bendler

ავტორი: რიჩარდ ბენდლერი

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

შესავალი

რამდენჯერ მოგისმენიათ ფრაზა, „მას ბრწყინვალე მომავალი აქვს“ ან „მას ფერადი წარსული აქვს“? მსგავსი გამოთქმები მეტაფორებზე მეტია. ეს არის მოსაუბრეს შინაგანი ფიქრის ზუსტი აღწერილობა და ეს აღწერილობებია გასაღები იმისა, თუ როგორ ისწავლოთ, შეცვალოთ საკუთარი გამოცდილება თქვენსავე სასარგებლოდ. მაგალითად, დაუკვირდით სწორედ ახლა როგორ ხედავთ მომავლის სასიამოვნო მოვლენებს თქვენს საკუთარ ცხოვრებაში... შემდეგ გაანათეთ წარმოდგენილი სურათი და დააკვირდით თქვენი შეგრძნებების ცვლილებას. როდესაც ამ სურათს უფრო ნათელს ხდით, უფრო „მოუთმენლად ელოდებით“ მას? ადამიანთა უმეტესობა ძლიერად რეაგირებს ნათელ, მკაფიო სურათზე, მცირე ნაწილი კი -  მუქი ტონალობის სურათზე.

ახლა აირჩიეთ თქვენი წარსულიდან სასიამოვნო მოგონება და ზედმიწევნით გახადეთ ფერები მკაფიო და ინტენსიური... როგორ ცვლის „ფერადი წარსულის“ ქონა თქვენს დამოკიდებულებას ამ მოგონების მიმართ? თუკი ვერ ამჩნევთ ცვლილებას თქვენს შეგრძნებებში, როცა თქვენს მოგონებას უფრო ფერადად აქცევთ, სცადეთ იმავე მოგონების შავ-თეთრად დანახვა. როცა სურათი კარგავს ფერებს, როგორც წესი, თქვენი შეგრძნებაც სუსტი ხდება.

სხვა, საკმაოდ გავრცელებული ზემოქმედებაა - „დაამატეთ ცოტაოდენი ბზინვარება თქვენს ცხოვრებას“. იფიქრეთ სხვა სასიამოვნო მოგონებაზე და ზედმიწევნით გააბრწყინეთ თქვენი სურათი პატარა მბრწყინავი შუქებით და დააკვირდით, როგორ მოქმედებს ეს თქვენს შეგრძნებაზე. (ტელევიზიის რეკლამების შემქმნელებმა და მბზინავი სამოსის დიზაინერებმა იციან ამის შესახებ!)

 არასასიამოვნო მოვლენებთან გასამკლავებელ ყველაზე გავრცელებულ რჩევას წარმოადგენს ფრაზა -„დატოვე წარსული უკან“. იფიქრეთ მოგონებაზე, რომელიც ჯერ კიდევ ცუდად გხდით და შემდეგ დააკვირდით სად ხედავთ მას ახლა და რამდენად შორსაა სურათი. სავარაუდოდ, ის თქვენ წინ ძალიან ახლოსა განთავსებული. ახლა შეეცადეთ „აიღოთ“  ეს სურათი და „მოათავსოთ“ თქვენ უკან. როგორ შეიცვალა ამ მოქმედების შემდეგ თქვენი დამოკიდება ამ კონკრეტული მოგონების მიმართ?

ეს არის რამდენიმე მარტივი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მარტივი და ეფექტურია ახალი ნლპ-ს „სუბმოდალობების“ მოდელები, შექმნილი რამდენიმე წლის წინ, რიჩარდ ბენდლერის მიერ. ნლპ-ს ერთ-ერთი ადრეული ნიმუში იყო იდეა „მოდალობების“ ან „რეპრეზენტატორული სისტემების“. ნებისმიერ მოგონებაზე ჩვენ ვფიქრობთ სენსორული სისტემის გამოხატულების მეშვეობით: ვიზუალური სურათებით, აკუსტიკური ხმებით და კინეტიკური შეგრძნებებით. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ნლპ-ტრენინგების უმეტესობამ წარმოაჩინა წრაფი და პრაქტიკული სწავლების გზები იმისა, თუ როგორაა შესაძლებელი მოდალობების საშუალებით გრძნობებისა და ქცევების შეცვლა. სუბმოდალობები არის უფრო პატარა ნაწილები თითოეული მოდალობისა. მაგალითად, ვიზუალური სუბმოდალობის რამდენიმე მაგალითს წარმოადგენს განათება, ფერი, ზომა, მანძილი, ადგილმდებარეობა და ფოკუსი. სუბმოდალობების ცოდნა ხსნის ნიმუშების ცვლილებათა  სრულიად ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფი, ადვილი და მიზანმიმართულია.

1977 წლის შემოდგომაზე, როდესაც პირველად გავეცანით ნლპ-ს, ჩვენ გვერდზე გადავდეთ უმეტესობა იმისა, რასაც იმ დროისათვის ვაკეთებდით, რათა შეგვესწავლა ქცევის ცვლილებების ეს სწრაფი და გასაოცარი ახალი გზები. ამ დროისათვის რიჩარდ ბენდლერი და ჯონ გრინდერი თანამშრომლობდნენ ამ ახალი სფეროს განვითარებაზე, რომელიც ბევრს გვპირდებოდა. ნლპ გვასწავლიდა, თუ როგორ გვედევნებინა თვალ-ყური ადამიანის შინაგანი პროცესებისათვის, მისი თვალების არაცნობიერ  მოძრაობაზე დაკვირვებით, როგორ შეგვეცვალა ძველი არასასიამოვნო შეგრძნებები წუთებში და კიდევ სხვა უამრავი რამ.

ახლა, შვიდი წლის შემდეგ, ყველა ეს დაპირება და უფრო მეტიც, შესრულებულია. ნლპ-ს ყველა ძირითადმა ტექნიკამ და იდეამ გაუძლო დროის გამოცდას. ისევე, როგორც უფრო მკაცრ გამოცდას, ესწავლებინა სხვებისათვის ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება. ნლპ-ს ხშირად აღწერდნენ, როგორც დარგს, კომუნიკაციისა და ცვლილებების ჭრილში.

ნლპ გვთავაზობს კონცეპტუალურ გაგებას, რომელიც სრულიად ეყრდნობა ინფორმაციულ მეცნიერებასა და კომპიუტერულ პროგრამირებას, მაგრამ საფუძვლად, უფრო მეტად, უდევს ცოცხალი ადამიანების გამოცდილებებზე დაკვირვებები. ყველაფერი ნლპ-ში შეიძლება პირდაპირ შემოწმდეს თქვენი პირადი გამოცდილების, ან სხვებზე დაკვირვების მეშვეობით.

ამ წიგნში არსებული სუბმოდალობის ახალი ნიმუშები, არის უფრო სწრაფი და ძლიერი გზები ადამიანის ცვლილებისათვის, ვიდრე ადრინდელი ნლპ-მეთოდები. მოდალობის მხოლოდ სამი ძირითადი ფორმა არსებობს, მაგრამ თითოეულ მოდალობაში უამრავი სუბმოდალობაა. სწორედ სუბმოდალობების საშუალებით ასორტირებს და აკოდირებს ჩვენი ტვინი ჩვენსავე გამოცდილებებს. სუბმოდალურობის ცვლილების ნიმუშების გამოყენებით შესაძლებელია შეიცვალოს ადამიანის პროგრამული უზრუნველყოფა - ის, თუ როგორ ვფიქრობთ და როგორ ვრეაგირებთ ჩვენს გამოცდილებებზე.

ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ნლპ ზედმეტად „ცივი“ და „ტექნიკურია“ და მისი უბრალო ქცევებთან და ფობიებთან შესაძლო წარმატება სულაც არ ნიშნავს „ძირითად ეგზისტენციალურ საკითხებზე“ გამარჯვებას. ჩვენ დავინტერესდებით ამ კრიტიკოსის რეაქციით გაგების ცვლილების მეთოდის განხილვისას, რომელიც მე-6 და მე-7 თავებშია აღწერილი.

ეს წიგნი გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი გონება. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს წიგნი გასწავლით ზუსტ და უბრალო პრინციპებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ „საკუთარი ტვინის ასამოქმედებლად“. ის გასწავლით, შეცვალოთ საკუთარი გამოცდილება, რომელიც არ გსიამოვნებთ და მეტად დატკბეთ სიამოვნებით, როცა თქვენი ცხოვრება კარგად მიდის.

ბევრ ჩვენგანს აქვს უნარი აიღოს ცნობილი პრინციპები  და გააკეთოს ამ პრინციპების სასარგებლო ადაპტაცია ან დროდადრო მოახდინოს მათი მცირედი ინოვაცია. რიჩარდ ბენდლერის განსაკუთრებულ გენიალურობას წარმოადგენს მისი საოცარი უნარი, რამდენჯერმე განმარტოს ერთი პრინციპი და გახადოს ის გასაგები ყველა ჩვენგანისათვის. შესაძლოა, მისი იუმორის გრძნობა მწვავედ და ამპარტავნულად ჟღერს,  განსაკუთრებით მაშინ, როცა ის მიმართულია ფსიქოლოგებისა და ფსიქიტრების მიმართ (თუმცა სხვა „ექსპერტებიც“ მათ ბედს იზიარებენ!). ეს, სულ ცოტა, ნაწილობრივ მაინც გასაგებია, როცა აცნობიერებ, რომ  ნლპ-ს 10 წუთიანი ტრავმის/ფობიის მკურნალობა პირველად  გამოქვეყნდა 6 წელზე მეტი ხნის წინ და ფსიქოლოგთა უმეტესობა განაგრძობს დაჯერებას, რომ თვეობით და წლობით საუბარი და წამლების მიღება სჭირდება (და რამდენიმე ათასი დოლარი) შიშისაგან განკურნებას. ჩვენ კარგად ვიცით როგორი დამანგრეველი ზემოქმედება აქვთ სიტყვებს, როცა გვეუბნებიან, რომ „ამის გაკეთება შეუძლებელია“ , მაშინ, როცა თავადაც ასჯერ გამოვცადეთ და  სხვებსაც ასჯერ ვასწავლეთ მისი თანმიმდევრულად კეთება.

როდესაც ნებისმიერ რომელიმე ინდუსტრიულ სფეროში ტექნიკური სიახლე გამოჩნდება, მსოფლიოში არსებული მწარმოებლები ცდილობენ დაუყოვნებლივ გამოიყენონ ახალი მეთოდი, რადგან მათ იციან, რომ ასე თუ არ მოიქცევიან, კონკურენტები ბიზნესის გარეშე დატოვებენ. სამწუხაროდ, უფრო მეტი მოდუნებულობაა ისეთ სფეროში, როგორიცაა ფსიქოლოგია, სადაც პროფესიონალებს უკეთესად უხდიან, თუკი ისინი პრობლემის გადაჭრას უფრო მეტ დროს მოანდომებენ. სანამ არაკომპეტენტურობა ზეიმობს, ახალ და უკეთეს მეთოდებს სჭირდება უფრო დიდი დრო, რომ ამ სფეროს ნორმალური ნაწილი გახდეს. ფსიქოლოგიის სფეროს ამ მოდუნებულობას სხვა ბევრიც უჩივის. სალვადორ მინუჩინმა - ცნობილმა ინოვატორმა საოჯახო თერაპიის სფეროში, ბოლო დროს თქვა: 

„როგორ უპასუხეს ადამიანებმა ჩვენს (კვლევებს) აღმოჩენებს?

- თავიანთ პარადიგმებზე დაყრდნობით. ახალი ცოდნის საპასუხოდ ყოველთვის ჩნდება კითხვა, თუ როგორ განაგრძოს ადამიანმა იმის კეთება, რაც მას უკვე ნასწავლი აქვს“.

ამ მოდუნებულობის მიუხედავად, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში ბევრი გამონაკლისია - პროფესიონალები, ვინც მონდომებულნი არიან ისწავლონ ბევრი ისეთი მეთოდის შესახებ, რომლებიც მათ პაციენტებზე უფრო სწრაფად, უკეთ და საფუძვლიანად იმოქმედებს.

 ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი თქვენს ხელში ჰპოვებს თავის გამოყენებას.

რამდენიმე წლის წინ ჩვენ აღმოვაჩინეთ ახალი მიმართულება, რომელსაც რიჩარდ ბენდლერი გვთავაზობდა. და ჩვენ გავაანალიზეთ, თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ეს ახალი ნიმუშები ადამიანებისათვის, თუ უფრო ფართოდ გაეცნობოდნენ მათ. თუმცა, პირველ რიგში, ის, რამაც ამ წიგნის შექმნისაკენ გვიბიძგა, იყო ჩვენი საკუთარი აღფრთოვანება და გატაცება.

ჩვენს ხელთ არსებულ თავდაპირველ მასალებს წარმოადგენდა აუდიო ჩანაწერების და ხელნაწერების დიდი რაოდენობა, რომელთაც რიჩარდ ბენდლერი ბოლო პერიოდებში სემინარებზე ასწავლიდა. შემდეგ დიდი დრო დასჭირდა ამ მასალების სორტირება-ორგანიზებას, ყველაფრის პერსონალურ, ექსპერიმენტულ გამოცდას, სხვებისათვის სწავლებას და ამით მათი გაგების უნარის გაღრმავებას.

საბოლოოდ, იმაზე დაყრდნობით, თუ რა ვისწავლეთ, ჩვენ შევკარით ჩვენ ხელთ არსებული მასალები ამ წიგნის სახით. შევეცადეთ მასში შეგვენარჩუნებინა სემინარისათვის დამახასიათებელი ცოცხალი სტილი და ამასთანავე გაგვეხადა უკეთ აღსაქმელი წერილობით ფორმაში.

სწრაფად განვითარებადი სფეროთა წიგნების უმეტესობა, ითვლის ხუთ ან ათ წელს, მის დაბეჭდვამდე. ამ ჭიგნში არსებულ მასალათა უმეტესობა სამი წლისაა. არის ასევე ბევრი კიდევ უფრო ახალი სუბმოდალობების ნიმუშები, რომლებიც ნლპ-ს წინწასულ სემინარებზე ისწავლება.

ნლპ-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ გამოცდილების წყობა და თანმიმდევრობა ისევე ახდენს გავგლენას მათ მნიშვნელობაზე, როგორც სიტყვების თანწყობა - წინადადებაში.

ამ წიგნში, ასევე ფრთხილადაა შერჩეული წიგნის თავების თანმიმდევრობა. ბოლო თავებში არსებული, შედარებით დიდი მოცულობის ინფორმაციის გასაგებად ნაგულისხმევია, რომ თქვენ წაკითხული და გაგებული გაქვთ წინა თავებში არსებული საკითხები. აქ მოცემულ ინფორმაციას უკეთ და სრულად გაიგებთ, თუ წიგნის თავებს თანმიმდევრულად წაიკითხავთ.

ნლპ-ს კიდევ ერთი მთავარი პრინციპია, რომ სიტყვები - არის გამოცდილებების მხოლოდ არაადეკვატური იარლიყები. ერთია, წაიკითხოთ ლურსმნის ფიცარზე ჩაჭედების შესახებ და სულ სხვაა შეიგრძნო ჩაქუჩი ხელში და გაიგონო კმაყოფილების მომგვრელი ხმა ლურსმნისა, როდესაც ის ნაზად ეფლობა ხის ნაჭერში. და სულ სხვა გამოცდილებაა, როცა გრძნობ ვიბრაციას ჩაქუჩის დარტყმის საპასუხოდ და ამავდროულად გესმის ხმა „პინგგგ“ და უყურებ, როგორ იღუნება ლურსმანი ფიცარში არსებულ ფარულ კვანძზე მოხვედრის საპასუხოდ.

ამ წიგნში მოცემული ნიმუშები ხელსაწყოებია, ყველაფრის სრულად გაგებისათვის აუცილებელია მათი გამოყენება. ხოლო სწორად და ეფექტურად გამოყენებისათვის, აუცილებელია მათზე ვარჯიში. შეგიძლიათ სწრაფად გადაიკითხოთ მთლიანი წიგნი, რათა წარმოდგენა გქონდეთ, თუ რახდება მასში, მაგრამ თუ თქვენ მართლა გსურთ, გამოიყენოთ მასში არსებული ინფორმაცია, გამოიყენეთ ის თქვენი საკუთარი გამოცდილებისთვის ან სხვებისათვის. სხვა შემთხვევაში აქ მიღებული ცოდნა  მხოლოდ და მხოლოდ „აკადემიური“ იქნება.

კონირა ანდრეასი

სტივ ანდრეასი

აპრილი, 1985