Osho HD 058

მონაკვეთი წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად)

მთარგმნელი: მამუკა გურული

თვითშემეცნება ნიშნავს, რომ ერთი რაღაც უნდა გესმოდეთ: საკუთარ თავს პირდაპირ, უშუალოდ უნდა იცნობდეთ; არა სხვების შუამავლობით, არა სხვების მეშვეობით. არ არის არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ სხვებს ჰკითხოთ: რა სისულელეა, სხვებს ჰკითხო: „ვინ ვარ მე?“ როგორ შეიძლება ამაზე ვინმემ გიპასუხოთ? ჩაუღრმავდით საკუთარ თავს - სწორედ ეს იქნება ხარის ძიება. ჩაუღრმავდით საკუთარ ენერგიას - ის იქაა. უბრალოდ სცადეთ ეს, უბრალოდ შეერწყით ამას.

როგორც კი მიხვდებით, რომ საკუთარი ხატ-სახე თავად საკუთარ თავში, სრულ მარტოობაში უნდა ეძებოთ, თავისუფალი გახდებით მასისგან, ბრბოსგან. ამით დაიბადება ინდივიდუალობა, თქვენ - განუმეორებელი, უნიკალური ინდივიდუალობა გახდებით. და გახსოვდეთ: როცა ვამბობ „ინდივიდუალობას“, საერთოდ არ ვგულისხმობ ეგოისტურობას. ეგოისტი - ყოველთვის მასის ნაწილია. ეგო - ესაა ყველა თქვენს შესახებ ყველა შეხედულების ჯამი, რომლებიც შეისრუტეთ - ამიტომ ეგო ფრიად წინააღმდეგობრივია. ზოგჯერ იგი ამბობს, რომ ლამაზი არ ხართ, ძალიან მახინჯი ხართ; ზოგჯერ ამბობს, რომ მშვენიერი ხართ, სიყვარულით სავსე ხართ; ზოგჯერ ამბობს, რომ სულელი ხართ, ზოგჯერ, რომ ბრძენი ხართ - რადგან რამდენმა სხვადასხვა ადამიანმა შეგაფასათ სხვადასხვა სიტუაციებში, და თქვენ დააგროვეთ ეს ყველაფერი.

ეგო ყოველთვის წინააღმდეგობებშია; ეგო არაა ნამდვილი არსი. გეჩვენება, რომ ის არის, მაგრამ სინამდვილეში არ არის. როცა ინდივიდუალობა ხდებით... ეს სიტყვა მშვენიერია: იგი ნიშნავს განუყოფელს. ინდივიდუალობა ნიშნავს იმას, რასაც ვერ გაყოფთ; იმას, რასაც არ გააჩნია წინააღმდეგობები; ის, რაც ვერ გაიყოფა ორად, ან მრავლად. ის, რაც სრულიად მთლიანია, ყოველგვარი გაორებების გარეშე - აი, რა არის ინდივიდუალობა. ამას არაფერი აქვს საერთო ეგოსთან. ეგო ბარიერია ამის მიღწევის გზაზე, რადგან იგი ყოველთვის დუალურია, და იმდენად გაორებულია, რომ ხშირად ადამიანები ჩემთან მოდიან, და მე მათ ვეკითხები: „ბედნიერი ხართ?“ - ისინი მხრებს იჩეჩავენ. მე კვლავ ვეკითხები: „უბედური ხართ?“ - და კვლავაც მხრებს იჩეჩავენ. თავად არ იციან, როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან მათ შიგნით ერთდროულადაა ბევრი მდგომარეობა. ისინი „კი“-ს და „არა“-ს უპასუხებდნენ ნებისმიერ კითხვაზე.

მსმენია ერთ პოლიტიკოსზე, რომელიც იტანჯებოდა პიროვნების გაორებით - შოზიფრენიის საწყისი სტადიით, ამიტომ საავადმყოფოში განამწესეს. მას ძალიან უჭირდა გადაწყვეტილებების მიღება ჩვეულებრივ სიტუაციებშიც კი. ძალიან მარტივი გადაწყვეტიულების მიღებაც კი არ შეეძლო: წასულიყო აბაზანაში თუ არა, შეეჭამა რაღაც თუ არა, ჩაეცვა ესა თუ ის ტანსაცმელი თუ არა - პატარა, ტრივიალური საგნები. და ნებისმიერ სიტუაციაში, როცა საჭირო იყო გადაეწყვიტა, მას კანკალი ეწყებოდა. საავადმყოფოში ექვსი თვე მკურნალობდნენ, და როცა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უკვე სრულ წესრიგშია, უთხრეს მას: „ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ; ახლა ნორმალური ადამიანი ხართ; პრობლემა მოგვარდა. თქვენ როგორ თვლით?“

მან უპასუხა: „კი და არა“.

ეგო - ყოველთვის მრავალრიცხოვანია. იგი არასოდესაა ერთი. იგი ამდენი ადამიანის შეხედულებისგანაა შედგენილი, ამიტომ ვერ იქნება ერთი. თქვენ ერთი ხართ, ეგო კი ბევრია. და თუ ფიქრობთ, რომ თავად ხართ ეგო, მაშინ სიგიჟისკენ მიმავალ გზაზე დგახართ. როგორც კი ამას მიხვდებით, შეძლებთ, რომ დაინახოთ ხარის ჩლიქების ნაკვალევი...

გონება - ესაა შინაგანი ბრბო. ბრბომ თქვენში შექმნა მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენი კონტროლირება შეუძლია. საზოგადოებას სჯერა გარკვეული საგნების; ეს რწმენა მან თქვენც გადმოგცათ. ღრმად შიგნით, როცა თითქმის არაცნობიერი იყავით, ამან დაგაჰიპნოზათ, და გაიძულათ, რომ გარკვეული როლი გეთამაშათ. და თუ რაღაცას ამის საწინააღმდეგოს აკეთებთ, სინდისი მაშინვე გეტყვით - „არა“. ეს სინდისი არაა ნამდვილი სინდისი; ეს შემცვლელია, საზოგადოების, პოლიტიკოსების სატყუარა. საზოგადოებამ თქვენს გონებაში განსაზღვრული წესები შექმნა, და თუ ეწინააღმდეგებით მათ, თქვენში მაშინვე ჩნდება საზოგადოების ხმა, რომელიც ამბობს: „არ გააკეთო ეს! ეს ცუდია! ეს ცოდვაა!“. საზოგადოება თქვენს შიგნით გაიძულებთ, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოთ.

თუკი გსურთ, რომ ბოლო მოუღოთ ამ ეგრეთ წოდებულ სინდისს და მიხვიდეთ ნამდვილ, ჭეშმარიტ სინდისამდე, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. და მთელი ძალისხმევა შემდეგში მდგომარეობს: უნდა გადაიტანოთ ცნობიერება გონებიდან არა-გონებაში, სინდისიდან გაცნობიერებაში.

სინდისი საზოგადოებამ მოგცათ; ცნობიერება კი თავად თქვენში ჩნდება. სინდისი ნასესხებია, ის უკვე დალპა, იგი იმ წარსულიდან მოვიდა, რომელიც უკვე აღარ არსებობს, ცხოვრება უკვე მთლიანად შეიცვალა. გაცნობიერებულობა შიგნიდან მოდის. გაცნობიერებულობა ყოველთვის აწმყო მომენტშია, იგი ყოველთვის უფრო საღია. გაცნობიერებულობა უფრო მთლიანს გაგხდით - გაცნობიერება არის კიდეც მთლიანობა.

სიტყვა „integrity” (მთლიანობა) - ლათინური სიტყვაა; იგი მომდინარეობს ორი ფუძისგან - „ინ“ და „ტანგერე“. „ტანგერე“ ნიშნავს სუფთას, მთლიანს, უბიწოს, ქალწულებრივს. ერთიანი - მთლიანი ადამიანი; მასში ბევრი ადამიანი არაა, არამედ მხოლოდ ერთია. მთლიანი ადამიანი სუფთაა, არაა წაბილწული წარსულით, უბიწოა. და ამ უბიწოებისგან იბადება არომატი, რომელსაც რელიგიას ვუწოდებთ.

მორალი - ეს არაა რელიგია. მორალი - საზოგადოების ფანდია. რელიგია - ინდივიდუალური აღმოჩენაა. თქვენ თავად უნდა აღმოაჩინოთ რელიგია. მორალი შეიძლება იყოს ნასესხები, მაგრამ არა რელიგია.