burkhuzi

მოამზადა მამუკა გურულმა

ნაწილი პირველი

ჩვენი მომდევნო სტუმარია თამაზ ბუთხუზი: ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, საზოგადოებრივი მოღვაწე და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი, რომელთანაც უამრავ თემაზე შეიძლებოდა ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ძირითად მიმართულებად ამ შეხვედრაზე მის მიერ შექმნილი „მატრიცული თეორია“ ავიღეთ. საუბარი ძალიან მრავალმხრივი გამოდგა, რადგან, როგორც ბატონმა თამაზმა აღნიშნა, შეუძლებელია მატრიცული თეორიის მოკლედ გადმოცემა, და პირველ რიგში საჭიროა გარკვეული ცნებების ზუსტი განმარტება. მათ შორის საუბარი ჩამოვარდა ეზოთერიაზე და მეტაფიზიკაზეც, და ვფიქრობ მაგმას მკითხველისთვის ეს ყველაფერი საინტერესო იქნება. ამიტომ ვეცდები ქრონოლოგიურად, ლექციის სახით შემოგთავაზოთ ამ ინტერვიუს ტრანსკრიბცია.

თამაზ ბუთხუზი: მოდი განვმარტოთ, რას ნიშნავს ცნებები მეტაფიზიკა და ეზოთერია. ცნება მეტაფიზიკა პირველად შემოიტანა ანდრონიკ როდოსელმა, მან პირველმა გამოსცა არისტოტელეს ნაშრომები, და უწოდა მას მეტაფიზიკა, ანუ ფიზიკის შემდგომი. მთელი პრობლემა კი ისაა, რომ ეს მეტაფიზიკა და ის „მეტაფიზიკა“, რაც დღესაა გავრცელებული, აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენებია. ქრისტიან ვოლფი ისე შეწუხდა ამ ცნების არასწორი გამოყენებით, რომ შეცვალა სიტყვა მეტაფიზიკა, დაუტოვა იგი „გონება დაქვეითებულ“ ხალხს, ხოლო ნამდვილ მეტაფიზიკას დაერქვა ონტოლოგია. სწორედ ონტოლოგიაა რეალურად მეტაფიზიკა. ემანუელ კანტი ასე განმარტავს მეტაფიზიკას: „შენ შეგიძლია ყველაფერი მოჩმახო ისე, რომ ვერავინ ვერ დაგიმტკიცოს, რომ ტყუილია“. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომელ მეტაფიზიკაზე ვსაუბრობთ, დღევანდელზე, თუ ძველზე, რომელსაც ონტოლოგია ჰქვია, და რომელიც ფილოსოფიის საფუძველია. მოკლედ თუ ვიტყვით, ონტოლოგია - ესაა ყოფიერების კანონზომიერებების არსი. ხოლო რა არის გნოსეოლოგია? - ეყოფა თუ არა ადამიანს გონება, რომ შეწვდეს ამ კანონებს.

ასევეა დამახინჯებული სიტყვა ეზოთერიაც. არსებობს ორი ეზოთერია. ერთია ბერძნული, ანუ პითაგორას ეზოთერია და მეორე ის, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ახლა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს ეზოთერიკა. როცა პითაგორამ ეგვიპტე მოიარა და საბერძნეთში დაბრუნდა, სხვათაშორის 59 წლის ასაკში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ანუ იგი ჩამოვიდა სრულყოფილი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ერთ-ერთი ვერსით, მან იყიდა გორაკი, შემოავლო ღობე და გაუკეთა თაღი. ხოლო ეზოში იდგა სახლი, რომელშიც თვითონ ცხოვრობდა. ყველაზე მეტად ის წარწერა მომწონს, რომელიც შესასვლელში იყო გაკეთებული: „ყველა ხისგან მერკური ვერ გამოითლება“.

მაშინ ათენში დაახლოებით 20 000 მოსახლე იყო (იგულისხმება თავისუფალი მოქალაქეები და არა მონები). როდესაც პითაგორამ გამოაცხადა, რომ ის იღებს მოწაფეებს, ანუ სწავლას მოწყურებულ ადამიანებს, მოვიდა 2000 ახალგაზრდა. პროცენტულად ესაა რეკორდული ციფრი პედაგოგიკის ისტორიაში. როგორი იყო პითაგორას შერჩევის მეთოდი? უნდა მისულიყავი ყოველ დილით, მზის ამოსვლამდე, და უნდა მჯდარიყავი, სანამ პითაგორა გარეთ არ გამოვიდოდა. როცა გამოვიდოდა, იწყებდა მშვიდად სიარულს. ამ დროს, უცებ ერთთან გაჩერდებოდა და ეტყოდა, რომ „შენ წამოხვალ!“. საინტერესოა, რა იყო ის კრიტერიუმი, რითაც ირჩევდა მოსწავლეებს? დიდი ალბათობით პითაგორა გენიალურად ფლობდა ფრენოლოგიას. მოკლედ, ის ირჩევდა რამდენიმე მოსწავლეს, მათთან ერთად დადიოდა და იწყებდა საუბარს. რაზე მიდიოდა საუბარი ამ ყველაზე დაბალ, ანუ მესამე დონეზე? საუბარი მიდიოდა ამ რეალობაში, ანუ ყოფიერებაში არსებულ კანონზომიერებებზე. წარმოიდგინეთ სურათი. ყველა ზის, ხოლო პითაგორა რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად დადის და საუბრობს ყოფიერების კანონზომიერებებზე. ესაა გარე წრე (ეგზოთერია). თუ ამ დონეზე ჩააბარებდი გამოცდას და მოაწონებდი თავს პითაგორას, მაშინ გეძლეოდა უფლება, რომ შესულიყავი ეზოში. ახლა კი დაიმახსოვრეთ, რომ ქართული ეზო და ბერძნული ეზო - ორივე ეზოა. ანუ ეზო, რა თქმა უნდა ბერძნული და ქართულში გადმოსული სიტყვაა. ანუ იყო ორი კომბინაცია: გარეთ დარჩენილები და შიგნით შესულები. თაღს რომ გაივლიდი, შენგან უკვე შეიძლება გამოთლილიყო მერკური. ანუ არიან ეგზოთერიკები, ანუ გარეთ დარჩენილები და ეზოთერიკები.

ვიმეორებ: რეალური ეზოთერიკოსი - ესაა ის, ვინც იცის რეალური სამყაროს ყველა კანონზომიერება, ანუ ყველა მეცნიერება. რა ხდებოდა ეზოში? აქაც იწყებოდა სიარული (ბერძნები ჭკვიანი ხალხი იყვნენ და იცოდნენ, რომ სიარულის დროს ტვინი უფრო კარგად მუშაობს), და აქ მიმდინარეობდა რეალობის იქით, ანუ ყოფიერების იქით არსებული კანონზომიერებების შესწავლა. ანუ იმ ყველაფრის, რასაც მოგვიანებით ავითარებს არისტოტელეს მეტაფიზიკა. ამის შემდეგ რა უნდა იყოს მეტი? შენ იცი ყოფიერების კანონზომიერებები, ასევე იცი არაყოფიერების, ანუ ღვთიური კანონზომიერებები, და თუ აქაც გაიმარჯვებდი, შედიოდი სახლში და ხდებოდა მასწავლებელთან ერთი-ერთზე საუბარი.

ახლა დავფიქრდეთ, ადამიანმა, რომელმაც იცის ყოფიერების კანონზომიერებები, და იცის ღვთაებრივი კანონზომიერებები, რა უნდა ისწავლოს ამის შემდეგ? მესამე დონეზე ხდებოდა იმის შესწავლა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ცოდნა რეალობაში, ანუ როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში. და სწორედ ეს ცოდნაა ეზოთერია, და არა ის, რასაც დღეს ვხვდებით.

შემდეგი განსახილველი საკითხი, და ფრაზა, რომელია ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის, მდგომარეობს შემდეგში: „ვერცერთი პრობლემა ვერ გადაიჭრება აზროვნების იმავე დონეზე, რომელზეც იგი წარმოიშვა“. ამიტომ უნდა გადავიდეთ უფრო ამაღლებული აზროვნების დონეზე და იქიდან ვცადოთ არსებული პრობლემების გადაწყვეტა. თუ ვაღიარებთ, რომ საქართველოში ყველა სფეროში პრობლემები გვაქვს, ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ გამოსავალი მხოლოდ ესაა. და მატრიცული თეორია - სწორედ ის მეთოდოლოგიაა, რომელიც გვაჩვენებს, როგორ გადავიდეთ აზროვნების დაბალი დონიდან აზროვნების მაღალ დონეზე.

იმისთვის, რომ რაიმე პრობლემა გადავჭრათ, უნდა შეგვეძლოს სისტემური ანალიზი. ესაა უნარი - დაინახო კავშირები სისტემის სხვადასხვა ელემენტებსა და მოვლენებს შორის. თუ ნებისმიერი პრობლემის სისტემურად განხილვას დავიწყებთ, მაგალითად განათლების პრობლემის, მაშინ დავინახავთ, რომ მარტო განათლება იზოლირებულად არ არსებობს, ანუ ამ სამყაროში არაფერი იზოლირებულად არ არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს შევქმნათ ის სისტემა, რაზეცაა დამოკიდებული ეს განათლება და განვიხილოთ განათლება მთელ ამ კომბინაციაში. სწორედ ესაა სისტემური ანალიზი.

მთელი პრობლემა იმაშია, რომ სისტემურ ანალიზს არ შეუძლია ბოლომდე გადაჭრას ეს ამოცანა. 1977 წელს ერთმა ძალიან ჭკვიანმა ბიჭმა მიიღო ნობელის პრემია სწორედ სისტემურ ანალიზში. საუბარია ილია პრიგოჟინზე. მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ცოტა ადრე. სისტემურ ანალიზს საფუძველი ჩაუყარა ლუდვიგ ფონ ბერტალანფიმ, ომის შემდგომ პერიოდში, ხოლო ილია პრიგოჟინმა ეს ყველაფერი გააფორმა და ნობელის პრემია მიიღო. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ სისტემური ანალიზი, ესაა აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობა იმისთვის, რომ საქართველოში რეალობა შევცვალოთ. შესაძლოა ტრაბახში ჩამითვალოთ, მაგრამ მხოლოდ მატრიცული თეორიაა ის თეორია, რომელიც სისტემური ანალიზის შემდგომ ნაბიჯს გვაჩვენებს.

იმის უფრო კარგად საჩვენებლად, თუ რას წარმოდგენს სისტემური ანალიზი, განვიხილოთ ეკონომიკა. არავინ იფიქროს, რომ ეკონომიკა - ეს რაღაც განყენებულია. არავითარი კულტურა, არავითარი ეთიკა, არავითარი სახელმწიფო, არავითარი სოციუმი არ არსებობს ეკონომიკის გარეშე. პირველ რიგში ჩნდება კითხვა: არის თუ არა ეკონომიკა მეცნიერება? 90%-ზე მეტი ამბობს, რომ ეს მეცნიერება არაა. არის თუ არა ასე? როგორც ვიცით, მეცნიერება სწავლობს განმეორებად მოვლენებს. თუ რაღაც არ არის განმეორებადი, ის მეცნიერების კატეგორიაში ვერ გავა. რას ნიშნავს განმეორებადი? მე თუ ათასჯერ გავუშვებ ხელს ამ ფლომასტერს, ათასჯერ დაექვემდებარება მიზიდულობის კანონს. თუ ხელი გავუშვი და უცებ პეპელასავით ფრენა დაიწყო, ეს უკვე მეცნიერება აღარაა. ამ მხრივ, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ეკონომიკა მეცნიერება არაა, რადგან დღესდღეობით შეუძლებელია კრიზისების ზუსტად წინასწარმეტყველება. ვერ გაიგებთ, თუ როგორი იქნება ხვალ ფორთოხლის ფასი ვოლ-სტრიტზე. საუბარი აღარაა უკვე ქართულ ეკონომიკაზე...

მოკლედ, სისტემური ანალიზით გამოდის, რომ ეკონომიკა არაა მეცნიერება. მაგრამ ახლა მე უნდა დავამტკიცო, რომ ეს მეცნიერებაა. და მხოლოდ მატრიცული თეორია ამტკიცებს, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკის მართვა, და როგორ შეიძლება, რომ თქვენი საშუალო შემოსავალი 18 თვეში ოცჯერ და ორმოცჯერ გაიზარდოს. დავაკვირდეთ, თუ რაზეა დამოკიდებული ეკონომიკა, როგორც სისტემური თვალთახედვის ობიექტი. პირველი, ესაა კულტურა, შემდეგი - მეცნიერება (მათემატიკა და ა.შ.), მესამე ესაა ფილოსოფია, ანუ მსოფლმხედველობა, შემდეგ სამართალი, და კიდევ უამრავი ფაქტორი. და იმდენად ბევრ პარამეტრზე და ფლუქტუაციაზეა დამოკიდებული ეკონომიკა, როგორც თვლიან, ამის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. და იმ უამრავ ფაქტორს შორის, რომლებიც ეკონომიკაზე მოქმედებენ - არაწრფივი დამოკიდებულებაა, მაგალითად სამართალსა და განათლებას შორის. რას ნიშნავს არაწრფივი დამოკიდებულება? შეიძლება მოხდეს, რომ ერთი მუხლი სამართლებრივი კოდექსისა, ვთქვათ 184-ე მუხლი, საკმარისია ის არასწორად და ბუნდოვნად იყოს ჩაწერილი, რომ უკვე ვერასდროს ვერ ეღირსებით ეკონომიკის განვითარებას. ესაა არაწრფივი დამოკიდებულება, ანუ ერთის მცირედით შეცვლა იწვევს სასტიკ ცვლილებებს. უფრო მხატვრულად რომ ვთქვათ, თუ რა არის ეს არაწრფივი ცვლილება, მე ვალდებული ვარ გავიხსენო მაგალითი ლიტერატურიდან. გავიხსენოთ ამერიკელი ფანტასტი რეი ბრედბერი. მას ისეთი ლიტერატურული და შემოქმედებითი პოტენციალი ჰქონდა, რომ ყოფიერებაში ვერ ეტეოდა. ორმოცდაათიან წლებში მან დაწერა წიგნი - „დაე იქუხოს“. ესაა არაწრფივი ცვლილებების და სისტემური ანალიზის პირველი ნაბიჯები, რომლებიც სხვათაშორის ლიტერატურიდან დაიწყო. ამასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ მთელი ცივილიზაცია კულტურიდან იწყება. ნიკეს ღიმილი ქანდაკებაზე - ესაა პირველი ნიშანი იმისა, რომ იბადება უდიადესი ქვეყანა, რასაც ჰქვია საბერძნეთი. პირველი ნიშანი იმისა, რომ იბადება რენესანსი, ესაა დანტე ალეგიერი. ეს არაა მხოლოდ გემების მშენებლობა, გეოგრაფიული აღმოჩენები, არა, პირველ რიგში ესაა დანტე ალეგიერი. ხელოვნება ჰბადებს მოთხოვნილებას, რომელიც შემდეგ ვითარდება. ამ მხრივ ასევე უნდა გავიხსენოთ წიგნი, რომელიც პირველად 1605 წელს გამოიცა და დაბადა ახალი დროება - ესაა სერვანტესის „დონ კიხოტი“. მხოლოდ შემდეგ იწყება დეკარტეები, ვოლტერები და ა.შ.

დავუბრუნდეთ ბრედბერის, და იმას, თუ რას ნიშნავს არაწრფივი დამოკიდებულება. თითქოს სულელური სიუჟეტია. შეიძლება ადამიანმა წაიკითხო და ვერ მიხვდე რაზეა საუბარი. ძალიან მოკლედ სიუჟეტი ასეთია: სამიათას რაღაცა წელია, და გახსნილია დროში მოგზაურობის სააგენტო. მთავარი გმირი მიდის სააგენტოში და ამბობს, რომ უნდა დინოზავრებზე ნადირობა. გინდა? ამაზე მარტივი რა არის, გადაგიყვანთ 60 მილიონი წლით ადრე დროის მანქანით გადაგიყვან და ინადირებ. მოკლედ მივა, ფულს გადაიხდის, და ეუბნებიან, რომ როცა გადაგიყვანთ იმ დროში, იქ დაგხვდება ჩვენი აგენტი, რომელსაც ყველაფერი უნდა დაუჯეროო. მოკლედ, როცა გადავა იმ დროში, დახვდება გიდი, რომელიც ეუბნება, რომ ამა და ამ ბილიკს არ უნდა გადაცდეს. მოკლედ, მოხდება ისე, რომ მაინც გადავა ბილიკიდან და პეპელას დააზიანებს. და თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა უკან დაბრუნდება, ხვდება, რომ ამ სამყაროში რაღაც შეიცვალა. ანუ ერთი პეპლის დაზიანებამ მთელი სამყარო შეცვალა.

დაახლოებით 10 წლის შემდეგ უდიადესი მათემატიკოსი - ლორენცი უფრო ლამაზად გამოთქვამს ამ ყველაფერს, რომ უმნიშნველო შეცდომამ, შეიძლება ტრაგედია გამოიწვიოს. ესაა სისტემური ანალიზის პირველი საფუძველი. ამას პეპლის ეფექტი და ლორენცის ფორმულირება ასეთია: „აიოვაში პეპლის ფრთის დაქნევამ შეიძლება გამოიწვიოს წარღვნა ინდონეზიაში“.

იმისთვის, რომ გამოვასწორო ეკონომიკა რეალურ ცხოვრებაში, მე უნდა დავადგინო ყველა ის ელემენტი, რომელიც ამ ეკონომიკასთან რაღაც გარკვეულ ურთიერთ-კავშირებს ქმნის. მაგრამ არ არსებობს ის პროგრამა, რომელიც ამ ამოცანას ამოხსნის. როგორც ფიზიკოსი და მათემატიკოსი გეუბნებით, რომ ურთულესია და ჯერ-ჯერობით შეუძლებელია ალგორითმის შექმნა ამისთვის. იმიტომ რომ ეს ალგორითმი ყოველ 15 წუთში იცვლება, ანუ ვიღაც უნდა იჯდეს, და ყოველ ცვლილებაზე ალგორითმებს ცვლიდეს. ამიტომ თუ მთლიანობაში წარმოიდგენთ ამ სირთულეს, იტყვით, რომ მოდი, მივუშვათ ეს ყველაფერი, და იყოს თავისუფალი ბაზარი, სპონტანურად მოხდეს ყველაფერი. როგორი იქნება დოლარის კურსი ექვსი თვის შემდეგ, არავინ არ იცის, სწორედ ამიტომ არ აღიარებენ ეკონომიკას მეცნიერებად. მაგრამ მე გეუბნებით, რომ საკმარისია, გადავიდეთ სისტემური ანალიზიდან მატრიცულ თეორიაზე, რომ მოხდება საოცრება. აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ეს თურმე მეცნიერებაა, და არსებობს ის კანონზომიერება, რასაც ახლა მოგიყვებით...

ინტერვიუს მეორე ნაწილი იხ. ამ ლინკზე

ვიდეო და სხვა სახის ინფორმაცია თამაზ ბუთხუზის და მისი თეორიის შესახებ იხილეთ გვერდზე - ჰუმანური განვითარების ინიციატივა

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...