წყარო

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

 

rosy de palma

როსი დე პალმა ესპანელი მსახიობია. ცნობილია პედრო ალმოდოვართან ერთად შექმნილი ფილმებით. ორჯერ იყო ნომინირებული გოიას დაჯილდოებაზე, „კიკასა“ (1993) და „ჩემი საიდუმლოს ყვავილისთვის“ (1995). ის აგრეთვე არის მომღერალი, პერფორმერი, და მოდელი. მისი ბოლო ფილმია „მადამი“, გადაღებული ამანდა სტერსის მიერ.


ადა პეტრიცკო: - ლეგენდებს ხშირად არ ვხვდები.

როსი დე პალმა: - რას გულისხმობთ?

- პედრო ალმოდოვარის, ჟან-პოლ გოტიეს და ტიერი მიუგლერის მუზა. ქალი, რომელმაც გამოსცადა ესპანური ისტორიის განსაკუთრებული პერიოდი, გენერალ ფრანჩესკო ფრანკოს სიკვდილის შემდეგ. დრო, რომელშიც შეიძლება გაგიჟებულიყავი.

- მართალია, საინტერესო დროებში მიცხოვრია. 1964 წელს დავიბადე, ამიტომ ­ისეთ პერიოდში არ ჩამოვსულვარ, ფრანკოს პოლიტიკის გამო დავტანჯულიყავი, თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ, კარნავალზე, დამაკავეს. ქვეყნისთვის ეკონომიკურად რთული დრო იყო, მაგრამ, კულტურისთვის - რევოლუციური.ფრანკოს უნდოდა, რომ ჩვენ სტაბილური, ღვთისმოშიში ერი ვყოფილიყავით, ტრადიციული სოციალური და გენდერული როლებით ორგანიზებული. ქვეყანას ცენზურა მართავდა, ჰომოსექსუალობა კი, დაპატიმრებით ისჯებოდა. 

მისი დიქტატორული რეჟიმის დაცემის შემდეგ, ესპანეთმა ღრმად ამოისუნთქა. ქუჩებში პანკები გამოჩნდნენ, მუქ ფერებში ჩაცმული გოგონები და გეები, რომლებსაც, დამალვა აღარ უწევდათ.კლუბები გაიხსნა და იქ ახალი ტალღის მუსიკას აჟღერებდნენ. მადრიდი ამ ცვლილებების ეპიცენტრი იყო. 

მე მალორკაში, მუშათა კლასის კათოლიკურ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ როცა 18 წლის გავხდი, დედაქალაქში გადავედი, იმ ბენდთან ერთად, რომელშიც ვმღეროდი, სახელად „Peor Impossible“ („ყველაზე უარესი, რაც კი შესაძლებელია“). ჩვენ პანკისა და პოპის მიქსს ვუკრავდით. გვიყვარდა კიჩი, და აქედან გამომდინარე გაფრთხილებდით - ყველაზე უარესები ვიყავით.

- კიდევ ერთხელ - თქვენ ნამდვილად კარგი დროები გქონდათ, რადგან „la Movida Madrileña“ („მადრიდის სცენა“)-ს დასასრულში ჩაგითრიეს, კონტრკულტურულ მოძრაობაში, რომელიც ალმოდოვარმა მის პირველ ფილმებში აჩვენა, მაგალითად, „პეპი, ლუსი, ბომში“ (1980).

- მართალია. „მადრიდის სცენა“ ფრანკოს შემდეგ პირში დარჩენილი ცუდი გემო იყო. მაშინ, როცა ის ზღუდავდა, ფორმალურობის ფარგლებში აქცევდა და სჯიდა, „მადრიდის სცენაში“ არანაირი წესები ან ტაბუ არ არსებობდა, ის არტისტული და სექსუალური თავისუფლების აფეთქება იყო. ჩვენ ფორმალური მოძრაობა არ ვყოფილვართ. არ გვქონდა მანიფესტი, იდეოლოგია, არ გვყავდა ლიდერები.

შემდეგ მათ თქვეს, „რა არის „მადრიდის სცენა?“ სადმე რამე ხდება?“ ეს ისეთი რაღაც იყო, თითქოს ვიღაცამ ესპანეთს პირი თავიდან გააღებინა.ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობდით, რაზეც კი ფრანკოიზმმა პირი იბრუნა: ჰომოსექსუალიზმი, პორნოგრაფია, ნარკოტიკები და სექსუალური ძალადობა.ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, რადგან ჩვენ სხვა ქვეყნებს უნდა დავწეოდით. ესაა მიზეზი, რატომაც იყო ყველაფერი გაბუქებული და თეატრალური.

- როგორი გრძნობა იყო მაგ დროს გოგოდ ყოფნა?

- ჩვენ ბიჭს და გოგოს არ ვასხვავებდით. გვინდოდა, თანასწორები ვყოფილიყავით და გენდერით ვთამაშობდით. მაგალითად, კაცებს მაკიაჟი ესვათ, როგორც ჩვენ, ხოლო კაბებს კი, ჩვენგან თხოულობდნენ. თავისუფლების არტისტები ვიყავით.

- 1987 წელს შექმენით დებიუტი ალმოდოვართან ერთად. თქვენი მოულოდნელი შეხვედრა ლეგენდას ჰგავს. ნაწილობრივ პატრიარქალურ ნარატივადაც ყალიბდება: არის კაფეში მჯდომი ქალი, სრულიად უცნობი და უმანკო, როცა პედრო შემოდის და „აღმოაჩენს“ ამ ქალს კინო სამყაროსთვის.

- ეს ყველაფერი ტყუილია, რა თქმა უნდა. ჩვენ Peor Impossible-ს კონცერტზე შევხვდით. პედრო ბარში შევიდა, სადაც „მადრიდის სცენის“ მოძრაობის ხალხი იკრიბებოდა, მე კი, იმ ბარში ვმუშაობდი, რადგან მუსიკა ქირის ფულს ვერ მიხდიდა. ერთ დღესაც, პედრო კოსტუმებს ეძებდა კარმენ მაურასთვის, რომელსაც მის ფილმში, „სურვილის კანონი“, ტრანსსექსუალი უნდა ეთამაშა.მას რამე სექსუალური სჭირდებოდა, ხოლო ჩემი ტანსაცმელი უფრო ამოღებული იყო, ვიდრე მოკრძალებული, რადგან 22 წლის ვიყავი და დიდებული ტანი მქონდა. მან თქვა, რომ ყველაფრის ყიდვა უნდოდა, რაც კი მეცვა. ვუპასუხე, რომ ყველაფერი მე თვითონ შევქმენი, საყურეების ჩათვლით. ასე რომ, ისე გამოვიდა, მხოლოდ კარმენი კი არა, სხვა რამდენიმე მსახიობიც ატარებდა ჩემს ტანსაცმელსა და სამკაულს.

- და შემდეგ თქვენ ფილმში ითამაშეთ.

- ალმოდოვარმა პატარა როლი შემომთავაზა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე ვითამაშე. როცა გადაღებაზე შევედი, პედრომ ვიზაჟისტს და კოსტუმების დიზაინერებს უთხრა, რომ არ უნდა შემხებოდნენ. მაშინ როკაბილის სტილში მეცვა - აჩეჩილი თმა, მუქი მაკიაჟი, მიმზიდველი კაბა, ძალიან ბევრი ვარდისფერი და შავი, და პედროს უნდოდა, რომ მე თვითონ შემექმნა საკუთარი გარეგნობა. როსი უნდა ვყოფილიყავი.დასასრულს, ის ძალიან კმაყოფილი იყო ჩემით, ამაყიც კი, და კიდევ ერთი როლი შემომთავაზა - მარისა, ფილმში „ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“. მან ეს როლი ჩემთვის შექმნა, თუმცა ჩემს ცხოვრებასთან არაფერი აკავშირებდა. ზუსტად მაშინ ვისწავლე, თუ რა არის თამაში.

- როგორი იყო ალმოდოვართან მუშაობა?

- ძალიან მიხარია, რომ კინოში მუშაობა მასთან დავიწყე. პედროს დიდებული ყური აქვს, და სენსიტიურობა ხმის ტონის მიმართ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა. სახე და ჟესტები იმდენად დიდ ემოციურ სიმძიმეს არ იტევენ, რამდენსაც ხმა იტევს. ეს არის, რასაც სხვა სამყაროში გადავყავართ, როცა ხმა ემოციით ვიბრირებს.დღესაც კი, ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ ჟღერს ჩემი ხმა სხვადასხვა ენაზე დუბლირებულ ფილმებში - ინგლისურში, ესპანურში და ფრანგულში.მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, პედრო სასტიკად თანმიმდევრულია და ზუსტად იცის, რა უნდა.

- რეჟისურაში ცვლილებების, ან იმპროვიზაციის მიმართ თუ არის გახსნილი?

- ყოველთვის არა, მაგრამ ის მსახიობებს უსმენს. არასოდეს დამავიწყდება, ფილმის, „ქალების ნერვული აშლილობის ზღვარზე გადაღებისას“, როგორ ვიწუწუნე და ვთქვი, რომ ძალიან მოვიწყინე, რადგან ჩემმა პერსონაჟმა გასპაჩო დალია დამაძინებელ წამლებთან ერთად, და ფილმის უმეტესობა ეძინა. „პედრო, რამდენი ხანი უნდა ვიწვე ასე?“ - ვწუწუნებდი მე. შემდეგ ერთ დღეს მან მითხრა, რომ მარისას, რომელიც მოკრძალებული ქალწულია, ძილში ორგაზმი ექნებოდა. ჩემი აზრი რომ დაეიგნორებინა, ეს კლასიკური საკულტო სცენა ვერ შეიქმნებოდა.

- თქვენ ყოველთვის ნათელ მხარეს უყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ ფოლკნერის სიტყვების გამეორება, - „არჩევანის საშუალება რომ მოეცათ ტკივილსა და არაფერს შორის, მე ტკივილს ავირჩევდი“.

- რა თქმა უნდა, რადგან ტკივილისგან რამის შექმნა შეგიძლია. სად იქნებოდა მუსიკა და ლიტერატურა ტკივილის გარეშე?- ეს სიყვარულსაც ეხება?- ურთიერთობაში, დიახ. მირჩევნია, ტკივილი ვიგრძნო, ვიდრე სიცარიელე. მაგრამ, მირჩევნია ცარიელი ვიყო, ვიდრე საშუალო დონის ურთიერთობაში. თუ ეს რამე ფანტასტიური არ არის -არა, გმადლობთ.

ეს არის მიზეზი, რატომაც ვისწავლე კაცების გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ მათი კვლავ მჯერა, რასაც მათ მივცემდი, ახლა საკუთარ თავს ვაძლევ.

- რა არის თქვენთვის მიმზიდველი?

- იუმორის გრძნობა.

- ეს მარიასავითაა, თქვენი ახალი ფილმის, „მადამის“ გმირივით, რომლის რეჟისორიც ამანდა სტერსია. როცა ხვდება, რომ ადამიანი, რომელიც უყვარს, მას არ იმსახურებს, ჩემოდნის ჩალაგება ურჩევნია.

- ფილმი აჩვენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამე, არის სიყვარული და პატივისცემა, რაც ადამიანს საკუთარი თავის მიმართ გააჩნია. შეძრული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ამანდამ ეს როლი სპეციალურად ჩემთვის დაწერა, რადგან მარია ხალისიანი, გულწრფელი ადამიანია და ღირსეულად იქცევა. განათლებული არა, თუმცა ბუნებრივად ინტელიგენტია.

მარია ჩემი ძლიერი ქალების გალერიის კიდევ ერთი ფიგურაა. მილანში, პიკოლოს თეატრში შოუ დავდგი, სახელწოდებით „სიყვარულის ელასტიურობა“, რომელსაც წელს პარიზში ხელახლა ვაკეთებ. ეს სოლო ნამუშევარია, შთაგონებული სურეალიზმითა და გარსია ლოკას პოეზიით, მაგრამ ყველაზე მეტად კი, იმ ქალი მხატვრებით, რომლებიც პატრიარქატმა ასპარეზიდან გააგდო. თამაშში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ შემიძლია, გავუჩინარდე. ამ შოუში როსი უჩინარდება, ამიტომ, მას შეუძლია მარია კალასის მელანქოლია ან კუბელ-ამერიკელი მხატვარი, ანა მენდიეტა და მისი ცნობილი „სილუეტები“ აჩვენოს.

ვფიქრობ, როგორც მარკიზი ამბობდა, იდეები არავის საკუთრება არ არის.ხელოვნება, რომელსაც ვქმნით, მომდინარეობს ხელოვნებიდან, რომელიც გამოვცადეთ. სწორედ ამიტომ მინდოდა ვალის გადახდა იმ ქალი ხელოვანებისთვის, რომლებმაც გამაძლიერეს. 

- მოდის სამყარო შეყვარებულია თქვენს გამოსახულებაზე, ისევე, როგორც ალმოდოვარი, რომელიც „კუბისტურ სილამაზეს“ გიწოდებთ.

- მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩემ გამო, სილამაზესთან დაკავშირებული კანონები, უფრო ნაკლებად მოსაწყენი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსხვავებული მიმართულებით შემოტრიალებას ვხედავ. შეგრძნება მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, მოდის ინდუსტრია ცდილობს გახსნილი იყოს განსხვავებული ზომებისა და სახეების მიმართ, ეს მხოლოდ გაყიდვების მოსამატად ხდება. მე მიყვარს მოდა, ვმუშაობ დიზაინერებთან, თუმცა დისტანციას ვიჭერ იმ მეთოდებთან, რომელთა საშუალებითაც, ეს სამყარო ახდენს გავლენას ჩვენს ურთიერთობაზე გარეგნობასთან. იმის მიუხედავად, რომ დავფიქრდეთ, რისი გამოცდის საშუალებას გვაძლევს საკუთარი სხეული, ჩვენ ყოველთვის ვაკრიტიკებთ მას.

- ეს ყოველთვის იცოდით?

- დიახ. სკოლაში, ვუყურებდი ბავშვებს, რომლებიც დამცინოდნენ იმ რაღაცების გამო, რაზეც მე კონტროლი არ მქონდა, და ვფიქრობდი, თუ რატომ ჰქონდა მათთვის ამას მნიშვნელობა. კანის ფერი, სიმაღლე, სიმეტრიული სახე - ჩვენ ამ ყველაფერს არ ვირჩევთ. რამე პრობლემაა ამასთან დაკავშირებით? გარდა ამისა, ყველაფერი ფარდობითია. ცხვირი დედაჩემისგან მერგო, რომელიც ნავარადანაა, ჩრდილოეთ ესპანეთიდან, და როცა იქ მივდივარ, არავინ მაშტერდება, რადგან მანდ ყველას გრძელი ცხვირი აქვს. მე ეს მომწონს, და ვერ წარმომიდგენია მისი შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ზოგიერთ ადამიანს არ მოსწონს.

- თავს ყველაზე ლამაზად როდის გრძნობდით?

- ზუსტად ახლა, პატარავ. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და შეიძლება, ვერ აცნობიერებ, რამდენად ლამაზი ხარ, თუმცა, დაიცადე, სანამ 50-ის გახდები.