რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

Objetivos y Aplicaciones programacion neurolingüisticaყოველთვის საინტერესოდ მიმაჩნდა, რომ როდესაც ადამიანები რაიმე ისეთის შესახებ კამათობენ, რაც მიშვნელოვანი არ არის, ამბობენ: „ეს აკადემიურია.“ მე და ჯონ გრინდერს გვაიძულეს მიგვეტოვებინა სწავლება კალიფორნიის უნივერსიტეტში, რადგან უფროს კურსელებს ვასწავლიდით ცხოვრებაში რაღაცების გაკეთებას. ჩვენ წინააღმდეგ ჩიოდნენ. ამბობდნენ, რომ საგნების სასწავლებელი ადგილი, მხოლოდ სკოლა იყო.

როდესაც უფროსკურსელი ვიყავი, ერთადერთი კურსი, რომელშიც წარუმატებელი ვიყავი, იყო ფსიქოლოგია და სახალხო ორატორობა. ფსიქოლოგიაში ჩავიჭერი 1A ქულით, ხოლო სახალხო ორატორობაში „D” ავიღე! აბა, როგორი ხუმრობაა? ნლპ ჩემი შურისძიებაა.

ჩემი განმანათლებლებთან კონტაქტით შევამჩნიე, რომ ადამიანები, რომლების საგანს ასწავლიან, შესაძლოა ძალიან კარგები იყვნენ და იცოდნენ ბევრი რამ ამ კონკრეტული სფეროს შესახებ. ამის მიუხედავად, მათ, ჩვეულებრივ, ძალიან ცოტა იციან იმის შესახებ, თუ როგორ ისწავლეს ეს ყველაფერი და კიდევ უფრო ცოტა იციან იმის შესახებ, თუ როგორ ასწავლონ ეს სხვებს. ერთხელ, დაწყებითი ქიმიის კურსზე მივედი. პროფესორი წარსდგა 350 ადამიანის წინაშე და თქვა: „მინდა, რომ აქ სარკე წარმოიდგინოთ, ხოლო სარკის წინ, დნმ-ის სპირალური მოლეკულა, უკუმიმართულებით მბრუნავი.“ ზოგმა იქ მყოფნა წამოიძახა: „აჰჰჰ!“- ისინი ქიმიკოსები გახდნენ. ზოგმა წამოიძახა: „ჰა?“ - ისინი არ გახდნენ ქიმიკოსები. ზოგიერთმა იქ მყოფმა წამოიძახა: „ურრჰჰ!“ - ისინი გახდნენ თერაპევტები!

ამ პროფესორს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ადამიანთა უმეტესობას არ შეეძლო ისეთივე დეტალური ვიზუალიზაცია, როგორიც თავად. ამგვარი ვიზუალიზაცია აუცილებელი წინაპირობაა ქიმიაში წარმატებული კარიერისათვის და ეს ის უნარია, რომლის სწავლება იმ ადამიანებისთვისაც შეიძლება, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, თუ როგორ მოახდინონ კარგად ვიზუალიზაცია, მაგრამ ვინაიდან პროფესორი ვარაუდობდა, რომ უკვე ყველას შეეძლო მისგვარი ვიზუალიზაცია, ლექციებზე სტუდენტთა უმეტესობასთან მხოლოდ დროს კარგავდა.

სწავლის პროცესის უმეტესობა „ობიექტურია“. ნლპ აკეთებს იმას, რომ იკვლევს პროცესების სუბიექტურ გამოცდილებებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანები საგნებს სწავლობენ. „ობიექტურ“ სწავლებას უმეტესად ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც პრობლემა აქვთ. ნლპ შეისწავლის იმ ადამიანთა სუბიექტურ გამოცდილებებს, რომლებსაც წარმატება აქვთ. თუკი შეისწავლით დისლექსიას, გაიგებთ ბევრ რამეს დისლექსიის შესახებ, მაგრამ თუ გსურთ ასწავლოთ ბავშვებს კითხვა, მაშინ იმ ადამიანმებმა უნდა გააკეთონ ეს, ვისაც კარგად კითხვა შეუძლია.

როდესაც შევქმენით დასახელება „ნეირო-ლინგვისტური-პროგრამირება“, ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ის ჟღერს, როგორც „გონების კონტროლი“, თითქოს ეს რაღაც ცუდი იყოს. მეც ვუპასუხე მათ, რომ „რა თქმა უნდა ასეა“. თუ არ დაიწყებთ ტვინის კონტროლსა და მის გამოყენებას, მაშინ გამართლების იმედზე უნდა დატოვოთ ის. სწორედ ამას ჰგავს ჩვენი განათლების სისტემა. ისინი ტოვებენ თქვენ წინაშე მასალას მთელი 12 წლის განმავლობაში და თუ ისწავლით, ესე იგი მათ გასწავლეს. ძალიან ბევრი გზით განიცდის კრახს დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა და მინდა რამდენიმე მათგანი განვიხილო.

„სკოლის ფობიები“

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომ ძალიან ბევრ ბავშვს უკვე გააჩნია ცუდი გამოცდილება სკოლაში. ამის გამო, გარკვეული საგანი ან მთლიანად სკოლა ხდება სიგნიფიკატორი ცუდი მოგონებებისა, რომლებიც ბავშვს ცუდად აგრძნობინებს თავს. და თუ აქამდე არ შეგიმნევიათ, ადამიანები ვერ სწავლობენ ბევრს, როცა თავს ცუდად გრძნობენ. თუკი ბავშვის საპასუხო რეაქცია საკმაოდ ძლიერია, ამგვარ მდგობარეობას ფსიქოლოგები აღწერენ, როგორც „სკოლის ფობიას“. სკოლის სიტუაციებზე ცუდი საპასუხო რეაქცია სწრაფად შეიძლება შეიცვალოს იმ დიდი რაოდენობით ტექნიკების საშუალებით, რომლებიც აქამდე აღვწერეთ, თუმცა მინდა გაჩვენოთ სხვა ძალიან მარტივი გზა ამის გასაკეთებლად.

რამდენ თქვენგანს გქონია ცუდი შეგრძნებები მათემატიკის შესახებ? - ფრაქციები, კვადრატული ფესვი, კვადრატული განტოლებები და ა.შ. (ის წერს 

546456456

განტოლების გრძელ მაგალითს დაფაზე და აუდიტორიაში ისმის რამდენიმე ადამიანის ამოხვნეშა.)
ახლა დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, რომელიც აბსოლუტურად საოცარი იყო - ისეთ სიტუაციაზე, რომელშიც თავს ამაღელვებლად და საინტერესოდ გრძნობდით...

ახლა გაახილეთ თვალები ერთი-ორი წამით და შეხედეთ ამ განტოლებას, შემდეგ კვლავ დახუჭეთ თვალები და დაუბრუნდით თქვენს იმ გასაოცარ გამოცდილებას...
ახლა გაახილეთ თვალები და შეხედეთ ამ განტოლებას რამდენიმე წამით, შედარებით განგრძლივი დროით და შემდეგ კვლავ დაუბრუნდით თქვენს გასაოცარ მოგონებას. გაიმეორეთ ეს მოქმედებები რამდენიმეჯერ მანამ, სანამ ეს ორი გამოცდილება ერთმანეთთან არ ინტეგრირდება...
ახლა გამოცდის დროა. პირველ რიგში, გაიხედეთ სივრცეში და იფიქრეთ ისეთ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, რომელიც ნეიტრალურია თქვენთვის... შემდეგ შეხედეთ ამ განტოლებას და დააკვირდით თქვენს რეაქციას.

- მამაკაცი: ღმერთო ჩემო, ამართლებს!

სინამდვილეში, ეს არის ძველი ნლპ-მეთოდი, რომელსაც ჩვენ „ღუზის ინტეგრაციას“ ვეძახით. თუ გსურთ გაიგოთ მეტი ამის შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ „ბაყაყებიდან პრინცებამდე“ (Frogs into Princes). სკოლის მიმართ არსებული ცუდი საპასუხო რეაქციების უმეტესობის შეცვლა ასე სწრაფად და ადვილად შეიძლება, მაგრამ უნდა იცოდეთ როგორ მუშაობს ტვინი, რათა ამის გაკეთება შეძლოთ.

ყველაზე შთამბეჭდავი გზა ამ პრინციპის გამოსაყენებლად, არის სწავლის მხიარულებასა და სიამოვნებასთან დაკავშირება და პროცესის ამგვარად დაწყება. სკოლათა უმეტესობაში ბავშვები სხედან გაუნძრევლად, მოწესრიგებულ, ჩუმ მწკრივებში. ყოველთვის ვკითხულობ, „როდის მიეცემათ ბავშვებს საშუალება იცინონ, იმოძრაონ და ისიამოვნონ თავიანთი თავით?“ თუკი სწავლასთან მოწყენილობასა და დისკომფორტს დააკავშირებთ, არც იქნება გასაკვირი, რომ არავის მოუნდება ის. ერთ-ერთი შესანიშნავი რამ, კომპიუტერის გამოყენებით განათლების მიღებაში არის ის, რომ კომპიუტერთან ყოფნა ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე მასწავლებელთა უმეტესობასთან. კომპიუტერს უსასრულო მოთმინება აქვს და არასოდეს აგრძნობინებს ბავშვებს თავს ცუდად, განსხვავეით ბევრი მასწავლებლისაგან.

nlp3დამახსოვრება

ბავშვების უმრავლესობის კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა სკოლაში სასწავლი მასალის დამახსოვრება. იმის უმეტესი ნაწილი, რასაც განათლებას უწოდებენ, არის დამახსოვრება. ეს უკვე გარკვეულწილად იცვლება. მასწავლებლები იწყებენ გაანალიზებას, რომ ინფორმაციის მოცულობა ისეთი უზარმაზარია, ისე სწრაფად ფართოვდება და ისე სწრაფად იცლება, რომ მისი დამახსოვრება არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ფიქრობდნენ. დღესდღეობით, უფრო მნიშვნელოვანია შეგეძლოს ფაქტების მოძიება საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენო ისინი და შემდეგ დაივიწყო. თუმცა, უნდა შეგეძლოთ დამახსოვრება იმისა, თუ როგორ გააკეთოთ ეს.

მახსოვრობის ერთი ასპექტი მსგავსია იმისა, რაც ახლახან განვიხილეთ: მახსოვრობა სასიამოვნო გამოცდილებასთანაა შერწყმული თუ უსიამოვნოსთან? იმისათვის, რომ ვინმემ რაიმე დაიმახსოვროს, ის უნდა დაბრუნდეს იმ ცნობიერ მდგომარეობაში, რომელშიც ეს ინფორმაცია იყო მოწოდებული. ასე მუშაობს მეხსიერება. თუ ვინმეს გააბრაზებთ ან უბედურს გახდით მაშინ, როდესაც მას რაიმეს გაკეთებას სთხოვთ, დასამახსოვრებლად მას მოუწევს ამ მდგომარეობაში დაბრუნება. იმის გამო, რომ მას არ უნდა ცუდად იგრძნოს თავი, არც დამახსოვრება ენდომება. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ უმრავლესობას 12 და 16 წლიანი განათლების ტოტალური ამნეზია. მე მასწავლებლების სახელების გახსენებაც კი არ შემიძლია, თავი რომ დავანებოთ იმას, რასაც მასწავლიდნენ ან მომხდარ მოვლენებს. მაგრამ კარგად მახსოვს სკოლის ბოლო დღე!
...
- რა გქვიათ?
- ქალი: ლიდია.
- თქვენ სახელის სამკერდე ნიშანის გაკეთება დაგავიწყდათ. ერთადერთი გზა, რითაც ადამიანების სახელების დამახსეოვრება შემიძლია, მათზე სამკერდე ნიშნის წარმოდგენაა, რომელზეც სახელია დაწერილი. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანებს ვხვდები, მზერას მათი მკერდის მარცენა მხარეს ვაჩერებ, ახლა ყველა ფიქრობს, რომ გარყვნილი ვარ. ერთხელ ქსეროქსის კომპანიაში ვსწავლობდი და იქიდან გამომდინარე, რომ ყველა იქ მყოფს ქსეროქსის იარლიყი ჰქონდა მიმაგრებული, მთელი დღის განმავლობაში ყველას „ქსეროქსს“ ვეძახდი. ზუსტად ასე ხდება, ტვინი სწავლობს ამის კეთებას და მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც გააცნობიერებს, რომ ალოგიკურ საქციელს ჩადის, ამის კეთებას მაინც განაგრძობს.

ლიდია, რადგან თქვენი სამკერდე ნიშანი დაგავიწყდათ, ვიფიქრებ, რომ ამ ლექციაზე ჩუმად შემოიპარეთ და ისეთ წინადადებას ჩაგინერგავთ, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება თქვენთან დარჩება. თუ სამკერდე ნიშანი მართლა აღმოგაჩნდებათ, ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ისეთ წინადადებას მიიღებთ, რომელიც მხოლოდ მოკლე დროით დარჩება თქვენთან.

ლიდია, გისახელებთ რიცხვს - 357. ახლა მინდა, რომ დაივიწყოთ ეს ციფრი... უკვე დაივიწყეთ? (არა.) თუ არ შეგიძლიათ იმ ციფრის დავიწყება, რომელსაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, როგორ შეგეძლოთ თქვენი სამკერდე ნიშნის დავიწყება, ან სემინარის მნიშვნელოვანი შინაარსისა? უკვე დაგავიწყდათ? (არა.) როგორ შეიძლება, რომ ვერ დაივიწყოთ ისეთი რამ, რასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის?
- ლიდია: თუ ამაზე საუბარს განვაგრძობთ, უფრო დიდხანს მემახსოვრება. მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელოვანია ის თუ არა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეუბნებით, რომ უნდა დავივიწყო, ვერ დავივიწყებ.
- ეს მნიშვნელოვანია... დაინახეთ, რამდენმა ადამიანმა დააქნია თავი თანხმობის ნიშნად მაშინ, როცა ეს თქვით? „ო დიახ, თქვენ მე ამის დავიწყებას მთხოვთ, ამიტომ უნდა დავიმახსოვრო ის. საერთოდ, მას არანაირი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ მასზე ვსაუბრობთ. თუ მთხოვთ დავივიწყო რამე, რომლის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში ვილაპარაკებთ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, მე მომიწევს მისი დამახსოვრება.“ უცნაურია, არა? ... მაგრამ ის მართალია.

მიუხედავად იმისა, რომ უცნაურად ჟღერს, თქვენ იცით, რომ ის მართალია. მისი საუბარი ამ თემაზე ისეთივე უცნაურია, როგორც მისი ქმედება. ფსიქოლოგები აიგნორებენ ამას ისე, თითქოს ეს მნიშვნელოვანი არ არის და განაგრძობენ ისეთი რაღაცების შესწავლას, როგორიცაა ოიდიპოსის კომპლექსი და სხვა უცნაურობები. ფსიქოლოგები უარს ამბობენ იმის შესწავლაზე, თუ როგორ იხსენებენ ადამიანები ამა თუ იმ მოვლენას და ყურადღებას ამახვილებას სხვა მოვლენაზე, მაგალითად, თუ რამდენად ღრმად იმყოფებოდით ტრანსში - ეს არის მეტაფორა, სადაც ტრანსი აღნიშნავს ხვრელს, რომელშიც თქვენ ვარდებით და რამდენადაც ღრმად ეშვებით, იმდენად ღრმა მნიშვნელობას იძენს ის. ადამიანები, რომლებიც „ცნობიერების ეტაპებზე“ საუბრობენ, არ ეთანხმებიან მათ, ისინი ფიქრობენ, რომ მაღლა წასვლა უფრო უკეთესია, ვიდრე სიღრმეში.

თუკი ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არ ვილაპარაკებდი და ვისაუბრებდი უბრალოდ სწორი გზით, მაშინ ლიდიას შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ 3 ციფრისაგან შემდგარი რიცხვის ადვილად დავიწყება. მას შეუძლია საკუთარი სამკერდე ნიშნის დავიწყება, მიუხედავად იმისა, რომ უთხრეს, ეს მნიშვნელოვანი იყო. ბევრი თქვენგანი ცდილობს დაამახსოვრებინოს სხვა ადამიანებს გარკვეული მოვლენები. რამდენი თქვენგანი ესაუბრება სხვა ადამიანებს მნიშვნელოვანი რამის შესახებ, რომელსაც ისინი ივიწყებენ? თქვენ გეგონათ ეს მათი ბრალი იყო! გაიხსენეთ ეს, როცა გენდომებათ ვინმეს რაღაც დაამახსოვრებინოთ.

ვირთხების წამების გარდა, სავარაუდოდ, ბევრი ფსიქოლოგის დრო წაიღო უფრო მეტად დამახსოვრების სწავლამ, ვიდრე სხვა ნებისმიერმა საგანმა. თუმცა, რეალურად არასოდეს მიხვედრილან, თუ როგორ აკეთებენ ამას ადამიანები სუბიექტური გამოცდილებების შედეგად.

რამდენ თქვენგანს გიჭირთ ტელეფონის ნომრის დამახსოვრება? უმეტესობა ამას ალბათ ხმამაღლა, ციფრების რამდენჯერმა გამეორებით ცდილობთ. თქვენს უმეტესობას გამრავლების ტაბულა ხმამაღლა, მრავალჯერადი განმეორებითი წარმოთქმით გასწავლეს. მაშინაც კი, როცა ეს წარმატებული მცდელობაა, ძალიან ნელია, რადგან გიწევთ მთელი ამ სიტყვების გამეორება პასუხის მისაღებად. „ცხრა, შვიდი, სამი ... ნული, ოთხი, ექვსი, რვა“; „ცხრაჯერ ექვსი არის ორმოცდათოთხმეტი.“ ბევრი ინფორმაციისათვის, უფრო ეფექტურია ვიზუალურად დამახსოვრება, აუდიალურის ნაცვლად: 973-0468, 9x6=54. როდესაც ვიზუალურად იმახსოვრებთ, მთლიანი სურათი ამოტივტივდება თქვენს გონებაში ეგრევე და უბრალოდ წვდომა გაქვთ ინფორმაციაზე რაც გჭირდებათ და კითხულობთ მას ან წერთ. იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებსაც „დასწავლის ნელ უნარიანებებად“ მოიხსენიებენ, უბრალოდ, აუდიალურად იმახსოვრებენ, ნაცვლად ვიზუალურისა. როდესაც დაუთმობთ მათ ერთ ან ორ საათს და ასწავლით, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს ვიზუალურად, ისინი ბევრად უფრო სწრაფად ითვისებენ.

მეორეს მხრივ, ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მუსიკის დამახსოვრებას სურათების შექმნითა და გრძნობების განცდით, იმის ნაცვლად, რომ ხმებს მოუსმინონ. ასე რომ, დამახსოვრების სისწრაფე ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გსურთ რომ დაიმახსოვროთ.

სხვა კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ცუდი მახსოვრობა გქონდეთ არის დასამახსოვრებელი ინფორმაციისაგან სრულიად არარელევანტური ქმედების კეთება. მაგალითად, თუ საკუთარ თავს უმეორებთ, „მე უნდა დავიმახსოვრო ეს ტელეფონის ნომერი“, თქვენ დაიმახსოვრებთ ამ წინადადებას, ნაცვლად ტელეფონის ნომრისა! ბევრი ადამიანი აკეთებს რაღაც ამდაგვარს და შემდეგ უკვირთ, თუ რატომ აქვთ ასეთი „ცუდი მახსოვრობა“. სინამდვილეში, მათი დამახსოვრების უნარი არაჩვეულებრივია, ისინი მას, უბრალოდ, იდიოტური მოვლენების დასამახსოვრებლად იყენებენ.

თუ შეისწავლით ადამიანებს, რომლებსაც ფენომენალური მეხსიერება აქვთ, აღმოაჩენთ, რომ საკმაოდ საინტერესო რაღაცებს აკეთებენ. ერთი გასაოცარი მახსოვრობის ადამიანი, ყველა თავის წარმოსახვით სურათს ქვემოთ სუბტიტრებს ურთავს თან. ის ბეჭდავს სიტყვებს სურათების ქვემოთ და აღწერს, თუ რის შესახებაა ეს სურათები. მოკლე სიტყვიერი აღწერილობები აკოდირებს და ადიფერენცირებს მეხსიერებას, ისე, რომ მას ადვილად შეუძლია მიუბრუნდეს მათ. ეს ჰგავს ფილმზე სახელის დაწერას, როგორც კი თვალს შეავლებთ სათაურს, მაშინვე ხვდებით თუ რის შესახებაა, ფილმის თავიდან ბოლომდე ყურების გარეშე. კომპიუტერულ ბიზნესში ჩვენ ამას „გამოტოვებული კოდის ნიშანს“ ვუწოდებთ - რაღაც, რაც არის თვითნებური, მაგრამ დამახასიათებელი, ერთდროულად უკავშირდება იმასაც და ამასაც, აკავშირებს რა მათ ერთმანეთთან.

ერთხელ, სემინარზე ერთი ქალი გვყავდა, რომელსაც 45 ადამიანი სწრაფად წარუდგა სახელითა და გვარით. მისთვის ეს საკმარსი აღმოჩნდა, რათა ყველა მათგანის სახელი სცოდნოდა. მე ვნახე, როგორ გააკეთა იგივე ჰარი ლორეინმა ტელე-შოუში 300 ადამიანთან. როდესაც ეს ქალი ვინმეს იცნობდა, ის ფოკუსირებას ახდენდა რაიმე ძალიან დამახასიათებელზე იმაში, რასაც ხედავდა - ცხვირის ფორმა, კანის ფერი, ნიკაპი ან ნებისმიერი რამ, რასაც სპონტანურად შეამჩნევდა, რომ ამ ადამიანში უნიკალური იყო. ის განაგრძობდა ფოკუსირებას ამ დამახასიათებელ მონაცემზე მანამ, სანამ მის სახელს გაიგონებდა და ამ ორს აკავშირებდა ერთმანეთთან. ის გამოცდიდა კიდეც საკუთარ თავს, სწრაფად გვერდზე გახედვითა და ამ უნიკალური მონაცემის გონებაში ვიზულალიზაციით და სახელის გაგონებით, რათა დარწმუნებულიყო, რომ კავშირი ამ ორ მონაცემს შორის შემდგარია. მე მომწონს, როდესაც ადამიანები სამკერდე ნიშანს ატარებენ საკუთარი სახელით, რადგან აღარ მიწევს ამგვარი ქმედებებით თავის მობეზრება. თუმცა ეს საკმაოდ გამოსადეგი ნიჭია, რომელიც შეგვიძლია გაყდვების აგენტებს ვასწავლოთ. მათ ხშრად უწევს შეთანხმებების მიღწევა მრავალ ადამიანთან და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სახელების დამახსოვრება და მათთან პერსონალურად მეგობრულად მოპყრობა.

თუ ადამიანებთან უმეტესწილად ტელეფონით ახორციელებთ მოლაპარაკებებს, ეს ვიზუალური მეთოდი არ გამოდგება. თუმცა, შეგიძლიათ ადვილად მოახდინოთ მისი ადაპტირება აუდიალურ სისტემასთან: შენიშნეთ რამე განსაკუთრებული ადამიანის ხმის ტემბრთან ან ტემპთან დაკავშირებით როგორც კი მის სახელს გაიგონებთ და მოუსმინეთ სახელს ამ სპეციფიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით. განსაკუთრებულად ვიზუალური ტიპის ადამიანებმა გონებაში უნდა წარმოიდგინონ სახელი ვიზუალურად, როგორც კი გაიგონებენ მას. ყოველთვის შეგიძლიათ ამგვარად ცვალოთ მახსოვრობის სტრატეგია, რათა კონტექსტისათვის შესაბამისი გახადოთ ან იმ ადამიანის უნარ-ჩვევებს შეუსაბამოთ, ვისაც რაღაცის დამახსოვრება სურს.

თუ ნამდვილად გსურთ სახელის დამახსოვრება, დაუკავშირეთ ის რაიმე უნიკალურს აღქმის სამ მთავარ სისტემაში: აუდიალურ, ვიზუალურ და კინესთეტიკურში. როცა სახელის ჟღერადობას უსმენთ, გამოთქმულს ამ ადამიანის ტონით, უნდა შეამჩნიოთ რაიმე უნიკალური იმაში, რასაც მისი შეხედვისას ხედავთ და ასევე უნდა დაუკვირდეთ რას გრძნობთ მასთან ხელის ჩამორთმევისას. ამგვარად, თქვენ ხელთ გექნებათ სამი აღქმითი სისტემის მოკლე კოდი და შესაძლებლობა გექნებათ გაიხსენოთ ეს სახელი სამი სხვადასხვა გზით.

კარგი მეხსიერების ქონის სხვა გზა არის იყოთ რაციონალური და ეკონომიური იმაში, რაც უკვე დაიმახსოვრეთ. მაგალითად, თუ გასაღებს ყოველთვის შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში ინახავთ, მაშინ მხოლოდ ეს უნდა დაიმახსოვროთ. ის, ვინც თავის გასაღებს ბევრ განსხვავებულ ადგილას დებს, ამის დამახსოვრება 4-5-ჯერ მოუწევს დღეში, ნაცვლად ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დამახსოვრებისა.

ჩვენი სტუდენტებიდან ერთ-ერთს რამდენიმე ბიზნესი აქვს და ბევრი ქაღალდისა და ჩანაწერის დაჯგუფება უწევს. როდესაც რომელიმე ფაილს ადგილი უნდა მიუჩინოს, ის თავის თავს ეკითხება, „სად უნდა მოვძებნო ის, როცა დამჭირდება?“ და იწყებს ფაილების უჯრისაკენ სვლას. როგორც კი ამას აკეთებს, მის გონებაში ჩნდება კონკრეტული უჯრის სურათი და ფაილსაც იმ ადგილას ათავსებს. ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობს, კაცი იყენებს იმ ცოდნას, რომლის მიხედვითაც საბუთების ორგანიზება უკვე დამახსოვრებული აქვს და მას იშვიათად უწევს რაიმე ახალის დამახსოვრება. ყოველ ჯერზე, როცა ის ათავსებს ახალ ფაილს საჭირო ადგილას, ის აძლიერებს უკვე არსებულ კავშირს ფაილების ადგილსამყოფელსა და შესანახ ფაილს შორის და ამ სისტემას უფრო საიმედოს ხდის.

ამ ორ მაგალითზე შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანები ქმნიან ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც რაც შეიძლება ცოტა რამის დამახსოვრებაა საჭირო. განვიხილოთ სხვა მაგალითი. შეხედეთ მოცემულ ციფრთა რიგს და შემდეგ გაიხედეთ გვერდზე და შეამოწმეთ, რამდენი მათგანის დამახსოვრება შეძელით ...

149162536496481100
ახლა შეხედეთ ამ ციფრებს იმდენი დროით, რომ როცა გვერდზე გაიხედავთ, ჯერ კიდევ გახსოვდეთ...

თუ ნამდვილად სცადეთ ეს, სავარაუდოდ დაიწყეთ ციფრების დაჯგუფება ორ ან სამნიშნა რიცხვებად, რათა მოცემული ამოცანის ორგანიზება მოგეხდინათ და უფრო ადვილად დაგემახსოვრებინათ:
14, 91, 62, 53, 64, 96, 48, 11, 00
ან
149, 162, 536, 496, 481, 100
ამ პროცესს „დატეხვას“ ვუწოდებთ: გრძელი ამოცანის დანაწევრება პატარა, უფრო მართვად ნაწილებამდე. ბიზნესში ერთი ძველი ხუმრობა არსებობს: „როგორ მიირთმევთ სპილოს?“ პასუხია: „ერთი ჩაკბეჩით“.

ამ გადმოსახედიდან, რამდენ ხანს მოანდომებთ თქვენი აზრით ამ ციფრების ზუსტად დამახსოვრებას? - საათს? - დღეს? - კვირას?
ახლა მოდით, დავანაწევროთ ეს ციფრები ცოტათი განსხვავებულად. არაფერს გაგონებთ?
1 4 9 16 25 36 49 64 81 100
იგივე ციფრები სხვაგვარადაც შეგვიძლია დავწეროთ, როგორც ციფრების კვადრატი:
12 22 32 42 52 62 72 82 92 102
ახლა აშკარაა, რომ ციფრები, რომლებზეც ვმუშაობთ, 1-დან 10-მდე რიცხვების კვადრატებია, ერთად დალაგებული. მას შემდეგ, რაც ეს იცით, ამ ციფრების გახსენება ამ მომენტიდან ათი და ოცი წლის განმავლობაშიც შეგეძლებათ. რა ხდის ამ პროცესს ასეთ მარტივს? თქვენ ბევრად ნაკლები გაქვთ დასამახსოვრებელი და ეს ყველაფერი იმ ტერმინებშია კოდირებული, რომლებიც უკვე დამახსოვრებული გაქვთ. სწორედ ამის შესახებაა მათემატიკა და მეცნიერება - მოახდინოს სამყაროს კოდირება ელეგანტურად და ეფექტურად ისე, რომ ბევრად ცოტა რამის დამახსოვრება მოგიწიოთ და დატოვოთ თქვენი ტვინი თავისუფალი იმისათვის, რაც თქვენთვის მეტად სახალისო და საინტერესო იქნება.

ეს მხოლოდ რამდენიმე პრინციპია, რომლებსაც შეუძლიათ დამახსოვრება ბევრად ადვილი და სწრაფი გახადონ. სამწუხაროდ, მათ დიდად არ იყენებენ განათლების სისტემაში.

manos que contienen energia„დასწავლის უნარის შეზღუდვები“

ყველაზე სასიამოვნო მოვლენა, რომელიც ხდება იმის შემდეგ, რაც საკმარისი რაოდენობის წიგნს დაწერთ, არის ის, რომ ადამიანები გრთავენ ნებას აკეთოთ ისეთი რაღაცები, რისი კეთება მანამდეც გინდოდათ, მაგრამ არ შეგეძლოთ. ჩვეულებრივ, ამ დროისათვის კარგად არ გახსოვთ რისი კეთება გინდოდათ, მაგრამ მე რამდენიმე მათგანი ჩამოვწერე. როდესაც მთხოვეს მემუშავა სკოლების მართვის ორგანიზაციაში, მინდოდა რამდენიმე საკითხის მოგვარება, როგორიცაა „დასწავლის უნარის შეზღუდვები“, „ტვინის მინიმალური დისფუნქციები“, „დისლექსია“ თუ „საგანმანათლებლო უნარ-შეზღუდულობები“. ყოველი მათგანი მნიშვნელოვნად ჟღერს, თუმცა ისინი მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ სწავლების მეთოდი არ ამართლებს.

როდესაც ბავშვი არ სწავლობს, ექსპერტები სწრაფად ასკვნიან, რომ პრობლემა „დასწავლის უუნარობაშია“, ... თუმცა ისინი არასდროს ხდიან საკმარისად ნათელს, ვის არ აქვს უნარი! შესაძლოა შემჩნეული გაქვთ, რომ ისინი ამ მოვლენას არასოდეს უწოდებენ „სწავლების უუნარობას“. დასკვნა ყოველთვის ის არის, რომ მარცხის მიზეზი არის ის, რომ ბავშვის ტვინი სუსტია ან დაზიანებული, რასაც უმეტესად გენეტიკურ მიზეზებს მიაწერენ. როდესაც ადამიანებმა არ იციან, როგორ შეცვალონ რაიმე მოვლენა, ხშირად, იწყებენ კვლევებს მარცხის გამოსარკვევად, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ თუ როგორ იმოქმედონ სხვაგვარად, ისე რომ მოცემულმა სიტუაციამ გაამართლოს. თუკი დაასკვნით, რომ ბავშვს თავის ტვინის სუსტად შემსწავლელი წილი აქვს, აღარანაირი გზა არ დარჩება ამის გამოსწორებისა მანამ, სანამ მათ კარგად მომუშავე ტვინს არ ჩაუსვამთ.

მე მირჩევნია ეს მარცხი ამგვარად არ ავხსნა. უმჯობესია ვიფიქრო, რომ ეს „სწავლების უუნარობაა“ და სულ ცოტა იმის შესაძებლობას მაინც დავტოვებ, რომ შეგვიძლია ვისწავლოთ ამის შეცვლა. თუ დავუშვებთ, რომ ნებისმიერისთვის ნებისმიერი რამის სწავლებაა შესაძლებელი, აღმოვაჩენთ სად არ არის ეს (ჯერ) შესაძლებელი. მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რომ როდესაც ვიღაც არ სწავლობს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სწავლება შეუძლებელია, ცდაც კი აღარავის მოუნდება.

წინა საუკუნეში საყოველთაო ცოდნას წარმოადგენდა, რომ ადამიანს ფრენა არ შეეძლო. შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, ადამიანებს ვერ წარმოედგინათ, რომ შესაძლებელი იყო ადამიანის მთვარეზე გაფრენა. თუ აირჩევთ პოზიციას, რომ ნებისმიერი რამ არის შესაძლებელი, აღმოაჩენთ, რომ ბევრი რამ, რაც ადრე შეუძლებლად ითვლებოდა, ნამდვილად გახდა შესაძლებელი.

„დასწავლის უუნარობის“ მთელი იდეა პირველ რიგში დაფუძნებულია ძველ ნევროლოგიურ „აბლაციურ“ სწავლებებზე, რომელიც იყო შედეგი ნამდვილად პრიმიტიული იდეისა, თუ როგორ მუშაობს ტვინი: რომ შეგიძლიათ გაარკვიოთ რა რას აკეთებს იმაზე დაკვირვებით, თუ რა ხდება როცა ის დაზიანებულია. აღმოაჩენენ დაზიანებულ ნაწილს იმ ადამიანის ტვინში, რომელიც ვერ ლაპარაკობს და „აი აქ არის მეტყველების ზონა“. იმავე ლოგიკით, უნდა გადავჭრათ ტელევიზორის კაბელი, როდესაც გამოსახულება ციმციმებს და ვთქვათ, რომ „ეს კაბელია ის ადგილი, სადაც გამოსახულების სწორად ჩვენებაა უზრუნველყოფილი“. ათასობით კაბელი, კავშირი და ტრანზისტორია ჩართული სურათის სწორად ჩვენებაში, ძალიან კომპლექსური და ურთიერთდამოკიდებული სისტემით. ტვინი კი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ტელევიზორი. ტვინის ზოგიერთი შედარებით პრიმიტიული ზონისათვის ნამდვილად არსებობს ფუნქციის კონკრეტული ლოკალიზაცია. თუმცა, წლებია, რაც უკვე ცნობილია, რომ პატარა ბავშვმა შეიძლება დაკარგოს ტვინის მთლიანი ნახევარსფერო და ხელახლა, არაჩვეულებრივად ისწავლოს ყველაფერი მეორეს საშუალებით.

უახლესი მტკიცებულებები ბევრ ძველ ნევროლოგიურ დოგმას აბათილებს. რენტგენოლოგიურ ტომოგრაფიაზე შეისწავლეს ერთი კოლეჯ-დამთავრებულის ტვინი, რომლის IQ 120-ს უდრიდა. მას იმდენად გადიდებული ჰქონდა ტვინის პარკუჭები, რომ მისი ქერქი დაახლოებით 1 სმ სისქის იყო! მისი თავის ქალის უმეტესი ნაწილი სავსე იყო სითხით და დოგმის მიხედვით, მას არათუ კოლეჯში სწავლა, არამედ იმ დილით გაღვიძებაც კი არ უნდა შესძლებოდა!

კიდევ ერთი ძველი დოგმაა, რომ ხერხემლიანებში დაბადების შემდეგ ახალი ნეირონები არ ფორმირდება. ბოლო წლებში აღმოაჩინეს, რომ მამალი იადონის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც გალობაზეა პასუხისმგებელი, ნეირონების რაოდენობა ყოველ გაზაფხულზე ორმაგდება და შემდეგ ნახევარი მათგანი კვდება წლის დარჩენილი სეზონების განმავლობაში.

სხვა კვლევაში აღმოაჩინეს, რომ თუ მაიმუნს თითს მოაჭრით, ტვინის ის ნაწილი, რომელიც უკვე არარსებული თითის ფუნქციებს განაგებდა, პასუხისმგებელი ხდება მოჭრილი თითის გვერდით არსებული თითების ფუნქციებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში და შესაბამისად ეს ხდის დარჩენილ თითებს მეტად მგრძნობიარეს, ვიდრე მანამდე. ყველა ახალი შეხედულება ტვინის შესახებ, უფრო მოქნილი და ადაპტაციურია, ვიდრე ამას ჩვენ ვფიქრობდით.

არასოდეს მომწონდა „საგანმანათლებლო უნარ-შეზღუდულობის“ იდეა, რადგან არასოდეს მიფიქრია, რომ წაკითხვის უნარი გენეტიკით იყო განპირობებული. ბავშვს შეუძლია საუბრის სწავლა 3 წლის ასაკში, ჯუნგლებშიც კი, აკადემიკოსი მშობლების გარეშე! რატომ უნდა დაიხარჯოს კიდევ 10 წელი მისთვის იმის სასწავლებლად, რისი თქმაც მას უკვე შეუძლია? ბავშვებს გეტოში შეუძლიათ 3 სხვადასხვა ენის სწავლა ერთდროულად და შეუძლიათ ისწავლონ ყოველგვარი ინფორმაციის საიდუმლო კოდებად დაწერა. მაგრამ ის მიდგომა, რომლითაც ბავშვებს სკოლაში ასწავლიან, წარმოქმნის სიტუაციას, რომელშიც ზოგიერთი ბავშვი კითხვას არ სწავლობს. ზოგიერთ თქვენგანს ალბათ გახსოვთ საგნები, რომლებსაც არ სწავლობდით იმ საშინელი მეთოდის გამო, რომლითაც საგანი იყო წარმოდგენილი.

კითხვის სწავლა ნამდვილად არ არის რთული. მხოლოდ ის უნდა გააკეთოთ, რომ სიტყვის სურათი დააკავშიროთ სიტყვის იმ ჟღერადობასთან, რომელიც უკვე იცით. თუ უკვე იცით წარმოთქმული სიტყვა, უკვე დაკავშირებული გაქვთ ეს ჟღერადობა იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან, რასაც ეს სიტყვა ნიშნავს. როდესაც ბავშვი იყავით, სავარაუდოდ, საკმაოდ ადრე ისწავლეთ, რომ გამოთქმა „კატა“ ნიშნავდა რბილ, სასაცილო, პატარა მოძრავ არსებას ბრჭყალებით, რომელიც კნავის. თქვენ ამას თქვენს ტვინში ამგვარად აკეთებთ: გაიგონებთ სიტყვა „კატას“ და ამავდროულად იხსენებთ თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას კატის შეხედულების, ხმის და მასთან შეხების გახსენებით და ა.შ. შემდეგ, თუ ვინმე იტყვის ამ სიტყვას, ეს გამოცდილება უკვე თქვენს გონებაშია და თუ დაინახავთ, გაიგონებთ ან შეეხებით კატას, სიტყვის ჟღერადობა თქვენს გონებაში ამოტივტივდება. კითხვის დროს მხოლოდ ის ხდება, რომ იმ სიტყვას, რომელიც უკვე იცით, გამოსახულებაც ემატება. როდესაც გესმით სიტყვა „ძაღლი“, თქვენ გიჩნდებათ სხვა ჟღერადობა და სურათი თქვენს გონებაში, განსხვავებით იმისაგან, როცა სიტყვა „კატას“ ხედავთ.

ეს ახლა ძალიან მარტივი ჩანს და ასეც არის. უზარმაზარი მოცულობის აფსურდული ნაწერები არსებობს კითხვის პრობლემებთან დაკავშირებით და უზარმაზარი ძალისხმევა იხარჯება კითხვის პრობლემის გადასაჭრელად. ამის საპირისპიროდ, არსებობს ნლპ-ტრეინინგ ჯგუფი დენვერში, რომელიც განათლებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემასთან მუშაობს. ის გარანტირებულად ზრდის ბავშვის კითხვის შესაძლებლობას და როგორც სტანდარტული ტესტირებით გადამოწმდა, ამ უნარს მინიმუმ ერთი საფეხურით აუმჯობესებს, ერთსაათიანი რვა სესიის დახმარებით. საერთოდ კი უკეთეს პროგრესსაც გვაძლევს, უფრო მოკლე დროში. ბოლო სამი წელია, კლიენტი მხოლოდ გარანტიებული შედეგის შემთხვევაში იხდის. ერთადერთი წინაპირობა მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს თვალის კუნთების სტაბილურად გამოყენების უნარი, რათა იმის დანახვა შეძლოს, რაც უნდა წაიკითხოს.

3d20de597d20წამლები

კიდევ ერთი რამ, რასთან შეხებაც ამ სკოლის სისტემაში მინდოდა, არის წამლების, როგორიც რიტალინია, ფართო გამოყენება „ჰიპერაქტიური“ ბავშვებისათვის, რომლებსაც პრობლემა აქვთ დიდი ხნის განმავლობაში მშვიდად ჯდომასთან დაკავშირებით. რიტალინი ანელებს ბავშვებს, ასე რომ მასწავლებლებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ მათ. ამ ბავშვებისათვის წამლის მიცემა ყოველთვის გამართლებულია ნათქვამით, რომ წამლები უვნებელია. ერთ-ერთი საინტერესო რამ რიტალინის შესახებ ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამშვიდებს ჰიპერაქტიურ ბავშვებს, მოზრდილების მიმართ მათი ზემოქმედება ჰგავს ამფეტამინის ზემოქმედებას - ის მათ ენერგიას ჰმატებს.

როდესაც ამ სკოლების ორგანიზაციასთან ვისაუბრე, ვთქვი: „ეს რიტალინი, რომელსაც ბავშვებს აძლევთ, ანელებს მათ მოქმედებას, მაგრამ ის აჩქარებს ქმედებებს მოზარდებში, ასეა? და თქვენ ყველანი დარწმუნებულნი ხართ, რომ ის სრულიად უვნებელია და არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს, მართალია? კარგი. მაქვს შემოთავაზება, რომელიც დაგეხმარებათ დიდი რაოდენობით ფულის დაზოგვაში. შეწყვიტეთ ბავშვებისათვის ამ წამლის მიცემა და მიეცით ის მასწავლებლებს, ასე მათ შეეძლებათ აჩქარდნენ და გაუმკლავდნენ ბავშვებს.“ მათ თავიანთი ლოგიკით მივაყენე დარტყმა, მაგრამ მაინც არ მოეწონათ ეს. სცადეთ ეს თქვენს სკოლებში და გაარკვევთ, რამდენ „სწავლების უუნარო მასწავლებელს“ მოუნდება ამ „არაჩვეულებრიბ არასაზიანო წამლის“ მიღება. იგივე ხდება ფსიქიატრებთან, ისინი თითქმის არასდროს უწერენ ფსიქოტროპულ წამლებს სხვა ფსიქიატრებს, როდესაც მათ ჰოსპიტალიზაცია უწევთ! ფენოთიაზინის 30 წლიანი გამოწერის შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ ეს წამალი იწვევს რაღაცას, სახელწოდებით „ტარდივურ (გვიან) დისკინეზიას“ სიცოცხლის ბოლო წლებში. ის გავლენას ახდენს კუნთებზე ისე, რომ მათ კანკალს იწვევს, შედეგად პაციენტს უჭირს სიარული და ჩაის ფინჯნის აღებაც კი.

- ქალი: მე მასწავლებელი ვარ და ზუსტად ერთი კვირის წინ ვიყავი კონფერენციის მონაწილე, პათოლოგისტთან, ექთანთან და ერთ სხვა მასწავლებელთან ერთან. ექთანმა თქვა, „ვფიქრობ, უნდა გამოვუწეროთ წამლები ამ ბავშვს“ და სხვებმაც თავი დააქნიეს თანხმობის ნიშნად. მე მართლა გავბრაზდი და ვთქვი, „ვერ ვიჯერებ, რომ წამლებზე დამოკიდებულების ამდენი შემთხვევის მიუხედავად, ამ ბავშვს წამლის მიღების რეკომენდაციას აძლევთ! თქვენ ისურვებდით წამლების მიღებას?“ პათოლოგისტმა მიპასუხა, „მე ყოველ საღამოს ვიღებ წამლებს, დასამშვიდებლად“. მეორე მასწავლებემლა თქვა, „მეც ასევე“. და ექთანმა თქვა, „მე ყოველ დღე ვიღებ ვალიუმს.“ არ შემეძლო ამის დაჯერება და იმდენად შოკირებული ვიყავი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
- წამლის საკუთარი ნებით მიღებასა და მათ სხვებისათვის შეთავაზებაში ძალიან დიდი განსხვავებაა. ვფიქრობ, ადამიანებმა თავად უნდა აირჩიონ საკუთარი წამლები. ნამდვილად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ უმეტესი პრობლემა, რომლისთვისაც ადამიანებს წამლებს უწერენ, ადვილად შეიძლება გადაიჭრას ნლპ-ს გამოყენებით. ნლპ-ს ნებისმიერ პრაქტიკოსს უნდა შეეძლოს სკოლის ფობიებთან ნახევარ საათში გამკლავება და ყველაზე ცუდი მკითხველების ერთ-ორ საათში კარგ მკითხველებად გარდაქმნა.
მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ნლპ თანდათან ცნობადი ხდება და ბევრი არაკვალიფიციური ადამიანი ცდილობს ნლპ-ს ტრეინინგის ჩატარებას. ზოგიერთი ადამიანი, რომლებსაც ნლპ-ს მხოლოდ ერთი ტრეინინგი აქვს გავლილი, საკუთარ თავს „ნლპ-ს საუკეთესო ტრენერს“ უწოდებს! ასეთი რაღაცები მაშინ ხდება, როდესაც რაღაც ეფექტური პოპულარობის მოხვეჭას იწყებს, ასე რომ, იყავით ცოტათი ფრთხილად და ნებისმიერს, ვისაც ნლპ-ს ტრენერობაზე აქვს პრეტენზია, რამდენიმე შეკითხვა მაინც დაუსვით.

ნლპ-ს ზოგიერთი კომპეტენტური სპეციალისტი ბრუნდება ბავშვებისათვის შექმნილ სპეციალურ დასახმარებელ კლასებში და ყოველმხრივ ცდილობენ საგანმანათლებლო პრობლემების აღმოფხვრას. თუ თქვენთვის ცნობილია გზა, აღმოაჩინოთ თუ როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი, მაშინ ადვილი ხდება ასწავლოთ მას საკუთარი ტვინის იმგვარად გამოყენება, რომ ის ბევრად ეფექტური და სასარგებლო იყოს.

სწავლის შესაძლებლობის რეალიზაცია, სინამდვილეში, მაშინ კი არ ხდება, როცა ვიღაც შინაარსს გადმოგცემთ, არამედ მაშინ, როდესაც გასწავლით იმ მექანიზმს, რომლის დახმარებითაც შეგეძლებათ შექმნათ სუბიექტური სტრუქტურები და თანმიმდევრობები, რომლებიც დასწავლისთვისაა აუცილებელი.