tahiti

მონაკვეთი წიგნიდან - "Tahiti Days"

მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი

წყარო

„ცეცხლზე სიარულის ყველაზე საინტერესო ნაწილი არის შემსრულებლების მიერ დაწვის იმუნიტეტის შენარჩუნება. ამ შემთხვევაზე მეცნიერებისა და თვითმხილველების აზრი მნიშვნელოვნად იყოფა... S. P. Langley, თვითონ გახდა ტაჰიტიზე ცეცხლზე-სიარულის მოწმე, მაგრამ აცხადებს, რომ მთელი ეს რიტუალი უბრალოდ სიმბოლური ფარსია.“

ეს ციტატა მომყავს Encyclopedia Britannica-დან, სადაც ვცდილობდი რაიმე სახის მეცნიერული ახსნა მეპოვნა იმ უდაო ფაქტისთვის, როდესაც სამოცმა ან უფრო მეტმა ადამიანმა, ჩემი საკუთარი ურწმუნო თავის ჩათვლით, გავიარეთ გავარვარებული ქვებით სავსე, ნახევარი მეტრის სიღრმის თხრილზე და იმაზე მეტი დისკომფორტი არ გვიგრძვნია ვიდრე იმ გრძნობისა, როდესაც გაცხელებულ ნაცხვარს იღებ ცხელი ღუმელიდან. მე მეცნიერულ ინფორმაციას იმიტომ ვეძებდი, რომ ერთმა ზორბა ანგლო-საქსონმა, რომელიც ცერემონიაზე არ დაპატიჟეს, მისი არარელიგიური გამომეტყველების გამო, იმ ღამით ვახშამზე მომცა მთელი ამ ფენომენის დამაჯერებელი, ზუსტი და დამაკმაყოფილებელი ახსნა. მისი განმარტება ისეთი დამაჯერებელი იყო, რომ ვერც კი გავბედე შეკითხვა დამესვა. Encyclopedia Britannica შედარებით უფრო თავმდაბალი, თუმცა ცოტათი ბუნდოვანია; ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია არის ის. რომ რაც შეიძლება მარტივად და ზუსტად მოგიყვეთ რა მოხდა მაშინ, როდესაც მე ტაჰიტელი ცეცხლზე-მოსიარულეები ვიხილე.

უნდა ვაღიარო, რომ მე ნამდვილად გავიარე გავარვარებულ ქვებზე. მაგრამ რომ არ მოგატყუოთ უნდა დავამატო, რომ როდესაც ჩემი ფეხსაცმლის ზონარს ვიხსნიდი ძალიან ადვილად დამარწმუნეს, რომ მის გაუხდელად გამეარა ქვებზე. და რეზინის ლანჩებმა, რომელიც ცეცხლთან შეხებისას ჩვეულებრივ უსიამოვნო სუნს გამოსცემს, დაუზიანებლად გაუძლო ცეცხლოვან გამოცდას.

მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია ამ ცერემონიას „სიმბოლური ფარსი“ ვუწოდო, რადგან თქვენსავით არც მე ვიცი რას ნიშნავს სიმბოლური ფარსი, რომ შემეძლოს სიამოვნებით გეტყოდით ამ ფაქტის უფრო მეცნიერულ ახსნას. სამწუხაროდ არ შემიძლია.

ბატონ კროპელიეს, რომელმაც ჩემი „ბედი“ გაიზიარა ტაჰიტიზე, მთელი ცერემონია 200 ფრანკი დაუჯდა. 200 ფრანკი კი საჭირო იყო, მაგრამ ვფიქრობ გაგვიმართლა, რადგან კუნძულზე არცერთ სხვა თეთრკანიანს არ მიეცა ამის ნახვის საშუალება. ჩემი და კროპელიეს გარდა, სანაპიროს დაფარული ველს საბედნიეროდ სხვა თეთრკანიანებისადმი იმუნიტეტი ჰქონდა. ჩვენ ორივენი კარგი ადამიანები ვართ, თუმცა ოდნავ შევწუხდით, როდესაც ერთი უკბილო ბებერი ქალის ნათქვამი გადმოგვცეს „ამ papaa (თეთრკანიანებს) მოსწონთ ჩვენი ყურება; ადრე ჩვენ მოგვწონდა მათი ყურება - როდესაც ცეცხლში იწვებოდნენ.“

პურის ხეებით და ბანანის პალმებით შემოსაზღვრულ ვიწრო ხეობის ცენტრში, ამოთხარეს სამნახევარი მეტრის სიგრძნის, ნახევარი მეტრის სიღრმის და ნახევარი მეტრის სიგანის თხრილი. ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე თხრილში დაანთეს ცეცხლი. ცეცხლზე, რომელშიც ხის დიდი მორები იწვოდა, ჩაყარეს 25 სანტიმეტრის სისქის ქვები. ამის შემდეგ ცეცხლი უფრო გაძლიერდა და ქვები მთლიანად დაფარა და როდესაც ხის მორები ნაკვერჩხლად იქცა თხრილი ამოავსეს მიწით რათა სიცხე შენარჩუნებულიყო.

ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე მიწა და ფერფლი ისევ ამოიღეს. ადვილი შესამჩნევი იყო ის სიმხურვალე როდესაც ნებისმიერი გავარვარებული ობიექტი გამოსცემს. მე ამ ქვებზე ქაღალდის ნაგლეჯი დავაგდე და ის მაშინვე ფერფლად იქცა. ცეცხლის წაკიდებაც კი ვერ მოასწრო.

იმ ადგილზე სამოციოდე ადგილობრივი კაცი, ქალი, ბავშვი და ძაღლი მოგროვდა, ასევე რამდენიმე პატივსაცემი შერეული ტომების წარმომადგენლები. ისინი ისტერიულები იყვნენ და სულელურად გამოიყურებოდნენ.

თხრილთან იდგა ექვსი წარმოსადეგი ახალგაზრდა ადგილობრივი კაცი, მათ თეთრი სამოსი ეცვათ და თეთრი თავსაბურავები ეხურათ. მათთან ახლოს იდგა მათი ბელადი, ან ცერემონიის უმაღლესი ქურუმი. მათ მკერდზე ეკიდათ ორი ვარსკვლავური ფორმის საგანი, რომლებიც წმინდა პალმის ფოთლებისგან იყო გამოჭრილი. თითოეულ მათგანს მარჯვენა ხელში ეჭირა პატარა პალმა, რომელიც ასე ძვირად ფასობს მეხუთე ავენიუზე, ტაჰიტიზე კი ველურად იზრდება.

tahiti2

კროპელიეს თავის დაქნევის შემდეგ - ვწუხვარ მისი თავის დაქნევის გამო, მაგრამ აქ 200-მა ფრანკმა თავისი ქნა - უმაღლესმა ქურუმმა ბრძანება გასცა. ახალგაზრდები ჯარისკაცებივით გაიმართნენ, მაღლა აღაპყრეს პალმები და თვალები დახუჭეს. ქურუმმა გრძელი ლოცვა წარმოთქვა. ვფიქრობ ეს ლოცვა ეშმაკისთვის არ უნდა ყოფილიყო, რადგან მისი ხმა წყნარი და მშვიდი იყო, თუმცა დარმწუნებული არ ვარ.

პირველი ლოცვის შემდეგ, ქურუმის ლიდერობით, შვიდჯერ შემოუარა ცხელი ქვებით სავსე თხრილს. (გთხოვთ აქ სიმბოლიზმის ძიება არ დაიწყოთ, და არც ციფრ შვიდს მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა. არ დამითვლია; შეიძლება ხუთჯერ ან რვაჯერ იყო!). ამის შემდეგ ახალგაზრდები განზე გადგნენ, ქურუმი კი ლოცვითა და პალმის ქნევით თხრილისკენ დაიძრა. იგი პალმას ირტყამდა ფეხებზე, ის მის წინ დაგდებულ ცხელ ქვებსაც ურტყამდა პალმას, შემდეგ წყნარად და აუჩქარებლად გაიარა გავარვარებულ ბილიკზე. მე ველოდებოდი, რომ ორთქლი ამოვარდებოდა და სუნი დადგებოდა, მაგრამ არა, მან სრულიად ჩვეულებრივად გადაიარა ბილიკი. რამდენიმე სამადლობელი ლოცვის თქმის შემდეგ, იგი ისევ თავის მოწაფეებს დაუბრუნდა, რომელთაგანაც რამდენიმეს აშკარა ნერვიულობა ეტყობოდა.

ისინი სათითაოდ სწევდნენ ფეხებს, ბელადი კი მათ ძირებზე პალმას ურტყამდა. მათ ისევ ილოცეს რის შემდეგაც დაიწყეს თხრილისკენ მოძრაობა. აშკარად რამდენიმე მათგანი, სავარაუდოდ რომელსაც ნაკლები, ან არასაკმარისი რწმენა ჰქონდა, დაიწვა, რადგან მათ ბელადის განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს და მან უფრო აქტიურად დაიწყო მათ ფეხებთან პალმის ქნევა. მას შემდეგ, რაც ჯგუფმა შვიდჯერ გაიარა ამ ბილიკზე, თხრილი მაყურებლებისთვის გახსნილად გამოცხადდა. თუმცა არავინ იჩენდა ბილიკზე სიარულის დიდ სურვილს.


მიუხედავად ამისა, ერთი ბებერი ქალი წამოვიდა წინ და გაუჩერებლად გადაიარა ქვებზე, თან ყველაზე სულის შემძვრელ ლოცვას წარმოთქვამდა. ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მას სხვებიც გაჰყვნენ და რიგის დაკავების საჭიროებაც დადგა.

ბელადთან მცირე საუბრის შემდეგ კროპელიემაც დაიწყო ბილიკზე გასვლა და მეც გავყევი.

მე სულების არსებობის დიდად არ მჯერა, ერთადერთი მოჩვენება რაც სეანსის დროს შემინიშნავს ყველგან მყოფი ეგო იყო; მაგრამ მივყვებოდი რა თეთრი ქვებით სავსე, გავარვარებულ ბილიკს უამრავი-გაუგებარი-რამის-სულმა შეიპყრო ჩემი გონება.

შემიძლია ნებისმიერ რამეზე დავიფიცო, რომ ნამდვილად გადავიარე გავარვარებულ ქვებზე (თან ჰაერთან ნახევარ საათიანი შეხების შემდეგ სიმხურვალე კიდევ უფრო მომატებული იყო). მე ვგრძნობდი სიცხეს სახეზე, ფეხებზე - მძლავრს, აუტანელს. მაგრამ ჩემი ფეხსაცმლის ძირები უვნებელი დარჩა.

მთელი წარმოდგენა ძალზე არარომანტიკულ დროს - სადილამდე მორჩა. უცნაურია ის ფაქტი, რომ ამ ცერემონიის ახსნა არც Encyclopedia Britannica-ს და არც არავის არ შეუძლია.

მე ვცადე ამ ცერემონიის ნამდვილი მნიშვნელობა გამერკვია, მაგრამ დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება ვერსად ვიპოვნე.