RBრიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის"

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

ნეირო ლინგვისტური პროგრამირება - არის დასახელება, რომელიც შევქმენი რომელიმე კონკერტული სფეროს მიკუთვნებისაგან თავის ასარიდებლად. კოლეჯში მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც ვერ იღებდა გადაწყვეტილებას და გადავწყვიტე ასეც გამეგრძელებინა. ნლპ-ს ერთ-ერთ სწავლების საგანს წარმოადგენს ადამიანის შესწავლის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ნლპ-ს იყენებენ იმისათვის, რასაც თავად „თერაპიას“ უწოდებენ, ვფიქრობ, უფრო შესაფერისი იქნებოდა მისი აღწერა, როგორც საგნმანათლებლო პროცესი. ძირითადად, ჩვენ ვქმნით გზებს, ვასწავლოთ ადამიანებს, თუ როგორ გამოიყენონ თავიანთი ტვინი.

ადამიანთა უმეტესობა ტვინს აქტიურად და გააზრებულად არ იყენებს. ტვინი ჰგავს მანქანას გამომრთველი ღილაკის გარეშე. თუ მას რაიმეთი არ დაასაქმებთ, უბრალოდ განაგრძობს მუშაობას მანამ, სანამ არ მობეზრდება. თუკი მოათავსებთ ვინმეს, გრძნობათა აცილების რეზერვუარში, სადაც ადამიანს არანაირი გარეგანი გამოცდილების მიღება არ შეუძლია, ის დაიწყებს შინაგანი გამოცდილებების დაგროვებას. თუკი თქვენს ტვინს არაფერი აქვს საქმე, ის დაიწყებს რაიმეს გაკეთებას და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა იქნება ეს. თქვენ შეიძლება გადარდებდეთ, მაგრამ მას - არა.

მაგალითად, მჯდარხართ ოდესმე თქვენს საქმეზე ჩაფიქრებული? ან ტკბილად მძინარი შეუძრწუნებიხართ თქვენივე ტვინის მიერ უცაბედად მოწოდებულ სურათს? რა სიხშირით იღვიძებენ ადამიანები შუა ღამით, იმის გამო რომ განსაცვიფრებლად სასიამოვნო მოგონება გაახსენდათ? თუ თქვენ ცუდი დღე გქონდათ, მოგვიანებით თქვენი ტვინი გაჩვენებთ ამ დღის ცოცხალ გამეორებებს,ისევ და ისევ, თითქოს, ის არ იყოს საკმარისი, რომ ცუდი დღე გქონდათ, თქვენ შეიძლება გაგიფუჭდეთ მთელი საღამო და მომდევნო კვირის ნაწილიც კი.

ადამიანთა უმეტესობა აქ არ ჩერდება. რამდენი თქვენგანი ფიქრობს უსიამოვნო შემთხვევებზე, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა? ეს იგივეა, რომ შენს ტვინს უთხრა: „მოდი, გავაკეთოთ ეს ისევ! სადილამდე ერთი საათი გვაქვს, მოდი ვიფიქროთ რამე განსაკუთრებულად დეპრესიულზე. იქნებ ამაზე 3 წლის მერეც გავბრაზდეთ?“ გსმენიათ „დაუსრულებელი საქმის“ შესახებ? ის დასრულებულია, უბრალოდ თქვენ არ მოგწონთ მისი დასასრული.

მინდა ისწავლოთ, თუ როგორ შეცვალოთ თქვენი მოგონებები და მოიპოვოთ გარკვეული კონტროლი იმაზე, რაც თქვენს ტვინში ხდება. ადამიანთა უმრავლესობა საკუთარი ტვინის ტყვეა. თითქოს მიჯაჭვულნი იყვნენ ავტობუსის უკანა სკამზე და ავტობუსს ვიღაც სხვა მართავდეს. მე მინდა ისწავლოთ, როგორ მართოთ თავად საკუთარი ავტობუსი. თუ თქვენ არ მისცემთ ტვინს ცოტაოდენ მიმართულებას, ის ან ქაოტურად იმუშავებს, ან სხვა ადამიანი გამოიყენებს თქვენ მაგივრად - მათ კი, ყოველთვის საუკეთესო ნამდვილად არ ენდომებათ თქვენთვის. თუნდაც უნდოდეთ, მაინც შეიძლება შეცდნენ!

ნლპ არის შესაძლებლობა, ისწავლოთ სუბიექტურობა - რაზეც სკოლაში მეუბნებოდნენ, რომ საშინელი რამ არის. მასწავლეს, რომ ნამდვილი მეცნიერება საგნებს ობიექტურად ხედავს. მიუხედავად ამისა, შევამჩნიე, რომ ჩემი სუბიექტური გამოცდილება მეტად ახდენდა გავლენას ჩემზე, ამიტომ მინდოდა გამეგო რამე იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ეს და როგორ მოქმედებდა სხვა ადამიანებზე. ამ სემინარში ვაპირებ თქვენთან ერთად ვითამაშო გონების თამაშები, რადგან ტვინი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი გასართობია.

რამდენ თქვენგანს სურს ჰქონდეს „ფოტოგრაფიული მეხსიერება“? და რამდენი იმეორებს წარსულის არასასიამოვნო გამოცდილებებს ნათლად და ისევ და ისევ? ეს უდავოდ აძლევს ცოტაოდენ ელფერს ცხოვრებას. თქვენ უყურეთ კიინოთეატრში საშიშ ფილმს, შემდეგ წახვედით სახლში, დაჯექით და დაჯდომის პროცესმა თითქოს კვლავ კინოთეატრის სკამზე დაგაბრუნათ. რამდენ თქვენგანს ჰქონია მსგავსი შემთხვევა? არადა წუწუნებთ, რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება არა გაქვთ! გაქვთ, მაგრამ სწორი მიმართულებით არ იყენებთ. კარგი იქნება, თუ ამ შესაძლებლობას მიზანმიმართულად გამოიყენებთ, სხვა, უფრო სასარგებლო გამოცდილებებისათვის.

რამდენ თქვენგანს უფიქრია იმაზე, რაც ჯერ არც კი მომხდარა და წინასწარ გიგრძვნიათ თავი ცუდად ამის გამო? რატომ უნდა დაიცადოთ, თქვენ შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ ცუდად ყოფნა, ასე არ არის? შემდეგ ეს რაღაც საერთოდ არ მომხდარა, თუმცა თქვენ არ გამოგიტოვებიათ ცუდად ყოფნის შეგრძნება.

ეს შესაძლებლობა სხვაგვარადაც ფუნქციონირებს. ზოგიერთ თქვენგანს უკეთესი შვებულება აქვს მანამ, სანამ შვებულებაში რეალურად გაემგზავრება და იქიდან იმედგაცრუებული ბრუნდება. იმედგაცრუებისათვის საჭიროა შესაბამისი დაგეგმვა. ოდესმე გიფიქრიათ, რამხელა ძალისხმევა გჭირდებათ იმისათვის რომ გაწბილებულნი დარჩეთ? ამისათვის, ყველაფერი ნამდვილად საფუძვლიანად უნდა დაგეგმოთ, შედეგად კი - რაც უფრო მეტია გეგმები, მით უფრო დიდია იმედგაცრუება. ადამიანები მიდიან კინოთეატრში და შემდეგ ამბობენ; „არ იყო ისეთი კარგი, როგორსაც ვფიქრობდი, რომ იქნებოდა“. მაინტერესებს, თუ თავებში ასეთი კარგი ფილმები აქვთ, რაღატომ დადიან თეატრში? რატომ უნდა წახვიდეთ და დაჯდეთ ოთახში წებოვანი იატაკითა და არაკომფორტული დასაჯდომებით, უყუროთ ფილმს და შემდეგ თქვათ „სცენარიც კი არ მაქვს, მაგრამ ამაზე უკეთ თავად გავაკეთებდი საკუთარ თავში!“.

ეს არის შემთხვევა, რომელიც ხდება, როცა ტვინს თავის ნებაზე მიუშვებთ. ადამიანები სამზარეულო მოწყობილობების გამოყენების შესწავლას უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე საკუთარი ტვინისას. გონების სხვაგვარად გამოყენებაზე ყურადღებას არ ამახვილებთ. თქვენ უნდა იყოთ თქვენი თავი - სხვა არჩევანი არც გაქვთ. დამიჯერეთ, ამაზე მიჯაჭვულნი ხართ. ვფიქრობ, შეიძლება ელექტროშოკით გამოდევნონ თქვენი მოგონებები და ვინმე სხვად გაქციონ, მაგრამ შედეგები, რომელიც მე ვნახე, სახარბიელო არ იყო. ვფიქრობ, რომ თქვენ მიჯაჭვულნი ხართ თქვენს თავზე, სანამ გონების გამასუფთავებელ მანქანას ვიპოვით. ეს არც ისე ცუდია, რადგან შეგიძლიათ ტვინის სხვა ფუნქციური გზით გამოყენების სწავლა. ნლპ-ც სწორედ ამის შესახებაა.

როცა პირველად დავიწყე სწავლება, ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდა აზრი, რომ ნლპ დაეხმარებოდა ადამიანებს სხვების გონების გაკონტროლებაში და მათი ჰუმანურობის შემცირებაში. მათი აზრით, ადამიანის შეგნებულად შეცვლა, როგორღაც გამოიწვევდა მისი ჰუმანურობის შესუსტებას. ადამიანთა უმეტესობას საკმაოდ ხშირად სურს საკუთარი თავის შეცვლა ანტიბიოტიკებითა და კოსმეტიკით. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ადამინის შეცვლამ და მისმა უფრო ბედნიერად გახდომამ, მისი ადამიანურობა შეასუსტოს. მაგრამ შემინიშნავს რამდენი ადამიანი არის ძალიან კარგი იმაში, რომ ცუდად აგრძნობინონ თავი თავიანთ ქმრებს, ცოლებს, შვილებს ან საერთოდაც უცნობებს, მხოლოდ და მხოლოდ „საკუთარ თავად ყოფნით“. ზოგჯერ ვეკითხები ადამიანებს: „რატომ უნდა იყო „ნამდვილი შენ“, მაშინ, როცა შეგიძლია იყო რაღაც ნამდვილად ღირებული?“  მინდა წარმოგიდგინოთ სწავლისა და შეცვლის ზოგიერთი შეუზღუდავი შესაძლებლობა, რომელიც მისაწვდომი იქნება თქვენთვის, თუკი თქვენს გონებას განზრახულად გამოიყენებთ.

მე კვლავ მესმის ადამიაინების საუბარი იმის შესახებ, რომ ადამიანი 5 წლის ასაკში წყვეტს სწავლას, მაგრამ არ მაქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს სიმართლეა. გაჩერდით და დაფიქრდით ამაზე. 5 წლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, რამდენი სრულიად უსარგებლო რამ ისწავლეთ, მხოლოდ ღირებულებს იმახსოვრებდით? ადამიანად ყოფნა, ეს არის სწავლის გასაოცარი შესაძლებლობა. ამაში დარწმუნებული ვარ და ვაპირებ თქვენც დაგარწმუნოთ რომელიმე გზით, რომ თქვენ ჯერ კიდევ სასწავლო მანქანა ხართ. ამის კარგი მხარე ისაა, რომ შეგიძლიათ საგნების კარგად ათვისება. ცუდი მხარე კი ისაა, რომ ნაგავსაც ისევე ადვილად ითვისებთ, როგორც სასარგებლოს. 

რამდენი თქვენგანი დაუპყრია ფიქრებს? ეუბნებით საკუთარ თავს: „როგორ მინდა, ეს თავიდან ამოვიგდო“, მაგრამ განა გასაოცარი არ არის, რომ ის პირველ ადგილს იკავებს თქვენს გონებაში? ტვინი ნამდვილად ფენომენალური მოვლენაა. რასაც ის გაკეთებინებთ, აბსოლუტურად გასაოცარია. ტვინის პრობლემა არ არის ის, რომ მას სწავლა არ შეუძლია, როგორც ამას ხშირად გვეუბნებიან. ტვინის პრობლემა ისაა, რომ ის ითვისებს სწრაფად და კარგად. მაგალითად, დაფიქრდით ფობიაზე. საოცარია შესაძლებლობა იმისა, გახსოვდეს შეშინდე ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ობობას დაინახავ. ვერასოდეს ნახავთ ფობიის მქონეს, რომელიც შეხედავს ობობას და იტყვის: „ჯანდაბა, დამავიწყდა შემშინებოდა!“ არსებობს რაღაც მოვლენები, რასაც სიამოვნებით ისწავლიდით ასე საფუძვლიანად? თუ ამ კუთხით შევხედავთ, ფობიის ქონა არის უდიდესი მიღწევა სწავლაში. და თუ თვალს გადაავლებთ ადამიანის წარსულს, ხშირად აღმოაჩენთ, რომ ეს იყო სწავლა ერთი მცდელობით: მხოლოდ ერთი, მყისიერი შემთხვევა დასჭირდა, ესწავლა რაღაც საფუძვლიანად, რაც მთელი დარჩენილი ცხოვრება ემახსოვრება.

რამდენ თქვენგან წაუკითხავს პავლოვის, მისი ძაღლისა და ზარის შესახებ? ... და რამდენ თქვენგანს აქვს ჰიპერსალივაცია ამ წამს? ისინი ათავსებდნენ ძაღლს რაღაც მოწყობილობაში, რეკდნენ ზარს და აძლევდნენ საკვებს და ამას იმეორებდნენ მრავალჯერ, რათა საპასუხო რეაგირება მიეღოთ. თქვენ კი უბრალოდ წაიკითხეთ ამის შესახებ და გაქვთ ზუსტად იგივე რეაქცია, რაც ძაღლს ჰქონდა ცდის დროს. დიდი არაფერია, მაგრამ ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ სწრაფად შეუძლია თქვენს ტვინს სწავლა. თქვენ შეგიძლიათ უფრო სწრაფად სწავლა, ვიდრე ნებისმიერ კომპიუტერს. რისი ცოდნაც გვჭირდება, ესაა სწავლის სუბიექტური გამოცდილება, ამგვარად თქვენ მიმართულებას მისცემთ თქვენს სწავლებას და მეტად გააკონტროლებთ თქვენს მოგონებებს და იმასაც თუ რა ისწავლოთ.

მეგობრულად ხართ განწყობილი „ჩვენი სიმღერის“ ფენომენისადმი? იმ დროის განმავლობაში, როცა ვიღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანთან ერთად იყავით, გქონდათ საყვარელი სიმღერა, რომელსაც ხშირად უსმენდით. ახლა, როცა ამ სიმღერას გაიგონებთ, გაგონებთ იმ ადამიანს და განიცდით იმავე სასიამოვნო შეგრძნებებს. ეს ზუსტად ისე ფუნქციონირებს, როგორც პავლოვი და სალივაცია. ადამიანთა უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორი ადვილია მოგონებების ამგვარად დაკავშირება, ან როგორ ადვილად შეგიძლიათ ამის მიღწევა, თუ სისტემატურად გაიმეორებთ.

ერთხელ ვნახე, როგორ შექმნა ერთმა თერაპევტმა აგორაფობიკი ერთ სეანსში. ეს თერაპევტი იყო სასიამოვნო, კეთილ-საიმედო კაცი, ვისაც მოსწონდა თავისი პაციენტები. მას წლების განმავლობაში ჰქონდა კლინიკური ტრენინგები, თუმცა წარმოდგენა არ გააჩნდა, რას აკეთებდა. მის კლიენტს ჰქონდა სიმაღლის სპეციფიკური შიში. თერაპევტმა უთხრა ბიჭს დაეხუჭა თვალები და ეფიქრა სიმაღლეზე, ბიჭი წითლდება და კანკალს იწყებს. – „ახლა იფიქრეთ ისეთ რამეზე, რაც სიმშვიდეს გგვრით“- (მშვიდდება). – „ახლა იფიქრეთ სიმაღლეზე“ – (ბიჭი ღელავს). –„ახლა იფიქრეთ, როგორ კომფორტულად მართავთ ავტომობილს“.- (ბიჭი მშვიდდება). „ახლა იფიქრეთ სიმაღლეზე“ – (ბიჭი ღელავს)...

ბიჭმა დაასრულა იმით, რომ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერზე გაუჩნდა ფობია, რასაც ხშირად აგორაფობიას უწოდებენ. ასე რომ, რაც თერაპევტმა გააკეთა, გამაოგნებელი იყო, მან შეცვალა თავისი კლიენტის შეგრძნებები ისე, რომ მის გამოცდილებებს დაუკავშირა. თუმცა, მისი იდეა, განეზოგადებინა გრძნობები, არ ემთხვევა ჩემს საუკეთესო არჩევანს. მან დააკავშირა პანიკის გრძნობები ყველა იმ მოქმედებასთან, რომლებიც იქამდე კლიენტს სიმშვიდეს გვრიდა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზუსტად იგივე პროცესი, რომ აიღოთ კარგი შეგრძნებები და განაზოგადოთ ისინი. იმ თერაპევტს რომ სცოდნოდა, რა პროცესს იყენებდა, შეძლებდა ყველაფერი პირიქით გაეკეთებინა.

ზუსტად იმავეს მოწმე გავხდი წყვილის თერაპიაზე. ცოლი იწყებს ჩივილს იმაზე, თუ რა მოიმოქმედა ქმარმა. თერაპევტი კი ეუბნება: - „უყურეთ მეუღლეს. როცა ამას ამბობთ, თვალით კონტაქტი უნდა დაამყაროთ“. ეს დააკავშირებს ყველა ამ ცუდ გრძნობას ქმრის შეხედვასთან, ასე რომ, ყოველთვის, როცა ქალი ქმარს შეხედავს, მას ექნება ეს ცუდი შეგრძნებები.
ვირჯინია სატირი იყენებს იმავე პროცესს ოჯახის თერაპიაზე, მაგრამ ამას პირიქით აკეთებს. ის ეკითხება წყვილს ადრეული თანაცხოვრების განსაკუთრებულ მოვლენებზე და როცა მათი სახეები გამოანათებენ, სთხოვს მათ შეხედონ ერთმანეთს. შემდეგ, მან შესაძლოა თქვას დაახლოებით ასეთი რამ: „მინდა გააცნობიეროთ, რომ ეს იგივე ადამიანია, ვიზეც ასე ძლიერ იყავით შეყვარებული ათი წლის წინ“. ამგვარი დაკავშირება მეუღლის სახესთან, სულ სხვა შეგრძნებებს იწვევს და როგორც წესი უფრო სასარგებლოს.

ერთი წყვილი, რომელიც ჩემთან მოვიდა, გარკვეული დროით იტარებდა თერაპიას ვიღაც სხვასთან, მაგრამ კვლავ ჩხუბობდნენ. ისინი სულ ჩხუბობდნენ სახლში, მაგრამ როცა ჩემთან მოვიდნენ, იმ დროისთვის მხოლოდ აღნიშნული თერაპევტის კაბინეტში ჩხუბობდნენ. ალბათ თერაპევტი რაიმე მსგავსს ეუბნებოდათ „ ახლა მე მსურს, ყველა თქვენი ჩხუბი ჩვენი სესიისათვის შემოინახოთ, ასე დავაკვირდები, როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს“.

მსურდა გამეგო, იყო თუ არა ჩხუბი დაკავშირებული თერაპევტთან, ან მის ოფისთან, ასე რომ, ჩავუტარე ექსპერიმენტი. აღმოვაჩინე, რომ როცა თერაპევტთან მიდიოდნენ, მის იქ არ ყოფნის დროს არ კამათობდნენ. და თუ თერაპევტი მათთან სახლში ატარებდა სესიას, მაშინ ჩხუბობდნენ. ასე რომ, ვურჩიე მათ, აღარასოდეს ენახათ ის თერაპევტი. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, რამაც ისინი ბევრ გასაჭირსა და ფულის ხარჯვას გადაარჩინა.

ერთი ჩემი კლიენტი ვერ ბრაზდებოდა, რადგან ყოველი გაბრაზების მცდელობისას შიში იპყრობდა. შეიძლება თქვათ, რომ გაბრაზების ფობია ჰქონდა. ნებისმიერ დროს, როცა ის ბრაზდებოდა, მისი მშობლები რისხდებოდნენ და აშინებდნენ მას მომდევნო კვირის შუა დღეებამდე. ასე მოხდა ამ ორი გრძნობის ერთმანეთთან დაკავშირება. მამაკაცი უკვე დამოუკიდებელი ადამიანი იყო და ბოლო თხუტმეტი წლის განმავლობაში მშობლების გარეშე ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ამგვარი რეაქცია ჰქონდა.

პიროვნული ცვლილების სამყაროში მათემატიკისა და ინფორმაციული მეცნიერების სამყაროდან მოვედი. კომპიუტერის ხალხს არ სურთ, მათ სფეროში რაიმე კავშირი ჰქონდეთ ადამიანებთან. ისინი ისე არიდებენ თავს ამას, როგორც „ხელების გასვრას“. მათ მოსწონთ მანათობელ კომპიუტერებთან მუშაობა და ლაბორატორიის თეთრი ხალათის ტარება. მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ ჩემს გონებას არ აქვს გამოხატვის უკეთესი საშუალება (განსაკუთრებით შეზღუდულობის თვალსაზრისით), ვიდრე კომპიუტერს. ეცადო გააკეთებინო კომპიუტერს რაღაც, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მარტივი, იგივეა რომ სცადო გააკეთებინო ადამიანს რაიმე.

binary

გინახავთ კომპიუტერული თამაშები. მათგან უმარტივესიც კი დასაპროგრამებლად რთულია, იმიტომ, რომ გიწევს გამოიყენო ძალიან შეზღუდული მექანიზმები, რაც მოწყობილობას კომუნიკაციისათვის გააჩნია. როდესაც აძლევ მას ინსტრუქციას, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია, ინსტრუქცია ისე ზედმიწევნით უნდა იყოს ორგანიზებული, რომ კომპიუტერმა შეძლოს ინფორმაციის დამუშავება და შეასრულოს მოცემული ამოცანა. ტვინი, მსგავსად კომპიუტერისა, არ არის ლოიალური მფლობელის მიმართ. ის ზუსტად აკეთებს იმას, რასაც ეუბნებით და არა იმას, რაც გინდათ რომ გააკეთოს. შემდეგ ბრაზდებით მასზე, რადგან იმას არ აკეთებს, რაც ნაგულისხმევი გქონდათ, რომ გაეკეთებინა.

პროგრამირების ერთ ამოცანას, რომელიც არის ის, რასაც მე ვაკეთებ, ეწოდება მოდელირება. მოდელირების ამოცანა, გულისხმობს, გააკეთებინო კომპიუტერს ის, რაც ადამიანს შეუძლია. როგორ აიძულებთ მოწყობილობას შეაფასოს რამე, გადაჭრას მათემატიკური პრობლემა, ან ჩართოს და გამორთოს ბრძოლა საჭირო დროს? ადამიანს შეუძლია ჩართოს და გამორთოს ბრძოლა და გადაჭრას მათემატიკური პრობლემა. ზოგიერთი ამას კარგად აკეთებს, სხვებს მხოლოდ ზოგჯერ გამოსდით კარგად, ზოგს კი არასდროს გამოსდის. შემქმნელი ცდილობს აიღოს ადამიანის საუკეთესო შესაძლებლობის ნიმუში და გახადოს შესაძლებელი მოწყობილობისათვის. არ მადარდებს, ადამიანივით ასრულებს თუ არა ის ამ ამოცანას. მოდელიორები არ არიან ვალდებულნი ჭეშმარიტება შექმნან, ჩვენ მხოლოდ ისეთი რაღაც გვჭირდება, რაც ფუნქციონირებს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქმნიან სამზარეულო წიგნებს. ჩვენ არ გვჭირდება იმის ცოდნა, თუ რატომ არის ეს შოკოლადის ტორტი, ჩვენ გვსურს ვიცოდეთ რა ინგრედიენტები გამოვიყენოთ, რომ კარგი ტორტი გამოგვივიდეს. ერთი რეცეპტის ცოდნა არ ნიშნავს, რომ სხვა მრავალი ხერხი არ არსებობს იმავეს დასამზადებლად. გვსურს ვიცოდეთ როგორ მივიღოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ინგრედიენტებისაგან ტორტი. იმ შემთხვევაში, როცა არ გვიმხელენ სასურველი ტორტის რეცეპტს, გვსურს დავაკვირდეთ უკვე მზა ტორტს და უკუსვლით ინგრედიენტებისაკენ, გავიგოთ, თუ როგორაა ის მომზადებული.

ინფორმაციის ამ გზით გაშიფვრა, ინფორმატიკის სპეციალისტთა ამოცანაა. ყველაზე საინტერესო ინფორმაცია, რისი სწავლაც შეგიძლიათ, არის სხვა ადამიანის სუბიექტურობა. როცა ვიღაცა რაღაცას აკეთებს, ჩვენ გვსურს ამ ქცევის მოდელირება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოდელები სუბიექტური გამოცდილებებია. „რას აკეთეთებს ის საკუთარ თავში ისეთს, რისი სწავლაც შემიძლია?“ არ შემიძლია მისი წლობით ნაგროვები გამოცდილების მყისიერად ათვისება, ზუსტი გაშიფვრა იმისა, თუ როგორია პროცესების თანმიმდევრობა, მაგრამ ძალიან სწრაფად შემიძლია მივიღო გარკვეული სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მისი ქმედების სტრუქტურის შესახებ.

როცა პირველად დავიწყე მოდელირება, ლოგიკური იყო გამერკვია, რა იცოდა უკვე ფსიქოლოგიამ იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები. აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო ძირითადად შედგებოდა აღწერათა დიდი რიცხვით, თუ როგორ იყვნენ ადამიანები ჰარმონია დარღვეულნი. აქ იყო ასევე რამდენიმე ბუნდოვანი აღწერა იმისა, თუ რას ნიშნავს „მთელი ადამიანი“, ან „აქტუალიზირებული“, ან „ინტეგრირებული“, მაგრამ უმეტესად იყო აღწერები სხვადასხვა შემთხვევებზე, სადაც ადამიანები ფსიქიკურად გატეხილნი იყვნენ.

ამჟამინდელი „დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო III”, რომელსაც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იყენებენ, შედგება 450-ზე მეტი გვერდისაგან და აღწერს, როგორი შეიძლება იყოს დისჰარმონიული ადამიანი და არც ერთი გვერდი არ არის ჯანმრთელობის შესახებ. დარღვევის ყველაზე პრესტიჟული გამოვლინებაა შიზოფრენია, ხოლო ყველაზე მშვიდი გამოვლინება - კატატონია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ისტერიული დამბლა ძალიან პოპულარული იყო, ის უკვე მოდაში აღარაა. ის შეიძლება ძალიან იშვიათად აღმოაჩინოთ დაბალი განათლების მქონე ემიგრანტებში, ვინც დროს ჩამორჩა. ბედნიერი იქნებით, თუ ასეთ შემთხვევას დღესდღეობით იპოვით. ისტერიული დამბლის მხოლოდ ხუთი შემთხვევა მქონდა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში და ორი მათგანი თავად გამოვიწვიე ჰიპნოზის საშუალებით. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა - არის ყველაზე პოპულარული დღესდღეობით. ეს ნიშნავს, რომ შენ არც მთლად გიჟი ხარ, მაგრამ არც მთლად ნორმალური. დავბრუნდეთ 50-იან წლებში, „ევას სამი სახის“ შემდეგ, პიროვნების „გაორებისას“ ყოველთვის სამ პერსონასთან გვქონდა საქმე. მაგრამ „სიბილის“ შემდეგ, ვისაც პიროვნების ჩვიდმეტი გამოვლინება ჰქონდა, დაავადებულებში უფრო მეტ პიროვნებას ვხედავთ და თან ყველა შემთხვევაში სამზე მეტია.

თუ ფიქრობთ, რომ შარს ვდებ ფსიქოლოგებს, ჯერ უბრალოდ მოიცადეთ. ხომ ხედავთ, ჩვენ, ადამიანები კომპიუტერული პროგრამირების სფეროში იმდენად შეშლილები ვართ, რომ ნებისმიერს შეგვიძლია გადავეკიდოთ. ნებისმიერი, ვინც გაატარებს კომპიუტერთან დღე-ღამეში ოცდაოთხ საათს იმის მცდელობაში, რომ გარდაქნას ნულები და ერთები გამოცდილებად, ისე შორსაა ნორმალური ადმიანური გამოცდილებებისაგან, რომ შემიძლია ვუწოდო ვიღაც „შეშლილი“ და ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამი იქნება.

დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ვინაიდან ვერავინ ვიპოვე ისეთივე შეშლილი, როგორიც მე ვარ, ადამიანები ნამდვილად არ უნდა იყვნენ ფსიქიკა შერყეულნი. რაც ამის შემდეგ შევამჩნიე არის ის, რომ ადამიანები არიან არაჩვეულებრივად მოწყობილნი. შესაძლოა, არ მომწონდეს რასაც ისინი აკეთებენ, ან მათ არ მოსწონდეთ ეს, მაგრამ მათ შეუძლიათ აკეთონ ეს ისევ და ისევ, სისტემატურად. ეს არ ნიშნავს რომ ისინი ფსიქიკა გატეხილნი არიან, უბრალოდ რაღაცას განსხვავებულს აკეთებენ იმისაგან, რაც მათ უნდათ ან ჩვენ გვინდა რომ მოხდეს.

თუ შექმნით ნამდვილად ცოცხალ სურათებს გონებაში - განსაკუთრებით, თუ შეგიძლიათ მათი ვიზუალურად გარეთ შექმნა, შეძლებთ ისწავლოთ, როგორ იყოთ სამოქალაქო ინჟინერი ან ფსიქოტიკი. ერთი მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მეორე, თუმცა ის იმდენად საინტერესო არაა. ადამიანთა ქმედებებს აქვთ სტრუქტურა, და თუ შეძლებთ გამოარკვიოთ ეს სტრუქტურა, მიხვდებით, თუ როგორ შეცვალოთ ის. ასევე შეგიძლიათ იფიქროთ კონტექსტზე, სად იქნებოდა ეს სტრუქტურა ყველაზე შესაბამისი. დაფიქრდით შეყოვნებაზე. რა იქნება თუ ამ უნარს გამოიყენებთ მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობთ ვიღაცის თქვენ მიმართ განხორციელებული ქმედების გამო? „ოჰ, ვიცი, ახლა თავს ცუდად უნდა ვგრძნობდე, მაგრამ ამას მოგვიანებით გავაკეთებ.“ რა იქნება, თუ შეაყოვნებთ შოკოლადის ტორტისა და ნაყინის ჭამას სამუდამოდ - უბრალოდ, ვერ მოახარხეთ ხელი მიგეწვდინათ მათთვის.
თუმცა, ადამიანთა უმეტესობა ამ კუთხით არ ფიქრობს. ძირითადი აქცენტი ფსიქოლოგიაში არის იმაზე, თუ „რაშია პრობლემა?“ იმის შემდეგ, რაც ფსიქოლოგს აქვს პასუხი კითხვაზე „რაშია პრობლემა“, ის არკვევს თუ როდის და რამ გაგტეხათ. ამის შემდეგ, მას ჰგონია იცის, თუ რატომ ხართ გატეხილი.

თუ დაუშვებთ, რომ ვიღაც გატეხილია, მომდევნო ამოცანაა გამორკვევა იმისა, შეიძლება თუ არა მისი გამრთელება. ფსიქოლოგები არასდროს ინტერესდებოდნენ, როგორ გატყდით, ან როგორ განაგრძობდით არსებობას გატეხილ მდგომარეობაში.

ფსიქოლოგიის უმეტესი ნაწილის სხვა სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ის სწავლობს გატეხილ ადამიანებს, რათა გაარკვიოს, როგორ შეაკეთოს ისინი. ეს იგივეა, შეისწავლო ყველა მანქანა, მანქანების სასაფლაოზე, იმის გასარკვევად, თუ როგორ ვამუშაოთ ისინი უკეთ. თუ შეისწავლოთ შიზოფრენიკთა დიდ რიცხვს, შესაძლოა ისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ კარგად შიზოფრენია, მაგრამ ვერ გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა არ შეუძლიათ მათ.

ფსიქოლოგიური საავადმყოფოს პერსონალის შესწავლისას, აღმოვაჩინე, რომ ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სწავლობენ შიზოფრენიკებს, რათა გამოარკვიონ, რისი გაკეთება არ შეუძლიათ მათ. ამის შემდეგ, წესით, მათ უნდა ისწავლონ, თუ როგორ აკეთებენ ნორმალური ადამიანები იმავეს, ამგვარად შეეძლებათ ასწავლონ ეს შიზოფრენიკებს.

მაგალითად, ერთ ქალს ჰქონდა შემდეგი პრობლემა: თუ ის რაიმეს გაიფიქრებდა, რამდენიმე წუთის შემდეგ აღარ შეეძლო განესხვავებინა ეს მოგონება, ნამდვილად მომხდარი მოგონებისაგან. როცა მან ნახა გონებაში სურათი, ვერ შეძლო ეთქვა იყო ეს რაღაც, რაც ნამდვილად მოხდა, თუ მხოლოდ მისი წარმოდგენა. ეს აბნევდა მას და აშინებდა უფრო, ვიდრე ნებისმიერი საშინელებათა ჟანრის ფილმი. შევთავაზე, როცა რამეს უბრალოდ წარმოიდგენდა, განეთავსებინა შავი ჩარჩო წარმოსახული სურათის ირგვლივ, ამგვარად, გახნებისას შეძლებდა წარმოსახულის რეალურისაგან განსხვავებას ჩარჩოს საშუალებით. სცადა და ამან მშვენივრად იმუშავა, გარდა იმ სურათებისა, რაც ჩემს რჩევამდე ჰქონდა ნანახი. ეს კარგი დასაწყისი მაინც იყო. მისი ისტორია იყო დაახლოებით 6 ინჩის სისქის, თორმეტ წლიანი ფსიქოლოგიური ანალიზითა და აღწერებით, თუ როგორი დისჰარმონიული იყო ის და ეძებდნენ „ღრმად დაფარულ შინაგან ახსნას“. ისინი დიდი ხნის განმავლობაში შეისწავლიდნენ პოეზიასა და ლიტერატურას. რაღაცის ცვლილება ბევრად მარტივია, თუკი იცით რა გააკეთოთ.

ფსიქოლოგთა უმეტესობა თვლის, რომ შეშლილ ადამიანებთან კომუნიკაცია რთულია. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ ნაწილობრივ ეს შედეგიცაა იმისა, რასაც მათ თავად უკეთებენ. თუ ვინმე ცოტათი უცნაურად იქცევა, მას აშორებენ ქუჩებს, ატენიან დამამშვიდებლებს და კეტავენ სხვა ოცდაათ შეშლილთან ერთად. აკვირდებიან მას 72 საათის განმავლობაში და ამბობენ: „ღმერთო, უცნაურად იქცევა.“ დანარჩენი ჩვენგანი ხომ არ მოიქცეოდა უცნაურად, რას ამბობთ!

რამდენ თქვენგანს წაუკითხავს სტატია „ნორმალური ადამიანები არანორმალურ ადგილებში“? სოციოლოგმა საშუალება მისცა რამდენიმე ჯანმრთელ, ბედნიერ სტუდენტს ექსპერიმენტის სახით მოთავსებულიყვნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ისინი დიაგნოზირებულნი იყვნენ სხვადასხვა აშლილობებით. მათ უმეტესობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა გარეთ გამოსასვლელად, რადგან პერსონალი მათი გარეთ გამოსვლის სურვილს დაავადების გამოვლინებად მიიჩნევდნენ. გაიხსენეთ „ხაფანგი22“-ის შესახებ! პაციენტები მიხვდნენ, რომ სტუდენტები გიჟები არ იყვნენ, ხოლო პერსონალი - ვერა.

რამდენიმე წლის წინ, როცა ვეძებდი ცვლილებათა განსხვავებულ მეთოდებს, ადამიანთა უმეტესობა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს მიიჩნევდა პიროვნული ცვლილების ექსპერტებად. მე ვთვლიდი, რომ მათი უმეტესობა ფსიქოზისა და ნევროზის უკეთესი გამოხატულება იყო. ოდესმე გინახავთ ისინი? რას იტყვით ინფანტილურ ლიბიდოზურ რეაქცია-ფორმაციაზე? ნებისმიერი, ვინც ასე საუბრობს არ აქვს უფლება სხვას გიჟი უწოდოს.

ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი თვლის, რომ კატატონია ნამდვილად რთული შემთხვევაა, რადგან კატატონიკებს ვერ აიძულებთ დაამყარონ კონტაქტი თქვენთან. ისინი უბრალოდ სხედან ერთსა და იმავე პოზიციაში და არც კი ინძრევიან სანამ ვინმე გაამოძრავებთ. სინამდვილეში, ეს ძალიან ადვილია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ დაარტყათ ჩაქუჩით ხელზე. როცა განმეორებით ასწევთ დასარტყმელად ჩაქუჩს, ის გასწევს ხელს და გეტყვით: „ეს აღარ გამიკეთო!“ ეს არ ნიშნავს, რომ ის „შებმულია“, თუმცა ახლა არის ის მდგომარეობა, როცა მასთან კომუნიკაცია შეგიძლიათ. ეს დასაწყისია.

ოდესღაც, ერთ ადგილობრივ ფსიქიატრს ვთხოვე გამოეგზავნა ჩემთვის უცნაური კლიენტები, რომლებთანაც რთულად ჰქონდა საქმე. აღმოვაჩინე, რომ რეალურად უცნაურ კლიენტებთან მუშაობა გაცილებით ადვილია, საბოლოო ჯამში. ვფიქრობ, უფრო ადვილია იმუშაო მწვავე შიზოფრენიკთან, ვიდრე ნორმალურ ადამიანს დაანებებინო თავი მოწევისათვის, როცა მას ეს არ უნდა. ფსიქოტიკები არაპროგნოზირებადნი არიან და მოულოდნელად ხტიან თავიანთ სიგიჟესა და ნორმალურ მდგომარეობას შორის. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს რაც ადამიანს შეეხება, ფსიქოზსაც აქვს სისტემური სტრუქტურა. ერთ მშვენიერ დღეს, შიზოფრენიკიც კი ვერ გაიღვიძებს მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოტიკად. თუ შეისწავლით, როგორ მოქმედებს ეს სტრუქტურა, შეგეძლებათ თავად ახტუნაოთ აქედან იქით. თუ საკმაოდ კარგად შეისწავლით, ამას დამოუკიდებლადაც შეძლებთ. თუ ოდესმე მოგინდებათ, მიიღოთ ოთახი შემაღლებულ ადგილას მდგარ სასტუმროში, უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე ფსიქოტიკური მდგომარეობაა. მაგრამ, უმჯობესია შეგეძლოთ ამ მდგომარეობიდან კვლად გამოსვლა, თორემ ოთახი, რომელსაც მიიღებთ იქნება იზოლირებული, ბალიშის კედლებიანი.

ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჯონ როზენის მიდგომა ფსიქოზისადმი ყველაზე გამოსადეგი იყო: შეაღწიე ფსიქოტიკის რეალობაში და შემდეგ გაუნადგურეთ ის. ამის გასაკეთებლად უამრავი გზა არსებობს, და ზოგიერთი მათგანი აშკარაა. მაგალითად, მე მყავდა ბიჭი, რომელსაც ესმოდა ხმა, მომავალი ელექტრო მოწყობილობებიდან და აძლევდა ბრძანებებს გაეკეთებინა სხვადასხვა რამ. მივხვდი, რომ თუ მის ჰალუცინაციებს რეალურს გავხდიდი, აღარ იქნებოდა შიზოფრენიკი. ასე რომ, დავმალე მიკროფონი ჩემი მოსაცდელი ოთახის შტეფცელში. როცა ოთახში შემოვიდა, შეფცელმა თქვა „გამარჯობა“. ბიჭი შებრუნდა, შეხედა მას და უთხრა:

- „შენ იგივე ხმა არ გაქვს“.
- „მე ახალი ხმა ვარ. ფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი არსებობდა?“
- „საიდან გაჩნდი?“
- „შენი საქმე არაა.“

ეს მას დაეხმარა წინსვლაში. სანამ უხდებოდა ხმასთან დამორჩილება, ახალ ხმას ვიყენებდი, მიმეცა მისთვის ინსტრუქციები, რაც მისი ქცევის შესაცვლელად იყო საჭირო. ზოგი ადამიანი ხელში იგდებს რეალობას და რეაგირებს მასზე. როცა რეალობას ხელთ ვიგდებ, ფორმას ვუცვლი მას. არ მჯერა, რომ ადამიანები ფსიქიკურად გატეხილნი არიან. მათ უბრალოდ ისწავლეს იმის კეთება, რასაც აკეთებენ. ბევრი რამ, რისი კეთებაც ადამიანმა ისწავლა, გასაოცარია და ამას ფსიქიატრიულის გარეთ უფრო ხშირად ვხვდები, ვიდრე შიგნით.
ადამიანთა უმეტესობის გამოცდილება არ არის უბრალოდ რეალობა, ეს გაზიარებული რეალობაა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩემთან და მაძლევენ რელიგიურ კომიკურ წიგნებს და მეუბნებიან, რომ სამყარო ამ ორ კვირაში შეწყვეტს არსებობას. ისინი ესაუბრებიან ანგელოზებს, ღმერთს, თუმცა არ არიან მიჩნეულნი გიჟებად. თუ მარტოხელა ადამიანს ანგელოზთან ლაპარაკისას დაიჭერენ, მას გიჟს უწოდებენ, მიჰყავთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ჭყეპენ წამლებით. როდესაც ახალ რეალობას ქმნით, უმჯობესია დარწმუნდეთ, რომ რამდენიმე მეგობარი გყავთ, ვისაც მას გაუზიარებთ, თუ არა და დიდ გასაჭიირში აღმოჩნდებით. ეს არის ერთი მიზეზი, თუ რატომ ვასწავლი ნლპ-ს. მსურს გამაჩნდეს მინიმუმ რამდენიმე ადამიანი მაინც, ვინც ამ რეალობას იზიარებს. ასე, თეთრხალათიანი კაცები ვერ მოახერხებენ ჩემს წაყვანას.

ფიზიკოსებს ასევე აქვთ გაზიარებული რეალობა. გარდა ამისა, რეალურად არ არის დიდი განსხვავება ფიზიკოსად ყოფნასა და შიზოფრენიკად ყოფნას შორის. ფიზიკოსებიც საუბრობენ მოვლენებზე, რისი ნახვაც არ შეგიძლიათ. რამდენ თქვენგანს აქვს ნანახი ატომი, აღარ არის საუბარი სუბ-ატომურ ნაწილებზე. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკოსები უფრო ნაკლებად ფიქსირებულნი არიან თავიანთ ჰალუცინაციებზე, რომლებსაც ისინი „მოდელს“ ან „თეორიას“ უწოდებენ. როცა მათ ჰალუცინაციებს ახალი მონაცემები უპირისპირდება, ფიზიკოსებს მხოლოდ ოდნავ მეტად უჩნდებათ სურვილი, დათმონ ძველი იდეები.

ბევრმა თქვენგანმა ისწავლა ატომის მოდელი, რომელიც გვეუბნება, რომ მასში არის ბირთვი, რომელიც ნეიტრონებისა და პროტონებისაგან შედგება, მათ ირგვლივ კი მოძრაობენ ელექტრონები, მსგავსად პატარა პლანეტებისა. 1920-იან წლებში, ამ აღწერისათვის, ნილს ბორმა მიიღო ნობელის პრემია. მომდევნო 50 წლის განმავლობაში გაკეთებული უამრავი აღმოჩენა და გამოგონება სწორედ ამ მოდელს ეყრდნობოდა, მაგალითად, პლასტმასი იმ საოფისე სკამისა, რომელზეც თქვენ სხედხართ.

სულ ცოტა ხნის წინ, ფიზიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ბორის აღწერილობა ატომის შესახებ მცდარია. დავინტერესდი, თუ ჩამოართმევდნენ ბორს თავის ნობელის პრემიას, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ იგი გარდაცვლილია და ფული - დახარჯული. მართლაც გასაოცარია ის ფაქტი, რომ ყველა ეს აღმოჩენა, გაკეთებული „მცდარი“ მოდელის გამოყენებით, ჯერ კიდევ აქაა. საოფისე სკამი არ გამქრალა ფიზიკოსების აზრის შეცვლის შემდეგ. ფიზიკა, როგორც წესი, წარმოდგენილია, როგორც ძალიან „ობიექტური“ მეცნიერება, მაგრამ ფიზიკა იცვლება, სამყარო კი იგივე რჩება. ასე რომ, უნდა იყოს რაღაც სუბიექტური ფიზიკაში.

აინშტაინი ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ გმირთაგანი იყო. მან გარდაქმა ფიზიკა, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ „მართულ ფანტაზიად“, აინშტაინის თქმით კი „აზრის ექსპერიმენტად“. მან გაუკეთა ვიზუალიზაცია, თუ როგორი იქნებოდა სინათლის სხივის დაბოლოების მართვა. ამ განსაკუთრებული აზრთა ექსპერიმენტის ერთ-ერთი შედეგი იყო ფარდობითობის თეორია.

ნლპ მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ჩვენ მიზანმიმართულად ვიგონებთ ტყუილს, ადამიანის სუბიექტური გამოცდილების გასაგებად. როდესაც ისწავლით სუბიექტურობას, აღარ არსებობს ობიექტურად გახდომის მცდელობის საჭიროება. ამგვარად, მოდით მივყვეთ რამდენიმე სუბიექტურ დამოცდილებას...

გაგრძელება იქნება...