წყარო 

kar wai

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  Ikigai / იკიგაი

ვონგ კარ-ვაი ჰონგ-კონგელი კინორეჟისორი და სცენარისტია. ცნობილია თავისი უნიკალური სტილით და ფერების ოსტატურად გამოყენებით.

The Hollywood Reporter: - როცა ბავშვი იყავით, კინოში ხშირად დადიოდით? თუ კი, რამე სპეციფიკური ტიპის ფილმები გერჩივნათ?

ვონგ კარ-ვაი: - მე შანხაიში დავიბადე. ჰონგ-კონგში ხუთი წლისა ჩამოვედი, მაგრამ აქ ნათესავები არ გვყოლია. დედაჩემი კინოს დიდი მოყვარულია, ყველა ჟანრის ფილმს უყურებდა, ამიტომ, კინოში ძირითადად ყოველდღე დავდიოდით. სკოლის მერე მივყავდი ხოლმე, შეიძლება მოჩვენებების ამბებისთვის და კულტურალური ფილმებისთვის გვეყურებინა, ან ფრანგული ფილმებისთვის, კანატონური ფილმებისთვის -- მოკლედ, ყველა ტიპისთვის. უბრალოდ, გვინდოდა, რაღაც დრო კინოში გაგვეტარებინა.

- პირველად როდის მოგივიდათ თავში აზრად, რომ თავად გსურდათ კინოსთვის გაყოლა? და როგორ მოხდა ეს? წამიკითხავს, რომ რაღაც დროით ალან ტანგის მოსწავლე იყავით...

- მაგ დროს გრაფიკულ დიზაინს ვსწავლობდი. ჰონგ-კონგში TVB გვაქვს, რაც ადგილობრივი ტელევიზიის სახელწოდებაა. მათ დაიწყეს პროექტი, სახელწოდებით „რეჟისორების ტრენერული პროგრამა“ და მაგ დროს ტელევიზიით დამოუკიდებელ ფილმებს აჩვენებდნენ; ისეთ ფილმებს ქმნიდნენ, რომლებიც მე მართლა მიზიდავდა. სწორედ ეს არის ჰონგ-კონგის ახალი ტალღის საწყისი წერტილი - ისინი ყველანი სტუდენტები იყვნენ, შეერთებული შტატებიდან ან ინგლისიდან ბრუნდებოდნენ, ტელევიზიაში მუშაობდნენ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდნენ, რაც ძალიან კარგი იყო. პროგრამა ძალიან მომეწონა, ამიტომ კოლეჯი მივატოვე და ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე.

- გვიან 90-იანებში სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღება დაიწყეთ ფილმით „სანამ ცრემლი არ შეშრება“ (1988). კონკრეტულად რა თანმიმდევრობით მოდიან თქვენთან აზრები, მუსიკის, სიტყვებისა და გამოსახულებების სახით?

- რამე განსაკუთრებული თანმიმდევრობა არ არსებობს - ყოველთვის ისე არ არის, თითქოს პირველად სიტყვები მოდის, შემდეგ სცენარი, შემდეგ კი გამოსახულება, და მერე მუსიკა. ხანდახან, როცა ქუჩაში ხარ, რაღაც კონკრეტული მუსიკა ხდება შენი შთაგონების წყარო, შემდეგ კი ხედვა ჩნდება, თვალწინ სურათი წარმოგიდგება. მაგრამ, დღის ბოლოს, სწორედ ამ ხედვების სინთეზი ხდება. ასე რომ, როგორც რეჟისორმა, უნდა იფიქრო სცენაზე, ან დიალოგის მიწოდებაზე, ან როგორ შეიძლება მისი გამოსახვა ვიზუალურად. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, „შენს ფილმებში მუსიკას ძალიან კარგად იყენებ. როგორი გემოვნება გაქვს მუსიკაში?“ მე ვამბობ: „რეალურად, მე ვანიჭებ უპირატესობას ისეთ მუსიკას, რომელიც ვიზუალურია“. რას ნიშნავს ეს? რომ მუსიკა კონკრეტულ სურათს უნდა შთაგაგონებდეს.

- წამიკითხავს, რომ „კასაბლანკას“ გადაღებისას, ჰემფრი ბოგარტს დაუძახეს და უთხრეს, რომ ზედა გალერეაზე ასულიყო, ქვემოთ ჩაეხედა და თავი დაექნია. მან არ იცოდა, ვის ან რას უქნევდა თავს, მაგრამ ეს სცენა ბოლოს მიუერთეს იმას, სადაც ორკესტრი დასაკრავად ნებართვას ელოდება, შემდეგ კი „მარსელიაზას“ უკრავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მომენტია მთელ ფილმში. როგორც მე მივხვდი, თქვენი ფილმებიც იგივენაირად მოქმედებენ, შეიძლება მსახიობებმა არც იცოდნენ, თუ რატომ აკეთებენ გარკვეულ რამეს, და შეიძლება, არც თქვენ იცოდეთ, რატომ აკეთებინებთ მათ ამას იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ლაგდება. სწორია? და თუ კი, როგორ მიხვედით ამ მეთოდამდე?

- ვფიქრობ, რეჟისორი რომ იყო, ხანდახან საჭიროა, შენს ინტუიციას ენდო. მე ყოველთვის ვამბობ, „ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც უკუსვლით მოძრაობს. გამოსახულება უკვე არსებობს, ხოლო ჩვენ ახლა მის დაკარგულ ნაწილებს ვაგროვებთ“. და ზოგჯერ, როცა გადაღება გაქვს, შეიძლება სხვანაირად გქონდა განზრახული, მაგრამ ბოლოს სრულიად განსხვავებული რამ გამოვიდეს. ან, მაგალითად, სინათლის გამო, შეიძლება თქვა „რატომ არ გადავიღო კადრი აქაც?“ და იმ მომენტში არ იცი, ზუსტად სად ჩასვამ ამ კადრს, მაგრამ რაღაცნაირად გგონია, რომ მას გამოიყენებ. როცა ყველაფერს ერთად უყრი თავს, ამას აანალიზებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - მის გარეშე სტრუქტურის აწყობა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ხანდახან საჭიროა, ეს გააკეთო. მაგრამ ამას არ აკეთებ რაღაც მიზეზების გამო, უბრალოდ ზოგჯერ მართლა გჯერა, რომ კარგი კადრი გამოვა.

- არსებობენ რეჟისორები, რომლებსაც „კამერაშივე დამუშავების“ ტექნიკა ურჩევნიათ (ტექნიკა, რომლის დროსაც გადაღების შემდეგ მონტაჟის ნაცვლად, რეჟისორი ან ოპერატორი კონკრეტული მიზნით იღებს ამა თუ იმ კადრს), მაგალითად, როგორიცაა კლინტ ესტვუდი ან...

- ჰიჩკოკი.

- ზუსტად, ჰიჩკოკი. და შემდეგ არიან სხვები, მაგალითად უილიამ ვაილერი ან დევიდ ფინჩერი, რომლებსაც ურჩევნიათ ერთი სცენისთვის 50 ან 60 კადრის გადაღება და ბოლოს დამუშავება მთელი თვეების განმავლობაში. გამიგია, რომ ხანდახან წელსაც კი ატარებთ სამონტაჟო ოთახში, ასე რომ, სწორი იქნება ვთქვათ, რომ თქვენც სწორედ ეს მეთოდი გირჩევნიათ?

- პირველ რიგში, მე რეპეტიციებს არ ვაკეთებ. ზოგიერთ რეჟისორს უყვარს რეპეტიციები - გადამეორებები რეალურ გადაღებამდე - მაგრამ მე არ მომწონს ეს პროცესი, რადგან ვფიქრობ, არსებობს გარკვეული რამეები, რაც ძალიან სპონტანურია და ორჯერ ვერ მოხდება. თუ ფილმის ხასიათი რეპეტიციაზევე გავითავისეთ, რატომ არ შეიძლება უბრალოდ გადავიღოთ ის? ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ „გადაიღეთ რეპეტიცია“, ანუ, რეპეტიციის გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ჩვენ ნამდვილ სცენაზე ვმუშაობთ, არსებობს სხვა შესაძლებლობებიც. უბრალოდ მინდა, რომ ჩემმა ქასთმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. რაღაც მხრივ, ეს მათზე უფროა დამოკიდებული. თამაში მეზიზღება, ყოველთვის მიწევს, რომ სხვა პერსონაჟებისგან რამე ვისესხო. ამიტომ, მე ჩვეულებრივ ვქმნი როლს მსახიობებზე დაყრდნობით. ასე რომ, ტონი ლეუნგი იპ მენს არ თამაშობს, უფრო ვიტყოდი - „და იქნებ იპ მენი არის ტონის ლეუნგისნაირი?“

- იშვიათია, რომ რეჟისორმა და მსახიობმა ერთად იმდენად ხშირად იმუშაონ, რამდენადაც თქვენ და ლეუნგი აკეთებთ ამას - მგონი, შვიდი ფილმი ოც წელში, მაშინაც კი, როცა სხვებისაშიც მონაწილეობს მაგ დროს.

- 20-მდე გააკეთა სხვებიც (იცინის). ეს მისთვის ზედმეტად ბევრი არ არის.

- როგორ შეხვდით ერთმანეთს? რა მოგწონთ მასში ასე ძალიან?

- ჩემი მეორე ფილმის გადაღებაზე შევხვდით, და რეალურად მისი ნაწილი ბევრად დიდი იყო, ვიდრე ახლა საბოლოო ვერსიაშია. გადაღების დროს ერთი ინციდენტი მოხდა, რის გამოც მისი ნაწილი ბევრად უფრო პატარა გახდა, და ფილმში თითქოს არსაიდან ჩნდება -- მაგრამ ეს მართლა ძალიან მაგარია. იმის შემდეგ უფრო მეტი ფილმი შევქმენით ერთად. ის, რითიც ტონიმ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, შემდეგია: ლეუნგი არის ძალიან, ძალიან ექსტრაორდინალური მსახიობი, მას უყვარს გამოწვევები და პროფესიონალია. როგორიცაა ფილმი „ოსტატი“, - ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იპ მენი ტიპური მებრძოლი არ არის, ამიტომ უბრალოდ ექშენ-ვარსკვლავს ვერ ვთხოვდი მის თამაშს, ეს ამ პერსონაჟის სული არ არის. ამიტომ, მჭირდებოდა კარგი მსახიობი და მყავს კიდეც, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ საომარ ხელოვნებებში არასოდეს უმეცადინია. ძალიან გვიანი იქნებოდა, რომ 47 წლის ასაკში დაეწყო? მაგრამ მას ეს უნდოდა. თქვა: „ყველა ტიპისაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ კუნგ-ფუ ფილმში არა, ამიტომ, ეს ისაა, რისი გაკეთებაც მინდა“. და სხვა სამსახურების მიღება შეწყვიტა. 18 თვის განმავლობაში მის პერსონაჟად გახდომაზე იყო ფოკუსირებული, და, რეალურად, ამ ფილმის შემდეგ, როგორც ხედავთ, იპ მენის სული, მისი დაძაბულობა, მასთან დარჩა. ახლა ცოტა სხვანაირად გამოიყურება.

- არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის იმდენად ცნობილი არ არის, მაგრამ მათთან დიდი ხნის განმავლობაში გიმუშავიათ. მინდა მათზე გკითხოთ. ერთ-ერთი რამე, რასაც ადამიანები ყოველთვის აღნიშნავენ თქვენი ფილმების შესახებ, არის ის, თუ როგორი ლამაზი და განსხვავებულები არიან ისინი. აქვთ ვიზუალური სტილი, რომლისმაგვარის გადაღებასაც ახლა სხვები ცდილობენ, თუმცა ეს პირველად თქვენ გააკეთეთ. თქვენს დეკორატორთან და მონტაჟისტთან, უილიამ ჩანგთან და აგრეთვე თქვენს ოპერატორებთან, კრისტოფერ დოილთან და ფილიპ ლე სურთან ერთად.

- დიახ.

- ზოგიერთ რეჟისორს ძალიან უყვარს კონტროლი და ეუბნებიან მათთან ერთად მომუშავე ადამიანებს, თუ როგორ გააკეთონ თავიანთი საქმე. მაგრამ თქვენ მართლა ენდობით ამ ადამიანებს, არა?
- მე ნამდვილად მიყვარს კონტროლი, მაგრამ ამავდროულად უილიამთან და ფილიპთან თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია ფილიპთან ერთად, მასთან კომერციული მხარეების დროს მიმუშავია. რაღაც მხრივ, ეს მართლაც კოლაბორაციაა, რადგან მათ იციან ჩემი სტანდარტები, მე კი მათი, ასე რომ, ბევრ რამეს უბრალოდ არ ვამბობთ. ყოველთვის კარგია ერთიდაიგივე ჯგუფთან მუშაობა, რადგან ვიცით რამდენად მაღლა შეგვიძლია აფრენა, რა არის პარამეტრები, და ბოლოს ეს ძალიან სასიამოვნო ხდება.

- საინტერესოა, რომ დიდებული რეჟისორებიდან ძალიან ბევრი, ჯონ ფორდიდან დაწყებული ვუდი ალენით დამთავრებული, ერთიდაიგივე ხალხთან ხშირად მუშაობდა.

- დიახ.

- რამდენიმე წლის წინ, ნიუ-იორკ თაიმსმა სტატია გამოაქვეყნა თქვენს შესახებ, სადაც მწერალი წერდა: „ვონგმა აგრეთვე იცის უარის თქმის ფასი. ის თავს იკავებს, რომ თქვას თავისი მოსაზრება ან გასცეს ნებართვა იმისთვის, რომ შემდეგ მსახიობებმა და კოლაბორაციონისტებმა უფრო მეტი შესთავაზონ, რათა ასიამოვნონ.“ მართალია?

- ეს მსახიობებზეა დამოკიდებული. ზოგიერთ მსახიობს მოსწონს წახალისება, ზოგიერთს - ზეწოლა. ხანდახან კი, სჯობს შენი კომენტარი სიჩუმით დააფიქსირო, რადგან არსებობენ მსახიობები, რომლებიც იმდენად ნიჭიერები და ოსტატურები არიან, ბევრი ლაპარაკის გარეშეც კი იგებენ.

- ჩემნაირ ადამიანებს მოსწონთ დაჯდომა და ყველაფერ იმის განხილვა, რასაც კონკრეტული რეჟისორები აკეთებენ, ამიტომ ხანდახან ისეთ რამეებს ვხედავთ, რაც შეიძლება არც კი იყოს იქ. ერთ-ერთი რამე, რასაც ყოველთვის ვეძებთ, ეს მსგავსებაა რეჟისორის ყველა ფილმს შორის. როცა საქმე თქვენ გეხებათ, ვფიქრობ, ასეთი რამე სინანული და ძლიერი სურვილის განცდაა. ეთანხმებით ამას? და თუ კი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- მე ვიტყოდი, ძლიერი სურვილი უფრო, ვიდრე სინანული. მგონია, რომ ძლიერი სურვილი სწორედ ისაა, რაც გზის გაგრძელებისკენ გვიბიძგებს. როგორც გუშინ ღამით მეთს ვუთხარი, ჩემი ფილმები ყოველთვის იმედზეა - ძლიერ ლტოლვაზე, რამე უკეთესისკენ.

- ახლა ბევრად უფრო დიდი ინტერესი არსებობს ჰონგ-კონგის კინოს მიმართ, ვიდრე მაშინ იყო, როცა თქვენ იწყებდით...

- რა გაფიქრებინებთ ამას?

- არ ვფიქრობ, რომ ფესტივალები პროგრამაში ჰონგ-კონგის ფილმებსაც უჩვენებდნენ, ან რომ „ოსკარი“ ფულს უხდიდა ჰონგ-კონგის რეჟისორებს. ისე ჩანს, რომ ინტერესი და ინფორმირება ბევრად გაიზარდა. არ მეთანხმებით?

- არ გეთანხმებით. ჰონგ-კონგის კინო ერთადერთი გასართობი იყო ოკეანის იქით მდებარე ჩინეთისათვის. შემდეგ კი ის საერთაშორისო ფესტივალების წრებრუნვებში ჩაება. რაღაც მხრივ, ეს ძალიან ახალია. ხალხი ცნობისმოყვარეა ჩინური კინოს მიმართ - ჰონგ-კონგის კინოს მიმართ, - მეტი სიმპათიაც გააჩნიათ. არ ვფიქრობ, რომ მათ ახლა უფრო ამჩნევენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს რაღაც მხრივ ჩინეთში მომხდარი ცვლილებების და ზრდის გამოა. ის, როგორც უყურებენ ისინი ამ ყველაფერს, განსაკუთრებით კი ჩინურ კინოს, ახლა ცოტათი უფრო კრიტიკულია.

- ვფიქრობ, რომ „ოსტატის“ ბოლო წინადადება ძალიან საინტერესოა: „რა არის შენი სტილი?“ თქვენ ამ კითხვას აუდიტორიას უსვამთ, მაგრამ, მოდით, ამჯერად მე დაგისვამთ თქვენ. თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ აქვს არცერთი თქვენი ფილმი ნანახი, როგორ აუხსნიდით მათ, თუ როგორია თქვენი სტილი? და თუ მათ შეეძლებოდათ ერთი ფილმის ნახვა თქვენი კარიერიდან, რომელი გენდომებოდათ რომ ენახათ? რომელი ფილმი გამოგხატავთ ყველაზე კარგად?

- ვიტყოდი, რომ მე ერთ ფილმს ვქმნი, უბრალოდ სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვანაირად. ამიტომ, ნებისმიერის არჩევა შეუძლიათ.ეს მაინც ჩემი ფილმი იქნებოდა. არ ვქმნი ფილმებს, რომლებისაც არ მჯერა.

- არ არსებობს ფილმი, რომელიც უფრო მოგწონთ? რომლითაც უფრო ამაყობთ?

- ყველათი ვამაყობ. რაც შეეხება იმ წინადადებას - „რა არის შენი სტილი?“ - ეს ძალიან საინტერესოა. იმიტომ, რომ უბრალოდ ბრუს ლის ტიპური სიტყვებია ფილმში. მან თქვა „რა არის შენი სტილი?“ მაგრამ საწინააღმდეგო რამე ისაა, რომ წიგნში, ის ამბობს, - „საუკეთესო მეომრებს სტილი არ გააჩნიათ. ისინი წყალივით უნდა იყვნენ“.

- ჩემი საბოლოო კითხვა შემდეგია: მომიყევით თქვენი მზის სათვალეების შესახებ. მათ გარეშე არასოდეს ჩნდებით, არა?

- არა, არ ვჩნდები. უბრალოდ ჩვევაა, რომლითაც საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ვმუშაობ.

- დიდებულია. ნეტავ, მეც ასევე მაგრად გამოვიყურებოდე მზის სათვალეებში!