგ აღარასოდეს უმღერიათ ასეთი ბრწყინვალე სიმღერა აინურთ; თუმცა ნათქვამია, რომ ქვეყნიერების აღსასრულის შემდეგ აინურნი და ილუვატარის შვილთა გუნდი უფრო დიდებულ სიმღერას იმღერებენ ილუვატარის წინაშე. მაშინ ყველა ზუსტად შეასრულებს სიმღერას და ილუვატარის თემა საბოლოო არსს შეიძენს, ვინაიდან ყველა შეიტყობს მის ნამდვილ განზრახვას, თვითოეული თვითოეულის აზრს ჩაწვდება, ხოლო ნასიამოვნები ილუვატარი საიდუმლო ცეცხლით ააგიზგიზებს მათ ფიქრებს.

მანამდე კი ილუვატარი იჯდა და ისმენდა, თავიდან სიმღერით ტკბებოდა, რამეთუ უზადო იყო და წუნს ვერ ამჩნევდა, მაგრამ თანდათან, რაც უფრო ვითარდებოდა თემა, მელკორმა მასში საკუთარი წარმოსახვის ნაყოფის ჩაქსოვება დაიწყო, ხოლო ეს ილუვატარის თემას სრულებით არ შეესაბამებოდა; რამეთუ მელკორი მისთვის განკუთვნილი თემის ნაწილისთვის განსხვავებული მნიშვნელობისა და დიდების მინიჭებას ცდილობდა, მელკორს აინურთაგან ყველაზე ჭარბად მიენიჭა ძალა და ცოდნა; ის საკუთარი ძმების ყოველ ნიჭს იზიარებდა. ხშირად დასეირნობდა ცარიელ სივრცეებში და ჩაუქრობელ ცეცხლს ეძებდა; რამეთუ მის გულში ძლიერდებოდა სურვილი, საკუთარი შემოქმედებისთვის სიცოცხლე შთაებერა; ეჩვენებინა, რომ ილუვატარი სიცარიელეს ყურადღებას არ აქცევდა და მისთვის არსის შეძენას არ ჩქარობდა. თუმცა ჩაუქრობელ ცეცხლს ვერსად მიაგნო, რამეთუ ცეცხლი მარად ილუვატართანაა. ხოლო ეული სეირნობისას მის გონებაში საკუთარი განზრახვები გაჩნდა, განსხვავებული თავის ძმათა განზრახვათაგან.

melkorrrr

ნაწილი ამ აზრებისა სიმღერაში ჩააქსოვა, რითაც უმალ არაკეთილხმოვან იქმნა მუსიკა, მის გვერდით მდგომი ძმები დაღონდნენ, აზრი გაეფანტათ და სიმღერა შეფერხდა. ზოგიერთმა მუსიკისთვის თანახმიერების მისანიჭებლად თავდაპირველ განზრახვაზე უარი თქვა და მელკორის სიმღერას აჰყვა. მელკორის არაკეთილხმოვნება შორს გავრცელდა და უწინდელი მელოდია მღელვარე ზღვის გრუხუნად იქცა. ილუვატარი იჯდა და ისმენდა, სანამ მისი ტახტის ირგვლივ თითქოს ჭექა-ქუხილი არ ატყდა და დაუცხრომელი, მქუხარე ზღვა არ აზვირთდა.

მაშინ წამოდგა ილუვატარი. აინურებმა შეამჩნიეს, რომ ის იღიმებოდა. მან მარჯვენა ასწია და ჭექა-ქუხილში ისევ ახალი სიმღერა გაისმა; თითქოს კვლავ იმავე თემას მღეროდნენ, მაგრამ მუსიკა სხვანაირად ჟღერდა. სიმღერა ძალასა და ახლებურ სილამაზეს იძენდა. მაშინ მელკორის არაკეთილხმოვანება ისევ, უფრო ხმამაღლა გაისმა და ილუვატარის თემას დაუპირისპირდა. უფრო მძულვარე ხმაური ატყდა, მრავალი აინუ დაიბნა და ბევრმა სიმღერა შეწყვიტა, მელკორმა თემა სათავისოდ გარდაქმნა. ისევ წამოდგა ილუვატარი, ამჯერად მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. მარჯვენა ხელი ასწია და, აჰა, ამ ხმაურში გაისმა მესამე მუსიკა, ერთი მოსმენით, წინა ორისგან სრულიად განსხვავებული, ნაზი და ტკბილი, წყლის ჩუხჩუხივით უბრალო, მაგრამ დაუცხრომელი ჰანგები, რომელიც ძალასა და სიღრმეს იძენდა. ილუვატარის ტახტის წინაშე ორი სრულიად შეუსაბამო სიმღერა ერთდროულად ისმოდა: პირველი ღრმა, მომხიბლავი, ვრცელი, თუმცა იმავდროულად, ნელი და უსაზღვროდ ნაღვლიანი გახლდათ. სწორედ ეს იყო სიმღერის მომხიბვლელობის ძირითადი წყარო. მეორე - მართალია, უკვე თვითმყოფადი, მაგრამ ხმამაღალი, უშინაარსო და ერთფეროვანი; არ იყო მასში არანაირი თანხმიანობა, თითქოს უამრავი საყვირი რამდენიმე ნოტის შეწყობას ამაოდ ცდილობსო, მხოლოდ გამაყრუებელი ხმაური ისმოდა. მეორე, მძულვარე და ხმაურიანი მელოდია პირველის ჩანთქმას ცდილობდა, მაგრამ თვით ყველაზე ტრიუმფულ ნოტებს პირველი მელოდია ისრუტავდა და თავის საზეიმო თემაში აქსოვდა.

შუა ორთაბრძოლის ჟამს, როცა ილუვატარის სასახლის კედლები ხმაურისგან ირყეოდა და უწინ მტკიცედ მდგარ მდუმარებას ჟრუანტელი უვლიდა, განრისხებული ილუვატარი მესამედ წამოდგა. ამჯერად ორივე ხელი აღმართა და უფსკრულივით ღრმა, ცის მყარზე უმაღლეს, ილუვატარის მზერასავით გამჭოლ ერთ აკორდში მუსიკა შეწყდა.

და თქვა ილუვატარმა: "ძლევამოსილნი არიან აინურნი და მათ შორის ყველაზე ძლევამოსილი არს მელკორი! მაგრამ მან და ყოველმა აინუმ უნდა იცოდეს, რომ მე ილუვატარი ვარ. ყველას გიჩვენებთ, რასაც მღეროდით და თავად ნახავთ, რა შექმნა ნამღერმა თქვენმა. შენ კი, მელკორ, მიხვდები, რომ არა არს თემა, რომელიც ჩემგან არ გამომდინარეობს და ვერც ვერავინ შეცვლის მუსიკას ჩემდა დაუკითხავად. ის, ვინც ამას ლამობს, თავისდა უნებურად, ჩემს იარაღად იქცევა თავისთვისვე წარმოუდგენელი, უფრო ბრწყინვალე ჩანაფიქრების აღსასრულებლად".

გენიალური წიგნის ამ გენიალურ დასაწყისში სიმბოლურ დონეზე გახსნილია სამყაროს შექმნის საიდუმლო, და პირველი დუალობა გამოვლენილ დონეზე - ესაა ილუვატარი, როგორც სამყაროს მთავარი შემოქმედი - "მამა", და მისი შვილები - აინურები, რომელთაგანაც ყველაზე ძლიერი და ყველა მათი ნიჭის გამზიარებელია მელკორი. შეიძლება ითქვას - ილუვატარის (მამა ღმერთის) ყველაზე ძლევამოსილი ძე - ესაა მელკორი - ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი (ცეცხლის სტიქიის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა ტრანსფორმაციაა. ეს დაიმახსოვრეთ და შემდეგ გამოგვადგება თხრობისას). 

რამდენიმე მიმართულების ჩენელინგების სისტემაში ქმნილება ასევე ორ მთავარ ძალად იყოფა: ესაა აბსოლუტი და არქიტექტორი. თუკი მოკლედ ავღწერთ ამ ორ ენერგიას და პარალელებს გავავლებთ სილმარილიონთან, დავინახავთ, რომ აბსოლუტი შეესაბამება ილუვატარს, ხოლო მელკორი - არქიტექტორს. სხვა აინურნი შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად აბსოლუტის ენერგიის გამტარნი არიან, მხოლოდ ზოგიერთი მათგანი მოექცა მელკორის გავლენის ქვეშ. და საბოლოოდ მივიღეთ ორი მთავარი სისტემა: აბსოლუტის სისტემა და არქიტექტორის სისტემა. 

აბსოლუტის ენერგიის გამოვლინება, თუკი თვალსაჩინოებად ავიღებთ, ესაა თავად ველური ბუნება, ის, რაშიც ადამიანის ხელი არ ჩარეულა, ხოლო ყველაფერი, რაც ადამიანმა ბუნების ენერგიებისგან გარდაქმნა - ესაა არქიტექტორის სისტემის გამოვლინება. მარტივად რომ ვთქვათ: ცოცხალი ხე - ესაა აბსოლუტის გამოვლინება, ხოლო ურემი, რომელიც ადამიანმა ამ ხისგან გააკეთა - ესაა არქიტექტორის გამოვლინება. და ბუნების ენერგიის ამ ტრანსფორმაციის (გაიხსენეთ ზემოთ ნახსენები ცეცხლის სტიქიის თვისება) ამპლიტუდა ძალიან დიდია დაწყებული იგივე ხის სკამიდან და ხის ურიკიდან - დამთავრებული კომპიუტერამდე და ატომურ იარაღამდე. შეიძლება ითქვას, რომ მელკორი - ესაა აინურების უკიდურესი გამოვლინება მიმართულებით, რომელსაც ჰქვია - "მე თვითონ". "ილუვატარი იჯდა და ისმენდა, თავიდან სიმღერით ტკბებოდა, რამეთუ უზადო იყო და წუნს ვერ ამჩნევდა, მაგრამ თანდათან, რაც უფრო ვითარდებოდა თემა, მელკორმა მასში საკუთარი წარმოსახვის ნაყოფის ჩაქსოვება დაიწყო, ხოლო ეს ილუვატარის თემას სრულებით არ შეესაბამებოდა; რამეთუ მელკორი მისთვის განკუთვნილი თემის ნაწილისთვის განსხვავებული მნიშვნელობისა და დიდების მინიჭებას ცდილობდა".

ანუ მელკორი, იგივე არიტექტორი - ესაა ქმნილების ის იმპულსი, სისტემა, რომელსაც სურს, რომ თავისი შემოქმედებითი უნარების, თავისი ძალისხმევების დახვეწის და განვითარების გზით მიუახლოვდეს და მნიშვნელობით გაუტოლდეს თავად ილუვატარს (მამას). 

ადამიანის დონეზე არქიტექტორის წარმომადგენელი - ესაა გონება, ე.წ. კომპიუტერი ადამიანში, რომელიც ცდილობს, რომ "თვითონ" გადაჭრას და ამოხსნას ყველა პრობლემა, და მიაღწიოს იმ დონეს, რომ შექმნას აბსოლუტთან ოდნავ მაინც დამსგავსებული ქმნილება. იგი ვერ ქმნის სრულფასოვან ცოცხალ ადამიანს, მაგრამ სამაგიეროდ ქმნის კომპიუტერს, და შემდეგ უკვე ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ბევრ რამეში (გონების თვალსაზრისით) შეუძლია აჯობოს კიდეც ადამიანს. იგი ვერ ქმნის ბუნებრივ მატრიცას (აბსოლუტის მსგავსს), მაგრამ შეუძლია შექმნას ვირტუალური რეალობა, რომელიც შეგრძნებების და აღქმის დონეზე საკმაოდ მიუახლოვდება მას. 

დავუბრუნდეთ ზესისტემებს: ისევე როგორც აბსოლუტი, არქიტექტორიც მრავალ ძალად იტოტება და ჩამოიშლება, და ამ იერარქიებს სხვადასხვა ჩენელინგებში სხვადასხვა სახელები აქვთ, მაგრამ მთავარი პრინციპი ერთია: არქიტექტორის სისტემას აქვს ზუსტად გათვლილი და აწყობილი სცენარები, და ცდილობს, რომ მისი ქვემდგომი სისტემები ზუსტად შეესაბამებოდნენ ამ სცენარს. დედამიწის მატრიცაში იგი ქმნის სცენარს მთლიან კაცობრიობასთან, კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ ქალაქებთან და ბოლოს - კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. ამ მსგავსი სცენარის ძალიან კარგი მაგალითი და ილუსტრაციაა ფილმი - "თრუმენის შოუ", რომელშიც მთავარი გმირის ცხოვრება კარგად გაწერილი სცენარია, მთელი თავისი დეკორაციებით და მსახიობებით. იხ. კადრები ფილმიდან:

truman1truman2

დაახლოებით ასევე, გონებას სურს, რომ გათვალოს მთელი თავისი მომავალი, კონკრეტულ სისტემაში ჩასვას და მიზეზ-შედეგობრივად ახსნას ნებისმიერი გამოვლინება. სწორედ ესაა მეცნიერების ფუნქცია. მას არ აინტერესებს წარმოსახვები, რწმენა-წარმოდგენები, სუბიექტივიზმი - მას აინტერესებს მხოლოდ ფაქტები, თანაც მხოლოდ ახსნადი და ექსპერიმენტულად დადასტურებული.

აქ არ უნდა გავიგოთ, რომ არქიტექტორი "ბოროტი" და "ცუდი" ძალაა, და მის გარეშე უკეთესი იქნებოდა. სწორედ ამ ძალის არსებობის შედეგად გაუჩნდა ქმნილების გარკვეულ ნაწილს, და შესაბამისად ადამიანსაც ცნობიერი შემოქმედების და ზრდის უნარი (აბსოლუტის, ანუ ბუნების არაცნობიერი და ჰარმონიული გამტარი ცხოველიცაა და მცენარეც, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ცნობიერება და საკუთარი ნება, - როგორც ვუწოდებთ ხოლმე - "მე თვითონ").

მთელი ქმნილება - თავისი გალაქტიკებით, სისტემებით, პლანეტებით და ა.შ. ამ ორი ძალის კომბინაციით იქმნება. ქმნილებაში არ არსებობს სუფთა სახით არც აბსოლუტის გამოვლინება, და არც არქიტექტორის. სხვაობა მხოლოდ მათ თანაფარდობაშია, მაგალითად, დიდ ქალაქებში არქიტექტორის ჩარევის წილი და ხარისხი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სოფლებში, ან მითუმეტეს ველურ ჯუნგლებში. 

აბსოლუტის ძალებს მეორენაირად უწოდებენ - კონსტრუქციულს, ხოლო არქიტექტორის ძალებს - დესტრუქციულს. და დღეს მსოფლიოში წონასწორობა ცალსახად დესტრუქციულ მხარესაა გადახრილი, და ადამიანის მიერ მიყენებული ზიანი ბუნების მიმართ ძალიან მასშტაბურია. და თავად ადამიანშიც, დესტრუქციული კოეფიციენტები (ცივილიზაციაზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულობა) გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე კონსტრუქციული (ბუნებასთან მეტი კავშირი და ჰარმონია, მეტი არასცენარული წარმოსახვა და ფანტაზია, და ა.შ.) 

hopkins

თავისთავად არქიტექტორის სისტემა იყოფა მთელ იერარქიებად და ცივილიზაციებად. არსებობს ათასობით ცივილიზაცია, და როგორც ჩენელინგებიდან გვეუბნებიან, უამრავი მათგანი ახდენს ზეგავლენას კაცობრიობაზე და კონკრეტულ ადამიანებზე. იმასაც კი ამბობენ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტული ცივილიზაციების წარმომადგენლები არიან (შეგვიძლია მათ უცხოპლანეტელებიც ვუწოდოთ). მათი დამოკიდებულება ვარირებს ცალსახად პარაზიტულიდან (ე.წ. "რუხები", "ანუნაკები" და ა.შ., რომლებსაც ცალსახად ნეგატიური ენერგო-გაცვლა აქვთ კაცობრიობასთან და ფაქტობრივად მის დამონებას ცდილობენ, ფინანსური ეგრეგორიც სწორედ მათ მიერაა მართული და მართვის ძირითადი მექანიზმი შიშია) დასრულებული ურთიერთ-სასარგებლო ენერგო-გაცვლებით (როცა საქმე ეხება "სულიერად" უფრო მაღალგანვიტარებულ ცივილიზაციებს, რომლებიც ერთი მხრივ მონაწილეობას იღებენ ადამიანის განვითარებაში, მეორე მხრივ კი თვითონაც იღებენ ამით გამოცდილებას და განვითარებას. ეს არქიტექტორის უფრო "განვიტარებული და პოზიტიური" ნაწილია). 

აქ დეტალებს აღარ ჩავუღმავდები, რადგან ინტერნეტში ისედაც უამრავი ინფორმაციაა ამ თემებთან დაკავშირებით, და ბევრი საეჭვოც (ზოგადად ამ ყველაფრის ფაქტებით დადასტურება ზალიან ძნელია), უბრალოდ მინდა არსობრივად გაჩვენოთ არქიტექტორის ფუნქცია და როლი. არქიტექტორის როლი (პირდაპირ ამ სახელით) კარგადაა გადმოცემული ფილმში - "მატრიცა" (იხ კადრი ფილმიდან):

archi

არქიტექტორს ყველაფერი გათვლილი აქვს, ადამიანის ქცევის ყველა ალგორითმი შესწავლილი აქვს, და რაც მთავარია, კაცობრიობის უმეტესობის აზროფორმების და ემოციების 99% დირექტიულია, ანუ არქიტექტორის სისტემის მიერაა ჩადებული, ნაკარნახევი ან პროვოცირებული, და ჯერ გონების გაჩერების, შემდეგ კი "ცარიელ გონებაში" თავისუფალი აზროფორმების წარმოშობის უნარი ცოტას თუ აქვს, და ძნელად თუ მოიპოვება. შედეგი ერთია - კაცობრიობის გამოცდილება არქიტექტორის გამოცდილებად იქცევა, და ასე ვითარდება როგორც არქიტექტორის სისტემა, ასევე კაცობრიობაც (კონკრეტული მიმართულებით). მაგრამ რის ფასად, და რამდენად "სწორი" მიმართულებით, ეს უკვე ცალკე საკითხია, და ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ, რომელიც აბსოლუტის სისტემას და ე.წ. "სულების სისტემას" შეეხება...

ვრცლად და დეტალურად აბსოლუტის და არქიტექტორის ზემოთნახსენები სისტემის შესახებ იხ. ამ ლინკზე: tvorenie.life, ან სელ რეიჩელის წიგნებში.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...