ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა

განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს საინტერესო ადამიანებთან.

ჩვენი პირველი სტუმარია - ოლმეკი, ძალიან საინტერესო პიროვნება და გაცნობიერებული სიზმარხილვების ყველაზე ცნობილი ოსტატი საქართველოში. ოლმეკის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებ-გვერდზე: olmek.ru

გთავაზობთ ინტერვიუს პირველ ნაწილს:

olmek bazaltfej 1711092c2c

მ.გ. გამარჯობა ოლმეკ. პირველ რიგში გვითხარი, რატომ ოლმეკი? რას ნიშნავს ეს სახელი?

ოლმეკი: ოდესღაც სამხრეთ ამერიკელი ინდიელი ვიყავი , სხვა ცხოვრებაში იუკატანის ნახევარკუნძულზე, ოლმეკების ტომი ცხოვრობდა და იქ ვიყავი განსხეულებული, შამანი, მათი ცოდნის გაცოცხლებას ვცდილობ აქ... აღდგენას. ამ ცხოვრებაში.

მ.გ: მოკლედ მოგვიყევი, როგორ მიხვედი ამ ყველაფრამდე?

ოლმეკი: გამარჯობა. ძალიან მოკლედ თუ ვიტყვი, როგორც ბევრი ეძებს, მეც ისე ვეძებდი რაღაც განსაკუთრებულს. ეს ცხოვრება არ მაინტერესებდა, და რაღაც სხვას ვეძებდი. ამ ძიებაში ბევრი წიგნი წავიკითხე, რაც მაშინ იყო - 20-25 წლის წინ, და შევამოწმე. ვერაფერში ვერ ვიპოვე რამე განსაკუთრებულად პრაქტიკული. არ მუშაობდა. ბოლოს კასტანედას წიგნი ჩამივარდა ხელში. თავიდან პირველი და მეორე წიგნები, დანარჩენი ვერ ვიშოვე. შემდეგ დანარჩენებიც ვიშოვე. რაც პირველ ორ წიგნში იყო რაღაცეები შევამოწმე და იმუშავა. შემდეგ სიზმარხილვამდე რომ მივედი, მისი შემოწმებაც დავიწყე და ყველაფერმა იმუშავა, რაც უწერია. საერთოდ, კასტანედას წიგნებში ძალიან ბევრი რამ შევამოწმე და ტყუილი ჯერ-ჯერობით ვერ ვიპოვე (რაც შეიძლება შემოწმდეს). შემდეგ მივყევი ამ სიზმარხილვას, და რაც კასტანედას უწერია, არა მარტო ის გამართლდა, არამედ იმის იქითაც ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე, რაც ამ წიგნებში არ წერია.

მ.გ: თუ შეგიძლია მოგვიყვე გაცნობიერებული სიზმრის პირველ გამოცდილებაზე?

ოლმეკი: პირველი გაცნობიერება ძალიან გამიჭირდა. სადღაც წელიწადი გავიდა, ვიდრე სიზმარს პირველად გავაცნობიერებდი. ვაკეთებდი განზრახვას, რომ სიზმარში ხელებზე უნდა დავიხედო, უნდა მივხვდე რომ სიზმარში ვარ და ა.შ. მაშინ მკაცრ დისციპლინას არ ვიცავდი. ვიცავდი, მაგრამ ზოგჯერ „ვურევდი“ ხოლმე. ისე მოხდა, რომ მეგობრები მოვიდნენ. საერთოდ არ ვსვამდი, მაგრამ სუფრაზე რომ ვიჯექი, ქვეცნობიერი დაჟინებით მეუბნებოდა, რომ უნდა დამელია. მიკვირდა, ვიჯექი და ვფიქრობდი, რა ხდებათქო. ორად ვიყავი გაყოფილი. ეს არ იყო სურვილი, ეს იყო რაღაც შინაგანი იმპულსი. მოკლედ, მივენდე ამას. როცა ვიძინებდი ხოლმე, ისეთი ფხიზელი ძილი მქონდა ხოლმე, რომ მეღვიძებოდა ნაცვლად იმისა, რომ გაცნობიერებულ სიზმარში გადავსულიყავი. ჰოდა მაშინ ბევრი დავლიე, და იმ ღამეს უგონოდ მეძინა. პირველი გაცნობიერება იმის ხარჯზე მოხდა, რომ ძალიან ღრმად ჩავედი და ამოვარდნა აღარ მოხდა სიზმრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვინო უნდა დალიო სიზმარში შესასვლელად.

მ.გ: ლოგიკა რა არის ამ ყველაფრის, რომ სარელაქსაციო საშუალებაა საჭირო?

ოლმეკი: ლოგიკა ისაა, რომ როცა ქვეცნობიერს განზრახვას, ამოცანას უსახავ, რომ ესა და ეს უნდა გააკეთოს, ის ყველანაირი მეთოდით ცდილობს ამის გაკეთებას. ლოგიკურად რომ მივდგომოდი, არ ვსვამდი და არც იმ დროს დავლევდი, იმიტომ რომ ლოგიკურად არ შეიძლებოდა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ მე რადგან იმ განზრახვას ვაწვებოდი, ის განზრახვა მე მაწვებოდა, ეს გააკეთეო. იმის შემდეგ აღარ დამილევია, მაგრამ პირველი ნაბიჯისთვის საჭირო აღმოჩნდა ძალიან ღრმა გათიშვა. არ მინდა ხალხმა ამის გამო ლოთობა დაიწყოს, მე ცოტა სხვა რამეს ვამბობ.

მ.გ: რაში მდგომარეობს განზრახვა, და როგორია განზრახვის მეთოდი?

ოლმეკი: თავიდან ის უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ - ყველაფერს მივაღწიოთ ლოგიკურად და ჩვენი ძალისხმევით: ადექი, მიხვედი, უთხარი და ა.შ. მაგრამ არსებობს რაღაცის მიღწევის მეორე მეთოდი - განზრახვით, როცა შენ არსად არ მიდიხარ, არავის არ უკავშირდები. შედეგს იღებ, მაგრამ არა ასეთი წრფივი მოქმედებით. ყველაფერს აკეთებს შენი განზრახვა, ქვეცნობიერი. შენ უსვავ ამოცანას, და იმან როგორც უნდა, ისე უნდა გადაჭრას და შედეგი უნდა დადოს.

მ.გ: და როგორ ხდება ეს, რომ დააკონკრეტო, ფორმულირების სახით?

ოლმეკი: კი, ფორმულირებით. მაგალითად, „დღეს ღამე სიზმარში მე ვიხედები ჩემს ხელებზე“. მორჩა, მეტი არაფერი. ამას უმეორებ შენს თავს. შეგიძლია გონებაში გაიმეორო, შეგიძლია გამოთქვა კიდეც. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დაუსვა ეს ამოცანა შენს ქვეცნობიერს, რომ ეს უნდა მიღწეულ იქნეს. ქვეცნობიერი თავად მოიფიქრებს, როგორ გააკეთოს. ჩემს შემთხვევაში პირველად ქვეცნობიერმა მოიფიქრა და მე ვერ მოვიფიქრე ის, რომ ფხიზელი ძილით ვერ შევძლებდი სიზმრის გაცნობიერებას და ღრმად უნდა დამეძინა.

მეორე მხრივ, რა ქნა ჩემმა ქვეცნობიერმა? კი დავიძინე და ღრმად გავითიშე და სიზმარს ვხედავ, მაგრამ ხომ უნდა მივხვდე, სიზმარი რომაა... მოკლედ, სიზმარში ვიდექი კორპუსის წინ, ხალხი დადის ჩვეულებრივ, არ ვიცი, რომ სიზმარში ვარ, და უცებ ხალხი ერთად შეგროვდა და ცაში დაიწყო ყურება. მეც ავიხედე და გამოჩნდა მფრინავი თეფში. ჯერ წერტილი იყო ცაზე, შემდეგ კი ქვემოთ დაიწყო დაშვება. მე ვფიქრობდი, არ არსებობსმეთქი, ქალაქში, დღისით, მზისით, შანსი არაათქო. ჩამოვიდა და ნუცუბიძის ქუჩაზე დაჯდა. ვუყურებ და ვფიქრობ, რომ ეგეთი რამე არ ხდება. ეს ხალხიც შეიკრიბა და უყურებენ, და მეც ვდგავარ, და უბრალოდ არარეალური იყო. თან ვფიქრობ, ახლა რომ ვიღაც გადმოვიდეს სულ გავგიჟდებითქო. და ილუმინატორიც გაიღო, ვიღაც უნდა გადმოვიდეს და აი ამ დროს ვიფიქრე, ასეთი რამ მარტო სიზმარში თუ მოხდებათქო. უცებ ეს რომ ვიფიქრე, გამახსენდა, რომ - სიზმარი ხომ არაა? გუშინ მოვედი დავწექი და... აქ საიდან მოვხვდი? საერთოდ, რა ხდება აქ? გამახსენდა, გუშინ ხომ დავლიე მეგობრებთან ერთად, და ახლა ვწევარ, და უცებ, გავაცნობიერე სიზმარში რომ ვიყავი, თვალები გამიფართოვდა, რა თქმა უნდა გამახსენდა, რომ ხელებზე უნდა დამეხედა. დავიხედე ხელებზე, შემდეგ გარშემო მიმოვიხედე, კორპუსიდან მეზობელი სარეცხს ჰფენდა, ყველაფერი ძალიან რეალისტული იყო, შემდეგ ბორდიურზე ჩამოვჯექი და ხელით შევეხე ქვას, მყარი და ბუნებრივი იყო ყველაფერი. ავიხედე, ჩემს აივანსაც ვხედავდი. ეს ხალხი ისევ შეგროვებულია, ისევ დგას და მფრინავ თეფშს უყურებს. ჩემს წინ ახლოს კაცი იდგა და ცხვირსახოცი ჰქონდა ნახევრად ამოჩრილი. მოვკიდე ამ ცხვირსახოცს ხელი და ვექაჩები. ამ კაცმა ხელი იტაცა და შემომიბრუნბდა, რას აკეთებო?! როგორ არ გრცხვენიაო? და სხვაგან გადავიდა. თან რაღაცეებს ბურტყუნებდა თავისთვის. ჩემთვის კი სულერთი იყო ყველაფერი, მაინც სიზმარიათქო. შემდეგ, ქალი იდგა წინ, და ძველებური თმისსამაგრები რომ იყო კომუნისტური, ისინი აქვს თმაში ჩარჭობილი, ჰოდა ჩავავლე და გამოვაძრე. იმ ქალმაც რას შვრებიო, ჰაი ჰუი და ა.შ. მე კიდევ ყურადღებას არ ვაქცევდი. ისევ ხელებზე დავიხედე და ჩემს თავს გავუმეორე, რომ ეს სიზმარია.

მ.გ: მოკლედ, გაგრძელდა ეს გაცნობიერებული სიზმრების სერია, ხშირად ხდებოდა, და პირველად რა შეიცვალა მთავარი, და რა მოხდა ისეთი, რამაც გასწავლა მთავარი? ანუ როდის გამოჩნდა შენს სიზმრებშ მასწავლებელი?

ოლმეკი: მეორე გაცნობიერება ორი თვის მერე იყო, შემდეგ კი უფრო და უფრო ხშირად და ადვილად გამომდიოდა. მასწავლებლის პირველი გამოჩენა ასეთ სიზმარს უკავშირდება: ვიღაც ადამიანი კვდებოდა. ვცდილობდი მეშველა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა როგორ გამეკეთებინა ეს. ეს ადამიანი იდგა მეორე მხარეს და უშველეო მეუბნებოდა. მე რა ვიცი როგორ ვუშველოთქო, არადა წამების ამბავი იყო, იგუდებოდა ეს მომაკვდავი. „როგორ, არაფერი არ გახსოვსო?“ - იმ კაცმა. „არამეთქი“ - მე ვუთხარი. „სიზმრებს არ იხსენებო?“ „არამეთქი“, „არ იწერ სიზმრებსო?“ „არამეთქი“, და ძალიან გაუკვირდა. შემდეგ მოვიდა, შუბლზე ხელი დამადო და რამდენიმე ასეული სიზმარი გამახსენდა, რომ ეს კაცი წევს და კვდება, სულ ერთი და იგივე სიტუაცია იყო, მოკლედ ამ სიზმრებში ჯერ არ ვიცოდი რა მექნა, შემდეგ რაღაც გავაკეთე - არ გაამართლა, სხვა რაღაც გავაკეთე - არ გაამართლა, და ბოლოს და ბოლოს ვუშველე ამ კაცს ამ სიზმრებში. და რომ გამახსენდა ეს ყველაფერი, მივედი, თავი მოვუტრიალე, პირი გავუღე, ენა ამოვუყავი, თავქვეშ რაღაც ამოვუდე და ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქა. შემდეგ ეს კაცი მიყურებს და მეუბნება: „სიზმრებს თუ არ იწერ, მთელი ეს ცოდნა, და კიდევ ასი ამდენი იკარგება, და მზად ხარ, რომ ამხელა ცოდნა დაკარგო შენი აგდებული დამოკიდებულობითო?“ შემდეგ მითხრა, რომ აუცილებლად გამეხსენებინა სიზმრები და ჩამეწერა. მივხვდი, რომ ასეულობით სიზმარი ერთ თემაზე დავიწყებული მქონდა და ვინ იცის რამდენი მექნებოდა სხვადასხვა თემებზე.

მ.გ: მოდი ცოტა თეორიაზეც გადავიდეთ, მკითხველმა რომ კარგად გაიგოს, ავხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს თვითონ ძილს, სიზმარს, რა დონეები აქვს სიზმარს და ზოგადად, მოკლედ აღვწეროთ ძილის და სიზმრის ფენომენი.

ოლმეკი: პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძილი საჭიროა, რათა ადამიანი ენერგიით დაიმუხტოს.

მ.გ: რის ხარჯზე იმუხტება ენერგიით? როგორ იმუხტება?

ოლმეკი: საქმე იმაშია, რომ ფიზიკური სხეულის გარდა ადამიანს სხვა სხეულებიც აქვს. როცა ფაქიზი სხეული ემთხვევა ფიზიკურ სხეულს, იქ ხდება ენერგიის ხარჯვა, ხოლო როცა გამოეყოფა ფიზიკურ სხეულს, მაშინ იმუხტება.

მ.გ: საიდან იღებს ამ ენერგიას?

ოლმეკი: ფაქიზი სამყაროებიდან.

მ.გ: ყოველთვის იღებს? ხომ შეიძლება დაკარგოს? მაგალითად ადამიანმა დაღლილმა გაიღვიძოს?

ოლმეკი: არა. დაღლილი იღვიძებს იმიტომ, რომ როდესაც გადის, ამ აღებულ ენერგიას ხარჯავს სხვა ადამიანებთან ფაქიზ პლანზე ბრძოლაში. ეს ერთი, და მეორე - თუ ნაჭამია, კი აიღო ენერგია, მაგრამ იმის დამუშავებაზე მიდის დიდი ნაწილი და რომ იღვიძებ დაღლილი ხარ. ყოველთვის იღებ, მაგრამ ასევე რაღაცაში ხარჯავ.

ძილში დამუხტვის პროცესი რთული პროცესია შინაარსობრივად. ანუ, რა ენერგიასაც იღებ ან ხარჯავ, ეს ენერგია არასოდესაა ინფორმაციისგან დამოუკიდებელი. ანუ თუ ენერგიას იღებ, ინფორმაციასაც იღებ. შეუძლებელია ენერგია აიღო და ინფორმაცია არ ახლდეს. ესე იგი, ენერგიას იღებ, მას თავისი ინფორმაციული მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ეს არ გახსოვს, მოგაქვს სუფთა ენერგია და ხარჯავ. სწორედ ეს ინფორმაციული მახასიათებელია სიზმრები და ის ყველაფერი, რაც ძილში ხდება ფაქიზ პლანზე. არ ვართ ნავარჯიშები იმაში, რომ დავიმახსოვროთ და ვთარგმნოთ ეს ინფორმაცია.

მ.გ: ადამიანის სიზმრების უმეტესობა ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ესაა საკუთარ ქვეცნობიერში ხეტიალი და საკუთარუ ქვეცნობიერის ქექვა, ასე არაა?

ოლმეკი: რაც ყოველდღიურად ხდება, ფაქიზი სხეული რომ გადის და იმუხტება, იმ დროს პირველ ეტაპზე მისი განუხორციელებელი სურვილები, ემოციური მახასიათებლები: ვიღაცამ აწყენინა, ვიღაცას სამაგიერო უნდა გადაუხადოს, მაგრამ ფიზიკურ სხეულში არ შეუძლია ან თავს იკავებს, და როცა სხეულიდან გადიხარ, იქ შეგიძლია აღარ შეიკავო თავი. იქ კონტროლი მოხსნილია და შეგიძლია ყველაფერი აკეთო. და შესაბამისად, ჯერ იკმაყოფილებ ამ სურვილებს, გაბრაზებებს, წყენებს და ა.შ. და შემდეგ იწყება უკვე სხვა დონეებზე გადასვლა.

მ.გ: კი, მაგრამ თუ გაბრაზებულია ვიღაცაზე ადამიანი და ფაქიზ პლანზე შური იძია, ეს რეალურად აბალანსებს მის მდგომარეობას? ანუ ის წყენა უქრება შემდეგ?

ოლმეკი: არა, რეალურად ხდება ის, რომ ფაქიზი სხეულით ეს მიდის იმ ადამიანთან და ცდილობს რაღაც დაუშავოს მის ფაქიზ სხეულს (ფიზიკურს ვერაფერს ვერ დაუშავებს).

მ.გ: ანუ რეალურად უშავებს?

ოლმეკი: რეალურად უშავებს. თუ ეს ადამიანი ენერგეტიკულად ძლიერია, შეიძლება დროთა განმავლობაში იმას მოუვიდეს ინსულტი, გულის შეტევა და ა.შ. თუ ძლიერი შეტევა მიიტანა. თუ შეტევა სუსტია, უბრალოდ გაციება, გრიპი და ა.შ. როგორც მინიმუმ, ენერგეტიკულ მთლიანობას დაურღვევს, რაც იმ ადამიანისთვის ძლიერი ენერგეტიკული დანაკარგი იქნება. თუ ის უფრო ძლიერია, მაშინ პირიქით, ამას უფრო დაუშავდება, რადგან შეტევას მოჰყვება თავდაცვა. ყველაფერი იმით წყდება, თუ ვინ უფრო ძლიერია. ეს ერთგვარი პერმანენტული ომია. ზოგჯერ ეს მომენტები წლობით გრძელდება. დედამთილი, რძალი... როგორც ხდება ხოლმე. ვიღაცამ ვიღაცას ფული ასესხა, იმან კი არ დაუბრუნა, და ყოველ ღამე საქმის გარჩევა მიდის, და ეს არ მთავრდება, სანამ ერთ-ერთი არ მოკვდება, სამწუხაროდ, ან არ აპატიებს. სხვა გამოსავალი არ არის. რაც უფრო თანაბარი ძალებია, მით უფრო დიდხანს გასტანს ორივე, ხოლო რაც უფრო სუსტი ან ძლიერია რომელიმე, მით უფრო მალე მორჩება ეგ ამბავი. შემდეგ იტყვიან, რომ ინერვიულა და კიბო, ან რაღაც დაემართა, მაგრამ ინერვიულა - ნიშნავს, იმ ადამიანზე ცუდს ფიქრობს და შეტევა მიაქვს. საავადმყოფოები სავსეა ასეთებით. რაც უფრო მეტ ადამიანზე ხარ გაბრაზებული, მით უფრო მეტთან ხარ კონფლიქტში.

მ.გ: ამისგან გამოსავალზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, და კიდევ უფრო დეტალურად ავხსნათ სიზმრის დონეები, ანუ კარიბჭეები, შენი კლასიფიკაცია როგორიცაა ისე აგვიხსენი.

ოლმეკი: კლასიფიკაცია ყველგან დაახლოებით ერთი და იგივეა: ჯერ გადიხარ უახლოეს პლანზე - შენი სურვილების დასაკმაყოფილებლად და ა.შ. შემდეგ კიდევ უფრო ღრმა, ფაქიზ პლანზე, კიდევ უფრო და ასე ადიხარ სულამდე, ასე ვთქვათ - ასტრალური, მენტალური, ბუდჰის პლანი და ა.შ. - სულამდე, და შემდეგ ჩამოდიხარ უკან და შედიხარ სხეულში. აქედან შეიძლება გახსოვდეს მხოლოდ შენი ემოციური ასპექტი (ვიღაცეებთან ჩხუბი და ა.შ.), მაგრამ ყველა ვარიანტში ადიხარ ზემოთ, და შემდეგ ისევ ბრუნდები. რომ არ გახსოვს, არ ნიშნავს, რომ არ ხედავ. ყველა ხედავს სიზმარს, უბრალოდ ზოგს არ ახსოვს. ამ შვიდიდან ფიზიკური პლანი ერთ-ერთია, ანუ ექვსი არ გახსოვს. ეს კი არის ერთი-მეშვიდედი, რასაც ცნობიერად აკონტროლებ.

მ.გ: MAGMA-ს მკითხველებისგან რამდენიმე კითხვაც მაქვს, და აქვე დაგისვამ: რამდენად და რა შემთხვევაშ შეიძება იყოს სახიფათო სიზმრის პრაქტიკები?

ოლმეკი: თუ იწყებ და სიზმარხილვის პირველ კარიბჭეზე ხარ, აქ საშიში არაფერია, იმიტომ, რომ მუშაობს ავტომატიკა და თუ ოდნავ რაღაც დაიძაბა ფაქიზ პლანზე, მაშინვე გაგდებს, ანუ გაგეღვიძება. ეს შენზე არაა დამოკიდებული. ძალიანაც რომ მოგინდეს იქ გაჩერება, როგორც კი აღელდები მაშინვე გამოგაგდებს. მეორეს მხრივ, რაც უფრო შემდეგ კარიბჭეებზე გადადიხარ და ღრმად შედიხარ, იქ უკვე საშიში იმდენადაა, რამდენადაც შენ წყვეტ - დარჩე სიზმარში თუ გამოხვიდე, იმიტომ, რომ იქ ავტომატიკა აღარ არის, არავინ გაკონტროლებს და პირადად იღებ გადაწყვეტილებებს.

მ.გ: მეტი თავისუფლება გაქვს, და შეიძლება ეს თავისუფლება ცუდად გამოიყენო?

ოლმეკი: ცუდად იმ მხრივ, რომ თუ სადმე დარჩენას გადაწყვეტ,ლ აქ მოკვდები. და იქაც არამგონია კარგად გქონდეს საქმე, იმიტომ რომ ასეთი გადაქწყვეტილება ამ დონეზე ყოველთვის ცუდად მთავრდება.

მ.გ. ანუ არავინ არ გაზღვევს?

ოლმეკი: პირველ კარზე დაზღვეული ხარ, მეორე კარიდან კი არასწორმა გდაწყვეტილებამ შეიძლება საფრთხე შეგიქმნას.

მ.გ: მოდი უფრო გასაგებად ავუხსნათ მკითხველს, რა არ უნდა გავაკეთოთ მეორე კარიბჭიდან, რისგან უნდა დავიზღვიოთ თავი?

ოლმეკი: მთავარი, რაც არ უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ არსად არ უნდა გადავწყვიტოთ დარჩენა. უნდა გვქონდეს ათვლის წერტილი: აქედან ვიწყებთ მოგზაურობას და აუციულებლად ვბრუნდებით ათვლის წერტილში, ანუ აქ. რაც არ უნდა კარგი და გადასარევი ნახო, ან შემოგთავაზონ საბოლოო განთავისუფლება და ათასი რამ, შენ ყველაფერზე უარს ამბობ და ბრუნდები ისევ აქ. მიდიხარ, ბრუნდები, მიდიხარ, ბრუნდები. ესაა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტით. ისე კი საერთოდ, თუ ადამიანი ხარბია, თუ სიყვარულის ამბავში იჭრება, თუ მიზნის გამო ყველფერზე წამსვლელია, ასეთი ადამიანი რომელ გზაზეც არ უნდა დადგეს, ადრე თუ გვიან მაინც ცუდად დაამთავრებს. რომელ გზაზეც არ უნდა დადგეს, სულაც ბიზნესმენი რომ იყოს, მაინც ცუდად დაამთავრებს. ამიტომ რასაც რელიგიები ქადაგებენ, რომ ასეთი და ასეთი უნდა იყო, ჭკუას მოკლებული არაა.

მ.გ. წეღან ამბობდი, რომ ადვილად ვარდებოდი სიზმრიდან. არის მეორე უკიდურესობა, როცა ადამიანი სიზმრიდან ვერ იღვიძებს, ანუ გამოიღვიძებს და სხვა სიზმარში ხვდება, ანუ ორმაგი და სამმაგი სიზმრები.

ოლმეკი: ეგ ჩვეულებრივი ამბავია, მეორე კარს ახასიათებს მსგავსი ფენომენი.

მ.გ. ანუ თუ ადამიანს სამმაგი სიზმრები აქვს, ე.ი. უკვე მეორე კარზეა?

ოლმეკი: უკვე მეორე კარია მაშინ, თუ ცნობიერად შეგიძლია სიზმარში შესვლა, თორემ თუ სპონტანურად ხდება, არანაირი კარი არაა. უბრალოდ ეს ერთ-ერთი მომენტია და მეტყველებს ფაქიზი სხეულის განვითარების ეტაპზე. კონკრეტულად, მუხლის უკან ერთ-ერთი ენერგეტიკული ცენტრია, ენერგია იქამდე ადის და უკან ბრუნდება. ანუ ადის ენერგიის მნიშვნელოვანი (არა 100%-იანი) ნაწილი და უკან ბრუნდება. ასე ვთქვათ „ბუქსაობს“. ამ ცენტრამდე (ხელს იდებს მუხლის უკანა ნაწილზე) განვითარებულია, მაგრამ იმის იქით ვერ ადის.

მ.გ: ვინც ადვილად ფხიზლდება მის შემთხვევაში როგორაა?

ოლმეკი: ვინც ადვილად ფხიზლდება, მეტყველებს, რომ ფეხის დიდი თითის უკან ცენტრია და ის არაა გახსნილი. ანუ ენერგია საერთოდ არ ამოდის ზემოთ.

მ.გ: თუ სიზმარში მიხვდი, რომ სიზმარში ხარ, და გაცნობიერებისთანავე გეღვიძება, ეს რას ნიშნავს?

ოლმეკი: ეგ ნიშნავს, რომ ცოტა ენერგია გაქვს. თუ ჯერ მიხვდი და მერე ამოგაგდო, ე.ი. ენერგია არ გაქვს საკმარისი, რომ შეინარჩუნო სიზმარში თავი. და ეს ნიშნავს, რომ ენერგიის ეკონომია უნდა გააკეთო.

მეორე ნაწილი იხ. ამ ლინკზე

შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ კომენტარებში, და ოლმეკი ეცდება შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...