7 chakras chakra 1

ინტერვიუ მოამზადა მამუკა გურულმა

განყოფილებაში პერსონა, MAGMA გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს საინტერესო ადამიანებთან.

ჩვენი პირველი სტუმარია - ოლმეკი, ძალიან საინტერესო პიროვნება და გაცნობიერებული სიზმარხილვების ყველაზე ცნობილი ოსტატი საქართველოში. ოლმეკის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ვებ-გვერდზე: olmek.ru

გთავაზობთ ინტერვიუს მესამე ნაწილს:

(პირველი ნაწილი იხ. ამ ლინკზე)

მ.გ: მაგალითად სიზმარში მოვიდა დონ ხუანი, ან ვინმე ცნობილი ადამიანი, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ეს იყოს ჩვენი პროექცია ან წარმოსახვა, და არა რეალურად ეს პიროვნება? როგორ ხდება ამის გარჩევა?

ოლმეკი: აქ ტექნიკურად შესაძლებელია გაარჩიო, როცა ენერგიის ხედვას სწავლობ. იტყვი: „მინდა დავინახო ენერგია“, და ვინც მოვიდა, თუ ის აზროფორმაა, ენერგია მას უბრალოდ არ აქვს. ანუ არაფერი არ იქნება. და ეს მესამე კარიდან ხდება, მაგრამ ვთქვათ, არ შეგიძლია ენერგიის გარჩევა, აქ მთავარი კრიტერიუმი შენი შინაგანი ბუნებაა. მე შემიძლია შემოგთავაზო, წამოდი მანქანის საბურავები მოვიპაროთ. შენ რას მეტყვი? რა მნიშვნელობა აქვს მე ვინ ვარ? ვთქვათ იესოს სახე მაქვს, ან ეშმაკის, ან ვინმე სხვის, შენ რას იტყვი? შენი ბუნება რაც არის, რისი გამკეთებელიც ხარ, იმას დათანხმდები. ის მოგეწონება მის ნათქვამში, ვისი სახეც არ უნდა ჰქონდეს. საქმე შინაარსშია - რას დათანხმები. თუ ის გეტყვის - სხვები უნდა გიყვარდესო, დათანხმდები? მაშინ გააგრძელებს, კიდევ მოვა, კიდევ და კიდევ. არ დათანხმდები? სხვა მოვა და გეტყვის: მოიცა რა, ყველა რომ გიყვარდეს თავზე გადაგივლიან და საკუთარი ადგილი უნდა მიუჩინო. დათანხმდები? მაშინ კიდევ მოვა, კიდევ და კიდევ. წაგიყვანს ამ გზაზე. გარჩევის უნარი შენში უნდა იყოს. თუ მეორეს დათანხმდები, ვინც სიყვარული შემოგთავაზა ის აღარ მოვა.

როცა ამ გზაზე მიდიხარ, თავიდან ტრივიალური სიზმრები გაქვს, ემოციურ სიზმრებს იწერ, მაგრამ შიგადაშიგ, ათასში ერთხელ რაღაც ჭკვიანურს ხედავ. თანდათან ემოციური კი რჩება, მაგრამ ჭკვიანური ემატება. უფრო ხშირად და ხშირად მოდის ვიღაც და აშკარად ხვდები, რომ ეს ხარა-ხურას არ გეუბნება. კიდევ უფრო წინ თუ მიდიხარ, უაზრო სიზმრები ისევ არის, მაგრამ ამ უაზრო სიზმრებში არისაბსოლუტურად დალაგებული, ყველა დეკორაცია რომ გათვლილია, ყველა სიტყვა რომ თავის ადგილზეა, ეგეთი სიზმრები. ანუ იქ არავითარი შეშფოთება, არავითარი ქაოსი არაა. ყველაფერი თავიდან ბოლომდე გათვლილია. დაიწყება, მიმდინარეობს, თავის სათქმელს იტყვის, გაჩვენებს ყველაფერს, მორჩება და იღვიძებ საწოლში. ამათ შორის არაფერი არაა ჩადგმული. ეს უკვე ხილვაა, რომელსაც მასწავლებელი, შენი საკუთარი სული ან შენი უმაღლესი „მე“ გიგზავნის. ეს სხვადასხვა რაღაცეებია, ერთი ვიღაც არ გასწავლის. მინიმუმ 5 გასწავლის. სამშვინველი ცდილობს თავისი გაკვეთილი მოგცეს, სული ცდილობს თავისი მოგცეს (ის უფრო მაღალია, ვიდრე სამშვინველი). არის კიდევ ნაგუალს რომ ეძახიან, შენი სულის ცხოველი.

მ.გ: ტოტემი?

ოლმეკი: კი, ტოტემი, ის ცდილობს თავისი მოგცეს. ყველა ძველ ცივილიზაციას ტოტემური მასწავლებლები ჰყავდა. ეს შემთხვევითი არაა. არიან კიდევ მასწავლებელთა კლასი, რომლებიც ცდილობენ ასწავლონ ადამიანებს (ვისაც სწავლა შეუძლია) მთელ დედამიწაზე. და ამას აკეთებენ სიზმარში, ღამით. ეს ცალკე კლასია და ცალკე გაკვეთილებია. არის კიდევ სხვა, შენივე მომავალი, მაღალ „მე“-ს რომ უწოდებენ, რომელიც უკან ბრუნდება და ცდილობს გასწავლოს და გითხრას, რომ „ასე არ გააკეთო, ეგ მე უკვე გავაკეთე და ცუდად დამთავრდა“. როცა სხეულს გარეთ გადიხარ, იქ უამრავი ველი იშლება. საქმე იმაშია რამდენს იმახსოვრებ. მეხსიერება პროგრესირებს.

მ.გ: და თუ ვერ იმახსოვრებ შედეგი მაინც აქვს, ვიღაცამ რომ რაღაცა გასწავლოს?

ოლმეკი: შედეგი ექნება, მაგალითად წიგნს რომ წაიკიტხავ ინტუიციურად რაღაც მოგეწონება, მაგრამ ეს ვერ ჰპოვრბს განვითარებას, რაღაც ჩანასახოვან ფორმაში იქნება. კი, გამოვლინდება როგორც ჩანასახოვანი, მაგრამ რაც იმან გითხრა, თავის დროს ელოდება, როცა სერიოზულად დაინტერესდები, სერიოზულ კვლევას აწარმოებ, აი იქ დაგეხმარება. მანამდე არა. ბიზნესმენობაში ეს გაკვეთილები არ დაგეხმარება. შენ თუ ბიზნესმენი ხარ, სხეულიდან რომ გადიხარ სხვა გაკვეთილებს იღებ. რასაც არ უნდა აკეთებდე, მკვლელი რომ იყო, სხეულიდან რომ გადიხარ მათ ხვდები, ვისაც ამის გამოცდილება აქვს და გასწავლიან. ამიტომ პროგრესირებ ამ მხრივაც.

სხეულში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ სწავლობ. ყველაფერს სწავლობ სხეულს გარეთ. ეს შეიძლება გააკეთო ცნობიერად, და მაშინ შენი ევოლუცია ასჯერ ჩქარდება, იმიტომ რომ პირდაპირ გახსოვს რა გითხრეს, ან გაუცნობიერებლად, როცა რაღაც მნიშვნელოვანი გითხრეს, მაგრამ არ გახსოვს, დილას იღვიძებ, გაიზმორები და მაქსიმუმ ინტუიციურად გრჩება რაღაც.

მ.გ: ანუ შეიძლება ითქვას, რომ სიზმარხილვის პრაქტიკა - ესაა სწრაფი ევოლუციის საშუალება?

ოლმეკი: კი. გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე რეალობაში, ერთი ასთან. და ეს ჩემი მოგონილი არ არის.

მ.გ: და ყველასთვის უსაფრთხოა? იქნებ ჯობია, რომ ადამიანმა ჯერ ეთიკურ-მორალური თვისებები გამოიმუშავოს?

ოლმეკი: ეგ ყველა ვარიანტში ეგრეა. აქ თუ მყარად არ დგახარ, იმას ვერ მიამატებ, გაგიჟდები. აქ თუ ნებისმიერი ქარის დაბერვაზე ნერვები გეშლება, სულ ცდილობ გადარჩე, ანუ თუ საყრდენი არ გაქვს, იქ არ უნდა წახვიდე. ყველას ეს არ ჭირდება. ყველას შეიძლება აინტერესებდეს, მაგრამ ინტერესი არ არის საკმარისი და სწორი მოტივი. როცა აქაურება უკვე აღარ გაინტერესებს, როცა ხვდები, რომ აქ საინტერესო უკვე აღარაფერია, როცა სული გეძახის, მიზიდულობას გრძნობ და აქაური ვეღარაფერი გაკავებს, მაშინ დგება დრო. შენ მზად ხარ მოკვდე ამის გულისთვის. რომ გითხრან შენ იქ მოკვდებიო, მაინც წახვალ, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს.

მ.გ: მკითხველს აინტერესებს, რა არის ის პარანორმალური თუ პარაფსიქოლოგიური ძალები, რომლებიც ამ სიზმარხილვის პრაქტიკებმა მოგცა და გაქვს თუ არა ამჟამად, განსხვავებით ჩვეულებრივი „მძინარე“ ადამიანისგან?

ოლმეკი: დავიწყოთ აზროვნებით. აზროვნება ხდება სწრაფი, დაჩქარებული. ადრე კითხვას გისვამდნენ და რაღაც იცი, რაღაც არ იცი, ან რაღაც სანახევროდ იცი. შეიძლება სამიანზე მოუყარო თავი პასუხს, წიგნებიდან გაიხსენო რაღაცეები, მაგრამ როცა ამ გზაზე მიდიხარ, დგება ეტაპი, როცა რაღაცას გეკითხებიან, ამის შესახებ შესაძლოა მხოლოდ ელემენტარული წარმოდგენა გაქვს, მაგრამ საკმარისია განიზრახო პასუხის გაცემა, და პასუხი თავში ლაგდება. პირდაპირ მოდის, რა უნდა უპასუხო. საკმარისია განიზრახო, რა დონეზე გინდა, რომ იმ ადამიანმა ეს საკითხი გაიგოს, რომ იმ ხარისხის პასუხს ააწყობ. ამას ჰქვია აზროვნების დაჩქარება. თითქოს წამიერად იძინებ, მიდიხარ და მოგაქვს პასუხი. მაგრამ ეს უსწრაფესად ხდება, ისე, რომ ის ვერაფერს ამჩნევს.

მ.გ: ანუ ინფორმაციული ველიდან ადვილად გამოგაქვს ინფორმაცია.

ოლმეკი: კი, ეს მომენტი არაჩვეულებრივი რამაა, და ადრე თუ გვიან მიხვდები, რომ მარტო არ ხარ. შენმ კი პასუხობ, მაგრამ ამ პასუხის შეგროვებაში მარტო არ ხარ, რაღაც შენი ნაწილი კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს უსწრაფესად, მაშინ, როცა მანამდე ის ნაწილი უბრალოდ არ იყო, ან ვერ გრძნობდი მასთან კავშირს. ადრე შენი თავის იმედზე იყავი, ახლა კი ეგრე აღარაა. შეგეკითხა, შემდეგ ეს მექანიზმი იწყებს მუშაობას და მოაქვს პასუხი. მაგრამ ეს არ არის რაღაც სისულელე, მაგალითად, როცა ჩენელინგებში რაღაცას გეუბნებიან და თავს და ბოლოს ვერ გაუგებ. ეს აბსოლუტურად გამართული პასუხია. და შენი გრძნობები აკონტროლებენ, რამდენად კმაყოფილია ის, ვისაც პასუხობ.

შემდეგია ენერგიის ხედვა, რომელსაც სიზმარში სწავლობ. საერთოდ, ყველა უნარს სიზმარში სწავლობ და შემდეგ ამას ფიზიკური სხეულიც ითვისებს. ერთ მშვენიერ დღეს დღისითაც ამჩნევ, რომ ფიზიკურმა თვალებმაც შეიძინეს იგივე უნარი, რაც სიზმარში გამოიმუშავე. ამ დღიდან შენ ხედავ ენერგიას. ეს უსასრულო პროცესია. თავიდან პრიმიტიულად ხედავ, შემდეგ ეს ვითარდება. შემდეგ ფერებსაც არჩევ, და ა.შ. თანდათან ემატება კომპონენტები იმის მიხედვით, თუ რა გზა გაიარე. შემდეგ მიხვდები, რომ სინამდვილეში სიზმრის სხეული დაიხვეწა და შენ უბრალოდ აცნობიერებ იმ უნარებს, რაც მას შეუძლია. ზღვარი სიზმარში გაცნობიერებასა და აქ გაცნობიერებას შორის იშლება.

მ.გ: მახსოვს, ადრე ყვებოდი, შეგეძლო დაგენახა, როდის მოკვდებოდა ადამიანი.

ოლმეკი: ფიზიკურ სხეულს რომ უყურებ, შეიძლება დასკვნა გააკეთო, რომ ეს სუსტია, გამხდარია და ა.შ. მაგრამ ენერგეტიკულ სხეულს თავისი პარამეტრები აქვს. ფერების, სისქის და რაღაცეების მიხედვით შეგიძლია თქვა, რამდენ ხანში რა მოხდება. მითუმეტეს ემპირიული დაკვირვებით, როცა ადამიანი კვდება აკვირდები რა პროცესი მიდის, შემდეგ როცა ჯანმრთელ ადამიანზეც ხედავ, რომ იგივე იწყება, შეგიძლია თქვა, რომ ბევრი აღარ დარჩენია. ზოგ რამეს პირდაპირ სწავლობ, მასწავლებელი გეტყვის, რომ ამას თუ დაინახავ, ამას და ამას ნიშნავს. იქ არ გჭირდება ემპირიული დაკვირვება. მაგრამ ამ თემაზე არა მგონია კარგი იყოს საუბარი, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ დიალოგს კრიზისამდე მიყავხარ. ჩვეულებრივი ადამიანი არასოდეს მიიღებს, რომ შენ ენერგიას ხედავ და შეგიძლია უთხრა - რა მოუვა. შეიძლება ერთხელ გაუხარდეს, ორჯერ, მაგრამ მეოცეჯერ აუცილებლად შენი მტერი გახდება. თუ ჭკვიანი ხარ აუცილებლად უნდა გააჩერო ეს „კეთილი საქმეები“ შენი ხედვის ხარჯზე. ე არასოდეს მთავრდება კარგად. მხოლოდ მათთან შეგიძლია, ვინც შენნაირად მკვლევარია, ამ თემაზე მუშაობს და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ტრაბახს და მსგავს რამეებს ცუდი შედეგები მოჰყვება ხოლმე.

მ.გ: და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოიტანე სიზმრების პრაქტიკებიდან, ესაა სიყვარულის პრაქტიკა. მოკლედ თუ შეგიძლია მოგვიყვე ამაზე?

ოლმეკი: საერთო ჯამში, როცა უყურებ ადამიანს, მის ენერგეტიკას, ფუნქციონირებას და საერთოდ, ყველაფერს, რაც გარშემო ხდება, და როცა ამ ყველაფერში კარგად გაერკვევი, ერთ რამეს დაინახავ, რომ ადამიანის ფიზიკური სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოკვდეს. ანუ ის ფაქიზი ჰარმონია, რომელიც სიცოცხლეს უნარჩუნებს, ძალიან ფაქიზია. ამიტომ იწყებ იმის ძიებას, რომ გაარკვიო, თუ რა შეიძლება გააკეთო იმისთვის, რომ ეს სიფაქიზე გარანტირებულივით გახადო, რომ არ დაირღვეს. ფაქტიურად, რომ გეგონა, რომ ბევრი რამე იცოდი და გარანტიები გქონდა, როცა ენერგიას ხედავ, ხვდები, რომ არაფერი იცი, ვერაფერს აკონტროლებ და არავითარი გარანტია არ გაქვს, რომ შემდეგი 1 საათის მანძილზე მაინც ცოცალი იქნები. ტექნიკურად რომ შევხედოთ, ყველა ადამიანი, რომელიც სერიოზულად დგას სულიერ გზაზე, მეორე ნაბიჯზე (პირველ ნაბიჯზე ის სასწაულებით იხიბლება და ტრივიალურ დონეზე ფუნქციონირებს) ის აუცილებლად იწყებს ძიებას, თუ რა უყოს ამ ფაქიზ მდგომარეობას. მოსწავლის ამ პოზიციას ეწოდება საშიში მდგომარეობა, ანუ შენ კი გაცდი ფიზიკურ სხეულს, კი აღმოაჩინე მთელი რიგი ფაქიზი სამყაროები, და სხვა ბევრი რამე, მაგრამ ამავდროულად საშიშ მდგომარეობაში ხარ, რადგან დიდი უფსკრულია ფაქიზ სამყაროს და მის მოთხოვნილებებს შორის და ფიზიკურ სამყაროს და მის მოთხოვნილებებს შორის. ანუ ფაქიზი სამყარო გიყენებს მთელ რიგ მოთხოვნილებებს: ასეთი და ასეთი უნდა იყო, ასე უნდა მოიქცე, წესიერი უნდა იყო, არ უნდა მოიტყუო და ა.შ., მაგრამ ფიზიკური სამყარო გეუბნება - შენ ხომ არ უბერავ? ეგრე მშიერი მოკვდები! და აქ უკვე დიდი შანსია, რომ გადაუხვიო გზიდან. ორი ვარიანტია: ან სრულ აპათიაში ჩავარდები, და იტყვი, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი, და დეპრესია დაგეწყება იმის გამო, რომ გახლეჩილი ხარ ამ ორ სამყაროს შორის, ან მეორე - მიხვალ დასკვნამდე, რომ ეს სულიერება, და ყველაფერი, რაც განიცადე, რაღაც რიგზე ვერაა, და უნდა მიატოვო ეს ყველაფერი. ვერ შეარიგე ეს ორი ნაკდი და არ გამოდის. ესაა საშიში მდგომარეობა, რადგან საუკეთესო შემთხვევაში უკან ბრუნდები, უარეს შემთხვევაში კი ცუდ დასასრულამდე, შესაძლოა სიკვდილამდეც მიგიყვანს, ან როგორც მინიმუმ დეპრესიით გამოწვეულ უიმედობამდე, რადგან ამ ორ ნაკადს ვერ უთანხმებ ერთმანეთს, თუ არ იცი რაღაც მესამე, რომელიცაა სწორედ ცოდნა სიყვარულის შესახებ. სიყვარულია ის, რაც აერთიანებს ფიზიკურს და ფაქიზს, ისე, რომ კომფლიქტში არ მოვიდნენ ერთმანეთთან. ამ დროს შეგიძლია მართალიც იყო, და ამავე დროს თავზე არავინ გადაგივლის, შიმშილით არ მოკვდები და ა.შ.

როგორც წესი მესამე ნაბიჯამდე იშვიათად მიდის ვინმე. თითქმის ყველა დროზე ადრე უხვევს, ან მიღწეულზე ჩერდება, ან უარს ამბობს ამაზე და უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას. ორივე სამყაროს თავისი უმკაცრესი მოთხოვნები აქვს, და თუ ცხოვრებაში სიყვარულ არ ნერგავ, თუ არ იცი მისი პრაქტიკული დანიშნულება და გამოყენება, თუ რაში გეხმარება ყოველდღიურად ეს სიყვარული, როგორ გიგვარებს ამ ფიზიკურ მოთხოვნილებებსაც, მაშინ არაფერი არ გამოვა. დეტალურად კი სიყვარულის პრაქტიკის შესახებ ჩემს ვებ-გვერდზე მიწერია (იხ. ლინკი - სიყვარულის პრაქტიკა).

ბევრი ლაპარაკი უნდა თითოეულ ადამიანს იმისთვის, რომ დაიჯეროს ამის მნიშვნელოვნება. საჭიროა უბრალოდ გააკეთოს პრაქტიკა, მეტი არაფერი, მაგრამ რომ გააკეთოს, ამისთვის საჭიროა დარწმუნდეს.

მ.გ: და სიყვარულის პრაქტიკა გეხმარება იმაშიც, რომ როცა სიზმრებში ვიღაცეებს ეჩხუბები ან გეჩხუბებიან, მაგისგან გიცავს.

ოლმეკი: რა თქმა უნდა. ეს პერმანენტული ომი უნდა შეწყვიტო. შენი ენერგიის უდიდესი ნაწილი ომზე მიდის. თითოეული უკმაყოფილება არის ომი იმ ადამიანთან, ვიზეც უკმაყოფილო ხარ. და ენერგია რომ არ გაქვს, ეს არაა გასაკვირი, იმიტომ რომ პერმანენტული ომი გაქვს. ისედაც სიკვდილი გიახლოვდება, თან ამ დროს ომობ, ნებისმიერმა შეიძლება მოგკლას და შენ ეს ფეხებზე გკიდია. ამ დროს გჭირდება ენერგია, რომელსაც ამ ომში დებ. გასაკვირიც აღარაა, თუ რატომ აღარ გიჩნდება კითხვა - ვინ ხარ? საიდან მოდიხარ? იმიტომ რომ ამის ენერგია უკვე აღარ გაქვს. მტერი მომდგარია და ხელ-ფეხს იქნევ, და ვინ ხარ - მაგაზე ფიქრის თავი აღარ გაქვს.

მ.გ: ანუ სიყვარულის პრაქტიკა ისაა, რასაც ყველაზე მეტად ურჩევ მკითხველს?

ოლმეკი: ყველაზე მეტად და ყველას. იესო რომ მოვიდა, სიყვარულზე ილაპარაკა. მას არ უთქვამს სიზმარხილვა ისწავლეთო. სიზმარხილვა კარგია იმისთვის, რომ სიყვარულის პრაქტიკა აღმოაჩინო, დაიჯერო და დანერგო. მაგრამ თუ შეგიძლია პირდაპირ ამით დაიწყო, როგორც იესო ასწავლიდა, ეს გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ ეს ყველაზე საჭიროა. თუ იესო აქ ვერ იპოვე და წიგნებში ვერ იპოვე, მაშინ ისღა გრჩება, რომ შემოვლითი გზით, სიზმარხილვის საშუალებით პირადად აღმოაჩინო და ა.შ.

მ.გ: დიდი მადლობა ოლმეკ. იმედია კიდევ გაგრძელდება ჩვენი საუბრები.

ოლმეკი: სიამოვნებით. თქვენც მადლობა.

შეკითხვები შეგიძლიათ დასვათ კომენტარებში, და ოლმეკი ეცდება შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...