რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

NLP representational systemsშემდეგი სუბმოდალობის ნიმუში, რომელიც მინდა, რომ გასწავლოთ, თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს არის ძალიან გენერირებული ნიმუში, რომელიც აპროგრამებს ტვინს ახალი მიმართულებით მსვლელობისათვის. იმისათვის, რომ ეს ნიმუში სასწავლად ადვილი იყოს, დავიწყებ რამე ძალიან უბრალო და ადვილით. ადამიანები დაინტერესებულნი არიან ისეთი მოვლენით, რომელსაც „ქცევის კონტროლს“ ეძახიან. არის აქ ვინმე ისეთი, ვინც ფრჩხილებს იკვნეტს და არ უნდა, რომ ასე იქცეოდეს? (კათედრაზე ადის ჯეკი.) მე გამოვიყენებ ამ ნიმუშს იმისათვის, რომ ჯეკმა ფრჩხილების კვნეტის ნაცვლად სხვა რამე აკეთოს.

- რას ხედავთ ზუსტად ფრჩხილების კვნეტის დაწყებამდე?

- ჯეკი: არ ვიცი. საერთოდ, ვერც კი ვაცნობიერებ, რომ ფრჩხილებს ვიკვნეტ მანამ, სანამ არ დავასრულებ.

- ეს ჩვევათა უმეტესობისათვის სიმართლეს შეესაბამება. თქვენ „ავტოპილოტზე“ ხართ და მოგვიანებით, როცა უკვე ძალიან გვიანია რაიმეს შესაცვლელად, აცნობიერებთ თქვენს ქცევას და თავს ცუდად გრძნობთ. თუ იცით, როდის ან სად იკვნეტთ ძირითადად ფრჩხილებს?

- ჯეკი: ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც წიგნს ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ.

- კარგი. მინდა წარმოიდგინოთ, რომ ფილმს უყურებთ და ასწიეთ თქვენი ხელი ისე, თითქოს აპირებდეთ ფრჩხილების მოკვნეტას. მინდა დააკვირდეთ, თუ რას ხედავთ, როდესაც ხელი მაღლა იწევა, მაშინ, როცა იცით რომ ეს უნდა გააკეთოთ.

- კარგია. ამ სურათს რამდენიმე წუთში გამოვიყენებთ, მაგრამ ამ მომენტისათვის გვერდზე გადავდოთ. პირველად სხვა სურათი გვესაჭიროება. ჯეკ, ფრჩხილებს რომ აღარასოდეს იკვნეტდეთ, როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი ამ განსხვავებულ ამპლუაში? არ ვგულლისხმობ იმას, რომ საკუთარი თავი გრძელ ფრჩხილებში დაინახოთ. როგორი ღირებულება ექნებოდა ამ ცვლილებას? რა ცვლილებებს მოგიტანდათ ეს თქვენ, როგორც პიროვნებას? რა მნიშვნელობა ექნებოდა ამას თქვენთვის? არ მინდა, რომ პასუხები მითხრათ. მინდა, რომ ამ კითხვებზე საპასუხოდ შექმნათ იმ სიტუაციის სურათი, როგორიც იქნებოდით მაშინ, თუ ამ ჩვევას მოიშლიდით.

- ჯეკი: დიახ, უკვე წარმოვიდგინე.

- ახლა მინდა დაინახოთ ის პირველი სურათი, სადაც თქვენი ხელი გიახლოვდებათ და გაადიდოთ და გახადოთ ის უფრო ნათელი... და ამ სურათის მარჯვენა ქვედა კუთხეში განათავსეთ პატარა, მუქი სურათი იმ წარმოდგენისა, თუ როგორი განსხვავებული იქნებოდით ეს ჩვევა რომ აღარ გქონდეთ...

ახლა მინდა მოიმოქმედოთ ის, რასაც ჩვენ „მოქნევას“ (The Swish) ვეძახით. მინდა, ეს პატარა, ბნელი სურათი სწრაფად გაადიდოთ და უფრო ნათელი გახადოთ მანამ, სანამ მთლიანად არ დაფარავს თქვენი ხელის სურათს, რომელიც ავტომატურად უფრო ბნელი და პატარა გახდება. მინდა ეს ძალიან სწრაფად გააკეთოთ, წამზე ნაკლებ დროში.როგორც კი ეს სურათები „ჩაიქროლებენ“, ან მთლიანად გაასუფთავეთ თქვენი ხედვის არეალი, ან მაშინვე გაახილეთ თვალები და ირგვლივ მიმოიხედეთ. შემდეგ კვლავ დაუბრუნდით თქვენს შინაგან სურათს და კვლავ დაიწყეთ თქვენკენ მომავალი ხელის დიდი, ნათელი გამოსახულებითა და ქვედა კუთხეში მდებარე თქვენი პატარა, ბნელი სურათით. გააკეთეთ ეს მოქმედება სრულად 5-ჯერ. არ დაგავიწყდეთ მოქმედებების ბოლოს ხედვის არეალის მთლიანად გასუფთავება ან თვალების მაშინვე გახელა, ყოველ ჯერზე...

ახლა გამოცდის დროა. ჯეკ, შექმენით თქვენკენ მომავალი ხელის დიდი და ნათელი სურათი და მითხარით რა მოხდება...

- ჯეკი: რთულია მისი დაფიქსირება, იმალება და მაშინვე მეორე სურათი ენაცვლება.

სვიშ პატერნი ( The Swish Pattern) ტვინს აძლევს მიმართულებას. ადამიანებს აქვთ ჩვეულება, აიცილონ არასასიამოვნო მოვლენები და ისწრაფონ სასიამოვნოსაკენ. თავიდან სახეზე გვაქვს დიდი, ნათელი სურათი, რომელიც იმ ქმედების სიგნალს წარმოადგენს, რომელიც პიროვნებას არ მოსწონს. როგორც კი ეს სურათი პატარავდება და ქრება, უსიამოვნება მცირდება, როგორც კი სასიამოვნო სურათი დიდი და ნათელი ხდება. სასიამოვნო სურათი ადამიანს თავისკენ იზიდავს. ზუსტად რომ ვთქვათ, ის ქმნის მიმართულებას საკუთარ გონებაში: „აქედან, იქით“. როდესაც თავად აძლევთ გონებას მიმართულებას, თქვენი ქცევა ხასიათდება ძლიერი ტენდენციით, რომ იმავე მიმართულებისაკენ გადაადგილდეს.

52b84f162738c47c812a26b54c556e040- ჯეკ, მინდა რომ კიდევ გააკეთოთ რაღაც. მიიტანეთ თქვენი ხელი პირთან ზუსტად ისე როგორც ამას ფრჩხილების კვნეტისას აკეთებდით.
(ჯეკს სწევს ხელს, როგორც კი პირს მიუახლოვდება, ჩერდება და ზუსტად ნახევარი ინჩის მანძილზე აშორებს მას პირიდან.)

- აბა, რა ხდება?

- ჯეკი: არ ვიცი. ჩემი ხელი ამოძრავდა, მაგრამ, შემდეგ გაჩერდა. მინდა დავუშვა დაბლა, მაგრამ განგებ მაქვს მაღლა გაჩერებული, რადგან თქვენ მთხოვეთ.

ეს არის ქცევის ტესტი. ქცევა, რომელიც იწვევდა ფრჩხილების კვნეტას, ახლა რაღაც სხვას იწვევს. ეს ისეთივე ავტომატური ქმედებაა, როგორიც მანამდე, მაგრამ მას ჯეკი რაღაც უკეთესი სიტუაციისაკენ მიჰყავს.

ეს გამოცდილებაში გადავა. როგორც კი ხელი მაღლა აიწევა და ეს კომპულსია დაიწყება თქვენში, შეგრძნება თავად გაგიშვებთ სხვა მიმართულებით. ის გახდება ახალი კომპულსია. ეს რეალურად არ არის ის შემთხვევა, როცა თქვენში კომპულსია ქრება, არამედ გაგიჩნდებათ კომპულსია იმისა, რომ იყოთ ის, ვინც უფრო მეტად გსურთ რომ იყოთ.

ეს მოდელი გამოვიყენე ადამიანთან, რომელიც შოკოლადზე იყო დამოკიდებული და ამტიცებდა, რომ გათავისუფლება უნდოდა. მას არ უნდოდა ჰქონოდა ეს აკვიატებული ქცევა, რადგან ეს არ შეესაბამებოდა მის სასურველ სურათს. როდესაც ამ ტექნიკას მორჩა, მას აღარ შეეძლო შოკოლადის სურათის დაფიქსირება. ის უბრალოდ გაქრა. ახლა, როდესაც ის შოკოლადს უყურებს, ძველებული რეაქცია აღარ აქვს. მისი ფიქრების მიმართულება მიიზიდა იმან, რადაც გახდომა სურდა. ეს ახალი კომპულსიაა. შეგიძლიათ, ამ ტექნიკას „გაცვლითი კომპულსიაც“ უწოდოთ. მე მას ვუთხარი, „ახლა ნამდვილად გაიჭედეთ. იძულებული ხართ, რომ ვეღარ შექმნათ ეს გამოსახულებები“, მან მითხრა, „არ მადარდებს.“ ის, სინამდვილეში, არ იყო წინააღმდეგი ჰქონოდა კომპულსია, მას უბრალოდ უნდოდა თავისთვის მისაღები კომპულსია ჰქონოდა. ეს ნამდვილად ქმნის განსხვავებას.

სვიშ პატერნს ბევრად ძლიერი ეფექტი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ტექნიკას, რომელსაც ვიყენებ. ბოლო სემინარზე, წინა რიგში იჯდა ქალი, რომელიც მოთქვამდა და გოდებდა, რომ 11 წელია სიგარეტისათვის თავის დანებებას ცდილობს. მე ის 11 წუთზე ნაკლებ დროში შევცვალე. ისიც კი შევარჩიე, თუ რა უნდა მოეთავსებინა ქვედა, პატარა, კუთხის ბნელ სურათად. მე არ ვარ ის, რასაც „არადირექტულ კლინიკოსს“ უწოდებენ. ვთხოვე მას, რომ დაენახა საკუთარი თავის სურათი, სადაც თავაზიანადაა განწყობილი სხვა მწეველი ადამიანების მიმართ. არ მინდოდა, რომ საკუთარი თავი წარმოედგინა მწეველების დამამცირებელ და მათი ცხოვრების გამმწარებელ ადამიანად.

ახლა მინდა, რომ დაწყვილდეთ და ეს მოდელი თავად გამოსცადოთ. პირველ რიგში, შეგახსენებთ ინსტრუქციას.

სვიშ პატერნი

1. კონტექსტის იდენტიფიცირება.

„თავიდან გაარკვიეთ, თუ სად ხართ გაჭედილი. სად ან როდის გსურთ მოიქცეთ განსხვავებულად ან გქონდეთ ამჟამინდელისაგან განსხვავებული საპასუხო რეაქცია? შეგიძლიათ, აირჩიოთ რაიმე, მსგავსი ფრჩხილების კვნეტისა, ან შეგიძლიათ აირჩიოთ რაიმე, მსგავსი მეუღლეზე გაბრაზებისა.“

2. მოახდინეთ მაპროვოცირებელი სურათის იდენტიფიცირება.

„მინდა გამოარკვიოთ, თუ რას ხედავთ ზუსტად იმ მოქმედების დაწყების წინ, რომელიც არ მოგწონთ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანთა უმეტესობა ამ დროს „ავტოპილოტით“ მოქმედებს, შეიძლება, ამ ქმედების ფიზიკურად შესრულება დაგეხმაროთ მის აღმოჩენაში. ასე, თქვენ შეხედავთ, თუ როგორია ის.“ სწორედ ეს გავაკეთე ჯეკთან. მე მას მივატანინე ხელი სახის წინ და შემდეგ ეს სურათი გამოვიყენე. ვინაიდან, ეს ის სურათია, რომელიც პიროვნებისათვის არასასიამოვნო ქცევის სიგნალს წარმოადგენს, შეიძლება მასთან გარკვეული უსიამოვნებაც იყოს დაკავშირებული. რაც უფრო არასასიამოვნოა ის, მით უფრო კარგად იმუშავებს.

3. შექმენით შედეგის სურათი.

„ახლა შექმენით მეორე სურათი იმისა, თუ როგორ განსხვავებულად შეხედავდით თქვენს თავს, უკვე რომ მიღწეული გქონდეთ სასურველი შედეგისათვის. მინდა იქამდე დახვეწოთ ეს გამოსახულება, სანამ ის თქვენთვის რეალურად მიმზიდველი არ გახდება - ისეთი, რომელიც ძლიერად გიზიდავთ.“ როდესაც თქვენი პარტნიორი ამ სურათს შექმნის, მინდა მის რეაქციას დააკვირდეთ, რათა მის სახეზე აღმოაჩინოთ ის გამომეტყველება, რომელიც მოგითხრობთ, რომ რაღაც ნამდვილად ღირებულს ხედავს. თუ ასეთ რამეს ვერ დაინახავთ, არ მისცეთ მას ტექნიკის შესრულების საშუალება.

4. მოქნევა (The swish).

„ახლა მოახდინეთ ამ ორი სურათის „ჩაქროლება“. დაიწყეთ სიგნიფიკატორი სურათის დანახვა დიდი და ნათელი გამოსახულებით. შემდეგ მოათავსეთ მის ქვედა მარჯვენა კუთხეში პატარა, მუქი სურათი სასურველი შედეგისა. ეს პატარა, ბნელი სურათი გაიზრდება და განათდება და გადაფარავს პირველ სურათს, რომელიც, თავისხმრივ, დაბნელდება და დაპატარავდება, რაც შეიძლება სწრაფად. შემდეგ სწრაფადვე გაასუფთავეთ გამოსახულება, ან თვალები გაახილეთ. ეს ქმედება თავიდან ბოლომდე გაიმეორეთ 5-ჯერ. დარწმუნდით, რომ ყოველ ჯერზე მოახდინეთ გამოსახულების გასუფთავება ან თვალების გახელა.“

5. ტესტი.

ა. „ახლა წარმოიდგინეთ პირველი სურათი... რა ხდება?“ თუ სვიშ პატერნი ეფექტური აღმოჩნდა, ამის გაკეთება რთული იქნება. სურათი გაქრება და ჩანაცვლდება საკუთარი თავის იმ სურათით, რომელიც გსურთ რომ იყოთ.

ბ. გამოცდის სხვა საშუალებაა: იპოვეთ გზა, რომ შექმნათ ისეთი სიგნიფიკატორი, რომელიც წარმოდგენილი იყო თქვენი პარტნიორის სიგნალ-სურათად. თუ ეს თქვენი პარტნიორის საკუთარი ქცევაა, როგორც ეს ჯეკის შემთხვევაში იყო, სთხოვეთ, რომ ეს მოქმედება შეასრულოს. თუ ეს სურათი დაკავშირებულია ვინმესაგან სიგარეტის ან შოკოლადის შეთავაზებასთან, ან ყვირილთან, მინდა რომ შეასრულოთ ეს ქმედება თქვენს პარტნიორთან და დააკვირდეთ, თუ როგორ იქცევა ის და როგორი რეაქცია აქვს.
თუ ძველი ჩვეულება ისევ სახეზეა ტესტირების დროს, დაბრუნდით უკან და კვლავ გაიმეორეთ სვიშ პატერნი. დააკვირდით, თუ აღმოაჩენთ იმას, რაც გამოგრჩათ ან კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ ამ პროცესმა იმუშაოს. მე თქვენ გასწავლით ძალიან მარტივ ვერსიას ბევრად უფრო რთული მოდელისას. ვიცი, რომ ზოგიერთს შეკითხვები გაქვთ, მაგრამ მინდა, რომ სანამ შემეკითხებით, თავად სცადოთ. მას შემდეგ, რაც რეალურად გამოცდილი გექნებათ, თქვენი შეკითხვებიც მეტად საინტერესო იქნება. დაუთმეთ ამას დაახლოებით 15 წუთი თითოეულმა. დაიწყეთ.
...
როდესაც ოთახში დავდიოდი, შევამჩნიე, რომ უმეტესობა წარმატებულად ართმევდა თავს დავალებას. მოდით, ნუ ვილაპარაკებთ იმ შემთხვევაზე, როდესაც სირთულეს წააწყდით, თუმცა შემდეგ რაღაც საინტერესო აღმოაჩინეთ და საბოლოოდ ყველაფერი გამოგივიდათ. მინდა ისეთ შემთხვევებზე მომითხროთ, რომლის დროსაც ამ მეთოდმა არ გაამართლა.

110706063435 smoking story top- ემი: მინდა, რომ თავი დავანებო მოწევას, მაგრამ, როდესაც შედეგს ვცდიდით, მაინც დიდი სურვილი მაქვს მოწევის.

- კარგი. აღმიწერეთ თქვენი პირველი სურათი.

- ემი: მე ვხედავ საკუთარ თავს სიგარეტით პირში და ...

- შეჩერდით. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ სურათში საკუთარ თავს არ ხედავდეთ, ხოლო მეორე სურათში აუცილებლად უნდა ხედავდეთ. ეს საკვანძო ნაწილია, რომელიც ეფექტურს ხდის სვიშ პატერნს. პირველი სურათი უნდა იყოს ასოცირებული სურათი იმისა, რასაც საკუთარი თვალებით ხედავთ მოწევის დაწყებისას - მაგალითად, თქვენი ხელი, რომელიც იღებს სიგარეტს. როდესაც ამ სურათში საკუთარ სიგარეტიან ხელს უყურებთ, გრძნობთ მოწევის აუცილებლობას? თუ ეს მაშინ ხდება, როცა სიგარეტს ხედავთ? ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა, რომ ისეთი სურათი შექმნათ, რომლის დანახვისას მოწევის ძალიან დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ისეთი სურათი შექმენით, რომელიც მოწევისაკენ გიბიძგებთ. ეს შეიძლება იყოს სიგარეტის აღება, სიგარეტზე მოკიდება, ტუჩებთან მიტანა, ან ნებისმიერი რამ, რასაც ჩვეულებრივ აკეთებთ.

სცადეთ მთელი პროცედურა ამ სურათის გამოყენებით და პასუხი გამაგებინეთ.

- მამაკაცი: რომელ წიგნშია ეს პროცესი აღწერილი?

- არც ერთში. რატომ უნდა გასწავლოთ ისეთი რამ, რაც უკვე წიგნშიცაა? მოზრდილები ხართ და კითხვა შეგიძლიათ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მართლა იდიოტობაა დაწერო წიგნი და შემდეგ წახვიდე და წაუკითხო ის ხალხს სემინარზე. თუმცა, ადამიანთა უმეტესობა ზუსტად ამას აკეთებს და ზოგიერთი მათგანი ბევრ ფულსაც გამოიმუშავებს, ასე რომ, ვფიქრობ ამას რაღაც დანიშნულება მაინც აქვს.

- ქალი: ნლპ-ს წინა ტექნიკებში თქვენ ახდენდით ახალი, სპეციფიკური ქცევით ჩანაცვლებას, თუმცა ამ მეთოდში, უბრალოდ, უნდა მოხდეს იმის დანახვა, თუ როგორი განსხვავებული იქნებოდა ადამიანი, უკვე რომ შეცვლილი იყოს.

- მართალია. სწორედ ეს ხდის ამ მეთოდს ასეთ ნაყოფიერს. სპეციფიკური ქცევის ჩანაცვლების ნაცვლად, ქმნით მიმართულებას. თქვენ იყენებთ იმას, რასაც ხშირად „საკუთარ თავზე წარმოდგენას“ ეძახიან, რომელიც წარმოადგენს ძალიან ძლიერ მოტივატორს, მიმართულების მისაცემად.

როდესაც იანვარში ტორონტოში ვიყავი, ერთმა ქალმა მითხრა, რომ ჭიების ფობია ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ტორონტო წლის უმეტესი დროის განმავლობაში ყინულიანია, არ ვთვლიდი, რომ ეს დიდი პრობლემა უნდა ყოფილიყო, ასე რომ, ვუთხარი: „უბრალოდ, რატომ არ არიდებთ მათ თავს?“ მან მითხრა: „ეს არ შეესაბამება იმ სურათს, როგორი წარმოდგენაც საკუთარ თავზე მაქვს.“ ეს შეუსაბამობა მას ძალიან დიდ მოტივირებას უკეთებდა, იმდენად, რომ ჭიების შიში, სინამდვილეში, ამდენად დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა მისთვის. ეს ის შემთხვევაც კი არ იყო, რასაც მე „გამაღიზიანებელ ფობიას“ ვუწოდებ. ეს იყო „ვაიი!“-ფობია და არა „ვაიიიი!“-ფობია. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სათანადო მიმართულება მიცებული თავისი ტვინისათვის, მაგრამ საკუთარ თავზე წარმოდგენილი სურათი აიძულებდა, რომ ცდა გაეგრძელებინა. მე მას, რა თქმა უნდა, ვკითხე „თუ ამ ცვლილებას მოახდენდით, როგორ განსხვავებულად დაინახავდით საკუთარ თავს?“. ამ პატერნის ეფექტურობა, უმეტესად, დამოკიდებულია ამ კითხვისთვის პასუხის გაცემაზე. ეს პროცესი არ მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, ის გაგიშვებთ სპეციფიკური მიმართულებით. თუკი დაინახეთ საკუთარი თავი, რომ რაღაც კონკრეტულს აკეთებთ - თქვენ დააპროგრამებთ მხოლოდ ამ ერთ ახალ არჩევანს. თუკი ხედავთ საკუთარ თავს, როგორც პიროვნებას, სხვა ფასეულობებით, ამ ახალ პიროვნებას შეეძლება წარმოქმნას მრავალი ახალი სპეციფიკური შესაძლებლობები. როგორც კი ამ მიმართულებას დააყენებთ, ადამიანი დაიწყებს სპეციფიკური ქცევების გენერირებას იმაზე სწრაფად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

თუ მასთან ფობიის სტანდარტულ მკურნალობას გამოვიყენებდი, ჭიებზე საერთოდ არ იდარდებდა და ვერც კი შეამჩნევდა მათ. შეძლოთ, რომ ვიღაც, რაღაცის მიმართ უდარდელი გახადოთ, ძალიან ადვილია და ამის საკმარისი შემთხვევები ისედაც არსებობს სამყაროში. თუ მის მდგომარეობას ჩავანაცვლებდი რაიმე სპეციფიკური ქცევით, მაგალითად, ჭიების აკრეფით, მაშინ მას შეეძლებოდა ჭიების აკრეფა. თუმცა, არც ერთი არის ამ ცვლილებათაგან განსაკუთრებულად ღრმა, ამ ქალის ევოლუციასთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ უფრო საინტერესო ცვლილებებიც არსებობს, რომლის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია.

როდესაც მასთან სვიშ პატერნი გამოვიყენე, მივეცი ისეთი მიმართულება, რომლითაც მიუახლოვდა საკუთარ თავზე წარმოდგენას, როგორც უფრო კომპეტენტურ, ბედნიერ, უნარიან, საკუთარი თავის დამფასებელ, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ შეუძლია სწრაფად მოახდინოს საკუთარ ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები, როგორიც თავად სურს.

- ქალი: ვფიქრობ, რომ ეს გავიგე, მაგრამ ვცდილობ მოვარგო ის ნლპ-ს იმ „ღუზის ეფექტის“ ტექნიკებს, რომელიც აქამდე ვისწავლე. მაგალითად, არსებობს ტექნიკა, სადაც ქმნი სურათს, თუ როგორი გინდა რომ იყო, შემდეგ შეაბიჯებ ამ სურათში, რათა კინესთეტიკური შეგრძნებები მიიღო და ქმნი ამ მდგომარეობის ღუზას.

- მართალია. ეს ერთ-ერთი ძველი ტექნიკაა. მას აქვს სარგებელი, თუმცა ასევე აქვს გარკვეული ნაკლოვანებები. თუ ვინმეს აქვს ნამდილად ზედმიწევნითი და დეტალიზებული შინაგანი წარმოდგენა, შეგიძლიათ შექმნათ სპეციფიკური ქცევა, რომელიც ძალიან კარგად იმუშავებს. მაგრამ თუ უბრალოდ შექმნით სურათს, როგორიც გინდათ რომ იყოთ და შეაბიჯებთ მასში იმის შესაგრძნობად, თუ როგორია იქ ყოფნა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იმყოფებით იქ იმავე ხარისხით, ან იმას, რომ ამ გზით ბევრი ისწავლეთ. ეს არაჩეულებრივი გზაა, რომ პირადი ილუზია ააშენოთ და სადმე წასვლის საშუალებასაც არ მოგცემთ.

ადამიანები დადიან ისეთ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ნდობას ითხოვენ მაშინ, როცა არაკომპეტენტურნი არიან. ნდობის ნაკლებობა არის საპასუხო შედეგი შესაძლებლობებისა. თუ იყენებთ „ღუზის ეფექტს“ (Anchoring) იმისათვის, რომ ვინმეს თავი სანდოდ აგრძნობინოთ, ეს შეგრძნება უფლებას მისცემს მათ გააკეთონ ისეთი რაღაცები, რისი გაკეთება მანამდეც შეეძლოთ, თუმცა საკმარისად ნდობით აღჭურვილნი არ იყვნენ ამის საცდელად. ეს მათ შესაძლებლობებს ბევრად გაზრდის, მაგრამ ეს მხოლოდ ზედმეტ ნდობას შექმნის - ადამიანს, რომელიც ისევდაისევ არაკომპეტენტურია, მაგრამ ამას საერთოდ ვეღარ ამჩნევს! ასეთი ადამიანები მრავლადაა ირგვლივ და ისინი სხვებისთვის, ისევე როგორც საკუთარი თავისათვის, საშიშნი არიან. დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენად ბევრი ადამიანი სთხოვს თერაპევტს სანდოობას და რამდენად ცოტა - კომპეტენტურობას.

შეგიძლიათ ვინმე ისე შეცვალოთ, დაიჯეროს, რომ საუკეთესოა იმაში, რასაც აკეთებს, მაშინ, როცა საერთოდ ვერ აკეთებს ამ საქმეს კარგად. როდესაც ადამიანი თავს წარმოაჩენს, როგორც თვითდაჯერებულს, როგორც წესი, არწმუნებს სხვა ადამიანებს იმ შესაძლელობებში, რომელიც არ გააჩნია. ყოველთვის მაოცებდა ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, თუ „ექსპერტი“თავდაჯერებულად იქცევა, მან აუცილებლად იცის ის, რასაც აკეთებს. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც გექნებათ დაცულობის ცრუ შეგრძნება, შეიძლება გზადაგზა გარკვეულწილად კომპეტენტური ჩვევებიც შეიძინოთ.

- სად ხართ, ემი? დაამთავრეთ „სვიშ პატერნის“ ახალი სურათით შესრულება?

- დიახ.

- რამდენი ხანი დაგჭირდათ ამის 5-ჯერ გასამეორებლად?

- საკმაოდ დიდი დრო.

- ასეც ვიფიქრე. მინდა, რომ კიდევ გააკეთოთ ეს უფრო სწრაფად. თითოეულ ჯერზე მხოლოდ ერთი ან ორი წამი უნდა დაგჭირდეთ. სისწრაფე ამ მოდელის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ტვინი არ სწავლობს ნელა, ის სწრაფად სწავლობს. არ მოგცემთ საშუალებას არასწორად გააკეთოთ ეს ტექნიკა და მოგვიანებით მოხვიდეთ და თქვათ, „ოჰ, არ ამართლებს.“ გააკეთეთ ახლავე და მე დაგაკვირდებით. ყოველი „მოქნევის“ შემდეგ გაახილეთ თვალები...

ახლა წარმოიდგინეთ პირველი სურათი. რა ხდება? ...

- ემი: ახლა ის ქრება.

- გინდათ სიგარეტი? (ის იღებს სიგარეტის კოლოფს.)

- ემი: არა, გმადლობთ.

- არის კომპულსია? არ მადარდებს ახლა მოწევთ თუ არა. მინდა გავიგო არის თუ არა სახეზე ავტომატური მოთხოვნილება. რამდენიმე წუთის წინ თქვენ თქვით, რომ მოწევის მოთხოვნილება გქონდათ.

- ემი: ამ მომენტში არაფერი მიბიძგებს მოწევისაკენ.

- აი, ინებეთ სიგარეტი, ამოიღეთ ერთი ღერი და დაიჭირეთ ის თითებით. შეხედეთ მას, შეიქციეთ თავი.

როდესაც მორჩებით ცვლილების სამუშაოს, არ დაანებოთ თავი მის გატესტვას, მოახდინეთ ზეწოლა. სამყაროში არსებული მოვლენები მასზე ზეწოლას მოახდენენ რაიმე გზით, ასე რომ, იმდენად კარგად უნდა ეცადოთ ზეწოლას, რომ ამ გზებს მიაგნოთ. დიდ ინფორმაციას მოგაწვდით კლიენტის არავერბალურ რეაქციებზე დაკვირვება, იმაზე მეტსაც, ვიდრე ამას კითხვების დასმითა და მათზე პასუხის მიღებით მიიღებთ. (ემი ყნოსავს სიგარეტებს და მისი სახის გამომეტყველება სწრაფად იცვლება.) უუფს, აი ისევ, სიგარეტის სუნმა კვლავ დააბრუნა უკან კომპულსია. თავიდან უნდა დაიწყოთ და სვიშ პატერნი კვლავ გაიმეოროთ და ამ შემთხვევაში უკვე სიგარეტის სუნიც დაუმატოთ სიტუაციას. პირველ წარმოსახვით სურათზე, რომელშიც ხედავთ, რომ ვიღაც სიგარეტს გთავაზობთ, თქვენ შეიგრძნობთ მის სურნელს. მეორე სურათში კი დაინახავთ საკუთარ თავს, კმაყოფილს იმით, რომ გრძნობთ სიგარეტის სუნს და ამისდა მიუხედავად, არ გაქვთ მოწევის სურვილი. დაუბრუნდით საწყის ეტაპს და გააკეთეთ ეს ამგვარად.

neurolinguisticprogrammingswishამას „ზედმიწევნითობა“ ეწოდება. მათემატიკოსი უბრალოდ არ იღებს პასუხს და არ ამბობს, „მოვრჩი“. ის ამოწმებს საკუთარ პასუხებს ფრთხილად, რადგან თუ თავად არ გააკეთებს ამას, მაშინ სხვა მათემატიკოსი გააკეთებს! ამგვარი ზედმიწევნითობა თერაპიასა და განათლებაში ყოველთვის გამორჩენილია. ადამიანები ცდიან რაღაცას და შემდეგ 2 წლის განმავლობაში აწარმოებენ საკონტროლო სწავლებებს იმის გასარკვევად, ფუნქციონირებს ის თუ არა. თუ გულდასმით გადაამოწმებთ, აღმოაჩენთ, რასთან მიმართებაში მუშაობს ეს ტექნიკა და რასთან არა, ასევე აღმოაჩენთ სწორ გზას. ხოლო იქ, სადაც აღმოაჩენთ, რომ არ მუშაობს, სხვა ტექნოლოგია უნდა სცადოთ.

ის, რაც აქ გასწავლეთ, არის უფრო მრავლისმომცველი სვიშ პატერნის გამარტივებული ვერსია. ამის მიუხედავად, ზოგიერთი მაინც დაიბენით და გაუკვევლობაში ჩავარდით. სხვა გზა იმისა, რომ სვიშ პატერნი უფრო ზედმიწევნით გაიაროთ, არის მასში ყველა სისტემის ჩართვა, მაგრამ, როგორც წესი, უფრო ეკონომიურია ამის მხოლოდ ვიზუალური სისტემით გაკეთება და შემდეგ გულდასმით შემოწმება, იმის აღმოსაჩენად, თუ რისი დამატება გჭირდებათ კიდევ. ხშირად, აღარაფრის დამატებაა საჭირო. ან პიროვნებას არ სჭირდება ეს, ან თავად ამატებს საჭირო კომპონენტს ისე, რომ ვერც კი აანალიზებს ამას.

- ემი, რა ხდება ახლა, როდესაც სიგარეტს ყნოსავთ?

- ემი: განსხვავებული შეგრძნებაა. ჩემთვის რთულია იმის აღწერა, კერძოდ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება. ახლა, როცა სიგარეტს ვყნოსავ, მინდება, რომ ძირს დავდო ის, იმის ნაცვლად, რომ მოვწიო.

ტვინი არ სწავლობს შედეგის მიღებას, ის სწავლობს გარკვეული მიმართულებით სვლას. ემიმ ისწავლა ქცევის ერთი ნაკრები: „გინდათ სიგარეტი?“ – „დიახ“ – მოკიდება და გაბოლება. სკამებს არ შეუძლიათ ასეთი რამის სწავლა. საკმაოდ დიდი მიღწევაა ისწავლო რამე ისე საფუძვლიანად, რომ წლების განმავლობაში ვერავინ მოახდინოს მასზე გავლენა. მან ეს ესაა გამოიყენა იგივე შესაძლებლობა, რათა ესწავლა სხვა მიმართულებით წასვლა.

როდესაც დაიწყებთ საკუთარი ტვინის იმგვარად გამოყენებას, რომ მიიღოთ ის, რაც მისგან გსურთ, მოგიწევთ, გულდასმით დააწესოთ მიმართულება, საითაც გინდათ, რომ წავიდეს და ეს წინასწარ უნდა გააკეთოთ. იმდეგაცრუება არ არის ერთადერთი რამ, რომელიც ადეკვატურ დაგეგმვას საჭიროებს. სხვა დანარჩენსაც ასევე ესაჭიროება. ადეკვატური დაგეგმვის გარეშე, შეიძენთ კომპულსიას იმ მოვლენებისადმი, რომელთა გაკეთებაც არ გსურთ: აჩვენებთ თავს ძველ მოგონებებს და თავს ცუდად გრძნობთ მათ გამო, აკეთებთ რაღაცებს, რაც ანადგურებს თქვენს სხეულს, უყვირით ადამიანებს, ვინც გიყვართ, იქცევით თაგვივით, როცა გაბრაზებული ხართ...

ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა არა მაშინ, როცა სიტუაციაში ხართ. თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ საკუთარი თავი მოგვიანებით, ან შეგიძლიათ გააკეთოთ ეს წინასწარ. ტვინი არ არის შექმნილი შედეგის შესაქმნელად, ის სწავლობს გარკვეული მიმართულებით სვლას. თუ იცით, როგორ მუშაობს ტვინი, შეგიძლიათ დააწესოთ საკუთარი მიმართულებები. და თუ არ იცით, მაშინ ამას გააკეთებს ვინმე სხვა.

იმას, რაც ახლახან გასწავლეთ, ხშირად ვაკეთებ ერთ-ან ორდღიან სემინარებზე. „სტანდარტული“ სვიშ პატერნი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს შეუძლია აითვისოს და გამოიყენოს ის და ეს მეთოდი უფრო ხშირ შემთხვევაში გაამართლებს. თუმცა ეს მე არ მაძლევს რაიმე კომპეტენტურ გაგებას იმისას, თუ რას წარმოადგენს ამ მეთოდის ფუნდამენტი.

თუ ვინმეს კულინარიულ წიგნს მისცემთ, მას შეეძლება ტორტის გამოცხობა. მაგრამ თუ მას მისცემთ შეფ-მზარეულს, მას უკეთესი პროდუქტი გამოუვა. ნამდვილად კარგმა მზარეულმა ბევრი რამ იცის კულინარიული ქიმიის შესახებ, რაც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აკეთებს და რას აკეთებს. მან იცის, რა ფუნქცია აქვს კვერცხის ცილას და როგორ ასრულებს ის ამ ფუნქციას. შეფ-მზარეულისათვის ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთად ჩაყაროს და ათქვიფოს. მან იცის, რომ რაღაც ინგრედიენტები გელს გარკვეულ კონსისტენციას ანიჭებენ, გარკვეული ინგრედიენტების დამატება განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა მოხდეს და გარკვეული ინგერდიენტები ცვლიან პროდუქტის გემოს ამა თუ იმ გზით.

იმავე სიმართლეს შეესაბამება სვიშ პატერნიც, როცა მის გამოყენებას იწყებთ. პირველ ნაბიჯად, შეფად გახდომისათვის, მინდა გამოიყენოთ სვიშ პატერნი კვლავ, მაგრამ მინდა დააკვირდეთ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ერთ ელემენტს ცვლით. ბოლო ჯერზე ჩვენ გამოვიყენეთ ზომის, განათების და ასოციაცია/დისოციაციის სუბმოდალობები იმ ცვალებად ელემენტებად, რომლებიც მაშინ იცვლებიან, როდესაც ერთი სურათი მეორეს „ჩაუქროლებს“.

ამ ელემენტთაგან ორი, ზომა და განათება, ისეთი ელემენტებია, რომლებიც გარკვეული დიაპაზონის ფარგლებში იცვლება. ნებისმიერ რამეს, რაც შეიძლება თანდათანობით შეიცვალოს, ეწოდება ანალოგური ცვლადი. ასოციაცია/დისოციაცია არის ის, რასაც ჩვენ დიგიტალურ ცვლადს ვუწოდებთ, რადგან ან ერთი გვაქვს სახეზე, ან მეორე. თქვენ ან ცხოვრებისეული გამოცდილების შიგნით ხართ, ან მის გარეთ იმყოფებით, თქვენ არ განიცდით გარდამავალ ცვლილებებს ერთიდან მეორე მდგომარეობისაკენ. ასოციაცია/დისოციაცია ყოველთვის იქნება სვიშ პატერნის ერთი შემადგენელი ელემენტი. დანარჩენი ორი ანალოგი ელემენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ელემენტი, რომელსაც პიროვნებაზე ძლიერი ზეგავლენა აქვს.

aid4489318 v4 728px Do the NLP Swish Pattern Step 4ამ ეტაპზე, მინდა რომ ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც აქამდე იყო, მხოლოდ, გამოიყენეთ დისტანცია, ნაცვლად ზომისა. პირველი სურათი, რომლითაც ტექნიკას იწყებთ, უნდა იყოს ნათელი და ახლო დისტანციაზე მყოფი. მეორე სურათი, საწყის პოზიციაზე უნდა იყოს ბნელი და შორ დისტანციაზე მყოფი და შემდეგ სწრაფად უნდა მოვიდეს ახლო მანძილზე და ამასთანავე უნდა განათდეს, სანამ პირველი ფოტო შორ დისტანციაზე გაიწევა და ჩაბნელდება. ეს საკმაოდ მცირე ცვლილებაა და ზოგიერთი თქვენგანი განსხვავებას საერთოდ ვერ იგრძნობს, რადგან ზომა და დისტანცია ძლიერად არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისა, რომ გასწავლოთ სვიშ პატერნის გამოყენება უფრო სრული და მოქნილი გზით. გამოიყენეთ ამ ტექნიკის შესასრულებლად კვლავ 15 წუთი.

შეცვალა რამე თქვენთვის ზომის ნაცვლად დისტანციის გამოყენებამ? თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა სუბმოდალობა გამოიყენოთ სვიშ პატერნის შესასრულებლად, თუმცა ის მხოლოდ მაშინ გაამართლებს, თუ განსხვავება, რომელსაც იყენებთ, სუბიექტურად ძლიერად მოქმედებს იმ ადამიანთან ვისთანაც მუშაობთ. განათება და ზომა ეფექტურად მოქმედებს ადამიანთა უმეტესობაზე, ასე რომ, ის ვერსია, რომელიც გასწავლეთ, თავდაპირველად უმეტეს შემთხვევაში გაამართლებს. დისტანცია არის სხვა სუბმოდალობა, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი, ამიტომ გთავაზობთ მეორე შემთხვევად მის გამოყენებას. მაგრამ, თუ ზომა, განათება და დისტანცია არ არის მნიშვნელოვანი პიროვნებისათვის, მაშინ მოგიწევთ მოძებნოთ, თუ რომელი სუბმოდალობა მოახდენს მასზე გავლენას და სვიშ პატერნის ტექნიკას მათზე ააწყობთ.

რამდენიმე წლის წინ, სამ კლიენტთან ერთად მქონდა სეანსი ვიდეო-ჩანაწერებისათვის. პირველი კლიენტი იყო ქალი, რომელიც იტანჯებოდა „დანაკარგის წინათგრძნობით“. მიყვარს დასახელებები, რომლებსაც იგონებენ იმისათვის, რომ აღწერონ, როგორი არეულია ხალხი. როგორც აღმოჩნდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ როცა ქალს ჰქონდა შეხვედრა ვინმე მისთვის ახლობელთან და ეს ადამიანი ნახევარი საათით დააგვიანებდა, მას, როგორც თავად ამბობდა, პანიკური შეტევა ეწყებოდა. როდესაც ვკითხე, თუ რას ისურვებდა სესიისაგან, მან თქვა: - მე მაქვს პრობლემა შიშთან, რომელიც თითქმის უუნაროს მხდის გარკვეულ მომენტში. როდესაც ეს ხდება, მეწყება პანიკური შეტევები. მინდა, რომ მოვახდინო საკუთარი თავის დისტანცირება, რათა, როცა სიტუაციაში ვიქნები, აღარ გამოვცადო შიში იმ დოზით, რა დოზითაც განვიცდი. მინდა, რომ შევძლო საკუთარი თავის გაკონტროლება და უკეთესი გადაწყვეტილების მიღება.

როგორც კი მან ახსენა „დისტანცია“, თავად მომცა ნათელი მინიშნება, რომ დისტანცია მისთვის მნიშნელოვან სუბმოდალობას წამოადგენდა. ის ასევე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა ადამიანებზე, რომელიც მისთვის „ახლობლები“ იყვნენ და „ახლო ნათესავებზე“. შემდეგ, საუბრისას თქვა, „მინდა მათ გარკვეული დისტანცია მივცე - ვგულისხმობ, გარკვეულ დროს.“ ამ ქალთან, სვიშ პატერნი დისტანციის გამოყენებით გაცილებით ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ზომის გამოყენებით. ფაქტობრივად, ამის საწინააღმდეგოდ წავედი და ვცადე სტანდარტული სვიშ-მეთოდი, იმის დასადგენად, იმუშავებდა ის თუ არა. მან ძალიან სუსტი ზეგავლენა მოახდინა. შემდეგ გამოვიყენე დისტანცია და მან არაჩვეულებრივად გაამართლა.

სვიშ პატერნის რეალურად მაღალ დონეზე შესრულებისათვის მნიშვნელოვანია, რომ გულდასმით შეაგრვოთ ინფორმაცია, რომელიც გჭირდებათ და სათანადოდ ააწყოთ ის. როდესაც ვინმე ამბობს რაიმე ამის მსგავსს „მეტი ვიდრე ცხოვრება“, ან „გაზვიადება“, ეს საკმაოდ კარგი მანიშნებელია იმისა, რომ ამ პიროვნებისათვის ზომა წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლადს.

როდესაც ვინმე აღწერს შეზღუდვას, რომლის შეცვლაც სურს, დაგჭირდებათ, შეგეძლოთ ყურადღების მიქცევა იმისათვის, თუ როგორ მოქმედებს ეს კონკრეტული პრობლემა. გონებაში ყოველთვის ჩაბეჭდილი მაქვს, რომ ნებისმიერი რამ, რაც ადამიანს გაკეთებული აქვს, მიღწევაა, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად უაზრო ან მტკივნეულია ის. ადამიანები არ არიან ფსიქიკურად გატეხილები, ისინი მშვენივრად ფუნქციონირებენ! მნიშვნელოვანი შეკითხვა მხოლოდ ისაა, „როგორ მუშაობენ ისინი ახლა?“ რათა შეძლოთ დაეხმაროთ მათ იმუშაონ ისეთი გზით, რომ ეს მათთვის უფრო სასიამოვნო და სასარგებლო იყოს.

ერთ-ერთი რამ, რასაც ინფორმაციის შესაგროვებლად ვიყენებ, ის არის, რომ ვეუბნები კლიენტს, „მოდით, ვთქვათ, მე უნდა დავიკავო თქვენი ადგილი ერთი დღით. სხვა საკითხებთან ერთად, ამისათვის, მე უნდა შევისწავლო თქვენი შეზღუდვის პროცესი. როგორ გავაკეთო ეს? თქვენ უნდა მასწავლოთ მე, თუ როგორ შევიძინო ეს პრობლემა.“ როდესაც ვიწყებ იმის დაშვებას, რომ ეს არის მიღწევა - რაღაც, რაც ნასწავლია და შეიძლება, რომ ვინმე სხვამაც ისწავლოს - ეს მთლიანად ცვლის გზას, რომლითაც პიროვნებას შეუძლია სირთულეებთან გამკლავება და მათზე ფიქრი.

როდესაც ვკითხე ქალს, რომელიც მაშინ ვარდებოდა პანიკაში, როცა ადამიანები აგვიანებდნენ, ესწავლებინა ჩემთვის ამის გაკეთება, მან მითხრა:

- თქვენ იწყებთ საკუთარი თავისათვის ამის მსგავსი წინადადებების თქმას: „ისინი აგვიანებენ, შეიძლება აღარასოდეს მოვიდნენ.“

- ამას მოწყენილი ტონით, მონოტონურად ამბობთ?

- არა. ხმა იწყება ნელა, „მიეცი მათ კიდევ ნახევარი საათი.“ შემდეგ ჩქარდება და დროთა განმავლობაში ძალიან ახლო ხდება.

- გაქვთ ამ დროს რაიმე წარმოსახვითი სურათი?

- დიახ. ვხედავ პიროვნების სურათს შესაძლო ავარიისას, თითქოს ვდგავარ და გამადიდებელი შუშით ვუყურებ. სხვა შემთხვევაში ჩემი თვალებით დავყურებ მსოფლიოს და იქ არავინაა.

მაშასადამე, ამ ქალის შემთხვევაში, მას ესმის ხმა, რომელიც ჩქარდება და მაღლდება დროის გასვლასთან ერთად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხმა ამბობს, „ისინი არასოდეს მოვლენ“ და ქალი ქმნის ახლო დისტანციის, გადიდებულ სურათს ავარიაში მოხვედრილი ადამიანისას, ან საკუთარი თავისას, სადაც სრულიად მარტოა.

როდესაც ვთხოვე მას, შეექმნა ავარიის სურათი, აღმოვაჩინე, რომ დისტანციის მიახლოვებასა და დაშორებას ძალიან ძლიერი ეფექტი ჰქონდა. როდესაც განათება გამოვცადე, მან თქვა, „სიბნელე ქმნის შორ დიასტანციას“, რაც მომითხრობს, რომ განათებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ახლა მინდა, რომ დაწყვილდეთ და სთხოვოთ თქვენს პარტნიორს, იფიქროს შეზღუდვაზე - რაღაცაზე, რასაც თავად პრობლემად მოიაზრებს და შეცვლა უნდა. ამჯერად, არ მინდა რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ, მინდა მხოლოდ გაარკვიოთ, თუ როგორ მუშაობს ეს მიღწევა. გამოიყენეთ ეს მოდელი: უთხარით კლიენტს, “მოდით, ვთქვათ, რომ მე უნდა დავიკავო თქვენი ადგილი ერთი დღით. მასწავლეთ, რა გავაკეთო.“ გააკეთეთ იგივე რამ, რასაც იმის გასარკვევად აკეთებდით, თუ როგორ ახდენდა ადამიანი საკუთარი თავის მოტივირებას რაიმეს გასაკეთებლად.

ყველა შემთხვევაში, როდესაც ვინმეს აქვს კომპულსია გააკეთოს ისეთი რამ, რაც არ უნდა რომ გააკეთოს, ამ დროს, შინაგანად რომელიღაც მაჩვენებელი გარკვეულ ნიშნულს აღწევს. რაღაც უნდა გახდეს უფრო დიდი, ნათელი ან ხმამაღალი, ან ტონი იცვლება, ან ტემპი ჩქარდება ან ნელდება. მინდა აღმოაჩინოთ, თუ როგორ აღწევს ეს ადამიანი კონკრეტულ შეზღუდვას. თავიდან ჰკითხეთ მას, როდის ხდება ეს და შემდეგ ჰკითხეთ, თუ როგორ აკეთებს ამას. რას აკეთებს შინაგანად, რაც მის საპასუხო რეაქციას წარმოქმნის? როდესაც იფიქრებთ, რომ მოახდინეთ გასაღები-სუბმოდალობის იდენტიფიცირება, შეამოწმეთ ის, სთხოვეთ პარტნიორს, ცვალოს ამ სუბმოდალობის ნიშნული დროდადრო და დააკვირდით, თუ როგორ იცვლება პიროვნების საპასუხო რეაქცია. შემდეგ სთხოვეთ მას შექმას სხვა სურათი და კვლავ ცვალეთ სუბმოდალობის ნიშნული, იმის გასაგებად, თუ შეცვლის ეს ქმედება მის საპასუხო რეაქციას სხვა სურათთან მიმართებაშიც. აღმოაჩინეთ საკმარისი რამ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ეს, იმვგარად, რომ თუ დაგჭირდებათ, თავადაც გამოიყენოთ ეს შეზღუდვა. როდესაც ამ ინფორმაციას მოიპოვებთ, ზედმიწევნით გეცოდინებათ, თუ როგორ გამოიყენოთ სვიშ პატერნი ამ პიროვნების სასიკეთოდ. არ გამოიყენოთ სვიშ მოდელი, უბრალოდ, ინფორმაცია შეაგროვეთ. დაუთმეთ ამას ნახევარი საათი.

- მამაკაცი: ჩემს პარტნიორს აქვს 2 სურათი, რომლებიც წარმოაჩენენ 2 სხვადასხვა მდგომარეობას: სასურველსა და არასასურველს. ერთ მათგანში ის ხედავს მკვეთრ მოძრაობებს და მეორეში მოძრაობები რბილი და დახვეწილია.

- კარგი. ქმნის ეს სურათები ისეთ რამეს, რასაც ის სირთულედ მოიაზრებს? - ეს იყო ჩემი კითხვა. მე არ მიკითხავს იმის შესახებ, თუ საით უნდა ადამიანს წასვლა: მე მხოლოდ ის ვიკითხე, თუ როგორ ქმნის ის სირთულეს. მაგალითად, ქალი, რომელსაც პანიკური შეტევა ჰქონდა, მონოტონური მდგომარეობიდან თანდათან გიჟურ მდგომარეობამდე მიდიოდა. ის ამ ყველაფერს სურათითა და ხმით იწყებდა. შემდეგ ხმა ხდებოდა უფრო მაღალი და ახლო და სურათიც უფრო და უფრო ახლო.

- მამაკაცი: ჩემს პარტნიორს აქვს გადაუდელობის შეგრძნება...

- რა თქმა უნდა. ეს არის კომპულსიის შეგრძნება, მაგრამ როგორ ქმნის ამ შეგრძნებას? რა არის კრიტიკული სუბმოდალობა? იმის ცოდნა გჭირდებათ, თუ „როგორ ახდენს ეს პიროვნება ერთი ცნობიერი მდგომარებიდან მეორეში გადასვლას?“

- მამაკაცი: მისთვის სიტუაციას ცვლის სურათის მის ირგვლივ განთავსება. ის ქაჩავს სურათს თავისკენ და ათავსებს მას თავის გარშემო, შემდეგ აბიჯებს მასში და უყურებს მას საკუთარი თვალებით.

- კარგი. აი, როგორ ვარდება ის იმ მდგომარეობაში, რომელშიც ყოფნა არ უნდა.

- მამაკაცი: დიახ. თავიდან ის ამ დგომარეობაში შედის და შემდეგ დისოცირებას ახდენს სურათიდან გამოსვლით, ათავსებს სურათს თავისი ხედვის მარცხენა მხარეს, თავისგან მოშორებით და მისგან რამდენიმე ფუტის დაშორებით დგება.

- კარგი. გამოდის, რომ კრიტიკული სუბმოდალობა ასოციაცია/დისოციაციაა. დიდი არჩევანი არ გვაქვს, ასე რომ აქ განმეორებით შემთხვევებსაც შევხვდებით. აბა, დანარჩენებმა სხვა რომელი კრიტიკული სუბმოდალობა აღმოაჩინეთ?

- ქალი: სურათის სიფართე, განათებასთან ერთად. როდესაც სურათი ვიწროვდებოდა და ბნელდებოდა, ის თავს შებოჭილად გრძნობდა.

- ამას აქვს დატვირთვა. თუკი ვიწრო სურათებს შექმნით, თავს შეზღუდულად იგრძნობთ.

- ქალი: რასაც ის აკეთებდა, სინესთეზიის მსგავსი იყო. (სინესთეზია - მოვლენა, როდესაც გრძნობის ერთი ორგანოსათვის დამახასიათებელ შეგრძნებას თან ერთვის სხვა გრძნობის ორგანოსათვის დამახასიათებელი შეგრძნება, მაგ. წითელი გემო. მთარგმნ. შენიშვნა.)

- ეს ყველაფერი სინესთეზიის საშუალებით მუშაობს. აი, რის ექსპერიმენტირებას ვახდენთ. იფიქრეთ ამაზე. როდესაც ცვლით სურათის განათებას, ეს შეცვლის თქვენი გრძნობების ინტენსივობას. ეს ყველაფერი სინესთეზიაა. ჩვენ იმის ცოდნა გვჭირდება, თუ როგორ არიან ისინი დაკავშირებულნი ერთმანეთთან, ასე ჩვენ შეგვეძლება ამ კავშირით სვიშ მეთოდის აწყობა.

კონკრეტული პიროვნებისათვის რომ სვიშ მეთოდი ააწყოთ, უნდა გაარკვიოთ აძლიერებს თუ არა სურათის შევიწროვება მის რეაქციას და ასევე, აძლიერებს თუ არა სურათის დაბნელება მის რეაქციას. შეიძლება სიტყვა „შეზღუდულობას“ იმის გამო იყენებს, რომ არ მოსწონს ის კონკრეტული არჩევანი, რომელიც ამ სურათში აქვს დარჩენილი. თუ ის ხედავს არჩევანს, რომელიც მოსწონს და სურათი ვიწროვდება, მან შეიძლება ეს შეგრძნება აღწეროს, როგორც „მიზანმიმართულობა“ ან „ენთუზიაზმი“. თუ სურათის შევიწროვება და დბნელება მის საპასუხო რეაქციას გააძლიერებს, შეგიძლიათ მასთან სვიშ პატერნი დაიწყოთ ვიწრო, ბნელი „პრობლემური მდგომარეობის“ სურათით, რომელიც ხდება უფრო ფართო და ნათელი და ამავდროულად მისი სასურველი მდგომარეობის სურათი ხდება უფრო ვიწრო და ბნელი. ეს უმეტესი თქვენგანისათვის უცნაურად ჟღერს, თუმცა მუდამ გქონდეთ გონებაში, რომ ყველას ტვინი როგორღაც განსხვავებულადაა კოდირებული. სვიშის მოდელს ის ხდის დახვეწილს, რომ ისე უნდა მოხდეს მისი დიზაინირება, რომ კონკრეტულმა ტვინმა ძლიერი საპასუხო რეაქცია იქონიოს მასზე.

NLP person 640 400x239კიდევ ერთი ალტერნატივა ისაა, რომ ამ სურათის გაჯერება არჩევანთა მცირე რაოდენობით ინტენსიურს ხდის მის შეზღუდულობის შეგრძნებას, მაგრამ ისეთი გამოსახულების შექმნა, სადაც მას ფართო არჩევანი აქვს, უფრო ძლიერ რეაქციას იწვევს, თუ ამ გამოსახულებას გააფართოვებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შეავიწროვოთ პრობლემის სურათი ერთ ხაზამდე და სასურველი სურათი გახსნათ და გააფართოვოთ ამავე ხაზიდან. ასე რომ,უნდა დაუბრუნდეთ დასაწყოსს და გაარკვოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს მანამ, სანამ მისთვის სვიშ მოდელის საუკეთესო დიზაინს არ შექმნით.

მე თქვენ ამ შესაძლებლობების შესახებ გიამბობთ, თქვენ კი იწყებთ იმის გაგებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შექმნათ ცვლილების მეთოდი, რომელიც ინდივიდუალურად მორგებული იქნება თითოეულ პიროვნებაზე. თქვენ გსურთ შექმნათ მიმართულება, სადაც ძველი პრობლემური სურათი მიიწევს გამოსავალისაკენ, ხოლო გამოსავალი სურათი ზრდის საპასუხო რეაქციის სიძლიერეს.

- მამაკაცი: ჩემს პარტნიორს ჰქონდა სურათი ორმაგი ჩარჩოთი - ერთი ჩარჩო თეთრი იყო, ხოლო მეორე - შავი, თავად სურათი კი ნაცვლას სწორად დგომისა, დახრილი იყო. სურათის ზედა ნაწილი იხრება გვერდულად მაშინ, როცა ის პანიკაშია.

- რა იცვლება? ასწორებს ის სურათს გარკვეულ მომენტში? თუ სურათი გვერდულად იხრება და საზღვრები აქვს, მაშინ ეწყება პანიკა?

- მამაკაცი: არა, სურათი უბრალოდ იქაა.

- უბრალოდ იქ ვერ იქნება, საიდანღაც უნდა მოვიდეს. ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ ის, თუ რა შეიცვალა. როდესაც თქვენი პარტნიორი თქვენ მიერ აღწერილ სურათს იღებს, ის პანიკდება, თუმცა სურათის საწყისი მდგომარეობა განსხვავებული უნდა იყოს. იმედი მაქვს, მთელი თავისი დროის განმავლობაში პანიკაში არაა! როგორ ხვდება ის ამ მდგომარეობაში? საქმე სურათის დახრილობის კუთხის შექმნაშია? თუ სურათი დაფიქსირებულია და სხვა რაღაც იცვლება?

- მამაკაცი: გამოსახულება იწყება ჩვეული ვერტიკალური მდებარეობით და როგოც კი სიტუაცია იცვლება, ის დაქანებული ხდება.

- ანუ, ის ამას სურათის გადახრით აკეთებს და როცა გადახრა კონკრეტულ ნიშნულს მიაღწევს, მას პანიკა ეწყება. აქვს სურათს ორმაგი ჩარჩო მაშინ, როცა ის ვერტიკალურ მდგომარეობაშია?

- მამაკაცი: დიახ.

- გამოდის, რომ ჩარჩო არ არის კრიტიკული ელემენტი, ის უბრალოდ იქაა. ხდება კიდევ რამე სურათის გვერდზე გადახრისას? იცვლის ის განათებას, ან რაიმე მსგავსს? იცვლება გამოსახულების სიჩქარე?

- მამაკაცი: არა. ხმაც ასევე ბუნდოვანი და ზუზუნა ხდება.

- და დარწმუნებული ხართ, რომ ვიზუალურად სხვა არაფერი იცვლება?

- მამაკაცი: არა.

- კარგი. მიხარია, რომ დარწმუნებული არ ბრძანდებით. ისე ჩანს, რომ მხოლოდ სურათის გადახრა, არ უნდა იყოს საკმარისი. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ მას და ჰკითხოთ. სთხოვეთ მას შექმნას რაიმე სხვა სურათი, გადახარეთ ეს სურათიც გვერდულად და ნახეთ რა მოხდება. თუ ნებისმიერი სურათის უბრალოდ გვერზე გადახრა საკმარისია იმისათვის, რომ „ბალანსის მდგომარეობიდან“ გამოვიდეს და დაპანიკდეს, შეგიძლიათ გადაახრევინოთ პირველი სურათი გარკვეულ ხაზამდე ხოლო მეორე, სამიზნე-სურათი იმავე ხაზიდან ვერტიკალური მდგომარეობისაკენ გადახაროთ. ან შეგიძლიათ, გადახაროთ პირველი სურათი გვერდულად და შემდეგ გადმოაბრუნათ ის, რათა მის მეორე მხარეს მეორე, სამიზნე-სურათის გამოსახულება გამოჩნდეს. მართეთ ის სათანადოდ! გინახავთ ვიდეო-ეფექტები ტელევიზორში, რომელშიც კვადრატის ფიგურა იზრდება და შემდეგ ტრიალდება? როგორც კი ტრიალდება, ეს მოქმედება სხვა სურათის გამოჩენით სრულდება. თქვენც ამგვარად უნდა გააკეთოთ. იწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ უნდა ააგოთ სვიშ მოდელი, რომ განსაკუთრებულად ეფექტური აღმოჩნდეს კონკრეტული პიროვნებისათვის?

- მამაკაცი: ჩემი პარტნიორის პრობლემა გამოწვეული იყო იმით, რომ დაკარგა იმის უკანა ფონი, რასაც უყურებდა. ეს დაიწყო უკანა ფონზე ბევრი ადამიანის გამოჩენით და როდესაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ის მთლიანად დაქრა და იქ მხოლოდ ადამიანების გამოსახულება დარჩა.

- რისი ცვლილება მოხდა, ფოკუსის თუ მხედველობითი არის სიღრმის?

- მამაკაცი: ის უბრალოდ გაქრა. ვფიქრობ, დეფოკუსირება მოხდა.

- თუმცა, მხედველობითი ცენტრი გარკვეულად ჩანს?

- მამაკაცი: ის ნორმალურად გამოიყურება, არ შეცვლილა.

- ჰგავს ეს გამადიდებელი ლინზით ყურებას? იმ ლინზით, რომელშიც ერთ ნაწილს გარკვევით ხედავთ, ხოლო დანარჩენს ბუნდოვნად. ამის მსგავსია ის, რაზეც თქვენ საუბრობთ?

- მამაკაცი: არა, ასე არ არის. თითქოს, მან ნიღაბი გადააფარა ყველაფერს, გარდა მასში მყოფი ადამიანებისა და ყველაფერი გაქრა.

- და ადამიანები არაფერზე დგანან?

-მამაკაცი: ვფიქრობ, რომ სკამები და საგნები, რაზეც ადამიანები ისხდნენ, უნდა ჩანდეს სურათში, მაგრამ სხვა დანარჩენი, რაც ოთახშია, გაქრა. კონცენტრაცია აშკარად ადამიანებზეა.

- კარგია, მაგრამ თქვენ არ იცით, როგორ მოხდა ამის გაკეთება, ფოკუსით თუ რით?

- მამაკაცი: არა, ეს არ ვიცი.

- ამ ნაწილის ცოდნა დაგჭირდებათ. უნდა იცოდეთ, თუ როგორ ჩნდება გარდაქმნა და ასე შეგეძლებათ ამ მეთოდის გამოყენება - ერთი ნებისმიერი სურათიდან მეორესაკენ გადასვლა.

- ქალი: ადამიანს, რომელთანაც ვმუშაობდი, ჰქონდა უძრავი სლაიდი, ყველანაირი მოძრაობისა და ფერის გარეშე. როდესაც ის პირველად ხედავს სურათს, საუბრობს საკუთარი ხმით და ეს არის საშუალო ტონალობის ხმა, „ჰმმმმ, ცუდი არ არის“, ინტონაციის მონაცვლეობით. შემდეგ, ხმა ძალიან სწრაფად იცვლება და ხდება მონოტონური და დაბალი. სწორედ ამ მდგომარეობაში გრძნობს ის თავს ცუდად.

- სურათი უცვლელად რჩება? საერთოდ არ იცვლება? ცოტათი მიჭირს იმის დაჯერება, რომ მაშინ, როდესაც მისი ხმა, ტემპი და სიჩქარე იცვლება, ეს სლაიდი უცვლელად რჩება - რომ განათება, ან რაიმე სხვა, საერთოდ არ იცვლება, რადგან ასეთი შემთხვევა არ მქონია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია, თუმცა, მიმაჩნია, რომ უჩვეულოა. მოდით, ჩავთვალოთ, რომ ის უყურებს სურათს და უბრალოდ, ელაპარაკება საკუთარ თავს ერთი მდგომაეობიდან მეორეში გადასვლისას, ხმის შეცვლით. ეს იმუშავებს. თქვენ ასევე დაგჭირდებათ სხვა აუდიალური პარამეტრი, რათა აუდიალური სვიშ მეთოდი განახორციელოთ. შესაძლოა, ტემბრი შეიცვალოს. როგორც წესი, ერთზე მეტი პარამეტრი უნდა იცვლებოდეს.

- მამაკაცი: თუ ეძებთ სხვა ცვლადს და შეძლებთ მის სხვა მოდალობაში პოვნას, ისე რომ , გაქვთ ერთი ვიზუალური და ერთი აუდიალური სუბმოდალობა, იმუშავებს ეს?

- შესაძლოა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამის გაკეთება არ გჭირდებათ. ამის გაკეთება შეგიძლიათ, თუ მართლა ვერ შეძელით იმავე სისტემაში მეორე სუბმოდალობის მონახვა. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვუსვამ ხაზს ვიზუალურ სისტემას, ისაა, რომ მას აქვს ერთდროულობის შესაძლებლობა. თქვენ ადვილად შეგიძლიათ 2 განსხვავებული სურათის ერთდროულად დანახვა. აუდიალური სისტემა მეტად თანმიმდევრულია. რთულია ერთდროულად მიაპყრო ყურადღება 2 სხვადასხვა ხმას. შეგიძლიათ სვიშ პატერნის აუდიალურად ჩატარება, თუმცა მას ცოტათი სხვაგვარად უნდა მიუდგეთ. თუ ისწავლით ვიზუალური სისტემის გამოყენების უზადოდ შესრულებას, როდესაც აუდიალურ სისტემასთან მუშაობას დაიწყებთ, ადაპტირება უფრო გაგიადვილდებათ.

- მამაკაცი: ეს იმის გამო გკითხეთ, რომ ჩემი პარტნიორის შემთხვევაში სურათი იცვლება, მაგრამ მაშინ, როდესაც ის ამ სურათში შეაბიჯებს, საკუთარი ხმა ესმის. მე მაინტერესებს, სვიშის გამოყენებისას, გამოიწვევს თუ არა აუდიალური ნაწილის დამატება მის მჭიდროდ დახურვას?

- დიახ. „მჭიდროდ დახურვა“ ძალიან კარგია მიდგომაა, ამაზე საფიქრად. თუკი სვიშ ტექნიკას მხოლოდ ერთი სუბმოდალობის გამოყენებით გააკეთებთ, ეს დაახლოებით ჰგავს 2 ფიცრის ერთმანეთზე მხოლოდ ერთი მხრიდან დაჭედებას. ფიცრების ერთმანეთთან მტრედის კუდის მაგვარი შეერთებისას, ლურსმნები და ხრახნები ორივე მხრიდან ერთდროულად გამოდის. თუ მხოლოდ ერთი მხრიდან ჩააჭედებთ, მხოლოდ ერთი მხარე დაიჭერს ფიცარს, ხოლო თუ მხოლოდ მეორე მხრიდან ჩააჭედებთ, მხოლოდ ეს მეორე მხარე დაიჭერს. აი, ამიტომაა მნიშვნელოვანი გამოიყენოთ 2 ძლიერი სუბმოდალობა ერთდროულად სვიშ პატერნის გაკეთებისას. ჩვეულებრივ, ადამიანები თავისით ერთ სუბმოდალობაზე მეტს არ ცვლიან და თქვენ, ერთდროულად მინიმუმ 2 სუბმოდალობა მაინც უნდა გამოიყენოთ რათა მისი განეიტრალება მოახდინოთ.

NLP mind picთუ თქვენ ვიზუალური სვიშ მოდელით ხართ დაკავებული და აუდიალური კომპონენტებიც იჩენს თავს, როგორც წესი, პიროვნება აუდიალურ ცვლილებებს გაუცნობიერებლად წარმოგიჩენს მაშინ, როდესაც ამ ორი სურათის შესახებ მოგიყვებათ. შემდეგ, როდესაც თქვენ მას ეტყვით, რომ შექმნას სურათი, შეგიძლიათ, რომ თქვენი ხმის საშუალებით შექმნათ აუდიალური ცვლილებები, ამის ხმამაღლა აღნიშვნის გარეშე. იმისათვის, რომ ეს კარგად გააკეთოთ, უნდა შეძლოთ ვიღაც სხვისი ხმით საუბარი.
უნარი, შეძლოთ სხვა ადამიანის ხმის იმიტაცია, მხოლოდ პრაქტიკის საკითხია და ეს არის ტალანტი, რომლის სწავლაც ნამდვილად ღირებულია ამ საქმის კეთებაში. გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ზედმიწევნით არ უნდა ემთხვეოდეთ ვინმეს, უბრალოდ უნდა გამოიმუშაოთ რამდენიმე განსხვავებული მახასიათებელი. მხოლოდ იმდენი გესაჭიროებთ, რომ თუ ვიღაცას მასთან მიმსაგვსებული ხმით ესაუბრებით, ვერ მიხვდეს, თავად საუბრობს თუ თქვენ. არსებობს ძველი პატერნი,“მე შევედი შიგნით და ვუთხარი შენს თავს...“ ბევრჯერ გამომიყენებია ეს სემინარებზე, მაგრამ ძალიან ცოტას შეუნიშნავს ეს.

მინდა, რომ ისევ დაუბრუნდეთ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც რამდენიმე წუთის წინ მუშაობდით და აღმოაჩინოთ ერთი ან ორი ანალოგი სუბმოდალობა, რომლებიც ძალიან მიშვნელოვანია შეზღუდულობის შესაქმნელად. ზოგიერთ თქვენგანს უკვე აქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ უმეტესობას - არა.

შემდეგ, მინდა, რომ მოიპოვოთ მეორე სურათი, თუ როგორ დაინახავდა ეს პიროვნება საკუთარ თავს, ეს შეზღუდვა რომ არ ჰქონდეს. ეს სურათი უნდა იყოს დისოცირებული, ხოლო პირველი სურათი - ყოველთვის ასოცირებული. ასოცირება პირველ ფოტოში და დისოცირება მეორე ფოტოში, ყოველთვის იქნება სვიშ პატერნის ერთი ელემენტი.
შემდეგ ააგებთ სვიშ პატერნს ორი ანალოგი სუბმოდალობით, რომელთა იდენტიფიცირებაც მოახდინეთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვნების, (ნაცვლად ზომისა და განათებისა, რომელსაც სტანდარტულ სვიშ პატერნში იყენებთ.) თავიდან, შეაქმნევინეთ თქვენს პარტნიორს გასაღები-სურათი, იმ ნებისმიერი სუბმოდალობის გამოყენებით, რომელიც ძლიერ საპასუხო რეაქციას გაძლევთ (დიდი, ნათელი სურათი). შემდეგ, შეაქმნევინეთ მას დისოცირებული სურათი იმ დგომარეობისა, რომელიც სურს, რომ ჰქონდეს, პირველ სურათში არსებული სუბმოდალობების საწინააღმდეგო მაჩვენებლების გამოყენებით (პატარა, ბნელი სურათი). როდესაც სვიშის პროცესს მოახდენთ, სუბმოდალობები ისე შეიცვლება, რომ მოახდენენ პირველი სურათის საპასუხო რექციის შესუსტებას და ამავდროულად, მეორე სურათის საპასუხო რეაქციის გაძლიერებას. მოანდომეთ ამას დაახლოებით ნახევარი საათი...

რაც თქვენ გააკეთეთ, სვიშ მეთოდის დახელოვნებულად და უზადოდ გამოყენების საფუძველს წარმოადგენს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, უბრალოდ სტანდარტული სვიშ პატერნის გამოყენება სცადოთ. თუ ეს არ გაამართლებს, შეგიძლიათ განსხვავებული მიდგომა სცადოთ და ასე გააგრძელოთ მანამ, სანამ არ იპოვით იმას, რაც მუშაობს. ეს ნამდვილად იმაზე უკეთესია, ვიდრე სხვა რამის ცდაზე უარის თქმა. მაგრამ ყველაზე კარგია, თუ შეაგროვებთ ინფორმაციას ისეთი დოზით, რომ ზუსტად იცოდეთ რასაც აკეთებთ და თავიდანვე იწინასწარმეტყველებთ, რა გაამართლებს და რა - არა. გაქვთ რაიმე შეკითხვა?

- მამაკაცი: როგორ უნდა მოვიქცეთ იმ კლიენტთან, რომელსაც არ აქვს შინაგანი პროცესების მაღალი გაცნობიერებულობა? როდესაც ზოგიერთ ჩემს კლიენტს ვეკითხები, როგორ აკეთებენ ამათუიმ მოვლენას შინაგანად, ისინი, უბრალოდ, მხრებს იჩეჩენ და ამბობენ, „არ ვიცი“.

- რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. პირველი ისაა, რომ შეგიძლიათ მანამ დაუსვათ შეკითხვები, სანამ ყურადღებას არ მიაქცევენ შინაგან მოვლენებს. მეორე შესაძლებლობაა, დაუსვათ ძალიან ბევრი შეკითხვა და დააკვირდეთ მათ არავერბალურ „დიახ/არა“ საპასუხო რეაქციებს. შეეკითხეთ, „ესაუბრებით საკუთარ თავს?“ და დააკირდით მის რეაქციას, ვიდრე ის „არ ვიცის“ იტყვის. ეს ტექნიკა სრულად არის განხილული წიგნში „ტრანსფორმაციები“.

კიდევ, შეგიძლიათ შექმნათ პრობლემური სიტუაცია და დააკვირდეთ ამ პიროვნების ქცევას. ყველა სუბმოდალობის ცვალებადობის გამოვლენა ხდება გარეგნულ ქცევაში. მაგალითად, როდესაც ვიღაც შინაგანად სურათს ანათებს, თავს უკან და მაღლა სწევს. თუ დააკვირდებით ადამიანებს, როდესაც მათ სუბმოდალობების ცვლილებებს სთხოვთ, შეგიძლიათ მოახდინოთ მათი სკალირება გარეგან ქცევასთან მიმართებაში, ამას ჩვენ „სუბმოდალობებთან წვდომის გასაღებს“ ვუწოდებთ. შემდეგ შეგეძლებათ გამოიყენოთ ეს ცვლილებები იმის დასადგენად, თუ რას აკეთებს პიროვნება შინაგანად, მაშინაც კი, თუ თავად ვერ აცნობიერებს ამას. მე ყოველთვის ვიყენებ ამ სკალირებას, როგორც შესამოწმებელ საშუალებას, იმის გასაგებად, აკეთებს თუ არა კლიენტი იმას, რასაც მე ვთხოვ.

რაც უფრო მეტი იცით იმაზე, თუ როგორ მუშაობს ცვლილება და რაც უფრო კარგად ახდენთ ქცევათა სკალირებას, მით უფრო შეუმჩნევლად შეგიძლიათ რაღაცების კეთება. მაგალითად, ზოგჯერ ადამიანს უწევს სვიშ პატერნის რამდენიმეჯერ გამეორება. შეგიძლიათ სთხოვოთ მას ამის გაკეთება ერთხელ და შემდეგ ჰკითხოთ მას, „სწორად გააკეთეთ ეს?“ იმისათვის, რომ პასუხი გაგცეთ, მან კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროს მოქმედება გონებაში. შემდეგ, შეგიძლიათ ჰკითხოთ, “დარწმუნებული ხართ, რომ სწორად გააკეთეთ?“ და ის ამ ქმედებას ისევ გაიმეორებს შინაგანად. ის ამას უფრო სწრაფად და ადვილადაც კი გააკეთებს, რადგან გაცნობიერებულად არ ცდილობს მის გაკეთებას.

- ქალი: გაქვთ ამ მეთოდის ეფექტურობის გრძელვადიანი საკონტორლო კვლევები?

- მე უფრო დაინტერესებული ვარ 20-წუთიანი საკონტროლო კვლევებით.

გრძელხნიანი კვლევების ერთადერთი ღირებული მიზეზი, ესაა - თუ თქვენ ვერ განსაზღვრავთ, რომ ადამიანი თქვენს კაბინეტში შეიცვალა. აი, რაზე დაფიქრდით: თუ თქვენ მოახდინეთ ვინმეს ცვლილება და ის შეცვლილი დარჩა 5 წლის განმავლობაში, რას ამტკიცებს ეს? ეს არაფერს ამბობს იმაზე, ღირებულია თუ არა ეს ცვლილება და გაგრძელდება თუ არა ის უფრო დიდხანს. როგორც ხედავთ, შეძლოთ, რომ გაუქროთ ქალს ჭიების ფობია, ან შოკოლადის ჭამის დაუძლეველი სურვილი, დიდი მიღწევა არ არის, მაშინაც კი, თუ ეს მისი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანი რამ, რაც სვიშ პატერნის შესახებ უნდა გაიგოთ, ისაა, რომ ის აყენებს ადამიანს იმ მიმართულებით, რომელიც პროდუქტიული და ევოლუციურია. როდესაც ვაწარმოებდი გრძელვადიან საკონტროლო კვლევებს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც სვიშ პატერნი გამოვიყენე, როგორც წესი, ვიგებდი, რომ ცვლილებები, რომლებიც მე ამ ადამიანებში მოვახდინე, გახდნენ სხვა, მათთვის სასურველი ცვლილებების საფუძველი. სვიშ პატერნი არ ეუბნება ადამიანებს, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ის მათ ატარებს იმ ცვლილებების მიმართულებით, საითაც ადამიანები ისეთები ხდებიან, როგორიც თავად სურთ რომ იყვნენ. ჩემთვის, ამ მიმართულების დანერგვა წარმოადგენს იმის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რაშიც საერთოდ ცვლილების არსი მდგომარეობს.